შინაური მიმოხილვა - 1882 ივლისი-აგვისტო
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 9 min read
XVI
რა ქნას ხანდისხან შინაურმა მიმომხილველმა. -კიდევ მიწა და გუთანი.- მიწისა და გუთნის ძალი. - ერის ერობა მარტო მიწისა და გუთანზეა დამოკიდებული. - კაცობრიობის წარმატების მესვეურნი. - შედეგი უმიწოდ ყოფნისა და უგუთნოდ. - ვაჭრობა. - მისი მნიშვნელობა. - მისი ცუდი და კარგი. - ვაჭარი უცხო თესლისა. - რის მოვალეა. -საფრთხილო და საშიში. - ტყუილ- უბრალო გულის ფხანა და ენის ქავილი. - მიწათ-მოქმედების წარმატება. - სამ-გვარი გზა. - ხვნა, მკა და ლეწვა. - ნახული მაგალითები.
ვერაფერი ხელობაა ჩვენში ხელობა შინაურის მიმომხილველისა. თვალები ცქერით უნდა გაიწყალოს კაცმა, რომ ყოველ თვე-და-თვე საგანი რამ იპოვოს საზოგადო მნიშვნელობისა და, მაშასადამე, ლიტერატურის ღირსიცა. ცხოვრება ჩვენი მეტად შინ-შეკეტილია, მეტად მიმალულია თვალთაგან, საერთოდ უჩუმრად მოძრავია, მეტად მდოვრად მიდის, დღე დღესა ჰგავს ჩვენში, თვე თვესა და წელიწადი წელიწადსა. ერთ-სახობა, ერთ-ნაირობა ადამიანისა თვალს ხალისს უფუჭებს ცქერისას, დაკვირვებისას და ზედამხედველობისას. რა ქნას ამ ყოფაში და ამისთანა ქვეყანაში მოარულმა შინაურმა მიმომხილველმა? ამ არარაობის ხუნდი კისრად იღოს და დადუმდეს, თუ მაინც-და-მაინც იმისთანა საქმეზედ მიაქციოს მკითხველის თვალი, რომელიც, თუ ბევრით არა, ცოტათი მაინც ღირსია ყურადღებისა? ჩვენ ამ-ჟამად უკანასკნელი ვირჩიეთ და თუ ჩვენი არჩეული არავის მოეწონოს, ნუ გვიკიჟინებს.
კიდევ ვიტყვით, რომ ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე, მიწა და გუთანია. რომელს ერსაც ეს ორი საგანი ხელთ შერჩენია, იმას თავი იმოდენად კიდევ შეუნახავს, რომ შეუძლიან თავმოწონებით სთქვას: მე ერი ვარ და მკვიდრი ბინა მაქვს სადღეისოდაც და სამერმისოდაც. სხვა ყოველივე ფუჭია და წარმავალი, ვერც ერის ვინაობას დაედება საძირკვლად, და ვერც ერთი ჯიშის, ერთის სისხლისა და ხორცის ადამიანთ თავს ერთად მოუყრის და ვერც ერად შეჰქმნის. საქმე მიწაა და გუთანი. აბა მიიხედ-მოიხედეთ და ნახავთ, რომ მთელი განათლებული ევროპა, მთელნი დიდებულნი მესვეურნი კაცობრიობის წარმატებისა — იღვწიან, სისხლსა ღვრიან, რომ მიწა, ეგ მუქთი, ბუნებისაგან მონიჭებული კუთვნილება ყოველის ადამიანისა, შეძლებისამებრ - თანასწორად მორიგებულ ჰქონდეს ყოველს მკვიდრს მცხოვრებსა. რომელმა ერმაც ეს ვერ მოახერხა, ამ ყუაზედ გასულს ტკივილს ყოველის საზოგადოებისას წამალი ვერ დასდვა, - მიწასთან გასწორდა, გაქარწყლდა და მტვრად აიგავა. დიდს ისრაილს, დიდს საბერძნეთს, დიდს რომს ამითი მოეღო ბოლო.
