სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა
- nino otiashvili
- Jan 8, 2024
- 11 min read
ტფილისი, 5 ივნისი, 1887 წელი.
I
ჩვენს დროში ქვეყნის საქმეებმა ისეთი ძირი გაიკეთა, ისეთი მიმართულება და ხასიათი დაიჭირა, რომ დღეს ყოველს ცალკე სახელმწიფოს შეუძლიან თავისი მოპირისპირე, სამტროდ მოცილე სახელმწიფო უომრად ომზედ არა ნაკლებ დააზიანოს. თუ გნებავთ, ეს ახალი სამტრო სახსარი იგივ ომია და ზოგჯერ ომზედაც უარესი, მაგრამ სისხლდაუღვრელი ომი კია, იმისთანა ომი, საცა არც ზარბაზნის გრიალია, არც ხმლის ტრიალი.
ამისთანა ომის მოედნად საეკონომიო ყოფა-ცხოვრებაა, ესე იგი იმისთანა განსხვავებული ვითარება და გარემოებანი, რომელთა საერთო კრებული ჰქმნის მეტნაკლებობას სიმდიდრისას ერისას და ქვეყნისას. დღეს ძლიერი სახელმწიფო იგია, ვინც მდიდარია და ვისაც, მაშასადამე, მეტი შეძლება აქვს ბევრი გასწიროს და მაინც სახსარი შერჩეს ცხოვრებისა. დღეს ცარიელი მკლავი იმოდენად ვეღარა სჭირს, რაც სავსე ჯიბე; დღეს იგია უძლეველი, ვინც უფრო დიდ ხანს და ხანგრძლივ გაუძლებს საომარს ხარჯსა, ომის შემმუსვრელს ჭირსა და ვაგლახსა. დღეს ინგლისი რომ გულზვიადად არის, რომ გაბედულად და კადნიერად ეტანება ყოველს საქმეს ევროპის საერთო პოლიტიკისას და საითაც გაიწევს, თითქმის იქით გააქვს სვე დღევანდელის სამკალისა, ამის მიზეზი ჯართა სიმრავლე კი არ არის, არამედ გატენილი ჯიბეა. არც ერთი დიდი სახელმწიფო არ არის ევროპაში, რომ ჯარი ინგლისზედ ერთი-ორად და ერთი-სამად მეტი არა ჰყვანდეს და ერთი-ორად, ერთი-სამად უკეთესად მოწყობილი, მაგრამ-კი ინგლისს ქვეყნის საქმეთა დალაგებასა და განკითხვაში სხვაზედ თუ არ მეტი, ნაკლები ხმა არა აქვს მარტო იმით, რომ ძლიერია ჯიბითა.
დღევანდელი ტოკვა თვითეულის სახელმწიფოსი, შიგნეული რომ კარგად გავუსინჯოთ, სხვა არა არის რა, თუ არ ის, რომ საპოლიტიკო ეკონომიის ბრძოლის მოედანზედ რაც შეიძლება მომეტებული ადგილი დაიჭიროს, ფართო გზა გაიკაფოს, დიდ არხები გასჭრას სიმდიდრის მოსადინებლად, სხვისი იეფად და ცოტა იყიდოს და თავისი ძვირად და ბლომად გაასაღოს. დღევანდელს ბრძოლას და ცილობას სახელმწიფოებისას დღეს სარჩულად უფრო ეს სიხარბე უდევს, ვიდრე სხვა რამ; ამისთვის იღწვიან, ამისთვის ემზადებიან, ამისთვის თოფ-იარაღს ხელსა ჰკიდებენ.
დიპლომატიამ დიდი ხანია მიაგნო ამ საეკონომიო გარემოებათა ძალმომრეობას, დიდი ხანია იცნა მისი ძალ-ღონე სახელმწიფოს ძლიერების მეტნაკლებობისათვის. ამიტომაც საშინაო და საგარეო პოლიტიკამ თვითეულის ცოტად თუ ბევრად შემძლებელის სახელმწიფოებისამ თავისი ზომა მიიღო, რომ სახელმწიფომ, რაც შესაძლოა, დიდი და ბევრს ადგილას ბაზარი იქონიოს თავის საქონლის გასასაღებლად ქვეყნის მოედანზე და სხვისას კი კარი შიგნიდამ ურდულით მაგრა გამოუკეტოს.
