top of page

ომის საფრთხის წინ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 4 min read

ტფილისი, 19 ივლისი, 1886 წელი


საფრანგეთი დღეს-აქამომდე გასტირის მშვენიერს ელზას-ლოტარინგიას, რომელიც წაართვა მას გამარჯვებულმა მტერმა. თითონ ელზას-ლოტარინგიაც შემოჰბღავის და შემოსტირის თავის ადრინდელს მამულს — საფრანგეთსა, რომელსაც იგი ძალმომრეობით მოაშორეს და რომლისათვისაც ელზას-ლოტარინგიას ბევრი ჭირი და ლხინი გაუზიარებია და თავისი უკეთესნი შვილნი შეუწირავს საფრანგეთის დიდებულ დღეებისათვის. არა ერთი და ორი ბრწყინვალე ფურცელია საფრანგეთის ისტორიისა შემკელი და შარავანდედით მოსილი ელზას-ლოტარინგიის შვილთა სახელითა, ღვაწლითა და თავგანწირულობითა. ამიტომაც მას აქეთ, რაც საფრანგეთი დამარცხდა პრუსიისაგან, არ არის ერთი ფრანსიელიც, რომ სამაგიეროს გადახდას, ჯავრის ამოყრას არა ჰფიქრობდეს. რომ საქმე ამაზედ მიდგეს, დიდი და პატარა თოფქვეშ დადგება საფრანგეთში, ყოველისფერს გაიმეტებს, არ დაჰზოგავს არც ქონებას, არც სიცოცხლეს, ოღონდ-კი დიდის ხნის ჯავრი როგორმე ამოიყაროს, დიდის ხნის წყლული როგორმე გაიმთელოს. მას აქეთ ეს თექვსმეტი წელიწადია და საფრანგეთს ერთი დღეც ისე არ გაუტარებია, რომ ამ ჯავრის ამოყრისათვის არ ეზრუნოს და შურისძიების დღისთვის მზადებაში არა ყოფილიყოს. აუარებელი ფული შეალია ამ საქმეს, აუარებელი ხარჯი მოახმარა, და საფრანგეთში, რომელიც ერთმანეთის მოწინააღმდეგე დასებით დაბზარულია, — ერთსაც ხმა არ ამოუღია, ერთსაც არ წაუყვედრებია მთავრობისათვის, ამას რისთვისა იქმთო, რადა ჰღუპავთ ამოდენა სიმდიდრესა, ერის ოფლითა და ჯაფით მონაგარსაო?..


განსვენებული გამბეტა იტყოდა ხოლმე: „ჯავრის ამოყრა ყოველთვის გულში უნდა ვიქონიოთ და ენით-კი არასდროს არ უნდა წარმოვსთქვათო“. აქამდე გულში ხომ ჰქონდა ყოველს ფრანსიელს ეს მისი სანატრელი სურვილი, ხოლო დღეს-კი ენითაც აღარ ჰმალავს, დღეს ამას საქვეყნოდ ჰღაღადებენ, საქვეყნოდ გაიძახიან. საფრანგეთის პოეტი დერულედი, გამოჩენილი მამულისმოყვარე შვილი, იწვევს საფრანგეთს ხმალი ქარქაშიდამ ამოიღოს და თავისი დამარცხებული სახელი კვლავ ძლევით შეჰმოსოს. „მართალიაო, — ამბობს იგი, — გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს უნდა დაუახლოვდნენო, მაგრამ ხიდი-კი დაახლოვებისათვის თოფ-იარაღით უნდა გაიდოსო. მთელი თხუთმეტი წელიწადი ასე ვართ, თითქო გერმანიის ვასალები ვიყვნეთო. დამარცხებულის საფრანგეთის და გამარჯვებულის პრუსიის შორის დღეს რა მოქმედობსო? ერთის მხრით დღემუდამი მუქარაა, მეორეს მხრით განუწყვეტელი თმობა და უღონობის სირცხვილის ჭამაა. სულელობაა, კაცმა თავის ერს, თავის ქვეყანას დაუმალოს ბალანსი გაუპატიურებისა, რიცხვი მუხლთა დრეკისა! ომს სამაგიეროს გადახდისას რომ მარტო პატიოსნება და ინტერესები ითხოვდეს, მაშინაც არ უნდა მოვერიდნეთ, ხოლო მაგისთანა ომი ხომ სიმართლის ომიც არის. როგორ დავსთმოთ და როგორ დავტოვოთ მტრის ხელში მილიონ ნახევარი ჩვენი თანამემამულენი, რომელნიც გამოგვგლიჯეს ჩვენ უსამართლობის გულქვაობითაო!“

