პედაგოგიის საფუძვლები
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 20 min read
1888 წელი
I
გაზეთებმა მოგვიტანეს ამას-წინათ ამბავი და ჩვენს „ივერიაშიაც“ თავის დროზე მოვიხსენიეთ, რომ პრუსიაში დედათა სასწავლებლებში შეუნიშნავთ დაქანცვა გონებისა მოსწავლეთა ქალთათვის მეტის-მეტი სწავლებისა გამო. ამის გამო ზოგიერთი ახალი წესი დაუდგენიათ, რომ მოსწავლეთა ქალთა გარჯა და შრომა შემსუბუქებულ ექმნათ. თუ არ მეტი, ესეთივე ქანც-გაწყვეტა სულითა და ხორცითა დიდი ხანია შეჰნიშნეს ევროპაში მოსწავლე ვაჟებსაცა და ამის გამო თითქმის მთელი ლიტერატურა შესდგა, ნამეტნავად გერმანიასა და საფრანგეთში, საცა ამ ამბავმა უფრო ძლიერ თავი იჩინა, - და დაანაღვლა,როგორც იქაურნი გამგებელნი სწავლა განათლების საქმისანი, აგრეთვე დედ-მამანიცა.
ჩვენა გვგონია მეტი არ იყოს, გამოვარკვიოთ, ჩვენის შეძლებისამებრ, მიზეზნი ამისთანა სამქუხარო ამბისა იმ თხზულებათაგან, რომელთა ავტორნიც მოეკიდნენ ამ საქმეს შესაფერის გულმტკივნეულობითა.
ამ უკანასკნელ ხანებში საპედაგოგიო ლიტერატურაში გახშირდა ხმა-მაღლად ღაღადებდა, რომ ეხლანდელი სკოლის ყოფა მდგომარეობა ევროპაში თავს არ მოდის და ახალს მოზარდს თაობას სჩაგრავს, რადგანაც ცალ-მხრივია და ცალ-კერძოო. ყველანი ამაზედ თანახმანი არიან, რომ ეხლანდელი სკოლა უფრო იმაზეა მიმართული, რომ რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა აძლიოს მოსწავლესა და ზნე-ხასიათის წვრთნა, სწორება და გამართვა-კი მთლად უყურადღებოდ არის დატოვებულიო. ამ ცალ-კერძოდ სკოლის მომართვის შედეგზე აი რას ამბობს ერთი ავტორი:
„სამწუხარო სურათი წარმოუდგება თვალ-წინ ყველას, ვისაც არ ეშინიან პირდაპირ შეხედოს მართალს და თვალი თვალში გაუყაროს. თითო-ოროლა მაგალითს გარდა, ეხლანდელი ყმაწვილი-კაცი ჯანით მეტად უძლურია, საშინლად ძარღვ-მოშლილი და მოდუნებული, თითქო სნეულიაო. საკმაოა მცირე რამ დაბრკოლება დახვდეს და მაშინვე უღონობისაგან ხელებს ჩამოჰყრის; გულს უხეთქავს, ხალისს უკლავს ყოველი საქმე, რომელიც-კი ცოტად თუ ბევრად მხნედ, მედგრად ხელის მოკიდებას ჰთხოულობს, ხანგრძლივს, დაჟინებულს, გულგაუტეხელს ბეჯითობას და გარჯას. არ არის იგი ჩვეული თავით თვისით ისაზროს, იფიქროს და ამის გამო ადვილად ეძლევა უარყოფას ძველისას და სრულიადაც არა ჰნაღვლობს უარყოფილის სანაცვლოდ ახალი რამ ჩააყენოს. ყოველ ამის გამო ეხლანდელი ყმაწვილ-კაცობა დიდად უბედურია და ძალიან იშვიათად შემძლებელია, რომ გონიერად, ჭკვა-დასმით და სასარგებლოდ თავით თვისით გააკეთოს რამ და იღვაწოს. იგი უღონოა თვითმოქმედებისა და მოღვაწეობისათვის.
„ზოგნი ამათგანი, - ამბობს შემდეგ იგივე ავტორი,- და ეს ზოგნი საკმაოდ ბლომად არიან, ნამეტნავად ცოტაოდნად შემძლებელ ოჯახისანი - მთელს თავის სიცოცხლეს იმას ანდომებენ, რომ პროტექციით ლუკმა პური იშოვნონ და სცხოვრობენ პირუტყვსავით დღე- დღეურად, თითონაც არ იციან, რისთვის არიან და სად მიდიან: სჭამენ, სმენ, თამაშობენ ქაღალდს, ჰტანციობენ, არშიყობენ, ჰმსახურობენ იმდენად, რომ ჯამაგირები იღონ. ეს ჯურა ხალხი მთლად ხელასაღებელი ხალხია, ყოვლად უვარგისი, უხეირო, არარაის მაქნისი. ამათ მკვდარი აქვთ ყოველივე ფანტაზია, ყოველივე აზრი, ყოველივე გრძნობა, ნაძირალ გრძნობის გარდა. ცოდნა, სკოლაში მიღებული, ზოგჯერ საკმაოდ ბევრიცა, ამათთვის მეტი ბარგია და მალე დაებღერტებათ, გაეფანტებათ ხოლმე ცხოვრების გზაზედ.
„სხვანი, უფრო ნიჭიერნი - ხელგამომავალნი არიან და ჯერ სკოლაშივე გამოარკვევენ ხოლმე, - რა საქონელსა აქვს გასავალი საზოგადოების ბაზარში ამა-და-ამ-დროს. ამათი ფანტაზია, აღფრთოვანებული ადვილად გამდიდრების ცოცხალ მაგალითებითა, წინ გადუფენს ხოლმე სარჩოიანს გზას ვექილისას, მკურნალისას, ინჟინერისას, არქიტექტორისას, მზითვიან ცოლის, თუ შემძლებელ ქმრის შერთვისას - ერთის სიტყვით, უხატავს იმ გამორკვეულს იდეალს ხერხიან კაცისას, რომელსაც საგნადა აქვს ადვილად გამდიდრება და მერე მაძღარი განცხრომა გაურჯელად და უშრომელად. ამ ჯურის ხალხი ყველაზედ უარესნი, ყველაზედ მავნებელნი მუქთამჭამელნი არიან და მეტის-მეტად საშიშარნი თავის ქვეყნისათვის,რადგანაც ყოველ წუთს მზად არიან მიჰყიდონ იმისი სვე-ბედი იმას, ვინც მეტს მისცემს“.
რა თქმა უნდა, რომ ავტორი აქ ჰლაპარაკობს უფროს-ერთზე, უმრავლესობაზედ. ვინ იტყვის, რომ თითო-ოროლა სასიხარულო მაგალითიც არ იყოს ეხლანდელს ყმაწვილ-კაცობაში. უამისობა ხომ ქვეყნის უკუქცევა იქნებოდა. ავტორი მარტო უმრავლესობის, უფროს-ერთის უფერულობას, უღონობას გვანიშნებს და ამაში არა გვგონია იგი გაამტყუნოს ვინმემ. იგი ამბობს, რომ:
„ბევრმა ყმაწვილ-კაცმა არ იცის, რა გზას დაადგეს და საით წავიდეს; ამის გამო ყმაწვილი- კაცი სასოწარკვეთილებას ეძლევა, გული უტყდება, აღარაფრისათვის ერჩის. ეს სასოწარკვეთილება და გულის გატეხა ჭკვას უშრობს, გრძნობას უხშობს, უკლავს ყოველს ხალისს მოქმედებისას, რომელსაც მისგან მოელის იმისი სამშობლო და რომლისათვისაც ამ სამშობლოს გაუწევია ღვაწლი იმ იმედით, რომ ჩემის შვილის მოქმედება ოდესმე გამომადგება და ერთი-ორად მაინც მიზღავს ჩემის ღვაწლის სამაგიეროსაო“.