პირველის აზრის მისაღწევად ის ღონე იხმარეს, რომ საგარეო პოლიტიკა სახელმწიფოსი კოლონიების და სხვა ქვეყნების დაპყრობაზედ მიჰმართეს, სახელდობრ იმისთანა ადგილებისაზედ, საცა და საიდამაც საქონლის მიტანა და მიწვდენა თავისუფალად შეიძლებოდა აღებ-მიცემობის გასამართავად, - და მეორის მისაღწევად ისა, რომ თავ-თავის სახელმწიფოებს საბაჟო ზღუდეები შემოავლეს. პირველ ხანებში პირველს მიმართულებას უფრო უპირატესი და უაღრესი ადგილი ეჭირა ევროპის პოლიტიკაში და ყოველი სახელმწიფო, რომელსაც კი (როგორც, მაგალითებრ, ისპანიას, საფრანგეთს, ინგლისს, იტალიას) გზა თავისუფალი ჰქონდა ზღვებზედ სავლელად, მიესია სხვა შორეულს ქვეყნებს დასაპყრობად, და ვისაც ზღვის გზა არა ჰქონდა, როგორც, მაგალითებრ, რუსეთს, მან ზღვებისაკენ გაიწია, რომ კარი გაიღოს შინიდამ გარედ გასასვლელად.
ეს მიმართულება ერთს დროს ისე გაძლიერებული იყო, რომ თვითეული დიდი სახელმწიფო თითქმის მარტო ამისათვის იყო მოცლილი და თითქმის მარტო ამას ალევდა თავის ძალ- ღონესა. მაშინ, ვინც რა მოასწრო და შეირჩინა, დღეს თვითეულს ხელთ უპყრია და მაგრად ეჭიდება. მას აქეთ ეს მიმართულება ცოტად თუ ბევრად განელდა, დაწყნარდა, ჯერ იმიტომ - რომ თითქმის რაც სახარბიელო ადგილები იყო, უკვე დაჭერილია, და მერე იმიტომ - რომ თვითონ კვლავ დასაჭერი ქვეყნები თავგამოდებით ეურჩებიან უცხოთა ზედმისევასა და ისე ადვილად აღარ უვარდებიან სხვას ხელში, როგორც უწინ. ამას გარდა, თვით სახელმწიფოთა შორის ცილობა და შური ყველგან მოსარჩლეს უჩენს დასაჭერად ნიშანში ამოღებულს ქვეყანასა, თუ ერთი მათგანი სხვის დაუკითხავად წაეტანა. დასაჭერი ქვეყნები ამ სარჩლში, შურისა და ცილობისაგან გამოწვეულში, თავის დასახსნელს ღონესა ჰპოებენ, როცა გაუჭირდებათ ხოლმე.
ამის გამო, თუ სხვა მიზეზით, ამ მიმართულებისაგან მოიცალა სახელმწიფოთა პოლიტიკამ და ცოტად თუ ბევრად სხვა პოლიტიკისათვის ადგილი დაათმობინა. დიპლომატიამ იგრძნო, რომ დაზიანება სხვა სახელმწიფოსი მარტო იმით არ მოხდება, რომ სხვაგან ბევრს ადგილას ბინა და ფეხი მოიკიდოს სააღებ-მიცემოდ; შესაძლოა მოცილე და სამტროდ თავგამოდებული სახელმწიფო სხვა გზითაც შეჰხუთოს. ეს გზა ის არის, რომ მისი საქონელი თავის საზღვრებში არ შემოუშოს, არ გააჭაჭანოს, ამისათვის ტამოჟნები და საბაჟოები დაჰმართონ და ამით ბაზარი აღებ-მიცემობისა ცოტად თუ ბევრად მოაკლონ და დაუკეტონ.
ძალმომრეობა ტამოჟნებისა და საბაჟოებისა დიდია ქვეყნის საეკონომიო ცხოვრებისათვის. საბაჟო გადასახადის მეტნაკლებობაზედ ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც სხვა სახელმწიფოებისათვის, ისეც თვით ბაჟის დამდებისათვისაც. ამ ბაჟს შინაც და გარეთაც ბევრი წყენა შეუძლიან, თუ კაცი გაუფრთხილებლად და წინდაუხედავად მოიქცა. რადგანაც ესეა, დღეს თვითეული მოცილე სახელმწიფო ჰცდილობს თავის მოპირისპირეს ამ მხრით ავნოს რამე და საქონელს, რომლის სიმრავლითაც მოპირისპირე სახელმწიფო სცხოვრობს და იკვებება, იმოდენა ბაჟი დასდოს, რომ სახსარი და ილაჯი არა ჰქონდეს, გაიჭაჭანოს ბაჟის დამდებს სახელმწიფოს ბაზარში.
ეს ორპირი მახვილია, თუ ზოგიერთს მეცნიერებს ვკითხავთ: ერთის პირით სახელმწიფო ჰვნებს სხვას და მეორითა თავის საკუთარს თავსაო. ასეა თუ არა, ამას შემდეგ წერილებში გამოვიძიებთ შეძლებისამებრ.
II
ტფილისი, 6 ივნისი, 1887 წ.
