ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო
- nino otiashvili
- Jan 8, 2024
- 7 min read
ტფილისი, 10 მაისი, 1886 წელი.
I
დიდი ხანია გამოცხადებული იყო, რომ თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის მორიგი კრება დაიწყება ოთხს მაისსა. პირველ გამოცხადების ხანიდანვე ყოველის მხრიდან ისმოდა ხმები, რომ ამ კრებისათვის დიდი მზადება არისო. ვისაც საზოგადო საქმე უყვარს, ვისაც უცვნია მისი მნიშვნელობა და ძვირად უღირს მისი ავკარგიანობა, მისთვის ეს ხმები სასიამოვნო უნდა ყოფილიყო. ეს ხმები ცხადი ნიშანია მისი, რომ ჩვენში საზოგადო საქმის მიმართ გულისტკივილი თანდათან მატულობს და აი სწორედ ამ მატებაშია თვითონ საქმის წარმატების იმედი. იყო დრო, როცა ბანკის კრების ხსენებაზედ ყურსაც არავინ იბერტყდა, თითქო აქ არაფერი ამბავიაო. იყო დრო, როცა არამცთუ რაიმე მზადება კრებისათვის, ჩამიჩუმიც არ იყო ხოლმე ამის თაობაზედ და ბანკის მომხრენი ჰშიშობდნენ კიდეც, ვაი თუ პირველ ხანში არც-კი შესდგეს კრებაო და კანონის მიერ სავალდებულოდ აღნიშნული ორმოცდაათი წერიც არ მოგროვდეს კრებაზე, რომ კრება გაიმართოსო. რამდენიმე მაგალითიც ყოფილა, რომ მართლა ეს კანონიერი რიცხვი წევრთა არ მოგროვებულიყოს. მაშინდელს აქაურს რუსულ ჟურნალ-გაზეთობას, რომელიც ჩვენებურების ხელში იყო, სიცილად არა ჰყოფნიდა ამისთანა ამბავი და საქვეყნოდ გაიძახოდნენ, რომ მკვდრად დაბადებულმა საქმემ ასე იცისო. არ ვიცით კი რად, და მაშინდელს ჟურნალ-გაზეთობას ბანკის საქმე აჩემებული ჰქონდა არა იმიტომ, რომ უკეთეს გზაზედ დაეყენებინათ, არამედ თითქო იმიტომ, რომ საერთოდ ამ ახლად შემოღებულს საქმეს სახელი გაუტეხონ და პირველ დღითვე აბრუ გაუცუდონ საზოგადოების თვალში. ეხლაც კანტიკუნტად ისმის ამისთანა ხმები ბანკის თაობაზედ და, სამწუხაროდ ჩვენდა, ზოგჯერ იმისთანა კაცთაგანაც, რომელთზედაც საზოგადოებას სამართლიანი იმედი აქვს, რომ ჯერ დაფიქრდება და მერე იტყვისო.
ყველამ, რასაკვირველია, თავისი იცის, ჩვენ კი ამას აღვნიშნავთ, რომ პირველ ხანებში ბანკის საქმეებს ყურს მარტო ორიოდ კაცი ადევნებდა და ბევრისათვის-კი ეს ახალი საქმე არასფერს საინტერესოს არ წარმოადგენდა. ბანკის მომხრეთა სწამდათ, რომ ბანკი დღესა თუ ხვალ მოიპოვებს ყურადღებას და გულისტკივილს საზოგადოების მხრით: სწამდათ, რომ ბანკს, გარდა საკრედიტო მნიშვნელობისა, ბევრი სხვა იმისთანა მნიშვნელობაც აქვს ჩვენთვის, რომელსაც არ შეიძლება არ ჩაუფიქრდეს ჩვენი საზოგადოება თავის დროზედ, და რაკი ჩაუფიქრდება, ხელსაც ჩასჭიდებს მომეტებულის თანაგრძნობით და გულისტკივილითა. სწორედ ასეც მოხდა და ასეც ახდა ჩვენდა საკეთილოდ და ჩვენდა იმედად.