ვაჭრობაც, რასაკვირველია, საჭიროა ერის ცხოვრებისათვის, იმოდენად, რამოდენადაც იგი ეზიდება საქონელს იქიდამ, საცა მეტია, იქ - საცა უჭირთ და ამ გზით შველის სიმდიდრის მოფენას და მორიგებას ყოველგან. ხოლო ვაჭრობა, წესიერადაც გაწყობილი, ამის მეტს სამსახურს ვერ გაუწევს ადამიანსა, და ბუნებითად იმისთანა რამ არის, რომ ერთს ბინაზედ არ აყენებს კაცს; საცა გამორჩომაა და ხეირი, იქ არის იმისი მამული, იმისი მიწა-წყალი. ამიტომაც ერი, მარტო ვაჭრობაზედ მიქცეული, დარღვეულია, გაქსუებული, გაფანტული. ამისთანანი არიან ებრაელნი და სხვანი, მარტო ვაჭრობაზედ დანდობილნი და მიჩემებულნი. ამისთანა ერს აუცილებელ ბედად ის უწერია, რომ სხვის კედლად უნდა იყოს, სხვა ერს შეეხიზნოს, სხვისით იცხოვროს. ამიტომაც საპოლიტიკო მოქმედებისათვის იგი ღონე-მოკლებულია, ერად ყოფნობისათვის ნიადაგი არა აქვს და ხელცარიელია, თუნდაც ჯიბეები ოქროებით ჰქონდეს გატენილი. ამისთანა ერის ეკონომიური ყოფა-ცხოვრებაც იმ ერზედ არის დამოკიდებული, რომელსაც შეჰკედლებია და რომელსაც ხელთ უპყრია მიწა და გუთანი, იმიტომ - რომ ვაჭრობა არა ჰქმნის სიმდიდრესა; მას მარტო ერთის ადგილიდამ მოჭარბებული სიმდიდრე გადააქვს მეორე ადგილას, საცა ნაკლებია, და ამ გადატან-გადმოტანაში თავის გასამრჯელოდ დოიაქს იღებს იქიდამაც - საიდამაც გადააქვს და იქიდამაც - საცა მიაქვს. ამ სახით, ვაჭრობა არც ერის სიმდიდრის გაძლიერებაში არის თვითმომქმედი მონაწილე,მაშასადამე, იგი, როგორც საპოლიტიკო, ისეც საეკონომიო საქმეებში, მუდამ სხვის მაყურებელია, სხვის პირში მაცქერალი, და ნამდვილ განათლებულ ვაჭარს ყოველთვის წინ გამოსახული ისა აქვს, რომ მისი კეთილდღეობა იმ ერის ბედთან არის შეხორცებული, რომელსაც შეჰხიზნებია. ამიტომაც იგი არ ერიდება და თავისად მიაჩნია იმ ერის ჭირიცა და ლხინიცა. საცა ამ დონეზე ვაჭარი არ დამდგარა, საცა გულში ჩაუდვია მარტო თავისი გამდიდრება იმ გზით, რომ ერი გააღარიბოს, იქ ვაჭარი თვალში ეკლად უჩანთ. უცხო თესლის ვაჭარი სტუმარია მკვიდრის ერისა, სტუმარმა მასპინძელს არასოდეს არ უნდა გაუბედოს, აქაურობის პატრონობა მე მინდაო. შეიძლება სტუმარი ძმად მიითვისოს კაცმა, მაგრამ მის ბატონად გახდომას-კი მოკვდება და არ იკადრებს.