ჩვენა ვსთქვით, რომ უცხო ქვეყნების საქონლის შემოტანაზედ დადება ბაჟისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, გადასახადისა, ახალი ამბავი არ არის კაცობრიობისათვის. ეგ ბაჟი, ანუ გადასახადი, არამცთუ გარედამ შემოსატან საქონელზედ იყო უწინ, არამედ შინაურს საქონელზედაც. ამიტომაც შინაც ზოგიერთგვარ საქონლისათვის ჰქონდათ ხოლმე გამართული საბაჟოები და ზოგიერთი საქონელი ერთსა და იმავე სახელმწიფოში ერთის ადგილიდამ მეორეში ვერ გადავიდოდა უბაჟოდ. ამ უკანასკნელმა წყობილებამ თავისი დრო მოჭამა და დღეს პირველსაჭიროდ სახმარი საქონელი ყველგან ამ ბაჟისაგან დახსნილია. თუ არის კვლავ რაზედმე, მარტო იმისთანაზედ, ურომლისოდაც კაცს გაუჭირებლად ცხოვრება შეუძლიან და რომელიც უფრო განსაცხრომია და საქეიფო, ვიდრე საჭირო, მაგალითებრ, არაყი, თამბაქო და სხვა მისებრი.
ჩვენ ამ შინაურს ბაჟზედ დღეს სიტყვის ჩამოგდება არ გვინდა. ჩვენი სურვილია ვაუწყოთ ჩვენს მკითხველს ზოგიერთი რამ იმგვარს ბაჟზედ, რომელიც უცხოთა ქვეყნების საქონელზეა მიმართული. ამგვარი ბაჟი განსაკუთრდა მეშვიდმეტე საუკუნეში და სულ ცალკე, საკუთრად მისი შესაფერი წყობილება მიიღო. ამ ბაჟს ეხლა „სატამოჟნო“ ბაჟს ეძახიან და თუ საქონელმა რომელსამე ქვეყანაში შემოსვლის უმალვე ეს ბაჟი არ გადიხადა, ბაზარში ვერ გაიჭაჭანებს.
თავდაპირველად ამგვარის ბაჟის დადგენას და შემოღებას მარტო საფინანსო მიზეზი და საბუთი ჰქონდა, როგორც სხვა ყოველგვარს ბაჟსა. სახელმწიფო ჰფიქრობდა ამით ერთი მეტი წყარო ჰქონიყო შემოსავალისა და დღეს ეს არა-პირდაპირი გადასახადი კარგა დიდს ლუკმას იძლევა სახელმწიფო ხაზინისათვის, თუ კი სახელმწიფოს ეს საქმე კარგად მოწყობილი აქვს. ხოლო თვით საქმის მსვლელობამ დროთა განმავლობაში აჩვენა სახელმწიფოს მმართველთა, რომ ეს სატამოჟნო ბაჟი არამც თუ საფინანსო, არამედ საპოლიტიკო და საეკონომიო აზრითაც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს. მიაგნო, რომ შესაძლოა ამით უმტრონ კიდევ სხვა სახელმწიფოსა, რომელსაც საქონელი შემოაქვს, და შემწეობაც აღმოუჩინონ შინაურს მრეწველობასა გაძლიერებისათვის.
ქვეყანა ისეა განგებული და განწყობილი, რომ რაც ერთს ბევრი აქვს, ის მეორეს ნაკლები და ეს მეტნაკლებობა იძულებულ ჰყოფს ყოველს ცალკე სახელმწიფოს თავისი მეტი გაიტანოს სხვაგან გასასყიდად და რაც აკლია შემოიტანოს სხვისაგან სყიდვითვე. ამ მეტნაკლებობის გამო თვითეული სახელმწიფო სხვისი მუშტარიც არის და თავის საქონლის გამსყიდველიცა, ესე იგი ამღებიც არის და გამცემიცა. აქედამ არის წარმომდგარი ერთთაშორისი აღებ- მიცემობა, ვაჭრობა.
რა თქმა უნდა, რომ იგი სახელმწიფო არის მოგებაში ხოლმე, რომელიც თავის მეტსა ბლომად ასაღებს და სხვისას ნაკლებ ჰსაჭიროებს, რომელიც თავის მეტს ბლომად ჰყიდის და სხვისას- კი ცოტას ჰყიდულობს. ამ ბევრის გაყიდულისაგან ცოტას ნასყიდის ფასი რომ გამოითვალოს, დანარჩენი იმ ნატამალს შეადგენს, რომელიც წმინდა მოგებაა სახელმწიფოსი. ეგრეთწოდებული სავაჭრო ბალანსი იგი სასწორია, რომელიც ამ ნატამალის მეტნაკლებობას აჩვენებს და როცა ამ სასწორზედ გაყიდულის ფასი მეტია ნასყიდისაზედ, მაშინ იტყვიან ხოლმე: სავაჭრო ბალანსი ჩვენი სასარგებლოა, და როცა არა, საზიანოაო.
