top of page

კვალად თვითმოქმედების შესახებ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 2 min read

ტფილისი, 14 დეკემბერი, 1888 წელი


საითაც-კი მიიხედავთ ჩვენში, ყველგან ჩივილი და საყვედურია, რომ არა გვაქვს-რა, ღარიბნი ვართ და ამიტომაც უძლურნი და უღონონიო. ამ ჩივილსა და საყვედურს სათავე რომ მოუნახოთ, იქ მივალთ, რომ ფული არა გვაქვსო. ყველა ჩივილი და საყვედური აქედამ გამოდის და აქ მიდის. მართლა-კი ესეა? მართლა ფულის უქონლობაა დედამიზეზი ჩვენის ერის უძლურებისა და უღონობისა? ამას რომ პასუხი გავცეთ, უნდა ვიცოდეთ - კაცობრიობის ისტორიაში ფულმა შეჰქმნა ღონე და ძლიერება ადამიანისა, თუ ღონემა და ძლიერებამ შეჰქმნა ფული, ანუ, უკეთ ვსთქვათ, კაცი ჰქმნის ფულსა, თუ ფული კაცსა? რადგანაც უეჭველია რომ ყოფილა დრო, როცა ფულის ხსენებაც არ არსებულა ქვეყანაზედ და კაცს-კი მაინც თავი გაუტანია და იმ სიმაღლეზედ დამდგარა, საცა დღეს ჩვენა ვხედავთ, ისიც უეჭველი უნდა იყოს, რომ ღონისა და ძლიერების მიზეზი სხვა რამ არის და არამც და არამც ფული.


მაშ ჩვენი უღონობა და უძლურება რად უნდა დავაბრალოთ ფულის უქონლობას? მართალია, ფულის უქონლობა ეხლანდელს დროში ნაკლებულობაა, მაგრამ ეს ნაკლებულობა თავის- თავად იმისთანა რამ არ არის, რომ ავიღოთ და ჩვენი უღონობა ამას მოვახვიოთ კისერზედ. ჩვენის ფიქრით, უფულობა შედეგია და არა მიზეზი უძლურებისა და უღონობისა და ამიტომაც ტყუილი ნუგეშია, ვინც თავის უღონობასა და უძლურებას ფულის უქონლობას აბრალებს. ფული და ერთობ სიმდიდრე თავის-თავად არავის უვარდება ხელში და ვინც ჰფიქრობს, მე პირს დავაღებ, გულხელ დავიკრებ და ფული თვის-თავად მომივა და გამაღონიერებსო, ის ფულითაცა და უფულოდაც უძლურია და უღონო. ამიტომაც მართალზედ მართალია, ვისაც უთქვამს, რომ „ზოგი მდიდარია, თუნდ ერთის დღის მიწა ჰქონდეს, ზოგი ღარიბია, თუნდ თავიდამ ფეხებამდე ოქროში იჯდესო“.


საქმე გარჯა და მხნეობაა. ღონეც ამაშია ადამიანისა და ძლიერებაც. უამისოდ არც ფულია ღონის მიმცემი, არც უფულობაა ღონის დამკლები. აქ ფული და უფულობა არაფერს შუაშია. ტყუილად კი არ გვიმოძღვრებს ჩვენი ბრძენი დავით გურამიშვილი:


მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან,


განხეთქოს მთა და გორია,


მხნე იყავ და გაძლიერდი,


დავითს რაც უთქვამს სწორია.


აი ძლიერების, ღონიერობის სათავე სად არის. ფული აქ რა სახსენებელია! ფული და სხვა სიკეთე, თუ სიმდიდრე, მხნეობისა და გარჯის შვილია და არა დედა. მხნეობა, გარჯა აჩენს ფულსა და სხვა ყოველსგვარს სიკეთეს და ვისაც ეს არა სჯერა, იმას ის უნდა, რომ შვილმა დედა ჰშვას. ვინც ფულს ახვევს კისერზედ თავის უძლურებას, უღონობას, იგი თავის-თავსაც ატყუებს და სხვასაც. იგი ამ ხავსს ეჭიდება, რომ თავი დაიხსნას უქმად ყოფნის სირცხვილისაგან და გაექცეს „გარჯას, რომელიც ბუნებამ საჭიროებად გაგვიხადა,საზოგადოებამ — მოვალეობად და ჩვეულებამ — სიამოვნებად“.


მხნე იყავ და გაძლიერდი. აი ერთადერთი გზა, რომელიც კაცს მთა და გორას გაარღვევინებს ხოლმე, აი ერთადერთი სახსარი უღონობისა და უძლურებისაგან გამომხსნელი, აი ერთადერთი გზა, რომელმაც ადამიანი ღვთის სახედ გაჰხადა და ძლევამოსილ ჰყო ქვეყნიერობაზედ. საცა ეგ მხნეობა გაქარწყლებულია, საცა გარჯა, ჯაფა, შრომა დავიწყებულია, იქ ერი უღონოა და უძლური, თუნდა სულ თავიდამ ფეხამდე ოქროში ჩასვა. ვოლტერმა სთქვა, რომ „ფულის უქონლობა-კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ჰქმნის ერს უღონოდაო“. სწორედ მოგახსენოთ, ჩვენი დღევანდელი ტკივილიც ეს არის. ჩვენ მხნეობა და გამრჯელობა გვაკლია და აი სათავე, საიდამაც უნდა მოსწყდეს ჩვენის უძლურებისა და უღონობის მომდინარეობა.

Recent Posts

See All
თვითმოქმედებისათვის

ტფილისი, 31 დეკემბერი, 1887 წელი ეხლანდელი დრო ისეთია, რომ თუ კაცი თვითონ არ არის, თვითონ არა ჰშველის თავის თავს, თვითონ არ ირჯება თავის...

 
 
bottom of page