top of page

ბულვარის აკადემია

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • Nov 13, 2018
  • 4 min read

ერთგვარის ყალიბის მწერალნი არიან ჩვენში, რომელთაც ერთი სასაცილო ზნე სჭირთ, როცა საპოლემიკოდ გამობძანდებიან ხოლმე მოედანზედ. როცა ჰსურთ თავის მოპირისპირეს წუნი რამ დასდონ, ვითომ სახელი გაუფუჭონ, საზოგადოებაში აბრუ გაუტეხონ, ამისთვის მარტო ერთი იარაღი აქვთ: აიღებენ და რის და ვის ათვალწუნებაც უნდათ, იმას მიაკერებენ ხოლმე მარტო ერთს სიტყვას: „ძველიაო“ და საქმე, მათის ფიქრით, გათავებულია და დამში მოსული. რა თქმა უნდა, ამნაირის ფარ-ხმლით მეომარი დიდის ტყვია-წამლის პატრონი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ ეგ იარაღი მეტისმეტი ძველია და დღეს მარტო ბავშვებსღა აქვთ ხელში სათამაშოდ და მარტო იმათი შესაფერია და მოსახდენი. გონებაში ჩავარდნილ, ჭკვათამყოფელ კაცისათვის კი სათაკილოა მაგისთანა იარაღის ხელში ჭერა, იმიტომ რომ არასფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალი და ვარდი კი ძველი. ხომ ესეა, მაგრამ ზემოხსენებულ ყალიბის მწერლებმა იმოდენა მოედანი მოიპოვეს ჩვენს უმეცარ წვრილფეხობაში, რომ ჩვენის ბულვარის აკადემიაში ეხლა კარგა საკმაოდ დიდი წრეა მკითხველებისა, რომელიცა ჰკმარობს ავისა და კარგის გასარჩევად მარტო ორს სიტყვას: „ძველია, ახალია“. ზემოხსენებულ ყალიბის მწერლებს ეს ორი სიტყვა დაუხვევიათ ხელზე და სხვა ყველაფერში რომ უღონონი არიან, თვითონ „ახალობით“ იწონებენ თავს და სხვას კი „ძველობით“ ჰწუნობენ. მოგახსენეთ, ამისთანა მანერამ მწერლობაში დიდი ხანია იქაც თავისი დრო მოიჭამა, საცა დაიბადა და საცა პირველ გაჩნდა ქვეყნის სასაცილოდ. სასაცილოდ, ვამბობთ იმისათვის, რომ საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედაც მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი გარჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკლებულ წისქვილსავით. სასაცილოზედ მეტი არ არის, მაშ რა ეშმაკი და ქაჯია!.. ერთადერთი ბაზარი, საცა უვაჭრელად, ესე იგი ფასის გამოუჩხრეკლად და გამოურკვევლად გადის ამისთანა სასაცილო საქონელი, ჩვენის ბულვარის აკადემიაა. არც საკვირველია. „ბევრს ჭიქა კენჭიც ეყოფა უგუნურს - დრამის წონანი“, სწორედ ამ აკადემიაზედ არის ზედგამოჭრილი; ბევრს არას დაგიდევთ, ცოტასა ჰკმარობს და თუნდაც არ იკმაროს, ბევრის მოსათავებელი გოგრაც არა აქვს. თუნდა ჰქონდეს კიდეც, რად უნდა? მეტი ბარგია. აქ ოღონდ სთქვით ვისზედმე და რაზედმე „ძველია“ და კმარა კიდეც: ორს კურდღელს ერთს გამოდგომაზედ დაიჭერთ. ჯერ იმას, რომ „ძველობით“ ხსენებულს მაშინვე შეჰბოჭვენ და სამარცხვინო ბოძზედ გააკვრენ: „დახე, დახე, ძველი ყოფილა და არ ვიცოდითო“. აღარავინ ჰკითხულობს: „კაცო, რა ვუყოთ, რომ ძველია! იქნება კარგია, იქნება მართალი მაგ ძველშია. თქვე დალოცვილებო, ერთი საქმესაც ჩახედეთ გულში!.. ერთი მოსჩხრიკეთ, სინჯეთ, მთელს სიგრძე-სიგანეზედ მოატარეთ ეგ თქვენი გონების თვალი და!.. “ თქვენც არ მომიკვდეთ, იმ წვრილფეხობის აკადემიაში ამ მჩხვრიმალისათვის ყურიც არავინ შეიბერტყოს, „ძველია“ და რაღა კითხი უნდა, არ ევარგებაო. დაჰკვრენ კვერს და დაასმენ ბეჭედსა. ამ სახით, ძველობით ხსენებული ხომ სამარცხვინო ბოძზეა გაკრული საჯაროდ და ერთი კურდღელი ეს არის, რომელსაც იგი აკადემია დააჭერინებს ხოლმე „ძველობით“ წუნმდებელს მწერალსა. ეს მწერალი ამავე დროს მეორე კურდღელსაც იჭერს წვრილფეხობის აკადემიის მწევრებითა. რაკი მწერლის მიერ ათვალწუნებული აზრი, საგანი თუ კაცი ძველი ყოფილა, აშკარაა, თვითონ წუნმდებელი მწერალი, მისი აზრი, ახალი იქნება და, რაკი ახალია, კარგი უნდა იყოს. მაშ „ტააშ-ტაში“ ამ ახალსა და მაშინ ნახეთ ის წვრილფეხობის აკადემია, თავის აკადემიკოსთან ერთად, როგორ აიკრეფს კალთებს და რა ფერხულს და ბუქნას დაუვლის!... რა თქმა უნდა, ჭკვათამყოფელი ნაწილი საზოგადოებისა, გონებაგახსნილი მსმენელი ნანვითა და ნაღვლით უყურებს ამ ლიტერატურულს ბუქნას დარბაისელის აკადემიისას, მაგრამ მაინც ამ ბუქნისა და ფერხულისაგან აყენებული მტვერი ბევრს თვალს უბნელებს და ამ თვალთა დაბნელებაშია კიდეც ზოგიერთების იმედი გამარჯვებისა. ჩვენ ყოველ ამას ვამბობთ იმიტომ კი არა, რომ ყოველივე „ძველი“ მოგვწონდეს და ყოველსავე „ახალს“ ვწუნობდეთ. ავკარგიანობა ახალშიაც არის და ძველშიაც. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ „რა ვარდმან თვისი ყვავილი, გაახმოს დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. ეს ყოვლად მხსნელი წესი და რიგია ადამიანის წინმსვლელობისა და ქვეყნიერობის ბრუნვა-ტრიალისა. მაგრამ ისიც დასავიწყარი არ არის, რომ ზოგჯერ „ახალსა ნამუდრაგალსა ძველის სჯობიან ჩანჩალი“. აი სად არის ის ბეწვის ხიდი, რომელზედაც გავლას საღი ჭკუა უნდა, მართლის სიყვარული და ვაჟკაცური გამდებაობა, ნამეტნავად ჩვენში, საცა უფროს-ერთო მარტო იმისათვის ჰთრთის და ჰძრწის, ბულვარის აკადემია რას მეტყვისო, მომიწონებს თუ დამიწუნებსო, ესე იგი ახლობაში ჩამომართმევს თუ ძველობაშიო. ტკივილი ამაშია! თუნდ ესეც არ იყოს, რით ვერ გაიგეს, რომ ეგეთი საპოლემიკო იარაღი ჭკვათამყოფელთათვის არა სჭრის. იგი გამოუდეგარი და ყოვლად უხეირო იარაღია და მერე სხვისგან ნათხოვარი, სხვის გამონაცვალი. მაგას ერთს დროს, ძალიან ხშირადა ჰხმარობდნენ რუსეთში, მაგრამ მალე ჰნახეს, რომ მარტო ბეღურების საფრთხალად თუ გამოდგება და დიდი ხანია თავი დაანებეს, ხოლო გამონაცვალს ჩვენები მიესივნენ და დაეპატრონენ. დაძველდა, ბატონებო, ეგ იარაღი, გაცვდა, იმიტომ რომ თავდაპირველადვე ხანგრძლიობის უნარი და ღონე არა ჰქონია, ქარისაგან მობერილი იყო და ქარმავე წაიღო და საწყაოდ ავისა და კარგისა, მართლისა და ტყუილისა დარჩა სიავე და სიკარგე, სიმართლე და სიცრუე და სხვა არაფერი. ნუთუ ამის გამოცნობას დიდი ჭკუა უნდა, რომ ავკარგიანობა, ტყუილმართლობა არც ახალს ახლობით მიეწებება, არც ძველს ძველობით. ავსაც და კარგსაც, 3 ტყუილსაც და მართალსაც თავისი საკუთარი ბუნება აქვს და თვითვეული თვისდა ბუნებისამებრ უნდა გაირჩეს და გამოიზომოს და არა სიახლით და სიძველითა. ყველას, ძველია თუ ახალი, მინამ მსჯავრს დასდებდეთ, კბილი კი არ უნდა უსინჯოთ, ბუნება უნდა გამოუჩხრიკოთ და მარტო მაშინ დაეჭდევა თქვენს მსჯავრს ადამიანის საკადრისი ღირებულობა და ფასი. ძველობით ხსენება სხვისა, ამით კილვა და ძაგება ძველი იარაღია უღონობისა, გაცვეთილი ფანდია სახსარმოკლებულ ფალავნისა. მწერლისა თუ მთქმელის არარაობის, ცარიელობის უტყუარი ნიშანი მაგ იარაღის ხმარებაა. რაკი მაგგვარს იარაღს ხელი წაავლო კაცმა, იმას თავი დაუკარით და „მშვიდობის მგზავრობა დაულოცეთ“. იგი წასულია, გარდასულია და ვერც სიმარდე წერისა, ვერც სუსხიანობა კალმისა ვერ იხსნის ამისთანა მწერალს ამ სამწუხარო ბედისაგან. ნუ ენდობით და ერიდენით მაგ უღონო ღონესა. მაგ იარაღის მხმარებელი მწერალი გადაბერებულს გასათხოვარსა ჰგავს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, საპატარძლოდ მორთულს ბებერსა, და ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ბებერსა, სასძლოდ მორთულსა, უფრთხილდი, მოერიდეო“. ტფილისი, 13 ოქტომბერი, 1887წ.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
საქართველოს მოამბეზედ

1862 წელი ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი...

 
 
bottom of page