საპოლიტიკო მიმოხილვა
- nino otiashvili
- Jan 8, 2024
- 6 min read
1882 წელი, თებერვალი.
როცა ჩვენ „ივერიის“ იანვრის წიგნში ვსთქვით, ომის სუნი მოგვდისო, მაშინ ჯერ ომის ატეხის შესახებ არამცთუ ხმა რამ, ჩამიჩუმიც არ იყო გაზეთებში. ამ ბოლოს დროს-კი ეგ ხმა მეტად გაძლიერდა, და დღეს თუ ევროპაში ლაპარაკია რაზედმე, სალაპარაკო საგანთა შორის ომის (და დიდის ომისაც) მოლოდინს უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს. არ არის ევროპაში არც ერთი თვალსაჩინო სახელმწიფო - ომის ფიქრში არ იყოს და იმის ცდაში, თუ მხედრობა როგორ ისე მოაწყოს - კაცით, ტყვია-წამლით, თუ თოფ-იარაღით, რომ ყოველ შემთხვევისათვის მზად იყოს. გერმანია, რომელმაც საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ბატონობა დაიჩემა ევროპის საქმეებში, დიდი ხანია შემდგარია - თავისი გამოჩენილი მხედრობა უფრო გააძლიეროს, და ეს საქმე უჩუმრად ისე მიჰყავს, რომ ძილს და მოსვენებას უფრთხობს მოსაზღვრეებსა. ავსტრო-ვენგრია, რომელიც ძალაუნებურად აითრია ბისმარკმა, დიდ ძალას ატანს თავის ჯიბეს და არა ხარჯს არ ერიდება, რომ ომს მოუმზადებელი და კარგად გაუმართველი არ შეესწრას. იტალიის სამხედრო მინისტრმა მოსთხოვა პარლამენტს - ღონისძიება მომეცითო, მხედრობას ჯარისკაცი მოუმატოო. აქამდის იტალიის მხედრობა შესდგებოდა 430 ათასი კაცისაგან და ეხლა მინისტრი ითხოვს, საჭიროა 200 ათასი კაცი კიდევ ჩავუმატოთო, და ამ სახით თოფ-ქვეშ 630 ათასი კაცი ვიყოლიოთო. გარდა ამისა, თვით იტალიის დედაქალაქი უნდა შესაფერად გამაგრებულ იქმნასო ბურჯებით და ციხეებით და ამისათვის წინათ გადადებულ თერთმეტს მილიონს კიდევ ათი მილიონი უნდა დავუმატოთო. საფრანგეთიც არ ჩამორჩომია სხვებს ამ საქმეში. აქაო-და ტუნისზედ გავილაშქრე და ეგვიპტეშიაც საქმე გამიჩნდაო, ამ მიზეზს ხელზედ იხვევს და თავის მხედრობის საქმეს დიდის მეცადინეობით აწყობს და წინა ჰსწევს, მითამ-და ევროპის გაჭირვებული ყოფა და მდგომარეობა აქ არაფერს შუაშია. სამხედრო მინისტრი საფრანგეთისა, გაზეთების სიტყვით, აპირებს თურმე მოსთხოვოს პარლამენტს უფლება რეზერვების მოწვევისა პარლამენტის წინასწარ დაუკითხავად. ესეც ფრიად საყურადღებო ნიშანია: მაგისთანა უფლებას თხოულობენ ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა უეცარის შემთხვევის, ანუ ფათერაკის მოლოდინი აზრად ასაღებია და ფიქრში მოსასვლელი.