ეს მართლა-და სამწუხარო სურათი ყმაწვილ-კაცობისა ბევრს უდგა თვალ-წინ, მაგრამ - ერთის მწერალისა არ იყოს - ეს ბევრნი ან არა ჰხედვენ ამას, ან ჰხედვენ და მარტო ჰკიცხვენ და ჰკილვენ თითონ ყმაწვილ-კაცობას, აბეზღებენ საზოგადოების წინაშე, სდევნიან და აბრუს უტეხენ, იმის მაგიერ, რომ გულდასმით ჩაუკვირდნენ თითონ მიზეზს, თითონ სათავეს ამ მართლა-და სამწუხარო და მერმისისათვის საშიშარ მოვლენისას. მეცნიერნი, რომელთაც მართალის გულმტკივნეულობით მიუქცევიათ ყურადღება ამ უნუგეშო სურათისათვის, მიზეზს ჰხედვენ ყოველთ უწინარეს იმ საზოგადო წრის უფერულობასა და უვარგისობაში, საცა ნორჩი სული ბავშისა პირველ იღვიძებს და მერე ზრდაში შედის. რასაკვირველია, რომ იმ წრეს, საცა ბავში პირველ ხანიდამვე ჰტრიალებს, დიდი გავლენა აქვს მთელს ადამიანის მერმისზედ. ბავშის ნორჩი სული და გული მეტად მგრძნობიერია და მალე დამჩნევი ავისა და კარგისა, და ამიტომაც წრე, საცა ბავში და მოზარდი სულს იბრუნებს, თავის ბეჭედს ავისას და კარგისას აუცილებლად ზედ დაასვამს ხოლმე. ამ-სახით, არავითარი ეჭვია, რომ თითონ წრეს ცხოვრებისას დიდი ზედმოქმედება აქვს მოზარდის თაობის მერმისზედ. ხოლო არის მეორე საგანიც, რომელსაც, თუ არ მეტი, ნაკლები ზემოქმედება არა აქვს ადამიანის ავ- კარგიანად გამოსვლაზედ. ეგ მეორე საგანი სკოლაა. ევროპაში ამ მხრით გამოიძიეს ეს ეხლანდელის სკოლის ყოფა-მდგომარეობა და ერთს დიდს ბრალს იმ სამწუხარო ამბისას, რომელიც ჩვენ ზევით მოვიხსენიეთ, თითონ სკოლის ეხლანდელს ყოფა-წყობილებასა სდებენ.
რაგვარია ეს ბრალი და რამოდენად საბუთიანია - ამას შემდეგს ნომერში ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს.
II
ჩვენს წინა წერილში იმაზედ შევწყვიტეთ სიტყვა, თუ, - მეცნიერნი რა გვარს ბრალსა სდებენ ეხლანდელს სკოლას და რამდენად საბუთიანად უკიჟინებენ, რომ თავის დანიშნულებას არ ასრულებსო. ვიდრე ამ ბრალის და საბუთების ჩამოთვლას შევუდგებოდეთ, ჯერ პირველად საჭიროა ვიცოდეთ, - რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას. ამის პასუხად ბევრს გამოუთქვამს აზრი და ყველა ეს აზრი, სხვადასხვაფერად გამოთქმული, ერთს საფუძველზეა აგებული, ერთის სათავიდამ წარმომდინარებს. ეს საფუძველი, ეს სათავე ის არის, რომ სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთვნიდეს კიდეც ბავშვსა და ასწავლიდეს კიდეც. წურთვნა და სწავლა ხელი-ხელს გადამბული უნდა ვიდოდეს სკოლაში.
წურთვნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს - სხვა. წურთვნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა კი - გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე იგი კაი კაციც უნდა იყოს და კაი-კაცობის შემძლებლობაც ჰქონდეს. ეს კაი-კაცობა და კაი-კაცობის შემძლებელობა მარტო ზნე-ხასიათისაგან ეძლევა ადამიანს. ავი კაცი რამოდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია. ეს ყველამ იცის და, გვგონია, ბევრსაც თავის თვალით უნახავს და გამოუცდია. რათ უნდა იყოს კაცი ავი, როცა მხოლოდ სწავლულია და არა ზნე-ხასიათ გაწურთვნილიცა?
სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფაქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობათა და უხასიათობით არის ავი ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.
ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწრთვნელი. ხოლო ზნე-ხასიათის წურთვნა დიდად დამოკიდებულია სწავლასა და ცოდნაზედა, და ამიტომაც ჩვენა გვგონია, რომ თუ სკოლას უნდა თავის დანიშნულება შეასრულოს, ეგ სწავლა-ცოდნა ზნე-ხასიათის წურთვნასაც უნდა შეურჩიოს, ესე იგი იმ თვისების სწავლა- ცოდნა უნდა აძლიოს, რაც გონების გახსნილობასაცა ჰშველის და ზნე-ხასიათის წურთვნასა და დამთავრებასაც უხდება და ჰრგებს.
რასაკვირველია, ზნე-ხასიათის წარსამატებლად წურთვნას სკოლაში თავისი საკუთარი გზაცა აქვს, თავისი საკუთარი სახსარიცა. ამ შემთხვევაში დიდად დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს გამგეობას სკოლისას საერთოდ და ოსტატს და მოხელეს ცალკე. ამ შემთხვევაში დიდი რამ არის ოსტატის მოხერხებულობა, ყოფაქცევა, მაალითი, სიფრთხილე, წინდახედულობა. ერთს მშვენიერს ამბავს გვიამბობს ერთი მწერალი მასზედ თუ, - წინდახედულად და გონირად მოქცევა ოსტატისა რის შემძლებელია ზნე-ხასიათის წურთვნისათვის. თუმცა გრძელია ეს ამბავი, მაგრამ ისე კარგი რამ არის, რომ გვსურს სულ ამოვწეროთ და მით ვასიამოვნოთ ჩვენს მკითხველებსა. აი ის ამბავი:
„იმის დასამტკიცებლად თუ, რა-რიგად ლბილია ბუნება ბავშისა და რა ადვილად შესაძლოა ბავშს შთააგონოს კეთილი, თუ გონება-გახსნილი კაცი ხელსა ჰკიდებს საქმეს და სიყვარულით ეძლევა თავის დანიშნულებას, შემდეგი მომხდარი ამბავია. ამ რამდენისამე წლის წინათ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, გაათავა უნივერსიტეტი თუ არა, ოსტატის თანამდებობა მიიღო ერთ სასწავლებელში. პირველი გასაკვეთი ერგო საშუალო კლასში, საცა უფრო მოზრდილნი შეგირდები არიან, ესე იგი ბავშობიდამ ყრმობაში გადამდგარნი. ამ ხანში ყმაწვილები უფრო ცელქები და მოუსვენარნი არიან. დირექტორმა აუწყო ბავშებს ახალის ოსტატის ვინაობა, თითონ ოსტატმაც ორიოდე ტკბილი სიტყვა უთხრა ყმაწვილებს და დაუყოვნებლივ შეუდგა სწავლების საქმეს. გასაკვეთის ახსნის დროს დასჭირდა კლასის დაფაზედ წერა. როცა წერა დაიწყო, რა თქმა უნდა, ზურგშექცეული იქნებოდა და შეგირდებს ვერა ჰხედავდა. ამ დროს დაფას მოხვდა და ზედ დააჯდა დაღეჭილი ქაღალდი, რასაკვირველია, ერთ-ერთის შეგირდისაგან ნასროლი. ოსტატმა უკან არც-კი მოიხედა და განაგრძო წერა, მითამ-და საყურადღებო არა მოხდა-რაო. როცა გაათავა წერა, მოუბრუნდა შეგირდებს და უთხრა: „ყმაწვილებო, დღეს ჩემი პირველი გასაკვეთია, პირველი ნაბიჯია ოსტატობის სარბიელზედ. სამართალსა ვთხოვ თქვენს პატიოსნებას, თქვენს სინიდისსა. აბა იფიქრეთ, — მას შემდეგ, რა უპატიურებაც მომაყენა ერთმა თქვენგანმა, - რა გამწარებული გრძნობა უნდა გამყვეს მე თან თქვენის კლასიდამ, საცა ჩემს სიცოცხლეში პირველად დავიწყე სწავლება შეგირდებისა. მე არ მინდა ვიცოდე, მე არ მინდა შევიტყო, ვინ არის დამნაშავე ამ ჩემს გაუპატიურებაში. რა საჭიროა!.. დეე განიკითხოს ის იმისმავე სინიდისმა. მე მით უფრო ვერ გამიგია ჩემის გამაუპატიურებელის საქციელი, რომ მან ჯერ არ იცის, როგორი ოსტატი ვარ და როგორი კაცი.
იქნება, თქვენის სიყვარულის ღირსი გამოვდგე. ჯერ გამიცანით, გამომცადეთ და მერე გამიკითხეთ. დიაღ, ბატონებო, სამწუხაროა, რომ ჩემი პირველი გამოსვლა საპედაგოგიო სარბიელზედ ამისთანა ამბით დაიწყო. ხელმეორედ მოგახსენებთ, რომ მე არ მინდა შევიტყო ვინ არის ამ უკადრისის ცელქობის მომქმედი. დამნაშავის სახელი რომ შევიტყო, ვინ იცის, მეც კაცი ვარ - იქნება გულში იმისი ჯავრი ჩავიყოლიო და ჯავრმა ცოტად თუ ბევრად იმაზე გული ამაყრევინოს“.