ადამიანსა ცალკედ და ერს საერთოდ, რაც უნდა უკან დაწეული იყოს, ვიდრე პირში სული უდგას, ჯიგართან იმისთანა ძაფები აქვს სხვათა შორის, რომელთ ხელის ხლებაც მეტად საფრთხილოა და საშიშარი. შინაურია, თუ გარეული, უნდა ერიდოს მაგ ძაფების წარამარად ხელის ხლებას. ამისთანა რჩევას ამაო დიდგულობა კი არ იძლევა, არამედ ძმური გრძნობა და სიყვარული. ყველამ იქაური ქუდი უნდა დაიხუროს, საცა შეეხიზნება, იქაური ჭირი და ლხინი გაიზიაროს, იქაურებთან ერთად ჩაებას ცხოვრების მძიმე უღელში და საერთო კეთილისათვის იღვაწოს. სხვა გზა, სხვა ფარ-ხმალი ტყუილ-უბრალო გულის ფხანაა და მცონარე ენის ქავილია. სხვა რაღაცაების მოიმედე - ტყუილად ატყუებს თავის-თავსაც და სხვასაცა. მის იმედებს დიდი მანძილი არა აქვს და არც თავის-დღეში ექნება.
ისტორია მარტო იმ ერს ეკითხება, რომელსაც მიწაზედ ფეხი უდგას და ხელი გუთანს უვლია. თავდაპირველი შემომქმედი ეროვნობისა და ერის სიმდიდრისა მარტო გუთანი და მიწა ყოფილა და იქნება კიდეც. რადგანაც ისტორიას და ჩვენთა მამა-პაპათა მხნეობას და თავგანწირვას ეს ორი ძვირფასი განძი ჩვენთვის შეურჩენია, რადგანაც საპოლიტიკო და საეკონომიო ყოფა-ცხოვრება ამ ორის საგნით სულდგმულობს, ამიტომაც ყოველი წარმატება, ყოველი წინ წადგმული ბიჯი ამ ორ საგნის მიმართ, ჩვენთვის დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოს.
მიწისა და გუთნის შესახები წარმატება სამის სხვადასხვა გზით შესაძლებელია. ერთი იმ გზით, როცა მეცადინეობა მიქცეულია მასზედ, რომ მიწა იმოდენად შეკეთდეს, რომ რაც შეიძლება დიდი გამოსავალი მისცეს მშრომელსა. მეორე იმ გზით, რომ თუმცა მიწის გამოსავალი იმავე ზომით იყოს, მხოლოდ მისის შემუშავების ხარჯი - რაც შეიძლება - შემოკლდეს. მესამე იმ გზით, რომ ეს ორივე ღონე ერთად მიქცეული იყოს მიწის სამოქმედოდ. ყველაზედ სრული მიწათ-მოქმედება ამ უკანასკნელ გზაზედ დგას. ამისი მაგალითი ბელგიაა, ინგლისი და ამერიკის ჩრდილოეთის შტატები. ჩვენში პირველის გზით ჯერ არავინ დაიარება, მხოლოდ მეორე გზაზედ კი ზოგიერთი მემამულე ამ მოკლე ხანში დადგა, და მესამე გზისა-კი ჯერ სრულებით ვიწრო ბილიკიც არ არის გატარებული.
ჩვენ დღეს გვინდა ამ მეორე გზაზედ დამდგარს მიწათ-მომქმედებს თვალი ავადევნოთ და ამისათვის სახეში გვაქვს იმისთანა მაგალითები, რომელნიც ჩვენის საკუთარის თვალით ნახულია ერთს მამულში ქალაქის ახლო. დიდი ხარჯი საკუთრივ მიწათ-მოქმედებისა სამ- გვარია: ერთი ხვნისა, მეორე მკისა და მესამე ლეწვისა. ჯერ ვიანგარიშოთ, ყოველივე ეს რა უჯდება მიწის-მომქმედს. თუ მამა-პაპურ წესზედ წავიდა საქმე, იმ მამულში, საცა ჩვენ ამ საგნისათვის თვალი გვიდევნებია, ერთს დღიურს მიწის მოხვნას, ესე იგი 1200 ოთხ-კუთხე საჟენს, უნდება არა ნაკლებ რვა უღელი ხარ-კამბეჩი. ესეც მაშინ, როცა ხარ-კამბეჩი კარგს ჯანზეა, თუ არა და ათი უღელი უნდა. ამას სჭირდება ერთი გუთნის-დედა და ოთხიდამ ხუთ კაცამდე მეხრე.
