top of page

ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 2 min read

1892 წელი


ვისაც ჰსურვებია ოდესმე ნახვა ნამდვილ დარბაისელ ძველ ქართველის კაცისა, რომელსაც გულში გამონასკული აქვს დარბაისლურადვე დიდი სურვილი და დიდი გრძნობა, უნდა დასწრებიყო წარსულს კვირა დღეს, 12 აპრილს, „სამშობლოს“ წარმოდგენას ჩვენს თეატრში. ჩვენ არას ვიტყვით სხვა მოთამაშეებზე, რომელნიც უკვე ცნობილ არიან, ხოლო არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ ის ფრიად ჭკვიანური, გრძნობიერი, უმეტნაკლებო აღსრულება როლისა, რომლის ცხადი მაგალითი თვალწინ გაგვიტარა ბ-ნმა გამყრელიძემ, სვიმონ ლეონიძის წარმომდგენელმა.


ჯერ ერთი ისა, რომ ისე შესაფერად მორთული იყო, რომ პირველს დანახვაზედვე ჰგრძნობდით, რომ ამრიგად უბრალოდ, სადად, მაგრამ ფაქიზად ტან-ჩაცმული კაცი უსათუოდ შინაგანის ღირსებით უნდა იყოს მდიდარიო. ასეთიც არის სწორედ სვიმონ ლეონიძე „სამშობლოში“. მერე ყოველივე მიხრა-მოხრა ბ-ნ გამყრელიძესი, ყოველივე მოძრაობა, ხელის თუ სახის ასე თუ ისე ხმარება — ისე შეესაბამებოდა ძველს, დარბაისელს ქართველს და ამასთან დიდსულოვანს და დიდგულოვანს კაცს, როგორც სვიმონ ლეონიძეა,რომ სწორედ აკვირვებდა მაყურებელს. არც ჭიმვა, რომ აცა დიდსულოვანის კაცის როლსა ვთამაშობ და გავიბღინძოო, არც გრეხა და პრანჭვა, არც გაჭაჭვა, რომ აცა გმირად გამოვჩნდეო, არც ერთი ამისთანა უმგზავსობა არ მოსვლია ბ-ნ გამყრელიძეს სცენაზედ და იმოდენად იხელოვნა, რომ ყოველ ამ უგემურ უფერ-უმარილოდ დაგვანახვა ნამდვილი გმირი კაცი. არც ბუკი დაუკრავს ამისათვის, არც ნაღარა, და ჭეშმარიტი დიდსულოვანი ძველი ქართველი დაწყნარებით, დიდის ხელოვნურ თავდაჭერით, გადუმეტებლივ დაგვიხატა გაოცებულ თვალ-წინ. მისი თამაშობა ამ შემთხვევაში თვით ბუნება იყო, არაფერი მეტი, არაფერი ნაკლები. თავიდამ ბოლომდე ერთნაირად, თანასწორად, ფრთხილად და ცოდნით, ნამდვილ გმირის ბუნების შეუბღალავად გაატარა თავისი როლი.


სიტყვა-პასუხის კილო მშვენიერი გამოიჩინა. მის ლაპარაკში თითქმის ყოველი სიტყვა თავის ადგილას ისეთის შესაფერის კილოთი იყო თქმული, როგორც ეკუთვნოდა, აუჩქარებლივ, დინჯად, მშვიდობიანად მოლაპარაკემ ისეთი სიმხურვალე და მნიშვნელობა აძლია სიტყვას, რომ არა ერთს და ორს მოჰგვარა ცრემლი და აუდუღა გული დიდის გრძნობის ცეცხლით. უკანასკნელს სცენაში, როცა ლევან ხიმშიაშვილს ეთხოვება და სასიკვდილოდ მიდის, აქ ასეთი ბუნებით სავსე კილო იხმარა ბ-ნმა გამყრელიძემ, რომ პირველხარისხოვან არტისტსაც ხშირად გაუძნელდება. სვიმონ ლეონიძის დიდ-ბუნებოვანობის ზარი მთელის თავის ძალმომრეობით იგრძნო მთელმა კრებამ მაყურებლებისამ და იმოდენად გაინაბა ყველამ სული, რომ ბ-ნ გამყრელიძესაგან თქმული: „ლევან, აღთქმა, აღთქმა, არ დაივიწყო აღთქმაო“ — გასავალ კარებში ხმადაბლად, თითქმის ჩურჩულით თქმული, მოეფინა მთელს დარბაზს თეატრისას თავიდამ ბოლომდე.

არც მაყურებელნი დარჩენ უიმისოდ, რომ თავისის მხრით პატივი არ ეცათ და თავისი აღტაცება არ გამოეთქვათ არტისტისათვის. გარდა იმისა, რომ ბევრჯერ გამოიწვიეს ტაშის კვრითა თამაშობის დროს, მერეც, როცა დასრულდა „სამშობლოს“ წარმოდგენა და ბ-ნი გამყრელიძე, დიდი ხანი თავის როლს მორჩომილი, იჯდა ლოჟაში, დიდის ძახილით ხელახლავ გამოიწვიეს და ერთიანის ტაშის გრიალმა აჩვენა არტისტს, რომ ნიჭის დაფასება ჩვენცა გვცოდნია. ბევრს არტისტს არ უმოქმედნია ასე ძლიერ და ხანგრძლივ მაყურებლებზედ, რომ ორ-სამ მოქმედების შემდეგ, საცა მას აღარ უთამაშნია, მაყურებელი იძულებულ იქმნას წარსულის აღტაცებისაგან ხელახლად გამოიწვიოს პატივსაცემად აღტაცების მიზეზი. ბ-ნი გამყრელიძე კვირას, 12 აპრილს, სწორედ ღირსი იყო ამ სასახელო პატივისცემისა.

Recent Posts

See All
სიტყვა დავით ჩუბინაშვილის პატივსაცემად 18 სექტემბერს, 1881 წელს

ბატონო დავით! ყოველს ჩვენგანს სასიხარულოდ უნდა ჰქონდეს, რომ მოგვეცა შემთხვევა თავმოწონებით ვსთქვათ: „დღეს ყმაწვილკაცობას ქართველობისას აქ...

 
 
ნინო ბაგრატიონი

1886 წელი (ნეკროლოგი) ჩვენმა სასიქადულო მღვდელ-მთავარმა გაბრიელ ეპისკოპოსმა ერთხელ ერთს თავის სახელოვან ქადაგებაში ბრძანა: „მე თითონ არ...

 
 
თეატრის როლი ერის ცხოვრებაში

(1886 წ.) ტფილისი, 2 ოქტომბერი ჩვენს თეატრს მართალის თეატრის ფერი დაედვა მას აქეთ, რაც მისი საქმე თავს იდვა ჩვენმა დრამატულმა...

 
 
bottom of page