აქედამ აშკარადა სჩანს, რაზედ უნდა მიქცეული იყოს მეცადინეობა ყოველის სახელმწიფოსი საერთაშორისო აღებ-მიცემობის საქმეში: უნდა ყოველი ღონე იღონოს, რომ თვითონ რაც შეიძლება ნაკლებ გაუწიოს მუშტრობა სხვის საქონელსა და სხვა-კი თავის საქონლისათვის დიდ მუშტრად აიჩინოს. აი სწორედ აქა და აქედამ ჰმტრობენ ხოლმე ერთმანეთს სახელმწიფოები, როცა ერთმანეთს აეშლებიან. აი, მაგალითად, თუნდ ინგლისი ავიღოთ. ეკონომიური ძალ-ღონე საკუთრივ ინგლისისა საფაბრიკო და საქარხნო საქონელია. ამგვარი საქონელი ისე ბლომად აქვს, რომ ძლივძლივობით ასაღებს ამ მთელს ქვეყნიერობაზედ. ვსთქვათ ამისთანა დიდმა სახელმწიფომ, როგორც რუსეთია, რომელსაც ასი მილიონი მკვიდრი ჰყავს, არ შემოუშვა ინგლისის საქონელი თავის ქვეყანაში და კარები გამოუგულა. აშკარაა, ასის მილიონის მუშტრის მოკლება დიდად საგრძნობელია და საზიანო უნდა იყოს თუნდ იმისთანა სახელმწიფოსათვის, რომელსაც სხვა ბაზრებიც აქვს თავისის გონიერებით წინადვე დაჭერილი. რამოდენადაც ეს ასი მილიონი მუშტარი სიმდიდრეს შესძენდა ინგლისს, როცა მის საქონელს იყიდდა, სწორედ იმოდენად გააღარიბებს, როცა აღარ იყიდის, და გაღარიბება ხომ უღონობაა. უღონობა მტრისა, თუმცა ღონეს არა ჰმატებს მოპირდაპირესა, მაგრამ ძლევის იმედს კი უძლიერებს და მტერს გზიდამ აცლის.
რასაკვირველია, სახელმწიფონი, რომელნიც საომრად გადაკიდებულნი არ არიან, ვერ გაუბედვენ თავისის ქვეყნის კარები გულახდილად და პირდაპირ ჩაუკეტონ ერთმანეთსა, რაც უნდა სამტროდ გული უცემდეთ. ესეთი ქცევა შესაძლოა ომის მიზეზადაც შეიქმნეს და ჩვეულებად მიღებული არ არის ევროპის პოლიტიკაში. რომ ეს ასე არ მოუხდეთ, სხვა გზით მოუვლიან ხოლმე საქმეს, როცა ერთსა ჰსურს მეორეს ავნოს და ზიანი მიაყენოს. ღონედ რასაკვირველია, ისევ იმ „სატამოჟნო ბაჟსა“ ჰხმარობენ. სხვის საქონლის დენას გზა რომ გადუღობონ, აიღებენ ხოლმე, ამ ბაჟს იმოდენად გაადიდებენ, და მით საქონლის ფასს იმოდენად ასწევენ, რომ კაცი დღის სავალზედაც ვერ მიეკარება.
იტყვიან, ეგ ხომ ისევ ის კარის დაკეტა გამოვიდაო. მართალია, მაგრამ აქ ერთი იმისთანა პატივსადები მიზეზი მოჰყავთ ხოლმე, რომ გულნატკენს სახელმწიფოს ხმაც ვერ ამოეღება, თუმცა გულში კი ჰგრძნობს, რომ მოპირისპირე ერთსა ჰკაკანებს და კვერცხს-კი სხვასა სდებს. მიზეზად იმას ამბობენ, რომ იმ საქონლის შექმნა, რაც სხვიდამ შემოგვაქვს, ჩვენც შეგვიძლიანო; ამ შეძლებას აბრკოლებს ის გარემოება, რომ სხვისი საქონელი ჩვენს შინაურს ბაზარში სჩაგრავს და გზას არ აძლევს ჩვენს საქონელსა; როცა სხვის საქონელს ჩვენის ბაზრიდამ დავითხოვთ, მაშინ ბურთი და მოედანი ჩვენს ერსავე დარჩება, და რადგანაც საქონელი ერისათვის საჭიროა და რადგანაც როგორც გიჭირს, ისეც გიღირს, ამიტომაც ჩვენი ერი მოჰკიდებს ხელს მაგ საქონლის მრეწველობასა, მრეწველობა გაძლიერდება, ერი გამდიდრდება და თავისას თვითონვე გაჰყიდის და იყიდისო. ამ სახით ერის პირიდამ გავარდნილი ლუკმა მის ჯამშივე ჩავარდებაო.
რა თქმა უნდა, რომ როცა სახლში შიმშილით ბალღები გიტირიან, მაშინ ტაბლის გარეთ გატანა სულელობაა; როცა კაცს თვითონვე შეუძლიან თავის საქმეს გამორჩეს რასმე, მაშინ უჭკუობა იქნება, თვითონ გულხელი დაიკრიფოს და გამოსარჩომი სხვას დაანებოს. მაგრამ საკითხავი ეს არის, მართლა ეგრე-კი მოხდება ხოლმე, როცა სხვის საქონელს ბაჟის შემოწმებით გზას არ აძლევენ?
