პოლიაკების განდევნა პრუსიიდამ
- nino otiashvili
- Dec 4, 2023
- 4 min read
ტფილისი, 18 იანვარს, 1886 წელი
გერმანიის პარლამენტმა დაიწყო თავისი მოქმედება. ყოველი გერმანელი გულის ფანცქალით მოელოდებოდა დასაწყისსა. ყველამ წინასწარ იცოდა, - აწინდელი პარლამენტი წინანდელებს არ ეგვანება და ისე არ ჩაივლის, რომ გერმანიის ისტორიაში, დიაღ ისტორიაში, ღრმა ხნული და კვალი არ დააჩნიოს. ყველა წინათვე დარწმუნებული იყო, რომ ეხლანდელი პარლამენტი დიდს რიხსა და ფხას გამოიჩენს და ყოველთვის ძლევამოსილი „რკინის კანცლერი“ ბისმარკი და ერის წარმომადგენელნი ერთმანეთს თავგამომეტებით გაემკლავებიან. მიზეზი ამიათანა მოლოდინისა და იმედებისა არის ერთი შინაური საქმე გერმანიისა, რომელიც უშიშარმა და თამამმა ბისმარკმა კისრად იდვა, აღსრულებაში მოიყვანა და ამითი შეაძრწუნა მთელი განათლებული გერმანია. ეს საქმე არის პოლიაკთა განდევნა პრუსიიდამ. ჯერ მინამ პარლამენტი მოქმედებას დაიწყებდა, ხმა დადიოდა, რომ პირველ კრებაზედვე ერის წარმომადგენელნი ამ მწვავ საქმეს გულფიცხად მოეკიდებიანო და ამ საქმეში უომრად ბისმარკს ბურთსა და მოედანს არ დაუთმობენო.
3-ს იანვარს, იმათებურად 15-ს, შეიყარა პარლამენტი, დარბაზი პალატისა გაიჭედა აუარებელის ხალხითა, მაყურებელთა რიცხვი უთვალავი იყო. არ დაესწრნენ მხოლოდ წევრნი ეგრეთწოდებულის „მოკავშირეთა რჩევისა“, რომელთაც ამას წინათ გამოაცხადეს, რომ პოლიაკების საქმე მარტო პრუსიის საქმეა და ჩვენ ხელი არა გვაქვსო. ამათი არ-მოსვლა პარლამენტში ისე შესანიშნავი არ არის, — საოცარი ის არის, რომ ყველა მოელოდა ბისმარკის მობრძანებას და იგი არ მოვიდა. გაოცებულნი ამ მოულოდნელის ამბისა გამო ერთმანეთსა ჰკითხავდნენ მიზეზსა, მიზეზი არავინ იცოდა გულდაჯერებით, თქმა და გადათქმა კი ბევრი იყო თურმე. წამოდგა პოლიაკთა დეპუტატი იაჟჯევსკი და სხვათა შორის ჰსთქვა, რომ ამ ასის წლის წინათ იუბილეის დღესასწაულობის დღეს მამულიდამ გამოდევნილებმა და ბერლინს შემოხიზნულებმა საფრანგეთელებმა ამოსჭრეს მედალი დიდის კურფიურსტის სახელობაზედ, რადგანაც დიდი კურფიურსტი სამაგალითო კაცი ბრძანდებოდა, როგორც უცხოთა შემწყნარებელიო. ეს შარშანდელი წელიც დიდის იმპერატორის იუბილეის წელიწადი იყო, იგივე დიდებული დღესასწაულობა მოხდა, მაგრამ მედალი ვეღარ მოიჭრა. ან რათ უნდა ამოჭრილიყო: შეწყნარების მაგიერ, პრუსიის საზღვართაგან განიდევნენ ათასობით უცხოთა სახელმწიფოთა ქვეშევრდომნი. დიდ ხანს ილაპარაკა თურმე იმ დეპუტატმა და ამხილა ბისმარკი. ვინდჰორსტმა იაჟჯევსკის მიმართ სრული თანაგრძნობა გამოაცხადა და მეტად სუსხიანი სიტყვები იხმარა, ვის მიმართაც ჯერ იყო.