რომ ეგ მოლოდინი მართლა-და აზრად ასაღებია, ამტკიცებს ის გარემოება, რომ საცა-კი მაგ საგანზედ ლაპარაკი ჩამოვარდნილა, არც ერთს მინისტრს გადაწყვეტილად ვერა უთქვამს-რა; როცა იტალიის პარლამენტის დეპუტატმა რიკოტტიმ შეიტყო, რომ სამხედრო მინისტრი ჯარის გაძლიერებას თხოულობსო, წინადადება შეიტანა პარლამენტში, მთავრობას ეკითხოსო, რა მდგომარეობაშია ევროპის პოლიტიკური საქმეებიო. მინისტრმა მაჩინიმ მთავრობის სახელით უპასუხა, რომ ამ საზოგადო გარემოებათა გამო, რომელშიაც იმყოფება დღეს ევროპაო, წინასწარ თქმა რისამე ძნელი რამ არისო, მაგრამ მე კი ვფიქრობო, რომ თუ ნიშნებია ერთმანეთთან შეჯახებისა, იმის იმედიც არისო, რომ მშვიდობიანობა არ შეირყასო. ყველამ კარგად იცის, რომ ომიანობის ხმის დაყრას ყოველი დიპლომატი ძალიან ერიდება მაშინაც კი, როცა ომი ცხვირწინ უდგათ. მაგრამ ესეც კი ვიცით, რომ ჩვეულებადა აქვთ მშვიდობიანობის ხმა გააგდონ მაშინაც, როცა მშვიდობიანობა ძირიანად შერყეულია. სჩანს, ეხლა საქმე საზღვარს იქით გასულა, რომ იტალიის დიპლომატი ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე საგანზედ ჰოსაც ამბობს და არასაც და გადაწყვეტილად და მოჭრით არ აღიარებს მშვიდობიანობის შეურყევლობას.
ეს ომის ატეხის ხმა უფრო გაძლიერდა და გახშირდა მას შემდეგ, რაც განთქმულმა რუსის გენერალმა სკობელევმა პარიზში სიტყვა წარმოსთქვა სერბიელ სტუდენტების წინაშე. სკობელევმა პირდაპირ უთხრა სტუდენტებს, რომ რუსეთმა სლავიანების კარგად განწყობისათვის ხელი, როგორც რიგია, ვერ გამოიღოო. ამის მიზეზი თითონ რუსეთი არ არისო. ჩვენ, რუსებს, ერთი დიდი გაიძვერა და მანქანა მტერი გვყავსო. მაგ მტერმა ისე გაგვაბა თავის მახეში, ისე ხელთ იგდო ბედი მთელის რუსეთისა, შინა, თუ გარეთა, რომ ყურმოჭრილ ყმებსავით ხან აქეთ გვაბრუნებს, ხან იქითაო, - ის მტერი ნემეციაო. დღეს იქნება, თუ ხვალე, რუსეთი დაეჯახება მაგ მტერსაო, ასტყდება ძლიერი ბრძოლა და სისხლის ღვრა, და იმედი მაქვს გამარჯვებული ჩვენ ვიქნებითო. „გახსოვდეთო, - უთხრა თურმე ბოლოს სკობელევმა, - ჩვენი, სლავიანების, მტერი, ნემეციაო. მშვიდობითო იმ დრომდის, ვიდრე მე და თქვენ საომარს ველზედ ერთმანეთს შევხვდებით და ერთმანეთს ძმურად მხარში ამოვუდგებითო“.
ამისთანა გაკადნიერებულმა სიტყვამ და მუქარამ ძალიან გააწბილა გერმანია და ევროპაც შეაფუცხუნა. პასუხად ამა სიტყვისა გერმანიის ჟურნალ-გაზეთობამ ერთხმად დაიძახა: ნუთუ წინდაუხედავს რუსის გენერალს ჰგონია, რომ გერმანია მოუმზადებელია და გულდაგულ ვერ დაუხვდება ამხედრებულ რუსეთსაო. თუ საქმეთა გარემოება სისხლის ღვრას მოითხოვს ჩვენგან, მაშინ საომარი მოედანი გამოაჩენს, გამარჯვება ვის დარჩებაო.
ლონდონის გაზეთს „Standard“-ს აუწყებს მისი კორესპონდენტი, თუ როგორ ჰსწყენია გერმანიის იმპერატორს ეს სკობელევის თამამი სიტყვა.