„როცა ოსტატმა გაათავა ლაპარაკი, შეგირდებში ჩუმი ჩოჩქოლი ასტყდა. დაიწყეს აქეთ იქით ჩურჩული, ერთი მეორეს რაღაცას ეუბნებოდა, მეორე მესამეს და ეგრე მთელს კლასს აცნობეს ერთმანეთის გულის-პასუხი. ბოლოს წამოდგა ფეხზედ ერთი მათგანი და უთხრა ოსტატს: „ნება მომეცით მე, მოვითხოვო თქვენთან ბოდიში ყველას მაგიერ: ყველა ჩემი ამხანაგი გთხოვენ გვაპატიოთ ეგ მეტად ცუდი საქციელი ერთის ჩვენგანისა“. ოსტატმა სიხარულით მიიღო ბოდიში და გამოუცხადა, რომ სამუდამოდ დავიწყებას მივეცი ეს ამბავი და გულიდამ ამოვიღეო. ამ დღის შემდეგ ამ ახალგაზრდა ოსტატის საქმე ისე კარგად გაიმართა, რომ უკეთესი არ უნდოდა: ძალიან მალე მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა თავის შეგირდებისაგან მთელს ხუთსავე კლასში, რომელშიაც იგი ასწავლიდა“.
ერთი ასეთი ჭკვიანური, გულთბილი საქციელი ოსტატისა უფრო ძლიერ მოქმედობს ბავშის გაადამიანებაზედ, ვიდრე სამისა და ოთხის წლის ზეპირება გრამატიკისა, თუ სხვა რისამე ამისთანისა.
ჩვენ ამ ამბავმა მეტად გაგვიგრძელა წერილი და რაც სათქმელი გვქონდა, იმასაც გადაგვახვევინა. ჩვენა გვგონია, რომ ამით ბევრი არა დაშავდა-რა და თუ დაშავდა, ვეცდებით, შემდეგში დანაშაული ვიპატივოთ.
III
ჩვენ წინა-წერილში ლაპარაკი გვქონდა ზნე-ხასიათის წრთვნაზედ. ხოლო რა არის ეს ზნე- ხასიათის წრთვნა, ეს კი ვერ ავხსენით. ამის ახსნას დიდი გამოძიება უნდა და ჩვენთვის კი ამ- ჟამად საკმარისი იქნება ვსთქვათ, რომ ზნე-ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე-ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა. ამიტომაც ზნე- ხასიათის წრთვნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველ-გვარი წრთვნისა, ზრდისა და განათლებისა.
სხვანი ამაზე ურო შორს მიდიან და, - სწორედ მოგახსენოთ, - არც უსაბუთოდ. ეს სხვანი ამბობენ, რომ ზნე-ხასიათის წრთვნა არამც-თუ უდიდესი, არამედ ერთადერთი საგანია სკოლისა, მისი პირველი და უკანასკნელი დანიშნულებააო. სკოლას ამის მეტი სხვა არავითარი საგანი არ უნდა ჰქონდეს და ყოველი ღონე ამას უნდა მიჰმართოს და მოახმაროსო. კაცს თუ ღონე აქვს გამოირკვიოს პატიოსანი საგანი ცხოვრებისა და, ვითარცა გამორკვეულის საგნის კაცი, ქვეყანაში იყოს ერთი რამ კეთილი თავით თვისით, მისი სულიერი ვინაობა სასურველად დადგენილია და გამართული. აი სწორედ ეს ღონე და ხერხი გამორკვევისა, პატიოსანი წყურვილი და ხერხი ქვეყანაში ერთ რამედ ყოფნისა უნდა კაცს შესძინოს სკოლამ. ამისათვის უნდა იწრთვნებოდეს კაცი სკოლაში. უამისოდ იგი არაფრის მაქნისია, რაც უნდა ბევრი სწავლა და ცოდნა ჰქონდეს, იმიტომ რომ უამისოდ იმისი სწავლა- ცოდნა უქმი საუნჯეა და თითონ კაცი დაკეტილი ზანდუკია უქმად მდებარე საუნჯისა.
ამიტომაც თითონ სწავლა და ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ისე უნდა იყოს გაანგარიშებული და შერჩეული, რომ ზნე-ხასიათის წრთვნას, ამ ერთად-ერთს საგანს თვისას, გაუძღვეს და ემსახურებოდეს. სწავლა-ცოდნის ძლევა მარტო იმ აზრით, რომ კაცი სწავლული და მცოდნე იყოსო, ამაო და ბოლო-მოუბმელი წადილია სკოლისა.
დღეს ყველასაგან ცხადად დანახულია, რომ ვერც ერთი სკოლა, თუნდაც უნივერსიტეტი, იმოდენა სავსებით ცოდნას ვერ იძლევა, რომ კაცი მართლა მეცნიერი და სწავლული იყოს, ამ სწავლა-ცოდნაზე შეყენებული და გაჩერებული. ეს ამბავი მით უფრო საბუთად სახმარია, რომ ეხლანდელი სკოლა, თუნდა უნივერსიტეტი, მარტო სწავლა-ცოდნის შეძენაზეა მიმართული და აგებული და სხვა არაფრისათვის არ აცლის არც მასწავლებელს, არც მოსწავლესა.
თუმცა ასეა, მაგრამ ჩვენ არც ერთი კაცი არ გვახსოვს, რომ უნივერსიტეტიდამ, თუ სხვა სკოლიდამ გამოსვლის უმალ თავი ეჩინოს მეცნიერებასა და სწავლა-ცოდნაში. ვისაც თავი უჩენია, იმას სკოლის, უნივერსიტეტის შემდეგ უშრომია და ეს შრომა იმით ჰქონია გაადვილებული, რომ სკოლას, უნივერსიტეტს, - ჰქონია ფიქრად, თუ არ ჰქონია, - მაინც ასე თუ ისე უცოდინებია, უსწავლებია, სად და როგორ გაიგნოს სწავლა-ცოდნის, მეცნიერების გზა. ამ სახით, თუმცა ეხლანდელს სკოლას განსაკუთრებულ საგნად სწავლა-ცოდნის შეძენა აქვს, მაგრამ ამ საგანს ამაოდ ებღაუჭება და ვერა გზით ვერა სწვდება. ვიმეორებთ, თუ დღეს მეცნიერნი და სწავლულნი არიან, მარტო იმით, რომ სკოლისა და უნივერსიტეტის შემდეგ თითონ თავით თვისით შეუძენიათ სწავლა და ცოდნა.
მაშასადამე, სკოლამ ისე უნდა ამზადოს და სწურთვნოს, რომ კაცს ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს ერთ რადმე ყოფნისა ქვეყნის სასარგებლოდ; ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, პატიოსანი რამ საგანი ცხოვრებისა იქონიოს; ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, ყოველ ამისათვის მოიპოვოს შესაფერი სწავლა-ცოდნა. ეგრე მოწყურებული, გაღონიერებული და ხერხიანი კაცი არავითარს სიძნელეს საქმისას არ შეუშინდება, არ შეუდრკება და ზნე- ხასიათობაც ეს არის.
ეხლანდელი სკოლა-კი სულ სხვა საგანს მისდევს და ეს ზნე-ხასიათის წრთვნა თავმინებებულია. ეხლანდელი სკოლა მარტო იმის ცდაშია, რომ პატარა ბავშის თავში, რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა დასტიოს, ყმაწვილს ბევრი რამ ასწავლოს მარტო ცოდნისა და სწავლისათვის და არა კაცის გაადამიანებისათვის. ამიტომაც არც კაცად ღა ვარგობენ ეხლანდელი ყმაწვილები და არც იმათის სწავლა-ცოდნიდამ გამოდის რამ. ამიტომაც სკოლაში მიღებული სწავლა-ცოდნა მეტი ბარგია იმათთვის და არც-კი ენანებათ, რომ ცხოვრების გზაზედ ეს ბარგი დღე-და-დღე ეკარგებათ, როგორც მეტი რამ.
„ესეთი ყოფა და მიმართულება ეხლანდელის სკოლისა, - ამბობს ერთი მეცნიერი: - ერთი უსაშინელესი და უდიდესი ცდომაა ადამიანის ყოველ სხვათა ცდომათა შორის. ყმაწვილის ნორჩს გონებას ვტვირთავთ, საბარგულედა ვხდით რიცხვით აუარებელ და მრავალფერ ცოდნისათვის, იმისდა გამოურკვევლად თუ, - რა აზრით ვშვრებით ამასა. იმის მაგიერ, რომ ბუნებისამებრ ვზარდოთ, ვწურთნოთ სული, ჩვენ მარტო იმასა ვსცდილობთ, რომ ბავშს გავუგეშოთ მხოლოდ ნიჭი გონებისა და ხსოვნა ციფირებისა, სახელებისა, წელიწადებისა, სამათემატიკო ფიგურებისა, საგრამატიკო ფორმებისა. ამას ჩვენ ისეთის ახირებითა ვსცდილობთ, იმოდენად რიცხვით ბევრს და დიდის საწყაოთი ვუწყავთ, რომ ბავში მთლად იქანცება ხორცით, აღარა აქვს დრო არც თავის ბუნებურ თვისების თავის-თავად გახსნისა და წარმატებისათვის, არც იმისათვის, რომ ამ აუარებელ სასწავლებელ საგნებ შორის გამოარკვიოს, გაიგნოს რამ. შესვენებისათვისაც-კი აღარა რჩება დრო თავისუფლად მიეცეს ფიქრსა უიმისოდ, რომ ზედ არ დასცქეროდეს დაუძინებელი, გულის ასარევამდე მოძულებული ოსტატი ანუ ზედამხედველი“.
