ნინო ბაგრატიონი
- nino otiashvili
- Jan 2, 2024
- 4 min read
1886 წელი
(ნეკროლოგი)
ჩვენმა სასიქადულო მღვდელ-მთავარმა გაბრიელ ეპისკოპოსმა ერთხელ ერთს თავის სახელოვან ქადაგებაში ბრძანა:
„მე თითონ არ მინახავს, ხოლო გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთს ძველს ეკლესიასა შინა კედელზედ არის დახატული ყოვლად-წმიდა ღვთისმშობელი და მის წინ სძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ჰქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემის თვალით მენახა ეს ხატი! მაშინ მე გავიცნობდი მეორესა კერძოსა საღმრთოისა მისის ხასიათისასა და უდიდესსა პატივსა და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემი! რა კარგი იქნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი ყოვლად-წმიდისა, რომ ერთ-კერძო მისსა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულის ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით მას ხელში ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა მისსა ღვთაებრივსა კარგითა ხელოვნებითა იყოს გამოყვანილი ის ღვთაებრივი სიწმიდე, სიმშვიდე და სიყვარული, თვალთა შინა მისთა ბრწყინვიდეს ის უფსკრული გონიერებისა და კრძალულებისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსა. ესრეთი ხატი იქნებოდა ჭეშმარიტი დროშა, ანუ სიმბოლო, ესე იგი ნიშანი ყოველის ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა“.
„რა კარგი იქმნებოდაო, - ბრძანებს ყოვლად-სამღვდელო, - რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი ყოვლად-წმიდისაო“, - ესე იგი იმისთანა ხატი, რომელიც ერთის მხრით წარმოადგენდეს დედას მოსიყვარულეს და მეორეს მხრით - დედაკაცს მშრომელსა და მხნესა. კარგი იქნებოდა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, სად არის ეგრეთი ქალი! დღევანდელს ქალს წარმოდგენილი აქვს იგი სასიქადულო ხატი კი არა, არამედ სამოდო სურათი ქალისა, რომელსაც თავზედ ადგია უშველებელი კოშკი- შლიაპა და ნაოჭ ქვეშ დატანებული აქვს არა ნაკლებ უშველებელი კურტან-ტიურნირი! აი დღევანდელის ქალის სასურველი და სანატრელი სურათი!.. სიმაღლე შლიაპისა და სიდიდე ტიურნირისა, - აი იგი ნიშანი დღევანდელის ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა!..
თუ ჩვენში სადმე არის ქალი, რომელსაც ცოტად თუ ბევრად თვალ-წინ უდგა მღვდელმთავრისაგან ასე მშვენივრად სიტყვით გამოსახული ხატი, თუ სადმე არის, -ისევ ჩვენს ძველს დედაკაცთა შორის. მართალია, იმ ძველ დედაკაცთა იქნება არ იციან, რომ პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია და პეტერბურგი ახლოა თუ შორს, მაგრამ იციან კი „იგი მოვალეობა, ღირსება და მნიშვნელობა“, რომელსაც ჩვენის ქალებისათვის ასე სამართლიანად ჰნატრულობს ჩვენი ბრწყინვალე ეპისკოპოსი. ყოველივე ეს იმოდენად სწავლის შედეგი არ არის, რამოდენად ხასიათის, თვისების გაწვრთნილებისა და გამტკიცებისა. ამ ხასიათის, თვისების გაწვრთნაში ჩვენს ძველს ოჯახს ეხლანდელი სკოლა ვერ შეედრება. უწინდელს ჩვენს გაწვრთნას ცოდნა აკლდა და ეხლანდელს ჩვენს ცოდნას ხასიათის და თვისების გაწვრთნა აკლია. თქმა არ უნდა, რომ უკეთესი არა იქნებოდა-რა, რომ ხასიათის გაწვრთნას ცოდნა ჰქონდეს და ცოდნას ხასიათის გაწვრთნა. იდეალი ადამიანის აღზრდისა ამ ორის საუნჯის ერთად შექსოვაა. მაგრამ როცა არ არის ერთად შექსოვილი, მაშინ თვით მკითხველი მიგვიხვდეს, ამ ორში რომელი უნდა უფრო ამჯობინოს კაცმა.
