მილიტარობა ევროპაში
- nino otiashvili
- Dec 2, 2023
- 2 min read
ტფილისი, 16 იანვარი, 1889 წელი
დღევანდელი ევროპა ჰგავს იმ კაცსა, რომელიც გარედამ მტერს უყენებს თვალსა და შიგნიდამ მოყვარესა. მართლა-და მთელი ევროპა რომ მოიაროთ, ერთ სახელმწიფოს ვერა ჰნახავთ, რომ გული გულის ადგილასა ჰქონდეს. ყველას მუშტი მოღერებული უჭირავს მტრის თვალის დასაყენებლად, და ამავე დროს გულში რომ ჩაჰხედოთ, ბევრს იმისთანას ჰნახავთ, რომ მოყვარეს თვალი უდგება. გაუჭირდა ევროპის ხალხსა ცხოვრება. უკეთესი ნაწილი ერისა და მოზრდილი ლუკმა ერის ქონებისა იღუპება დღეყოველ და ამ ნაწილს ერისას და ერის დიდძალს ქონებას ჰყლაპავს იგი გაუმაძღარი ვეშაპი, რომელსაც შეთოფიარაღებულს მშვიდობიანობას ეძახიან.
ამ გზით მშვიდობიანობის დაცვა ერთი დიდი უბედურებაა ევროპისა და ეს უბედურება მოუვლინა ამ ბრწყინვალედ განათლებულ ქვეყანას თ. ბისმარკმა და მისმა მეტისმეტად გაკადნიერებულმა და მოურიდებელმა პოლიტიკამ. საითაც-კი მიიხედავთ, რაზმი რაზმზედ ეწყობა, ჯარებს, რაც ძალი და ღონე აქვთ, უმატებენ, თოფსა და ზარბაზანს და ტყვია-წამალს ამზადებენ და მაინც გვეფიცებიან, რომ მშვიდობიანობის მეტი გულში არა გვაქვს-რაო. ვერ წარმოიდგენთ, რა აუარებელი ფული ამოდის ევროპის მკვიდრთა ჯიბისაგან და რა აუარებელი იხარჯება ამ შეთოფიარაღებული მშვიდობიანობისათვის. ვერაფერი მშვიდობიანობაა, თუკი კაცი იძულებულია ხელი ხმალზედ ევლოს დღემუდამ და ისე ჰპატრონობდეს თავის-თავსა. ტყუილად-კი არა სთქვა მონტესკიემ, რომ „სჯობია უბედურის ომის განსაცდელს მიეცეს კაცი, ვიდრე ფული გაიღოს მშვიდობიანობის დასაცავადო“. ამას გამგებელნი ევროპისა ისე ნათლად ვერა ჰხედვენ, როგორც თითონ მკვიდრნი თავის თავზე ჰგრძნობენ. ევროპის მკვიდრთა მუხლი ეკეცებათ დღევანდელის დღის სიმძიმის ქვეშ, სული შეეხუთათ, არაქათი აღარა აქვთ. აი ის შიგნითი მხარე დღევანდელის ევროპისა, რომელიც მოყვარეს თვალს უყენებს.
შეიხედეთ ერთი გერმანიაში, რა ყოფა აქვთ პარლამენტში ერთის მხრიდამ ბისმარკსა და მის დამქაშებსა და მეორის მხრით გერმანიის ერის გულშემატკივართა. ტყუილად ეძებენ თ. ბისმარკი და მისი ავანჩავანები ამის მიზეზს იმაში, ვითომც პირადი შური და მტრობა აგეშებდეს მის მოპირდაპირეებს, როცა ეგრე მიესევიან ხოლმე თ. ბისმარკსა. აი, აიღეთ თუნდა საფრანგეთი. განა მოსალოდნელია, რომ ამისთანა ქვეყანაში ერთი ვიღაცა პამპულა გენერალი გამოტყვრეს და იძახოდეს: მე ვარ მხსნელი საფრანგეთისა ჭირთაგან და ვაი-ვაგლახისაგანაო. მოდით და მე განგისვენებთ თქვენო, და ერიც იჯერებდეს და სახსნელად კალთაზედ ხელსა სჭიდებდეს! განა დასაჯერებელია ყოველივე ეს, თუ ერი იმ ყოფაში არა ჰგრძნობდეს თავსა, როცა კაცს, სხვა გზა რომ არა აქვს, ხავსს ეჭიდება დარჩობისაგან თავის დასახწევად. აბა მიჰხედეთ, რა საცოდავად ჰღაღადებს იტალიის ერი უქონლობისა და უილაჯობისაგან, — გავწყალდით, ლუკმა პური აღარ შეგვრჩაო. ნუთუ იმისათვის მოვიპოვეთ თავისუფლება და ერთობა, რომ ამ ყოფაში ჩავცვივნილიყავითო! მოგვაშორეთ ეგ რაღაც ჭირი გერმანიაა, რომელმაც ეს უბედურება აგვკიდა ზურგზედ და სული ვეღარ მოგვიბრუნებიაო. არც-კი ავსტრიაა უკეთესს დღეში. აქაც-კი ერი ჰდრტვინავს და ჰკვნესის დღევანდელის დღის გაჭირვებისაგან და გულამღვრეულად გასცქერის გერმანიას, რომელმაც ეს დღე მოუვლინა მთელს ევროპას ერთად და ავსტრიას საკუთრივ.
ეს დასისა და დასის ერთმანეთთან ბრძოლა და ეს ამათი პარლამენტებსა და სხვა სარბიელზედ ერთმანეთის წეწვა და გლეჯა სულ ერთის სათავიდამ მოდის. ყველაფერი ეს რომ გაფხიკოთ, გასცხრილოთ, ძირს დარჩება ორი ერთმანეთის მოპირისპირე მოძღვრება, ორივ ერთნაირად უჯათი და ერთნაირად სამართლიანი-კი არა. გამგებელნი სახელმწიფო ბედისანი იძახიან, რომ ერი პოლიტიკისათვის არის ქვეყანაზედ გაჩენილი და ამიტომაც თქვენ სუო; სახელმწიფოს გულშემატკივარნი ერის მოყვარენი-კი პასუხად ეუბნებიან: უკაცრავად, პოლიტიკაა ერისათვის გაჩენილი და არა ერი პოლიტიკისათვისაო. სწორედ მოგახსენოთ, მთელი პოლიტიკური ისტორია ევროპისა ამ ორთა მოძღვრებათა ერთმანეთთან ბრძოლაა და სხვა არაფერი. ყოველივე სხვა მოძღვრება თითქმის აქ მიდის და აქედამ მოდის. დროთა მდინარეობაში ხან ერთი მოძღვრებაა ქვეშ და ხან მეორე, რადგანაც დღემუდამ ჭიდილში არიან, ხოლო დღეს-კი ევროპის ერი თ. ბისმარკის წყალობით იმ მოძღვრების ქვეშ არის, რომელიც ჰქადაგებს, ჯერ პოლიტიკა და მერე ერიო. აქ გაწირული ერია, და რაღა საკვირველია, რომ იგი ზოგან ჰტოკავს, ზოგან შფოთავს, და ხანაც იმისთანა პამპულას მოეჭიდება ხოლმე კალთაზედ, როგორც ბულანჟეა და სხვა ამისთანა ცრუპენტელა და ჩიტირეკია გენერალი.