მეცნიერებამ დიდი ხანია ყურადღება მიაქცია ამ საკითხავს და ბევრი ჰო და არა ითქვა ამის გამო. დღეს ამ საგანზედ გადაწყვეტილი პასუხი არ არის მოცემული მეცნიერებისაგან. ამ საგანზედ ორგვარი წყობაა აზრისა, ერთმანეთის მოპირისპირე: ერთს ფრიტრედერობას ეძახიან, და მეორეს პროტექციონობას, დღეს არც ერთს ჟურნალს და არც ერთს გაზეთს ისე ვერა ჰნახავთ, რომ ამ ორში ან ერთს სახელს არ ახსენებდეს და ან მეორესა. ამიტომაც არ იქნება ჩვენ მიერ მეტი გამოვირკვიოთ, რა იგულისხმება ან ერთს სახელწოდებაში, ან მეორეში. ეს გამორკვევა მით უფრო საჭიროა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ ბოლოს დროს ერთხელ ქებულს ფრიტრედერობას თითქო ზურგი შეუქცია და ერთხელვე გმობილს პროტექციონობას მოჰკიდა ხელი, იმოდენად თავისად გამოსარჩომად არა, რამოდენადაც სხვის სამტროდ და საზიანოდ.
III
ტფილისი, 9 ივნისი, 1887 წ.
ჩვენი გაზეთის NoNo 112 და 113 ლაპარაკი ჩამოვაგდეთ ფრიტრედერობასა და პროტექციონობაზე, რომელნიც ორს სხვადასხვა ნაირს სისტემას შეადგენს შინაგანთა საქმეთა წყობისა და მსვლელობისათვის. რადგანაც დღეს არც ერთი პუბლიცისტი არ არის, რომ რომელსამე ჟურნალსა ანუ გაზეთში ან ერთს, ან მეორეს სისტემას არ ურჩევდეს თავის მთავრობასა, ამიტომაც საჭიროდ დავინახეთ ცოტად თუ ბევრად გვცოდნოდა, რაში მდგომარეობს ან ერთისა და ან მეორის არსება და ბუნება.
ამ ორსავე სისტემას ცალ-ცალკე დიდი ლიტერატურა მიუძღვის წინა; ბევრი რამ არის ერთსა და მეორეზედაც თქმული, მაგრამ ჩვენ ყოველს ამას ვერ გამოვუდგებით, რადგანაც სამეცნიერო ტრაქტატს არა ვწერთ. ამიტომაც ნუ დაგვემდურებიან, თუ ჩვენ მარტო მოკლედ ახსნას და განსაზღვრას მოვუნდებით თვითეულის სისტემისას.
ფრიტრედერობა წარმომდგარია ინგლისურის სიტყვისაგან free trade და სიტყვა-სიტყვით რომ ითარგმნოს, ჰნიშნავს: აღებ-მიცემობის თავისუფალებას. მოძღვრება მეცნიერობისა, რომელიც ჰქადაგებს აღებ-მიცემობის თავისუფალებასა, იმაში მდგომარეობს, რომ სააღებ- მისაცემო საქონელი, შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველის ბაჟისა და გადასახადისაგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლობისაგან შეხუთული არ უნდა იქმნას. ეს მოძღვრება იმაზეა დაფუძნებული, რომ თავისუფალად მოარული საქონელი, არ-შეხუთული არც ბაჟისა და არც რაიმე ფორმალობისაგან, ყველასათვის ადვილად მოსაპოვებელია და მისაწვდენი, — ჯერ იმის გამო, რომ გახშირებულია და მერე იეფია, რადგანაც ბაჟისა და ან რაიმე შევიწროებისაგან განგებ ფასაწეული არ არის. მართალიც არის. ბაჟი, დიდია თუ მცირე, განგებ ზედშეკეცილი გადასახადია, და რამოდენადაც იგი დიდია, იმოდენად განგებ აძვირებს საქონელსა და ამ გზით საქონლის ფასი, რომელიც თავის საკუთარის არსების კანონებისაგან განისაზღვრება და დაიდგინება ხოლმე, ბაჟისა და სხვა რაიმე შევიწროების მეტნაკლებობასაც უნდა ექვემდებარებოდეს და ეკითხებოდეს. სახელმწიფო, რომლის მიზეზი და საბუთი არსებობისა სხვა არა არის რა, თუ არ მკვიდრთა კეთილდღეობისათვის მზრუნველობა, უნდა იმასა ჰცდილობდესო, ამბობენ ფრიტრედერობის მომხრენი, რომ ცხოვრებისათვის საჭირო საქონელი ადვილად და იეფად მოსაპოებელი იყოს ყოველის მკვიდრისათვისო, რადგანაც მკვიდრი კაცი მით უფრო ეკონომიურად ბედნიერია,რამოდენადაც უფრო სავსედ, უფრო მთლად ჰშოულობს სარჩო-საბადებელსა და რამოდენადაც უფრო ბევრს საჭიროებას ცხოვრებისას იკმაყოფილებს ადვილად და გაუჭირებლადო.
