top of page

ოძისის სამეურნეო სკოლის საკითხზე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 6 min read

ტფილისი, 20 იანვარი, 1897 წელი.

I


23-ს ამ იანვარს დანიშნულია საგანგებო კრება თავად-აზნაურობისა მოსალაპარაკებლად იმის თაობაზე, რომ თ. ზაქარია ერისთავს ჰსურს უძღვნას თავად-აზნაურობას თავისი ოძისის მამული იმ პირობით, რომ თავად-აზნაურობამ თავისის მხრითაც შრომა მიიღოს, სამეურნეო სასწავლებელი გამართოს და სასწავლებელს საგზალი და სახსარი აღმოუჩინოს. ეს თითქმის პირველი და სასახელო მაგალითი უხვის შეწირულებისა საზოგადო საქმის საოხად და საშველად დიდმნიშვნელობიანია და ცოდვა იქნება, რომ თავად-აზნაურობა ისე ხელდახელ და გაკვრით მოეკიდოს ამ საქმეს და მის გაჩხრეკას და გადაწყვეტას მოუმზადებლად შეჰბედოს. აქ მცირედი რამ წინდაუხედულობა, არა საკმაოდ გამორკვევა ყოველის ვითარებისა და გარემოებისა, არასაბუთიანად გამოკვლევა ყოველ იმისი, რაც საფუძვლად უნდა ჩაედვას ჩვენს ამ საგანზე განაჩენსა, მეტის-მეტი უგულობა, უთავბოლობა იქნება ჩვენის მხრით.


რომ ასე არ მოხდეს ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, საჭიროა ვიცოდეთ მოკლე ისტორია მაინც ამ საქმისა, როგორ იქმნა დაწყებულ, რაზედ აშენდა, რაზედ შესდგა, რა გარემოება შეხვდა გზაზე და რამ მოიყვანა იგი დღევანდელ დღემდე. ამ საგანზე არსებობს პროტოკოლი თავად-აზნაურთა საგანგებო კრებისა. პროტოკოლი დადგენილია 7 მაისის 1895 წელსა. ამ პროტოკოლიდამა სჩანს, რომ ჯერ კიდევ 1893 წელს მაშინდელ გუბერნიის მარშლისათვის მიუწერია თ. ზაქარია ერისთავს და გამოუცხადებია სურვილი შესწიროს თავად-აზნაურობას თავისი ოძისის მამული იმ პირობით, რომ იქ გაიმართოს სამეურნეო სასწავლებელი, შესაფერი თავად-აზნაურთა საჭიროებისა. მაშინდელს მარშალს სწორედ ასე მოუხსენებია ეს სურვილი თ. ზაქარია ერისთავისა თავად-აზნაურთათვის, რომელნიც მოწვეულ ყოფილან საგანგებო კრებაზე 2-ს მაისს 1893 წ. ამ კრებაზე თავად-აზნაურობას დაუდგენია: 1) გამოეცხადოს მთელის თავად-აზნაურობის სახელით თ. ზაქარია ერისთავს მადლობა; 2) მიენდოს გუბერნიის მარშალს კანონიერის გზით დაემტკიცოს თავად- აზნაურობას ეს შემოწირული მამული, როგორც კუთვნილება და საკუთრება; 3) მასვე გუბერნიის მარშალს მიენდოს, თუ საჭიროდ დანახულ იქმნება, იშუამდგომლოს, რომ უმაღლესად ნება დართულ იქმნას ამ შემოწირულ მამულის დამტკიცება თავად-აზნაურთა სახელობაზე; 4) მიენდოს გუბერნიის მარშალს მიიღოს იგი პირობანი, რომელსაც თ. ზაქ. ერისთავი დაადგენს კუთვნილების ქაღალდის შედგენის დროსა. [*]


9-ს დეკემბერს 1894 წ. უმაღლესად ბძანება გამოვიდა, რომ ნება დართულ იქმნა შემოწირული თ. ერისთავისაგან მამული 1.000 დესეტინა, რომელიც შეადგენს მამა-პაპეულს მის კუთვნილებას, მიიღოს საქართველოს თავად-აზნაურობამ იმ აზრით, რაც ნაჩვენებია თვით შემწირველისაგანაო (იხ. ბ-ნ გუბერნატორი ქაღალდი 12 იანვრის 1896 წ. No 197).


