top of page

ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 4 min read

ტფილისი, 20 დეკემბერი, 1897 წ.


ჯერ კიდევ პუშკინმა სთქვა, რომ ქვეყანაზე გაბატონებას, ქვეყნის დაჩემებას მარტო ოქრო და ხმალი ეცილებიან ერთმანეთსაო. პუშკინმა ეს ამ სამოცი წლის წინათ სთქვა, თუ უფრო ადრეც, და მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრრიგად იცვალა ცხოვრება ადამიანისა. მაშინ იქნება ხმლის ქადილს ღონეც შესწევდა და ფულს უშიშრად პირში ედგა. ეხლა კი ხმალს მუცელში ენა ჩაუვარდა: ხმალმაც, როგორც ყოველმავე სხვამ, თოკი ყელზე შეიბა და ფულს დაუკრა თავი, ვითარცა უძლეველს ბატონს ყურმოჭრილმა ძლეულმა ყმამ. ქადილი ოქრო-ვერცხლისა, რომ ყველაფერი ჩემიაო, ყველაფერს ვიყიდიო, გამართლდა ქვეყნის საუბედუროდ. ეხლა რაც არის - ფულია და სხვა არაფერი. უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ცალკე ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.


ბევრიც რომ თავი მოვიწონოთ და ყელი მოვიღეროთ, აქაო-და მე ბრწყინვალე თავადი ვარ, კეთილშობილი აზნაური, მიწისმფლობელი, თუ მიწისმომქმედი, ტყუილი და სასაცილო დოინჯის შემოყრა იქნება. ყოველმა ამისთანამ ეხლანდელ დროში თავისი მშვილდი ძირს უნდა დასდოს გაბატონებულ ფულის წინაშე. რაც გინდ ქუდი კახურად ჩავიკეცოთ, ყურთმაჯები ვაჟკაცურად მხრებზე გადვიყაროთ და, ისპანიის გაკოტრებულ უდა-აზნაურივით ულვაშები გავიწკიპოთ, ჟანგმოკიდებული ხმალი ჩამოვიკანკუროთ და დოინჯის შემოყრით ვიძახოთ: ჰოი ხმალი პაპაჩემისაო, ფულის ბრძანებას და ბატონობას მაინც ვერსად გავექცევით, ვერსად ვერ დავემალებით: საცა იქნება და როცა იქნება, მოგვასწრობს და ქეჩოში წაგვავლებს ხელს, ან მეყმე და ან შიმშილით სული ამოირთვიო, გეტყვის.

მართალია, აქ ფული მეტისმეტად სულგრძელად გვექცევა, რადგან ორში ერთის არჩევანს ჩვენს ნებაყოფლობაზე აგდებს. მაგრამ ბევრი სახარბიელო არც ყმობაა და არც სულის ამორთმევა, თორემ ფული არც ისე გაბედოვლათდებოდა, ერთიცა და მეორეც ჩვენს ნებაზე მოეგდო. წყეულ იყოს ამისთანა სულგრძელობა და ამისთანა გარემოება, რომელიც ან ყმობას გვიქადის, ან სულის ამორთმევას და, ამ ორს საარჩევანოს გარდა, სხვა გზას არ აძლევს ადამიანსა.


ნუ გეგონებათ, ვითომც ეს სულთა და ხორცთამხუთავი ძალ-ღონე ფულს დაწერილ კანონისაგან ჰქონდეს მინიჭებული. ესეთი კანონი არა რჯულში არა სწერია, არა კანონმდებელს თავის-დღეში ფიქრადაც არ მოსვლია. ესეთი ძალ-ღონე ფულისა იმ უწერულმა კანონმა შეჰქმნა, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან და რომლის ძალმომრეობა თვით დაწერილ კანონზე უძლიერესია და თავში გამწევი მოუდრეკელად. ჟამთა ცვლამ და ეკონომიურ შინაგან და გარეგან ვითარების წინსვლამ ისტორიაში ისე მოუმართა ფულს ხელი, რომ ყველგან და ყოველმხრივ ცხენის ძუის ბადე გააბა: გაინძრევით თუ არა, ამ ბადეში გაიხლართებით, როგორც ბუზი აბლაბუდაში.