ლიბკნეხტმა საოცარის მჭევრმეტყველობით ილაპარაკა და სხვათა შორის სთქვა: იმა საბუთის გაქარწყლება, რომელიც ამ ბარბაროსებურის ქცევის გასამართლებლად მოჰყავთ, სულ უკანასკნელის ადვოკატისათვისაც ადვილი საქმეა. ამისთანა საბუთებით მოედანზედ გამოსვლა სირცხვილია. განა სახელმწიფო ბისმარკის მოწყალებით არსებობსო? არა, მისი ძალ-ღონე თითონ ერია. სახელმწიფო ბისმარკზედ უფრო ძლიერიაო. უცხოთა ქვეშევრდომთა განდევნას ჩვენ სულ სხვა თვალით ვუყურებთ. ჩვენი თვალი — თვალია კულტურისა, კაცთმოყვარეობისა და უფრო უზენაესის პოლიტიკისა. ამბობენ, პოლიაკთა განდევნა საჭიროა, რომ ჩვენი ეროვნება თავისის სიწმინდით დაცულ იქნასო. რაო? ცივილიზაციის სახელით ერთა შორის ღობეები უნდათ გამართონ! ეგ ბარბაროსობაა. ჩვენი ეროვნებური აღმატებულება, ჩვენი განათლება, ჩვენი კულტურა ვერ შეიწყნარებს მაგ უჯერო და უსამართლო ქცევასაო. ლიბკნეხტის მერმეთ ისევ იაჟჯევსკიმ ილაპარაკა და ამტკიცებდა, რომ ჩვენი (ესე იგი პოლიაკების) კულტურა გერმანიისას არ ჩამოუვარდებაო, თუმცა ჩვენ იმისთანა დარი არა გვდგომია, როგორც გერმანიასაო.
ბისმარკის მოსარჩლედ გამოვიდა დეპუტატი ჰელლდორფი, დიდხანს ილაპარაკა პოლონობის და გერმანობის ისტორიულს ბრძოლაზედ და მით გაათავა სიტყვა, რომ ბისმარკი იძულებული იყოო გარემოებათა ძალდატანებით ეს მოეხდინაო. მემარჯულეთა დიდის ტაშისკვრით მიიღეს ეს სიტყვა და მემარცხულეთა კი ხმამაღლა პროტესტი გამოაცხადეს. ჰელლდორფს უპასუხა ვინდჰორსტმა და სთქვა, რომ საძირკველი სამეფოსი სიმართლე არისო, და მხოლოდ სიმართლე და არა კანცლერი არის ზურგი გერმანიის იმპერიისაო. განდევნა უცხოთა სათაკილოა და უკადრისობაა გერმანელთათვის და კვლავ გეუბნებით: კაი შვილები კი ვიქნებით ჩვენთა დიდებულთა წინაპართა, თუ ამისთანა ქცევას ტაში ვუკარით!
მეორე დღეს ისევ ამ საგანზედ იყო უფრო გაცხარებული, უფრო სუსხიანი სჯა და ბაასი. ასეთი სიტყვები წარმოითქვა თურმე, რომ ევროპის ყურს დიდი ხანია არა ჰსმენია. ჩვენ ვეცდებით, თუ გარემოება ხელს შეგვიწყობს, ვრცლად მოვიხსენიოთ ყოველივე, რაც მოჰხდება გერმანიის პარლამენტში. დღევანდელი პარლამენტი გერმანიისა, როგორც ზემოხსენებულიდამ სჩანს, დიდად საყურადღებო იქნესა მთელის ქვეყნიერობისათვის. ამისთანა გაფიცხებული, ფხიანი და რიხიანი პარლამენტი გერმანიას დიდი ხანია არ უნახავს.
