მორწყვის საქმე წინათ და ეხლა
- nino otiashvili
- Jan 2, 2024
- 3 min read
ტფილისი, 20 მარტი, 1889 წელი
ამიერკავკასია მიწის პოხიერებით და ჰავით ერთი იმისთანა ქვეყანაა, რომელსაც შეუძლიან დიდძალი სიმდიდრე იქონიოს. ერთი დიდი ნაკლი ამისი ის არის, რომ ურწყულია და მშრალი. ესევე ითქმის საქართველოზედაც, ნამეტნავად სურამს აქეთ. ჩვენთა მამა-პაპათა ძალიან კარგად იცოდნენ ყადრი წყლის მეურნეობის გაძლიერებისათვის და ამიტომაც, როგორც კანონმდებლობა ჩვენი, ისეც ზნე-ჩვეულება, წყლის არხებით გაყვან- გამოყვანისათვის დიდს უფლებას აძლევდა კაცსა. წყლის გაყვანას ვერავითარი მიზეზი ვერ დააბრკოლებდა, ოღონდ-კი თვით ბუნებას ხელი შეეწყო. ეკლესიაც რომ დახვედროდა წინ არხსა, კანონი ნებას იძლეოდა თვით ეკლესია გაეჭრათ და წყალი გაეყვანათ.
თვითონ ჩვენმა ენამაც-კი შეირჩინა იმისი კვალი, თუ რა ძვირფასად მიაჩნდათ ჩვენებს უწინ წყალი. „წყალობა, შემიწყალე, მიწყალობე, მიწყალე“ — ყველა ამ სიტყვებს დასაბამი აქა აქვს. ყველა ამ სიტყვებში მარტო ის ისმის, რომ წყალი მომეც, წყალი მომმადლეო. წყალის შევედრება, წყალის მომადლება, ჩვენს ქართველს კაცს უპირველეს სავედრებლად და სახვეწარად ჰქონია გამხდარი.
ამიტომაც, საითაც კი მიიხედავთ ჩვენში, ყველგან ნახავთ ნაშთს ზოგან უზარმაზარის არხისასაც. შორს რომ არ წავიდეთ, საკმაოა ვანიშნოთ უშველებელი არხი ფშავის არაგვიდამ წამოღებული, რომლის კვალი დღესაც ატყვია თბილისიდამ დაწყებული თითქმის ფშავის არაგვის დიდ არაგვთან შესართავამდე, და მეორე არხი კიდევ ალაზნის მარჯვენა მხარეზედ. ეტყობა ჩვენს მამა-პაპას არაფერი არ დაუზოგავთ, რომ არ შეჰშინებიან და ამოდენა არხების გაჭრისათვის თავი დაუდვიათ. რამოდენა ჯაფა, ხარჯი და ხალხი დასჭირებია, იქიდამა სჩანს, რაც ხალხის ხსოვნაში დღესაც დარჩენილია. მივიღებთ რა სახეში, რომ ყოველს დიდს საქმეს ჩვენში თამარ მეფეს ვაწერთ, ხალხი ალაზნისა და არაგვის პირისანი დღესაც ამბობენ, რომ როცა თამარ მეფემ გაიყვანა ეს არხები და ბოლოში წისქვილი დააბრუნა, წისქვილის ქვებიდამ სისხლი გადმოსკდაო. ეს ამბავი გვაუწყებს, — რამოდენად ძვირად დასჯდომია ხალხს ეს დიდებული საქმე, რომ მის წარმოდგენით მის მიერ დაღვრილი ოფლი სისხლად გადმომსკდარა წისქვილის ქვებიდამ.
გაუქმდა ეს არხები და მრავალი სხვა. ის დღეა და ეს და გულამომწვარს დედამიწას მოაკლდა ცხოველმყოფელი ცვარი წყლისა, კაცის მხნეობით მოდენილი. გავერანდა მდიდარი მამულები, აოხრდა, და იქ, საცა ქვეყანა წალკოტსავით ჰყვავოდა, დღეს მჭლე ძეძვი ძლივსღა მოდის. ამაოდ ჩაიარა ამოდენა შრომამ, ამოდენა ჯაფამ, და დღეს ეს დიდი ნაამაგევი ჩვენთა მამა-პაპათა, მიწით ამოვსილი და ამომშრალი, გულსაკლავად გვანიშნებს — რანი ვყოფილვართ უწინ და რანი ვართ დღეს.
