top of page

კრიტის ახალი აშლილობა და ოსმალეთის საკითხი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 6 min read

10 თებერვალი, 1897 წელი

ტფილისი

წერილი პირველი


ნუთუ თვალწინ დაგვიდგა დასაწყისი ოსმალეთის დასასრულისა? ასეთი საკითხი ყოველს კაცს მოსდის ფიქრად, როცა ამბად მოდის კრიტის კუნძულის გამო ატეხილი ალიაქოთი. რა ჰქმნა ისეთი საბერძნეთმა, რომ ევროპა მუქარით და საყვედურით ხელს უქნევს. იჟლიტება ტყუილ-უბრალოდ ქრისტიანი ხალხი, ლამის სულის ამოხდამდე მივიდეს კუნძული კრიტისა, ლამის ერთმანეთი შესჭამონ იქ დატყვევებულმა ბერძნებმა და დამპყრობელმა ოსმალომ, ევროპა-კი არამცთუ ხელს არ სძრავს, თავის რიხიანს ხმას არ იღებს, არამედ გამოსულა და მუქარით ეუბნება პატარა საბერძნეთს: შენც სუ და მეც სუო.


დიპლომატიისა არ ვიცით, - რა უძევს წინ, რომ ასე იქცევა. საბერძნეთის მოქმედება-კი ადვილად ასახსნელია, საიდამ მოდის და სად მიდის. ქვეყნის გული თანაგრძნობით უნდა უყურებდეს ამ პაწია საბერძნეთის თავგამოდებას და გაბედულობას. კრიტელნი ბერძნების სისხლხორცნი არიან, მათი ერთმორწმუნენი და ოსმალოთაგან მოწყვეტილნი თავისს მოძმეთაგან, მისგან დევნულნი და ჩაგრულნი. ბევრს კრიტელს ვაჟკაცს დაუდვია თავი საბერძნეთისათვის როგორც თავის სამშობლო ქვეყნისათვის, ბევრს დაუღვრია თავისი სისიხლი, მტლად დაუდვია თავისი სიცოცხლე საბერძნეთის განთავისუფლებისათვის, ბევრს სულის დალევის დროს ომში უძახნია: გაუმარჯოს საბერძნეთსაო და ამის ნატვრით დაულევია სული! ნუთუ საბერძნეთს საყვედური უნდა შეეთვალოს ვისგანმე, რომ იგი დღეს თვისთა მოძმეთა სიყვარულით აღფრთოვანებულა, გამოუდვია თავი იმათის ხსნისათვის, გამოსულა და იძახის: პატარა ვარ, მაგრამ გული დიდი მაქვს ძმათა საშველად, ჩემი იარაღი, ჩემი თოფი და ზარბაზანი ჩემი სიმართლეა, სიმართლე ერთის სისიხლხორცობისა, ერთსარწმუნოებისა სიმართლე ჩაგრულთა და წვალებულთა ძმათათვის გულმტკივნეულობისა და თავდადებისაო.


მართლა-და, რა იმისთანა დანაშაულობაა, რომ კაცმა თავისი ძმა, ტყვედქმნილი, ძალით წართმეული, მოტაცებული, გულის ამოხდომამდე მიღწეული, - იძიოს, რომ ისევ თავისთან იყოლიოს, შეივრდომოს, შეიერთოს, ძმას ძმურად მიეშველოს, შეეწიოს. გრძმობა ადამიანობისა, ქრისტიანობისა, მაღალზნეობისა - სხვა რა არის, თუ არ გულისტკივილი ყველასათვის საერთოდ და ძმათათვის განსაკუთრებით, აი ეს, სწორედ ეს გრძნობაა ის ღონე უღონოსი, ის შემძლებელობა შეუძლებელისა, რომელიც სასწაულს აქმნევინებს ხოლმე ადამიანს და რომლის საოცარი მაგალითები ძლევამოსილობისა არა ერთი და ორია ისტორიაში.


