top of page

პრეზიდენტისა და მთავრობის შეცვლა საფრანგეთში და მისი საზოგადოებრივი მიზეზები

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 6 min read

ტფილისი, 13 იანვარი, 1895 წელი.


ყველაზე უდიდესი ამბავი ამ ბოლო ხანებისა ის არის, რომ პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკისა კაზიმირ პერიე სამსახურიდამ გადადგა. ამ მოულოდნელმა ამბავმა ელვასავით მოირბინა მთელი ქვეყანა და ბევრგან ჩააფიქრა სხვადასხვა სახელმწიფოების ბედის გამგებელნი და, რა თქმა უნდა, ყველგან ჰკითხულობენ, რამ აიძულა ეს თავი საფრანგეთის ერისა, რომ ასე მოიქცაო. მიზეზი გადადგომისა თითონ კაზიმირ პერიემ ახსნა. პრეზიდენტის სახელს საკმაო პატივისცემით არ ექცევიანო, უპატიურად ეკიდებიან ჟურნალ-გაზეთები და ცალკე პირნიო. მე რადგანაც საფრანგეთის ერის თავი ვარ, ეს უდიდესი ადგილი და თანამდებობა ნებას არ მაძლევს ჩემი ღირსება მევე დავიცვაო და ისინი-კი, ვინც მე პრეზიდენტად, ჩემდა უნებურად, ამირჩიეს, არავითარს სარჩლს არ მიწევენო.


ესეთი საბუთი სამსახურიდამ გადადგომისა არავინ მოუწონა კაზიმირ პერიეს და ყოველგან, საფრანგეთს აიღებთ, თუ სხვა ქვეყნებს, გადადგომილს პრეზიდენტს ამისათვის ჰკიცხვენ: შეშინდა ვითარცა მხდალი და გაიქცაო. კარგად მოიქცა კაზიმირ პერიე, თუ ცუდად, ჩვენ ამის გარჩევას არ გამოვუდგებით. ჩვენა გვგონია, დაუდგრომლობას და ხანმოკლეობას ერთობ საფრანგეთის საქმეთა მმართველობისას სხვა, სულ სხვა მიზეზი უნდა ჰქონდეს, და ამისთანა საბუთები, როგორც კაზიმირ პერიე ამბობს, ან იმისთანა, რომლის გამოც მთელი სამინისტრო მისი სამსახურს დაეთხოვა, ისარია, რომლის მშვილდი-კი დამალულია საფრანგეთის დღევანდელ შინაურ საქმეთა ავკარგიანობაში.


რომელიც გნებავთ სახელმწიფოს ცხოვრება აიჭეთ, ყველგან ერთს აუცილებელს ამბავს შეხვდებით. ხან სახელმწიფოს იმისთანა ხანა დაუდგება, რომ სარწმუნოების საგნები უპირატესს ადგილს იჭერენ ერის და სახელმწიფოს ცხოვრებაში და ეს საგნები შეიქმნება ხოლმე მიზეზად ერის განხეთქილებისა, დასებად დაყოფვისა და დასების ერთმანეთთან ბრძოლისა; მაშინ ჭკუა და გონება ერისა უპირატესად ამ საგნების წრეში ტრიალებს და მოქმედობს. ხან იმისთანა დრო და ჟამი მოდის, რომ სახელმწიფო და საქვეყნო საქმეთა გამგეობისათვის ერი მეტს მონაწილეობას ჰთხოულობს, პოლიტიკურ უფლებათა განფართოება უსაჭიროესს საგნად კეთდება და მაშინ იგი თავისის ჭკუის, გონების ძალ-ღონეს უპირატესად ამაზე ჰხმარობს. ხან იმისთანა ხანა დადგება ხოლმე, რომ გარემოება ცხოვრებისა ჰღაღადებს ეკონომიურ ცვლილებათათვის და მაშინ საგნები ეკონომიურნი მიიზიდვენ ხოლმე მთელს ძალღონეს ერისას და ამ საგნების მოედანზე ბანაკებად დაეწყობიან ხოლმე საქმეთა მომქმედნი კაცნი, იბრძვიან და კამათობენ, ვიდრე უღონიერესი თავისას გაიტანს, ან სხვა უფრო მწვავი საგანი გაჩნდება საბრძოლველად.


