top of page

ნავთის საქმის მომავალი კავკასიაში

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 4 min read

ტფილისი, 14 ოქტომბერი, 1889 წელი.


კარგი ხანია ხმა იყო დავარდნილი, თუმცა კანტიკუნტად-კი აქა-იქ, ვითომც ბაქოში ნავთი თავდება და ნავთის წყაროებს დასასრული უჩანსო. ეს ხმა ზოგჯერ აქაურ ჟურნალ-გაზეთებშიაც შემოპარულა, ზოგიერთი მალე დამჯდარი კაცი ამის გამო დამფრთხალა და გამოსცლია ნავთის საქმეს, რომელიც თავის-თავად დიდად სახეირო და გამოსარჩენია ფულის პატრონისათვის. ამ ზაფხულს ამ ხმამ ხელახლად აიდგა ფეხი და მთელს ევროპას მოედო. ინგლისურმა გაზეთებმა „Standart“-მა და „Morning Post“-მა თიბითვეში და მარიამობისთვეში მოჰფინეს მთელს ინგლისსა და ევროპას ის ხმა, ვითომც ბაქოში ნავთს ბოლო მალე მოეღება, რადგანაც ნავთის წყაროები შრებაო.


რასაკვირველია, ესეთი ამბავი ხალისს წაართმევს და დააფრთხობს ერთის მხრით სოვდაგრებს, რომელთაც სასარგებლო საქმე ბაქოს ნავთის აღებ-მიცემობისა ახალისებდა, და მეორეს მხრით ფულის პატრონებს, რომელთაც, ნავთის ამოღება და გამოხდა ადგილზედვე იმედს აძლევდა მოგებისას. იმისთანა საქმეში, როგორიც ნავთის აღებ-მიცემობაა, ნავთის ამოღება და გამოხდაა, დიდი ფული უნდა და, თუ არ დიდის ხნით და ხანგრძლივად შერჩენა საქმისა, ხელს არ მისცემს არც ნავთის აღებ-მიმცემს, არც ნავთის მომქმედს, ფული დააბანდოს და გააბას მოკლე ხნობით, რადგანაც მოკლე ხანში ვერც სარგებელს დახარჯულის ფულისას ააყენებს და ვერც თავნს დაუბრუნებს. უამისოდ-კი ვერც ერთი ჭკუადამჯდარი ვაჭრობა და ანგარიშამყოლი მრეწველობა ვერ შეჰბედავს ვერა საქმეს, ნამეტნავად ნავთისას, რომელიც ყოველ შემთხვევაში დიდს წინასწარ ხარჯსა თხოულობს და დიდის ფულის დაბანდებას.


იგი შიში, რომელსაც უეჭველია გამოიწვევს სოვდაგართა და ფულის პატრონთა შორის ზემოხსენებულ გაზეთებისაგან დაყრილი ხმა, შეაფერხებს და შეაყენებს განდიდებასა და გაძლიერებას ნავთის საქმისას ბაქოში და, რა თქმა უნდა, შემძლებელია დიდი ზარალიც მოუტანოს როგორც ცალკე მრეწველთა და მომქმედთა, ისეც მთელ იმ დიდს აღებ-მიცემობას, რომელიც დღეს ფეხადგმულია და რომელიც სამერმისოდ უფრო დიდს იმედს იძლევა. ეს ამბავი შეუტყვია რუსის გამოჩენილს ქიმიკოსს მენდელეევს და გამოსარჩლებია ბაქოს ნავთსა საკმაოდ სარწმუნო საბუთებით, მას მიუწერია წერილი ლუდვიგ მონდისათვის, რომელიც პრეზიდენტია საქიმიო და სატექნიკო საზოგადოებისა ინგლისში. იგი სწერს, რომ „მე ჩემის მხრით სასარგებლოდა ვრაცხ თქვენს შუამდგომლობას მოვმართო იმისათვის, რომ ინგლისის მრეწველთა შორის გავრცელდეს მართალი ამბავი შესახებ კავკასიის ნავთისაო!“.


