top of page

გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპო“ და სომხის ლიტერატორები

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • Nov 23, 2023
  • 5 min read

ერთი არა-სასიამოვნო თვისება დაეკვება აქაურს სომხის ლიტერატურას და სომხის ლიტერატორებსა, თუ ყველას არა, უფროს-ერთს მაინცა. საცა კი შემთხვევა ეძლევა ქართველი ახსენონ, ისე ვერ მოურჩებიან, რომ ქართველი და ქართველობა არ გაჰკინწლონ ცოტად თუ ბევრად. ღვთის წინაშე, უნდა ითქვას, რომ არც ჩვენ, ქართველები, ვაკლებთ რასმე სომხებს და ჩვენც ხელიდამ არ ვუშვებთ შემთხვევას, ასე თუ ისე ავად არ ვახსენოთ. ხოლო ჩვენად გასამართლებლად ესეც უნდა ითქვას, რომ ჩვენ. ქართველები, ავად ვიხსენიებთ ხოლმე მარტო იმ ჯურის სომხებს, რომელნიც წურბელებსავით მოჰკიდებიან აქაურობას, სწოვენ ქვეყანას და რომელთაც ჰკიცხვენ და ავად იხსენიებენ თითონ გონიერნი და პატიოსანნი სომეხნი. ვერც ჩვენს ლიტერატურაში, ვერც ჩვენს საზოგადოებაში ერთს მაგალითსაც ვერ გვიჩვენებენ, რომ ქართველი ავად იხსენიებდეს მთელს სომხობასა, მის ინტელიგენციას, რომელზედაც დამყარებული აქვს სომხობას მთელი თავისი სამართლიანი სასოება და რომელიც ხსენებულ ჯურის სომხების წრეს გარედა ჰდგას თავის სასახელოდ და თავის მოძმეთა ნუგეშად. ჩვენში ჩვენგან მთელი სომხობა, როგორც ერი, თავის დღეში არც გაკითხულა, არც გაკიცხულა და არც ავად ხსენებულა. სულელობაც იქნებოდა ეს ჩვენ მიერ იმიტომ, რომ ქვეყანაზედ არ მოიპოვება იმისთანა ერი, რომ ავთან კარგიც არ იყოს მის შორის. პირიქით, არა ერთი და ორი მაგალითი ყოფილა, რომ ყოველს კარგს სომხისას პატივისცემით დაჰხვედრია ქართველობა და მისი ინტელიგენცია. ამის საბუთს იპოვით როგორც ჩვენს ლიტერატურაში, ისეც ცხოვრებაში. სამწუხაროდ ჩვენდა, ესე არ იქცევიან აქაური სომხის ლიტერატორები. ვიმეორებთ, ყველაზედ ამას ვერ ვიტყვით და უფროს-ერთი კი სწორედ უკუღმართად იქცევა ყოველს ამისთანა შემთხვევაში. ჩვენ ამის დასამტკიცებლად შორს არ წავალთ. ამ იანვრის თვიდამ დაიწყო გამოსვლა ახალმა სომხურმა ჟურნალმა, რომელსაც „მურჯი“ ჰქვიან. ამ ჟურნალში დაბეჭდილია ბიოგრაფია პატივცემულ სომხის დრამატურგისა ბ-ნ სუნდუკიანცისა. ამ ბიოგრაფიის ავტორი ბ-ნი ჩიმიშკიანცი ძალიან გაუფიცხებია ხსენებულ თვისებას სომხის ლიტერატორებისას და ამ სიფიცხეს იქამდე გაუთამამებია, რომ შემდეგის თქმა უნებებია „პეპომ“ იმოდენად გაითქვა სახელი, რომ პირველ წარმოდგენის შემდეგ გავიდა მცირეოდენი ხანი და ქართველთა ინტელიგენციის ყმაწვილკაცობამ, მოისურვა-რა გამოცოცხლება ქართულის თეატრისა, რომელმაც დიდი ხანია დალია სული, ამ პიესით აღადგინა მკვდრეთით უკვე მიცვალებული ქართული სცენაო“. საკვირველია ეს სასწაულთ-მოქმედება ხსენებულ პიესისა, და თუ მართალ ეგრეა, ჩვენ მადლობის