top of page

თვითმოქმედებისათვის

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 2, 2023
  • 3 min read

ტფილისი, 31 დეკემბერი, 1887 წელი


ეხლანდელი დრო ისეთია, რომ თუ კაცი თვითონ არ არის, თვითონ არა ჰშველის თავის თავს, თვითონ არ ირჯება თავის სიკეთისა და ბედნიერებისათვის და თავის საკუთარ მხნეობის გარეთ ეძიებს სახსარს ცხოვრების ავკარგიანობის გასაძღოლად, — ამისთანა კაცი გადადებულია უფრო სასიკდილოდ, ვიდრე სასიცოცხლოდ.


სხვის იმედის მქონებელი გლახაა, მთხოვარა და გლახა-მთხოვარობით ცხოვრება პირველი რომ სათაკილოა, თვითონ ადამიანის ღონის მომშლელი და დამდუნებულია, და მეორე — არც შემძლებელია, რომ ადამიანი მართლა ფეხზედ დააყენოს, გამოაბრუნოს და ოდესმე თავისით აცხოვროს, თავისით გამოაკეთოს. გლახა, მათხოვარა, რამოდენადაც წაქეზებულია სხვის გულშემატკივრობისაგან, იმოდენად თანდათან უკან მიდის, იმოდენად სული და გული უღონდება, უკვდება, და ბოლოს ის გამოდის, რომ მართლად გადაეჩვევა თავის-თავის პატრონობას და მოვლას. ამ გადაჩვევას ხომ უღონობა, დაუძლურება სულისა და ხორცისა მოსდევს და ეს უღონობა დაუძლურება კვდომაა, ხრწნაა, აგებულების დაშლა და დარღვევაა. თუ ეს ითქმის ცალკედ კაცზედ, თუ ეს საფიქრებელია და მართალია ცალკე კაცისათვის, უფრო საფიქრებელია და მართალი მაშინ, როდესაც რომელიმე წოდება, ან მთელი საზოგადოება, ამისთანა სენით არის დასნეულებული. ამაზედ უარესი სენი ჩვენ არ ვიცით, რომელს წოდებასაც თუ საზოგადოებას, ეს სენი ჩასჯდომია გვამსა და აგებულებაში, ფუტურო ხესავით დღედადღე იფხვნება და პირქვე დასამხობად გამზადებულია და გადადებული: თავოსნობას მუხლი ეჭრება, თვითმოქმედებას, გამრჯელობას და მხნეობას — ამ დედაბოძებს წარმატებისას — ძირი ულპებათ და აქ დარღვევისა და წაქცევის მეტს რას უნდა მოელოდდეს ადამიანი?


ეს საშინელი სენი უქმობისა, თავის-თავის არ-პატრონობისა, თავის-თავის არ-შველისა, ისე არსად არ არის ხელაღებით მოკიდებული, როგორც ჩვენს თავად-აზნაურობაში. არ არის არც ერთი იმისთანა გაჭირება, რომელსაც ცხოვრება კარზედ მოგვაყენებს ხოლმე, რომ ჩვენმა თავად-აზნაურობამ მაშინვე თვალი არ გაახილოს, იმისათვის-კი არა, რომ თვითონ თავის თაოსნობასა მხნეობაში მოიპოვოს ღონე ხსნისა, არამედ იმისათვის, რომ თავის გარეთ, ხელ- ფეხ-გაუნძრევლად, გაურჯელად, სამადლოდ ხელი ვისმე გამოაწვდევინოს საშველად. თუ ეს სამადლოდ გამოწვდილი ხელი იპოვა, ხომ რა კარგი, თუ არა-და, დაიკრებს ხოლმე გულზედ ხელებს და წუწუნებს, ვაი რა მეშველებაო, არავინ არა მშველისო.


ამისთანა საკუთარი სულმოკლეობა, მარტო სხვის სულგრძელობაზედ დამყარებული, კარგს არას მოასწავებს, პირიქით, რამოდენადაც დიდხანს გასტანს და დიდს მანძილს გაივლის, იმოდენად გაათახსირებს, მოადუნებს, მოაკვდენს თვითარსებობის ძალ-ღონესა. წუთისოფლის სუფრა წვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც ეხლანდელ დროში სხვისით რჩენა შეიძლებოდეს. წავიდა ის დრო სამუდამოდ და დღეს ვინც თვითონ არის გამრჯელი და მხნე, ბურთი და მოედანი ცხოვრებისა, კეთილისა და ბედნიერებისა, იმისია და მარტო იმისი.


შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ მაგალითად სწავლა-განათლების საქმე. სწავლა-განათლება საჭიროა ყველასათვის და ამ საჭიროებას თავად-აზნაურობა უფრო უნდა დიდის ტკივილითა ჰგრძნობდეს, ვიდრე სხვა ვინმე, იმიტომ რომ ამისი გემო თავად-აზნაურობას ყველაზედ უწინა აქვს გაღებული. რას ვხედავთ აქ? არც ერთი წოდება ჩვენში ისე გულგრილად არ ეკიდება ჩვენში ამ საქმეს, როგორც თავად-აზნაურობა. აქაოდა მთავრობას სკოლები და სასწავლებელი აქვს სხვათა შორის ჩვენთვისაცაო, და იმას-კი აღარა ჰფიქრობენ, რომ მთავრობა ვერ გასწვდება, ძალიანაც მოწადინებული რომ იყოს, მთელს იმ სიდიდე საჭიროებას, როგორიც ქვეყნის სწავლა-განათლებაა. აქ უეჭველად თვითონ ერის, საზოგადოების თაოსნობა და შველაც უნდა. ეს იგრძნო ჩვენში თითქმის ყველა ცალკე წოდებამა. მოქალაქეებმა თავისი სკოლები აიჩინეს, გლეხობამ თავისი, სამღვდელოებამ თავისი, და მარტო თავად-აზნაურობა დარჩა წრეს გარეთ და სხვის იმედზედ. მართალია, ტფილისისა და ქუთაისის ბანკი ორ სათავად-აზნაურო სკოლას ინახავს; მართალია, ამ ბანკების საწარმოებელი ფული, თავის სასახელოდ, თავად-აზნაურობამ გამოიღო, მაგრამ ყველანი ჰგრძნობენ, რომ მარტო ამ ორ სკოლაზედ არ უნდა შეჩერებულიყო ჩვენი თავად-აზნაურობა, იმიტომ რომ საჭიროება დღეს სახსარს გადამეტებულია. რომ მართლა ამ ნაკლებულობასა ჰგრძნობენ, ამისი ცხადი მაგალითი ის არის, რომ ტფილისის თავად-აზნაურობამ სასკოლო ფულის გაწერა მოიწადინა, მაგრამ ეს სამაგალითო და მშვენიერი წადილი მარტო წადილადღა დარჩა და არავინ ჰფიქრობს წადილი საქმედ აქციოს.


ამბობენ, ღარიბნი ვართო და წელი არ მოგვდევს სწავლა-განათლებისათვის გამოვიღოთ რამეო. ჯერ ამას ვიტყვით, რომ ღარიბნი თუ ვართ, სწავლა-განათლების უქონლობის მიზეზია. სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა. მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდამ სიმდიდრის წყარო მოვადინოთ. მერე ერთი ეს ვიკითხოთ: მართლა ისეთნი ღარიბნი არიან, რომ ამაზედ შესდგეს ჩვენი ლარი და ხაზი? გლეხები-კი მდიდრები არიან, რომ თავის სკოლებს თავისის საკუთარის ჯიბით უძღვებიან?ვთქვათ, აქაც სიტყვას შემოგვიბრუნებენ და გვეტყვიან: გლეხები ბევრნი არიან, იმათს სკოლებსაც ბევრი ხარჯი არა აქვთ და სუბუქად უძღვებიანო. ჩვენს სამღვდელოებაზედ რაღას იტყვით, რომ მარტო ტფილისის გუბერნიაში შვიდს სასწავლებელს ინახავენ თავისის საკუთარის ხარჯით თავისის საკუთარის შვილებისათვის? ნუთუ ჩვენი თავად-აზნაურობა ჩვენს სამღვდელოებაზედ უფრო ღარიბი და შეუძლებელია? თავის დღეში ამას არ დავიჯერებთ და მაშასადამე, სიღარიბის ხელზედ დახვევა სხვა არა არის-რა, რომ მიზეზ- მიზეზ დოს მარილი აკლიაო.


თუ გული ჰგულობს, ქადა ორივ ხელით იჭმევა. საქმე ის არის, რომ გული არ ჰგულობს და ტყუილად ღობე-ყურეს ვედებით. საქმე ის არის, რომ თავად-აზნაურობა აქაც, როგორც ბევრში სხვაშიაც, დაჩვეულია სხვისით თავის საქმის გასწორებას და გაძღოლას: სულ მთავრობას შესცქერის - მუქთად გაგვიზარდოს შვილებიო.


ეს ძველი ჩვეულობა თუ ოდესმე თავად-აზნაურობას ხელს უწყობდა, დღეის-იქით ვეღარას გამოადგება. თავად-აზნაურობამ - ბევრია თუ ცოტა - თავის შვილების სწავლა-განათლებას უნდა თავის ჯიბით მიეშველოს. უამისოდ ხსნა არ არის და ეს სახსარი რაც მალე იქნება, მით უფრო ძლიერ და უებარ წამლად დაედება იმ წამწყმედელს ტკივილს, რომელსაც სწავლა- განათლების უქონლობას ეძახიან. ეს ძველი წელიწადი იმით გავათავოთ, რომ მასთან ერთად გამოვეთხოვოთ ამ ძველს ჩვეულებასაც და ახალს წელიწადს მივეგებნეთ იმ ტკბილის იმედით, რომ თვალს აახელენ და საკუთარის მხნეობით თავის თავის მორჩენას მოიწადინებენ და შეუდგებიან.

Recent Posts

See All
სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე

25 აპრილი 1893 წელი „თვითვეული ცემა გულის ძარღვისა გვჭრის და გვაწყლულებს ჩვენ, და ჩვენი სიცოცხლე ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა...

 
 
კვალად თვითმოქმედების შესახებ

ტფილისი, 14 დეკემბერი, 1888 წელი საითაც-კი მიიხედავთ ჩვენში, ყველგან ჩივილი და საყვედურია, რომ არა გვაქვს-რა, ღარიბნი ვართ და ამიტომაც...

 
 
მაჰმადიანთ გაქრისტიანება

1880 შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე...

 
 
bottom of page