ამ მოძღვრებამ ფეხი აიდგა ევროპაში ადამ სმიტის* მეცადინეობითა. ეგ ადამ სმიტი მამამთავრად ითვლება საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებისა. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ეს მოძღვრება თმას ყალხზედ აუყენებდა კაცობრიობას და კაცობრიობის სვე-ბედის გამგებელთა, რომელთაც ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვევარს ლხინსა. მით ამ ადამ სმიტის მოძღვრებას ბევრი არა დააკლდა-რა და თანდათან უფრო ძლიერ ფეხს იკიდებდა. ამ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ხანებში ინგლისში შესდგა კიდეც რაღაც დასი თავისუფალის აღებ-მიცემობის მომხრეებისა. სახელოვანებმა ინგლისელებმა კობდენმა, ბრაიტმა და სხვებმა შეადგინეს 1831 წელსა საზოგადოება, რომელსაც ეწოდებოდა ანტიკორნლაუ ლიგი და რომელნიც თავისუფალ აღებ-მიცემობის მოძღვრების ძალით ჰთხოულობდნენ სამზღვარგარეთიდამ შემომავალს პურს ყოფილი ბაჟი სრულებით აეხსნასო. ეს პირველი იერიში იყო პროტექციონობაზედ მიტანილი.
ამ თავისუფალ აღებ-მიცემობის მოძღვრებამ იმოდენად იმუშავა და იმოდენა თანაგრძნობა მოიპოვა, რომ როცა ინგლისში მთავარმინისტრად გახდა სერ რობერტ პილი 1841 წელსა, და მასთან ერთად მინისტრებად იყვნენ ველინგტონი და აბერდინი, მაშინ მაგ სამეცნიერო თეორიამ თვითონ ცხოვრებაშიც გზა გაიკაფა. ერთი უდიდესი სამსახური, რომელიც რობერტ პილმა გაუწია თავის ქვეყანასა, ის იყო, რომ 1846 წელს გააუქმა პურზედ დადებული ბაჟი, პური სულ მთლად გაანთავისუფლა ბაჟისაგან ღარიბთა მცხოვრებთა საოხად და საკეთილდღეოდ. მისისავე მეცადინეობით გაუქმდა ეგრეთ წოდებული „ზღვათმსვლელობის კანონმდებლობა კრომველისა“, რომელიც ასე თუ ისე ჰხუთავდა აღებ-მიცემობის თავისუფალს მიდენ-მოდენასა.
მაშინ ამ ამბავს მიეგება მთელი ევროპა როგორც ძლევამოსილობას, გამარჯვებას ლიბერალობისას და მთელი ქვეყანა აქებ-ადიდებდა ძლევამოსილობის და გამარჯვების ჩამდენს სერ რობერტ პილსა, რომელმაც თვითონ ინგლისში ამით ისეთი სახელი მოიპოვა, რომ თაყვანსაცემელი გახდა უმრავლესობისაგან. ამ მოძღვრებას მოსარჩლენი გამოუჩდნენ არა მარტო ინგლისში, საფრანგეთშიაც, ბევრი ცოტად თუ ბევრად სახელგანთქმულნი მეცნიერნი მიემხრნენ ამ მოძღვრებასა, მაგალითებრ, ბასტია, შევალიე, გარნიე პაჟეს და სხვანი. დროთა განმავლობაში ამ მოძღვრებამ ისეთი სახელი გაითქვა, რომ ერთაშორისმა კანონმდებლობამაც კი შეიწყნარა და სათავედ დაუდვა ყოველს თვისმოქმედებასა. ამ მოძღვრების საფუძველზედ შესდგა 1861 წ. აღებ-მიცემობის კონვენცია (ხელშეკრულება) ინგლისისა და საფრანგეთს შორის და 1865 წ. გერმანიასა და საფრანგეთს შორის.
IV
ტფილისი, 10 ივნისი, 1887 წ.
ევროპაში არსებობდა და მოქმედებდა უფრო თავისუფალ აღებ-მიცემობის სისტემა იმ დრომდე, ვიდრე გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს გადაეკიდებოდნენ. თ. ბისმარკი, რომელიც მანამდე ფრიტრედერობის მომხრე იყო, ამ სისტემას გადუდგა საფრანგეთის გამოჯავრებით, და ერთს დროს გერმანიის კანონმდებლობა საბაჟო საქმეში პროტექციონობაზე მიიმართა და საფრანგეთის საქონელს ბაჟით მიდენ-მოდენის გზა შეუკრა გერმანიაში. რა თქმა უნდა, ერთის ქცევა მეორესაც ამასვე აქნევინებდა და ამ გზით დღესა ვხედავთ, რომ თითქმის თ. ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე ფრიტრედერობისა. დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა პროტექციონობისა, ესე იგი იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით მიღებულ იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა-კი - პატივცემული, როგორც სისტემა ლიბერალობის მოძღვრებისა.
