top of page

ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 8, 2024
  • 5 min read

I

ტფილისი, 1 ნოემბერი, 1890 წ.


გაგონილა იმისთანა ამბები, რაც ქუთაისის ბანკის კრებაზე ისმის სიტყვით, თუ ბეჭდვითა?მშვიდობიანობისა და წესიერების დასაცველად იძულებულ გამხდარან გარედამ ყაზახები და პოლიციელები დაეყენებინათ და შიგნით ისეთი ალიაქოთი და არეულობა მოუხდენიათ, რომ კრებისა და საკუთარის თავის ღირსების პატივისმცემელთ საჭიროდ დაუნახავთ გარს შემორტყმოდნენ ბ-ნს თავმჯდომარეს კრებისას, გუბერნიის მარშალს თ. წერეთელს, რომ მის ხელშეუხებელ და საპატიო ღირსებას არავითარი უკადრისობა არ ეკადრებინათ. სახელი და მადლობა მათ, ვინც ასეთი გულმტკივნეულობა და მართებულობა გამოიჩინეს შესახებ გუბერნიის მარშლისა და სირცხვილი და ძაგება მათ, ვინც ბ-ნს თავმჯდომარეს კრებისას საამისოდ გაუხადეს საქმე. ამ უკანასკნელთა ქცევას რა სახელი დაერქვას, არ ვიცით. კაცი უყურებს ყოველს ამას და ჰკვირობს, — ეს სადა ვართ? რა საზოგადოებაა ის კრება, საცა შესაძლოა ამისთანა ამბების მოხდენა?


შეყრილან საქმეთა გასარჩევად, მართალის გამოსარკვევად და არა-რა წესს და რიგს კი არ დაგიდევენ. არც პატივისცემა თვითონ კრებისა, არც თავმჯდომარისა, არც თვითეულ ცალკე წევრისა, არც კანონისა, არც მართებულობისა და რიგიანობისა, არც თავის-თავისა, ყველაფერი დავიწყებულია, ყველაფერი უარყოფილია და მარტო ჭვარტლმოკიდებული გული თვითნებობისა, ძალმომრეობისა, ჰღაღადებს და ამღვრეულს საქმეს უფრო ამღვრევს, ჰრყვნის და აწბილებს. აუშვია აღვირი პირგახეულობას და არავინ ნებას არ აძლევს სთქვას რამე, თვითონ კი ჰყვირის და ჰღრიალებს, „არ გვინდა, არ შეიძლება, ეხლავ კენჭი“, თითქო საგიჟეთიდამ ეს-ეს არის ეხლა გამოვარდნილა მარტო იმისათვის, რომ იყვიროს და იღრიალოს უთავბოლოდ. ვის სასარგებლოდაც ეს თავზე ხელაღებულობა დღეს ქუთაისის ბანკის კრებაში ასე კადნიერად და მოურიდებლად იბრძვის, იმას კარგი წამალი სცოდნია, რომ ზოგიერთთა მჭვარტლიანს გულში ასეთი ცეცხლი აუნთია ყოველ სამარცხვინო გრძნობის ასაფეთქად და საფარფაშოდ. ნუთუ ამ გზით გამარჯვება გამარჯვებაა და არა სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა გამარჯვებულისა!


რას ჰფიქრობს ქუთაისის ბანკის საზოგადოება? რატომ არ იძიებს, რატომ არ იკითხავს, ვინ არის მიზეზი ამისთანა სათაკილო ამბებისა? განხეთქილება და დასთა ბრძოლა ამისაებრ საქმეებში ყოველთვის არის და ყოფილა, ხოლო საქმის იქამდე მიყვანა, რომ საჭიროდ დანახულია გარს ყარაულები და პოლიციელები სიფრთხილისათვის შემორტყმოდეს, არასოდეს არ ყოფილა, და დღეს რად მოჰხდა ეს და ვინ არის მიზეზი ამსთანა წინდახედულ გაფრთხილების მოვლენისა? განა მარტო ამ მიზეზის გამოწვევა საკმაო საბუთი არ არის, რომ მისი მომავლინებელი სამარცხვინო ბოძზე გააკრას კაცმა და სამართლიანის გულისწყრომით