დღეს თითქმის მთელს ევროპაში და განსაკუთრებით საფრანგეთში სწორედ ეკონომიურ წესწყობილების ცვლილებათა საჭიროების ხანაა. აი იგი მშვილდი, რომლის ისარის ტყორცნას ვერ უძლებს ხოლმე ბერც ერთი სამინისტრო საფრანგეთში და რომელსაც საქმე ზოგჯერ იქამდე მიჰყავს, რომ სამინისტროს დაცემას პრეზიდენტის დაცემაც თან მოსდევს. დღეს ტყუილად-კი არა ჰქადულობს გამარჯვებას საფრანგეთში ეგრეთწოდებული დასი სოციალისტებისა

პრეზიდენტის გადადგომის გამო. იტყვით, ამ დასის წარმომადგენელნი საფრანგეთის პარლამენტში ცოტანი არიანო და როგორ დაგიჯეროთ, რომ ძლევამოსილობა ამათ დარჩენოდესო.


საქმე იმაშია, რომ დღეს საჭიროება ეკონომიურ ცვლილებისა საკმაოდ გავრცელებულია საფრანგეთში. რადიკალებს ნუღარ ვიტყვით, თვით ოპორტუნისტების, მონარქისტების და კლერიკალების შორისაგ-კი დღეს იპოვით იმისთანა კაცებს, რომელნიც ამ ცვლილებას ჰქადაგებენ და სხვებს ეცილებიან, რომ მშრომელს და გამრჯელს ხალხს უკეთესი დღე მიანიჭონ, მის საჭიროებას და კეთილდღეობას როგორმე მიეშველნენ, და არა შემთხვევას არა ჰკარგავენ, რომ თავისის მოქმედების საგნად არ აღუთქვან ერს რაიმე ეკონომიური ცვლილება მისდა საკეთილდღეოდ. უნუგეშოდ ყოფნა და ძალზე გაჭირვებული ცხოვრება მშრომელის და გამრჯელის ხალხისა ამ ცვლილებას ჰღაღადებს იმოდენად ხმამაღლა, რომ თვით დაწინაურებულნი წარმომადგენელნი ეგრეთწოდებულ ბურჟუაზიისა — მონარქისტებია, თუ რესპუბლიკელნი — ჰგრძნობენ, — რა ჭექა-ქუხილის ღრუბელი იკრიბება ამ მხრით საფრანგეთის თავზე საერთოდ და ბურჟუაზიაზე საკუთრივ.


ეს უნუგეშოდ დარჩენილი მშრომელი და გამრჯელი ხალხი გულმოდგინე მომხრეა რესპუბლიკისა, მაგრამ ამასთან გულნატკენიცა, რომ ამ რესპუბლიკამ არ გაუმართლა იმედები. ამათის ფიქრით, პირველი და უაღრესი საგანი რესპუბლიკის მმართველობისა უნდა ყოფილიყო კეთილდღეობა ერისა, უნდა მშრომელისათვის საშრომი გაეჩინა და ამით მუშაკაცისათვის სახსარი მიეცა — ჯეროვანი გასამრჯელო მიეღო, რომ ადამიანურად ეცხოვრა; თითონ რესპუბლიკას უნდა გაეჩინა ფაბრიკები და ქარხნები ან სხვა რაიმე საქმე, რომ მოჭარბებულ რიცხვს მუშაკაცისას სამუშაო ჰქონოდა, კარგად მოეწყო იქ მუშაკაცის ბედი, რომ სხვებისათვის მაგალითი ყოფილიყო; უნდა სამუშაო დღე შეემოკლებინა და გაეჩინა რაზედ ნაკლებ არ უნდა მისცემოდა ფასი მუშაობისა, მოხუცნი, დაშავებულნი, საპყარნი, ქვრივ-ობოლნი შეევრდომა, და მუშაკაცის მოზარდის თაობისათვის კარი გაეხსნა სწავლისა, გონების გახსნისა და რაიმე ხელობის ცოდნისა.