** ტფილისი, 18 იანვარი, 1886 წ.
მეორე დღესაც, ესე იგი ჩვენებურად 4-ს და იმათებურად 16-ს იანვარს, ისევ პოლიაკების განდევნის საქმეს არჩევდნენ პალატაში. ასეთი გაცხარებული ლაპარაკი ჩამოუვარდათ, ასე გაებნენ ერთმანეთის კიცხვა-კილვაში, რომ დილიდამ საღამოს შვიდს საათზედ ძლივ დაიშალნენ. დარბაზი პალატისა გუშინდელებურად აივსო, წევრნი პალატისანი სულ მოსულიყვნენ, გარდა „მოკავშირეთა რჩევისა“. ხალხი, ქალი თუ კაცი, აუარებელი იყო მაყურებლად მოსული. ყველაფერს ეტყობოდა, რომ რაღაც დიდს საქმეს მოელიან. ჯერ მინამ პარლამენტის სჯა და ბაასი გაიმართებოდა, აქა-იქ კუთხეებში საშინელი ჟრიამული მოისმოდა: სულ ყოველგან ამ განდევნის საქმეზედ ლაპარაკობდნენ. ყოველის ყურადღება იმან მიიქცია, რომ დღეს მომხრენი ბისმარკისანი უფრო ბლომად მოგროვდნენო. თითონ ბისმარკი არც ამ დღეს დაესწრო პარლამენტსა.
როცა თავმჯდომარემ მიიწვია ყველანი და დეპუტატნი თავ-თავის ადგილას დასხდნენ, წამოდგა ბისმარკის მომხრე დეპუტატი რეინბაბენი, ცხარედ გამოესარჩლა ბისმარკსა და ვინდჰორსტს შესწამა, მამულის სიყვარული გაკლიაო. რიკერტმა ძალიან მკვახე სიტყვებით განჰკიცხა ბისმარკის მოქმედება, უფრო უარესად შეამკო რეინბაბენი და ჰელლდორფი, რომელთაც გაჰბედეს და გამოესარჩლენ ამ უღმრთო მოქმედებასაო. პეიერმა ჰსთქვა, რომ ვერავინ ვერ გაკადნიერდება - ეს ამისთანა ქცევა ბისმარკისა გულწრფელად მოიწონოსო და ამისათვის ჩემს ხმას, ჩემს კენჭს ბისმარკის წინააღმდეგ მოვიხმარებო. მშვენიერად ილაპარაკა თითონ ვინდჰორსტმა. ამან, სხვათა შორისა, სთქვა, რომ პრუსიის პალატა კი არა, ეს ჩვენი პარლამენტია ერთადერთი ადგილი, სადაც ამ საგანზედ სჯა და ბაასი უნდა იყოს და სადაც გერმანიამ ხმამაღლა უნდა წარმოსთქვას თავისი რწმენა და აზრი მთელის გერმანიის და ევროპის წინაშეო, უნდა წარმოსთქვას ის, რაც მას სიმართლედ მიაჩნია, იმისდა მიუხედავად, რასაც დაქრთამული ჟურნალისტები ყბედობენო. თუ მთავრობას ეს არ უნდა, სჯობს დავიხუროთ ქუდები და შინ წავიდეთო.
