top of page

აკაკი წერეთელი და „ვეფხვის-ტყაოსანი“

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 21, 2023
  • 11 min read

წელს ერთი იშვიათი ამბავი ჩვენში ის მოხდა, რომ ბ-მა აკაკი წერეთელმა წაიკითხა საჯარო ლექცია რუსულად „ვეფხვის-ტყაოსანის“ თაობაზედ. ეს აზრი, რომ რუსებსაც აცოდინოს კაცმა — რა ღირსებისაა იგი სულიერი განძი, რომელიც სამკვიდროდ და სასახელოდ უანდერძა ჩვენმა წარსულმა ჩვენს ერსა, —მეტად მოსაწონი აზრია და დიდის თანაგრძნობის და მადლობის ღირსიცა ჩვენ მიერ.

ჩვენ, ქართველებს, სამართლიანად მოგვაქვს თავი მით, რომ ეგ დიდებული პოემა, შექმნილი ჩვენის ერის დიდებულობის დროსა, ჩვენის კაცისაგან და ჩვენს ენაზედ დაწერილია. ყველამ იცის, რომ ამით ჩვენ თავს ვიწონებთ, ვსახელობთ, ვქადულობთ. ხოლო ყველამ, ნამეტნავად ჩვენის ენის უცოდინარმა, არ იცის— რა გვაძლევს უტყუარს საბუთს ამ თავმოწონებისას, სახელისას, ქადილისას. ყველამ არ იცის, — რითია ეგ სახელოვანი ნაშთი ჩვენის სულისა და გულის მოძრაობისა შემკული, რომ დიდი და პატარა, სრა-სასახლე და ქოხი, ასე ერთნაირად, ერთპირად შეჰხაროდა უწინ და შეჰხარის დღესაც, როგორც დიდსრასმე საუნჯესა, საშვილიშვილოდ საპატიოსა და ამ რვა საუკუნეს განმავლობაში არდაჭკნობილსა,არგაბათილებულსა, არდავიწყებულსა. ამიტომაც მეტისმეტად ბედნიერ აზრად ვსახავთ ბ-ნ აკაკის აზრსა,რომ მოიწადინა რუსულად წაიკითხოს საჯარო ლექცია ამ საგანზედ რუსთა საცოდნელად.

ჩვენ, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელთ არა გვაქვს იგი ლექცია, რომ პატივცემულს ლექტორს კვალ-და- კვალ მივყვეთ და მის მიერ თქმული ისე მოვიყვანოთ, რომ არც მეტი გამოვიდეს, არც ნაკლები. რადგანაც ამშემთხვევაში მარტო ჩვენს ხსოვნას, ჩვენს მეხსიერებას უნდა ძალაუნებურად დავემყაროთ, ამ მიზეზით ყოველს თქმულს ლექტორისას ვერ გამოვუდგებით იმის შიშით, რომ შეცდომა რაიმე არ მოგვივიდეს. ამისგამო ჩვენ კვალ-და-კვალ მიყოლას თავს ვანებებთ და მარტო დედა-აზრს ბ-ნის აკაკის ლექციისას დავუკვირდებით.

ბ-ნის აკაკის ლექცია, რუსულად თქმული, ქართველთა საზოგადოებისათვის ახალი ამბავი არ არის. ბ-ნმა აკაკი წერეთელმა იგივე ლექცია ქართულად წაიკითხა ამ რამდენისამე წლის წინათ და, თუ ხსოვნა არა გვღალატობს, ეხლანდელი რუსული ლექცია მაშინდელს ქართულს შორს არ წასვლია: თითქმის ერით დაიგივეა. თუ რამ ცვლილებაა, ისიც იმისთანაა, რომ არავითარი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ, როგორც მაშინდელი ქართული ლექცია, ისეც ეხლანდელი რუსული, ერთსა და იმავე დედა-აზრზეააკინძული თავიდამ ბოლომდე. მართალია, რამდენიმე ამბავი ახალია ეხლანდელს რუსულში, მაგალითებრ — ის საოცარი საბუთი, როგორც კამბეჩის ცემის ამბავია და სხვა, მაგრამ ეგ ორიოდე ახალი ამბავი თუ საბუთი მარტო ერთისა და იმავე დედააზრის განსასურათებლად და განსაძლიერებლადმოჰყავს პატივცემულს ლექტორს.