ჩვენის ფიქრით, პირველი მიზეზი და საბუთი იმ თავგამოდებისა, რომელიც დღეს საბერძნეთმა გამოიჩინა, ამაშია და ამაშივეა მისი იმედი და სასოება. ეს იმედი და სასოება უნდა გაორკეცდეს და გაძლიერდეს იმ საზრისით, რომ ქვეყანა ამ შემთხვევაში საბერძნეთისაკენ უნდა იყოს, თუ მარტო მუცლისათვის არ მოუკლავს უმაღლესნი სულთასწრაფვანი ადამიანობისა, კაცთმოყვარეობისა, ქრისტიანობისა.

დიპლომატია, რასაკვირველია, სულ სხვა თვალით უყურებს საბერძნეთს, ამ პაწია და უღონო სამეფოის, გაბედულობას. უკვირს, საბერძნეთი როგორ ჰბედავს და ჯიუტობს და არ ემორჩილება ევროპასაო. დავიჯეროთო, იძახიან დიპლომატები, აქ არავინ იყოს იმისთანა, რომ საბერძნეთს ერთს აწვეთებდეს ყურში და პირად-კი სულ სხვას გაიძახოდესო? თუ ესეა, აშკარაა - ის, ვინც არის, ღონეც უნდა შესწევდეს, ზურგი მეტდ მაგარი უნდა ჰქონდეს, თორემ საბერძნეთი არც ისეთი უპატრონოა და წინდაუხედავი, რომ თვით უღონო - უღონოსავე სიტყვას და ქადილს აჰყვეს და თავისი სვე-ბედი დიდს განსაცდელში ჩააგდოს. აშკარაა, აქ ისეთი წამქეზებელი უნდა ჰყვანდეს, რომ მისის იმედით და უეჭველის დაპირებით საბერძნეთმა გაბედოს ის, რაც უკვე ეგრე თამამად გაბედა.


თქმა არ უნდა, ეხლანდელი სულთაძვრა საბერძნეთის ერისა, მისი ზნემაღალი მოვალეობა თავის სამშობლოსა და მოძმეთა წინაშე - შეექმნებოდა ზოგიერთს სახელმწიფოს იმედად, რომ, იქნება, ამით აღმოსავლეთის საქმემ მთელ თავისს სიგრძე-სიგანეზე იფეთქოს და ევროპა აირ-დაირიოს, გამეგობრებულნი ერთმანეთს გადაამტეროს, მტერნი დაამოყვროს და ამ სახით საცა წვრილია, იქ გაწყდეს ძაფი ეხლანდელის კავშირობისა. ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიმეორებთ, აღმოსავლეთის საქმი იმისთანა საბძელია, - თუ ცეცხლი წაეკიდა, ყველა თავისის საკუთარის ხელების თბობას დაიწყებს, ყველას თავისი საკუთარი სატკივარი გაუჩნდება, ყველა ეცდება თავისაკენ მოითალოს, რაც მოსათლელია. რაკი სახელმწიფოთა „მე“ გაიღვიძებს, ოსმალთაგან დატოვებულს სამკვიდროს განაწილების მადაც თავისს გაუმაძღარ პირს დააღებს, და მოდით, ყველა პირდაღებული გააძღეთ ისე, რომ მეტი არავინ ინდომოს და ამ ნდომით ხელი ხმალს არ იკრას სიხარბითა, იმისდა მიუხედავად, ბედი და შემთხვევა ხელს შეუწყობს თუ არა.


აი, დიპლომატიის შიში რაში მდგომარეობს. იგი ფრთხილობს, რომ პაწია საბერძნეთმა არ ააფეთქოს აღმოსავლეთის საქმე და თოფ-ზარბაზანმა არ გაიხმაუროს თავისის საშინელის ხმით იქ, საცა დღეს მარტო დიპლომატების ენა ტყუილუბრალოდ ჰლაქლაქებს.