რომ მართლა ისევ ჩვენ ძველთა დედაკაცთა შორის მოიპოვებიან ისეთნი გვამნი, როგორსაც ჩვენდა საბედნიეროდ გვირჩევს ბრწყინვალედ განათლებული გაბრიელ ეპისკოპოსი, ამის მაგალითი იყო კნეინა ნინო, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის მეუღლე, დადიანის ასული. ასული სამეგრელოს მთავრისა და მეუღლედ დიდს ოჯახში შესული, იგი მარტო ამით არ უნდა იხსენიებოდეს დიდკაცობა შთამომავლობითი, თუ მეუღლეობითი, შემთხვევის საქმეა. ამაში თითონ ადამიანს არა საკუთარი ღვაწლი არა მიუძღვის-რა, ეგ განგების საქმეა, და ამიტომაც ადამიანს, როგორც კაცს, ეგ საკუთარ ღირსებად არ ჩაეთვლება. დიდი ხანია თქმული, რომ -
„თუ კაცი თითონ არ ვარგა,
ცუდია გვარიშვილობა“.
მიცვალებული კნეინა ნინო იყო ერთი იმისთანა იშვიათი დედაკაცი, რომელმაც იგი ჰქმნა, რაც ჩვენის ფიქრით, ყველაზედ ძნელია ადამიანისათვის: მან იპოვა და აიჩინა საგანი თავისის ცხოვრებისა. ძველნი ფილოსოფოსნი ამტკიცებდნენ და ახალნიც ემოწმებიან, რომ ყველაზედ ძნელი ადამიანისათვის თავისის-თავის ცნობა, თავისის- თავის ცოდნა არის, ესე იგი, იცოდეს რის ძალ-ღონის პატრონია და იმის კვალობაზედ ამ წუთის-სოფლის სუფრაზედ თვისი ჭეშმარიტი ადგილი დაიჭიროს და ცხოვრებას ადამიანისას აქედამ მისცეს თავისი შემძლებელი მხარი. ჩვენ ამაზედ შორსაც წავალთ და ვიტყვით, რომ ყველაზედ ძნელი ადამიანისათვის თავისის ცხოვრების საგნის პოვნა და აჩენაა. მაღალის ზნეობის თვალთა წინაშე აქ საწყაოდ კაცურის-კაცობისა იმოდენად თითონ საგნის სიღრმე და სიდიდე არ არის, რამოდენადაც საგნის სიცხადე და გამორკვეულობა. მარტო გონება-მაღალს კაცს აქვს წყურვილი ცხოვრების საგნის აჩენისა და მარტო გონება-მაღალს კაცს შეუძლიან აღნიშნოს იგი საგანი მთელის თავის სიგრძე-სიგანით ისე, რომ ყოველს ჟამს წარმოდგენილი ჰქონდეს, როგორც თავისი ხელისგული, არც გადაჭარბებით, არც დაკლებულად. აქ სიდიდე თითონ საგნისა არაფერს შუაშია. ქრისტე-ღმერთმა გროში ღარიბის დედაკაცისა სხვაზე მეტად შეიწირა, იმიტომ რომ დედაკაცმა გაიწირა ყოველი, რაცა ჰქონდა. საქმე მაღალ ზნეობისა იმაშია, რომ ადამიანმა ის მოიტანოს წუთის-სოფლის სუფრაზედ, რაცა აქვს. ვინც მართლად აღნიშნავს თავისს მოსატანს და უკლებლად მოიტანს, მასზედ ითქმის, რომ იპოვა საგანი ცხოვრებისა და განახორციელა კიდეც. ამისთანანი იშვიათნი არიან და ამ იშვიათთაგანი იყო აწ გარდაცვალებული კნეინა ნინო ბაგრატიონ-მუხრანსკისა.