მთელი სამი ლექცია ბ-ნის აკაკისა წარმოადგენს ერთს იმ დედააზრის აკიდოს, რომ რუსთაველმაგამოსახა თავის პოემაში სამი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილის, ქართველი. მისი სიტყვით, ტარიელი, რადგანაც ზარმაცია — ქართლელია, ავთანდილი, რადგანაც წინდახედულია და ცბიერი — იმერელია, და ფრიდონი კი — არ გვახსოვს რა მიზეზით და რის გამო — ზღვის-პირის ქართველია: იქნება იმის გამოც, რომ „ცოტა აქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთე-მიუწვდომელი“. ამ აკიდოზედ ბევრი მართალიმარგალიტები აასხა ლექტორმა გონებამახვილობისა, ლამაზის შედარებისა, როგორც ბ-ნ აკაკის ბედნიერის ნიჭის ამბავი მოგეხსენებათ, მაგრამ, ჩვენის ფიქრით, თვითონ აკიდოს ღერო კი მეტის-მეტად სუსტი რამ არის და, თუმცა ზედ ასხმულს მარგალიტებს ჰზიდავს, მაგრამ კრიტიკის ხელშეხებას კი ვერგაუძლებს.

იმ საბუთებით, რომ ტარიელი ზარმაცია, ავთანდილი წინდახედულია და მებრვე სხვა, ძნელია იმისთანამართლა სახელოვანი პოეტი, როგორიც რუსთაველია, კაცმა უბრალო ეტნოგრაფის საჩხირკედელოსაქმეზედ ჩამოახდინოს. ეს მეტისმეტი დაქვეითებაა პეგასზედ მჯდომ ცხენოსნისა. თუნდ ეგეც არ იყოს,— ეს ამისთანა გზა კვლევისა სად არ მიიყვანს კაცსა?! ფალსტაფს, რომელიც შექსპირს ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიაობის გუდად გამოუხატავს, განა ათასს მსგავსს ვერ მოვუპოვებთ ჩვენს საქართველოში?! აკითვითონ ბ-ნმა აკაკიმაც თავის ლექციებზედ დაგვაჯერა, ქართველები ტყუილების და კვეხნა-ბაქიაობისმოყვარენი არიანო. მართალიც არის: ჩვენში ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიაობისა ასეთი ფალავნები არიან,რომ თვითონ ფალსტაფი, — ეგ ზოგადი ტიპი ცრუ და მკვეხარა კაცისა, — ტაშს დაუკრავს მოწონებისას დაშაგირდად მიებარება. ნუთუ ეს გარემოება ნებას მისცემს ვისმეს სთქვას: შექსპირმა ფალსტაფითქართველები გამოსახაო. მსოფლიო გენიოსები — მწერალნი იმიტომ არიან მსოფლიონი, რომ მათს ნახატში, რომელის ერისაც გინდათ, იმ ერის კაცს იცნობთ, იმიტომ რომ იგინი ადამიანის საზოგადო ტიპსა ჰქმნიან. ადამიანი ყველგან ყოვლთ უწინარეს ადამიანია და ადამიანს ხომ არაფერი ადამიანური არეუცხოება.

ფალსტაფი ისეთივე შვილია მთელის კაცობრიობისა, როგორც ჰამლეტი, ოტელო, ტარიელი, ავთანდილი და სხვანი ამისთანანი, დიდის შემოქმედობის ძალით შექმნილნი. რამოდენადაც მწერალის შემოქმედობის ძალი სწვდება ამ ზოგადკაცობის ტიპსა, იმოდენად მწერალი დიდია, იმოდენადმსოფლიოა. თქმა არ უნდა, რომ ერი, რომელსაც ეკუთვნის ამისთანა მწერალი, თავისის სამკაულით აკაზმინებს, თავის საფერავით აფერვინებს პოეტს ყოველს ხატს, ყოველს ნამოქმედარს შემოქმედობისას, მაგრამ ეგ მარტო სამკაულია, ფერია და არა იგი შინაგანი ბუნება ხატისა, რომელიც ამ შემთხვევაში ზოგადია და არა კერძო, და რომელიც მარტო თავის საკუთარს კანონებს ექვემდებარება.