მთავარმართებელმა თ. ბარიატინსკიმ შენიშნა, რა დიდი საქმეა ამიერკავკასიისათვის საერთოდ და საქართველოსათვის ცალკე სარწყავი წყალი. დაიმორჩილა შიმშილი თუ არა, მაშინვე შეუდგა ამის საქმეს და მიანდო ინგლისის ინჟენერებს ბელის და გამბას გამოეძიათ მთელი ის ადგილები, რომელნიც მტკვრის აყოლ-დაყოლებაზე მდებარეობენ. ბელი მალე დაეთხოვა ამ საქმეს და წავიდა. გამბა კი დარჩა, კარგად გამოიკვლია მტკვრის პირების არემარე და შეადგინა უშველებელი პროექტი იმაზედ თუ, — როგორ და რა გზით უნდა მოირწყას აღმოსავლეთი ამიერკავკასიისა. ეს საქმე მას აქეთ ხელუხლებლად დარჩა, ჩვენდა სამწუხაროდ.
დღეს რუსეთის მწერლობამ მიაქცია ყურადღება ამ ფრიად საჭირო საქმეს. ერთს რუსულ ჟურნალში ჩვენ შევხვდით ამ საგანზედ წერილს ბ-ნ ვოიეკოვისას. იგი ამბობს:
დროა, დიდი ხანია დროა, ხელი მოვკიდოთ ამიერკავკასიაში რწყვის საქმეს. საჭირო არ არის ჩვენთვის ინდოეთის დაპყრობა, — ჩვენ ჩვენი ინდოეთი გვაქვს ამიერკავკასიის ვაკეებზედ, თუკი მოვიწადინებთ. მტკვარი და არაქსი ერთ მილიონ დესეტინაზედ მეტს ადგილს მორწყავს მერე დიდ ნაყოფიერს ადგილსა. სარწყავი მიწები ძვირფასს მცენარეს გაზრდიან, რწყვა გააღონიერებს მიწებს და გაუძლიერებს მომცემლობას იმოდენად, რომ ორი, ზოგჯერ სამი მოსავალიც მოგვივაო. ყოველ ამის გამო სარწყავი დესეტინა ფასს მოიმატებს და ას თუმანზე ნაკლებ არ ეღირებაო. მაშასადამე, რომ ამიერკავკასიაში რწყვის საქმე მოეწყოს, ჩვენ შევიძენთ მილიარდ მანეთზედ მეტს ქონებას და მაინც არა ნაკლებ იმისა, რაც გერმანიამ დავლა წაართვა საფრანგეთს 1871 წელსაო.
თქმა არ უნდა, რომ მართლა დროა ამ ჩვენდა სამწუხაროდ, დაძინებულმა საქმემ ჩვენდა სასიხარულოდ გაიღვიძოს. არხების გაჭრა აქ დიდი საქმეა, სხვა არაფერი მიზეზი არ არის, რომ ამ საქმეს ბოლო არ მოედგას. მაგალითებრ, სამხრეთ რუსეთში, საცა მდინარეებს საწყლე დაბლები აქვთ, ძნელია წყლების ამოყვანა მაღლა და იქიდამ მიშვება. ამისათვის იქ ცალკე მოწყობა უნდა, ცალკე მანქანები წყლის მაღლა ამოსაყვანად და მერე არხში ჩასაშვებად. ჩვენში ეს არ დასჭირდებათ, რადგანაც თითქმის ყველა ჩვენებურს წყალს სათავე მაღალი აქვს და კარგი ავალა. ამიტომაც ჩვენში ოღონდ არხი იყოს, წყალი ადვილად და გაუჭირებლად მიეგდება და წავა.