ეს თითქმის დიდსა და პატარას ენაზე აკერია დღეს საფრანგეთში, მაგრამ ამას ეურჩება დიდი უმრავლესობა ბურჟუაზიისა, რომელის ხელიდამ დღეს-აქამომდე მმართველობა საფრანგეთისა ვერ გამოსულა, და რომელსაც მუშაკაცის ყელის საბელისა ხელიდამ გაშვება ზარალის მომასწავებლად მიაჩნია. ბურჟუაზია, როგორც შემძლებელი ნაწილი ერისა, დიდძალოვანია არჩევანებში. რესპუბლიკის დაარსების დღიდამ დღევადლამდე არც ერთი არჩევანი პარლამენტის დეპუტატებისა ისე არ გათავებულა, რომ უფროს-ერთობა ბურჟუაზიას არ დარჩენოდა პარლამენტსა და სენატში.


რადგანაც პარლამენტის უფროს-ერთობის დაგვარად შესდგება ხოლმე ჩვეულებისამებრ სამინისტრო, — ადვილად მისახვედრია, რად მოხდება ხოლმე ისე, რომ მმართველობას საფრანგეთისას ყოველთვის ბურჟუაზიის მომხრეობა ეტყობა და ეკონომიური ცვლილება მუშაკაცთა სასარგებლოდ ბრკოლდება.

პარლამენტი, უფროს-ერთად ბურჟუაზიისაგან შემდგარი, ჰშველის ხოლმე თავისს მომხრე სამინისტროს, მაგრამ როცა ჰხედავს, რომ საჭიროება ერისა ხმამაღლა ჰღაღადებს, და ამ ღაღადებას შიში მოსდევს, — მაშინ იძულებულ ჰხდის სამინისტრო გადაგეს და სხვა კაცებს დაუთმოს მმართველობა ქვეყნისა. რასაკვირველია, ისევ უფრო ბურჟუაზიის მომხრენი არიან ხოლმე ამ შემთხვევაშიც, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ცვლა კაცებისა ცოტა ხნობით მაინც დააამებს ხოლმე ტკივილს ერისას იმ იმედით, რომ იქნება ახალ კაცთ ახალი რამ მოგვიტანონო. ამ ცდასა და ლოდინში ცოტა თუ ბევრი დრო გადის, და ბოლოს, როცა ერი ჰხედავს, რომ ამათგანაც არა გამოდნა-რა, ისევ ხელახლად ჰღაღადებს, ამ ღაღადს მოჰყვება ხოლმე ისევ ის ცვლა მინისტრებისა, ისევ ის იმედების გამტყუნება, ისევ ის ღაღადი, ჩივილი და ტკივილი. აი, ჩვენის ფიქრით, მიზეზი იმისი, რომ საფრანგეთში არც ერთი სამინისტრო დიდ ხანს ვერა სძლებს, რადგანაც ცვლა მინისტრებისა არ მოასწავებს ხოლმე ცვლას სამმართველო სისტემისას, როგორც, მაგალითებრ, ინგლისში, და თითქმის წარმოადგენს ხოლმე საქმის გადადებას შემდეგისათვის.