ჩვენის ფიქრით, ამ საზომით, ამ საწყაოთი უნდა შესდგომოდა ბ-ნი ლექტორი თავის რთულს და მძიმე საქმეს იმისთანა თხზულების ვითარების გამოძიებისას, როგორიც „ვეფხვის ტყაოსანია“. დანარჩენს ხვალვიტყვით. ჩვენს წინა წერილში ჩვენის შეძლებისამებრ ვაჩვენეთ, რა საზომით და საწყაოთი უნდაშესდგომოდა კაცი „ვეფხვის-ტყაოსნის“ ავკარგიანობის გამოსარკვევად და საცოდნელად. ამ საზომისა და საწყაოს უარყოფა — უარყოფაა იმისი, რომ „ვეფხვის-ტყაოსნის“ გმირნი საერთო-კაცობრიულს რასმეწარმოადგენენ. ნუთუ მართლა ტარიელის ხასიათსა, თვისებასა და ბუნებაში, ანუ ავთანდილისაში, ანუ სხვისაში სხვა არა მოიპოვება-რა საერთო- კაცობრიული იმისთანა, რომლის მეტ-ნაკლები გამოხატვა ერთად-ერთი საზომია, ერთად-ერთი საწყაოა მწერალის შემოქმედობის ძალის მეტნაკლებობისა! განა ამ შემოქმედობის ძალის მეტ- ნაკლებობის გამორკვევა არ არის პირველი და უკანასკნელი საგანიკრიტიკოსისა?! თუ ასეა, nუთუ ამ გმირების ავ-კარგიანობა ისე ცხოვლად, ისე მთლად და ისე მართლად განსურათებული მათისავე მოქმედებით, ქცევით, სიტყვა-პასუხით, გულისთქმის და საქციელის ერთმანეთზედ დამოკიდებულობით,ეპიზოდების ერთმანეთისაგან წარმომდინარებით, არასფერს ზოგადს საფსიხოლოგიო, საესტეტიკო,საეტიკო, საფილოსოფიო საგანს არ წარმოადგენს?! ნუთუ ის ახოვანი, ღონიერი, ჯანმრთელი, სულითა დაგულით ძლიერი, უშიშარი ვაჟკაცი ტარიელი რუსთაველმა თავის ნებაზედ ბოლოს მჩვრად აქცია და ყოველს ამას სხვა მიზეზი არა აქვს რა, გარდა რუსთაველის თვითნებობისა და ზარმაცის ქართლელის გამოსახვის სურვილისა?! ეს რომ ასე იყოს, მისი თხზულება ხომ პამფლეტი იქნება, თუ ძაგებაა, და რეკლამა, — თუ ქებაა, და არა დიდებული ნამოქმედარი შემოქმედობისა!

ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი მამაკაცნი და დედაკაცნი „ვეფხვის-ტყაოსანისა“, ყველაზედ უწინარეს ადამიანები არიან და, მაშასადამე, ზოგად ადამიანის ბუნების მიხედვით შექმნილნი და აგებულნი. აი, თუნდა ავიღოთ ლექტორის მიერ თითქმის სასაცილოდ აგდებული მაგალითი, რომ ტარიელს ნესტან-დარეჯანის პირველ დანახვაზედ გულს შემოეყარა და დაბნდა. ამ შემთხვევამდე კი რუსთაველმა ბევრგან გვაჩვენა, რა ძლიერი კაცია ყოვლისფრით ტარიელი სულითა თუ ხორცითა. ამ თვალად მცირეშემთხვევაშია მთელი ნასკვი, რომლისაგანაც გამოიხსნება მთელი რთული ხასიათი იმისთანა კაცისა,როგორიც ტარიელია. კარგს, გონებამახვილს და გამჭრიახს ფსიხოლოგს რომ ეს ძლიერება და ძალღონივრობა ტარიელისა აცოდინოთ და ამასთან ეს უეცარი შემოყრა გულისა დაწვრილებით უამბოთ,— პირდაპირ მოგახსენებსთ, რომ ტარიელი დიდის გულისთქმის კაცია, იმისთანა გულისთქმისა, რომელსაც ვეღარც ხორცი უძლებს და ვეღარც სული, და რომელიც ჭკუას, გონებას მთლად იმორჩილებს,როგორც ზარი, ელდა, მეხი. რაკი კაცს ჭკუა და გონება გამოეცლება, ის მკვდარია საქმისათვის,მოქმედებისათვის. ამიტომაც ტარიელისთანა ძალ-ღონიერი კაცი და მისთანავე გულისთქმისა ყოვლად შემძლებელია, თუ გარემოება ცხოვრებისა გულისთქმაში ხელს უწყობს, ესე იგი, თუ გულისთქმას კმაყოფილებას აძლევს და აჩუმებს, — და თუ არა, ამისთანა კაცი სუსტია, უღონოა, უქმია, ერთის სიტყვით, სნეულია. ეს თვისება გულისთქმისა რუსთაველმა ძლიერ კარგად იცის და ამიტომ აქებს იმ კაცს, ვინც გულისთქმას იმორჩილებს და ეურჩება. მინამ გულის-შემოყრის ამბავს აამბობინებს ტარიელს, იგიგვეუბნება:

ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან (საწუთროს ნდომასაო)

ნუთუ ძნელი მისახვედრია, ამით რის თქმა უნდა რუსთაველსა? რა ფსიხოლოგიური შუქი მოჰფინა ამის თქმით გულის-შემოყრის ამბავსა? დიდის გულისთქმის კაცის ამბავი ასეაო და ბრძენს კაცს კი, რომელიც გულისთქმას იმორჩილებს, ჭკუას აუფლებს, ეს არ მოევლინებაო. აკი ჭკვიანი და ბრძენი ავთანდილი,რომელსაც გულისთქმა დამორჩილებული ჰყავს, არსად არც ერთს მაგალითს არ წარმოგვიდგენს ანდაბნედისას, ან გულ-შემოყრისას და სხვა ამგვარის მარცხისას გულისთქმისაგან.


