top of page

ქართულ საშუალო სასწავლებლის დაარსების საჭიროებაზე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 8, 2024
  • 2 min read

ტფილისი, 9 ნოემბერი, 1878 წელი.


ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ იმ სკოლის თაობაზედ, რომლის გახსნასაც აპირებს ჩვენი „საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“. თვით საგანში, მართალია, ღირს- შესანიშნავი და თვალსაჩინო მაგდენი არა არის რა. ვთქვათ, აწ მყოფ სასწავლებელთა შორის ჩნდება კიდევ ერთი, და მით კიდევ ერთი საშუალება ეძლევა ჩვენს საზოგადოებას მისცეს თვის შვილთ პირველ-დაწყებითი სწავლა. გარდა ამისა, ღარიბ და შეუძლებელ ბავშებთ ეხსნებათ ცოტად თუ ბევრად სწავლის გზა, რომელიც მათთვის შეკრული იყო სიღარიბისაგან. ყველა ეს მართალია-მეთქი და ყურადღების ღირსიც, მეტადრე ჩვენს მიყრუებულ ცხოვრებაში, რომელსაც საზოგადო საქმეთა შორის ბევრი კი არა აქვს რა საკვეხნო და თავგამოსადები. მაგრამ, რაც უნდ იყოს, იმდენად მაინც არა ვართ, მადლობა ღმერთს, მიძინებულნი და იმდენად არ გაგვწყვეტია გრძნობიერება და მხედველობა, რომ ზემოხსენებულ საქმის სიკეთის გაგებისათვის და ყურადღების მიქცევისათვის ბევრი ლაპარაკი და ჩიჩინი გვჭირდებოდეს. არც ამ ჩიჩინისათვის დაგვიწყია ლაპარაკი ახალ სკოლაზედ. ამ საქმეს აქვს კიდევ მეორე მხარე, რომელიც, ჩვენის აზრით, არა ნაკლებ ღირს- შესანიშნავია და მნიშვნელობით აღსავსე ჩვენის ცხოვრებისათვის...


ამ საზოგადოების სკოლა იქნება, როგორც მოგეხსენებათ მოსამზადებელი სასწავლებელი, ე. ი. იქ მოსწავლე ყმაწვილები მომზადებულ უნდა იქმნენ გიმნაზიებში და სხვა საშუალო სასწავლებლებში შესვლისათვის. ეს იქნება უმთავრესი განზრახვა ამ სკოლისა, თუმცა იქ შეუძლიანთ მიიღონ პირველ-დაწყებითი სწავლა აგრეთვე იმ ყმაწვილთ, რომელთაც მშობლები მის შემდეგ არ უპირებენ სხვა სასწავლებელში მიბარებას. მაგრამ, ვიმეორებ, უმთავრესი განზრახვა კი სკოლისა იქნება ბავშების მომზადება საშუალო სასწავლებელთათვის. ეს, რასაკვირველია, ფრიად საჭირო საქმეა, მეტადრე იმ შვილების პატრონთათვის, რომელნიც მუდამ სოფელში ცხოვრობენ და მოკლებულნი არიან შვილების აღზრდისა და მომზადების საშუალებას. მაშასადამე, ამ მხრით ხსენებულის საქმის მაღალი მნიშვნელობა ცხადია და უეჭველი.


მაგრამ ჩვენი მომდინარე ცხოვრება აღმოაჩენს მრავალ ამ-გვარ გარემოებას, რომლის ძალითაც ახალ სკოლას უნდა უსათუოდ მიეცეს კიდევ სხვა მნიშვნელობაც. ვისაც ცოტაოდენად თვალყური უდევნებია საშუალო სასწავლებელთათვის ჩვენში, რასაკვირველია კარგად ეცოდინება, რომ მრავალი მომზადებული ყმაწვილი რჩება საშუალო სასწავლებლის გარეთ მარტო იმიტომ, რომ თვით სასწავლებელში ადგილი აღარ არის. ამას იმიტომ კი არ მოგახსენებთ, რომ დავამცირო ახალის სკოლის მნიშვნელობა იმ განზრახვის შესახებ, რისთვისაც არსდება იგი. როგორც ზემოთ ვთქვით, ეს მნიშვნელობა უეჭველია: სრულიად ღარიბ და შეუძლებელ მშობლებთ ეძლევათ ღონისძიება შვილების მომზადებისათვის; გარდა ამისა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი სკოლა იმ-გვარად იქნება მომართული, რომ მასში მოსწავლე ყმაწვილები უფრო მტკიცედ და ხეირიანად იქნებიან მომზადებულნი, ვიდრე სხვა კერძო სასწავლებლებში მოსწავლენი. მაგრამ არის-მეთქი იმ-გვარი გარემოება, რომელიც სხვა მნიშვნელობასაც აძლევინებს ზემოხსენებულ სკოლას; არის იმ-გვარი მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილების ღონისძიება სასურველია მიეცეს იმავე სკოლას. თუ აწინდელი საშუალო სასწავლებლები საკმარისნი არ არიან და ამის გამო ჩვენი შვილები სასწავლებელთ გარეთ რჩებიან, მაშასადამე, საჭიროა გავმართოთ ჩვენი საკუთარი საშუალო სასწავლებელი და მივცეთ ჩვენ შვილებს სწავლის უფრო ფართო და უფრო ვრცელი გზა აი ამ საშუალო სასწავლებლის საძირკველადაც უნდა იქმნეს ის სკოლა, რომელსაც აფუძნებს ეხლა „ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“; ამაში მდგომარეობს ის მეორე მაღალი მნიშვნელობა, რომელიც უნდა მიეცეს ამ სკოლას და რომლის ძალითაც იგი უნდა იქმნეს ყურადღებისა და ფრიადის თანაგრძნობის ღირსი ყველასათვის, ვისაც კი ცოტად თუ ბევრად ენაღვლება თვისის ქვეყნის ბედი თუ უბედობა.


ამ ჟამად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ გაგიწევთ ვრცელ საუბარს ამ საგანზედ. აქ მხოლოდ საგანსა ვდებ, რათა მოვაგონოთ მკითხველს საზოგადოებას, რა-გვარი მნიშვნელობა ეძლევა ახლად დაწყებულ საქმეს, თუ ჯეროვან ყურადღებას მისცემს მას და არ მოაკლებს თვის თანაგრძნობას. ვერ მოგიყვებით აგრეთვე ლაპარაკს მასზედ, თუ რა-გვარი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ჩვენის ქვეყნისათვის ჩვენს საკუთარ საშუალო სასწავლებელს...

Recent Posts

See All
ჩვენი ხალხი და განათლება

ტფილისი, 2 მაისი, 1886 წელი უმეცრება — აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს...

 
 
bottom of page