თუ კანონს აქ დანაშაული რამ მიუძღვის, მარტო ის დანაშაული, რომ ამისთანა ძალმომრეობას ფულისას იწყნარებს და მჭამელისა და ჭამულის შუა არ ჩასდგება ხოლმე, რომ ერთი მეორეს არ აჩაგვრინოს, ერთი მეორეს არ ათელვინოს. თუ კანონი ბატონისა და ყმის შუა ჩაერია და ერთის ძალმომრეობა და მეორის ყმობა დასთრგუნა და გააქარწყლა და მით ქვეყნის მადლობა სამართლიანად მოიხვეჭა, რატომ აღარ უნდა ამოიღოს თავისი ძლევამოსილი ხმა იქ, საცა ბატონი ფულია და სხვა ყოველი მისი ყურმოჭრილი ყმა. ან მეყმე და ან შიმშილით სული ამოირთვიო, ეს ისეთი შეუწყნარებელი მდგომარეობაა, რომ ამასთან აწ საუკუნოდ განსვენებული ბატონ-ყმობაც-კი მადლად ჩასათვლელია.


რა თქმა უნდა, ამ კანონისაკენ მიმართულს ღაღადებას ჩაგრულისას, ქურდბაცაცა ბურჟუაზია ჩვენ დიდ ცოდვად ჩაგვითვლის ბუკითა და ნაღარითა: პოლიციის მოწვევა რეტროგრადების საქმეაო. აქაურ ბურჟუაზიის სუტ-ლიბერალური ავანჩავანი „Новое Обозрение“ მოგვდგება და წრიპინს დაიწყებს: დახეთ, დახეთ, შემუსრეს დედააზრი ლიბერალობისა, პოლიციას იწვევენო. ჩვენ აქ ისეთი წრიპინ-წივილი არ გვიკვირს: რაკი კუდზე ფეხს დაადგამთ, დაიწივლებს, მა რა ეშმაკია. ჩვენთვის საოცარი მარტო ის წინდაუხედავი კადნიერება და გაბედულობაა, რომელიც კაცს ნებას აძლევს ამისთანა ფეხმოკლე თვალთმაქციობა გაასაღოს, გაანაღდოს ლიბერალობის სახელითა. განა საკვირველია, რომ ამისთანა სუტ-ლიბერალობა ჩვენებურ წვრილფეხობაში მუშტარს პოულობდეს და ჰპოულობს კიდეც? განა ცოტა ბრძენია ქვეყანაზე, რომელსაც ჰგონია, რომ თავია ქუდისათვის გაჩენილი და არა ქუდი თავისათვის?


ჩვენ ამ საგანს, რომელიც შეეხება სახელმწიფო მოქმედებას საეკონომიო ურთიერთობის სარბიელზედ, იქნება სხვა დროს დავუბრუნდეთ და შეძლებისამებრ უფრო ვრცლად მოვილაპარაკოთ. ეხლა-კი დავჯერდეთ ამ გზადაგზად ხსენებულს და ვთქვათ, რომ ასეა თუ ისე, აღვირაშვებულმა ფარფაშობამ ფულისამ ისე გაჰბაწრა და შესთოკა ადამიანი ეხლანდელ დროში, რომ ვისაც უფულობაში მოასწრო, იმის გაფულიანება თითქმის შეუძლებელიღაა პატიოსან შრომითა და გარჯითა, თუ ერთი უეცარი ბედი რამ არ მოევლინა, მაგალითებრ, შადრევანი ნავთისა, ან ყალბი ფული მართალ ფულად არ გაასაღა, ან შამპანურით სავსე ბოთლი ცარიელ ბოთლად არ შემოეპარა საბაჟოს, ან ერთზე ორი სარგებელი არ აიღო გასესხებულ ფულში და სხვა ამისთანა ჟამთა საფერ საქმეში კოჭი ალჩუდ არ დაუჯდა და სინიდისმა არ დააბრკოლა. თუ არ ამ გზებით, დღეს კაცმა, მარტო და უფულომ, გაფულიანებაზე იმედი უნდა გადიწყვიტოს, რადგანაც მეტ ფულიანი ნაკლებ ფულიანს ყველგან სულსა ჰხდის, საცა კი მოასწრობს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ფული ფულთან მიდისო. ჩვენ, ქართველები, უფულონი ვართ და თუ აგრეა, რამღა უნდა გვიშველოს? სადღაა და რაშიღაა ხსნა? ჩვენი დღევანდელი თავში საცემი საკითხი სწორედ ეს არის და სხვა არა-რა. ამას უნდა შევალიოთ ყოველი ჩვენი სულიერი და ხორციელი ღონე და გზა ხსნისა როგორმე გავიგონოთ, გავითვალისწინოთ.


ერთგვარნი სახსარნი იმისთანანი არიან, რომ ჩვენს საკუთარს თაოსნობასა, მხნეობასა და საქმის გაბედულად შეჭიდებაზედ არიან დამოკიდებულნი. უნდა ვეცადოთ, რომ რაც თვითეულ ცალკე კაცისათვის მიუწვდომელია, ის ერთიანის შეკრულ-შებოჭვილ ღონით ვიმოქმედოთ: თვითეულის ცალკე გროში ერთად შევაგროვოთ, ღონე ღონეს შევაკეცოთ, შრომა შრომას მივუყენოთ და ამგზით ბევრნი ერთად შევებნეთ უღელში ცხოვრების ავკარგიანობის საწევლად, რომ ჩვენი ნაოფლი, ჩვენი ნაღვაწი ჩვენვე გვრჩებოდეს, ჩვენვე გვრგებოდეს. ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ჩარჩულ ფულთან, რომელიც ყოველ სხვა ფულზე უფრო უღონოა. ჩარჩული ფული ბუნებითად მხდალია, იმიტომ რომ ქურდბაცაცაა, იქა მკის, საცა არ უთესნია. იგი ქვეყანას ქონს აცლის და სამაგიეროს არას აძლევს, იგი გასამრჯელოს იქ იღებს, საცა არ ირჯება, იგი ჰსუქდება მით, რომ სხვას ამჭლევებს, აჭლექებს, იგი თვითონ ივსება და სხვას აცარიელებს. უფულო კაცი და უფულო ერი მისი საძოვარია, მისი საცხოვრებელია, მაშასადამე, ჩვენის უღონობით არის იგი ძლიერი. ოღონდ ერთობით, ამხანაგობით ჩვენ ღონე მოვიცეთ და ჩარჩული ფული თავისს საკუთარს ბედისწერას გადაჰყვება, თითონ შესჭამს თავისს თავსა, საკუთარის გესლით მოიწამლება, როგორც ქვემძრომი მორიელი.


თუ ჩარჩული ფული (და სხვა ფულს-კი ჩვენში არა ვხედავთ), დღეს ჩვენში ცალკე კაცს თავში სცემს, ბევრს ერთად თავმოყრილს და მაგრად შეკრულს ძნელად თუ გაუძალიანდება, ძნელად თუ გაუსწორებს ომს, რომელს ეკონომიურს სარბიელზედაც გინდა შეხვდეს, იმიტომ რომ ჩარჩული ფული არა ჰქმნის სარჩო-საბადებლს და მარტო სთვლის თამასუქებს და სად ვის რა ასცინცლა. იგი ეკონომიური წარმოებისათვის მკვდარია და, მაშასადამე, მკვდარია იმისთანა მოქმედებისათვის, რომელიც ერთადერთი სამართლიანი და მოუწყვეტელი წყაროა გაღონიერებისა, გამდიდრებისა და თუნდ გაფულიანებისაცა, რაკი დღეს ფულია სიმდიდრედ აღიარებული.


მინამ ჩარჩულს, ქურდბაცაცა ფულს გული თავისით ხისა აქვს და აბჯარი კი, ჟამთა ვითარების წყალობით, რკინისა, მასთან ომი კიდევ შესაძლებელია და საიმედო, იმიტომ რომ ომში გამძლეა მარტო გული რკინისა, თუნდ აბჯარი ხისაც იყოს, და არა პირიქით. მინამ საქმე ასეა, მოცდა და დაგვიანება მომაკვდინებელი ცოდვა იქნება ჩვენის მხრით. თუ ეხლავ არ ვუშველეთ თავს, ჩვენი საქმე წასულია. ამიტომაც ყოველსავე ეკონომიურ სარბიელზე საშრომს, საღვაწს, საწარმოებელს, - ვაჭრობა და აღებ-მიცემობა, კეთება და მოყვანა რისამე, თუ სხვა ამგავრი მექმეობა, - ამხანაგური კრებული უნდა ავუჩინოთ, რაკი ცალ-ცალკე ამისათვის უღონონი ვართ. იმოდენად უნდა ერთად მოვგროვდეთ ღონით თუ ფულით, რამოდენათაც თვითეული ცალკე საქმე რომელისამე წარმოებისა იკმარებს გასამარჯვებლად. თუ დღეს ცოტანი ბევრსა გვძლევენ და გვჩაგვრენ, ეგ იმიტომ მოგვდის, რომ ცალ-ცალკე მოგვიხელებენ ხოლმე და ცალკე კაცისათვის ჭიდილი ფულთან, თუნდ ჩარჩული ფულიც იყოს, ძნელია. აბა ჩარჩს ყველგან, საითაც კი ხელს გაიწვდის, წინ კარგად შეკრული ამხანაგობა, ან სხვა რამე კრებული დავახვედროთ, ერთობით გაღონიერებული, და მაშინ იქნება ღმერთმა ჩვენკენაც მოიხედოს.

Recent Posts

See All
bottom of page