„ასწავლიან გრამატიკას, არითმეტიკას, გეოგრაფიას, ისტორიას, - ამბობს სხვა მწერალი: - და უმთავრესს აზრს, უმთავრესს საგანს სკოლისას კი ივიწყებენ, სახელდობრ, იმას, რომ სკოლამ უნდა უშველოს, ღონე მისცეს შეგირდის ზნე-ხასიათს თავის-თავობა იჩინოს და გაიწურთვნოს წარსამატებლად და განსავითარებლად“.
„თუ ამ გზით არა ჰშველის სკოლა შეგირდსაო, - ამბობს იგივე: - მაშინ აღარც იდეალია, აღარც ღონეა თავდამჭერი ავში და წამახალისებელი კარგში და საკუთრივ ამაებისაგან კი დაიწვნის ხოლმე უკეთესნი თვისებანი ადამიანის ზნე-ხასიათისანი, სახელდობრ: კაცთმოყვარეობა და სამართლიანობაო“.
მართალიც არის. კაცურის კაცობის თავი-და-თავი ღირსება ეს ორი გრძნობაა: თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მომქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა, და სკოლამ სწორედ ამისთანა შვილი უნდა გაუზარდოს ქვეყანას, ამისათვის გაუხსნას გონება, ამისათვის გაუღოს გული.
ეს ამისთანა აზრი სკოლის მოვალეობაზედ ახალი ამბავი არ არის. ამის სათავეს საშუალო საუკუნოებში ვპოულობთ და მაშინდელ დიდ ბუნებოვან კაცებს არა-ერთხელ წარმოუთქვამთ, თუ რა ახირებულია კაცობრიობა ყოველ იმაში, რაც ერთხელ დაუჩემებია, ამას გვიმტკიცებს ამ აზრის ისტორია: აბა, ამ ჯერ კიდევ საშუალ-საუკუნოებში გაღვიძებულს აზრს ამ მეცხრამეტე საუკუნეშიაც თავისი კუთვნილი ადგილი ვერ დაუჭერია.
შემდეგს ნომერში ამ ისტორიას ვუამბობთ ჩვენს მკითხველებსა.
IV
მოკლედ რომ მოვსჭრათ, რაც გრძლადა ვსთქვით ეხლანდელს სკოლაზედ, გამოვა, რომ დღევანდელს სკოლას სახეში აქვს მარტო ჭკვა-გონების წარმატება და გაძლიერება, თუმცა ბევრს შემთხვევაში საქმე ისე მიჰყავს, რომ ვერც ერთსა სწვდება და ვერც მეორეს. ეხლანდელი სწავლა-ცოდნა სკოლისა თუმცა ჰშველის კაცს გონების თვალით დაანახვოს და გონებისავე ყურით გააგებინოს, რაც კაცის გარეშემო არსებობს და თავს იჩენს, მაგრამ ადამიანის საქციელზედ-კი თითქმის სრულებით არა ჰმოქმედობს. ამიტომაც დღევანდელს დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით-კი სრულებით სხვა. ეს იმიტომ არის, რომ დედა-აზრნი, სკოლაში სწავლა- ცოდნით გამორკვეულნი, მარტო ფორმალურად არიან მიღებულნი და არა მათის შინაგანის აზრითა, არა მათის ბუნებურის შინაარსითა.
ამას ნათლად გვიხატავს მეცნიერი ვესსიო. რომელიც ამბობს:
„ბერძნებსა და რომაელებს ფილოსოფოსი ასწავლიდა, - ასე რომ ვსთქვათ - ქუჩაში, ყველგან ეჩვენებოდა მთელის თავის შეგირდების კრებულითა, ცხოვრებას ცხოვრებაშივე აკვირდებოდა, უხსნიდა და განუმარტებდა მისთა მოვლენათა, ესაუბრებოდა და ეკამათებოდა ხალხსა, ერთის სიტყვით, საზოგადო, საყოველთავო მოღვაწე იყო. ეხლა ფილოსოფოსი განსაკუთრებულად მწიგნობარი კაცია, უფრო ხშირად მეთეორიეა. ჩვენ იშვიათად შეგვხვდება ხოლმე მოსმენა მისის ცოცხალის სიტყვისა, უფრო იშვიათი შემთხვევაა მისი საუბარი ჩვენთან. უფროს-ერთი მარტო იმათს თხზულებას ჰკითხულობს, ისიც მაშინ, თუ ფილოსოფოსმა გვაღირსა და საქვეყნოდ გამოამჟღავნა თავისი სისტემა. ძველთა ფილოსოფოსთა მიმდევარი შესაძლო იყო გეცნათ მისის ცხოვრებისაგან, იმიტომ რომ სტოიკად, თუ სოფისტად ყოფნა ჰნიშნავდა, რომ ცხოვრებითაც სტოიკია, ანუ სოფისტი. ეხლანდელს დროში-კი არამც-თუ მე, ან თქვენ გამოვიცნობთ, რომ ჩვენი ნაცნობი პოზიტივისტია, არამედ შესაძლოა თითონ ორმა პოზიტივისტმა, რაც უნდა ხშირად ინახულონ ერთმანეთი, ერთმანეთსვე ვერ გაუგონ, რომ ერთისა და იმავე ფილოსოფიურ სისტემის მიმდევარნი არიან. ეხლანდელს ფილოსოფიას აქვს საქმე მარტო ჭკვა-გონებასთან და ცხოვრების მოვლენათა გაგებასთან ადამიანის მიერ, არც ადამიანის საქციელზედ-ღა მოქმედობს, არც არკვევს და წინ უძღვის ადამიანის თვითმოღვაწეობას“ ამ-სახით, ჯერ ძველ დროშივე სცოდნიათ, რომ სწავლა-ცოდნა სკოლაში ზნე-ხასიათის საწურთვნელ ღონედ უნდა იხმარებოდეს და არა იქმნას მარტო თავის-თავად სანუგბარი რამ, თავის-თავად სანატრელი. ამ აზრმა ძველის დროისამ უფრო მეტის გარკვევით, უფრო მეტის სიცხადით თავი გამოიჩინა საშუალო საუკუნოებში, საკუთრივ მაშინ, როცა ეგრეთ- წოდებულს სქოლასტიკას საძირკველი შეერყა და მოძღვრება „ჰუმანობისა“ წამოდგა ფეხზედ. ეს ხანა ისტორიისა გამოჩენილია მით, რომ ადამიანის ჭკვა-გონება დიდად გაძლიერდა,მრავალი რამ შეიგნო და ისწავლა ბერძნებისა და რომაელების მწერალთა ნაწერებისაგან და მრავალი რამ აღმოაჩინა. ყველაზედ უდიდესი აღმონაჩენი ამ დროისა, - მიშლესი არ იყოს, - ადამიანია, ესე იგი, ამ საუკუნემ ახალის თვალით მიახედა კაცობრიობა ადამიანის ღირსებაზედ და იმის არსებობის საგანზედა.
„ჰუმანობის მოძღვრება იმაში მდგომარეობსო, - ამბობს ერთი მწერალი: - რომ ადამიანი შეჰხაროდეს ცხოვრებას, ელინებრ სიხარულის თვალით უყურებდეს; იმაში მდგომარეობს, რომ კაცის ადამიანური ღირსება ღრმად პატივცემულ იყოს და არა-ნაკლებ ღრმადვე ჩანერგული რწმენა გვქონდეს, რომ ყოველი ღონე და ნიჭი ადამიანის ბუნებისა აუცილებლად საჭიროა განვითარებულ და წარმატებულ იქმნას ერთიანად და გამოუკლებლივ“.