ამას მარტო დერულედი არ ამბობს; ამას ჰფიქრობს და გულში ატარებს მთელი დღევანდელი საფრანგეთი. თითონ მთავრობის კაცნიც, რომელნიც ამაებში მუდამ ფრთხილნი და მორიდებულნი არიან, აღარ ჰმალვენ საფრანგეთის გულითადს წადილსა. ეხლანდელმა საფრანგეთის სამხედრო მინისტრმა ბულანჟემ, რომელიც დღევადლამდე არც კი იცოდნენ ვინ არის, იმით გაიკეთა სახელი და საფრანგეთის ერის საყვარელ კაცად გადიქცა, რომ საცა- კი შემთხვევა ჰქონია, ყველგან ასე თუ ისე ეს წყურვილი საფრანგეთისა გამოუთქვამს. დღეს ამ მინისტრს შეჰხარის მთელი საფრანგეთი, დღეს ამ მინისტრისაგან მოელის, რომ საფრანგეთის გამარჯვებულს მტერს არ შერჩება გამარჯვება, და დამარცხებული საფრანგეთი კვლავ მოიპოვებს ჩამორთმეულს სახელს და დაკარგულს დიდებასა.


ეს ამბები ტყვიასავით გულს სცემია ყოველთვის თვალახილებულს ბისმარკსა. თქმა არ უნდა, რომ ამისთანა მოძრაობა საფრანგეთში ტყუილს ფახაფუხს არ მოასწავებს. ეგ რომ ეგრე იყოს, ბისმარკი ყურსაც არ გაიბერტყდა. ეხლა-კი დიდს საგონებელშია ჩავარდნილი და ეს უტყუარი ნიშანია, რომ საქმე სახუმარი არ არის.

მართლა საფრანგეთს ძალაც შესწევს ქადილისა, თუ არა? ამის პასუხს ხვალ წარმოვუდგენთ მკითხველსა.


**

ტფილისი, 21 ივლისი, 1886 წ.


ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ, რომ ამას წინათ საფრანგეთში დაიბეჭდა ერთი წიგნი, სახელად „Avant la bataille“ (ომის წინათ). ეს წიგნი ჯერ სამხედრო მინისტრს ბულანჟეს მიაწერეს და მერე-კი სთქვეს, იქნება იმის დაწერილი არ იყოს, მაგრამ რომ სამხედრო სამინისტროს დაკითხვით და მონაწილეობით არის დაბეჭდილიო, ამას-კი ეჭვი არა აქვსო. ასეა თუ ისე, ამ წიგნმა დიდი ალიაქოთი ასტეხა, ნამეტნავად გერმანიაში. გერმანიამ ყურები აცქვიტა, ამისთანა რიხიანი და ფხიანი ლაპარაკი დიდი ხანია არ გაგვიგონია საფრანგეთისაგანაო და დღეს ეს რა ამბავიაო! საკვირველიც არ არის: ჯერ სახელი გაუსინჯეთ ამ წიგნსა და მერე შიგ ჩაიხედეთ და მაშინ დარწმუნდებით, რომ გერმანიას საბუთი ჰქონდა შეფუცხუნებულიყო. საფრანგეთში ერთი საზოგადოებაა შემდგარი, რომელსაც ჰქვიან: „კავშირი მამულიშვილთა“. ეს ზემოხსენებული წიგნი ქებით იხსენიებს ამ საზოგადოებას და ეუბნება, დიდი სამსახური გაუწიეთ საფრანგეთსაო მით, რომ დიდს ნაწილს საფრანგეთის ერისას გაუღვიძეთ ომის სურვილი და აუფრთოვანეთ მიძინებული სასოებაო. „ზოგს ეგონა კიდეცა, — ეუბნება მათ იგი წიგნი, — რომ წყლული დროთა ზედმოქმედებამ გაამთელაო, რომ საფრანგეთს, ორის პროვინციის დამკარგველს, ტკივილი დაუყუჩდაო. თქვენ ხელახლად აშალეთ იგი წყლული, უფრო გაადიდეთ და ზედ გახურებული რკინა დაადეთო“.


აშკარაა, ამისთანა წიგნი, მერე თუ მართლა საფრანგეთის მთავრობის მონაწილეობით არის დაწერილი, დიდს საფიქრებელს მისცემდა ბისმარკსა. ხოლო ეს წიგნი მარტო ამით არ არის შესანიშნავი. ბისმარკს მარტო ეს ცარიელი სიტყვები გულში ერთს ძარღვსაც არ აუტოკებდა, თუ რომ ამ სიტყვებს თან ძალაც არ მოსდევდეს. ეს წიგნი ამტკიცებს, რომ დღეს მხედრობა საფრანგეთისა ყოველისფრით, განწყობილობით, აგებულებით, თუ საომარის ზნით — გაცილებით წინ არის გერმანიის მხედრობაზედაო. დღეს საფრანგეთს 2.025.253 ჯარისკაცი ჰყავს, კარგად გაწყობილი, კარგად გაწურთვნილი და მომზადებულიო. თუ ამას მიემატნენ ის მეომარნიც, რომელნიც ომების დროს მთავრობას ხელთა ჰყავს გამოსაწვევად, მაშინ ერთი უშველებელი რიცხვი გამოდის, სახელდობრ 4.108.655 კაცი, ესე იგი მთელი მეხუთედი ნაწილი მამაკაცთა და მეათედი მთელის საფრანგეთის მკვიდრთა.


გამოდის, რომ რესპუბლიკას დღეს ოთხჯერ მეტი ჯარი ყავს, ვიდრე იმპერიას ჰყვანდა პრუსიასთან ომის დროს ამ თხუთმეტ-თექვსმეტის წლის წინათ. ამ ჯარზედ იხარჯება ყოველწლივ 529.318.425 ფრანკი, სახელდობრ მეექვსედი ნაწილი მთელის სახელმწიფოს შემოსავლისა. დასათვლელადაც ძნელია, რამოდენა ფულიც დაჰხარჯვია საფრანგეთს საომრად სამზადისში. თოთხმეტს წელიწადში, მარტო არტილერიისათვის მოუხმარებია 1.240 მილიონი, თოფხანებში ხუთი მილიონი თოფია თურმე დამზადებული და ექვსი ათასი ზარბაზანი. საფრანგეთის ზარბაზნები, ბანჟის სისტემისა, მთელმა ევროპამ ყველაზედ უმჯობესად იცნა და ყველა სახელმწიფოს ზარბაზნებზედ მაღლა დააყენა. 600 მილიონზედ მეტი ფული შეალია საფრანგეთმა. რომ ციხე-სიმაგრენი გააწყოს ყოველგვარის საომარის ოსტატობითა და ხელოვნებითა. მარტო ერთი სიმაგრეებით გამართული ბანაკი ტულს ახლო დაუჯდა 58 მილიონი, 250 მილიონი მოახმარა ჯარის ტან და ფეხსაცმელსა; 42 მილიონი დაჰხარჯა ჰაერში მატარებელთა და ტრედის ფოსტის გასამართავად და მოსაწყობად.


250 მილიონი ზღვის ჯარის შენახვა უჯდება ყოველწლივ. 384 სხვადასხვაგვარისა და აგებულობის ხომალდი აქვს დღეს მზადა. კაცი რომ ამ ხარჯსა და სამზადისს უყურებს, ჰკვირობს, თუ რა სულიერი და ხორციელი ძალ-ღონე უნდა ჰქონდეს საფრანგეთსა, რომ ამოდენა სიმძიმეს იტანს, ამოდენა ხარჯს უძღვება უდრტვინველად და უსაყვედუროდ.


აი რით აფრთხობს და მოსვენებას არ აძლევს საფრანგეთი თავის მეზობელს გერმანიას, რომელმაც კარგად იცის, ვისთვის არის ყოველი ეს სამზადისი. აი რის იმედით ასე თამამად ჰლაპარაკობს დღეს საფრანგეთში დიდი თუ პატარა სამაგიეროს გადახდაზედ, ჯავრის ამოყრაზედ. აი რა მიზეზით ეკრძალება ბისმარკი დღევანდელს სამხედრო მინისტრს ბულანჟეს, რომელიც, როგორც ეტყობა, ცდილობს მაგ სამაგიეროს გადახდაზედ დაამყაროს თვისი სახელი, და თვისი სამსახური და მამულისშვილობა გერმანიაზედ ძლევამოსილ გალაშქრებით დაამტკიცოს.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page