„მე, - ამბობს ის კორესპონდენტი, - ყოვლად სარწმუნო წყაროდამ შემიძლია გაცნობოთ, რომ იმპერატორმა ვილჰელმმა დიდის მწუხარების და ნანვით მოიხსენა რუსის გენერლის სიტყვა. მისმა დიდებულებამ ბრძანა: „იმედი მქონდა, დანაშთენი დღენი ჩემის მოხუცებულობისა მშვიდობით გამეტარებინა. ვწუხვარ, რომ ამ დღეს მოვესწარ, როცა ეგრე წინდაუხედავად მუქარას მითვლიან. თუ ამ მუქარას ბოლო არ მოეღო, მეც იძულებული ბიქნები სასტიკი ზომები მივიღოო. თუ წინდაუხედავს ამხედრებას სლავიანებისას, რომელსაც ეგრე თამამად ჰქადაგებს გენერალი სკობელევი გარეთ, და კატკოვი და მისი მეგობრები - შინ, არ შეაყენებს ამის შემძლებელი ხელი, და თუ იქამდის მივა საქმე, რომ რუსეთი საომრად გამოვა, მაშინ იცოდეს რუსეთმა, რომ ნემეცები, ანუ ავსტრიელები, დასახვედრად მზად იქნებიან. ბოლო ერთის მაგისთანა ამხედრებისა სულ სხვა იქნება, და არა ისეთი, როგორსაც ეგეთის გულდაჯერებით მოელოდება გენერალი სკობელევი“.
თუმცა გაზეთები ამბობენ, იმპერატორი ვილჰელმი მაგას არ იტყოდაო, მაგრამ მაიცდამაინც რუსეთის მთავრობამ საჭიროდ დაინახა გამოეცხადებინა, რომ გენერალი სკობელევი თავისით ლაპარაკობს, როგორც კერძო კაცი, და მის სიტყვებთან არავითარი კავშირი არა აქვს თითონ მთავრობასაო. ერთს რომელსღაც გაზეთს ნემეცებისას ამ გამოცხადების გამო ენაზედ მოსდგომია მოსწრებული სიტყვა ერთის დიპლომატისა და ის სიტყვა ამრიგად მოჰყავს: „გაზეთებისაგან მოთხრობილი ამბები მარტო მაშინ არიან დასაჯერნი, როცა ოფიციალურად ამ ამბებს უარს ჰყოფენო“.
ესეა თუ ისე, ეხლა თვითოეული სახელმწიფო ევროპაში იმის იდუმალ ცდაშია, რომ მომხრენი და მოზავენი იშოვოს და ომმა ისე არ მოასწროს, რომ განმარტოებული დარჩეს და უამხანაგოდ იძულებულ იქმნას საომრად გავიდეს. ჩვენა გვგონია, არ იქნება მეტი ვაუწყოთ მკითხველებს ზოგიერთი ამბავი იმის შესახებ, თუ რამდენ ბანაკად გაეწყობა ევროპა და ვინ ვის მოემხრობა, თუ ვინიცობაა ომი ატყდა.
გერმანიამ, როგორც უკვე ვიცით იანვრის წერილიდამ, ავსტრია ძალიან მოიმხრო. თუმცა ავსტრიას ჯერაც არ დავიწყებია ის მარცხი, რაც პრუსიამ მიაყენა და ბისმარკისაგან მწარედ დაკოდილი გული ჯერ-აქამომდე არ გაჰმთელებია, - მაგრამ, რაკი ესე შორს შეტოპა სლავიანების საქმეში, რაკი ეგრეთწოდებულს აღმოსავლეთის საქმეს ეგრე მჭიდროდ ჩაჰკიდა ხელი, უგერმანიოდ ერთ ბიჯსაც ვერ გადაჰსდგამს და ძალაუნებურად უნდა მიემხროს. ოსმალოც ძალიან შეეტყუბა ბისმარკის პოლიტიკასა და ბისმარკისაგან დიდს ავლა-დიდებას მოელის.