ეს პატივისცემა ადამიანის ღირსებისა დაიწერა თავის დროშაზედ ჰუმანობის მოძღვრებამ და ეს მოძღვრება გარკვევით გამოსთქვა მაშინ ერთმა იტალიელმა ჰუმანისტმა პიკოდელა- მირანდოლამ, 1486 წელსა. ამ პიკოს სიტყვით, - აი რას უბრძანებს ღმერთი პირველს კაცს ადამსა:
„მე შენთვის, ადამო, არავითარი სამუდამო ბინა და სადგური არ მომიცია, არავითარი სამუდამო და უცვალებელი საქმე არ ამიჩენია. ეს იმისთვის, რომ საცა შენ გიამოს, იქ იცხოვრო, რაც გინდოდეს, ის საქმე აიჩინო. მე შენ არც სასიკვდილოდ გამიჩენიხარ, არც უკვდავად დამინიშვნიხარ. ეს იმისათვის, რომ შენ თითონ იყო შენის თავის მკეთებელი და ისეთი სახე მიიღო, როგორიც შენ თითონა გსურს: შენ შეგიძლიან პირუტყვამდინაც ძირს ჩამოხვიდე და ანგელოზამდინაც ზე ახვიდე“.
კაცმა რომ ჩაიხედოს ამ სტრიქონებში და ამასთან უნარიცა ჰქონდეს, გამოსარკვევი გამოარკვიოს და დასანახავი დაინახოს, ჩვენთან ერთად იტყვის, რომ ამაზედ მარტივად და ამაზედ ნათლად ძნელია კაცმა გამოსთქვას-ღა, როგორც ადამიანის არსებობის საგანი, ისეც ადამიანის ღირსება.
ჯერ ეს პიკოს სიტყვა არ იყო თქმული, როცა იტალიაში დაიძრა აზრი, რომ სკოლა აგებულ იქმნას ჰუმანობის მოძღვრების მიხედვითა. ამისი პირველი მესვეური იყო პადუელი ჰუმანისტი ვიტტორინო დე-ფელტრე, რომელიც ახალის პედაგოგიის მამად ითვლება დღესაც.
ამისი ამბავი და სხვაც დანარჩენი შემდეგისათვის გადიდვას.
V
ვიტტორინო დე-ფელტრე, რომელიც, - როგორც წინათა ვსთქვით, - პედაგოგიის მამად ითვლება, ერთის ღარიბის ოჯახის შვილი იყო ვენეტიკის სამფლობელოში და დაიბადა 1378 წელსა. იმის ყრმობის დროს ერთი აქა-იქ მოარული ოსტატი იყო რიტორიკისა და ლათინურის ენისა, მეტად სახელგანთქმული. ეს იყო ჯიოვანნი დერავენნა. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება ვიტტორინომ ამისაგან მიიღო, მერე პადუის უნივერსიტეტში გადავიდა და საოცარი წყურვილი ჰქონდა მათემატიკა ესწავლა. ხოლო გროში არა ჰქონდა ფული ეძლია მათემატიკის ერთად-ერთ მასწავლებელისათვის პადუაში, ბიაჯიო პელაკანისათვის, აიღო და მოსამსახურედ დაუდგა და მოსამსახურობით გასამრჯელოს უხდიდა თავის ოსტატსა.
მალე შეატყო ვიტტორინომ, რომ ბიაჯიო ვერაფერი ოსტატია და ამისაგან ვერას გამორჩება. დიდის ნიჭის პატრონი და ამასთან ცოტაოდენ სწავლა-განათლებით გზა-კვალ-გახსნილიც, ვიტტორინო განშორდა ოსტატს და თითონ მარტოკა შეუდგა საყვარელის მეცნიერების სწავლასა. მალე ისე გაიმართა და ისე ისწავლა, რომ თვითვე შეეძლო ესწავლებინა მათემატიკა სხვისათვის. 1414 წელს ვიტტორინომ ვენეტიკაში ოსტატობა დაიწყო: აიყვანა რამდენისამე დიდკაცის შვილი სასწავლებლად ფულით და ღარიბებს-კი მუქთად ასწავლიდა. 1418 წ. რიტორიკის პროფესორადაც შეიქმნა. ამ პროფესორობაში ისე გაითქვა სახელი, რომ მანტუის ჰერცოგმა ჯიან ფრანჩესკო ჰონზაგომ მიიწვია თავის შვილების აღმზრდელად. ჰერცოგმა მშვენიერი სადგური მისცა ტბის პირას, ქალაქზედ მოშორებით, და 1425 წ. ვიტტორინო აქ დაბინავდა ჰერცოგის შვილებითა და მათის ტოლამხანაგებითა დიდკაცთა შვილთაგან. თუმცა ეს სკოლა მარტო ჰერცოგის და მის დარბაისელთა შვილთათვის დანიშნული იყო, მაგრამ ვიტტორინომ ეს არ შეიწყნარა და იგი მანტუის სკოლა საყოველთაო სკოლად გადაიქცა. ამ-სახით, სკოლის კარი გაიღო ყველა წოდების შვილთათვის, როგორც მდიდართა, ისეც ღარიბთათვის. ხოლო ღარიბთათვის სკოლის მახლობლად გაჰმართა ცალკე სადგური, საცა იგი აჭმევდა, ასმევდა, აცმევდა და აძლევდა ყოველისფერს, რაც სკოლაში სახმარად საჭირო იყო.
ჩვენ ეს მანტუის სკოლის მოკლე ისტორია იმიტომ მოვიხსენიეთ აქ, რომ იგი ერთი უძველესი საშუალო სასწავლებელი იყო ევროპაში, რომელმაც ყველაზედ უწინ საფუძვლად და სათავედ დაიდო ახალი მოძღვრება ჰუმანობისა, ვიტტორინოს მეთაურობითა. ვიტტორინოს იდეალად, ანუ მაგალითად, ჰქონდა ათინური „გიმნასიი“, საცა ერთნაირი და თანასწორი ყურადღება იყო მიქცეული, როგორც ყმაწვილის ჭკვა-გონების განვითარებასა და გაძლიერებაზედ, ისეც ძვალ-ხორც-ჯანის გამაგრებასა და გაღონიერებაზედ. ხოლო მისაღწევი საგანი კი ვიტტორინოს სკოლისა ზნე-ხასიათის გაწვრთნა, დამთავრება და დადგენა იყო. ამიტომაც სკოლაში სწავლება და გარეთ ჰაერზედ ვარჯიშობა ერთი- ერთმანეთს რიგ-რიგად მოსდევდა. ყოველ დღეს, დანიშნულს საათს, რაც გინდ ტაროსი ყოფილიყო, ყმაწვილები ვარჯიშობდნენ სრბოლასა, ჭიდაობასა, ცურვასა, ბურთაობასა და შვილდოსნობაში, ზოგჯერ ნადირობის და თევზაობის ნებასაც აძლევდა. ზაფხულობით ოსტატების თანახლებით ყმაწვილებს სამგზავროდ ისტუმრებდა კარგა შორს, ზოგჯერ ალპიის მთებშიაც.
თუმცა სწავლების სახსრად ძველი ენები იყო, ბერძნული და ლათინური, რომელთაც თითონ ვიტტორინო ასწავლიდა უფროსს კლასებში, მაგრამ მარტო იმისთანა კლასსიკებს აკითხებდა, რომელთაც შეეძლოთ ემოქმედნათ ყმაწვილების ზნე-ხასიათის გაწრთვნასა და გამართვაზედ. ამ კლასსიკების სწავლებასთან ერთად მხარ-და-მხარ ასწავლიდა მათემატიკას, რომელიც ვიტტორინოს მიაჩნდა გონებისათვის უკეთესს სავარჯიშოდ.
ვიტტორინო სულითა და გულით მიეცა თავის სკოლას და ყმაწვილებს ისე ექცეოდა, როგორც მამა შვილებსა. სკოლას შესწირა თავისი საკუთარი ბედნიერება: არ მოეკიდა არც ოჯახს, არც ცოლ-შვილიანობას. როცა მეგობრებმა ურჩიეს, ცოლი შეირთე და შენისთანა შვილები დაუტოვე შენს ქვეყანასაო, იმან უპასუხა, რომ უმაგისოდაც საკმაო შვილები მყვანან სკოლაშიო.
მაგრად იდგა რა პლატონ ფილოსოფოსის თქმულზედ, რომ თავისუფალი არსება თავისუფლად უნდა იზრდებოდესო უტყეპ-უცემლად, ვიტტორინო უძღვებოდა თავის შეგირდების წვრთნას მაგალითითა და ჩაგონებითა და მარტო ძალიან იშვიათს შემთხვევაში ჰხმარობდა ხორცთა სასჯელსა. როცა ამ გზით საქმის სვლამ დაანახვა, რომ საქმე კარგად მიდის, მან სამუდამოდ და უკუ-დაუბრუნებლად განაძევა თავის სკოლიდამ ხორცთა სასჯელი. სკოლის რიგი და წესი მარტო თავის-თავის ზნეობურს გავლენაზედ დაამყარა ამ საკვირველმა კაცმა, რომელზედაც მისი თანამედროვე ამბობს, რომ იგი იყო ზეგარდმო ღვთაებურის მადლით ცხებულიო. მხიარულად და ხალისიანად მიდიოდა სკოლის საქმე, ასე რომ თითონ სკოლას „მხიარული სახლი“ დაერქვა სახელად.