თქმის მეტი არა გვმართებს-რა. ხოლო მეტი არ იქნება ეს ვიკითხოთ თუ ეგ პიესა ესეთ უკვდავების წყაროდ გაუხდა ქართულს სცენას და მკვდრეთით აღადგინა ქართული თეატრი, სომხებს რაზედ შემოსწყრა, რომ მის ხელში ცოცხალი სომხური სცენა ეგრე უდროვოდ მოკვდა და დღესაც მკვდარია მკვდარია, ვამბობ იმიტომ, რომ მუდმივი სცენა ჰქონდათ და დღეს აღარა აქვთ სომხებსა და ხამუშ-ხამუშად წარმოდგენანი სცენისმოყვარეთაგან ხომ ამ შემთხვევაში ანგარიშში მოსატანნი არ არიან. როგორ მოხდა ეს, რომ „პეპომ“ მკვდარი ქართული გააცოცხლა და ცოცხალს სომხურს-კი იმოდენაც ვერ უშველა, რომ არ მომკვდარიყო. აქ ან ის უნდა ვიგულვოთ, რომ რაც ქართველისათვის მაცოცხლებელია, ის სომხისათვის მომაკვდინებელია, ან ის, რომ ბ-ნ ჩიმიშკიანცის აზრი თავიდამ ფეხამდე ტყუილია. ქართველებიც და სომხებიცა დაგვეთანხმებიან, რომ უკანასკნელი საგულვებელი უფრო ჭკუაზედ ახლოა. ბ-ნი ჩიმიშკიანცი ტყუილად გაუჭირვეულებია წყურვილს ქართულის გაკინწვლისას და მოუფიქრებლად ტყვედ მისცემია თავის გაჯანჯლებულს გულისნადებსა. ბ-ნი ჩიმიშკიანცი შემდეგ ამბობს „პეპო“ იმოდენად გაქართველებულია ეხლა, რომ დღესც კი მოიპოვება იმისთანა ქართველი, რომელსაც ძნელად დააჯერებთ, რომ „პეპო“ სომხურს ენაზეა დაწერილი და სომხის პოეტის გენიოსობით შექმნილიო“. არ ვიცით, ბ-ნს ჩიმიშკიანცს საიდამ აჰკვიატებია ამისთანა უცნაური აზრი. ჩვენ დავუშოშმანებთ ატკივებულს გულს ბ-ნს ჩიმიშკიანცს და დავარწმუნებთ, რომ მაგისთანა ქართველს მარტო თავის საკუთარს ფანტაზიაში თუ იპოვის. თუნდ რომ ეგრეც იყოს, რა ცუდი უქმნია ქართველს, რომ სომხის კარგი შეუთვისტომებია, საკუთარ შვილად მიუჩნევია. ეგ მარტო ჩვენს სიტყვას ამტკიცებს, რომ ყოველივე კარგი სომხისა ჩვენში ჰპოულობს პატივისცემას და სიყვარულს იმოდენად, რომ თავისას და სომხისას ერთმანეთშიაც აღარ არჩევს. თუ ესეა. ბ-ნი ჩიმიშკიანცივე საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართველი არ არის დამწყვდეული თავის გვარტომობის ვიწრო წრეში, არამედ სხვა ერის პატივისცემაც იცის და გულგაშლით ეკიდება ყოველს სხვა გვარტომსა. ესეთი თვისება საქებურია და არა საწუნარი. თუმცა ბ-ნი ჩიმიშკიანცი ამ შემთხვევაში ქართველის საქებელ საბუთს გვაძლევს, მაგრამ არ ესმის, რომ ეს საბუთი მართლა ქების მომასწავებელია. იგი ამას ჰხმარობს წუნის დასადებად და ქართველთა გასაკიცხად — რათ იშვილეს სომხური ქართველებმაო. აკი მოგახსენეთ, ჩვენ არ ვიცით, ქართველებმა იშვილეს თუ არა, და თუნდაც ეშვილათ, ვის რა დააკლეს ამითა აქ ცუდი რა არის გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის, რომ მთელის კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუის უღონობას მოასწავებს და სხვას არარას. ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს. ერთიცა და მეორეც მთელის კაცობრიობისაა და ამ აზრს ვერ მისწვდენია დაქვეითებული ავტორი ბ-ნ სუნდუკიანცის ბიოგრაფიისა. ბ-ნი ჩიმიშკიანცი, გაჭირვეულებული იმ თვისებისაგან, რომ ქართველს ავად ხსენება უნდაო, სწამებს, ვითომც ჩვენა ვცდილობდეთ ამოვფხვრათ კაცის ხსოვნისაგან, რომ „პეპო“ სომხურ ენაზედა დაწერილი, „სომხის პოეტის გენიოსობით““ შექმნილი. ამის დასამტკიცებლადაო, ამბობს იგი, შესაძლოა მოვიყვანოთ შემდეგი გარემოებანიო პირველი, თავის-დღეში, როცა „პეპო“ ქართულად წარმოუდგენიათ, აფიშაზედ არა წერებულა, რომ თარგმანია სომხურიდამდა; მეორე გარემოება, შურაცხმყოფელი სომეხთა ერის თავმოყვარეობისა, გარემოება, რომელიც საზოგადო მაგალითი ქართველის ბაქიაობისაო, იმაში მდგომარეობს, რომ ქართულს სცენაზედ თითონ „პეპოს“, ამ ზოგად გმირს სომხის „პაჟარნისას“, ქართველ აზნაურად მორთვენ ხოლმე, მაშინ როდესაც ხალხის მყვლეფავი სომხის ვაჭარი-კი, მდიდარი არუთინა, უთუოდ სასაცილო სომხის ვაჭრად გამოჰყავთ. ამ გარემოებათა მიზეზით, რამდენსამე წელიწადს შემდეგ, ვინ იცის, მოიპოვებაღა თუნდ ერთი იმისთანა ქართველი მთელს საქართველოში, რომელსაც დააჯერებთ, რომ „პეპო“ სომხურს ენაზეა დაწერილი და არა ქართულზედ. გაგიგონიათ სადმე ან ამისთანა ჩივილი და ან ამისთანა საბუთები!.. არა, როგორ მოგწონთ ეგ შეურაცხყოფა სომეხთა ერის თავმოყვარეობისა მით, რომ ქალაქელი კინტო ქართველებმა ვითომ-და გააზნაურშვილეს და სომეხი არუთინა გაასომხეს. გაგიგონიათ სადმე ესეთი თავმოყვარეობა, მერე ამრიგად გაუპატიურებული. ან სად უნახავს და როდის ბ-ნს ჩიმიშკიანცს, რომ წარმოდგენის დროს პეპო ქართველ აზნაურშვილად მოერთვათ და გადაეკეთებინოთ ჩვენ ბევრჯელ დავსწრებივართ „პეპოს“ წარმოდგენას და ეს არც ერთხელ არ შეგვინიშნავს. ან არს ეგვანებოდა ქალაქელი კინტო მეთევზე, მებადური, ქართველ აზნაურშვილად მორთული! თითონ ბ-ნ ჩიმიშკიანცს არაერთხელ უთამაშნია „პეპო“ ქართულ სცენაზედ და ნუთუ ქართველ აზნაურშვილად ირთვებოდა ტყუილი იქნება და ასე მოკლე-ფეხებიანი! ამაებისთანა ნაზუქებს თავი დავანებოთ. ჩვენ ბ-ნ ჩიმიშკიანცის ნაწერს სხვა მხრით მივაქციეთ ყურადღება და ტყუილს ამბობს თუ მართალს ბ-ნი ჩიმიშკიანცი, ეს, არამცთუ გარჩევისა, ყურადღების ღირსიც არ არის. არც იმის მართლით მოგვემატება-რა, არც იმის ტყუილით დაგვაკლდება. ტყუილიცა და მართალიც ამ შემთხვევაში მისი საკუთარი საქმეა. ჩვენ გვინდოდა გამოგვერკვია მარტო მიმართულება და თვალთა-ხედვის ავ-კარგიანობა ზოგიერთა სომეხთ ლიტერატორებისა, რომელთაც ცოდვად მიაჩნიათ ქართველი გაუკინწლავად ახსენონ. ხომ ჰნახეთ, რა საბუთებით მოგვესია ქართველებს და რა ჩივილით ბნი ჩიმიშკიანცი. ახლა ვიკითხოთ, ამ საბუთებით და ჩივილით რასა გვწამებს ბ-ნი ჩიმიშკიანცი იმას, რომ „სომეხთ პოეტის გენიოსობით“ შექმნილს პიესას ჩვენ ვიჩემებთ და დღე-და-ღამ იმ ფიქრში ვართ, რომ ქართველებს აღარ ახსოვდეთ, რომ იგი სომხური პიესაა. როგორ მოგწონთ შიში ბნი ჩიმიშკიანცისა განა თითონ პიესა იმდენად სახარბიელო-კია, რომ კაცმა მის დაჩემებისათვის თავი იტკინოს ვის რად უნდა ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სომხობას თავისის „პოეტის გენიოსობით“ შექმნილი პიესა. დაგვიჯეროს ბ-ნმა ჩიმიშკიანცმა, რომ მაგ პიესაზედ ხელს არავინ წაიწვდენს და სომხებს ქვეყანაზედ არავინ შეეცილება. ნუთუ ბ-ნს ჩიმიშკიანცს ჰგონია, რომ რაკი „პეპო“ „სომეხთა პოეტის გენიოსობით“ შექმნილია, მართლა გენიოსური რამ არის! სხვა რომ არა იყოს რა, ჯერ თითონ პიესის გმირი პეპო გასინჯეთ. რა არის პეპო ეგ ზოგადი სახე კი არ არის, „სომხის პაჟარნისა“, როგორც ჰგონია ბ-ნს ჩიმიშკიანცს, ეგ ერთი აბელას ფეხებზედ შეყენებული ორფეხია, განგებ გაბერილი და გატენილი მაღალ ფარდების ფრაზებით. სხვას რას ჰხედათ „პეპოში“ ვერ ვიტყვით, რომ პიესაში ზოგიერთი მართალი სახეც არ იყოს, ცოცხლად გამოხატული, და თუ „პეპოს“ მოთმინებით ისმენენ თეატრში, ამ ზოგიერთა მართალ სახეთა წყალობით მოსდით. ამაზედ მეტსაც ვიტყვით ჩვენს ქართულს რეპერტუარში, ნათარგმნთა გარდა, „პეპო“ ბევრს პიესას სჯობია, მაგრამ მაინც ეგ პიესა თავის-თავად ბევრი არფერია და არავის არ მოჰგვრის არც შურს, არც სიხარბეს დაჩემებისასა. კიდევ დავუფიცებთ ბ-ნს ჩიმიშკიანცს, რომ მისი შიში ტყუილი მოლანდებაა მარხვას არავინ გასტეხს დოსთვისა და ქურდობას არავინა იქმს ხბოსთვისა. რა უნდა ვსთქვათ ყოველ ამის გამგონთა სომხურ ახალ ჟურნალზედ ჩვენა ვწუხვართ, და გვგონია ყოველი გონიერი სომეხიც შეწუხდება, რომ ახალმა სომხურმა ჟურნალმა პირველ ხმის ამოღებაზედვე საჭიროდ დაინახა მიესიოს ქართველებს და ასეთის სასაცილო საბუთებით უკიჟინოს. ბ-ნ სუნდუკიანცის ბიოგრაფიაში რა მოსატანი იყო, ქართველებმა როგორ ჰთარგმნეს „პეპო“ და როგორ მოჰრთეს წარმოდგენის დროს გმირი პიესისა, ან სწერენ თუ არა ქართველები აფიშაზედ, რომ „პეპო“ სომხურიდამ არის ნათარგმნი აშკარაა, აქ აშლილს საღერღელს ქართველების ავად ხსენებისას თავბრუ დაუსხამს მწერლისათვის, თორემ ყოველი ეს რა შუაშია ბ-ნ სუნდუკიანცის ბიოგრაფიაში, მერ ეგრე სასაცილოდ აკონკებული ბ-ნ ჩიმიშკიანცს კიდევ ეპატიება ამისთანა საქციელი იმიტომ, რომ ამისი ჟინი ჰქონია და ჟინს ყველა კაცი ვერ დაიმორჩილებს ხოლმე. რედაქცია-კი, როგორც კრებული მოღვაწეთა, ამისთანაებში უნდა ჰფრთხილობდეს, რადგანაც ეს ერთი იმისთანა საგანია, რომლის გამოც ნათქვამი სიტყვა მიმართულების მანიშნებელია და თუ ამგვარს მიმართულებას იჩემებს ეს ახალი სომხური ჟურნალი, გზა დაგვილოცნია ბევრს ეგ ერთიც მოემატოს. როგორ იქნება გავუძლებთ. 1889 წელი

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
bottom of page