ახლა იფიქრეთ, რამოდენა ხარჯის შემოკლება იქნება, რომ ერთი დღიური მიწა მოიხსნას ორისა და სამის უღლით, რომელსაც ბევრი-ბევრი ერთი გუთნის-დედა მოუნდეს და ერთი თუ ორი მეხრე. ერთი ხუთად ხარჯი შემოკლებული იქნება საქონელზედ და ერთი სამად მაინც კაცზედ. რომ ეს ასე მოხდეს, რასაკვირველია, სხვა-გვარი გუთანი უნდა შემოღებულ იქმნას, იმისთანა გუთანი, რომელმაც ჩვენის მიწის შესაფერი სამსახური გაგვიწიოს, არც ძალიან ძვირი იყოს და არც ისეთი რთული, რომ გატეხის და მოშლის შემდეგ ძნელად გაკეთდეს და გაიმართოს. ამისთანა გუთანი ანგლო-ბოლგარული გუთანია, გოვარდისა, No 2, ღირს ქალაქში 52 მანეთად და იყიდება არწრუნის ქარვასლაში. ეს გუთანი ვნახეთ ზემოხსენებულ მამულში მუშაობის დროს. გუთნის-დედა ქართველი უბრალო გლეხი-კაცი იყო. ამან, რა წამსაც დახედა გუთანს, მაშინვე მიხვდა რა ნაჭერი გუთნისა რას მოასწავებდა. აი ეს, ბატონო, დასაველებელი უნდა იყოსო, აი ეს უსათუოდ ღრმად დასაშვები იქნებაო, აი ეს ბელტის კარგად გადაბრუნებისათვისაო და სხვა ამ-გვარი. სწორედ ისეც გამოდგა. შეაბეს ჯერ ორი უღელი კამბეჩი და მოუკიდეს გუთანი ძალიან დაგოლვილს მიწას, ქვითკირსავით მაგარს, მაგრამ არა ქვიანს და უძეძვჯაგოს. ორმა უღელმა ადვილად დასძრა მოკიდებული გუთანი. მაგრამ თითონ გუთანი როგორღაც აქეთ-იქით აწყდებოდა და ღრმად არ მოეკიდა. გუთნის-დედამ
იმედი არ დაჰკარგა და სთქვა: ამასაც წამალი ექნებაო. შეაყენა გუთანი, ბარი ძირს დაუშვა, საკვეთი შესაფერად მოუწყო და თავში ერთის მხრიდამ სოლი მისცა საკვეთს. გუთანი ღრმად მოეკიდა, სწორედ დადგა, აღარ მიაწყდა აქეთ-იქით, მაგრამ ორს უღელს კამბეჩს დაუმძიმდა გუთნის ტარება. ერთი უღელი ხარი კიდევ ჩაუბეს, გუთანი დიდის შეღავათით წავიდა, საქონელი სულ მსუბუქად ეწეოდა. მაგრამ გუთნის-დედამ შენიშნა, რომ ვიწრო ბელტსა სჭრის და კარგად ვერ აბრუნებს. პირველისათვის წინადამ დაუველა და მეორისათვის უკან, საცა ხელის მოსაჭიდი სახელურები აქვს, იქ გაყრილ რკინას მოუშვა, სახელურები ერთმანეთზედ განზედ დადგნენ, ფრთა უფრო ხერხიანად გაიმართა და გუთანმა ისე მშვენივრად ხვნა დაიწყო, რომ უკეთესი ძნელად თუ იქნება. ერთის სიტყვით, გუთანი გამოდგა. მემამულემ ღმერთს მადლობა შესწირა, რომ რვა და ათ უღლიანს გუთანს გადურჩა. ორიოდე უცხო გლეხიც იყო გასასინჯავად და იმათაც ძალიან მოიწონეს გუთანი. მხოლოდ სთქვეს, ჩვენებურად ღრმად ვერა ხნავსო. ჩვენის ფიქრით, ეგ გუთანი ჩვენში ყველგან გამოდგება; არ ვიცით, ქვიანში რასა იქს, თორემ წმინდა მიწაში კი ძალიან კარგი ყოფილა, რაც უნდა ყამირი მიწა იყოს. სიღრმით ჩვენებურ გუთანზედ იქნება ცოტა ნაკლებ ხნავდეს. გამარჯვებით გახარებულმა მებატონემ განიზრახა ორის კიდევ ამისთანა გუთნის სყიდვა.