კაზიმირ პერიე, მისი პირველი მინისტრი, და უფროს-ერთი სხვა მისი მინისტრებიც, შეწამებულ არიან, რომ ბურჟუაზიის მხარე უჭირავთ და ეკონომიურ ცვლილებას ეურჩებიანო. ბურჟუაზიის პარლამენტმა, მათმა მომხრემ, იგრძნო აწ ღაღადება ერისა და ძველს ჩვეულებას თავისას დაადგა: პრეზიდენტს და სამინისტროს მიზეზი მისცა გადადგომისა, როგორც სჩანს იმ იმედით, რომ თუმცა ეხლა ამათ მაგიერ სხვანი დადგებიანო, მაგრამ ის სხვანიც ჩვენები იქნებიანო, ხალხს ეს მმართველობის გამოცვლა დააწყნარებს რამდენსამე ხანსა და მერე რაც იქნება, ის იყოსო.


ეგრე სვლა სახელმწიფო საქმეთა შეუძლებელია. თუ საფრანგეთის სამინისტრო და რესპუბლიკის პრეზიდენტი გულახდილად და მედგრად არ დაადგა ეკონომიურ ცვლილებათა გზას და ამ მხრით გამწვავებული ტკივილი საფრანგეთისა არ განჰკურნა, იგი დიდ ხანს თავს ვერ დაიჭერს და მისი ბედი და ხანგრძლივობა ყოველთვის ბეწვზე ეკიდება. ესეც-კი საფიქრებელია, რომ ვაი თუ ძაფი მოთმინებისა გაუწყდეს თითონ ერსა და ერთი ასეთი ალიაქოთი ასტეხოს, რომ თავ- ბედისა ვეღარა გაიგონ-რა.


**


ტფილისი, 17 იანვარი, 1895 .


ჩვენს წინა მეთაურში გამოვთქვით, რომ პრეზიდენტის და უფრო ხშირად სამინისტროების დაუდგრომელობას და ხანმოკლეობას საფრანგეთში მიზეზად ისა აქვს, რომ პარლამენტი და სენატი — ეს უმთავრესნი გამგებელნი საქმისანი — იძულებულ არიან წაჯექ-უკუჯექობით იმოქმედონ, ერთი ფეხი რომ წინ გადადგან, მეორე უსათუოდ უკან. ეს წაჯექ-უკუჯექობა ძალაუნებურად თავს იჩენს ხოლმე ყველგან — პრეზიდენტს ირჩევენ, თუ სამინისტროს.


პარლამენტი და სენატი დღეს იმისთანა ელემენტებისაგან არის შემდგარი, რომ ვეღარ წაუვა ორწყალ-შუა დგომას, გულით რომ ერთი უნდოდეს — პირი მეორე მხრისაკენ უნდა ეჭიროს. დღევანდელს საბრძოლველს მოედანზე ცალმხრივ ბურჟუაზია სდგას, რომელსაც შესწევს დღევანდელი ეკონომიური წესწყობილება, — და მეორეს მხრივ ამ წესწყობილების მომდურავნი და ეკონომიურ ცვლილებათა მომხრენი. პარლამენტი და სენატი ამათ შუა ჰტოკავს და ვერ გაუბედნია ან მთლად ერთისაკენ გაიწიოს, ან მეორისაკენ. პარლამენტის და სენატის სული და გული დღეს უფრო ბურჟუაზიისაკენ არის, მაგრამ ამასთან ისიც იციან, რომ ერის ცხოვრების ღაღადებასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. პირველნი გულით ვერ გაუმეტნიათ და მეორეს შიშით ყურს ვერ უყრუებენ.


ეს გარემოება ატოკებს მთელს ეხლანდელს ყოფას მმართველობისას საფრანგეთში და ამიტომაც იგი საფუძველი, რომელზედაც სხვაგან საზოგადოდ ფეხი უნდა მოიკიდოს ხოლმე მმართველობამ, აქ, საფრანგეთში, მოლიპულია და უბრალო საბაბია ხოლმე საკმაო — ფეხი მოასხლეტინონ პრეზიდენტსაც და სამინისტროსაც. ესევე გარემოება წაჯექ-უკუჯექობისა და ორწყალ-შუა დგომისა მიზეზია იმისი, რომ პარლამენტმა და სენატმა, როგორც ვთქვით, ერთი ფეხი რომ ერთისაკენ გადასდგას, იმავე წამს მეორისაკენ მეორე უნდა გადააბოტოს ხოლმე.