დღეს ბანკზედ, ავად თუ კარგად, ყველგან ლაპარაკობენ, მის სვე-ბედზედ სჯა და ბაასი აქვს, მის განკარგებისა და საკეთილო და საიმედო გზაზედ დაყენების გამო ჰფიქრობენ, ნაკლს და ღირსებას უჩხრეკენ, უსინჯავენ, და ჩვენდა საბედნიეროდ ესეც უნდა დავუმატოთ, რომ თანდათან უფრო ცნობიერად, უფრო მომეტებულის ცოდნით, უფრო დიდის გულწრფელობით, საქმისადმი უფრო მეტის სიყვარულით ეკიდებიან ბანკის ავკარგიანობის ყოფასა და სვლასა. ეს სანუგეშო ამბავი, ჯერ თვით ბანკისათვის და მერე თვით საზოგადოებისათვისაც, ფრიად საყურადღებოა და ხელზედ დასახვევი მათ წინააღმდეგ, ვისაც გული გატეხილი ჰქონდა სასოწარკვეთილებისაგან, რომ ჩვენში არა გაკეთდება-რა, რადგანაც გულგრილნი, მცონარენი და დაუდევარნი ვართო.
ეს თერთმეტი წელიწადია თითქმის, რაც ბანკი არსებობს. რაც ამ ხანს კრება მომხდარა, კაცი რომ დააკვირდეს, ნახავს, რომ თვითეული შემდეგი კრება წინანდელს ბევრით და გაცილებით სჯობნებია არამცთუ მარტო წევრთა რიცხვით, არამედ შინაგანის ღირსებითაც. ყოველი შემდეგი კრება წინანდელზედ უფრო ცნობიერი, უფრო მცოდნე, უფრო ფრთხილი, უფრო გულახდილი და გულწრფელი მოსიყვარულე ყოფილა საქმისა. ეს, რაცა ვსთქვით, ყოველს ეჭვს გარეთ არის და ამიტომაც შეგვიძლიან ჩვენი იმედი უკეთესად საქმის წარმართვისა თამამად დავამყაროთ ამ სარწმუნო საბუთზედა. ჩვენ ჩვენის კრების კეთილგონიერებასა და გამჭრიახობაზედ ეჭვი თავის-დღეში არ შეგვიტანია, მცირეოდენი ადგილიც ჩვენის გულისა ამ ეჭვისათვის არას დროს არ დაგვითმია და თვითონ კრებასაც არც ერთხელ მიზეზი არ მოუცია, რომ ჩვენს უეჭველობას საძირკველი შერყეოდეს და ჩვენი მისდამი იმედი არ გამართლებულიყოს.
ამიტომაც იგი ხმები, რომელიც რაღაც მუქარასავით წინა უძღოდნენ წლევანდელს კრებასა, არც ერთს ჩვენის საზოგადოების გულწრფელს მცოდნეს გულს არ უტეხდნენ. ყოველი გულმოდგინე და გულმართალი კაცი წინათვე ჰგრძნობდა, რომ არავისი მეცადინეობა და ხერხი სიმართლის კვალიდამ არ ამოაგდებს იმ ბარ-საკვეთს სამართლიანის განკითხვისას, რომელიც ჩვენ ჩვენის საზოგადოების კეთილგონიერებად დაგვისახელებია და გვიცნია. ეგ იმედი სამართლიანის განკითხვისა ყოფილა, არის და იქნება იმ მანუგეშებელ ზნეობრივ ძალ ღონედ, ურომლისოდაც ყოველი მოღვაწე, საზოგადო ასპარეზზედ გამოსული, გულმკვდარია, უძლური და დაძაბუნებული. მრავალკეცი და რთული პასუხისგება საზოგადო მოღვაწისა, დიდი ჭირიც არის მისთვის და დიდი ლხინიცა. ხოლო ვიდრე პასუხისგება ლხინად გადაექცევა, ჯერ ათასს უსიამოვნობას, ათასს ვაი-ვაგლახს, ათასს კიცხვას