მმართველობის შეცვლა ბრაზილიაში
- nino otiashvili
- Jan 1, 2024
- 4 min read
ტფილისი, 12 ნოემბერი, 1889 წელი.
დეპეშებმა ერთი თითქმის მოულოდნელი ამბავი მოგვიტანა, იმისთანა ამბავი, რომელსაც, მართალია, პირდაპირი დამოკიდებულება არა აქვს არც ევროპასთან, არც ევროპის პოლიტიკასთან, და ჩვენ ხომ არასგზით არ მოგვეკარება; თუმცა ესეა, მაგრამ ზოგიერთს შორეულს მნიშვნელობას მოკლებული არ არის იმისთვის, ვინც ჩვეულია ყოველ ცოტად თუ ბევრად დიდ საქმისაგან რაიმე გასაკვეთი გაიკვეთოს. ჩვენ ვამბობთ ბრაზილიაში მომხდარი ამბავისას. იქ მოჰხდა სისხლ-დაუღვრელი რევოლუცია, ჯერ-ხანად მაინც წყნარი და მშვიდობიანი. მოხუცი იმპერატორი დონ-პედრო მეორე გადააყენეს და ბრაზილია, აქამომდე იმპერიად ყოფილი, დღეს რესპუბლიკად გადააქციეს.
ყველამ შეიტყო დეპეშების წყალობით ეს ამბავი, მაგრამ იქნება ყველამ არ იცოდეს, რა არის ეს ბრაზილია, სად არის და რა ისტორია მიუძღვის. ჩვენ დღევანდელის წერილით მოვიწადინეთ მოკლედ მოვუთხრათ ჩვენს მკითხველებს ამ ქვეყნის ვითარება და, ვგონებთ, მეტი არ იყოს თუ სხვაფრივ არა, საცოდნელად მაინც.
ბრაზილია არის ქვეყანა სამხრეთ-ამერიკაში და ამ სამხრეთ-ამერიკის ქვეყნებ შორის ყველაზედ დიდი ადგილი უჭირავს, როგორც სივრცით, ისეც მკვიდრთა რიცხვით. ერთის მხრით საზღვრადა აქვს ატლანტიკის ზღვა, რომელიც თითქმის მთელს მის დასავლეთს ნაპირებს გარს არტყია. ჩრდილოეთით უდევს გვიანა, - ნაწილები კუთვნილი ინგლისისა, ნიდერლანდისა და საფრანგეთისა, და ვენეცუელა. აღმოსავლეთით - კოლუმბია, პერუ, ბოლივია, პარაგვაი, ნაწილი არგენტინის შტატებისა, და სამხრეთით ურუგვაი. ბრაზილიასა ჰყავს მკვიდრნი თოთხმეტ მილიონამდე. თესლ-შთამომავლობით ზოგნი ევროპიელნი არიან, ადრითვე მოსულნი ევროპიდამ, ზოგნი იქაურნი ძირეულნი მკვიდრნი, ზოგნი ზანგნი აფრიკისანი. 1872 წელს მკვიდრთა შორის თეთრნი იყვნენ ასში ოცდათვრამეტი სული, ზანგები - ასში ოცი სული. მას აქეთ 1886 წლამდე თეთრთა რიცხვმა იმატა და გაჰხდა ასში სამოცდაშვიდზე მეტი და ზანგებმა იკლეს, ასში ათზე და ცოტა მეტზე ჩამოჰხდნენ. ამ მატებას თეთრებისას იმას აბრალებენ, რომ ბრაზილიაში მრავალი იხიზნება ევროპიდამ, ნამეტნავად იტალიიდამ. 1886 წელს ბრაზილიას შეჰხიზნია სულ 25.791 სული, 1887 წელს - 54.390 და 1888 წელს − 131.268.