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვიტტორინოს სკოლა უნაკლულო იყო. ბევრი რამ აკლდა და ვრცლად რომ აგვეწერა, იქნება დაგვენახა ზოგი რამ მეტიც, ხოლო ჩვენ თუ ეს ამბავი მოგვყავს, მარტო იმისთვის, რომ ვიტტორინოს აზრი, მაშინდელის სკოლის საფუძვლად დადებული, მხოლოდ დასაწყისია, ფეხის ადგმაა ახალის საპედაგოგიო თეორიისა, მაშასადამე, ვიტტორინოს მოქმედებას სასკოლო სარბიელზედ ისე უნდა ვუყუროთ, როგორც დვრიტას, რომელიც მერე და მერე გაღვივდა, როგორც კვირტს, რომელიც მერე და მერე გაიშალა და გადაიხსნა სხვათა მეცნიერთა შემწეობითა.
VI
„ივერიის“ NoNo 92 - 96 მეთაურების საგნად ავიღეთ ეხლანდელის სკოლის ვითარება საზოგადოდ და ვსთქვით, რომ ერთი უდიდესი ნაკლულოვანება ის არის, რომ ეხლანდელს სკოლას აზრადა აქვს, რაც შეიძლება ბევრი სწავლა-ცოდნა შესძინოს მოსწავლესა და ზნე- ხასიათის წურთვნას-კი თითქმის სრულიად უყურადღებოდ სტოვებს. ამ სწავლა-ცოდნასაც ისეთის დიდის საწყაოთი იძლევა, რომ მოსწავლე ძლივ-ძლიობით ასდის, სულით და ხორცით იქანცება, არაქათი უწყდება და ბოლოს გამრჯელ, მხნე, სულითა და ხორცით ღონიერ ადამიანის მაგიერ უძლური, უღონო და ჯან-გალეული კაცი გამოდის სკოლიდამ. ამ-სახით, ეხლანდელი სკოლა მიმართულია მარტო გონების აღმატებაზედ და სხვა მხარეს ადამიანის ბუნებისას არამც-თუ ჰშველის, არამედ სჩაგრავს და ჰხუთავს.
ეს შეჰნიშნეს მეცნიერთა და კაცთმოყვარეობით გამსჭვალულებმა ამ დიდის შეცდომის გასწორება მოისურვეს. დედა-აზრი ეხლანდელის პედაგოგიის მიმართულებისა იგია, რომ ადამიანი უნდა იწურთვნებოდეს სკოლაში ყოველ მხრით: გონებით, ზნე-ხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი ამათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს. ეს დედა-აზრი, რომელსაც ეხლანდელნი მეცნიერნი ჰლამობენ დაუდვან სკოლას, ახალი ამბავი არ არის. მაგ დედა- აზრის სათავე ჯერ კიდევ საშუალ-საუკუნოებში მოიპოვება, სახელდობრ, ეგრეთ-წოდებულ „განახლების ეპოქაში“, როცა თავი იჩინა ჰუმანობის მოძღვრებამა. პირველი კაცი, რომელმაც ჰუმანობის მოძღვრებაზე ააგო სკოლა, იყო იტალიელი ვიტტორინო დე-ფელტრე. ამ კაცის მოკლე ისტორია და იმისი საპედაგოგიო საფუძველი უკვე მოვახსენეთ მკითხველს „ივერიის“ No 96-ში.
ეს მამამთავარი პედაგოგიისა ისე აღსრულდა, რომ ერთი სტრიქონიც არ დაუწერია ახალ პედაგოგიის შესახებ. იგი მარტო საქმით მოქმედობდა და ამბობდა, რომ კარგად მოქმედება სჯობს კარგად წერასაო. ხოლო იმისი საქმით მოძღვრება უნაყოფოდ არ დარჩა. იმის დროს სცხოვრობდა ორი სხვა მეცნიერი, პადუის პროფესორი პაოლო ვერჟერიო და რომის პედაგოგი მატტეო ვეჯიო. ვიტტორინოსაგან საქმით მოძღვრებულნი საფუძველნი ახალის პედაგოგიისა ამათ სამეცნიერო წესსა და რიგში ჩააგდეს და თვითეულმა მათგანმა საკმაოდ გამოჩენილი თხზულება დასწერა. ამ-სახით, ეს ორი კაცი შეიქმნა მეცნიერულად დამფუძნებელი ახალის პედაგოგიისა. ამათი ნაშრომი იმითია გამოჩენილი, რომ თვალსაჩინოდ, თვალნათლად გამოთქმულია დედა-აზრნი ახალის საპედაგოგიო სისტემისა, წარმომდგარნი ჰუმანობის მოძღვრებისაგან. ვერჟერიო თავის თხზულებაში სკოლის საფუძვლად სდებდა ამ ოთხს დედა-აზრსა: ა) საგანი აღზრდისა ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებულ იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი. ბ) სწავლებაში უნდა სახეში მიღებულ იქმნას არა მარტო ასაკი და წლოვანება მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი. გ) რადგანაც ბავშის ცოცხალსა, მკვირცხლსა და ადვილად აღმბეჭდავ ბუნებაზედ ცოცხალი მაგალითი უფრო ძლიერ მოქმედობს, ვიდრე მკვდარი წესი და დარიგება, ამიტომაც ყველაზედ უკეთესი ღონე ის არის, რომ მოწაფეს წინ გადუშალოს ოსტატმა ცხოვრება დიდ-ბუნებოვანთა კაცთა, რომელნიც ასე ბევრნი მოიპოვებიან ძველს დროში. დ) სწავლა-ცოდნა და ერთობ განათლება უნდა დაფუძნებული იყოს თავისუფალთა მეცნიერებათა შესწავლაზედ. ამ მეცნიერებათა სათავეში სდგას ფილოსოფია, რომელიც ადამიანს გონებითად თავისუფალ ჰხდის. მას მოსდევს მეცნიერება მჭევრმეტყველებისა, რომელიც ასწავლის კაცს აზრის ნათლადა და ლამაზად გამოთქმას. მერე მოდის ბუნებისმეტყველება, რომელიც გვაგებინებს ჰარმონიას ყოველ მისას, რაც არსებობს, და ბოლოს ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სვლას და განვითარებას მეცნიერებისას და მრავალს სასარგებლო მაგალითს თვალ-წინ გვიყენებს.
როცა ვერჟერიო ამაებზედ ლაპარაკობს, ბევრს ეხლანდელ დროისათვისაც სასურველს აზრსა და ჭეშმარიტებას ამბობს. მაგალითებრ, იგი ამბობს, რომ ჭკუაგონება მოწაფისა უფრო წარმატებაში შედის მაშინ, როცა ერთს რომელსამე თხზულებას საფუძვლიანად ისწავლის, ვიდრე მაშინ, როცა ხელ-და-ხელ და გაკვრით გადააბულბულებს მრავალსაო. გადამეტებული ცოდნა წვრილმანებისა მეტის მეტად ამძიმებს მოწაფის გონებასა, ჰქანცავს და ჰღალავს ყმაწვილსა იქამდე, რომ ბოლოს დაბოლოს სამუდამოდ აუძლურებს და ასუსტებს. როგორც უწესურობა, ისე მეტის-მეტი მკაცრი წესიერება (დისციპლინა) სკოლაში ერთნაირად მავნებელიაო. პირველ შემთხვევაში სული და გული, ერთობ ბუნება და გუნება მოწაფისა აღვირაშვებულია, გაქსუებულია, მოწაფეს ეკარგება ღონე თავდაჭერისა და უნარი, ხალისი გარჯისა და შრომისაო; მეორე შემთხვევაში გატანჯული და დაშინებული მოწაფე ყოველს მხნეობასა ჰკარგავს, ნიჭი თაოსნობისა და თვითმოქმედობისა უკვდება, იმიტომ რომ ვისაც ყველაფრისა ეშინიან, ის უღონოა რაიმე საქმეს შეუდგეს თავისითაო.