ამავე მემამულეს მოეტანინებია სამკალი მაშინა ოც-და-ხუთმეტ თუმნად. მაშინა ბუკეის სისტემისაა. წელს იმითი დამკო თავისი ყანები და სხვასაც უმკო. ჯერ გლეხებმა შორს დაიჭირეს მაშინით მკა, ეგ ყანას როგორ მომკისო. მერე, როცა მემამულემ თავის ყანებს მკა დაუწყო, მთელი სოფელი, კაცი თუ ქალი, ზედ დაედო საყურებლად. ჩვენის თვალით ვნახეთ ეს სამკალი მაშინა მუშაობაში. მკის მშვენივრად, დაბლა თუ მაღლა ოთხ ვერშოკამდე, როგორც გნებავთ; ერთს თავთავს არ გაუშვებს მოუმკალს, ისე ჰპარსავს, როგორც სამართებელი. მაშინას ატარებს ორი უღელი ხარი და ორი უღელიც მარქაფადა ჰყვანდა მემამულეს საცვლელად. ცხენებით სცადა ჯერ, მაგრამ ცხენები ვერ მოიხმარეს მოჯამაგირეებმა, მით უფრო, რომ ცხენები ფრთხებოდნენ მაშინის ხმაზედ და ფოცხების ტრიალის გამო. მემამულეს იმედი აქვს, რომ სამერმისოდ ცხენებს მოამზადებს. მაშინამ, როგორც მოგახსენეთ, მშვენივრად მომკო კაი მოზრდილი ხოდაბუნი ოც-და-ერთის დღისა და ნახევრისა ორ-დღე-ნახევარში. მკის გარდა, ხელეურებს, თუ მთელს ძნას, როგორც გნებავთ, მაშინა ისე ფრთხილად და კარგად აწყობს, რომ კაცი ხელით ვერ დააწყობს. ერთის სიტყვით, სამკალად უკეთესი არა უნდა-რა, რაც ის მაშინა არის. იმისი წუნი ის არის, რომ პირველი — მძიმეა, მეორე — გამოვლაში ხელეურებს, თუ აკრეფილი არ არის, მაშინის თვალი და საქონლის ფეხი ხვდება. ეს ასე არ იქნებოდა, თუ რომ ხარის მაგიერად ცხენები ბმულიყო. იმიტომ რომ ცხენი ვიწროდ იბმის, ვიდრე ხარი და, მაშასადამე, ფეხს ვერ მოახვედრებს მომკილს ხელეურსა. გარდა ამისა, ცხენი ხარზედ უფრო ადვილი მოსახმარებელია და ამის გამო სამკალს მთელს სვეს გაატანინებს კაცი და მაშინ მაშინისათვის იმოდენა გზა დარჩებოდა, რომ მაშინის თვალი არ მიეკარებოდა ხელეურს. ათი-თორმეტი ძალიან მარჯვე ბიჭი უნდა, რომ ამ მაშინას ძნა შეუკრას, ისიც თუ ულო წინათვე მომზადებული აქვს. ხარით დღეში მკის შვიდ დღიურიდამ რვა დღიურამდე. ცხენით, რასაკვირველია, მეტს მომკის.