ამის შემდეგ თ. ზაქ. ერისთავს მიუწერია გუბერნიის მარშლისათვის ორი წერილი, ერთი 24 აპრილს და მეორე 3-ს მაისს. ამ წერილებში თ. ზაქ. ერისთავი ამ პირობას თხოულობს თავად- აზნაურობისაგან: 1) წელსვე შემოდგომიდამ გამართოს სასოფლო მეურნეობის სკოლა დაბალის ხარისხისა; ათს წელიწადს შემდეგ, როცა იმ დროისათვის შეძლება სკოლისა მოიმატებს მამულის რიგიანად კეთების გამო, და თვით თ. ზაქარია ერისთავიც, თავისის მხრით იმ სკოლის ღონისძიებას განაძლიერებს, იგი სკოლა უნდა გადაკეთებულ იქმნას საშუალო სასოფლო-მეურნეობის სასწავლებლად. ამასთან თ. ზაქარია ერისთავი სთხოვს გუბერნიის მარშალს ეს კატეგორიულად დადგენილნი პირობანი აუწყოს თავად-აზნაურობას და აცოდინოს, რომ თუ თვითონ თავად-აზნაურობაც თავისის მხრით არაფერს შემოსწირავს და თავისის მხრითაც არაფერს გაიმეტებს, ეს საქმე არც ეხლა და არც ბოლოს არ განხორციელდებაო. მოისმინა რა ყოველივე ეს თავად-აზნაურობამ 7-ს მაისს 1895 წ., დაადგინა: ამორჩეულ იქმნას კამისია თ. ზაქ. ერისთავის თავმჯდომარეობით და წევრებად კომისიისა დანიშნულ იქმნან: თ. ივ. სულხ. ჭავჭავაძე, ალ. იოს. კობიაშვილი, დ. ი. მუსხელოვი, თ. ივ. ზაქ. ანდრონიკაშვილი, იოს. ივ. წინამძღვრიშვილი და თ. რევ. ქაიხ.ვაჩნაძე. ამათ თავად-აზნაურობამ დაავალა დაწვრილებით გამოარკვიონ საქმე და გამორკვეული და მომზადებული მოხსენება წარუდგინონ ან საგანგებო კრებას თავად- აზნაურობისას, ან მორიგს, როგორც საჭიროდ დაინახავენ.


კომისია შეუდგა თუ არა ამ მისთვის მინდობილ საქმეს, თავისი ყურადღება მიაქცია ოთხს საგანს და ეს ოთხი საგანი გამოარკვია ამ სახით: პირველი საგანი იყო ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს სასოფლო მეურნეობის ცოდნას თავად-აზნაურობისათვის. ეს საგანი მეტად თვალნათლად დასანახია და ამაზე დიდი ლაპარაკი და საუბარი არ დასჭირებიათ.: ყველას ერთხმობით გადაუწყვეტია, რომ იმისთანა სასწავლებელი, საცა ჩვენ ყმაწვილკაცობას შეეძლება მიიღოს ხსენებული ცოდნა, უცილობელს საჭიროებას შეადგენს მთელის თავად- აზნაურობისათვის. „მარტო ის გარემოებაო, ამბობს მოხსენება კომისიისა, რომ სასოფლო მეურნეობის სასწავლებელი საჭირო ცოდნას მისცემს იმ ნაწილს ყმაწვილკაცობისას, რომელიც ვერ შესძლებს თვისი სწავლა-განათლება განაგრძოს აწ არსებულ საშუალო სასწავლებლებში, და თავისს ოჯახს დაუბრუნდება განსაზღვრულად მომზადებული, ისეთის დიდის მნიშვნელობისააო, რომ სასოფლო მეურნეობის სასწავლებლის სარგებლობა ეჭვს გარეშეაო.