პროტექციონობა ცოტად თუ ბევრად ერთს წინა წერილშიაც ავხსენით, რა არსებისაც არის. იგი იქიდამ არის წარმომდინარი, რომ შინაურს მრეწველობას მოპირისპირე მოაცალოს შინაურს ბაზარში და მით თვით ამ სხვის ცილობისაგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოს და თავის ერს ერთი წყარო სარჩო-საბადებლის შოვნისა მოუმატოს. პროტექციონობა მოსარჩლეობაა, რადგანაც შინაურს მრეწველობას სარჩლს უწევს და ხელს უწყობს არსებობისა და გაძლიერებისათვის.
ყოველს ქვეყანას ან იმისთანა საქონელი შეაქვს და გამოაქვს სხვისაგან, რომელიც გარდაკეთებულია საფაბრიკო და საქარხნო მრეწველობით სახმარ ნივთად, ან იმისთანა, რომელიც უნდა გადაკეთდეს ფაბრიკებითა და ქარხნებითა. მაგალითებრ, მატყლი მაუდის გასაკეთებლად, ან კიდევ პირდაპირ სახმარი, მაგალითებრ, პური. როცა თავისუფლად მიდენ-მოდენაა საქონლისა, მაშინ რომელისამე სახელმწიფოს შინაურს ბაზარში დიდი ცილობაა და ბურთი და მოედანი ბაზრისა იმ სახელმწიფოსა ჰრჩება, რომლის საქონელიც უფრო უკეთესია და უფრო იეფი. ერს ამისაგან სიკეთისა და რგების მეტი არა მოსდის რა, იმიტომ რომ კარგს საქონელს იეფად ჰყიდულობს და მაშასადამე თავს ადვილად ირჩენს და იკვებავს.
პროტექციონელნი იძახიან, - ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ ამ სხვის საქონელს ვსთქვათ, კარგსა და იეფსა, რომ ჩვენი ერი სხვისაგან ჰყიდულობს, ხომ საფასურად აძლევს რასმეო; რაკი აძლევს, სჩანს ჩვენის ერის სიმდიდრე გარეთ გადის, სხვას გააქვს და ის არ სჯობია, ლუკმა გავარდეს და ჯამშივე ჩავარდესო, სხვის საქონლის სასყიდლად გაღებული ქონება ისევ ჩვენს ერს შინ დარჩეს და თვითონ მოიხმაროსო; თუ ჩვენს ბაზარს სხვებისათვის როგორმე დავკეტავთ, ჩვენი ქონება ვაჭრობის გამო გარეთ აღარ გაიზიდება და ჩვენშივე დატრიალდებაო. გარდა ამისა, იგი საქონელი, რომელიც სხვისაგან შემოგვაქვს და მის სამაგიეროდ ჩვენი სიმდიდრე გარეთ გაგვაქვს, განა ჩვენში კი არ გაკეთდება, ჩვენში-კი არ შეიქმნებაო. რომ ჰკითხოთ: თუ ეგრეა, რატომ ეხლა-კი არა კეთდებაო? ამაზედ აი რა პასუხს იძლევიან: არა კეთდება იმიტომ, რომ სხვანი გვეცილებიან, სხვებს უფრო კარგი საქონელი მოაქვთ და უფრო იეფად ჰყიდიან, და რაკი ესეა, ცილობას ვერ გავუწევთო, რადგანაც კაცი იმას ეტანება, ვისაც კარგი და იეფი საქონელი აქვსო; ოღონდ საქონელი კარგი და იეფი იყოს და ვაჭრობაში იმას არ დაგიდევენ, ჩვენი კაცი ჰყიდის, თუ სხვა კაციო. თუ ამისთანა მოცილეს თავიდამ მოვიშორებთ, მაშინ კი საქმე სულ სხვა იქნება: თვითონ ჩვენი ერი, კარგად იქნება თუ ავად, ხელს მოჰკიდებს საცილობელის საქონლის კეთებასა და ამ გზით თვითონ შინ გაგვემართება იგი მრეწველობა, რომლის უქონლობის გამო დღეს სხვანი ისე გვწოვენო. რა ვუყოთ, რომ პირველ ხანებში ჩვენი ახლად ფეხადგმული მრეწველობა იმისთანა კარგს და იეფს საქონელს ვერ მოგვაწვდის, როგორსაც ეხლა სხვა ქვეყანა გვაწვდისო. თავი შევიმაგროთ, მოვითმინოთ; ამ პირველ ხანების უკეთურებას და სიძვირეს ჩვენისავე სიკეთისათვის როგორმე გავუძლოთ და დრო მოვა და შინაური ცილობა საქონელსაც გაგვიკარგებს და იეფობასაც ჩამოგვიგდებსო. განკარგებულის და გაძლიერებულის მრეწველობისაგან ჩვენი ერი სიმდიდრის წყაროს გაიჩენს, და თვითონ ქონება ჩვენი, რომელიც ეხლა სხვის საქონლის სყიდვისა გამო გარეთ გადის და სხვას მიაქვს, ჩვენვე და ჩვენშივე დაგვრჩებაო.