ბ-ნი მენდელეევი ბაქოს ნავთის წყაროების დაშრობის ხმას აბრალებს ჯერ უცოდინარობას და მერე რაღაც ხვანჯებს, კერძო სარგებლობისაგან გამოწვეულს და ამავ სარგებლობისაკენ მიმართულს. იგი უეჭველის ციფრებით ამტკიცებს რომ ბაქოში ნავთის ამოღება და გამოხდა არამც თუ ჰკლებულობს, არამედ ჰმატულობს კიდეც. მისის სიტყვით, 1876 წ. ამოღებულია ნავთი სულ 727.000 ფუთი. ამ რიცხვს ყოველ წელიწადს უმატნია, ასე რომ 1881 წ. ასულა 2.286.000 ფუთამდე და 1885 წელს-კი 6.250.000 ფუთამდე მისულა. ამ სახით, ცხრა წლის განმავლობაში თითქმის ერთი ათად უმატნია ამოღებულ ნავთის რაოდენობასაო. რასაკვირველია, ეს ამბავი სრულებითაც არ მოასწავებს ნავთის წყაროების დაშრობასაო. პირიქით, ბაქოში ნავთი ჯერ კიდევ იმდენად ბევრიაო, რომ ნავთის მომქმედნი არც-კი ჰკადრულობენ იმისთანა ჭას ნავთისას, რომელიც დღეში მარტო ორას ფუთს იძლევა და ამისთანა ჭები უქმად არიანო იმ დრომდე, ვიდრე ფასი ნავთისა არ აიწევს ხოლმეო.


რომ ბაქოში ნავთის წყაროებს სრულებით არ ემჩნევა ნიშნები დაშრობისა, უფრო ორი გარემოება ამტკიცებსო: ერთი ისა, რომ 1886 წ. და შემდეგაც იმისთანა შადრევნებმა ნავთისამ ამოხეთქა, როცა თხრა დაუწყეს ახალ ადგილებს, რომ იმის მსგავსი დღეს-აქამომდე არა ყოფილა არც ამერიკაში და არც თითონ ბაქოშიო; მეორე ისა, რომ 1885 წლიდამ 1888 წლამდე ამოღებულმა ნავთმა წელიწადში 116 მილიონ ფუთიდან 180 მილიონ ფუთამდე მიაღწიაო, წელს-კი პირველ იანვრიდამ მარტო პირველ აგვისტომდე 125 მილიონი ფუთი ამოღებულა, და რამდენიმე დიდრონი შადრევანი მოქმედობდაო ისე ძლიერად, რომ, მაგალითებრ, ბ-ნ კოშჩეევმა ვერც კი მოახერხა მოგროვება და რომანინის ტბაში მიუშვაო.


ყოველ აქედამა სჩანს, რომ ბაქოს ნავთი ჯერ კლებაში არ არის შესული. საცა ნავთის წყაროები ჰშრება, იქ ნავთის წარმოება ჰკლებულობს. ამის მაგალითად ბ-ნს მენდელეევს მოჰყავს პენსილვანია (ამერიკაშია), საცა 1882 წელს თითქმის განახევრდა. ბ-ნი მენდელეევი ამბობს, რომ ბაქოში ჯერ კიდევ იმდენია ნავთი რომ რკინისა და კასპიის ზღვის გზა გატანას ვერ ასდის. ბევრი-ბევრი კასპიის ზღვით ვოლგაზე და რკინისგზით გატანილ იქმნას 50 მილიონი ფუთი კეროსინი წელიწადშიო, მაშინ, როდესაც ბაქოს შეუძლიან წელიწადში ას ოთხმოცი მილიონი ფუთი ჰგზავნოს რუსეთში და საზღვარგარეთაო. ბ-ნი მენდელეევი ჰფიქრობს, რომ კასპიის ზღვის გემებსა და ბაქო-ბათუმის რკინისგზაზედ არ უნდა შეჩერდეს საქმე. საჭიროაო ნავთის საზიდი მილები დაეწყოს შავ ზღვამდე და იმითი იზიდოს ნავთიო. დღეს სხვადასხვა ინტრიგები უშლიან ამ მილის საქმესაო და დღეს იქნება, თუ ხვალ, ეგ საქმე უსათუოდ უნდა შესრულებულ იქმნასო.