მეორე საგნად ის აღნიშნეს, თუ რა სახის სასოფლო-მეურნეობის სასწავლებელი უფრო სასურველია და შესაფერი. კომისია იმ აზრზე დადგა, რომ თუ გვინდა სასწავლებელი გაუძღვეს აწ არსებულს საჭიროებას თავად-აზნაურობისას, მთელი თვისი ღონე იმაზე უნდა მიჰმართოს, რომ საკმაო სწავლა-ცოდნა მიანიჭოს შუათანა და წვრილი მამულების მეურნეობისათვის თეორიულად და პრაქტიკულად და იმიტომ განზრახული სასწავლებელი უნდა იქმნას საშუალო სასწავლებლის კურსისაო.


მესამე საგანი ის იყო, თუ, - ოძისის მამული, მისი ადგილ-მდებარეობა და გარემოება შეეფერება თუ არა ხსენებულ სახის სასოფლო მეურნეობის სასწავლებლის მოთხოვნილებასო. მცოდნე კაცებს გაუსინჯავთ ამ მხრით შემოსაწირავად დანიშნული თავ. ზ. ერისთავისაგან მამული და უცვნიათ, რომ ოძისის მამული თავისის ადგილ- მდებარეობით, სივრცით და სიდიდით სხვადასხვა ნაწილებისა, მიწისა და ჰავის მხრით,აგრეთვე მით, რომ ადვილი სარწყავები აქვს, მთლად შეეფერება მას, რაც საჭიროა სასოფლო მეურნეობის სასწავლებლისათვის. ნაკლად მარტო ის უცვნიათ, რომ რკინის-გზას მოშორებულიაო, მაგრამ გზები უკვე კეთდება და ამ სიკარგით მისვლა-მოსვლა გაადვილებულ იქმნებაო.


ყველაზე მძიმე და ძნელად გადასაწყვეტი მეოთხე საგანია. ეს საგანი შეეხება მას, თუ რა ეღირება სკოლის გამართვა და მისი შენახვა. ეს რადგანაც რთული და ძნელი საგანია, ამაზე საუბარს ხვალისათვის გადავდებთ.


II

ტფილისი, 25 ნოემბერი, 1897 წ.


მეოთხე საგანი, რომელიც კომისიას გამოურკვევია, ის არის, - თუ რა დასჭირდება, რომ ოძისის სკოლა გაიმართოს, მოეწყოს, და რა ხარჯი მოუნდება მას შემდეგ ყოველწლივ. ამის შესახებ კომისიას შეუდგენია სრული და დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც უნდა წარედგინოს თავად-აზნაურთა კრებას. ამ ხარჯთაღრიცხვიდამა სჩანს, რომ თუ სახეში მივიღებთ 80 შეგირდს და იმათგან მარტო 40-ს, რომელთაც თვით სკოლა შეინახავს თავისის ხარჯით, სკოლას მოუნდებაო მოწყობისა და მომართვისათვის 47,300 მანეთი ერთხანად და ყოველწლივ 21,270 მანეთი - იმ 4000 მანეთის გარდა, რომელსაც თვითონ შემოწირული მამული შემოიტანს. კომისია ამასთანავე იმედოვნებს, რომ თვითონ შემოწირულ მამულის შემოსავალი თანდათან იმატებს და საკმაოდაც, რადგანაც უფრო უკეთ მოუვლის და უპატრონებს სკოლა.


კომისია აცხადებს, რომ რადგანაც ოძისის მამულში უკვე სადგური შენობებია და სხვა საოჯახო მომართულობა, და რადგანაც პირველ ხანებში კლასები საჭირო არ იქნება ერთბაშად ყველა ერთად გაიმართოს, ამისათვის შესაძლოა, რომ ზემოხსენებული ხარჯი პირველ სამს წელიწადს ამნაირად განაწილდესო: პირველს წელიწადს გაწყობისა და მომართვისათვის საჭირო იქნება მარტო 19,400 მანეთი, მეორე წელიწადს 16,500, მესამე წელიწადს 11.400 და ყოველ წლიურ ხარჯად პირველს წელიწადს 16.000 მანეთი, მეორე წელიწადს 18.500 და მესამე წელიწადს 22.000.