ყველაზე ბოლოს ილაპარაკა დეპუტატმა ბამბერგერმა. მისი სიტყვა სამაგალითოა მჭევრმეტყველობისათვის, სხვა ამაზედ უმშვენიერესი, უბრწყინვალესი სიტყვა ბევრი არ გაუგონია თურმე გერმანიის პარლამენტსა. სიტყვა იყო გრძელი, დიდი დრო მოუნდა, მაგრამ მთელი პარლამენტი, მომხრენი თუ მოკამათენი, ისე მიიზიდა, რომ ყველამ გულდადებით, სულგანაბვით მოისმინა. „მოვისმინე ყოველი ის, რაც დღეს აქ იყო თქმული, - დაიწყო ესე თურმე ბამბერგერმა, - მოვისმინე და გულზედ მომეშვა, ლოდი ამეხსნა გულიდამ. დღეს აქ თქმული სიტყვები განსწმენდენ ჰაერს გერმანიისას და ყველას დაარწმუნებენ, რომ იგი, რასაც ოფიციოზებური ხმები გაიძახიან, არ ეშესაბამება გერმანიის ერის რწმენასა. ამ სახით, დღეს დიდი დღეა გერმანიისათვის: რეს გერმანიამ უნდა აღიაროს ქვეყნიერობის წინაშე, რომ ხელმწიფობა, ბატონობა გერმანიაში სიმართლესა აქვს და კვლავაც ექნება; დღეს უნდა ვსთქვათ, რომ ეროვნობა და კაცთმოყვარეობა ერთმანეთში მოსათავსებელია და არც ერთს, არც მეორეს ბარბაროსობასთან არავითარი დამოკიდებულება არა აქვს. თუ პარლამენტი დღეს ამას არ იტყვის, მაშ ღირსი არ არის, რომ კვლავ არსებობდესო“. სიტყვა ესე დიდის ტაშით მიიღო დიდმა უმრავლესობამ პარლამენტისამ, წინააღმდეგი პარტია კი გაჩუმდა.
ჩვენ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოკლედ მოვიყვანეთ პარლამენტში თქმული სიტყვები. სხვა გზა არა გვქონდა. ხოლო რაც მოვიყვანეთ, იქიდამაც აშკარაა კაცი მიხვდეს, - თუ რა ძალიან გულამღვრეულია გერმანიის ერი ამ უცხოთა ქვეშევრდომთა განდევნის გამო. ზოგიერთ დეპუტატს დაახლოვებით ესეც უთქვამს: როცა ჩვენ გვარჩევდნენ ჩვენი ამომრჩეველნი და გვანდობდნენ გერმანიის სვე-ბედსა, გერმანიის პატიოსნებას და სახელს, გვითხრესო, თქვენ იცით როგორც ყოველს ამას უპატრონებთ და მოუვლითო. უცხოთა ქვეშევრდომთა განდევნის საქმე იმისთანა საქმეა, რომელიც ყოველს ამა ჩვენდამი დავედრებულს ასე თუ ისე შეეხებაო. რა პირითღა დავბრუნდებით შინ, რა პირითღა შევეყრებით ჩვენდა მრწმუნებელთ, თუ პარლამენტმა ესეთი ქცევა მოუწონა ბისმარკსაო? არ გვეტყვიანო, ჩრდილით რად დააბუნდევით ბრწყინვალე სახელი ჩვენის ქვეყნისაო? არამცთუ გერმანიამ, თითონ მთელმა ევროპამაც წუნი დაჰსდო ამისთანა შინაურ პოლიტიკას „რკინის კანცლერისას“. ყველა დღესაც განცვიფრებულია, - ამისთანა ჭკვიანმა სახელმწიფო კაცმა, როგორიც ბისმარკია, ესეთი ცხადი შეცდომა როგორ ჩაიდინაო. მაგრამ ყველამ ესეც იცის, რომ ბისმარკი, ეგრეთი ძლიერი და ღრმად გამსჭვრეტელი გარეშე საქმეებისა, შინაურ საქმეებში მეტად სუსტია და ხშირადაც თითქო ბრმა არისო. ესეა თუ ისე, დღეს ეს განდევნის საქმე კლდეა, რომელსაც ასე თუ ისე დაეჯახა ბედნიერი ხომალდი აქამომდე ძლევამოსილის ბისმარკისა. კლდე შეიმუსრება, თუ ხომალდი, დრო გამოაჩენს.