იტალია ჯერ როგორღაც ტოკავს. თუ გერმანიას მიუდგება, ავსტრიასაც უნდა მიუდგეს, და მაშინ ხელი უნდა აიღოს იმ იტალიელების გამოხსნაზედ, რომელნიც ჯერ კიდევ ავსტრიის ქვეშევრდომად არიან. თუ გერმანია დაჰპირდება იტალიას, მაგ გულისწადილს აგისრულებო, მაშინ ავსტრია გადუდგება გერმანიას და ეგ ვერაფერი საქმე იქნება ბისმარკისათვის, რომ მიიმხროს. იტალიაზედ ვერც იმ მანქანებამ გასჭრა, რომ ამას წინათ ბისმარკმა პაპის საერო უფლების აღდგენის მომხრეობა გამოიჩინა. იტალიის კოროლმა ჰუმბერტმა ამის შესახებ პირდაპირ და მტკიცედ წარმოსთქვა: „მე ვხედავ, რომ ცდილობენ — ერთხელ მორჩომილი საქმე (პაპის საერო უფლების მოსპობა) ხელახლად ფეხზედ წამოაყენონო. მაგრამ იტალია ამას არამცთუ ვისმე აქმნევინებს, ამაზედ ლაპარაკის ნებასაც არავის მისცემსო.“ როცა ასე ცხარედ და მოჭრით იტყვის ხოლმე იმისთანა კაცი, რომელსაც 630 ათასი კაცი თოფ-ქვეშ უდგა, მაშინ იმის სიტყვას თავისი
რიხი და ფხა აქვს. ბისმარკმა იგრძნო ამ სიტყვების მნიშვნელობა და მაშინვე შეუთვალა იტალიას, რომ პაპის მომხრეობა მე ფიქრად არა მქონია, და თუ გერმანიაში კათოლიკე სამღვდელოების საქმეს ხელი მოვკიდე, აზრად მქონდაო - მარტო გერმანიის შინაურის წყობილების განკარგება და სხვა არაფერიო. ამით იქნება ცოტად თუ ბევრად მოიმადლიერა იტალია, მაგრამ მომხრეობაზედ ჯერ კიდევ შორს არის.
მარტო საფრანგეთს და რუსეთს მთელს ევროპაში შეუძლიანთ დაახარბონ იტალია და მოიმხრონ. ამისათვის საჭიროა მარტო დაჰპირდნენ იტალიას იმ ადგილებს, რომელთ მკვიდრნი მცხოვრებნი ნამდვილი იტალიელები არიან და ავსტრიას კი ძალმომრეობით უჭირავს. იმ ადგილების ხელში ჩაგდება დიდი ხნის სანატრელია იტალიისათვის. მაშასადამე საფრანგეთს, რომელიც არასგზით არ მოემხრობა ბისმარკს, თუ ელზას- ლოტარინგია უომრად არ დაუთმო, და რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ეხლა ბისმარკი მოქმედობს, იტალიის მომხრობა უფრო უნდა ეადვილებოდეთ, ვიდრე ბისმარკს; იმიტომ რომ იტალიის ამ მხრით დასაკმაყოფილებლად არც საფრანგეთს და რუსეთს დააკლდებათ რამე და არც მათთა მოზავეთათვის იქნება საწყინო. თითონ გამბეტა ამ მოკლე ხანში იყო იტალიაში და არა გვგონია საგნად იტალიასთან ზავის შეკვრა არა ჰქონოდეს. მოახერხა გამბეტამ ეგ თუ არა, არ ვიცით. მხოლოდ ზოგიერთი ნიშნებია ვიფიქროთ, რომ ამ საქმეში გამბეტას მარცხი არ მოსვლია. მას შემდეგ, რაკი გამბეტა იტალიაში იყო, დესპანი საფრანგეთისა ტუნისში - რუსტანი - დესპანობიდამ დაითხოვეს და ტუნისიდამ ამერიკაში გაისტუმრეს დესპანადვე. ეს რუსტანი იტალიისათვის საამური კაცი არ იყო და იტალია ემდუროდა საფრანგეთს, რომ იგი ტუნისიდამ არ წაიყვანეს, თუმცა იტალია არა ერთხელ ამის სურვილს აცხადებდა. ეხლა კი საფრანგეთის მთავრობამ პატივისცა იტალიას და მისი უსიამოვნო კაცი მოაშორეს ტუნისსა. ამას გარდა, ამბობენ, საფრანგეთმა რვა იტალიის გაზეთი იყიდაო, რომ მათის შემწეობით იმოქმედოს იტალიის ერზედ თავის სასარგებლოდ და გერმანიის წინააღმდეგ. ყოველ ამის შემდეგ იმის ხმაც დავარდა, რომ იტალიას ავსტრიაზედ გული შეეცვალაო და ცოტა რამ სამდურავი გამოუჩნდაო. არც ეს არის კარგი ნიშანი ბისმარკისათვის, თუ მართალია.
