top of page

ვაზის სნეულებანი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 27, 2023
  • 4 min read

ტფილისი, 23 დეკემბერი, 1889 წელი


ეს ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენს ვენახებს ნაცარი ეწვია. საცა-კი ეს ჭირი მოედებოდა ვაზს, ყველგან თითქმის კაცს ხელს აღებინებდა მოსავალზედ. მართალია, ამ ჭირმა ერთად და ერთ ზომით მოდება არ იცოდა, იყო იმისთანა წელიწადები, როცა ხან ერთი მხარე ჩვენის ქვეყნისა გადურჩებოდა ხოლმე, ხან მეორე, და ხანაც ერთსა და იმავე მხარეში ზოგან ძლიერი იყო, ზოგან ნაკლები. ერთს ჩვენის ქვეყნის ნაწილს, სახელდობრ, სამეგრელოს, ისეთი ამბავი დააწია, რომ ვენახების პატრონებმა თითქმის ხელი აიღეს ვენახობაზედ და ვაზით ნაშენი ადგილები გაამინდვრეს. რა თქმა უნდა, ამ ოცდაათის წლის განმავლობაში არავინ არ ააყოლა თვალი ამ დაუნდობელ ჭირს ვაზისას, არავინ არ გამოიძია არც მისი მიზეზი, არც ვითარება.


ნუთუ, მაგალითებრ, თვალყურ-სადევნებელი არ იყო თუნდ ის ამბავი, რომ, ვსთქვათ, ერთს წელიწადს კახეთი ჰფუჭდებოდა ნაცარისაგან, მეორე წელიწადს ქართლი, ხან ერთსა და მეორეშიაც ჰსუსტდებოდა ნაცარი და ძლიერდებოდა იმერეთში? ან თუნდ ის ამბავი, რომ ერთსა და იმავე ადგილას ზოგი ვენახი სულ გადარჩებოდა ხოლმე და ზოგი-კი იჩაგრებოდა და ჰფუჭდებოდა? ყოფილა იმისთანა მაგალითებიც, რომ ერთსა და იმავე ვენახში ერთს წელიწადს ერთი რომელიმე ჭრა წახდებოდა ხოლმე ნაცარისაგან და მეორე-კი საღი იყო, ან კიდევ წინათ გადარჩენილი მეორე წელიწადს ჰფუჭდებოდა.


უეჭველია, გულმოდგინე თვალი და საღი გონება, რომელსაც ნაცრის მოვლენა ღვთის წყრომისაგან მოვლინებული არა ჰგონია და მიაჩნია მარტო ბუნებურ მიზეზთაგან გაჩენილად, აქ ამისთანა მაგალითებში ბევრს რასმე შეჰნიშნავდა, ბევრს იმისთანა რასმე თვალს მოასწრობდა, ბევრს იმისთანას დაინახავდა, რომელთა კრებულიც შეადგენს მიზეზს აგრე ჭრელ-ჭრელად, შიგადაშიგ და დროგამოშვებით ხან გახშირებას და გაძლიერებას ნაცრისას ერთს რომელსამე მხარეში, ხან დაკლებას და დასუსტებას. ამ შემთხვევაში მართალის მიზეზის პოვნა თითქმის ხიდის პოვნაა თავის დასახსნელი და გადასარჩენი. ეხლა ისე გამოდის, რომ ეს ნაცარი მთელი ოცდაათი წელიწადი ხელიდამ ცხოვრების სახსარსა და ღონეს გვაცლის და ამ ოცდაათ წელიწადს შემდეგ ამ სენის ვითარება იმოდენადვე ვიცით თითქმის, რაც ოცდაათის წლის წინათ ვიცოდით. გამოდის, რომ ამდენმა ხანმა, რომლის განმავლობაში უთვალავი სიმდიდრე და ღონე წაგვერთვა, სულ უქმად და ამაოდ ჩაიარა ჩვენთვის ასე, რომ ერთის იოტის ოდენა ჭკუაც არ გვასწავლა, როგორ მოვუაროთ ჩვენს თავსა და რა წამალი დავსდოთ. საკვირველია! ამოდენა ხალხში ერთი იმისთანა კაცი როგორ არ გამოგვიჩნდა, რომ თავისთავად დაჰკვირვებოდა ამ სენსა და აქაურ ბუნების მიხედვით მისი ვითარება თვითონაც ცოტად თუ ბევრად გაეგო და სხვებისათვისაც გაეგებინებინა!..