და კილვას გამოივლის ხოლმე. იგი ამ მხრით მეიდანზედ გამოკიდებული ნიშანია და, საჭიროება ითხოვს თუ არ ითხოვს, ყველა უმიზნებს და ესვრის თავის ისარს, ზოგჯერ ტყუილუბრალო კიცხვაში ამოვლებულს და მტრობის გულქვაობაზედ პირგალესილსა. ესეთი ყოფა აუცილებელია საზოგადო მოღვაწისათვის, და სწორედ აუტანელი იქნებოდა, რომ ბოლოსდაბოლოს სამართლიანის განკითხვის იმედი არ ასულდგმარებდეს და მაგ განკითხვაში არა ჰპოულობდეს ჯილდოს გამოვლილის მწუხარების სამაგიეროდ. იგი სამართლიანი განკითხვაა მისი ფარი, როცა ზედ მოესევიან, და მისი ხმალი, როცა თვით მიესევა. წლევანდელმა კრებამ ბანკისამ ყოველ უწინდელ კრებაზედ მომეტებულად დაანახვა ქვეყანას, რომ საზოგადო მოღვაწის ბურჯი თვითონ საზოგადოებაა და საზოგადოების გაუბრუდებელი სამართლიანობა. ამაშია იგი წყარო ღონისა, მხნეობისა და გულმოდგინეობისა, იგი წყარო, რომელსაცა სვამს საზოგადო მოღვაწე, როცა კიცხვა და კილვა, ათასნაირი მწუხარება და უსიამოვნოება გულს უშრობს ხოლმე რთულისა და მძიმე მოვალეობის ასრულების გზაზედ. ამით იგრილებს იგი დამწვარს გულს და იფონებს კიცხვა- კილვისაგან შეხუთულს სულსა, და ერთი წუთი ამისთანა მოფონებისა მთელის წლების მწუხარებას გადააჭარბებს ხოლმე თვისის ღირსებითა და სიკეთითა.
II
ტფილისი, 12 მაისი, 1886 წ.
თვითმოქმედება, თავით თვისის საქმის აჩენა, გაძღოლა და გატანა, ისეთი თვისებაა ადამიანისათვის, ურომლისოდაც იგი უფრო მონაა, ვიდრე ბატონი. არც ცალკე კაცს, არც საზოგადოებას ერთად, უამთვისებოდ არ ძალუძს სთქვას, მე ვარ და ვცხოვრობო. უამთვისებოდ ერთიც და მეორეც სათრეველაა და არა თვითონ მავალი. კაცი, თუ საზოგადოება, რომელიც თვით არ მოქმედებს, თვით საკუთარის თაოსნობით ჭირს არ ებრძვის, მეტ-ნაკლებობისგან დახსნას თვით არ ეტანება, თავის სვე-ბედსა თვითონ არ იურვებს, — იგი ტვირთია, იგი მეტი ბარგია ამ ქვეყნიერობაზედ. კაცს თუ საზოგადოებას არა ეძლევა-რა ამ წუთისოფელში უშრომელად, გაურჯელად. მარტო იგი შრომაა, იგი გარჯაა ნაყოფიერი, რომლის საძირკველიც ანუ სათავე საკუთარი თაოსნობაა, და ძალ-ღონე კიდევ საკუთარი მარჯვენა. არამცთუ საზოგადო საქმეში, კერძო კაცის ცალკე ცხოვრებასაც რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ რომ არსებობისთვის ბრძოლასა და ჭიდილში მარტო იგია გამარჯვებული, ვინც თვით არის საქმის თაოსანი, საქმის ამჩენი და საქმის მოქმედიცა, ვინც თავისთავზეა მარტო დანდობილი და თავის საკუთარს მხნეობას და გარჯას ჰსახავს წყაროდ თავისის ცხოვრების განკარგებისა და წინ წაწევისად.
