ჩვენი მესაქონლეობის საჭიროებანი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 5 min read
ტფილისი, 27 მაისი, 1887 წ
I
საძოვრების საქმის დაულაგებლობა, მოუწყობლობა, ერთი უდიდესი ნაკლია ჩვენის საეკონომიო ყოფა-ცხოვრებისა. ამისთანა ადგილას, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, საცა ჰავა, ამინდი, ნებას აძლევს კაცს საქონელი გამოჰკვებოს თითქმის მთელს ზამთარს-ზაფხულს გარეთ მინდორში, ეს ნაკლი ძლიერ უნდა ხელს უშლიდეს მიწათმომქმედსა და დიდს ზიანს აძლევდეს. ეს ნაკლი ისე საგრძნობელი არ არის მუშა-საქონელის გამოკვებისათვის, თუმცა აქაც-კი მიზეზად ედება მრავალს დავიდარაბას, ჩხუბსა და ვაი-ვაგლახსა. მუშა-საქონელი, რომელიც ყოველდღე ხელში უჭირს მიწათმომქმედსა, შინვე სოფელში ისე თუ ასე იკვებება. ამისათვის ზამთარ-ზაფხულს სოფლის თავისუფალი მიწებია და ამ მიწებზედ საქონელი იოლად მიდის. გაჭირების დროს საქონლის პატრონები ტყესაც არა ჰზოგვენ ხოლმე და თუ ზამთარი მეტად გაუძნელდება და საჭმელზედაც ნაკლებ არიან, ნეკერს უკაფავენ და ისე გამოჰყავთ პირუტყვი. ეს მეტისმეტად მავნებელი ჩვეულება ტყეს ძალიან აზარალებს და ამიტომაც ამ ბოლოს ხანებში ნეკერს აღარავინ აჭრევინებს ტყეში. ამ მხრივ, როგორც სახელმწიფო ტყეები, ისეც საბატონონი, შეკრულია, ნამეტნავად იმ ადგილებში, საცა მებატონე დღევანდელს კვერცხს ხვალინდელ ქათამს არ ამჯობინებს და იმ განძს, რომელსაც ტყე წარმოადგენს, ხვალინდელ დღისათვის ინახავს და უფრთხილდება. ასეა თუ ისე, მუშა- საქონელი და ორიოდე მოცადი ზამთარ-ზაფხულს შინვე გამოდის მით უფრო, რომ საზამთროდ პატრონი, ცოტაა თუ ბევრი, საჭმელს ზაფხულშივე უგროვებს და საზამთროდ უნახავს.
საძოვრების მოუწყობლობა სრულად ხელს უშლის დიდის საქონლის პატრონებს, ვისაც ცხვარი, ძროხა, ცხენის ჯოგი ჰყავს და ვინც, ერთის სიტყვით, საქონლის მოშენებას და გამრავლებას მისდევს. ამისთანანი ჩვენში ბევრნი არიან და ზოგიერთგან იმისთანა გლეხობაა, რომ მარტო საქონლის მოშენებაღა აქვთ ცხოვრების წყაროდ. ამ დიდძალ საქონლის მოსატრიალებლად ჩვენებურს სოფელს საკმაო ადგილი არა აქვს არც შინ, არც გარეთ, არც ზამთრობით, არც ზაფხულობით. რადგანაც ამისთანა საქონელს დიდძალი საჭმელი უნდა გამოსაკვებად და სათიბის უქონლობის გამო ამ საჭმლის წინასწარ მოგროვება შეუძლებელია, და რადგანაც ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა ადგილების ჰავა და ამინდი ნებას აძლევს კაცს მთელი ზამთარ-ზაფხული გარეთ ჰკვებოს საქონელი, — ამიტომაც ჩვენებური მოსაშენ საქონლის პატრონები ზამთრობით ყიშლაღებზედ გარეკენ ხოლმე საქონელსა საძოვრად და ზაფხულობით იალაღებზედ. ამ იძულებულ წასვლა-მოსვლაში დიდძალი ხარჯი უნდებათ. ხარჯს კიდევ როგორმე გაუძლებდნენ, რომ ამ ხარჯის გაღებაში რაიმე წესი და რიგი იყოს. ჭირი ის არის, რომ საქონლის პატრონმა არ იცის, სად რა ხარჯი მოელის, ვის როგორ უნდა გაუძღვეს.
