top of page

შავი-ქვის მრეწველობის მიმდინარე საქმეებზე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 8, 2024
  • 3 min read

ტფილისი, 15 ოქტომბერი, 1886 წელი.


მივაქცევთ ჩვენის მკითხველების ყურადღებას ერთს მოწერილს ამბავზე, რომელსაც დღეს ჩვენ ფელეტონად ვბეჭდავთ. წერილის ავტორი მოგვითხრობს ერთს საყურადღებო და თან სამწუხარო ამბავს, რომელიც არა სანუგეშო, მაგრამ ნამდვილი სურათია ჩვენის ცხოვრებისა. თუმცა ის ამბავი, რომელსაც ავტორი მოგვითხრობს, მარტო ერთს მაზრას შეეხება, სახელდობრ, შორაპნის მაზრას, სადაც შავი-ქვის მადნებია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს ამბავი ჩვენს სატკივარს არ შეადგენდეს. შავი-ქვის წარმოების საქმეს იგივე ემართება, რაც ყველა ჩვენს საზოგადო საქმეს. ჩვენი უმთავრესი უბედურება საზოგადოდ ის არის, რომ ნამდვილის საქმიანობის უნარი არა გვაქვს. ვერც ერთს საქმეს ბოლოს ვერ გავატანთ ხოლმე. ჩვენ მხოლოდ ლაპარაკი გვიყვარს, სიტყვით ოქროს კოშკებს დავსდგამთ, მთებს შევსძრავთ, და თუკი საქმე საქმეზე მიდგა, მაშინვე ყველა უკან ვსდგებით, ცალკ-ცალკე ვიფანტებით, შორიდამ გულგრილად ვუცქერით საქმესა და თან კიდეც ვკვირობთ, რატომ ჩვენში არაფერი საქმე არა ხერხდებაო. ვიმეორებთ, ყვირილით კი ბევრსა ვყვირით და ძალიან ხმამაღლაცა, ყველას ვარწმუნებთ, რომ გულწრფელად გვსურს რაიმე საქმის გაკეთება და საქმით კი ხელსაც არა ვძრავთ. პირველ დაწყებაში ბევრი ჰაი-ჰუი ვიცით, ვცხარობთ, ვყვირით,ვჩხუბობთ, და მინამდე საქმემდის მივალთ, ჩალასავით აპილპილებული ჩალასავით ჩავქრებით ხოლმე.


რა არის ამის მიზეზი? შური, მტრობა, ცრუ თავმოყვარეობა, წვრილმანობა, აი რა არის ამის უმთავრესი მიზეზი, აი რა მიუძღვის წინ ყოველ ჩვენს საზოგადო საქმეს, აი რა გვიშლის ხელს ყველგან და ყოველისფრის საქმეში. ყველგან, საზოგადო საქმეში თუ ცხოვრებაში, კაცის ღირსებას ფასს არა ვდებთ, კაცის ღვაწლს პატივს არა ვსცემთ, არავის ვენდობით, გულწრფელობას არაფერში ვიჩენთ. ყოველთვის ვცდილობთ მეზობელს რითიმე ვუმტროთ, გაჭირება მივაყენოთ, ლუკმა პირიდამ გამოვგლიჯოთ და თუ შეიძლება სრულიად დავამხოთ, გავაღატაკოთ, მიწასთან გავასწოროთ. მეზობლის უბედურება ჩვენ კიდეც გვახარებს. რასაკვირველია, ეს ჩვენ ჩვენის უმეცრებისაგან მოგვდის: ჩვენ არ გვესმის ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენი საკუთარი კეთილდღეობა ჩვენის მეზობლის კეთილდღეობაზეა დამყარებული; რომ მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება, ვერ აშენდება. დიდი ხანია დავიწყებული და განკიცხულია ის მოძღვრება, რომელიც საქვეყნოდ გაიძახოდა: „Homo homini lupus“, კაცი კაცისათვის მგელიაო... ამ მოძღვრებამ საზოგადოებას სიკეთე და ბედნიერება ვერ შესძინა. დღეს, პირიქით, სულ სხვა ქვაკუთხედს უდებენ ადამიანის ცხოვრების აგებულებას: ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთო.