რა გზით ნდომულობენ ამ ბედნიერების ჩამოგდებას პროტექციონელნი? ამისათვის ერთადერთი ღონეა „ტამოჟნა“, ესე იგი, საბაჟო. რომელი სახელმწიფოც ამ პროტექციონობას მისდევს, იგი იმოდენა ბაჟს ადებს შემოსატან თუ გასატან საქონელს და იმისთანა წესებით ჰხლართავს საქონლის გატან-გამოტანის საქმეს და ამაებით იმოდენად ჰზრდის საქონლის ფასსა, რადგანაც ბაჟი ზედ ეკეცება, რომ ბაზარი ვეღარ იფერებს, თუ ძალიან არ უჭირს საქონელი. ამ გზით საქონლის მიდენ-მოდენას წინ ისეთი უშველებელი ზღუდე აემართება ხოლმე, რომ ვერასგზით ვერ გაირღვევა.
ამისთანაა ბუნება პროტექციონობისა სათავიდამვე დაწყობილი ბოლომდე. ეს ხომ ასეა, და იქნება ამ მხრით ამ სისტემას ცოტა რამ საბუთი ჰქონდეს, თუმცა-კი ქვეყნისათვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შენაობის გაურჩევლად. ვაჭრობა, აღებ-მიცემობა ბუნებითად იმისთანა რამ არის მუშტრისათვის, თუ თვითონ ვაჭრისათვის, რომ მარტო რგებას და გამორჩომას დაგიდევს და სხვა არაფერსა. ხოლო საქმე ის არის, რომ ხშირად ამ სისტემას სხვა განზრახვითაც სჭიდებენ ხელსა და თავს-კი იმ საბუთებით ჰმართლულობენ, რაც ზევით მოვიხსენიეთ. დღეს თუ ამ სისტემის მომხრეობას გზა გაეხსნა ევროპაში, სხვა განზრახვის ბრალი უფროა, ჩვენის ფიქრით, ვიდრე, იმ საბუთებისა, რომელი ძალითაც პროტექციონობა ცოტად თუ ბევრად სახეში მისაღებია. დღეს ერთიმეორეს ამ გზით უთხრიან ორმოსა.
დღეს გერმანია რომ ბისმარკის ძალდატანებით რაც ძალი და ღონე აქვს პურზედ ბაჟს უმატებს და უმატებს, ვითომ რა აზრი და განზრახვა უნდა მოეჩხრიკოს ამ დაუდგრომელს მატებასა. გერმანიას, რომელიც პურის მოსავლის მიხედვით მდიდარ ქვეყნებში არ ჩაითვლება და რომელსაც, მაშასადამე, სხვის პური უჭირს, ამ ბაჟის მომატებით პური ხომ უნდა გაუძვირდეს. გაძვირება ხომ ღარიბის კაცის სულის შეხუთვას მოასწავებს. ნუთუ მართლა იგი გერმანია თავის ერს და ქვეყანას იმისთვინა სწირავს, რომ პურის მოსავალი შინ გაიძლიეროს! პური ხომ შამპანური ღვინო არ არის, რომ უიმისობა გერმანიის ერმა ითმინოს იმ დრომდე, ვიდრე თვით ბევრი მოიყვანდეს, პური იმისთანა საჭიროებაა, რომ უიმისობა და შიმშილით სიკვდილი ერთია და მინამ პავლე მოვა, პეტრეს ხომ ტყავი გასძვრა!
თუმცა ეს ასრეა, მაგრამ თ. ბისმარკი შარშანდელს აქეთ სულ იმასა ჰცდილობს, პურს იმოდენა ბაჟი დაადოს, რომ გერმანიის ბაზარში სხვის პურმა აღარ გაიჭაჭანოს. ცხადია, ნიშანში რა აქვს ამოღებული თ. ბისმარკსა: იგი სახელმწიფო, რომელიც დღეს-აქამომდე დიდძალს პურს ასაღებდა გერმანიაში, დღეს გერმანიის ბაზრისაგან გამოკლებული უნდა იყოს და ამით ცოტად თუ ბევრად დაზიანდეს, ესე იგი ჯიბე შეუსუსტდეს. ამ სახით თ. ბისმარკი ისარს ისვრის და შვილდს კი ჰმალავს, პროტექციონობის კალთაში გამოხვეულს.
ამისთანა გარემოებას არ შეიძლება სხვანიც არ გადაეხარა პროტექციონობის მხარისაკენ და აი დღეს თითქმის ყველგან პროტექციონობის გაძლიერებას ვხედავთ, თუმცა მეცნიერებისაგან- კი ანდერძაგებულია და დაწუნებული.