უფრო მეტის საბუთიანობით და სისტემით გამოჩენილია მეორე მეცნიერის ვეჯიოს თხზულებაო, ამბობს ავტორი, რომლის თხზულებიდამაც ამოვკრიბეთ ჩვენ როგორც ეს ცნობანი, ისეც წინანდელნი. ეს მისი თხზულება ახალი პედაგოგია არისო, - ამბობს იგი ავტორი, - და ბავშის აღზრდას დაბადების დღიდანვე თანა სდევსო. ვეჯიო მთელის თავის ძალღონით ეწინააღმდეგება იმ ჩვეულებას, რომ შვილებს ძიძას აზრდევინებენ და ცხარედ იღვწის, რომ დედამ თითონ აწოვოს შვილსა. წესიერად და მართალის გზით განვითარება და წარმატება სულისა და ხორცისა, ჩანერგვა ბავშის გულში კარგის მაგალითების შემწეობით კეთილ-მომქმედის ზნისა და ხასიათისა უნდა იყოს, ვეჯიოს აზრით, ერთად-ერთი საგანი აღზრდისა. ვეჯიოც, როგორც ვერჟერიო, იმ აზრზედ სდგას, რომ აღზრდაში სახეში უნდა იქონიონ არამც-თუ მარტო ასაკი მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი. ხოლო ვეჯიო ამ საგანზედ უფრო ვრცლად ლაპარაკობს. იგი ამბობს, რომ სხვადასხვაა ბუნება სხვადასხვა ბავშისაო. ეს სხვადასხვაობა ბავშთა ბუნებისა იმოდენად ძლიერია, რომ უფრო ადვილია მზეს შეაცვლევინონ გზა, ვიდრე დაბადებით თანდაყოლილნი მიდრეკილებანი ბავშისა შეიცვალოსო. ამ სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდისაო. მკვირცხლს და თამამს ბავშს სხვარიგად უნდა მოექცნენ, ვიდრე კდემარეს, მორცხვსა და აზიზს ყმაწვილსაო. ესევე უნდა იქონიონ სახეში ჭკუა-გონების აღზრდაშიაცაო.
ამიტომაც ვეჯიო დედ-მამებს არ ურჩევს, შვილები იმისთანა სკოლაში აძლიონ, საცა ბევრი ყმაწვილები არიან, იმიტომ რომ თვით უკეთესი ოსტატიც-კი ამ შემთხვევაში უღონო იქნება თვითოეულს ბავშს ცალკე ადევნოს თვალი და თვითოეულის განსაკუთრებულს ბუნებას და გონებას ცალკე შეურჩიოს გზა გონების გახსნისა და ზნე-ხასიათის წურთვნისა.
აი ეს სამნი - ვიტტორინო, ვერჟერიო და ვეჯიო, არიან პირველნი მესვეურნი ახალის პედაგოგიისა და ამსახით, იგი დედა-აზრნი, რომელნიც დღეს გაღვიძებულნი არიან მეცნიერთაგან, მომდინარეობენ ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნიდამ. განსხვავება მარტო იმაშია, რომ ეხლა ეგ აზრნი უფრო მეტის სავსებით, მეტის გარკვევით, მეტის მეცნიერებით და გამოცდილებით შემუშავებულნი, განვითარებულნი არიან და დასაბუთებულნიცა.
VII
ვიტტორინომ, ვერჟერიომ და ვეჯიომ, ამ - როგორცა ვსთქვით, - სამმა მესვეურმა ახალის პედაგოგიისამ, გზა გაუხსნა პედაგოგიასა და მათმა თეორიამ ახალის მოძღვრებისამ დიდი ზემოქმედება იქონია შემდგომებზედ. სახელოვანი დეზიდერი ერაზმი როტტერდამელი, რომელიც დაიბადა 1467 წელსა და გარდაიცვალა 1536 წელს, ერთი იმათგანი იყო, რომელთაც ბოლოსდა-ბოლოს სრულად დაჰფუშეს ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა და ახალი საფუძველი დაუდვეს, ჰუმანობის მოძღვრებაზედ აგებული. საპედაგოგიო აზრნი ერაზმისა იმითი არიან განსაკუთრებით შესანიშნავნი, რომ ერაზმი აღმატებულის სასოებით თაყვანსა სცემს ბავშსა და ამ სასოებისაგან შეპყრობილი იძლევა სარჩიელს ბავშის წურთვნისას და აღზრდისას. ბავშიო, ამბობს იგი, წმინდა ტაძარია სულის-წმინდისა და სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა მოექცნენო. იგი არ ეთანხმება ვეჯიოს, რომელიც ბავშის ბუნებურს მიდრეკილებას მეტის-მეტს მნიშვნელობას აძლევდა. ერაზმი, პირიქით, ამტკიცებს, რომ აღზრდას და წურთვნას შეუძლიან სრულად გარდაჰქმნას ბავშიო. საქმე იმაშიაო, რომ ამ აღზრდამა და წურთვნამ ბავში ჩაიგდოს ხელში პირველ ხანშივე, ნორჩობაშივე და ყოველს მის ფეხის გადადგმას უწინამძღვროსო.
ერაზმის აზრით, ბავშმა შემდეგი კიბე უნდა აიაროს აღზრდისა და წურთვნის დროსაო: ჯერ პირველად ყმაწვილის ნორჩს და მალე შემთვისებელს გულში უნდა ჩანერგილ იქმნას ფესვი სათნოებისა, სიყვარული შემოქმედისა და რწმენა მისი, რომ ღვთისათვის საცნაურია არამც- თუ საქმენი ადამიანისა, არამედ გულის ზრახვანიცა. როცა ამ გზით სული და გული მოწაფისა საკმაოდ მომზადებული იქნება, მაშინ მეცნიერების სწავლებასაც უნდა შეუდგნენ და ბოლოს ხომ უნდა განუვითარონ გრძნობა მოვალეობისა და ასწავლონ, როგორ უნდა მოექცეს და მოეპყრას თავის მსგავს ადამიანსაო. ყმაწვილის სწავლება უნდა დაიწყონ,ერაზმის აზრით, შვიდ, ანუ რვა წლიდამ, იმისდა მიხედვით, თუ სულით და ხორცით რა ღონისაა ყმაწვილი, რადგანაც ამ ხანში ბავშს გართობა და თამაშობა უყვარს, ამიტომ საჭიროა სწავლა და წურთვნა ისე მოეწყოსო, რომ ბავშმა სწავლება წვალებად არ მიიჩნიოსო. იმაზედ უარესი არა არის-რა, რომ ბავშმა მოიძულოს სწავლა-ცოდნა, ვიდრე შეიგნებდეს ერთისა თუ მეორის სიკეთესაო.
ერაზმი ოსტატისაგან ბევრს რასმე ჰთხოულობს. თუ ოსტატს ჰსურსო, რომ საქმე ემარჯვოს და კეთილად იმოქმედოს ბავშზედა, აუარებელი ცოდნა უნდა ჰქონდესო, ოსტატმა თითქმის ყველაფერი უნდა ზედმიწევნით იცოდესო. „თქვენ მეტყვითო, ამბობს ერაზმი, რომ მე დიდს ტვირთსა ვსდებ ოსტატსაო. მართალია ეგ, მაგრამ ერთს რომ დიდს ტვირთსა ვკიდებ, ამით სხვა მრავალს ვუსუბუქებ ტვირთსაო. მე მსურსო, რომ ოსტატს გავლილი ჰქონდეს მთელი სივრცე კაცთა მეცნიერებისა, იმიტომ რომ მოწაფეებს აღარ დასჭირდეს თითონ ჰქმნან ეგევეო“. ხოლო ესეც საკმაო არ არის, ერაზმის აზრით ოსტატისათვის: იგი უნდა იყოს მაღალის ზნეობის კაცი, უნდა იცოდეს, როგორ მოექცეს ბავშსა, უნდა შემძლებელი იყოს მოიპოვოს სიყვარული და პატივისცემა ყმაწვილისაო „პირველი თავმდები ბავშის აღზრდის მარჯვედ მსვლელობისა - სიყვარულია მოწაფისა ოსტატის მიმართო“ - ამბობს ერაზმი.
ერაზმი ძალიან ეურჩება, ძალიან ჰკიცხავს, თუ გასაკვეთი ხანგრძლივია სასწავლებელში. ხანგრძლივად სვლა გასაკვეთებისა ჰღალავსო შეგირდის გულისყურს, ქანცს ულევს ყმაწვილსა და სულიერად თუ ხორციელად სჩაგრავსო. ამიტომ რჩევას იძლევა, რომ რაც შეიძლება მალ-მალე უნდა იცვლებოდეს ხოლმე საშრომელი ბავშისაო: სწავლა, შესვენება, სეირნობა და გართობა ერთმანეთში რიგ-რიგად ჩართული უნდა იქმნასო.