ავთანდილმაც ძალიან კარგად იცის, რომ ტარიელი წადილს, გულისთქმას წაუღია და იმითია სნეული, რომ ვერც ერთი ვერ უძლევია. ამიტომაც ავთანდილი ამ მართლა-და უებარს წამალს ურჩევს ტარიელს:


რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, — ნუ სდევ წადილთა ნებასა.

ნესტარი სწორედ შიგ წყლულში ჰკრა ამით ავთანდილმა.

თვითონ ტარიელმაც ძალიან კარგად იცის, რომ თავი ხელთ აღარა აქვს და რა ყოფაშია ჩავარდნილიგულისთქმისაგან, რომელიც ვეღარაფრით ვერ დაუდუმებია. ასე იცის გულისთქმამ, როცა კაცი სადავეს ხელთ მისცემს და მიუშვებს. აბა, ყური დაუგდეთ, რა პასუხს იძლევა ტარიელი, როცა ავთანდილიამ-რიგად დარიგებას აძლევს:


თუ ბრძენი ხარ, ყოვლი ბრძენი აპირებენ ამა პირსა:

ხამს მამაციმამაცური, სჯობს რაზომცა ნელად სტირსა;

ჭირსა შიგან გამაგრებაასე უნდა ვით ქვითკირსა,

თავისისა ცნობისაგან ჩავარდება კაციჭირსა.

ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ….

მართალია, ტარიელი ბრძენია, მაგრამ ბრძენია მარტო მაშინ, როცა გულისთქმას არ შეუპყრია, დაგულისთქმით შეპყრობილი კი სნეულია, ცნობა-დაკარგულია. იგი ეუბნება ავთანდილს:

ბრძენი?! ვინ ბრძენი, რა ბრძენი? ხელი ვითა იქმს ბრძნობასა!

ეგ საუბარიმაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა…

გულისთქმამ ცნობა წაართვა, ცნობის წართმევამ — ღონე, და უღონობამ მჩვრად აქცია ეს ახოვანი კაცი. აქ რა შუაშია ან ქართლელი, ან კახელი, ან იმერელი!.. აქ კაცად-კაცია, გულისთქმის ქარ- ცეცხლშიგატარებული თავიდამ ბოლომდე.

ან აიღეთ ერთი მაგალითი კიდევ, საცა რუსთაველმა საოცარი ღრმად ცოდნა ადამიანის გულისადაგვანახვა. გაიხსენეთ ის ადგილი, როცა ტარიელი პირველად შეეყრება სალაპარაკოდ ნესტან-დარეჯანსა, რომელიც ისეთისავე დიდის გულისთქმის დედაკაცია, როგორიც მამაკაცი ტარიელი. ტარიელიამ ამბავს ასე მოგვითხრობს:


ამიგდო ქალმა ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,

სადა სდგა კუბოშემკული ბალახშითა და ლალითა.

შიგან ჰჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა-მკრთალითა;

მეშემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

დიდხანს ვსდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,

ოდენტკბილად შემომხედის, ვითამცა რა შინაურსა,

ასმათ უხმო, მოიუბნეს,ქალი მოდგა, მითხრა ყურსა: „აწ წადიო, ვერას გითხრობს“ და სხვ.

ამისთანაზედ იტყვიან ხოლმე, გენიოსური კალმის მოსმააო და სწორედაც ესეა. დიდად საგრძნობელს, თუნდ ერთი და იგივე ძირი ჰქონდეს, ისეთი ბოლო და ზედმოქმედება არა აქვს, როგორც პატარას. დიდი მწუხარება ცრემლს უშრობს კაცს, პატარა კი ცრემლს ადენს; დიდს სიხარულს ხშირად ცრემლი მოჰყავს და პატარას კი — ღიმილი; დიდი გულისთქმა, ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია, უტყვია და პატარა კი — ყბედი დალაქლაქა.

აი, გულთამხილავი რუსთაველი რამსიდიდე გრძნობას ჰხედავს ნესტან-დარეჯანის გულში და რა ხატით გვაჩვენებს ჩვენც მის ძლიერებას, სიდიადეს და ძლევა-მოსილობას: ქალმა ვეღარა სთქვა-რა, სიტყვაშეეკრაო. ეგ რატომ არ მოუვიდა თინათინს, როცა ავთანდილი დაიბარა პირველად სალაპარაკოდ? იმიტომ, რომ ღრმად კაცად-კაცის მცოდნე რუსთაველმა იცოდა, რომ თინათინი სხვა ბუნებისაა და ნესტან-დარეჯანი სხვა და ეს ბუნების სხვადასხვაობა სხვადასხვა ზედმოქმედებასაც ექვემდებარება.ერთისა და იმავე მიზეზისაგან წარმომდგარსა, — ამ შემთხვევაში — სატრფოთა პირველადსალაპარაკოდ შეყრისაგან. ასე მართლად მკვლევარია რუსთაველი, ასე საოცრად მართლ-მხედველია მისი თუ, — რა ბუნებამ როგორ უნდა აღიბეჭდოს თუნდ ერთისა და იმავე მიზეზის ზედმოქმედება.

ჩვენ რომ ვსთქვით, ზემოხსენებული მაგალითი გენიოსური კალმის მოსმააო, ჩვენ იმიტომ-კი არავსთქვით, რომ რუსთაველმა ეს ფსიხოლოგიური წუთი შეჰნიშნა და ფსიხოლოგიის მიხედვით მართლადაც დაგვიხატა. ეს ხომ ქების ღირსია და ღირსი. ჩვენ აქ სხვა მხარესაცა ვხედავთ. ჩვენ იმაზედაც გვინდა მივაქციოთ ყურადღება მკითხველისა თუ, — რა ხელოვნებით არის ნანიშნი იმა გრძნობის ძლიერება და სიდიადე, რომელსაც იმ წუთს უნდა შეეპყრა იმისთანა გულისთქმის ქალი, როგორიც ნესტან-დარეჯანია.რუსთაველი, სასწაულთ-მოქმედსავით, ერთის კალმის მოსმით ჰქმნის ამ სასწაულსა და გვეუბნება, — ტარიელი დაითხოვა, ისიც სხვისა პირით: „აწ წადიო, ვერას გითხრობს“. ესე იგი, ქალი დამუნჯდაო, — და, აბა, იფიქრეთ, რა გრძნობაა ამის მოქმედი გრძნობა! შეიძლება-ღა ამაზედ ცხოვლად, ამაზედ უკეთესად ოთხის სიტყვით კაცმა კაცს ანიშნოს ძლიერება და სიდიადე გრძნობისა, როგორც მით არის ნანიშნი, რომ იმ გრძნობამ ადამიანი დაამუნჯაო მაშინ, როცა თქმა და ლაპარაკი სამოთხესავით სანატრელია და ასემოსალოდნელი ტრფიალის ქალისაგან, რაკი პირველად სალაპარაკოდ შეეყრება თავის სატრფოსა? აქ ერთის კალმის მოსმით გამოთქმულია ის, რასაც ეხლანდელი მწერალი მთელს ფურცლებს მოანდომებდადა მაინც ესოდენ ცხოვლად ვერ გამოგვიხატავდა სათქმელსა.

სახელოვანი გერმანელი კრიტიკოსი ლესსინგი, დიდად უქებს რა ამისთანა გენიოსურს მანერას მსოფლიოგენიოსს ჰომიროსსა, ამბობს: ჰომიროსმა იცის და იმისთანა ხატს საოცარის მშვენიერებისას, როგორცელენეა, ისე გვიხატავს, რომ ვერა მხატვრობა მაგას ვერ შესძლებს. გავიხსენოთ მარტოო ის ამბავი, რომელენე შეჰყავს ჰომიროსს ტროადის ერის მოხუცთა კრებაში.


ჰნახეს თუ არა, დარბაისელნი მოხუცნი ერთმანეთს ასე ეუბნებიან: „არა, განკიცხვა შეუძლებელია, რაკი ამისთანა ქალისათვის ერთმანეთს ეომებიან ტროადის ძენი და აქეველნი და ამ ხანგრძლივს სისხლის ღვრაში ამდენს ვაებას ითმენენ. ჭეშმარიტად, უკვდავთა ღმერთთა თანა შესარიცხია იგიმშვენიერებითაო“.

მოჰყავს რა ეს ადგილი ჰომიროსის უკვდავის თხზულებიდამ, ლესსინგი ასე ათავებს: „სხვას რას შეუძლიანასე ცხოვლად აცოდინოს კაცს ის მომჯადოებელი მშვენიერება, რომელსაც თვით გულცივი სიბერეც კი ჰხადის ღირსად იმ ომებისა, რომელთაც იმოდენი სისხლი და ცრემლი მთელს ერს დაანთხევინესო“. რით ჩამოუვარდება ზემომოყვანილი მაგალითი რუსთაველისა ამ ჰომიროსის გენიოსობის მაგალითსა?!

სიმოკლისათვის მარტო ორი მაგალითი მოვიყვანეთ და ისიც იმოდენა განმარტებით არა, რაოდენსაცთვითონ საგანი ჰთხოულობს. შესაძლოა, ჩვენი აზრი, ამ ორის მაგალითისაგან გამონასკვილი, შემცდარიიყოს. ამჟამად საქმე ამაში არ არის. საქმე ის არის, რომ ეს ორი მაგალითიც საკმაოა, თვით მკითხველიც ჩვენთან ერთად დაარწმუნოს მასზედ თუ, — რაოდენად მდიდარი და ფართო მოედანია„ვეფხვის-ტყაოსანი“ ჭეშმარიტის კრიტიკის ფრთის გასაშლელად, თუ ეგ ფრთა-გასაშლელი სარბიელი თვითონ კრიტიკამ შეცდომით, თუ განგებ, ვიწრო ფარგალში არ მოამწყვდია და ტარიელის, ავთანდილის და სხვათა ავკარგიანობაში ქართლელს, კახელს, პეტრეს, ივანეს ძებნა არ დაიწყო. ზოგადი სახე ადამიანისა, რამოდენადაც ამ შემთხვევაში უფრო წვრილზედ დახურდავებული იქნება, მაგალითებრ,ზოგადი-კაცი რომელისამე ერის კაცად, ერის კაცი რომელისამე თემის კაცად, თემის კაცი რომელისამე გვარეულობის კაცად, გვარეულობის კაცი ოჯახის კაცად, ოჯახის კაცი ივანედ, ფრიდონად და მებრვე სხვა, — იმოდენად შემოქმედობა მწერალისა მაღლიდამ დაბლა ჩამოდის, იმოდენად მწერალი ნიჭ-ნაკლებიადა დაქვეითებული.

შემოქმედობის ძალის ღონიერობა ერთი და იგივე არ არის, როცა ერთი მთელს გადასწვდება ხოლმე დამეორე-კი — მარტო ნაწილსა. მწერალმა თუ სხვა ვინმე ხელოვანმა, რაც უნდა ზედმიწევნით და მშვენივრად გამოხატოს რთი რომელიმე ცალკედ სახელწოდებული კაცი — ივანე, თუ პეტრე, ყოველთვისუპირატესობა უნდა დაუთმოს იმას, ვინც ზოგადის კაცის გამოხატვის შემძლებელია. ამიტომაც პორტრეტების მხატვარი, დიდად სახელგანთქმულიც და გამოჩინებული, ყოველთვის უმდაბლესია,უმდარესია მასზედ, ვინც ზოგადის კაცის ტიპის შემოქმედია, თუნდაც ხელთსაქმობით, ტეხნიკით ამისი თანასწორი იყოს. ამიტომაც თვითონ პორტრეტების წერას, ესე იგი ცალკე კაცის ხატვას, მხატვრობაში უკანასკნელი ადგილი უჭირავს და თითქმის ხელოვნებადაც არ არის ცნობილი, რადგანაც ეგ უფროოსტატობაა, ვიდრე ხელოვნება.

ჩვენ ვერ მიგვიგნია, რისთვის მოჰსურვებია ბ-ნს აკაკის რუსთაველის აგრე დაქვეითება? ორში ერთი: ანრუსთაველი მართლა იმისთანა ხელმოკლე ნიჭია, რომ კაცად-კაცობის ვრცელს მოედანს ვერ გადასწვდენია და, რაკი ესრეა, ლექტორმა მწარე მართალი ამჯობინა ტკბილსა ტყუილსა და შეცდომითგანდიდებულს ჩვენ მიერ რუსთაველს თავისი მიუწყო და კუთვნილი ადგილი დააჭერინა. თუ ეს ესრეა,საქებური გაბედულობაა ჭეშმარიტების მოყვარისა, მაგრამ ამას დამტკიცება უნდოდა, და ჩვენიგულითადი რწმენაა, რომ ამის საბუთს რუსთაველი და მისი „ვეფხვის-ტყაოსანი“ არ იძლევა და ვერც ვერავინ უპოვის. ამით იმისი თქმა არ გვინდა, რომ ან ერთს, ან მეორეს ნაკლი რამ კაცმა ვერ მოუჩხრიკოს, მაგრამ იმ მხრით ხელმოკლეობას ნიჭისას-კი ვერ ვუკიჟინებთ, რა მხრითაც ამ შემთხვევაში ეკიჟინება. ან იქნება ბ-ნმა ლექტორმა რუსთაველისგანდიდებისათვის მოიწადინა, რომ ტარიელი უსათუოდ ქართლელი ყოფილიყო, ავთანდილი — იმერელი და ფრიდონი — ზღვის-პირის ქართველი? მითამ შექსპირს განა იმითი იწუნებს ვინმე და, პირიქით, განა იმითი არ ადიდებენ ყველანი და მსოფლიო გენიოსად არა სთვლიან, რომ კაცად-კაცნი გამოჰყვანდა თავის სახელოვანს დრამებში და არა შოტლანდიელი, ვალისელი და ინგლისელი!.. ვიწრო მოედანიმარტო პატარა ფალავნის სარბიელია და არა იმისთანა გოლიათისა, როგორიც შექსპირია და თუნდა ჩვენირუსთაველიცა. რუსთაველის ტიპებს იმ პაწია ჯუჯრუტანიდამ სინჯვა-კი არ უნდა, საიდამაც მარტო ქართლელი, კახელი, იმერელი და სხვა ცალკე სახელ-წოდებული კაცი დაინახება, არამედ იმ უშველებელ სარკმლიდამ, რომ მთელს კაცადკაცობას თვალი გადევლებოდეს, მის სრულს სიგრძე-სიგანესა და სიღრმე-სიმაღლეზედ. და, თუ აქ კრიტიკის შუქს ვერ გაუძლო რუსთაველმა, მაშინ და მარტო მაშინ ჩვენ მიერ უჯეროდ დადგმული გვირგვინი დიდებისა და სახელოვანებისა უნდა მოეხადოს თავიდამ.