სწორედ ამისთანა მაგალითს დღესა ვხედავთ საფრანგეთში. პარლამენტმა თავისს პრეზიდენტად ამოირჩია ბრისსონი, კაცი რადიკალთა დასისა და მომხრე ეკონომიურ ცვლილებათა. გარდა ამისა, სამინისტროს დუპუისას, რომელიც თავით ფეხამდე ბურჟუაზიას ეკუთვნის, სარმა გამოჰკრა და ძირს დასცა. ამასთანავე საჭიროდ არ დაინახა საკმაოდ გამოსარჩლებოდა თვით რესპუბლიკის პრეზიდენტს კაზიმირ პერიეს, რომელიც იგივე ბურჟუაზიის კაცია და ურჩი ეკონომიურ ცვლილებისა და რომელიც ამის გამო გადადგა სამსახურიდამ.


ყოველივე ამით დიდად აამა პარლამენტმა ერთს მხარეს, სასოება გაუძლიერა, იმედები გაუღვიძა და ღაღადება მისი დაადუმა. ხოლო იმ ფიქრმა, რომ აგრე გასისწვრიება საქმისა ცუდს დღეს დაჰმართებს ბურჟუაზიას, რომელსაც უფროს-ერთობა პარლამენტისა ეკუთვნის სულით და გულით, იძულებული გაჰხადა პარლამენტი ამათკენაც მოეხედნა და ერთი ფეხი ამათკენაც გადაედგა: ზოგი რომ იმათ, ზოგიც ჩვენაო. ამ სურვილმა, თუ წყურვილმა, თავი გაიტანა რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევანში. კონგრესმა, რომელიც შესადგება ხოლმე პარლამენტისა და სენატის შეერთებულ კრებულისაგან, ამოირჩია ფელიქს ფორი.


თუ სახეში მივიღეთ, რომ ფელიქს ფორი ეხლანდელის წესწყობილებით გამდიდრებული კაცია,ნამინისტრალია აწ გადადგომილის სამინისტროსი და თავისის საპოლიტიკო აზრებით ეკუთვნის ეგრეთწოდებულ ზომიერ რესპუბლიკელთა დასსა, ადვილად მივხვდებით, რომ ეკონომიურ ცვლილებათათვის ერთის ფეხით წინ წადგომას ზედ მოჰყვა მეორე ფეხით უკუ- დგმა. ამ სახით, ხელახლად გამოცხადდა, რომ ეხლანდელ საფრანგეთის საქმეთა გამგებელთ ერთსა და იმავე დროს ჰოც უნდათ და არაც, როგორც აქამომდე.

