top of page

გაზეთი „კავკაზი“ და ქართველი ხალხი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 27, 2023
  • 3 min read

ტფილისი, 19 დეკემბერი, 1887 წელი.


ვის არ წაგიკითხავთ ჩვენი აქაური რუსული გაზეთი „Кавказ“-ი, გირჩევთ წაიკითხოთ. სულ-კი არა, - ღმერთმა დაგიფაროთ ამისთანა სატანჯავისაგან. ჩვენ გირჩევთ წაიკითხოთ მარტო No 332, ისიც მთელი ნომერი არა, - ესეც საკმაო სატანჯავია - მარტო მეორე გვერდის მეექვსედის ნახევარი. ეს-კი სწორედ სასაცილოა. ჭკვადამჯდარი, დარბაისელი „Кавказ“-ი, თუმცა ყოველთვის სასაცილოა, მაგრამ ძნელად გაიცინებს ხოლმე, და თუ გაიცინა, ისე გაიცინებს, რომ მართლა სიცილია.


მას აქეთ, რაც ამ ბებერს გაზეთში ერთის ჯურის პუბლიცისტმა დაიბუდა და ბინა გაიკეთა, ახირებული მასხარაობა დაიწყო გაზეთმა. ეს მასხარაობა მთელმა რუსეთმა შეჰნიშნა და მარტო ამას ჰკვირობდა, რომ თვითონ „Кавказ“-ი თავის მასხარაობას წარბშეკრულს ჭკვიანობას ეძახდა. თქვენ რა იცითო, — შეუთვალა „Кавказ“-მა იმის მიერ გაოცებულს მწერლობასა: — თქვენ რა იცით, ხურმა რა ხილიაო. აიგდეს სასაცილოდ „Кавказ“-ი, მაგრამ „Кавказ“-მა ყურიც არ შეიბერტყა: გენიოსებს სიკვდილის შემდეგ იცნობენ ხოლმეო, — მოიცადეთ ჯერ დავიხოცნეთო!

ღმერთმა ნუ ჰქმნას, შორს თქვენგან ავი თვალი, იცოცხლეთ მრავალჟამიერ სადიდებლად... ნეტა ვის სადიდებლად? ჩვენ არ ვიცით და მაინც ღმერთსა ვთხოვთ, იცოცხლეთ მრავალჟამიერ. რას ბრძანებთ? რომ ესენი აღარ იყვნენ, ვინღა გვეტყოდა იმას, რაც „Кавказ“-მა 332 ნომერში სთქვა!


აი საქმე რაშია: ბ-ნმა ზელინსკიმ თურმე ერთი საშინელი ჭორი მოაჭორა: ვითომც ქართველი ქართველი არისო. აბა „Кавказ“-ის მეცნიერი პუბლიცისტი რას დაანებებდა თავს ამისთანა ჭორსა... ამან არც აცივა, არც აცხელა და ასე უკიჟინა წყევა-კრულვით მეჭორესა:


Автор... делает, как мы сказали выше, обобщения преждевременные и неимеющие достаточных оснований. Так, например, он устанавливает рубрику Картвельский или Иверский народ, который отождествляется им с грузинами (დახე, რა ჭორი მოუგონია ბ-ნს ზელინსკის!) и далее причисляет к последним имеретин (ეს რა მოსვლია ზელინსკის, — განა, Кавказ-ო!), мингрельцев, хевсур, сванет და სხვანი და სხვანი.

რას იტყვით ამაზედ? მართლა-და ბ-ნს ზელინსკის ეს რა ჭორი მოუგონია, რომ ქართველი ქართველიაო. მერე როგორ? ეს წიგნშიაც დაუბეჭდია, წიგნში! ჭორი ხომ ჭორია, მაგრამ ეხლა დააკვირდით, რა სიბრძნეა, რა ლოღიკაა, რა ჭკუადამჯდარი მეცნიერებაა „Кавказ“-ის პუბლიცისტისაგან...


„Совершенно так же преждевременно причислять, напр. сванет и мингрельцев, равно и многие другие племена (მაგალითებრ: კახელი, ქართლელი, ქიზიყელი, ხევსური, ფშაველი, გურული, იმერელი განა?) к грузинам. Если между ними и последними и являются может бытъ некоторые сходные обычаи , слова, то этого недостаточно еще для такого заключения. Напротив, эти племена, равно и многие другие (კიდევ კახელი, ხევსური, ქართლელი, იმერელი, გურული, ქიზიყელი

და სხვანი განა? ბაშუსტა!) представляют такие резкие отличия типа и языка и даже обычаев и национального костюма, что их никоим образом нельзя причислять к грузинам“.


როგორ მოგწონთ ეს „კოსტიუმების“ თეორია? თუ „კოსტიუმების“ თეორიას გავყვებით, არა გვგონია თითონ „Кавказ“-ის ბედნიერი პუბლიცისტი გამოდგეს იმ თესლისა, რა თესლსაც თითონ ეკუთვნის.


