top of page

დასავლეთის ეტიკეტი

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • Apr 17, 1883
  • 4 min read

გუშინდელს „Новое Обозрение“-ს ნომერში ბბ-ნთ აკაკის და სოსლანის გამო დაბეჭდილი იყო ერთი წერილი, სახელ და გვარ-მოუწერელი. თუმცა ამის გამო ნება გვაქვს ვიფიქროთ, რომ იგი წერილი ან თითონ რედაქტორისაა, ან მის მიერ თანაგაზიარებული, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკადრებთ პატივცემულს რედაქტორს „Новое Обозрение“-სას. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბ-ნს რედაქტორს: იგი კარგად გაზრდილი, კარგად მომზადებული და განათლებულია და, მაშასადამე, თავის თავისა და სხვის პატივისმცემელიცა. იგი თავის დღეში თავისთავს ნებას არ მისცემდა საპოლემიკო საგანს გადუხვიოს, უმიზეზოდ გადასწვდეს ერთობ ქართულს ლიტერატურას და როგორც გაუნათლებელმა ბატონმა ყმა, ამაოდ გაზვიადებულმა დიდმა მცირე, უზრდელმა მდიდარმა გლახაკი, რაღაც ზიზღით მოიხსენიოს ქართული ლიტერატურა, თითქო ერთი რამ უკადრისი და ფეხით გასასრესი ჭია იყოსო. სამართლიანის ქებით და დიდებით იხსენიებს ავტორი ხსენებულის წერილiსა ერთობ რუსულ ლიტერატურას, მაგრამ დიდება რუსულის ლიტერატურისა სხვის დამცირებასა და ზიზღით ხსენებაზედ არ არის დამყარებული. ჩვენც დიდი პატივისცემა გვაქვს რუსულის ლიტერატურისა, მით უფრო, რომ მისთა უკეთესთა წარმომადგენელთაგან გრძნობა ადამიანის ღირსებისა აღიარებულია საქვეყნოდ დიდსა და მცირეშიაც, მდიდარსა და გლახაკშიაც, ბატონსა და ყმაშიაც, თავადსა და გლეხშიაც: ყველგან იგი კაცსა ჰხედავს და კაცსა სცემს პატივსა. ეს უკეთესი მოძღვრება რუსულის ლიტერატურისა ხსენებულის წერილის ავტორს როგორღაც დაჰვიწყებია და ისეთის თავსაცილით იხსენიებს ქართულს ლიტერატურას, თითქო იმისი ფეხის მტვერი იყოს. ჩვენა გვგონია, ვინც ასე იქცევა, ის ტყუილუბრალოდ ჰჩემობს ერთობას რუსულს ლიტერატურასთან, იმიტომ რომ უკეთესნი წარმომადგენელნი მისნი, ყოფილნი და დღესაც არსებულნი, ამისთანა ქცევას არ იკადრებენ და უცებობაში ჩამოართმევენ თვით მქცეველსაც. „აღმოსავლეთის ეტიკეტი სავსებით მიუთვისებია ქართულს ლიტერატურასაო“. ვინც სხვის დაბეზღებით არ იცნობს ქართულს ლიტერატურას და თავისით დაჰკვირვებია, ის არამც-თუ ერთმანეთის ქებას და დიდებას დააბრალებდა ქართულს ლიტერატურასა, პირიქით, გადაჭარბებულს ერთმანეთის კილვასა და კიცხვასა, ჩვენდა სამწუხაროდ. ჩვენში წუნი უფრო ხშირია, ვიდრე ქება და დიდება ერთმანეთისა. არც ერთს ქართველს მწერალს, დღეს ცოცხალს, ვერ გვიჩვენებთ, რომ თავისი სახელი მოეპოვებინოს სხვისის ქებითა და დიდებითა. ყოველი ჩვენი მწერალი, თუ რამ სახელი მოუპოვებია, თავისის ნიჭის 1 მითამ-და „ყიზილბაშურიო“. მადლობელია და არა ლიტერატურულ რეკლამებისა. თუ ეს ტყუილია, ვთხოვთ წინააღმდეგი მაგალითი გვიჩვენონ. ჩვენს სიცოცხლეში მარტო ერთი შემთხვევა გვახსოვს, რომ ორს მწერალს საჯაროდ ერთმანეთი კეთილის სიტყვით ეხსენიებინოს და გვგონია, ამ შემთხვევაშიაც ვერავინ იკადროს ან ერთს, ან მეორეს უსაბუთობა, პირმოთნეობა და ყიზილბაშობა შესწამოს. მაშასადამე „Новое Обозрение“ რომ თავისის დიდების ქანდარიდამ წუნსა გვდებს, ვითომც ქართულს ლიტერატურაში მწერალნი ერთმანეთს ქება-დიდებით იხსენიებენო, როგორც