კიდევ ვიტყვით, რომ ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი კაცადკაცნი არიან, ზოგად ადამიანის ბუნების მიხედვით აგებულნი და სულდგმულნი. არც ერთი მათი მოქმედება, არც ერთი ეპიზოდი მათის ცხოვრებისა ძალად და განგებ ჩართული არ არის და ყოველივე იგი წარმომდგარია იმ კაცობრიულ ზოგად ბუნებისაგან, რომელიც მარტო თავის საკუთარს კანონს ექვემდებარება და არა სხვასა. ამაშია მთელი სიდიადე რუსთაველის გენიოსობისა. ტარიელი მჩვრად იქცა იმიტომ კი არა, რომ ზარმაცი ქართლელია,არამედ იმიტომ, რომ მაგისთანა ბუნების კაცი უსათუოდ მჩვრად უნდა იქცეს, რაკი იმ გარემოებაში ჩავარდება და ბედი თუ ქვეყანა ისე უმტყუნებს და უღალატებს. აქ სიზარმაცე ვითომ ქართლელისაარაფერს შუაშია და მეტის-მეტად უადგილოა. ლომი არ შეიძლება არ დაეტაკოს სპილოსაც-კი და შუა გაგლიჯოს საჭმელად, როცა ჰშიან, მაგრამ იგივე ლომი, როცა მაძღარია, ბატკანსაც კი ხელს არ ახლებს, ადგილიდამაც არ დაიძვრის; მგელი-კი მაგას არა იქმს. ნუთუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ლომს ეთქმის ზარმაციაო და არა ბუნებაა მისი ასეთი, როგორც მსუნაგობა და გაუმაძღრობა მგლის ბუნებაა. სვიმონმესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა დაქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზედ-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავსადამიანის მრავალფერს ბუნებაში და, რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება მხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი. ავთანდილი ცბიერი კაცი-კი არ არის, იგი იმისთანა ბუნების კაცია, რომ ჯერ მინამ ერთხელ გამოსჭრას რამე, ათჯერ წინდაწინ გაჰზომავს. ეგ ჭკუის დამკითხველიკაცია და არა გულისა, გულისთქმისა, როგორც ტარიელი. მთელ პოემაში მარტო ორგან არ დაეკითხა ჭკუას და გულს აჰყვა. ორგანვე ვერ ემარჯვა და მერე ინანა. არც-კი ავთანდილია უგულო კაცი, ესეც მგრძნობიერია, მაგრამ, გული და გრძნობა ამისი ჭკუის მორჩილია.

აბა, ნახეთ რუსთაველი, ყოველთვის უტყუარი და მართალი ბუნების წინაშე, რა-რიგად გვანიშნებსავთანდილის გულის მოძრაობას, მის სიყვარულის სიდიადეს, მინამ ავთანდილი ფხიზელია, ესე იგი, როცაჭკუას ბუნებითად ღონე აქვს მოქმედობისა; რუსთაველი ავთანდილის ბუნებას უღალატებდა, თუ გულისთქმას გაატაცებინებდა და ავთანდილზედ გრძნობას აუფლებდა. ამასთანავე რუსთაველმა კარგად იცის, რომ კაცი, რომელიც უგულოა, რომელსაც გული ტრფიალებისა და სიყვარულისათვის დახშული აქვს, ის კაცი-კი არ არის, ნახევარკაცია, მოკლებული იმ ღვთაებურს ნიჭსადა მადლსა, რასაც სიყვარულს ეძახიან. როგორ ანიშნოს მკითხველს სიღრმე ამ გრძნობისა, როცა მისი პატრონი კაცი ისე მორჩილად ჰხდის გულსა ჭკუის წინაშე და ზედგავლენას გულისთქმისას ჭკუითა ჰლაგმავს. ძნელია — კაცი ამ ორს ერთმანეთის მოპირდაპირეს, ერთი-მეორის გამაბათილებელსგრძნობას გაუძღვეს ისე, რომ არც ერთს მოაკლოს რამ და არც მეორეს მოუმატოს ბუნების წინააღმდეგ. ბრძენი რუსთაველი ამ სიძნელესაც ადვილად სძლევს. ამისათვის იგი იმ ყოფაში გვაჩვენებს ავთანდილსა, როცა ჭკუა ბუნებითად უღონოა მოქმედებისათვის: იგი აძინებს ავთანდილსა და, ხომ მოგეხსენებათ, ძილში ჭკუა არ მოქმედობს. რუსთაველი თავისებურად, ერთის კალმის მოსმით გვანიშნებს, რა ძლიერ აღბეჭდილია ავთანდილის გულში სიყვარული თინათინისა. იგი ამას ასე გვიხატავს:

რა მილულნი სიახლოვე საყვარლისა ეოცების , შეჰკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

მაგრამ თუ ფხიზლად მყოფია, ნუ ელოდებით, რომ ავთანდილმა ასეთი ნება მისცეს გულსა დაგულისთქმასა. აი, რა ხელოვანია რუსთაველი, რომ ჭკუაც ჭკუად დაარჩინა და გულიც გულად და ორივე ამოქმედა ერთი-მეორის შეუბღალველად, მათთა ბუნებისამებრ. ამისთანა ბუნების კაცს გონიერება ცბიერობად რად უნდა ჩამოერთვას, ცბიერობა რად უნდა შეეწამოს, არ ვიცით. იქნება ქართლის მოძმენი იმერლები ბევრში ჰგვანდნენ ავთანდილსა, როგორც ბევრი ფრანგი ჰყავს, ბევრი ინგლისელი, ბევრი ამერიკელი და სხვა მილეთის ხალხი, რადგანაც კაცად-კაცის ზოგადი ტირია, მაგრამ ამისათვის რა საჭირო იყო ავთანდილის და იმერეთ- ქართველთა შორის ცბიერობის ხიდის გადება. რაკი ერთხელ ამხიდის გადებაზედ მიიქცა ბ-ნი ლექტორი, არ შეიძლება არ ეგრძნო, რომ ეს გზა მოლიპულია და ფეხის მოსასხლეტი და, გვგონია, იმიტომაც მოუნდა „ვეფხვის-ტყაოსანისათვის“ თავი დაენებებინა დაუადგილო-ადგილას გრძელი ლაპარაკი მოერთო მასზედ თუ, — რა არის ცბიერობა და როდის არის იგი შესაწყნარებელი და როდის არა. ეს ნაწილი ლექციისა მეტის-მეტად უგემური რამ გამოვიდა და მსმენელთათვის მეტად მოსაწყენი იყო.

რაკი ის, ჩვენის ფიქრით, შემცდარი დედა-აზრი წარიმძღვარა ბ-ნმა ლექტორმა წინ, რომ უსათუოდტარიელი ქართლელად გამოეყვანა, ავთანდილი — იმერლად და ფრიდონი — ზღვისპირის ქართველად,იგი სულ ამის დამტკიცებას მოუნდა. სხვა, რაც მწერალის განსაკუთრებულს ხასიათს გვანიშნებს, მისშემოქმედობის ძალსა, მის მხატვრობასა, მის სიტყვიერებას, მისთა აზრთა შემოხაზულობას, პოემის აგებულებას, ეპიზოდების ერთმანეთზედ დამოკიდებულებას, ერთის სიტყვით, — მანერას და თვისებას მწერლისას, შინაგან თუ გარეგან სიკეთეს მის ნამოქმედარისას, — ესენი ან სულ არ იყო ხსენებული, ან თუ იყო, ისე გაკვრით და გზა-და-გზაობით, რომ გულში არავის არა ჩასჭდევია-რა, თითქო მართლა ყოველივე ეს უკან დასაყენებელია და მარტო ისღაა წამოსაყენებელი და დასამტკიცებელი, რომრუსთაველი დიდად სადიდებელი პოეტი კი არ არის, არამედ უბრალო ეთნოგრაფია, ან ამის მსგავსი ერთიჩურუქი რამ არამკითხე მოამბე.


ჩვენ რუსთაველის სახელი მეტის-მეტად დიდ სახელად მიგვაჩნია და მოგვიტევონ, რომ მის სახელს დადიდებას ადვილად ვერავის დავუთმობთ.


1887 წელი

Recent Posts

See All
საქართველოს მოამბეზედ

1862 წელი ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი...

 
 
ჩარჩული კაპიტალი და ჩვენი მრეწველობა (ლითოგრაფიის ქვის მადნის აღმოჩენის გამო)

ამბობენ, ჩვენში ვაჭრები და სოვდაგრები ფულიანი ხალხიაო. იქნება ეგრეც იყოს, ხოლო არა გვგონია სადმე იყოს ისეთი გამოუსადეგი და გაუბედავი...

 
 
ბულვარის აკადემია

ერთგვარის ყალიბის მწერალნი არიან ჩვენში, რომელთაც ერთი სასაცილო ზნე სჭირთ, როცა საპოლემიკოდ გამობძანდებიან ხოლმე მოედანზედ. როცა ჰსურთ...

 
 
bottom of page