დაიძვრის თუ არა, მაგალითად, ქიზიყიდამ საქონელი და წამოვა თრიალეთისაკენ, ჯერ რამდენი ცალკე მეპატრონეთა მამულები უნდა გადმოლახონ. ყველა თავისას ითხოვს და ყველას თვითოეულად გაძღოლა უნდა გზადაგზა სხვადასხვა ზომით და სხვადასხვანაირად. ვინც იცის, რამდენ ნაჭრად დაყოფილია ხოლმე ერთ პატარა მანძილზედ მამულები მონაწილეთა შორის, ის ადვილად მიხვდება, რა წეწვა-გლეჯაში უნდა იყვნენ საქონლის პატრონები, როცა ან გაზაფხულზე იალაღზედ მიდიან, ან შემოდგომაზედ — ზამთრის საძოვრებზედ. ეხლა ამას ზედ დაართეთ ხიდებზედ გასატარებელი ბაჟი, გზატკეცილისათვის დაწესებული გადასახადი, საძოვრის სახდელი ფული, რომელიც ყოველს წელს ჰმატულობს, და მაშინ წარმოიდგენთ, რომ ჩვენში მოსაშენ საქონლის ყოლა და შენახვა უფრო სახელისათვის არის, ვიდრე სახრავისათვის. აი ეხლა, დადგა თუ არა გაზაფხული და საქონელიც დაიძრა ბარიდამ მთაში წასასვლელად იალაღებზედ, აუარებელი ჩივილი და დრტვინვა მოისმის მწყემსთაგან: არ იციან საწყლებმა, როგორ გაუძღვნენ ცალკე გზატკეცილის, ცალკე ხიდეების ბაჟსა და ცალკე კერძო მემამულეების ყარაულებსა, რომელნიც გზაში წინ გადაუდგებიან ხოლმე და რაც გუნებაში მოსდით, იმას ართმევენ. წართმევა ხომ წართმევაა და ზედ ერთვის ჩხუბი, ცემა-ტყეპა და ზოგჯერ იარაღის ხმარებამდინაც მიაღწევს ხოლმე საქმე. ამისთანა ყოფა შეუწყნარებელია და ბოლო უნდა მოეღოს.
დიდად საჭიროა, რომ კანონმდებლობამ ამ უნუგეშო ყოფას საქონლის პატრონებისას ყურადღება მიაქციოს, წესი და რიგი რამ ჩამოაგდოს, თორემ ეს კარგა მოზრდილი წყარო ჩვენის ერის ცხოვრებისა თანდათან უკან დაიწევს და გაშრობამდე მივა. თქმა არ უნდა, რომ დიდად ძნელი რამ არის, ერთს განსაზღვრულს წესს დაუქვემდებაროს აქ კაცმა საქმე, მაგრამ რაც შესაძლოა, ის კი უსათუოდ უნდა მოხდეს და დადგინებულ იქმნას. ჩვენის ფიქრით, დიდი შეღავათი იქნება საქონლის პატრონებისათვის, რომ საქონლის სასიარულო გზები აიხსნას ყოველის გადასახადისა და ბაჟისაგან, და თუ აქ შეუძლებელია რაიმე წესი და რიგი დაიდვას კერძოდ სამფლობელო მამულების შესახებ, ხაზინამ მაინც დაუთმოს რამ იმოდენად მაინცა, რომ შესაძლოდ იქმნას საქონლის ყოლა და შენახვა. მაინცდამაინც ამ საქმეს ყურადღებით დაკვირვება უნდა, და საიდამაც მოევლება, უნდა მოევლოს. უამისოდ გაჭირდა საქონლის ყოლა და ეს საკმაოდ დიდი სახსარი ცხოვრებისა ჰლამის გაქარწყლდეს.
II
ტფილისი, 15 ივნისი, 1887 წ.