იგი საქმე, იგი საგანი, რომელსაც დიდის გამარჯვებით და მხნეობით მოახმარა მან მთელი თავისი დაუღალავი სიცოცხლე, შრომაა. გრაფი ტოლსტოი, რომლის ფილოსოფიამაც დღეს ააყაყანა მთელი რუსეთი, თითქმის ამავე შრომაში ჰპოულობს საგანს ცხოვრებისას. მაგრამ კნეინა ნინოსა და ტოლსტოის შორის დიდი განსხვავებაა. პირველი მართლა გამრჯელი, საქმიანი, მუშა დედაკაცია, შეხორცთვისებული აქვს იგი საგანი ცხოვრებისა ასე, რომ მეორე ბუნებადა აქვს შექმნილი, მეორე-კი ეკეკლუცება მხოლოდ ამ საგანს ცხოვრებისას, იწებებს გარედამ და არ შეიხორცთვისებს.ტოლსტოისათვის ეგ საგანი ცხოვრებისა გამაძღარის, გულასუყებულის კაცის უხიაკობა, დაჟინება და ნებივრობაა, კნეინა ნინოსთვის-კი - მის ბუნების წყურვილი, ბუნების მოთხოვნილება იყო. ტოლსტოის რომ იგი მის-მიერ ახლად ნაპოვნი საგანი ჩამოაცალოთ, არა დააკლდება რა, ისევ ის იქნება, რაც არის; კნეინა ნინოსათვის-კი რომ ჩამოგეცალათ, ჩამოაცლიდით თითონ სიცოცხლესაც, იმიტომ რომ სიცოცხლე და საგანი სიცოცხლისა ერთი განუყოფელი არსი იყო ერთისა და იმავე გვამისა, როგორც სული და ხორცი. ამისი მოწამე იგია, რომ კნეინა ნინომ, რომელსაც დაბადებითვე ბედმა მიანიჭა დიდი გვარიშვილობა, დიდ ოჯახის მეუღლეობა, შეძლება, დიდკაცობა, და რომელსაც ამის- გამო ყველაფერი ჰქონდა, რომ უქმს განცხრომაში გაეტარებინა თვისი სიცოცხლე, ყოველივე კეთილი ამა ქვეყნისა ეგემნა და დამტკბარიყო, როგორც ათასნი სტკბებიან, კნეინა ნინომ, - ვამბობთ ჩვენ, - დასთმო ყოველივე ეს და იმ „მოვალეობას, ღირსებას და მნიშვნელობას“ ჭეშმარიტის დედაკაცობისას შესწირა, შეალია თავისი სიცოცხლე, რომელსაც იხსენიებს თავის ქადაგებაში გაბრიელ ეპისკოპოსი. დასთმო ყოველივე ესე, წავიდა სოფელში და დღე და ღამე ათენა, გაასწორა შრომითა და მხნეობითა. რამდენი ერიდება სოფელს, უფრო ხელმოკლე შეძლებითა, უფრო ღარიბი, და თავის გასამართლებლად ის მოჰყავს, რომ სოფელი უფერულია, კაცი ვერ გასძლებს, გასართობი არა არის-რაო. მან-კი, თითქმის ყოვლისფერის მქონემ, რომ ქალაქის სიამოვნება ყოველივე ხელთ ეგდო, არ იკადრა, იუცხოვა უქმად ყოფნა, წავიდა სოფლად და შრომასა, მხნეობასა და გარჯაში იპოვა საგანი ცხოვრებისა და ამ საგანში ადამიანის საკადრისი ჭეშმარიტი სიტკბოება და ადამიანის ასამაღლებელი გართობაცა. ამისთანა დედაკაცს მოწყენისათვის მოცლა არა აქვს, იგი ყოველთვის გართულია და გართულია ისე, როგორც ჰშვენის ღვთის მსგავსებით და სახით დაბადებულს ადამიანსა.
აი, დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა გარდაცვალებულისა! აი, მაგალითი ჭეშმარიტის დედაკაცობისა და - თუ გნებავთ - მამაკაცობისაც! ტყუილად კი არ მიუტირეს დიღომში სოფლის დედაკაცებმა და გამოთხოვების დროს უთხრეს: „სად მიგვიხვალ, ქვეყნის სასარგებლო დედაკაცოო! საცა შენი ხელი მისწვდა, კლდეც კი აჰყვავდაო!“ მართალიცა სთქვეს, მაგისთანა ადამიანთაგან შენდება ქვეყანა.
დასასრულ, ჩვენ იმასვე ვიტყვით გარდაცვალებულს კნეინა ნინოზედ, რაცა სთქვა სოლომონ ბრძენმა თავის დედაზედ, მისის მხნეობით გაკვირვებულმა:
„იგი აღსდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა და საქმე მხევალთა;
„მან მოირტყა ძლიერებით წელი თვისი და დაამტკიცნა მკლავნი თვისნი საქმესა ზედა;
„იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმედ და არა დაშრტეს სანთელი მისი ღამე ყოველ;
„წყრთა თვისი განმარტა სასარგებლოსა ზედა, ხოლო ნებსა თვისსა განამტკიცებს ტარსა ზედა სთვად;
„ხელნი თვისნი განუხვნა გლახაკსა, ხოლო ნაყოფნი მიუპყრნა დავრდომილსა“.
ამისთანა დედაკაცზე სთქვა ბოლოს სოლომონ ბრძენმა, რომ: „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ სასყიდლისა“. ნეტა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მხნე დედაკაცნი!..