ამ სახით, უეჭველია, რომ დღეს ევროპაში ერთის მხრით აღმოსავლეთის საქმის ატეხა ჰსურთ და, მეორეს მხრით, - მისი ჩაფუჩეჩება. აშკარაა, თვითოეული მხარე ისე იქცევა, როგორც უჯობს, და საკვირველი არ არის, რომ საბერძნეთს მოიმედე წამქეზებელი ჰყვანდეს და ზურგთ უკან მაგრად ჰქონდეს დაჭერილი საქმე. ეს, რასაკვირველია, საბერძნეთის ტრფიალებით კი არ მოსდის წამქეზებელს, თუ იგი სადმეა: იმას თავისის პოლიტიკის ნასკვის გამოხსნა სწადიან, გაჭირვებისაგან გამოსვლა, ერთის სიტყვით თავისი ინტერესები ამოქმედებს და, როგორც ეტყობა, ჯერ-ხანად ალჩუ უჯდება. არც მეორე მხარეა ოსმალოს ტრფიალებით გატაცებული. ყველამ კარგად იცის, რომ დღენი ოსმალოს ხელმწიფობისა ევროპაში დათვლილია, დღეს არა, ხვალე იგი დადნება, ვითარცა შარშანდელი თოვლი. ხოლო სამკვიდროს გასანაწილებლად და გასაყოფად მზად არ არიან და სცდილობენ ეს საქმე გასჭიმონ იქამდე, ვიდრე შესაძლო იქნება რიხით და ზარით მივიდნენ და თავისი ნაწილი უკლებლივ მოიჭრან ოსმალოთაგან დაშთენილ სამკვიდროსაგან.


ამასთან „ჰო და არა“ ერთსა და იმავე დროს ევროპის სახელმწიფოთა შორის - საბერძნეთს, ჩვენის ფიქრით, ხელს უნდა უმართავდეს. დიპლომატია, როგორც, კარგად გაწურთვნილი მეძებარი, ამ „ჰოსა და არას“ კვალსა, უეჭველია, უნდა აჰყვეს და ამის უკან დევნას მოახმაროს თავისი დრო და ჭკუა. მოულოდნელი არ არის, მინამ დიპლომატია ამაებით გართული იქნება, საბერძნეთმა აიღოს და კრიტის კუნძული დაიჭიროს და ამით გათავდეს საქმე ჯერ- ხანად. ამისთანა წაჯექ-უკუჯექობა იყო, როცა ინგლისმა არც აცხელა და არც აცივა, აიღო და ეგვიპტეში დასკუპდა მთელის ევროპის წინააღმდეგ; ევროპამ პროტესტი გამოუცხადა და დაჩუმდა. ავსტრო-ვენგრიამ დაიჭირა ჰერცოგოვინა და ბოსნია, კიდევ წინააღმდეგ მთელის ევროპის განაჩენისა; ეს შერჩა ავსტრო-ვენგრიას და ევროპამ პროტესტი გამოუცხადა და დაჩუმდა. ბოლგარეთსაც ბევრი თითი უქნიეს, მაგრამ აიღო და რუმელია დაიჭირა, აქაც ევროპამ პროტესტი გამოაცხადა და დაჩუმდა. რასაკვირველიღაა, რომ საბერძნეთმაც დაიჭიროს კრიტი და ევროპამ კიდევ თავისი პროტესტი გამოაცხადოს და დაჩუმდეს.