ჩვენში არამც თუ გამოჩნდა ვინმე თავისთავად გამომძიებელი, იმისთანაც თითქმის არავინ გამოვიდა, თითო-ოროლას გარდა, რომ სხვისი დანახული ამ შემთხვევაში, სხვისი ნაცადი და ნაჭირნახულევი ეცნო, შეეთვისებინა, და ცნობილი და შეთვისებული გამოეყენა თავის სარგოდ და სხვების სამაგალითოდ. ეს რა არის კიდევ! თავისით თვალის ადევნება, თავისით გამოძიება, ან სხვისი გამონაძიების შეთვისება, ცოტად თუ ბევრად გამჭრიახობას ჰთხოულობს, ცოტად თუ ბევრად რთულს გარჯასა და შრომას, და ამიტომაც ამ შემთხვევაში სხვისათვის მიუტევებელი უქმად-ყოფნა ჩვენს მიძინებულს გონებას და დამბლადაცემულს ხალისს ასე თუ ისე შეეწყნარება, თუმცა ცოდვის დავთარში-კი მაინც ცოდვად დაეწერება სხვილის ასოებით.


ვაი ის არის, რომ ურთულ და ადვილად მოსავლელ საქმეშიაც იგივ უღონობა, უთაურობა, უქმად ყოფნა გამოვიჩინეთ. იფიქრეთ: აბა კალია რა არის, იმასაც კი ჭიდილი ვერ შევუბედეთ. ჩვენ ვამბობთ ვენახების კალიის გამო. ამ ოცდაათის წლის განმავლობაში ეს ბატონი კალია არა ერთხელ სწვევია ჩვენს ვენახებსა და გადუკორტნია ვაზის კვირტი. კახეთმა კარგად იცის, ეს პატარა სულიერი რამოდენა წანახდენს, რამოდენა ზარალს იძლევა. ერთმა კაცმაც ხელი არ გაანძრია, თითი არ შეატოკა, რომ ეს პატარა მწერი თავიდამ მოიშოროს. ამაზე ადვილი რა არის? თვალი ადევნე სადა სდებს კვერცხს, ამოიღე და დასწვი. ამით თუ სულ არ გაიჟლიტა, ბევრისბევრად გაწყდება მაინც. რასაკვირველია, ამას ერთისა და ორის კაცის ღონე არ გასწვდება, ამას ერთიანი გარჯა უნდა, მთელის სოფლობის ღონე და ჯაფა. საყოველთაო ჭირია და საყოველთაოდ ჰთხოულობს გამკლავებასა და შეჭიდებას. თქვენგან არ გვიკვირს: სად ქართველი კაცი და სად ერთიანი გარჯა! სად ქართველი კაცი და სად საყოველთაო საქმისათვის ერთად, კრებულად თავის მოყრა და ერთად უღლის წევა! კალიამაც-კი გვაჯობა, კალიამაც! ასე იცის წყეულმა დაქსაქსულობამ, ასე იცის ერთმანეთის მიუკარებლობამ და გაუტანლობამ, ასე იცის იმ საყოველთაო გრძნობის არ ქონვამ, რომელიც საკრებულო არსებას უნდა ჰქონდეს აზარმაცსავით, რომ ამ წუთისოფლის საპალნე ადვილად ასწიოს და ჰზიდოს.


ყოველ ამ ჭირს, რომელიც თითონ თითქმის ხელში გვეძლევა, - აჰა, მიცანით, გაისარჯენით და თავიდამ მომიშორეთო, რომ ვერა გაუგეთ-რა და ამიტომაც ვერა დავაკელით რა, ბევრს სხვა ახლად აჩენილს უარესს ჭირს ვაზისას რაღას დავაკლებთ. ვაზს ამ ბოლო ხანებში იმდენი სხვა ახალი ჭირი ზედ დაატყდა, რომ კაცს უნებლიეთ ჰგონია, ხომ არ მოვიდა აღსასრულის დღე ვაზისაო. ამისთანა დღე ბევრს მცენარეს, ბევრს პირუტყვს დასდგომია და მთელი გვარეულობა სულ მთლად განადგურებულა და ამოწყვეტილა, რადგანაც ბუნებური გარემოება ქვეყნიერებისა ისე შეიცვალა, რომ ამოწყვეტილთა არსებობა შეუძლებელიღა გახდა. მართალია, კაცობრიობა სცდილობს ყოველ ამ ახალ ჭირს ბუნება შეუტყოს და იმის კვალობაზედ უწამლოს დასნეულებულს ვაზს, მაგრამ აქაც ჩვენ ყურს არ ვიბერტყავთ და ვიძახით: როგორ მოვიდა თავისთავად, ისეც თავისთავად წავაო. ნაცრისა და კალიის გარდა, ობი, მილდიუ, ჟანგი, ფილოქსერა და სხვა ბევრი ჭია-ღუა მიესია ვაზს და ჰლამის ბოლო მოუღოს. წარმოუდგენელია, რამ-სიდიდე უბედურება დაგვატყდება თავს, თუ მართლა ჩვენს ქვეყანაში ამოწყდება ვაზი. მართალია ჯერ ამაზედ, ღვთის მადლით, შორსა ვართ, მაგრამ ჩვენის უთაურობის ამბავი რომ ვიცით, ამ სიშორესაც შევიმოკლებთ. რომ არას დავდევთ და ყველაფერი ღვთის ანაბრობაზედ მიგვიგდია, მაშ რა კეთილი დაგვეყრება?