ბრაზილია აღმოაჩინეს 1499 წ., აღმოაჩინა ერთმა თანამგზავრმა სახელოვანის კოლუმბისამ. მას აქეთ, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, ეს ბრაზილია ხან ისპანიელთ ეჭირათ, ხან პორტუგალიელთა, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე იმოდენად შემძლებელნი არ იყვნენ, რომ სურვილი თავისუფლად ცხოვრებისა, სამუდამოდ თუ არა, დიდის ხნობით მაინც ამოეკვეთნათ ბრაზილიაში. ამ სურვილმა თავისი გაიტანა და 1822 წელს ბრაზილია განთავისუფლდა სხვისა ხელიდამ და თავისი სვე-ბედი თვითვე ჩაიბარა, ცალკე დამოუკიდებელ იმპერიად გამოაცხადა თავი და იმპერატორად დასვა მემკვიდრე პორტუგალიის მეფისა დონ-პედრო I. ამ დონ-პედროს მმართველობამ ბევრი სამდურავი გამოიწვია, თუმცა 1824 წელს კონსტიტუციაც ჰქონდა ბრაზილიას მინიჭებული. ამ სამდურავმა ფეხი გაიდგა მკვიდრთა შორის და სურვილი ბრაზილიისა მიიხარა რესპუბლიკისაკენ. ამ რესპუბლიკის მომხრეთა დასს ფარუპილიასებს ეძახიან, დონ-პედრო I- მა შეიტყო რა ეს, მოიწადინა - როგორმე გაღვიძებული სურვილი რესპუბლიკის დაარსებისა მოესპო და შეეცადა თავისის ხელმწიფების უფლებანი უფრო გაეძლიერებინა და ამისათვის მოიწოდა მინისტრებად თავისის აზრის მომხრენი. ამან უფრო გაამწვავა საქმე, რომელიც 1831 წელს იქამდე მივიდა, რომ დონ-პედრო I-მა მოიხადა გვირგვინი და გადსცა თავის შვილს, რომელიც მაშინ სულ ხუთის წლისა იყო და რომელიც ამ გზით გაიმპერატორდა დონ-პედრო II დ’ალკანტარაო-ს სახელით.
1840 წელს დონ-პედრო II, შვილი პირველისა, სრულწლოვანად გამოცხადებულ იქმნა. მას აქეთ იმპერატორად ბრაზილიისა ეს დონ-პედრო II იყო ამ ბოლოს დრომდე. დონ-პედრო II- ეს მეტად საყვარელისა და ტკბილი კაცის სახელი აქვს დავარდნილი. თითონ ბრაზილიაშიც ძალიან კაი კაცის სახელი ჰქონდა და უყვარდათ კიდეც. იქნება ამ სიყვარულსაც ცოტად თუ ბევრად უნდა მივაწეროთ ის ამბავი, რომ დონ-პედრო ტახტიდამ გადმოაბრძანეს და ამასთანავე ყოველი ღონისძიება იხმარეს, რომ არც თითონ დონ-პედროს და არც მის სახლობას არავითარი უპატიურება არა მიაყენონ-რა, არასგზით არ ავნონ-რა.
დონ-პედრო სწორედ ღირსიც იყო პატივისცემისა და სიყვარულისა. მის ხელში ძლიერ წინ წაიწია ბრაზილიამ. მოქალაქეობრივი და პოლიტიკური თავისუფლება ერისა, რამდენადაც შესაძლოა, სრული იყო. ერს თავის კანონმდებელად და გამგებელად თავის მიერვე ამორჩეულნი წარმომადგენელნი ჰყვანდა. ერთი შესანიშნავი მუხლი ბრაზილიის კონსტიტუციისა ის იყო, რომ იმპერატორს შეეძლო არ დაემტკიცებინა წარმომადგენელთა განაჩენი, და თუ იგივ განაჩენი, ხელმეორედ წარმომადგენელთაგან გადასინჯული,ხელახლად წარედგინებოდა, იმპერატორს უფლება არა ჰქონდა უარეყო და უნდა უსათუოდ დაემტკიცებინა. თავისუფლება ჟურნალ-გაზეთობისადა ერთობ მწერლობისა სრული იყო და ამის გამო ჟურნალ-გაზეთობა და მწერლობა გაძლიერდა და განკარგდა. მარტო ერთს სატახტო ქალაქს რიო-დე-ჟანეიროში 80 ჟურნალ-გაზეთი გამოდის, მთელს ბრაზილიაში 529 ჟურნალ-გაზეთია, მაშინ როდესაც ამ თორმეტის წლის წინად სულ 271 იყო.
