ჩვენი სოფლური მეურნეობის შესაძლებლობანი და ბიუროკრატიზმი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 2 min read
ტფილისი, 16 თებერვალი, 1887 წ.
ამ ბოლოს ხანებში ჩვენმა ქვეყანამ და უფრო მისმა ბუნებურმა სიმდიდრემ მოიზიდა ყურადღება, როგორც თითონ რუსეთისა, ისეც საზღვარგარეთისა. საითაც კი მიიხედავთ, ყოვლის მხრიდამ მარტო ის ისმის, რომ აი ეს და ეს ფულიანი ან კაცი ან საზოგადოება მოდის და ამა და ამ საქმეს ჰკიდებს ხელსაო. ან აქამდე რატომ არ იყო ეს ამბავი, გვიკვირს. ამიერკავკასია ჰავისა და მიწის სიკეთითა შემძლებელია თითქმის ყოველისფერისა, რაც-კი რამ იზრდება, მოდის და ხეირობს დედამიწის ზურგზედ. ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქიც კი გამოზარდა ჩვენმა ქვეყანამ იმოდენად კარგად, რომ ეხლა თითონ მთავრობაც-კი ჰცდილობს მეურნეობა ერთისა და მეორისაც ააყვავოს აქ და გაავრცელოს. რა თქმა უნდა, რომ ამგვარებისათვის მეცადინეობა და ხარჯი უქმად არ ჩაივლის და დიდს სარფას მისცემს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისეც მთელს სახელმწიფოს, თუ ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქი მარტო თეთრს ქაღალდზედ არ დაირგა და შავის მელნით არ მოირწყა. ამისთანა საქმეში არ-მცოდნე კაცი, თუნდა გულმოდგინეცა, ვერასფერს გააწყობს მიწერ-მოწერის მეტს და ამ მიწერ- მოწერაში ისე აურევ-დაურევს დავთრებს, რომ ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქი ყველას დაავიწყდება და დარჩება სახსოვრად მარტო უშველებელი ზვინი ქაღალდებისა, რომელიც მარტო იმას გვიმოწმებს თუ, რა გზით ვინ გაუხმო ძირი ქინაქინის ხესაც და ჩაის ბუჩქსაც. ასე მოუვიდა აბრეშუმის საქმეს ნუხში, ასე მოუვიდა ვენახისა და ღვინის საქმეს კახეთში. ნუხშიაც და კახეთშიაც მთავრობამ არაფერი დაჰზოგა, რომ აბრეშუმის საქმე და ღვინისაც კარგად მოემართა და ფეხზედ დაეყენებინა, მაგრამ მოხელეობამ, რომელსაც ჩააბარეს ეს საქმენი, ვერც ერთგან ვერ გაამართლა იმედი მთავრობისა. ამისთანა საქმეს, როგორც ახალი სიმდიდრის გზის გახსნაა, საქმიანი, მოხერხებული, გამრჯელი, საქმეში დაოსტატებული კაცი უნდა. ამისათვის საკმარისი არ არის მარტო დიპლომი, რომელიც ყოველთვის არა ჰმოწმობს, რომ მის პატრონს ჯეროვანი ცოდნა აქვს, და თუნდაც ჰმოწმობდეს, საქმე მარტო ცოდნა კი არ არის, გამოცდილებაა. ჩვენ აქ სიტყვას „გამოცდილებას“ მთელის თავისის ვრცელის მნიშვნელობით ვხმარობთ. ჯერ ხომ კაცს თავისი ცოდნა უნდა თვითონ საქმეში ეცადნოს, და მერე ზედმიწევნით ნახული და ნაცადი ჰქონდეს, რა ბუნებასთანა აქვს საქმე და რა ხალხთანა. ადგილობრივის ბუნებისა და ხალხისა თუ არა იცის-რა, იგი ამისთანა საქმეში, როგორც ახალის რისამე გასაჩენად შემოღებაა, ერთს ნაბიჯსაც უმარცხოდ ვერ გადასდგამს. არა ერთი და ორი მაგალითი ყოფილა ჩვენში, რომელსაც თვალად დაუნახვებია ჩვენთვის, რომ უიმისოდ, რაცა ვსთქვით, ხელიდამ არაფერი გამოსვლია კაცს და საქმისათვის ის ვნებაც მიუყენებია, რომ სხვისთვისაც გული აუყრევინებია და აუცრუებია კარგსა და სარფიანს საქმეზედა.