არა, ბ-ნო პუბლიცისტო! ამ ჯაგლაგ თეორიით შორს ვერ წახვალთ და თუ მაინცდამაინც დაიჟინებთ იქამდე მიხვალთ, რომ ტულის გუბერნიის გლეხკაცსაც ჩამოართმევთ რუსობას, იმიტომ რომ ტულის გუბერნიაში სხვანაირ ქუდებს ატარებენ და მოსკოვისაში სხვანაირს. ეგ ახალი გაზანდრის ადლი აგიღიათ ხელში და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ; ჩვენ-კი მაგით ვერას გაგაზომინებთ.

„Кавказ“-ი ჰკილავს ბ-ნს ზელინსკის, რომ ჯერ ადრეა იმისი თქმა, ვითომც ქართველი ქართველი იყოსო, და ჩვენ კი „Кавказ“-ის მეცნიერს პუბლიცისტს ვეტყვით: ბ-ნო, გვიანღაა იმისი თქმა, რომ ქართველი ქართველი არ არისო.

დავანებოთ თავი ამ სასაცილო ამბავს. განა ამისთანაებს განმარტება-ღა უნდა და ამაზედ მეტად კვალში ჩადგომა! რაც უნდა ზიზილ-პიპილებით მოირთოს, როშვა მაინც როშვაა.


ისა სჯობია, ზურგი შევაქციოთ ამ განკერძოებულ ამბავსა და საზოგადო ჭირი ეხლანდელის დროებისა ავღნიშნოთ.


ვის არ გაუგია ერთი სასაცილო ზღაპარი ჭალაში მომკვდარის ჩიტისა, რომელიც არც დიდს ქვაბში ეტეოდა და პატარაშიაც ლაღე იყო. სწორედ ამ ჩიტის ამბავი დაემართა ადამიანის ჭკუასა და ლოღიკასა ჩვენს დროში: აღარც დიდ თავში ეტევა და პატარაშიაც ლაყეა თუ ლაღეა. რაებს არა ჰბოდვენ? რაებს არა ლაყბობენ?

რა დაემართა ადამიანს? არ ვიცით. უჭკვონი, ულოღიკონი, სულელნი განა წინათ-კი არა ყოფილან, მაგრამ სულელს თავის-დღეში სულელი ჰრქმევია და ყური არავის უთხოებია. ეხლა- კი სულელობას თითქო კაი ბაზარი აქვს, თითქო კაი ფასად გადის და ვისაც ეს განძი ბლომად ჰქონია, საპალნეებით ზედიზედ ეზიდება გასასაღებლად, თითქო დროს ეხარბება, მაზანდა არ წაჰხდეს, ფასი არ დაჰვარდეს და არ დავიღუპოვო.


სულელობა ხომ სულელს ექნება და საკვირველი ეს არის, — სულელს იმოდენა გონიერება ვინ მისცა, რომ ასე ეშურება თავისის განძის გასაღებას. რაკი ეშურება, სჩანს იცის, რომ სულელობის ბაზარს დიდი ხანი არა აქვს და რაკი ეს იცის, სჩანს სულელი მთლად სულელი არა ყოფილა. მაშ რა ხათაბალა ამოქმედებს ამისთანა კაცს? თუ მთლად სულელი არ არის, მთლად რადა ჰსულელობს? აქ მარტო ერთი პასუხია: ან სხვისი სულელობა აქეზებს, ან სხვის გასულელებასა ჰლამის და ამით მუშტრის შოვნასა. რაც გინდათ სთქვით და არც ეს არის მთლიანი სულელობა. აქაც ანგარიშია და ანგარიში შეუცდომელი, ამისთანა გამბედაობა დღეს თანხაა და თანხის ტრიალი უნდა, რომ სარგებელი აიღოს, იბღარტოს, იმატოს. კაი ხელობაა და ნუ გგონიათ-კი, რომ სუბუქი ხელობა იყოს.


აქ კაცმა სინიდისიც უნდა დაივიწყოს, ნამუსიც უნდა მჩვარში გამოჰკრას, პატიოსანებაცა ჰგმოს, ერთის სიტყვით, ყოველს ღვთაებურს ნიჭს ადამიანისას უნდა გადუდგეს და ამ ხელობას ისე მოჰკიდოს ხელი. ხუმრობა ნუ გგონიათ ასე სამარცხვინოდ თავის გაწირვა, ასე გაბიაბრუება, გაუპატიურება საკუთარის თავისა, საკუთარის კაცობისა. ამასაც ღონე უნდა, მართალია ღონე საზიზღარი, თავლაფდასხმული, შემაძრწმუნებული, მაგრამ მაინც ღონე. ვაი რომ ამისთანა ღონესაც ფასი აქვს და მუშტარი ჰყავს!

Recent Posts

See All
ქართული გაზეთის „დროების“ რედაქტორის ივანე მაჩაბელის გასამართლება

ტფილისი, 8 ოქტომბერი, 1886 წელი ჩვენის ტფილისის სასამართლო პალატის მატიანეში ერთი მეტად საგულისხმიერო ამბავი უნდა შევიტანოთ. გუშინ...

 
 
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
bottom of page