აღმოსავლეთ საქართველოში ბევრია იმისთანა ადგილები, სადაც სახნავ-სათესი მიწები ისე ნაკლებად არის, რომ კაცი მიწის მუშაობით საცხოვრებელს ვერ იშოვნის. ამისთანა ადგილებია, მაგალითად, ჩვენს მთებში, თუშეთ-ფშავ-ხევსურეთში, სადაც უშველებელ კლდე-ღრეებში აქა-იქ თუ შეჰხვდებით თითო ბოხჩა ადგილებს, სახნავ-სათესად გამოსადეგს და გამოსარჩომსა. ბ-ნი მ. მაჩაბელი თავის გამოკვლევაში — Материалы для изучения экон. быта государственных крестьян, т. V стр. 256 — ამბობს, რომ თიანეთის მაზრაში ისეთი ადგილებია, სადაც ოთხმოციოდე დესეტინა სახნავი მიწა გაფანტულია რამდენისამე ათის ვერსტის მანძილზე, მთებსა და კლდე-ღრეებს შორისო. ასე გაფანტული სახნავ-სათესი მიწა, რასაკვირველია, არაფერი განძია, პურს ვერ აჭმევს, ვერ გამოჰკვებს მთელს მაზრას. ხვნა- თესვით აქ კაცი ვერას გახდება, მიწის ნაწარმოები ცხოვრების საზდოს ვერ მისცემს,მაშასადამე, აქ კაცმა სხვა წყაროს უნდა მიჰმართოს ცხოვრების მოსაპოებლად. ასეთს წყაროს თვით იქაური ბუნება უჩვენებს. მთებში მშვენიერი საძოვრები, იალაღებია, რომელიც ხელს უწყობს საქონლის მოშენებასა, ამიტომ ამ ადგილებში ხალხი საქონლის მოშენებას, მეტადრე ცხვრისას, მისდევს და ეს შეადგენს ერთს უმთავრესს წყაროს იქაურ გლეხის კეთილდღეობისას. მაგრამ საქონლის მოშენება ადვილი საქმე არ არის, საქონელს მუდამ უკან დევნა და ერთის ადგილიდამ მეორეში გადაყვან-გადმოყვანა უნდა. მთებში ზამთარი ადრე იწყება, 6 – 7-ის თვის განმავლობაში თოვლი სძევს, — საქონლის შენახვა აქ აღარ შეიძლება და პატრონმა ბარში უნდა ჩამოიყვანოს. და აი საქონლის პატრონს მთელს ზამთარს შირაქის მინდვრებში, ივრის ხეობაზე და სხვა ადგილებში გამოჰყავს საქონელი. დადგება ზაფხული, სიცხეებში საქონელი ბევრს ვეღარ აიტანს და პატრონმა ხელახლად ისევ უნდა მთაში გარეკოს საქონელი. თუშ-ფშავ-ხევსურები თავიანთ მთებშიაც ცოტაოდნად იოლად მიდიოდნენ, მაგრამ ამ ბოლოს დროს აქაც საძოვარი ადგილები ძლიერ შეცოტავდა, და ამიტომ ყარსის, დაღესტანის მთებისკენ, თრიალეთსა და, უკანასკნელ ხანებში, ვლადიკავკასისკენაც დაიწყეს საქონლის გარეკვა საზაფხულოდ.
ამ სახით, საქონლის პატრონი წელიწადში ორჯერ მთებიდგან ბარში უნდა გაემგზავროს და ბარიდამ მთებში. და რადგან ჩვენში ხეირიანი გზები არსად არის, და თუ არის, ხეირიან რიგსა და წესს ძნელად შეჰხვდებით ამ გზებზე, ამიტომ ძლიერ დიდს შეწუხებას ივლის გადასვლა-გადმოსვლაში როგორც საქონლის პატრონი, ისე თვით საქონელიც.
დღეს ნებას არავინ მისცემს, რომ მის მამულში საქონელი შეჰრეკო და უფულოდ აძოვო.
უწინდელი შარაგზები ბევრს ადგილას გზატკეცილად გადაკეთდა, სადაც საბაჟოებია დაწესებული და უბაჟოდ არავის ატარებენ. სადაც ჯერ გზატკეცილები არ არის, სოფლებს და კერძო მემამულეთ დაუჩემებიათ გზები და გზად მიმავალს საქონელს უმახტოდ არ აძოვებინებენ. ბ-ნი მ. მაჩაბელი ამბობს, რომ მარტო ტფილისის მაზრაში 19 სოფელი საძოვარში და გზაზედ გავლაში წელიწადში 7.250 მანეთს იღებსო.
ამ უკანასკნელს წლებში დიდძალი საქონელი და მეტადრე ცხვარი მიუდით ყარსისკენ თუშ-ფშავ-ხევსურეთ-კახეთიდგან ყოველს ზაფხულსა. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, რომ ეს საქონელი გზატკეცილებზე გაეტარებინათ, მაგრამ ამ გზაზე იმოდენა ბაჟია დაწესებული, რომ ცხვრის პატრონი ვერ აუვა ამ გადასახადსა. მაგალითად, კახეთიდამ მომავალ ცხვარზე, პატრონმა, მანგლისის გზატკეცილზე, 60 ვერსტის მანძილისა, უნდა გადაიხადოს ას ცხვარში
3 მანეთი; კახეთის სახელმწიფო გზაზე ამაზე უფრო მეტი გადასახადი ერთმევათ. გარდა ამისა, მახტა დაწესებულია ივრის, მტკვრის, ქალაქში და ალგეთის ხიდზე, ასე რომ მარტო კახეთიდამ მანგლისამდე ასის ცხვრის გადალალვა ბარიდამ მთაში 10 – 12 მანეთამდე უჯდება, ანუ თითო შუათანა ცხვრის-ფარის პატრონს მარტო გზა უჯდება ოც თუმნამდე. ვინც-კი იცის, რა შემოსავალი მოაქვს ცხვარსა, ის ადვილად მიჰხვდება, რომ ამოდენა ხარჯს ვერ აუვა საქონლის პატრონი. სწორედ ამ მიზეზის გამოც საქონლის პატრონი ერიდება დიდს გზებსა, და უგზო-უკვლოდ, ტყე-ღრეებზე, კერძო მემამულეების მიწა-წყალზე, მიუდის საქონელი. წინათ საქონლის პატრონს ხმას არავინა სცემდა, მაგრამ დღეს, როცა მამულის პატრონებმაც ანგარიში ისწავლეს, საქონლის პატრონებს ხელი მოუჭირეს და უსასყიდლოდ თავიანთ მიწა-წყალზე აღარავის ატარებენ. თითქმის ყველას, ვის მამულზედაც საქონელმა უნდა გაიაროს, მეველეები უჭირავთ და საქონელს გზას უკრავენ, ან, თუ გზას მისცემენ, გადასახადს ართმევენ. თუმცა არიან ისეთი მამულის პატრონები, რომელნიც უწესოებას სჩადიან და უსამართლოდ ექცევიან საქონლის პატრონს, მაგრამ, რასაკვირველია, ბევრნი ისეთიც არიან, რომ საქონელს გზას არ აძლევენ თავიანთ მიწა-წყალზე, რადგან საქონელი ხშირად ნათესებში გადადის და მოსავალს ახდენს. ამ შემთხვევაში, საქონლის პატრონს უფრო მეტს გადასახადს ართმევენ. ასეთ გადასახადის გამორთმევა-კი უჩხუბოდ და უდავიდარაბოდ არ ჩაივლის ხოლმე. ამიტომ ზაფხულში, დაიძვრება თუ არა საქონელი ბარიდამ მთებში წასასვლელად, წამდაუწუმ გვესმის, ამა და ამ ადგილას ჩხუბი, თავ-პირის მტვრევა და ხშირად კაცისკვლაც მოხდაო. კერძო მემამულეების გარდა საქონლის პატრონებს ჩხუბს უმართავენ სოფლელებიც, რომელთ მამულებზე საქონელი გაივლის ხოლმე. მეტადრე დიდს შეწუხებას ივლიან საქონლის პატრონები მანგლისის ახლომახლო სოფლებისაგან, რომელნიც გზებს ჩემულობენ და საქონლის პატრონებისაგან გადასახადს თხოულობენ.
ასეთი უწესობა დიდს შეწუხებას აყენებს და ზარალსაც ბევრს აძლევს საქონლის პატრონს. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, ყურადღება მიექციათ ამ საქმისთვის და გზატკეცილებზე დაწესებული ბაჟი გზად მიმავალ საქონელზე სრულიად გადაეგდოთ; ან თუ ეს არ შეიძლება, ცოტად მაინც შეემსუბუქებინათ ეს გადასახადი და ამით შეღავათი მიეცათ საქონლის პატრონებისთვის. აგრეთვე ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ერთხელვე გადაწყვეტილიყო და ყველას სცოდნოდა, — აქვთ ნება სოფლებს დაიჩემონ ის გზები, რომელიც იმათ ახლოს მიდის, და მახტა აიღონ გზად მიმავალ საქონელზე, თუ არა. ამით საქონლის პატრონსაც შეღავათი მიეცემა, რომ თავის საქმე უკეთესად წაიყვანოს და ბევრს უწესობას, კაცისკვლასაც, ბოლო მოეღება.