უთხრას: „შორს ჩვენგან! შენ არა ხარ ხორცი ხორცისა ჩვენისა და ძვალი ძვალისა ჩვენისა. შენ ჰღალატობ საზოგადო საქმეს, შენ ჰგმობ და აუპატიურებ ჩვენს ღირსებას, ჩვენს პატიოსნებას, გვარცხვენ შინაც და გარეთაც და ერთადერთს საზოგადო საქმეს ძირს უთხრი, პირქვე ამხობ, და ჩვენვე გვწურთნი ცდუნებით და მოტყუებით ჩვენსავე ხელით ყელი გამოვიჭრათ. შორს, შორს ჩვენგან“!

ვინც ამ გაჭირებულს დღეს ამას იზამს, ვინც ამას არ ეტყვის დამნაშავეს და მით მამულიშვილურ ვაჟკაცობას არ გამოიჩენს, მან გასცეს პასუხი ქვეყანას, მომავალს, თავის თავს, თავის სახლობას და თავის ცოლ-შვილსა.


II

ტფილისი, 2 ნოემბერი, 1890 წ.


დღე ისე არ გადის, რომ ახალი სამწუხარო და სავალალო ამბავი არ მოგვიტანოს ქუთაისიდამ. არ ვიცით ეს რა დაჰმართვიათ ქუთათელებს? რა ღვთის წყრომა სწვევიათ? რამდენსამე თავგასულს კაცს აუღიათ გონიერებასა და მართებულობაზე ხელი და ლამის მთელი საზოგადოება ერთმანეთს დააჯახონ, ერთმანეთი გააქელვინონ, საქმეც დაჰღუპონ და თავიანთი თავიც ქვეყნის სამარცხვინოდ გაჰხადონ. შესაძლოა ყველგან ამისთანა ორიოდე თავგასულის არსებობა, მაგრამ საკვირველი ეს არის, სხვები როგორ აჰყოლიან, სხვები როგორ ამოსდგომიან მხარში, სხვები როგორ ჰთამაშობენ შუშპარს ამ თავგასულობის სტვირ-საკრავზე? ნუთუ აქ ყველაფერი ცხადი არ არის? ნუთუ ეს თავგასულები პირდაპირ არ სჩანან, და თუ სჩანან, როგორ არა ჰხედავენ ამათ ისინი, ვისაც თვალი აქვს ხედვად და ვინც ასე ბრმად მისცემიან ოინბაზობას თავგასულებისას, რომელთაც, როგორც ეტყობათ, ყველა სიკეთე საზოგადოებური, ყველა რიგი და წესი კაცად-კაცური, ყველა მართებულობა უსირცხვილოდ გაუწირავთ, რომ ფიცი, თუ აღთქმა არ გაუტეხონ თავის მბრძანებლებს და მით იმათს შეუწყნარებელს სამარცხვინო ჟინს ყურმოჭრილ ყმასავით ემსახურონ. ნუთუ არავის ეთაკილება ეს ასეთი სათაკილო ყმობა, ასე ხელის-აღება საკუთარის თავის ღირსებაზე, ასე თავის ხელითვე გაქელვა და წაწყმედა თავის კაცურ-კაცობისა!


„არ შეიძლება, არ გვინდა, ეხლავ კენჭი“, — აყვირებენ თავგასულები თავის მომხრეებს უთავბოლოდ, წინდაუხედავად. ისინიც ჰყვირიან და არავის აცლიან ლაპარაკსა, თითქო ეშინიანთ რიგიანი და ჭკუადამჯდარი სიტყვა არავინა სთქვას და წინათვე განზრახული გეგმა მოქმედებისა, ფიცით შეკრული და შებოჭვილი, არ ჩაგვიშალოს, არ ჩაგვიფუშოსო. ყველაზე მეტად საკვირველი ის არის, რომ მყვირალანი არ ჩაჰფიქრებიან და არ უკითხავთ თავის-თავისათვის, ეს რომ ვყვირით სხვის ჩაძახილსა, რანი ვართ ამ შემთხვევაში? ვის სათამაშოდ და სამასხარაოდ გაგვიხდია თავი? ქვევრები ვართ, რომელთა რასაც ჩასძახებენ,