ესე გათავდება კრიტისა და საბერძნეთის საქმე, ან თუ კრიტს სრულ ავტონომიას მისცემენ, - ამით მაინც იგი იარა, რომელიც ევროპის ტანს აჩნეული აქვს აღმოსავლეთის საქმის სახით, არ გამრთელდება; მოსურნე აღმოსავლეთის საქმის აწეწვისა არ მოისვენებს, თუ კრიტს და საბერძნეთს დააჩუმებენ, ახლა მაკედონიაში წაუკიდებენ ცეცხლსა და ასე ივლიან, ვიდრე მოლოდინი ოსმალეთის განაწილებისა და გაყოფისა ერთმანეთს არ წაჰკიდებს აწ დამეგობრებულს სახელმწიფოებს და სხვა ზავ-კავშირობას არ ჩამოაგდებს ევროპაში ამის მეცადინეთა სასარგებლოდ. დასაწყისი ნამდვილის დასასრულისა ოსმალეთისათვის მაშინ იქნება.


წერილი მეორე

ტფილისი, 13 მარტი, 1897 წ.


მუქარა აღსრულდა. ეგრეთწოდებული „ბლოკადა“ განხორციელდა, ესე იგი, დიდთა სახელმწიფოთა შეჰკრეს კრიტის კუნძულის ნავთსადგურები და აღარ უშვებენ საბერძნეთის გემ-ხომალდებს აღარც იქით და აღარც აქეთ. დიდი ვაჟკაცობა არ უნდოდა, რომ თითქმის მთელს ევროპას ასე დაეჩაგრა პაწია საბერძნეთი, და არცა გვგონია, რომ ეს ამბავი დიდი თავმოსაწონებელი და სასახელო იყოს იმ დიდ კრებულისათვის, რომლის თვითოეულს წევრს ცალკე საბერძნეთი ყლაპადაც არ ეყოფა, როგორც ვეშაპს ბუზი.


ეხლა საკითხავი ეს არის: გათავდა ამით ის საშიშარი და განსაცდელიანი საქმე რომელსაც აღმოსავლეთის საქმე ჰქვიან, თუ ეს „ბლოკადა“ რკუ და ეტლის თამაშია საპოლიტიკო ჭადრაკის ფიცარზე? შახია, თუ მათი? ჩვენა გვგონია, რომ არც ერთია და არც მეორე. ეს მარტო დიპლომატიის ჩვეული ოსტატობაა: ნახეს, ირღვევა კედელი და ხელდახელ შელესეს სხვისა და თავის-თავის მოსატყუილებლად. დღევანდელი შიში და განსაცდელი ხვალისათვის გადასდეს და ეგ ხვალე, თითონაც კარგად იციან, შორს არ არის, ძალიან და ძალიან ახლოა. პაემანი ქარცეცხლის ატეხისა გადაიდვა, მაგრამ ცეცხლი მაინც არ დაიშრიტა, ისევ იმ თივაშია დამალული, რომელსაც აღმოსავლეთის საქმეს ეძახიან, მხოლოდ ახალი ის არის ყოველ ამაში, რომ თუ სადმე გაჩნდა ცეცხლი, ეგრე ადვილად ვეღარავინ გააქრობს. მშვიდობის-მოყვარე დიპლომატიამ მარტო ეს შესძინა ქვეყანას, რომ თუ ამას იქით ატყდა რამე ოსმალეთის თაობაზე, უფრო მძვინვარე და უფრო საშინელი რამ მოხდება ევროპისათვის. და რომ ატყდება, ამაზე ეჭვი არავისა აქვს და, სხვათა შორის, თვით დღევანდელ დიპლომატიასაც, რომელიც იმის ცდაშია, ოღონდ დღეს-კი ნუო და ხვალემ თავისი იცოდესო, ოღონდ დღეს ჩვენს ხელში ნურა მოხდება რაო.