რუსეთისა და საფრანგეთის შორის ზავის ჩამოგდება გერმანიის წინააღმდეგ, თუ გერმანია რუსეთზედ გამოილაშქრებს, ხომ ყველაზედ უფრო შესაძლებელია და ჭკუაში მოსასვლელი. ამ ბოლოს დროს საფრანგეთი ცდილობს რუსეთს პატივისცემა გამოუცხადოს და მისი გული მოიგოს. მინამ პოლიტიკური მახე ბისმარკისა ევროპაში გაიბმოდა და ომის სუნი დატრიალდებოდა, რუსეთის მთავრობა ძალიან ემდუროდა საფრანგეთსა, რომ ემიგრანტებს რუსეთისას არა სდევნიდა და საფრანგეთში ბინას აძლევდა. ეს კიდევ არაფერი: ყველასაგან ცნობილთა ვერა ზასულიჩმა და პეტრე ლავროვმა როშფორის გაზეთში „Intransigeant“ საქვეყნოდ გამოსცეს მანიფესტი და ითხოვეს — საზოგადოება შეეწიოს ფულით, რათა შესდგეს თანხა „რუსის მტარვალების მსხვერპლთა შესაწევნელადაო“. მთავრობამ საფრანგეთისამ ამისთანა საქმეზედ მაშინ
ყური მოიყრუა და გაზეთს საყვედურიც არ მისცა, და ეხლა კი თვით ლავროვი და ზასულიჩი გამოჰრეკა საფრანგეთიდამ, თქვენი ფეხი ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოსო. ინგლისის გულის მოსაგებადაც ამისთანა ღონისძიება იხმარა საფრანგეთმა. დღეის- აქამომდე ირლანდიის აგიტატორები და რესპუბლიკის მომხრენი ბლომად იყვნენ საფრანგეთში და აქედგან აწარმოებდნენ თავიანთ საქმეს ინგლისის წინააღმდეგ. საფრანგეთის მთავრობას ეხლახან გამოუცხადებია ამათთვის, რომ ერთის თვის განმავლობაში საფრანგეთის საზღვრებიდამ უნდა გახვიდეთო.
ამ სახით, თუ უეცარი მიზეზი რამ არ ჩამოერია ევროპის საპოლიტიკო საქმეში, ევროპა ორ დიდ ბანაკად შესაძლოა გაიყოს. ერთის მხრით გერმანია, ავსტრო-ვენგრია და ოსმალო, მეორეს მხრით - რუსეთი, საფრანგეთი და იტალია. საფრანგეთი და იტალია იმისთვის კი არ ჩაერევიან საქმეში, რომ რუსეთს უშველონ, არამედ იმისათვის, რომ პირველმა გერმანიას ჩამოართვას ელზას-ლოტარინგია, და მეორემ ავსტრიას იტალიის საკუთვნო ადგილები. ერთიც და მეორეც ჩამოეცლება რუსეთს, რომ ეს გულისწადილი როგორმე სხვა გზით აუსრულდეთ.