ის უნდა ამოიძახონ, თუ ადამიანები, რომელთათვისაც ღმერთს გონება და ჭკუა მოუცია, რომ ათჯერ ჰზომოს და ერთხელ გამოსჭრას, ნამეტნავად იქ, საცა საზოგადო საქმეა, ყველასათვის ერთნაირად საზრუნავი და გულშესატკივარი.


ან რა არის ეხლანდელ საგანგებო კრებაში იმისთანა, რომ ასეთი გაწბილებული და ცეცხლმოკიდებული განხეთქილებაა ჩამოვარდნილი კრების წევრთა შორის? წინადაც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: საქმე მეტად უხვანჯო, მარტივი და სადაა. ზედამხედველ კომიტეტი ამბობს, რომ ბანკში არა მოხელის თვითნებობა არ უნდა იყოს შეწყნარებული, და თვითნება კაცი, თუ მაინცდამაინც თავისას არ დაიშლის, უნდა განდევნილ იქმნას ბანკის მოხელეობიდამ. ნუთუ აქ შესაძლოა კაცმა ორი სხვადასხვა აზრი იქონიოს უიმისოდ, რომ ჭკუა-გონებაზე განგებ ხელი არ აიღოს და სინიდისი არ გააჩუმოს? ნუთუ თვითნებობაზე საცნობელი არ არის ის ამბავი, რომ თავმჯდომარემ გამგეობისამ არ დაანება კომიტეტს ვექილობის წერილები, რომელნიც თვითვე იცნა კუთვნილებად კომიტეტისა, და მაინც გაჯიუტდა და არ დასთმო, თუმცა არა ერთხელ შეუთვალა კომიტეტმა, ნუ ჰნებულობ უარსაო. ნუთუ მომხრენი გამგეობის თავმჯდომარისა ეხლაც არა ჰხედვენ, რა ვაი-ვაგლახი მოსდევს ამ თვითნებობას?


დღევანდელი საგანგებო კრება, დღევანდელი წეწვა-გლეჯა, დღევანდელი საშინელი განსაცდელი, რომელსაც არ ვიცით, როგორ გადაურჩება ქუთაისის ბანკი, ეს ყარაულები და პოლიციელები ბანკის კრების სხდომაზედ, ეს ქვეყნის ყბად-აღება, ეს ერთმანეთზე გადამტერება და თითქმის მუშტით წევა ერთმანეთზევე, სულ ამ წყეულ-შეჩვენებულ თვითნებობის შედეგია. თუ დღეს ასეა, როცა წინდახედულობა კომიტეტისა სათავეშივე, დასაწყისშივე ყელში მისწვდა მაგ თვითნებობას დედაბუდიანად განსაძევად, რაღას უნდა მოველოდეთ მაშინ, როცა იგი სამუდამოდ ფეხს მოიკიდებს ბანკში თვითნებობის მომხრეთა მოწყალებით. ღმერთმა გვიხსნას ამისთანა დღისაგან, და ჩვენ კიდევ გვჯერა, რომ მაღალი ზნეობა ქუთაისის ბანკის წევრთა თავს გამოიჩენს ეხლანდელ კრებაში და თავის სასახელოდ საქმის ამრევსა და გამრყვნელს თავის უტყუარს მსჯავრს დასდებს.