რაკი გლეხებმა ნახეს მაშინა, მოაწყდნენ მემამულეს ხვეწნით, არა მე მომიმკე, არა მეო. დღიურზედ მუშები ხუთს და ათს შაურიდამ ექვს მანეთამდე იღებდნენ მომკაში იმ არემარეში. მემამულემ სამსა და ათს შაურზედ დაუწყო მაშინით მკა და გლეხებს ძალიან გაუხარდათ. პირველი - რომ ორ მანეთად ნაკლებ უმკიდა, მეორე - რომ მუშის ჭამა-სმა თითქმის ერთი-სამად ნაკლებ უჯდებოდათ, იმიტომ რომ თურთმეტის, თუ თორმეტის კაცით ერთს დღეს უმკიდა შვიდს დღიურს, მაშინ როდესაც მაგოდენა ყანას ოც-და-რვა კაციდამ ოც- და-ხუთმეტ კაცამდე ხელით მომკალი მოუნდებოდა. თუ გლეხები იმდურებოდნენ რასმე,მარტო იმაზედ, რომ მეძნეურები კარგად ვერა ჰკვრენ ძნასაო, ცუდ-უბრალოდ ჰფანტვენო. სამერმისოდ მემამულის რჩევით, პირობა დასდეს, რომ ოღონდ მაშინით გვიმკეთო და ძნის შესაკვრელად ნაცვალ-გარდობას გავაჩენთ ერთმანეთშიაო. მემამულის ანგარიშით, მაშინ დღიური შეიძლება მანეთ-ნახევრად, ანუ სულ ბევრი-ბევრი ორ მანეთად მოიმკოსო, ყანის პატრონს კი დღიურზედ ერთი კაცი და ერთის კაცის ხარჯი შეხვდება ნაცვალ-გარდობაშიო. მაშინ რაც თითონ მომკო იმ არემარეში და ახლო-მახლო სოფლებში, ხომ მომკო, და რაც არა, - კრო მუშას, იმ სოფლებში მოდებულს და მამა-სისხლად სამკალად ყანების ამღებს, ისე გაუხადა საქმე, რომ ხუთ და ექვს მანეთამდე ასული დღიურის მომკა სამს მანეთად ჩამოახტუნა. ბევრი წყევლა და ქოლვა შემოუთვალეს იმ წურბელა კროებმა მაშინის მომგონსა.
რასაკვირველია, სამკალი მაშინა სწორე მიწის ყანას კარგად მკის, მაგრამ არც გვერდზედ მკის ნაკლებ, ოღონდ მსხვილი ლოდი ქვა არ იყოს და ჯაგი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სამკალი მაშინა უქმია. არა გვგონია, რომ წაქცეული ყანაც მომკოს. მაინც-და-მაინც ღირს, რომ კაცმა ეს მაშინა იქონიოს. უსათუოდ ერთი-სამად იაფად დაისვამს მკასა, გარდა ამისა ჩქარა მომკავს კაცი და მუშის უშოვარობაზე აღარ დაღონდება და შეწუხდება. ამბობენ: ვთქვათ, ვიქონიოთ მაგისთანა მაშინაო, რომ გატყდეს და მოიშალოს, რა ვუყოთო. მოშლით არა უშავს-რა, იმიტომ რომ მაშინას პატარა გულის-ყური რომ აადევნოს კაცმა, მალე მიხვდება, სად რის ხელის შეწყობა უნდა და მალე გამართავს. საქმე გატეხაა. ამ ბუკეის სისტემის მაშინაზედ უნდა ვსთქვათ, რომ მეტად მკვიდრია, ნამეტნავად ის ნაჭრები მაშინისა, რომელნიც ძვირია და ძნელად საკეთები. თუ უფუჭდება რამე მაშინას, წვრილმანი რამ უფუჭდება, და ეგ წვრილმანი რომ კაცმა წინდაწინვე ოდესიდამ დაიბაროს და მზადა ჰქონდეს გატეხილის და წამხდარის გამოსაცვლელად, ადვილი საქმეც არის და არც ბევრი რამ დაჯდება. ყოველს ნაჭერს თავისი ნომერი აქვს. ვისგანაც მაშინას იყიდით, იმას რომ მისწეროთ ამა და ამ ნომრის ნაჭრები გამომიგზავნეო, შვიდ-რვა დღეზედ მოგივათ. რასაკვირველია, ეს თადარიგი წინათვე უნდა დაიჭიროს მემამულემ, მინამ მკა და მუშაობა დაიწყება, თორემ მერე გვიანღა იქნება. გარდა ამისა, ეხლა ქალაქში ყველაფერს აკეთებენ, თუმცა კი ასე ძვირად, რომ ისევ ადგილიდამ დაბერება სჯობია. ყველგან, ვისაც მაგ-გვარი მაშინა აქვს, ისე იქცევიან, რომ დადგება იანვარი თუ არა, გასინჯვენ მაშინასა და, რაც აკლია, ნომრებით აღნუსხავენ და იბარებენ — ერთისას ორ-ორ და სამ-სამ ნიმუშს ყოველ შემთხვევისათვის.