დონ-პედრო II დიდი მოყვარული იყო და დიდი მზრუნველი ერის განათლებისა. 1857 წელს სულ 2.595 სკოლა იყო და 70.000 შეგირდი და 1886 წელს-კი სკოლა 6.605-მდე ავიდა და შეგირდთა რიცხვი 214.670-მდე. რარიგი მოწადინე იყო სკოლების გამრავლებისა დონ-პედრო II, ეს შემდეგი ამბავისაგანაც სჩანს, როგორც გაზეთები იუწყებიან: როცა პარაგვაისთან ომს შემდეგ ბრაზილიის ერმა მოიწადინა ძეგლი დაედგა იმპერატორისათვის, დონ-პედრო II-მ ისურვა, რომ ძეგლისათვის მოგროვილ ფულით პირველდაწყებითი სკოლები დაემართათ.
არც გზები და სხვა სასარგებლო საქმენი დარჩნენ წარუმატებლად. რაც 1870 წელს რკინისგზები იყო — 1887 წლამდე ერთი-ათად მოემატა. წინათ თითქმის არაფრის გამსყიდავი ბრაზილია იმოდენად გაძლიერდა დონ-პედროს ხელში, რომ ამ ბოლოს ხანებში ყოველწლივ 700 მილიონის საქონელსა ჰყიდის გარეთ. რამოდენად აიწია მკვიდრთა სარჩო- საბადებელმა, რამოდენად იმატა მათმა ქონებამ — ეს, სხვათა შორის, შემდეგიდამაცა სჩანს. 1860 წელს პირველად დაარსებულ იქმნენ სასოფლო ბანკები. ათის წლის შემდეგ დაარსების დღიდან ამ ბანკებში მისაბარებლად და შესანახავად შეტანილ იქმნა მკვიდრთაგან თხუთმეტ მილიონამდე. გავიდა კიდევ ათი წელიწადი და ამ ფულმა აიწია ორმოცდახუთ მილიონამდე.
ყველაზედ უდიდესი საქმე დონ-პედროსი მონობის მოსპობა იყო ბრაზილიაში. 1888 წელს, როცა დონ-პედრო ევროპაში იყო, მისმა ასულმა იზაბელამ, რომელიც მის მოადგილედ დარჩა, სრულად ამოჰკვეთა მონობა. 1871 წელს თითონ დონ-პედრომ დასდვა საფუძველი ამ განთავისუფლებისა. მაშინ გამოცხადებულ იქმნა კანონი, რომ თავისუფალ არიან ყველა ბავშვები, მონათაგან შთამომავალნი.
ეხლა ამბობენ, რომ პლანტატორები, სახელდობრ მონების პატრონები, შეიქმენ მიზეზი დონ- პედროს გადაყენებისაო. რაკი ხელიდამ გამოეცალათ მუქთა მუშა და რაკი ეხლა სხვისის ოფლითა და ამაგით ცხოვრება აღარ შეუძლიანთ, რა თქმა უნდა კაი გულით არ დაუწყებდნენ ყურებას იმპერატორს, რომელმაც იგინი გამოიმეტა და შესწირა ჭეშმარიტს კაცთმოყვარებას და ადამიანურ ღირსების აღდგენას. ეს გულნატკენი პლანტატორები მიჰმხრობიან თურმე რესპუბლიკის მსურველთა, რომელთაც ფარუპილიასები ჰქვიანთ, და სამს ნოემბერს ბრაზილიის სატახტო ქალაქს რიო-დე-ჟანეიროში რევოლუცია მოუხდენიათ, უსისხლო, წყნარი და მშვიდობიანი, დონ-პედრო II დაუთხოვნიათ იმპერატორობისაგან და რესპუბლიკა დაუწესებიათ, ჯერ-ხანად მაინც.
მაინც მონარქიები როგორღაც ვერა ჰხეირობენ ამერიკაში და, თუ არა ვცდებით, ეს ბრაზილია ერთადერთი მონარქია იყო მთელს ამერიკაში.