ეს თვითმოქმედება, ეს თავით თვისით საქმის აჩენა, გაძღოლა და გატანა, რაკი ერთხელ აღფრთოვანდება და დაიძვრის, რაკი ერთხელ შაებმის ხოლმე ცხოვრების უღელში, მისი გამარჯვება, ძლევამოსილობით სვლა უეჭველია. მართალია, ეს თვითმოქმედება ხანდისხან ათასნაირ მოსალოდნელ და მოულოდნელ მიზეზთაგან შეფერხდება ხოლმე, მაგრამ ბოლოს- კი მაინც თავისას გაიტანს და ამაშია მისი სიკეთე და ღირსებაცა. საითაც უნდა მიიხედოთ, რომელი ქვეყანაც გინდათ გასინჯოთ, ყველგან ერთს უცილობელს ჭეშმარიტებას დაინახავთ: იგი ქვეყანაა უფრო ბედნიერი, უფრო ღონიერი სულითა და ხორცით, რომელსაც თვითმოქმედება გაძლიერებული აქვს და ყოველის მოძრაობის სათავედ შეჰქმნია. პირიქით, საცა ეგ თვითმოქმედება გაღვიძებული არ არის, იქ კერძო კაციც ცალკე და საზოგადოებაც საერთოდ ფერმკრთალია, უღონო და ცოცხალ-მკვდარი. თვითმოქმედებას არამცთუ მარტო პირდაპირი სარგებლობა მოაქვს ხორცისათვის, ამასთან იგი იმსთანა სკოლაც არის, საცა იწურთნება ყოველი მოზარდი, იზრდება ახალი თაობა, საცა მოზარდისა, ახალის თაობის ძალ-ღონეს ნაჭედის სიმტკიცე და სიმაგრე ეძლევა, როგორც რკინას სამჭედურში. ამ მხრით თვითმოქმედება ცალკე კაცისა, თუ საზოგადოებისა, უებრო რამ არის და ვერაფერი ვერ აღემატება, მაგიერობას ვერაფერი ვერ გაუწევს კაცს არსად და არასდროს.
ერთი ამისთანა ნაყოფი თვითმოქმედებისა ტფილისის და ქუთაისის ბანკებია და მათის შემწეობით დაარსებული სათავად-აზნაურო სკოლები. იგი ჩვენის საკუთარის თაოსნობით არიან დაარსებულნი და ჩვენის საკუთარის ძალ-ღონით წარმართულნი. იქნება ბევრმა ნამეტანობა და გადამეტება შეგვწამოს, მაგრამ ჩვენ-კი მაინც ამას ვიტყვით, რომ ბანკებსაც და მათის მეოხებით არსებულ სკოლებსა დიდი სასიკეთო მნიშვნველობა აქვს ჩვენთვის იმ მხრით, რომ იგინი ჩვენის თვითმოქმედების შვილნი არიან, ჩვენის თვითმოქმედების ძუძუთი იზრდებიან და იკვებებიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მნიშვნელობა მათი ბევრს ჩვენგანს გულსა და გონებაში ვერ მოუთავსებია, ვერ მოუნელებია, და ამიტომაც არა ერთხელ რისხვითა და წყრომით გამოლაშქრებულან ბანკებსა და მათს მნიშვნელობაზედ. არამცთუ ჩვენი დაბალის ღობის პუბლიცისტები, არამედ მოლექსენიც კი, და მათ შორის სახელგანთქმულნიც, არ ერიდებიან ბანკების ავად ხსენებას და სახელის გატეხასა. რისთვის და რადა? სწორედ მოგახსენოთ, ბევრჯერ დავკვირვებივართ ამისთანა ამბავს და წყრომისა და რისხვის მიზეზი ვერ გვიპოვია, იმისთანა მიზეზი, რომელიც დამჯდარს და ნაფიქრს მსჯელობას შეესაბამება.
III
ტფილისი, 13 მაისი, 1886 წ.
ჩვენ გუშინდელს ნომერში ვსთქვით, რომ თითქმის არც ერთს წუნისმდებელს მწერალსა და მოლექსესა არ გამოუთქვამს, რა მიზეზითა სწუნობს ჩვენს ბანკებსა. მარტო ეს კი ვიცით: ყველანი იძახიან, ბანკები ჩვენა გვღუპავსო და ამ კილოზედ ათასნაირად ჰგალობენ პროზითა და ლექსითა. რა საგანი უნდა აძლევდეს ამის მთქმელს საბუთსა?
საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმაა ბანკის შესახებ უჯერო და შეუწყნარებელი და ამ მითქმა-მოთქმაში უნდა ვეძიოთ იგი საგანი. ამ შემთხვევაში ჩვენნი მწერალნი და მოლექსენი ამ მითქმა-მოთქმის ხმას აჰყვნენ უსათუოდ, თორემ თავისას გამოაცხადებდნენ რასმე. საზოგადოებაში ზოგი იძახის, რომ ბანკებმა ფულის სესხად შოვნის სახსარი გაგვიადვილაო და ამით მაცდურების კარი გაგვიღოო. ბანკები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენ ვალებს არ ავიღებდითო და მაშასადამე ჩვენი მამულები ყოველის განსაცდელისაგან თავდახსნილი იქნებაო და ჩვენც უვალონიო. თუ ამისი მთქმელნი მართალის გულითა სდებენ ამით წუნს ჩვენს ბანკებს, ამისი წამალი ადვილია: ბანკის კრებამ დაადგინოს, რომ თავად-აზნაურსა და ერთობ ქართველსა, რომელსაც ადვილად საშოვარი სესხი ასე აცდუნებს, აეკრძალოს ბანკიდამ ფულის სესხად მიცემა, თუნდა რომ ძალიანაც უჭირდეს. ამითი იგი სამაცდურო კარი, რომლის მიზეზითაც ბანკებს წუნსა სდებენ, სამუდამოდ დახშულ იქნება და თავად აზნაურობას ცალკე და ქართველობას საერთოდ ნება ექნება მაშინ სთქვას, რომ დახსნილ ვარ ბოროტისა და მაცდურებისაგანაო. ხოლო არა გვგონია ბანკის კრებათა კეთილგონიერებამ ამ სასაცილომდე მიაღწიოს და გაუფრთხილებელი, გაუსინჯავი, და წინდაუხედავი კაცი ბორძიკს და წაქცევას იმით გადაარჩინოს, რომ მის გამო ნება არ მისცეს არავის სიარულისა.
ზოგი კიდევ იმიტომ ჰრისხავს ბანკებს, რომ მართალია ფული გვიჭირს სასესხებლად, ბანკის ვალს ვიღებთ, მამულებს ვუგირავებთ, და როცა პირობას ვალისას და სესხისას ჩვენის დაუდევნელობით ვერ ვუსრულებთ ბანკსა, ბანკი მამულებს გვიყიდის და ცარიელზედ გვსვამსო. მაშ რა უნდა ჰქმნას ბანკმა? ნუ გაგვიყიდის მამულებსაო, თვითონ ჩაიბაროს ჩვენი მამულიო, უპატრონოსო, რაც შემოვა, იმითი ვალი იშოროსო და როცა მოიშორებს, მამული ჩვენვე დაგვიბრუნოსო. ამ უთავბოლო, მაგრამ სანატრელს აზრს ბევრი მომხრე ჰყავს ჩვენს საზოგადოებაში და ამ მომხრეებზედ სხვა არა გვეთქმის რა გარდა იმისა, რომ „ნეტარ არიან მორწმუნენი“. ზემოხსენებულ აზრის პატრონებს ან სულ არ ესმით, რა არის ნდობა, „კრედიტი“, და რით გამოიწვევა იგი ნდობა, ან განგებ თვალდახუჭულნი არიან.