კიდევ კარგია, ზოგიერთი მეცნიერი და სახელგანთქმული სწავლული იმედს იძლევა. მაგალითებრ, არის ერთი მეცნიერი და სწავლული კაცი სახელად მასკარტი. ამ მასკარტს ეხლახან უცნობებია პარიზის აკადემიისათვის მეტად საყურადღებო ამბავი. მასკარტის სიტყვით, სწავლულს რენუს რამდენისამე წლის განმავლობაში თვალი უდევნებია პარიზის სითბო-სიცივეებისათვის, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ტემპერატურის მეტნაკლებობისათვის, და შეუნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს ათს წელიწადში ორთა-შუა ტემპერატურას პარიზისას დაუკლია, ესე იგი უფრო აციებულა, და ორმოც წელიწადის განმავლობაში ძალიან ცივი ზამთრები ხუთ-ხუთ და ექვს-ექვს წლობით ერთმანეთს ზედ მოჰყოლია. ამ სითბოს დაკლებას და სიცივის მომატებას დიდი ზედმოქმედება ჰქონია პირუტყვსა და მცენარეობაზე. ამ გარემოებას აბრალებენ თვით ვაზის ჭირთა მოვლენასაც და გახშირებას, რადგანაც ბევრმა სენმა ვაზისამ თავი იჩინა 1879 წლიდამ და თანდათან ძლიერდება და ჰმატულობს მას აქეთ. ხოლო მასკარტი იმ ნუგეშს იძლევა, რომ მომავალ წლიდამ მთელის ათის წლის განმავლობაში ისევ თბილი წელიწადები მოჰყვება ზედიზედა განუწყვეტლივ, ასე რომ სითბოს მეტნაკლებობაში ბევრი თაბაუთი არ იქნებაო.


თუ მართლა ვაზის ჭირი აცივების ბრალია და თუ მასკარტის სიტყვა გამართლდა, უნდა ვიფიქროთ, რომ ვაზიც გამომჯობინდება და უწინდელს მოსავლის ძლევას თუ არ დაიწყებს, ეხლანდელს ზარალს ხომ მაინც ცოტად თუ ბევრად აგვაცილებს. ესეც კარგი ნუგეშია, რაკი ჩვენს ბედსა და უთაურობას ისე განუგია, რომ ჩვენ თვითონ თითიც არ უნდა გავანძრიოთ და ყველაფერი ცის ანაბარად უნდა დავანარჩუნოთ. ესეც კია: იქნება ყოველივე ეს გამართლდეს საფრანგეთისათვის და ჩვენთვის-კი არა, რადგანაც ბუნება ჩვენის ქვეყნისა სხვაა და საფრანგეთისა სხვა. იქ შეიძლება ერთი მიზეზი იყოს და აქ მეორე. ჩვენებურ მიზეზის გამოძიებისათვის ხომ თავს არავინ შეიტკიებს, მაშ ვუცადოთ, ჩვენი ბრმა ბედი რას მოგვიტანს სამომავლოდ.

Recent Posts

See All
ფილოქსერა

ტფილისი, 19 ოქტომბერი, 1889 წელი ფილოქსერა, ეს ყველა ჭირზედ უდიდესი ჭირი ვაზისა, ჰლამის მოედოს ჩვენს ქვეყანას. იმერეთში 16 სოფელში...

 
 
bottom of page