ყველა ეს აზრად მოგვივიდა თავში, როცა ზემოთმოხსენებული მოწერილი ამბავი წავიკითხეთ, და საჭიროდ დავინახეთ ორიოდე სიტყვა გვეთქვა საზოგადოდ ჩვენის

მკითხველების და განსაკუთრებით შავი-ქვის მწარმოებლების საყურადღებოდ. ბუნებას სიმდიდრე მოუცია, რაღა გინდათ? აიღეთ და ისარგებლეთ, მოიხმარეთ ღვთისაგან მოცემული სიკეთე! ჯერ საქმე ისე მოაწყეთ, რომ ეს წყარო სიმდიდრისა, რაც შეიძლება მეტს ხალხს გასწვდეს, მეტს ხალხს მიედინოს. არ იცით, საქმეს როგორ მოუაროთ? ცოდნა არა გაქვთ? მოიწვიეთ საქმის მცოდნე კაცები, ისინი გიჩვენებენ გზას. არა გაქვთ ფული? ოღონდ საქმეს გულით და გულდადებით მოეკიდენით, აჩვენეთ ქვეყანას, რომ საქმის ერთგულება შეგიძლიანთ და ფულს არავინ დაგიჭერთ. დიახ, ჩვენ დაურიგებლადაც, შესდგომიან საქმეს შავი-ქვის მწარმოებელნი, მაგრამ თავისებურად კი, ე. ი. ჩვენებურად დაუწყიათ საქმე. ყველას მარტო იმის მადა გაჰღვიძებია, სხვას დავაკლო და მარტო ამ გზით მე შევიმატოო, ყველა სცდილობს, რაც შეიძლება დიდი ნაჭერი თითონ მოითალოს, დიდი ლუკმა ხელთ იგდოს და სხვა ცარიელზედ დასვას, გამოსწიროს, გზა დაუხლართოს მეზობელს, არავის მიუდგეს და თავისთვის მარტოდ იმუშაოს. ერთის სიტყვით, შურს, მტრობას, წვრილმანობას, შავი-ქვის საქმე დღეს იქამდე მიუყვანია, რომ ლამის შავმა-ქვამ მართლა „შავი-ქვა და ნაცარ-ცხელი“-ღა მოუტანოს თვით მწარმოებელსაც, მადნის პატრონსაც და მუშასაცა, ლამის ეს ღვთისაგან მონიჭებული სიმდიდრე და სიკეთე ჭირად და უბედურობად გადაექცეს ჩვენის საკუთარის ავზნეობითა და ავგულობითა. რასაკვირველია, ამას ყველაზედ ვერ ვიტყვით, მაგრამ თითო- ოროლა კაცი მრავალთა შორის ზღვაში დაცემული წვეთია, თუნდ ეგეც არ იყოს, განა თითონ ამ ორიოდე კაცს კი ავზნეობა მრავალთა არ უშხამავს და არ უწამლავს ყოველს წუთს ცხოვრებისას?! განა ხელს არ უცრის და არ აბრკოლებს?! განა ავზნეობასთან აუცილებელი ბრძოლა არ აკარგვინებს ამ ორიოდე კაცსა დროს, რომელიც უამისოდ მთლად მოჰხმარებოდა თვითონ საქმესა და საქმე ამით მოიგებდა და წარიმატებდა საყოველთაო საკეთილოდ!... უფულობას რომ უჩივიან, განა ფული ამ ავზნეობას არ უფრთხის? ამ ყოვლად სახეირო და სასარგებლო საქმეს ფული განა არ მოედინებოდა, თუ რომ ავზნეობის შიში და რიდი არ ჰქონიყო?... ფული იმისთანა ბუნებისაა, რომ თვითონ თავისთავად მიიზიდება ხოლმე ამისთანა გამოსარჩენ საქმისაკენ, თუკი დაიმედებული იქნება, რომ პატიოსან კაცის ხელში ჩავარდება, საქმეს მოხმარდება და არა სიხარბეს და ანგარობას ავზნეობისას.

Recent Posts

See All
ნავთის საქმე კავკასიაში

ტფილისი, 17 იანვარი, 1887 წელი. I „რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა”, — სწორედ ჩვენს ამიერკავკასიაზედ ითქმის. აქეთ-იქით...

 
 
bottom of page