ბანკი ჯერ გაჭირვებულის კაცის მოციქულია ფულის პატრონის წინაშე და მერე მისი თავმდებიცა. მისი კლიენტი ერთის მხრით სესხის ამღებია, რომელიც ფულიანს კაცს ეძებს, რომ ფული ისესხოს, მეორეს მხრით ფულის პატრონი, რომელიც სანდო კაცს და სანდო პირობას ეძებს, რომ ფული ასესხოს. ამათ შუა მოქმედობს ბანკი, ვითარცა მოციქული და თავდები. ამ მოქმედებისათვის ბანკის აგებულებაში იმისთანა რამ უნდა იყოს საძირკვლად დადებული, რომ ფულის პატრონი მიენდოს და ბანკის შემწეობით და თავდებობით ფული სესხის ამღებს გადასცეს. მოკლევადიან ბანკებს ამისათვის სხვა საძირკველი აქვთ,საადგილმამულო ბანკსა სხვა. ერთი ქვაკუთხედი საადგილმამულო საძირკვლისა იგია, რომ სესხის ამღები ვალის მოსაშორებლად ვადაზედ შემოიტანს ბანკში რაც შემოსატანია, და ბანკიც გადასცემს ფულის პატრონსა, და მეორე იგია, რომ ფულის პატრონი დარწმუნებულია წინათვე, თუ ვადაზედ სესხის ამღებმა არ შემოიტანა, დაწინდული, დაგირავებული მამული გაიყიდება და გასყიდულის ფასით აუდგება ნასესხები. თუ ამითაც ვერ გაისწორა ანგარიში, იმედი აქვს, რომ მთელი ქონება ბანკისა, როგორც თავმდებისა, მისი პასუხის მგებელია. ამ სამს უსათუო პირობაში ერთი რომელიმე რომ გააუქმოთ, ვერც ბანკი და ვერც თვითონ თქვენ გროშსაც ვერ იშოვით სასესხებლად. ტფილისისა და ქუთაისის ბანკებმა ათს მილიონზედ მეტი ფული იშოვეს გასასესხებლად ამ სამის უსათუო პირობითა. ეს სამი აუცილებელი პირობა ამ ბანკებისაგან კი არ არის მოგონილი, არამედ იგი პირობანი წარმომდგარნი არიან თვით კრედიტის ბუნებისაგან, რომელიც უიმათოდ ყურსაც არ შეიბერტყს ხოლმე და ადგილიდამ არ იძვრის.
თუნდ ეგეც არ იყოს, ერთი ვიკითხოთ: რა მნიშვნელობა აქვს მამულების დაგირავებას, თუ პირობის გატეხას არ უნდა მოსდევდეს თვითონ მამულის გაყიდვა? მაშინ გირავნობა რა შუაშია და რა თამასუქია? აბა ერთი მიდით გარეშე კაცთან და უბრძანეთ: ფული მასესხე, მამულს დაგიგირავებ, იმ პირობით-კი, რომ თუ ნასესხები არ დაგიბრუნე, მამული არ გამიყიდოო. ხომ სასაცილოდ არ ეყოფით ფულის პატრონსა!.. ეს უნდა ახსოვდეთ იმათ, ვისაც გულწრფელადა სწამთ, რომ მამულების გაუსყიდველობა შესაძლებელია, როცა კაცი მამულის თავდებობით იღებს ვალსა. გაგონილა განა: მამულზედ მანდევი ფულიო და მამულს კი ნუ აზღვევინებო, თუ მე გამიმტყუნდი და პირობა ვერ აგისრულეო. აქ, სწორედ მოგახსენოთ, არავითარი ლოღიკა არ არის. იქნება გვითხრან, რომ რაკი ბანკი ჩაიბარებს მამულს, თვითონ მამული თავისის შემოსავლით გადიხდის ვალსაო. ამასაც მეტად მოკლე ფეხები აქვს. თუ თვითონ პატრონმა ბანკიდამაც ფული აიღო მამულზედ და მამულს ისე ვერ მოუარა, რომ ვალს გასძღოლოდა, ბანკმა საიდამ და როგორ უნდა მოუაროს. შორს რად მივდივართ, — თვითონ სახელმწიფო, რომელსაც თავისი საკუთარი შეუწყვეტელი წყარო აქვს სიმდიდრისა, სცდილობდა ამ ბოლოს ხანებში ამ მხრით როგორმე მოჰშველებოდა რუსეთის თავად- აზნაურობას და ვერას გზით ვერა გახდა-რა, არ შესაძლებელად იცნო, — ჩვენი ტფილისის და ქუთაისის ბანკები, რომელნიც კრედიტით მოწვეულის სხვისის ფულით მოქმედობენ, როგორ შეიძლებენ, და შეუძლებელს შესაძლებელად როგორ გარდაჰქმნიან!..
აკი ვამბობთ, ეს მამულების გაუსყიდველობა ბანკის საქმეში სიზმარია და ეგ სიზმარი, მართალია, სანატრელი და სასურველია, მაგრამ მაინც სიზმარია და ოცნება. კიდევ ვიტყვით: ნეტარ არიან მორწმუნენი და ჩვენ კი ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში მაგ ნეტარებას გამოკლებულნი ვართ.