ყიზილბაში ჰაჯიებიო, მტკნარი ტყუილია და მარტო სხვის სიტყვით მოგონილი ცილია. „რუსულ მწერლობაში, რომელიც კი თავის-თავის პატივმცემელია, - ამბობს ავტორი, - არ არის მიღებულიო, რომ სხვადასხვაობა აზრისა აუგობაში ჩამოერთვას კაცსა. პირიქით, აღიარებულიაო, მოპირდაპირე პატიოსან კაცად მიაჩნდეს, ვიდრე წინააღმდეგი არ დამტკიცდებაო. ამ ორს ძირეულს წესსა არ მისდევს ქართული მწერლობაო“. ქართულს მწერლობაში, როგორც ყოველ სხვა მწერლობაშიაც, ბევრი რამ არის ცუდი, ამას ჩვენ ქართულს მწერლობას ვერ დავუფიცავთ, მაგრამ, რომ ხსენებულს „ორს ძირეულს წესს“ არ მისდევდეს ქართული მწერლობა, ეგ კი ტყუილია. აქაც ვთხოვთ მაგალითი გვიჩვენონ. წინათვე კი აღვიარებთ, რომ მაგისთანა მაგალითს მოიპოვებენ მხოლოდ იმ მწერალთა შორის, რომელთაც თითონ „Новое Обозрение“ ასე ცხარედ ესარჩლება და რომელთაც ერთიორი დამქაში სხვაცა ჰყავს. ჩვენ კი თუნდა არა ერთს მაგალითს მოვუყვანთ იმისდა საბუთად, რომ ქართულს მწერლობას არა-ერთხელ გაუკიცხავს მაგ „ორის ძირეულის წესის“ წინააღმდეგი მქცეველი. ეხლა ვიკითხოთ: ნუთუ რუსულ ლიტერატურას მარტო ხსენებული ორი ძირეული წესი მიუღია და მესამე კი, რომელიც მართლის თქმას ვალად სდებს მწერალსა, ღობეს იქით გადაუსროლია, როგორც უხმარი რამ საგანი?.. ჰკიცხვენ მთელს ლიტერატურას, უმართებულობის ბრალსა სდებენ, ჰფიცავენ, რომ ყოველი მოპირდაპირე პატიოსნად მიგვაჩნია, ვიდრე წინააღმდეგი არ დამტკიცდებაო, და წინააღმდეგის დასამტკიცებლად ტყუილი საბუთები-კი მოჰყავთ. აი ამასა ჰქვიან: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. „რადგანაც, - ამბობს ავტორი, - თავის ნაწარმოებზედ ლაპარაკი ქართველ ლიტერატორისათვისაც კი სათაკილოაო“ და სხვანი. მიაქციეთ ყურადღება ამ კილოს. „ქართველ ლიტერატორისათვისაც კი“. მითამ რაო? ქართველი ლიტერატორი - კი ადამიანი არ არის რაღა!.. მისი გრძნობა თაკილობისა სქელის ტყავით არის შემოსილი ასე, რომ სათაკილო რამ ადვილად ვერ გაატანს ტყავსა და გრძნობამდე ძნელად მიაღწევს. ასე უშვერად ხსენება არამცთუ ერთის ცალკე კაცისა, არამედ რამდენისამე, არა გვგონია წესად ჰქონდეს მიღებული რუსულს ლიტერატურას, რომლის სახელის ქვეშაც ამოსდგომია ასე კადნიერად და თვითნებობით ხსენებულის წერილის ავტორი. საკვირველი არსებაა ადამიანი. მართალია, თავის ნაწარმოებზედ ლაპარაკი სათაკილოა ქართველ ლიტერატორისათვისაც კი მაგრამ „Новое Обозрение“-ს ვკითხავთ: ეგ თავის ნაწარმოებზედ, ანუ უკეთ ვსთქვათ, თავის-თავზედ ლაპარაკი ყოველთვის და ყოველ შემთხვევაში სათაკილოა, თუ არა? როგორც ვხედავთ, არა. ეგ სათაკილო ყოფილა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ჩაიდენს მაგ სათაკილო საქმეს, თორემ „Новое Обозрение“-ს თავის გარეშემო რომ თვალი მოეტარებინა, ჰნახავდა, რომ არიან მწერალნი, რომელნიც საქვეყნოდ იძახიან „დევ-გმირები“ ჩვენა ვართო; ამასაც არა კმარობენ და მოურიდებლად გვარწმუნებენ, რომ პოლემიკა ჩემს ხელში ლახტია და სხვისაში კი ჩოგანიო. იქნება მართლა დევ-გმირებიც იყვნენ, იქნება მართლა პოლემიკა მათ ხელში ლახტი იყოს, მაგრამ ხსენებული თაკილობა აქ სადღა არის, იგი თაკილობა, რომელიც „Новое Обозрение“-ს სიტყვით თვით ქართველ ლიტერატორის სქელს კანსაც კი გაატანს? „სოსლანმაო, - ამბობს