ამ იმედზედ დამყარებული ბ-ნი მენდელეევი ამბობს, რომ როცა ეგ მილი დაეწყობა და ამ მხრით იეფი და მალი გზა გაეხსნება ნავთსაო, მაშინ თუნდაც ბაქოს ნავთი სრულად დაჰშრეს, კავკასია მაინც იმოდენა ნავთს მოგვცემსო, რომ საქვეყნო ბაზარში პატივსადები ადგილი დაიჭიროსო. იმ გზაზედ, საცა მილი უნდა გავიდეს ბაქოდამ შავ ზღვამდე, მრავალი ნავთი არისო, არამც თუ ბაქოს ახლომახლო, არამედ შიგნითაც, მაგალითებრ დედოფლის წყაროზედ, ტფილისს ახლო, ქუთაისთან, გურიასა და სხვაგანაც. ეს ადგილები მილებით შეუერთდება შავს ზღვასა და კასპიისასა და მაშასადამე ნავთის საქმე აღებ-მიცემობისათვის იმავე მდგომარეობაში ჩავარდება, როგორც ჩრდილო-ამერიკის ნავთის ადგილები არიან ფილადელფიის, ნიუორკის და ბუფფალოს წინაშეო: ქარხნები ზღვების პირად იქნება და ნავთის ამოღება-კი რამდენსამე ასს ვერსტზედ შორსაო. ერთს ადგილს მაინც რომ გამოჩნდეს კავკასიაში ნავთი, მაინც ბევრით წინ წაუვა ეს ნავთი ამერიკის ნავთს, ჯერ იმიტომ, რომ ზღვამდე მიტანა იეფი იქნება და მაინცდამაინც ზღვის პირას მიტანილი ამერიკის ნავთზე ძვირად არ დაჯდებაო. არსად კავკასიაში, იქაც-კი, საცა ხელით ამოსაღებია ნავთი ჭებიდამ, კავკასიის ნავთი ფუთი 18 კაპ. არა ჯდება, როგორც ამერიკაშიო, კავკასიის ნავთი ყოველთვის ერთი-ორად, ერთი-სამად ამერიკის ნავთზედ ნაკლებ ეღირებაო.


ამისთანა მერმისს უქადის ბ-ნი მენდელეევი კავკასიის ნავთს, რომელსაც იგი ღირსებითაც მაღლა აყენებს ამერიკის ნავთზე, იმიტომ რომ ჩვენებური ნავთი თურმე „ახალია“ და ამერიკული „ძველიო“. ამ სახით გამოდის, რომ ტყუილი და უსაბუთო შიშია, ვითომც ბაქოში ნავთს აღსასრულის დღე დასდგომია, და თუნდ ესეც მოჰხდეს, ჩვენს ქვეყანაში ნავთი მაინც არ შესწყდება და ეხლა თითქმის უქმად მყოფი ადგილები ნავთისა დედოფლის წყაროზე, ნავთლუხსა, ქუთაისს ახლო, გურიასა და სხვაგან ბევრგან, გზას გაიხსნის საქვეყნო აღებ- მიცემობისა და ბაზრისათვის.

Recent Posts

See All
ნავთის საქმე კავკასიაში

ტფილისი, 17 იანვარი, 1887 წელი. I „რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა”, — სწორედ ჩვენს ამიერკავკასიაზედ ითქმის. აქეთ-იქით...

 
 
bottom of page