top of page

თეატრის როლი ერის ცხოვრებაში

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 2 min read

(1886 წ.)

ტფილისი, 2 ოქტომბერი


ჩვენს თეატრს მართალის თეატრის ფერი დაედვა მას აქეთ, რაც მისი საქმე თავს იდვა ჩვენმა დრამატულმა საზოგადოებამა. თვითონ დარბაზი თეატრისა უფრო ფაქიზად და თვალთა სასიამოვნოდ იყურება, ვიდრე უწინ, სცენის მოწყობილობა და მორთულობა ლაზათიანია, არტისტები სცენაზედ კარგად და მართებულად იცმენ და იხურვენ და მაყურებელს თვალში აღარ ეჩხირება დახეული შარვალი, ტალახიანი ჩექმები და სხვა ამისთანა ხელდახელ ნაშოვნი, მიბლანდულ-მობლანდული სამკაული. წარმოდგენის მიმდინარეობას რიგიანობა და წესიერება ეტყობა, მოთამაშედ ჩვენნი უკეთესნი არტისტები არიან მოწვეულნი. ყოველივე ეს ცხადად გვარწმუნებს, რომ ეხლანდელ მეთაურთ თეატრისა მარჯვედ და ცნობიერად ჩაუკიდნიათ ხელი ამ ფრიად დიდ საქმისათვის, რომელსაც ჩვენ ჩვენის ერის ცხოვრებაში დიდს მნიშვნელობას ვაძლევთ. ქართული თეატრი ქართველთათვის ბევრის სიკეთის მომასწავებელია. ამ სიკეთის ჩამოთვლა საჭირო არ არის მისთვის, ვინც ჩვეულია საგანს ყოველის მხრით და მრავალ კერძოდ ჩაუკვირდეს ადგილისა, დროისა და გარემოების წინამძღოლობითა. თეატრი ბევრს შემთხვევაში მარტო ხელოვნების მსახური არ არის. ადგილი, დრო და გარემოება მას ზოგჯერ სხვა სამსახურსაც კისრად სდებს და ამ მხრით თეატრი დაუფასებელი რამ არის და ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ეგრე გამარჯვებულად, სასწრაფოდ და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზედ. ამიტომაც დიდი ღვაწლია ჩვენ წინაშე იმათი, ვინც ჩვენს თეატრს წინ წაუძღვება და მის მრავალგვარს მნიშვნელობას ყოველმხრივ გზას გაუკაფავს და გაუხსნის. ამის იმედს, ამის თავდებობას გვაძლევს ის გარემოება, რომ დღეს ჩვენის თეატრის საქმე მარჯვე კაცების ხელშია, რომელთაც ეს ჩვენთვის მრავალგვარი დანიშნულება თეატრისა ჩვენზედ უკეთესად ესმით და მაშასადამე, თეატრის საქმეს წარმართავენ იმოდენად კარგად, რამოდენადაც კი ადგილი, დრო და გარემოება მოითხოვს და შეიწყნარებს.


ხოლო სამწუხარო ეს არის, რომ ჩვენი ეგრედ წოდებული მაღალი საზოგადოება როგორღაც ჰთაკილობს ქართულს თეატრს და მეტისმეტად გულგრილად ექცევა. აი რამდენიმე წარმოდგენა იყო და არც ერთხელ არც ერთი იმათგანი არავის უნახავს თეატრში. ბევრი გაოცებული იკითხება: როცა ჩვენი თეატრი ასე გამოკეთდა, რას უნდა მიეწეროს იმათი თეატრში არყოფნაო ? იმათს მართლადა „არყოფნას“ და სხვას არაფერს, - და თუ ჩვენ ეს სამწუხარო ამბავი აქ მოვიხსენიეთ, მარტო იმისათვის, რომ გვეთქვა: ჩვენს თეატრს მარტო ღარიბი ხალხი ინახავს, მარტო ეგრედ წოდებული მდაბიო ხალხი, რომელიც ამ შემთხვევაში, როგორც ბევრს სხვაში, უფრო გულშემატკივარია, უფრო მგრძნობიერია, უფრო ხელის შემწყობია და სულისა და გულის საქმის უფრო მიმდევარია, უფრო ამყოლი.


ამ გარემოებამ ჩვენს საზოგადოებაში დაჰბადა ერთი აზრი, რომელსაც იმოდენად საკმაო და ჩასაფიქრებელი საბუთი მიუძღვის, რომ დანაშაულობა იქმნება ყური არ ვათხოვოთ. ამბობენ: რაკი ესე სამარცხვინოდ ზურგი შემოაქცია ჩვენს თეატრს შეძლებულმა წრემ ჩვენის საზოგადოებისამ, თვითონ თეატრმაც ზურგი შეაქციოს იმათაო და ჩვენი თეატრი საერთო თეატრად გადავაქციოთ საკუთრივ იმათთვის, ვისაც, ვითარცა დღისის მუშაობით დაღალულს და დაქანცულს, სულისა და გულის ჭეშმარიტი გასართობი, ადამიანურად დროის გატარება და სიამოვნება სწყურიან და ეჭირვებაო. ეს აზრი იქნება ძნელად აღსასრულებელი იყოს, რადგანაც მისის განხორციელებისათვის საჭიროა სულ სხვა რეპერტუარი იქონიოს ჩვენმა თეატრმა, სულ სხვა საფუძველი და მიმართულება მიეცეს ეხლანდელს მის მოქმედებას და თვითონ ფასები თეატრში შესვლისათვის უფრო შემცირებულ იქმნას, ხოლო არავინ იტყვის, რომ ეგ აზრი სახეში მისაღები არ იყოს, არ იყოს გასაკითხი ყოველმხრივ და კარგად და დალაგებით გამოსარკვევი. ეს აზრი, ჩვენის ფიქრით, იმათა ჰღირს, რომ კაცი ღრმად ჩაუკვირდეს და, თუ რამ მოევლება, მოევლოს და ეშველოს. რასაკვირველია, პირველი სიტყვა ამ რთულს საგანზედ იმათ ეკუთვნის, ვინც თეატრის საქმეს ახლო უდგანან და ვინც, მაშასადამე, ყოველს წვლილს ამ აზრისას გამოცდილებით გაზომავს და ამ გამოცდილებაში მოუპოვებს სამართლიან საბუთსა, ჰოსა თუ არასა.

Recent Posts

See All
ახალი დრამების გამო

1890 წელი 9-15 დეკემბერი ამ სეზონში ჩვენს ქართულს თეატრს თითქო კარგი ამინდი დაუდგა. საკმაოდ შესანიშნავი ამბავია, რომ ჩვენმა ღარიბმა...

 
 
bottom of page