სხვა რომ არა იყოს რა, მარტო ამას დაუკვირდით, და ვინც განგებ თვალს არ იბრმავებს და ყურთა სმენას არ იხშობს, გვითხარით, რა პასუხია გამგეობის თავმჯდომარის პასუხი თ. დ. მიქელაძის კითხვაზე? როცა კრების თავმჯდომარეს გამოუცხადებია, რომ ვექილობის წერილები ჯერ სულ არ არის შემოწმებული და კრება უნდა კვირისათვის გადიდოსო, რასაკვირველია, ურიგობისა და თვითნებობის მომხრეთა ყვირილი შეუქნიათ: „არ გვინდა, შეუმოწმებლად იყოს, არ შეიძლება, ეხლავ კენჭიო“. მაშინ თ. დ. მიქელაძეს უკითხავს გამგეობის თავმჯდომარისათვის, — თქვენი აზრი გვიბრძანეთ, შესაძლოა შეუმოწმებლად ვექილობის წერილებისა კენჭის ყრაო, თუ არა? გამგეობის თავმჯდომარეს არ უღირსებია პირდაპირ თ. მიქელაძისათვის პასუხი და კრებისათვის კი მოუხსენებია ოქროს ფიცარზე ოქროთი დასაწერი სიტყვები: კანონით არ შეიძლება და მე კი, როგორც კალისტრატე ჩიკვაიძეს მგონია, რომ შესაძლებელიაო[*]. როგორ? თუ კანონით შეუძლებელია, იმას, თუნდ როგორც კალისტრატე ჩიკვაიძეს, რად უნდა ეგონოს შესაძლებელი? რაო? განა ბ-ნი ჩიკვაიძე კანონზე უმაღლესად დააყენა ვინმემ? მისი „მგონიაობა“ აქ რა მოსატანია? საცა კანონია, იქ მგონიაობა, თუნდ ბ-ნ კალისტრატე ჩიკვაიძისა, შინ უნდა იჯდეს ხმაამოუღებლად. კიდეც ეგ არის, ბატონო, რომ კანონი ერთს ამბობს და თქვენ კი სხვა გგონიათ. ამის მეტს არას გიჩივის ზედამხედველი კომიტეტი და ამ შემთხვევაში ენამან თქვენმან გამხილათ თქვენ და ვისაც ყურნი აქვთ სმენად, ისმინონ.


ან რა პასუხია ასეთი ორპირი პასუხი? ვინც ეს გაიგონა კრებაში, გულში ნეტა არ იოცა — ეს ვისთან გვქონია საქმეო! კანონი ერთს ამბობს და მე კი სხვა მგონიაო, ამას ამბობს თავმჯდომარე ბანკის გამგეობისა საქვეყნოდ, ბანკის საზოგადო კრებაში, ბანკის საქმის თაობაზე! აქ რაღა სხვა ლარი და ხაზი უნდა სამართლიანი მსჯავრის დასადგენად, როცა კაცი თვითონვე ამბობს; კანონი ერთს ამბობს და მე სხვა მგონიაო. აქ საქმე, რომლის გამოც დღეს ასეთი ალიაქოთია ატეხილი ქუთაისში, თავისთავად ჰლაპარაკობს, თავისთავად ჰღაღადებს გამგეობის თავმჯდომარის ბაგითა. მარტო ბრმანი და ყრუნი თუ იტყვიან, — არა ვხედავთ, არ გვესმისო.


შენიშვნა:

[*] ძნელად დასაჯერია ამისთანა კუდიანი პასუხი, თუმცა სარწმუნო კორესპონდენტისაგან არის მოწვდილი. მაინცდამაინც ამის პასუხისგება თვით კორესპონდენტისათვის გვიკისრებია.

Recent Posts

See All
ქუთაისის ბანკის შესახებ

ტფილისი, 3 დეკემბერი, 1893 წელი. კვირას, 28 ნოემბერს, ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო მწვავე წერილი „ქუთათურისა“, სადაც აღნიშნულია მართლა...

 
 
ქუთაისის ბანკის საქმე

ტფილისი, 3 აგვისტო, 1890 წელი. I ქუთაისის ბანკის წლევანდელ კრების გამო მითქმა-მოთქმა დღედადღე ჰმატულობს და ძლიერდება. მას აქეთ, რაც...

 
 
ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო

ტფილისი, 10 მაისი, 1886 წელი. I დიდი ხანია გამოცხადებული იყო, რომ თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის მორიგი კრება დაიწყება ოთხს...

 
 
bottom of page