ერთის სიტყვით, სამკალი მაშინაც გამოდგა. თუმცა ზემოხსენებულ მემამულეს გამოუცდელობით საქმე ისე ვერ მოეწყო, როგორც რიგია, და თუმცა მაშინას მაშინისტიც ააყოლა, - მემამულე ეხლა გულდაჯერებულია, რომ სამერმისოდ გამოუცდელობას ადგილი აღარ ექნება და სამკალი მაშინა თავის დანიშნულებას უნაკლულოდ აასრულებს. ეს იმედი ამ მაშინის წყალობით ისე ძლიერად ჩაესახა გულში, რომ საკულავოდ აპირობს ორისა თუ სამის მაშინის დაბარებას სხვადასხვა სისტემისას. მეც ჩემს ხარჯს გამოვალო, ამბობს, და ხალხსაც, რამოდენადაც შესაძლო იქნება, გავუიაფებო მკასა, ამ ცხარე და გასაჭირს მუშაობას, რომელსაც მიწათ-მომქმედის ჯიბიდამ კაი მოზრდილი და საგრძნობელი ლუკმა მიაქვსო და რომელსაც ზოგჯერ მუშასაც ვერ უშოვის ხოლმე თავის დროზედ.
ერთი უდიდესი ხარჯი, ძლიერი ჯაფა საქონლისა და კაცისათვის ჩვენში, ლეწვაა. ზემოხსენებულმა მებატონემ გვითხრა, ყველაფერი ვიანგარიშეო დაწვრილებით ევროპიულადაო და გამოდისო, რომ მებატონეს თითო კოდის გალეწვა უჯდება ერთი მანეთი და ოცდა-რვა კაპეიკი; გლეხსა - ოთხ აბაზ-უზალთუნი და რვა კაპეიკიო; დროს დაკარგვას, საქონლისა და კაცის დაუძლურებას კი აღარ ვანგარიშობო. გლეხს იმიტომ უჯდება მებატონეზედ იეფადაო, რომ თავის საქმეს თითონ დასტრიალებს ფეხმოუცვლელადაო და მებატონე კი მოჯამაგირის ანაბარად არისო უფრო ხშირად. ეხლა იმ ზემოხსენებულს მემამულეს დაუბარებია სალეწი მაშინა, ას-ორმოცდა-ათ თუმნამდე უჯდება. ამასთანავე,ადგილიდამვე მემაშინეც მოუწვევია და დღე-დღეზედ მოელის ერთსაც და მეორესაც. მაშინა ლეწს თურმე ათის საათის განმავლობაში 450 ათეულს, ანიავებს პურს, აცხავებს, არკვევს, ტომრებში აწყობს და ტომრები კიდევ თითონვე გადააქვს ახლო მიტანილს ურემზედ. უნდება თურმე რვა ცხენი და თექვსმეტი მარჯვე მუშა. მაშინა ისეა თურმე მოწყობილი, რომ საცა გნებავთ იქ წაიღებთ ხარებით თუ ცხენებით და ალეწვინებთ. ერთი დიდი წუნი მაშინისა ის არის, რომ ბზეს არ აკეთებს. მემაშინე, რომელიც ეხლა მემამულესა ჰყავს, იმედოვნებს, რომ ბზის საკეთებელიც გაუკეთდებაო, მხოლოდ იმის შიში აქვს, რომ ვაი თუ რვა ცხენმა ვეღარ ამუშავოსო და მეტი მოუნდესო. გლეხები იძახიან, კარგი იქნებოდა, რომ ბზეც ეკეთებინაო, მაგრამ უმაგისობასაც შევიფერებთო, ოღონდ ისე მალე ლეწოს, როგორც ამბობენო, პური განიავებული და გარკვეული გამოიყვანოს და ნამჯას არ გადააყოლოსო. ნამჯას საბზევედ ჩვენ თითონ გავლეწავთო. ამ შემთხვევაში, რაკი კალოზედ შეგვა, განიავება, გაცხავება საჭირო აღარ იქნებაო, და მარტო საბზევედ გალეწვაზედ მიდგება საქმე, ადვილად გავუძღვებითო. გლეხებმა სთქვეს, რომ ათის-თავს სიხარულით მივცემთო, თუ მართლა მაშინა ეგეთი გამოდგებაო. ამ სახით, იმ მებატონის ანგარიშით, კოდი პურის გალეწვა სამ შაურად დაუჯდება გლეხსაო. თუ ყოველივე ეს გამართლდა, დიდი შეღავათია; სად თითქმის მანეთი და სად სამი შაური? მთელს იმ არემარეს, საცა ის მემამულეა, ოთხ-ხუთ თვეზედ გაულეწს მოსავალსა, იმიტომ - რომ მაშინა ზამთარ-ზაფხულს თურმე დაუყონებლივ მუშაობს. სოფლები გარშემო ახლო აქვს, მაშინის გადატან-გადმოტანაში ბევრი დრო არ მოუნდება. წელს კი რაღა იქნებაო, ამბობს მემამულე, და სამერმისოდ მაშინას ერთს შუაგულს ადგილას დავდგამო, რომ ვისაც უნდა, როგორც წისქვილში საფქვავი, ისე ძნა მოიტანოსო, იქავ გავულეწ და ჩავაბარებო. თუ მართლა ათის საათის განმავლობაში ოთხას-ორმოც-და-ათს ათეულს ლეწავსო, ამბობს მემამულე, მაშინ იმედი მაქვს, უფრო იეფად დავუწყო ლეწვაო.
ღმერთმა ქნას, ეს გზა მიწათ-მოქმედობის წარმატებისა კარგად გაიჭრას და კარგად გაიკვალოს. გლეხები ამბობენ, რომ მკა და ლეწვა რომ ეგრე გაადვილდეს, დიდძალი ხალხი ხელს მოჰკიდებს ხვნასაო, და ვინც აქამომდე ერთს დღიურს ხნავდაო, ის ერთი-ორად, ერთი- სამად მოხნავსო, რადგანაც ამ წყეულ კალოს და მკასა იმოდენა ხარჯსა და დროს აღარ მოანდომებსო. მართალია, მიწები დაძვირდებაო, მაგრამ ეგეთი გაადვილებული მკა და ლეწვა მიწის სიძვირეს ადვილად აგვატანინებსო. ერთი-ორად რომ მეტი მიწა შემუშავდეს მაინც ჩვენს ქვეყანაში პურისა და სხვა ამ-გვარის მოსაყვანად, მაშინ ჩვენი ქვეყანა არამც თუ პურს და ქერს სხვიდამ მოიტანს, არამედ თითონ უწილადებს სხვასაცა.