იმ გარემოებაში, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტად ამორჩეულ იქმნა ფელიქს ფორი, ცხადად გამოიხატა, რომ საფრანგეთის საქმეთა გამგებელთ — პარლამენტს და სენატს — სულ არ ჰსურვებიათ ორწყალ-შუა დგომისაგან დაეხსნათ საფრანგეთის მმართველობა და ერთს რასმე გარკვეულს გზას დასდგომოდნენ, ან სულ ბურჟუაზიისაკენ გადასულიყვნენ, ან ეკონომიურ ცვლილებათა მომხრეებისაკენ. სამს შესაძლებელ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის ერთი იყო ვალდეკ რუსსო, მეორე ფელიქს ფორი და მესამე ბრისსონი. ვალდეკ რუსსო გულითადი მომხრეა კაზიმირ პერიესი, მაშასადამე მის ბურჟუაზიულ პოლიტიკისა, და ცნობილია კონსერვატორად რეაქციონულ ფერისა. ბრისსონი რადიკალია და გულითადი მომხრე ყოველგვარ ცვლილებისა, და ფელიქს ფორი, როგორც ზომიერი კაცი, ამათ შუა არის, არც ფლავია, არც ჩლავი, არც ჰოა და არც არა. რადგანაც ბურთი და მოედანი ამ შემთხვევაში ფელიქს ფორს დარჩა, კაცს, რომელიც არც საკმაოდ წინსვლას უქადის საფრანგეთს, როგორც, მაგალითებრ, ბრისსონი, არც ძალიან უკან დახევას, როგორც ვალდეკ რუსსო, ცხადია, აქაც იგივ წაჯექ-უკუჯექობა გამოიჩინა პარლამენტმა და სენატმა, რასაც აქამდე იჩენდა. ფელიქს ფორი სწორედ იმისთანა კაცია, როგორის გუნებისაც დღეს პარლამენტი და სენატია საფრანგეთში. ამაზეა ნათქვამი: ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო.


რადგანაც ხსენებულ მიზეზთა გამო საფრანგეთის შინაურ საქმეთა გარემოება ნებას არ იძლევა ერთი გარკვეული პოლიტიკა იქონიოს საფრანგეთის მმართველობამ, ერთს რომელსამე გზას დაადგეს, ერთი განსაზღვრული მოედანი ამოირჩიოს სამოქმედოდ, ამიტომაც დიდად ძნელია ახალის სამინისტროს შედგენა ახალის პრეზიდენტისათვის. კაზიმირ პერიე სულ იმასა სცდილობდა, რომ რადიკალებისაგან ერთი ფეხიც არ გადაედგა და უნდოდა ეს დასი მჩვარში როგორმე გაეხვია. ამაზე მოისხლიტა მან ფეხი, ამაზე წაიბორძიკა თვით მისმა სამინისტრომ. ახალმა პრეზიდენტმა ფელიქს ფორმა მითომ-და გაუწოდა ხელი რადიკალებს და მისი წევრი ლეონ ბურჟუა მიიწვია და სთხოვა — სამინისტრო შეადგინე შენის მეთაურობითაო. ლეონ ბურჟუამ ამის პასუხისათვის ვადა სთხოვა.


დღეს დეპეშებით ვიცით, რომ ლეონ ბურჟუამ გამოუცხადა ახალს პრეზიდენტს, არ შემიძლიან და უარს ვამბობო. ესეც იმისი ნიშანია, რომ ეხლანდელი ელემენტები პარლამენტისა არ ქარმოადგენს შემძლებლობას, რომ რამოდენადმე ერთგვარი სამინისტრო შეედგინა ლეონ ბურჟუას, ერთის გამორკვეულის პროგრამისა. აშკარაა, წინდახედული კაცი არ ჩაიბამდა თავს იმისთანა სამინისტროში, რომელსაც სხვა არა დარჩენია-რა, რომ ორწყალ-შუა დგომასა და წაჯექ- უკუჯექობაში სახელი და თავი გაიფუჭოს.


ჩვენის ფიქრით, ახალი პრეზიდენტი რესპუბლიკისა იძულებულ უნდა იქმნას ან პარლამენტი დაითხოვოს, ახალი არჩევანები მის დეპუტატებისა დანიშნოს და ამ გზით დაეკითხოს საფრანგეთის ერს, ან იმისთანა საშუალნი კაცნი მიიწვიოს სამინისტროში, რომელთაგანაც არც ჰოს იმედი იქნება, არც არასი, და რომელთა დღეგრძელობაც დღეებით იქნება დასათვლელი. თუ ამ უკანასკნელს გზას დაადგა ახალი პრეზიდენტი ან ნებით, ან უნებურად, საეჭვოა, რომ საფრანგეთის ერმა დიდ ხანს ითმინოს ამისთანა ამბები.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page