ამ სახით გამოდის, რომ პირველ წლისათვის ერთობილი ხარჯი შეადგენს 35.000 მანეთს, მეორე წელიწადს - 35.000 და მესამე წელიწადს - 33.500. ამ ხარჯებს უნდა გამოეკლოს ოთხასი თუმანი, რომელიც ოძისის მამულიდამ ყოველწლივ უნდა შემოვიდეს კომისიის აზრით.


კომისიას უგრძვნია, რომ იმოდენა ფულის გამოღება, რაც ზემომოყვანილ ანგარიშით დანახულია საჭიროდ მის მიერ, დაუმძიმდება თავად-აზნაურობას და მოუწადინებია შემდეგის სახით გაუადვილოს. იგი ამბობს, რომ 47.300 მანეთი, ან ცოტა ამაზე ნაკლები შესაძლოა ისესხოთო საადგილ-მამულო ბანკიდამ იმ პირობით, რომ თავნი და სარგებელი იხადოს საერთო საჭიროებისათვის გადადებულმა ფულმაო. თუ ეს მოხდა, მაშინ საქმე მარტო იმაზე მისდგება, რომ თავად-აზნაურობამ ინაღვლოს მარტო 21.270 მანეთი ყოველ- წლივ ხარჯისათვის, თუ 40 შეგირდს სკოლა თავისის ხარჯით შეინახავსო, და თუ ეს თავისის ხარჯით შესანახი არ მოუნდება, მარტო 17.270 მანეთის შოვნაღა დასჭირდებაო. ამ სახით პირველ წელიწადს დასჭირდება, თუ 40 შეგირდს თავისის ხარჯით შეინახავს 12.000 მანეთი, მეორე წელიწადს 14.520 მანეთი, და მესამე წელიწადს 18.100; და თუ შეგირდებს არ შეინახავს თავისის ხარჯით, - პირველს წელიწადს 11.000 მანეთი, მეორეს - 12.520 და მესამეს - 15.000. ხოლო მეოთხე წელიწადს სრულს ხარჯში შევა სკოლა და ყოველ წლივ დასჭირდება, 40-ს შეგირდს თუ თავისის ხარჯით შეინახავს, 21.270, და თუ არა - 17.200 მანეთიო.


თუ ვინიცობაა ბანკიდამ აღებული სესხად ფული არ აუდგება 47.300 მანეთს, მაშინ ეს აღრიცხვა ამისდა მიხედვით შეიცვლებაო.


ჩვენ არ შევალთ იმის გარჩევაში, თუ რამოდენად ზედმიწევნილია ეს რაოდენობა ხარჯისა. მცოდნე და ამ საგანზე დაახლოვებულ კაცებს გამოურკვევიათ ეს რაოდენობა და ჯერ ხანად მაინც საბუთი არა გვაქვს მათი გამონარკვევი არ დავიჯეროთ. ხოლო საკითხავი ეს არის: საიდან და როგორ უნდა შესძლოს თავად-აზნაურობამ ამ ხარჯის გაძღოლა? ამ საკითხავზედაც პასუხს იძლევა თვითონ კომისია. იგი ამბობს, რომ ჩვენ ავღნიშნეთ შემდეგი წყარონიო: 1) ის სამეურნეო თავნი-ფული, რომელიც წესდების ძალით უნდა გაადიდოს ხოლმე თავად-აზნაურთა ბანკის მოგებიდან ყოველ-წლივ; 2) ზოგი იგი შემოსავალი, რაც თავად-აზნაურთა ქარვასლას აქვს და ექნება; 3) ზოგი საერთო საჭიროების თავნი-ფული, რომელიც სათავად-აზნაურო საადგილმამულო ბანკის მოგებიდან შესდგება ხოლმე და 4) იგი ფული, რომელიც შესაძლოა ისესხოს ბანკიდან თავად-აზნაურობამ და გირაოდ მისცეს თვით ოძისის მამული, იმ პირობით, რომ თავნი და სარგებელი მოშორებულ იქმნას იმავე საერთო საჭიროებისათვის გადადებულ ფულიდამ, რომელიც წინა მუხლშია მოხსენებული.


ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ნაჩვენებ წყაროთაგან საიმედოა მარტო ერთი. ეგ ის წყაროა, თუ თავად-აზნაურობა დააგირავებს საადგილ-მამულო ბანკში ოძისის მამულს და იქიდან ნასესხის ფულით ხელს მოინაცვლის. სხვა წყაროები დიდად საეჭვოა. საერთო საჭიროებისათვის ბანკის მოგებიდან გადადებულს ფულს ისეთი მძიმე ტვირთი აწევს აწ არსებული სათავად-აზნაურო სკოლის შენახვისა, რომ ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ, თუ ამას უნაკლოდ გაუძღვა. ჩვენის ფიქრით ამ ფულს არამც თუ სხვა უფრო მეტი რამ ტვირთი უნდა მოუმატონ, არამედ თავად-აზნაურობამ უნდა წინადვე იფიქროს სხვა რამ წყარო მოაშველოს, რომ ბანკმა შესძლოს ყოველ-წლივ ეს სამსახური გაუწიოს აწ არსებულს სკოლას თავად-აზნაურებისას. ჯერ თვითონ ბანკი იმისთანა ბუნების და თვისების საქმეა, რომ იმედს ყოველთვის მოგებისას ვერ მოგცემთ და, მაშასადამე, ჯერ სათავად-აზნაურო სკოლაც ამ მხრით დიდს განსაცდელშია. მერე ჩვენს ბანკს ამ უკანასკნელ წლებში ისეთი დავიდარაბა და თავში საცემი ამბები დაატყდა ჩვენგანვე, რომ სავინიცობაოდ გახდა მისი ბედი და უბედობა და ღმერთმა იცის რამოდენად კლებაში შევა მისი მოგება. აი წელს,მაგალითად, არა გვგონია იმოდენა იყოს, რომ დაჰფაროს მთლად აუცილებელი საჭიროება აწ არსებულის სკოლისა. თავად-აზნაურობას დასჭირდება მოფიქრება წელსვე საიდამ და როგორ გასწვდეს ამ სკოლის ხარჯსა. ქარვასლის შემოსავლიდამ თუ არ მოეშველა თავად- აზნაურობა ამ სკოლას, სკოლის საქმე მეტისმეტად გაჭირდება წელსავე. ამიტომაც მეტი ტყუილი იმედი იქნება, რომ ბანკის მოგებისაგან გადადებული ფული და ქარვასლის შემოსავალი სხვა რასმე მოხმარდეს თუ არ აწ არსებულ სკოლას თავად-აზნაურობისას. ამიტომაც ამ ორს წყაროზე დაფუძნებული ანგარიში ქვიშაზე აშენებული შენობა იქნება და არა იგი ულეველი წყარო, რომელიც საჭიროა იმისთანა სამუდამო და მძიმე საქმის გასაძღოლად, როგორც სკოლაა.


თვით სამეურნეო საჭიროებისათვის თავნი ფული, რომელიც ბანკმა უნდა გადასდოს ამას იქით თავის მოგებიდამ, ეგეც საეჭვოა, იმიტომ რომ ეგ ფულიც, როგორც საერთო საჭიროების ფულიცა, იმაზეა დამოკიდებული, ექნება მოგება ბანკსა, თუ არა, და რამოდენა ექნება. ამისთანა იმედზედ დამყარებული სკოლა იმავე წელიწადში სულს დალევს, რა წელიწადშიაც ან ცოტა იქნება მოგება, ან სულ არ იქნება, - ერთიც და მეორეც შესაძლებელია, - და ამიტომ ამისთანა ყინულზე თამასუქის წერა ვერაფერი გამოსაყენია და დიდად საფრთხოა განზრახულ სკოლისათვის.



შენიშვნა:

[*] აქ საჭიროა მოვიყვანოთ თვითონ ტექსტი ამ მეოთხე მუხლისა. 4. Уполномочить губернского предводителя дворянства на принятие тех ограничений, какие будут установлены князем Захарием Георгиевичем Эристовым, при составлении акта о переходе имения.

Recent Posts

See All
bottom of page