ჩააფუჩეჩეს საბერძნეთის საქმე, რომელიც სხვას არაფერს არა თხოულობს გარდა იმისა, რომ ჰკითხეთ თვით კრიტელებს, უნდათ თუ არა ჩემთან შემოერთებაო, და რასაც იტყვიან, ისე მოიქეცითო. რასაკვირველია, ძალა აღმართსა ჰხნავს და საბერძნეთსაც უთხრეს: ენა გრძელი გაქვს, მოიკვნიტეო. ჯერ-ხანად იქნება ჩააჩუმონ კიდეც, მაგრამ როდემდის? ვთქვათ, მართლა ხმა გააკმენდინონ საბერძნეთსა, თუმცა ძნელად საფიქრებელი-კია. მითამ ამით გათავდეს საქმე? მაკედონია? აქ კი ცოტა ასაფეთქი წამალია? ვინ უთავდებებს განცხრომილს დიპლომატიას, რომ კრიტის კუნძულზე ჩამქრალი ცეცხლი აქ, მაკედონიაში, არ იფეთქებს და მთელს ბალკანეთის კუნძულს ძირიდამ თხემამდე არ შესძრავს. სერბია, ბოლგარია, რუმინია, ჩერნოგორია და თვით საბერძნეთიც, რომელნიც მემკვიდრეობას ოსმალეთისას სჩემობენ, ხომ დაერივნენ ერთმანეთში და ერთი ხათაბალა ასტეხეს. ახლა დიდნი სახელმწიფონი აიღეთ,რომელთაც თავისი საკუთარი ჭირბოროტი აქვთ აღმოსავლეთის საქმეში და ყველა კაი ლუკმის გამოთლას მოელის, და ადვილად წარმოსადგენია, რა ალიაქოთი და ვაი-ვაგლახი ასტყდება, თუ კრიტის კუნძულზე შემჭვარტლულმა საქმემ - მაკედონიაში ნაპერწკალი გადისროლა.


კრიტის კუნძულის და საბერძნეთის თავგამოდებულმა საქმემ ცხადად დაანახვა ქვეყანას, რომ თუმცა დიდნი სახელმწიფონი, რომელთაც პირში კაპი ამოსდეს საბერძნეთს, პირად ერთმანეთის სურვილით აღტკინებულნი არიან, მაგრამ გულში-კი ზოგიერთნი მათგანი ამ თანხმობის ფარდას იქით რაღაცას სცუღლუტობენ და ცეცხლის ჩაქრობა არ უნდათ. თუ ეხლა საბერძნეთის გამო ერთმანეთს დაჰყვნენ და მოურიგდნენ, - ეგ ჯერ კიდევ ბევრს არა ჰნიშნავს, აქ დათმობილი, სხვაგან იპოვის იმედს და მიზეზს მონასტრის არევ-დარევისა. და, ჩვენა გვგონია, არ არის შორს ის დრო-ჟამი, როცა ერთგან დაძინებული საქმე სხვაგან გაიღვიძებს

უფრო საშინელის სახითა. ეს „სხვაგანი“ მაკედონიაა. მაშინ ვნახოთ, დიპლომატიას რა თავბრუ დაესხმის და როგორ დაიძვრენს თავს საშინელის თოფ-ზარბაზნის ჭექა- ქუხილისაგან.


აღარ გვახსოვს, ვინა სთქვა, რომ აღმოსავლეთის საქმე იმისთანა საქმეა, რომელსაც გაცვეთილი კბილი დიპლომატიისა ვერ დაღეჭავსო. მართალიც არის. მხოლოდ წვრილმანი საქმენი შესაძლოა კანცელარიების გზით ასე თუ ისე გადასწყდესო და ისტორის მხოლოდ ამისთანა საქმეს აძლევს ხოლმე საცოხნავად დიპლომატიისა. ხოლო იქ, საცა საქმე შეეხება სამსოფლიო ვითარებას, თითონ ისტორია სდებს თავისს სამსოფლიოს განაჩენსავე, და ამ განაჩენს თითონვე წარმოსთქვამსო, სხვათა დაუხმარებლად, გარემოცული ჭექა-ქუხილითა, ვითარცა საბაოთ მამა სინაის მთიდამაო. აღმოსავლეთის საქმე ერთი ამისთანა სამსოფლიო საქმეა და დიპლომატიას სად შეუძლიან იგი გადასწყვიტოს!

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page