იგივე ავტორი, - დასწერაო რეცენზია „თამარ ცბიერზეო“. აქამომდე რაც იყო თქმული „Новое Обозрение“-ზედ ასე თუ ისე ცოტაოდნად მაინც მისატევებელია, რადგანაც ეგ გაზეთი ქართულს ლიტერატურას თუ იცნობს, სხვის სიტყვით იცნობს, და შესაძლოა ამ შემთხვევაში შეცდომაში შეეყვანოს ვისმე. ხოლო არ მიეტევება ამის თქმა, რომ „თამარ ცბიერზედ“ დაწერილი „Новое Обозрение“-შივე რაღაც ცარიელი ფრაზები „რეცენზია“ იყოვო. რა უგვანდა „რეცენზიას“? „რეცენზია“ თითქმის იგივე კრიტიკაა, ჩვენის ფიქრით. რეცენზიაში, როგორც კრიტიკაში, გარჩევა თხზულებისა, მისი დაფასება, მისი კარგი და ავი საბუთებით აღნიშნული უნდა იყოს. ცარიელი სიტყვები, მაგალითებრ, კარგია, ანუ ცუდია, ვერ მორევია ავტირი მასალას, თუ მორევია, მოძრაობა არ არის პიესაში, ანუ არის, და სხვანი ამისთანები ხომ უსაბუთო ფრაზებია და არა რეცენზია. რეცენზიას ბევრი რამ მოეთხოვება და იგი ბევრი რამ აკლდა იმ წერილსა, რომელსაც „Новое Обозрение“ რეცენზიას ეძახის. ჩვენ ამას იმისთვის კი არ ვამბობთ, რომ სარჩლი გავუწიოთ ბ-ნს აკაკის, არამედ იმისათვის, რომ „Новое Обозрение“ სწამებს ქართულს ლიტერატურას, რომელიც, როგორც მიმდევარი „აღმოსავლეთის ეტიკეტისა“, ვითომც არ იწყნარებს მცირეოდენს კრიტიკასაც. ჩვენ ეს კი არ გვიკვირს, ის გვიკვირს, რომ „Новое Обозрение“-ს „თამარ ცბიერზედ“ დაწერილი ორიოდე უსაბუთო სიტყვა კრიტიკად, ანუ რეცენზიად შეუწყნარებია, და ვისაც ამისთანა კრიტიკა არა სჯერა, იმას ეუბნება, რომ ეგ მარტო „აღმოსავლეთის ეტიკეტის“ გამო მოგდისო. ეს კი დავიწყებისათვის მიუციათ, რომ არამცთუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც-კი საწყენია მართებულის კაცისათვის და ვურჩევთ ქართულს ლიტერატურას თავის-დღეში არც ერთი და არც მეორე არ შეიწყნაროს, რაც უნდა პტყელი სახელი კრიტიკისა, თუ რეცენზიისა, დაარქვან უსაბუთო ქცევასა. კიდევ ამგვარი „აღმოსავლეთის ეტიკეტი“ სჯობია იმ უწესო და უკადრისს ეტიკეტს, რომლის კანონებითაც კაცს თუ არ თავის-თავი, სხვა ადამიანად არ მიაჩნია. ჩვენ არა გვგონია, რომ ერთობ იგი წერილი, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, იძულებულ ვიყავით ძალაუნებურად ეხლა გაგვერჩია, „დასავლეთის ეტიკეტისათვის“ ძალიან სასახელო იყოს, და გვგონია, არც იმ ლიტერარტურამ თავის სასიქადულო ნაყოფად ჩაითვალოს, რომელსაც მცირის პატივისცემაც ძირეულ წესად მიღებული აქვს, და რომელსაც ავტორი ძალმომრეობით თავის ფარადა ჰხმარობს. ჩვენ გვიკვირს, ქართულის ლიტერატურის ავად ხსენება რა გასამართლებელი საბუთია „Новое Обозрение“-სათვის იმაში, რომ ბ-ნს აკაკის პასუხი არ დაუბეჭდა ბ-ნ სოსლანის წინააღმდეგ… ქართული ლიტერატურა აქ რა შუაში იყო… ქებულო დასავლეთის ეტიკეტო, ნეტავი ძაგებულ აღმოსავლეთის ეტიკეტისაგან ამ შემთხვევაში ცოტა რამ მაინც მოგცხებოდა!.. ტფილისი, 17 აპრილი, 1886წ.

Recent Posts

See All
საქართველოს მოამბეზედ

1862 წელი ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი...

 
 
ჩარჩული კაპიტალი და ჩვენი მრეწველობა (ლითოგრაფიის ქვის მადნის აღმოჩენის გამო)

ამბობენ, ჩვენში ვაჭრები და სოვდაგრები ფულიანი ხალხიაო. იქნება ეგრეც იყოს, ხოლო არა გვგონია სადმე იყოს ისეთი გამოუსადეგი და გაუბედავი...

 
 
bottom of page