ვეჯიოსებრ, ერაზმი სამჯობინარად ჰხედავს იმისთანა სკოლას, საცა მოწაფენი ბევრნი არ არიან. ცოტა შეგირდებიანი სკოლა სჯობია, როგორც შინ აღზრდასა, ისე ბევრ-შეგირდებიან სკოლასაო. შინ რომ იზრდება ყმაწვილი, თვალ-წინ არავინა ჰყავსო, რომ უპირატესობისა და ჯობნობისათვის შეეჯიბროს ვისმე, და შეჯიბრება კი ამ შემთხვევაში დიდი ღონეა ბავშის წარმატებისათვისაო. ბევრ-შეგირდებაინ სკოლაში ხომ ოსტატი უღონოა თვითოეულ ბავშის ბუნებას ცალკე ადევნოს თვალყურიო.
VIII
ამაოდ არ ჩაიარა საპედაგოგიო მეცნიერებისათვის ვიტტორინოს, ვერჟერიოს, ვეჯიოს და ბოლოს ერაზმის ღვაწლმა და მეცადინეობამ. ამათმა საბუთიანმა და მართალმა მოძღვრებამ თანდათან ფეხი გაიდგა და მომხრენი მოიპოვა ჯერ კიდევ „განახლების“ ეპოქაშივე სხვა ქვეყნებშიაც. მაშინდელს საფრანგეთში გზა გაიკვალა ახალმა საპედაგოგიო თეორიამ გამოჩენილის და სახელგანთქმულის ფრანსუა რაბლეს მეოხებითა. ფრანსუა რაბლე იყო ფრანგი. იგი დაიბადა 1483 წელს და გარდაიცვალა 1558 წელსა. თუმცა პირველ ხანში რაბლე ბერ მონაზონი იყო, მაგრამ მერე შეიქმნა სახელოვან რომანისტად და უფრო სახელოვან სატირიკოსად. ამან სრულიად შეითვისა ახალი საპედაგოგიო მოძღვრება ერაზმისა და მის წინა-მყოფთა, ხოლო ისე-კი, როგორც დიდ-ბუნებოვანს კაცს შეჰფერის. რაც კარგი იყო ახალის პედაგოგიის მესვეურთა ნამოქმედარსა, თუ ნაწერებში, ყოველივე იგი მიიღო და ამ მიღებულზედ ფეხმოკიდებულმა უფრო წინ წასწივა საპედაგოგიო მოძღვრება და გაუმატა. ამის გამო მეტი არ იქნება ვსთქვათ, რომ მან შეჰქმნა საკუთარი თეორია აღზრდისა და ამაში დიდი გამჭრიახობა, დიდი ცოდნა და ჭკვა-გონება გამოიჩინა.
რაბლეს არ დაუწერია განსაკუთრებული საპედაგოგიო თხზულება და არც თითონ ჰქონია სკოლა. ერაზმისებრ რაბლესაც თავის-თავზედ ჰქონდა გამოცდილი მთელი სიმძიმე სქოლასტიურის სწავლებისა, რომელიც უფრო წვალება და წამება იყო ბავშისა, ვიდრე წრთვნა და ზრდა, და რომელსაც აზრადა ჰქონდა, მარტო წყალსავით დასწავლება წიგნისა და არა გაგება საგნისა და ქვეყნიერობისა, ამიტომაც, როცა დრო მოეცა, მთელის თავის მწვავის ენით სასაცილოდ აიგდო სქოლასტიური წესი სწავლებისა და დასწერა მწვავი სატირა-რომანი, რომელსაც „გარგანტუა“ ჰქვიან. ამ სატირაში ერთის მხრით სასაცილოდ აგდებულია ძველი სქოლასტიური წესი სწავლებისა და მეორეს მხრით გამოხატულია იდეალი ახალის ჰუმანიურის სწავლა-წურთვნისა. ერთიც და მეორეც ნაჩვენებია ორის ყმაწვილის გამოსახვითა. ამ ორ ყმაწვილში ერთი ძველის წესით იზრდება და მეორე ახალის წესითა.
ახალი წესი, რაბლეს მიერ მოძღვრებული, იმაში მდგომარეობს, რომ ბავში რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მომწყვდეული ოთხ კედელს შუა, რადგანაც დახშული და დაბუღებული ჰაერი ოთახისა და უმოძრაობოდ ყოფნა სჩაგრავს ყმაწვილსა. ყმაწვილი დღეში უფრო ბევრი წილი გარეთ უნდა იყოს, ჰაერზედ. არც ერთმა საათმა დღისამ უქმად არ უნდა ჩაუაროს ბავშსა: ოსტატმა საცოდნელი და საწურთვნელი ყოველთვის უნდა მოუპოვოს ბავშსა და ერთს წუთსაც უსაქმურად არ უნდა ამყოფოს. წიგნის კითხვისათვის და კლასში სასწავლებლად საკმაოა სადილის წინ სამი საათი და სადილის უკანაც სამი. სხვა დრო-კი შიგა-და-შიგ და რიგ-რიგად უნდა მოხმარდეს იმას, რომ შეგირდს გაეხსნას ნიჭი დაკვირვებისა, გამორკვევისა და ამიტომაც საჭიროა ბავშმა თავის საკუთარის დანახვითა, საკუთარის მოაზრებითა და განსჯითა იცოდინოს ბუნება და ცხოვრება. სეირნობს ბავში, თუ ჰთამაშობს, თუ ტანის და აგებულობის წარსამატებლად ვარჯიშობს, სჭამს თუ სვამს, ოსტატმა ბავშის თვალი და გონება უნდა მიახედოს ყველაფერზედ, რაც-კი საცოდნელად და საწურთვნელად გამოსადეგია.
რაბლეს სიტემაში ტანის და აგებულების ვარჯიშობას დიდი ადგილი უჭირავს: ბურთაობა, კენჭაობა, ცხენზედ ჯდომა, ცურვა, ჭიდაობა, - ყოველივე ეს საჭიროდ დანახულია რაბლესაგან. რაბლეს აზრით, მოზარდმა თავის თვალით უნდა გაიცნოს ცხოვრება და მისი ავკარგიანობა თავის ყურით გაიგონოს. ამიტომაც ოსტატი უნდა ატარებდეს ყმაწვილსა ფაბრიკებში, სამსჯავროში, სახელოსნოებში და ეკლესიებში ქადაგების სასმენლადაო და, რაც საჭიროა და შესამჩნევი, შეამჩნევინოს და გააგებინოსო.
ასე გაჩნდა და ასე გაივსო ახალი მიმართულება პედაგოგიისა „განახლების“ ეპოქაში, რომელიც საშუალო საუკუნოებს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ეხლანდელს სკოლას ბევრში ჩამორჩება სკოლა „განახლების“ დროებისა. ერთი დიდი უპირატესობა ეხლანდელის სკოლისა ის არის, რომ იგი მარტო დიდ-კაცთათვის აღარ არის და საყოველთაოა, როგორც დიდისა, ისე პატარასათვის, როგორც მდიდრისა, ისეც ღარიბისათვის. არც იმასა აქვს ეჭვი, რომ ეხლანდელს სკოლაში თითონ ხერხი სწავლებისა ბევრად უკეთესია უწინდელზედ,მაგრამ ესეც-კი უნდა ითქვას, რომ ეხლანდელი სკოლა ბევრში უკან ჩამორჩომილია უწინდელზედ. დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიცა აქვს, რომელსაც კაი- კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა; დავიწყებულია, რომ კაცს ტანი და აგებულობაცა აქვს, რომელიც წურთვნიდა და ვარჯიშობით უნდა გაღონიერდეს, გაჯანიანდეს, გამაგრდეს, რადგანაც ჯანმრთელობა უდიდესი მადლია, რომელსაც-კი ღმერთი მიანიჭებს ხოლმე თვისთა რჩეულთა. ამ მხრივ ეხლანდელი სკოლა ბევრში ჩამოუვარდება „განახლების“ დროების სკოლებს, რომელთაც საგნადა ჰქონდათ თანასწორი წარმატება ადამიანის სულისა და ხორცისა. ეხლანდელი სკოლა, მართალია, ბევრს ცოდნას აწვდის მოსწავლესა, მაგრამ ცალმხრივ მოქმედობს, ხასიათის წურთვნას თითქმის თავს ანებებს და თან აგებულებას ადამიანისას არამც-თუ ჰშველის, არამედ ჰღალავს.
იგი ავტორი, რომელმაც ყოველივე ზემოხსენებული გვაუწყა, ამბობს: ყველამ იცის ეხლანდელის სკოლის ნაკლულევანება და საკულაოდ არა ერთი და ორი ცვლილება და შევსება მოელის ეხლანდელს სკოლასა. ვინატრით, რომ შემცვლელთა და შემავსებელთა ხანდისხან ყური ათხოვონ ისტორიას, ზოგჯერ უკანაც მიიხედონ და ზოგიერთი რამ შეითვისონ იმ დიდ-ბუნებოვან ჰუმანისტებ-პედაგოგთაგან, რომელთაც უმოძღვრეს კაცობრიობას ბევრი რამ მოზარდის თაობის საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ.