ჩვენი ეკონომიური საჭიროებანი და გზების საკითხი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 2 min read
ტფილისი, 20 მაისი, 1886 წელი
კარგის გზების უქონლობა შესამჩნევი ნაკლულევანებაა ხალხის ცხოვრებაში, გზების უქონლობა ხელს უშლის ხალხის ეკონომიურ კეთილდღეობას, უკან აყენებს, აფერხებს მის ცხოვრების წინ მსვლელობას. გზები უადვილებს ხალხს ერთი-ერთმანეთში მისვლა- მოსვლას, აღებ-მიცემას, ნაწარმოების გასაღებას. ეს მარტივი და ყველასათვის ცხადი ჭეშმარიტებაა... ეს ჭეშმარიტება აღიარებულია; დიდი ხანია ყველგან შეიგნეს, თუ რა სამსახურს უწევს ხალხს, რა აუცილებელ საჭიროებას შეადგენს ცხოვრების განკარგებისათვის კარგად შეკეთებული გზები, და ამიტომ დიდს ყურადღებასაც აქცევენ ამ საჭიროებას...*
სხვა მიზეზთა შორის, რომელნიც ხელს უწყობენ ხალხის კეთილდღეობას, არა-ნაკლები ადგილი უჭირავს ამ უკანასკნელ გარემოებასაც, ე. ი. რიგიანად მოწყობილ და მისვლა- მოსვლის გასაადვილებელ გზების სიმრავლეს. ამ გზების სიმრავლეს უნდა მიეწეროს ის გარემოებაც, რომ ეკონომიური ცხოვრება ასე წინ არის წასული ზემონათქვამ ქვეყანაში.
მგონი არც ერთს ქვეყანას ისე არ ეჭირვება კარგი გზები, როგორც საქართველოს. ჩვენი ქვეყანა თითონ ბუნებითვე მთიანი ადგილია, გაზაფხულობით მთებიდამ მოვარდნილი ნიაღვრები სრულიად აფუჭებს, ჰხრამავს იმ საცოდავობის გზებსაც კი, რომელიც გვაბადია. ადგილის უსწორ-მასწორობა, აღმართ-დაღმართი, ოღროჩოღროები, ჩახრამული ადგილები დიდს დაბრკოლებას წარმოადგენენ და უძნელებენ ხალხს ურთიერთ შორის მისვლა- მოსვლასა. სხვა ჩვენ მიყრუებულ მთებში გადავარდნილ ადგილებზე რომ არა ვსთქვათ-რა, ავიღოთ მაგალითად თუ გინდ კახეთი. ეს მშვენიერი, ყოვლის სიმდიდრით ბუნებისაგან უხვად შემკული მხარე ჩვენის ქვეყნისა, რიგიან გზატკეცილსაც კი მოკლებულია,რკინისგზაზე ხომ ვინღა რას ამბობს. ესრეთწოდებული კახეთის გზა ისეთ გახრიაკებულ, უადგილო ადგილას არის გაყვანილი, ისეა მოშორებული სოფლებზე, — გულითაც რომ ჰსურდეთ, სოფლელები ამ გზაზე ვერ წამოვლენ და ისევ ძალაუნებურად თავიანთი ძველებური უსწორ-მასწორო გზები უნდა ირჩიონ. აი რამდენი ხანია დაწყებულია მეორე კახეთის გზა გომბორზე და აქამდინ სისრულეში ვერ არის მოყვანილი. ამ უგზოობის გამო კახელებს უძნელდებათ ხეირიან ფასად გაასაღონ თავიანთ ნაშრომ-ნაღვაწი; ბევრი სოფლის ნაწარმოები ხომ სრულიად უბრალოდ იღუპება და ლპება მხოლოდ იმის გამო, რომ უგზოობის მიზეზით შორს წაღება ყოვლად შეუძლებელია და ახლომახლო კი ფასი არა აქვს. მაგალითად, რამდენ ხილეულობას, ბოსტნეულობას და სხვა ამგვარ წვრილმან ნაწარმოებს, რომელიც ასე უხვად მოდის კახეთში, გასავალი ექნებოდა ქალაქში, რომ კარგი გზები იყოს და ჩამოტანადა ღირდეს. ეხლა კი ტყუილუბრალოდა რჩება, ვერც პატრონი სარგებლობს და ვერც სხვა.
თითონ ჩვენი ხალხი რომ კარგადა ჰგრძნობს დიდს გაჭირვებას გზების უქონლობის გამო, სწუხს და სურვილს აცხადებს, რომ ამ გაჭირვებას რითიმე უშველოს, ამას ცხადად გვიმტკიცებს შავი-ქვის მრეწველობის მაგალითი. აი მრეწველებს რა უთქვამთ მის ბრწყინვალებისათვის, კავკასიის მთავარმმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვისთვის, როცა მას ყვირილაზე ჩამოუვლია: „წინათაც გთხოვეთ და ეხლაცა გთხოვთ, თქვენო ბრწყინვალებავ, აღმოგვიჩინოთ შემწეობა მადნებიდამ შავი-ქვის გადაზიდვაში; გზები ძალიან წამხდარია და ამისათვის ქვის გადმოზიდვის ქირამ ძალიან აიწია; გთხოვთ იშუამდგომლოთ სადაც საჭიროა, რკინისგზა გაიყვანონ ს. ჭიათურამდის“.
ეს ამბავი მით უფრო სასიამოვნოა, რომ მის ბრწყინვალებამ დიდის თანაგრძნობით მოისმინა თურმე შავი-ქვის მრეწველების თხოვნა და შუამდგომლობა და შეწევნაც აღუთქვა. ღმერთმა ქნას, რომ ეს მაგალითი პირველი და უკანასკნელი არ იყოს. ჩვენ ხალხს კარგად ესმის გზების სარგებლობა, წინათაც უკისრნია გზების გაკეთება და ის ყოველთვის მზად არის, ოღონდ საქმის რიგიანი მაჩვენებელი და წარმართველი ჰყვანდეს.
შენიშვნა:* ტექსტი ამოღებულია ცენზურის მიერ. რ ე დ.