top of page

კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 15 min read

ტფილისი, 4 ნოემბერი, 1895 წ.

I


გუშინდელმა კორესპონდენციამ თელავიდგან ფრიად სასიამოვნო ამბავი გვაუწყა. ამ კორესპონდენციიდამ სჩანს, რომ იქაურ თავად-აზნაურობას მიუგნია და ხელი ჩაუჭიდნია იმისთანა საგნებისათვის, რომელიც დღეს პირველ საჭირბოროტო საქმედ უნდა ჩაითვალოს ჩვენში.


ჩვენი ეგრეთწოდებული ეკონომიური ყოფა-ცხოვრება ერთი იმისთანა საგანია ჩვენში, რომელიც ყველაზედ ნაკლებ ხელხლებულია ჩვენ მიერ, ყველაზედ მეტად ყურადღების და ზრუნვის გარეთ დარჩენილია, თითქო სხვა ყოველთა საჭიროებათა შორის ამ ეკონომიურ ყოფა-ცხოვრებას დღეს უპირველესი ადგილი არ ეჭიროს ყველგან, და ჩვენში ხომ რაღა თქმა უნდა. დღეს ყველამ იცის, რომ თავი და ბოლო წინ წაწევისა, წარმატებისა, გაძლიერებისა, შინა და გარეთ დამოუკიდებლობისა, მაძღრობაა, სიმდიდრეა, ეკონომიური ძალ-ღონიერებაა ერისა. აქ ხელცარიელად დარჩენილი, როგორც ჩვენა ვართ, დღეს ერთს ბიჯსაც წინ ვერ გადასდგამს, რაც გინდ სავსე ჰქონდეს გული დიდებულ აზრთა და გრძნობათათვის. ან თვით დიდებულნი აზრნი და გრძნობანი მოივლინებიან-კი იქ, საცა ადამიანი მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი, მგელსავით პირღია დაიარება და ერთი წუთი ვერ გადურჩენია, რომ ჭამა- სმის გარეითად სხვა რაზედმე იფიქროს, სხვა უმაღლესს საგანს ადამიანის წყურვილისას თავი და გული მოანდომოს? ეს თუ შეუძლებელი არ არის, დიდად საეჭვოა მაინც იქ, საცა ერი ღატაკია, უძლური და მარტო დღიურ ლუკმის საშოვნელად გაწირული.


ღვთის მადლით, ჩვენ ჯერ ამ განწირულებამდე არ მივსულვართ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ დღესა თუ ხვალე ამ დღეში ჩავცვივით, თუ მინამ დროა თავს არ ვუშველეთ, ჩვენ მოედანი ჩვენის ეკონომიურის ცხოვრებისა სხვას დავუთმეთ. ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა და ამ მიზეზთა შორის უმთავრესი ის არის, რომ ჩვენ საშუალ-საუკუნეთა რაინდობის ანდერძებით გულს ვიფხანდით, თავს ვიწონებდით: ხმალი, თოფი, ცხენი, რახტი, ლამაზი ქულაჯა და სხვა ამგვარი შეადგენდა საგანს ჩვენის ნატვრისას და წყურვილისას; და როცა ჩვენ გატაცებულები ვიყავით ამ ნატვრითა და წყურვილით, ჩრჩილი შემოგვეპარა, ჩვენის ერის ნაშრომ-ნაღვაწი ჩვენგან დაწუნებულ ვაჭრობით ხელთ იგდო, ამ გზით საქმით გაგვიბატონდა, ყმად დაგვიჭირა და სიტყვით კი თავს გვიქონავდა და გვეძახდა, — ბარაქალაო, კაცებიც თქვენა ხართ და ქუდიც თქვენა გხურავთო. ჩვენც ეს ბარაქალა დავიჯერეთ, ამით მოვტყუვდით და ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი კერძი ცხოვრებისა დღეს იმათ წინ უდგიათ, და ჩვენ-კი შორიდამ ვუყურებთ და ცარიელს თითს ვილოკავთ. დღეს ბარაქალა და მართალი ბარაქალა ჩვენგან იმათ ეკუთვნის, იმიტომ რომ ისინი მიუხვდნენ ახალთა ქართა ბერვას, დროთა ძარღვს, აწინდელს აუცილებელს ღაღადს და მოთხოვნილებას, თავისი ძალ- ღონე ჭკუისა, თუ ხელისა ამ ღაღადს, ამ მოთხოვნილებას შეუფერეს, შეუყენეს, გაღონიერდნენ ჯიბით, გაღონიერდნენ ყველაფრით, ხელთ იგდეს ამ საუკუნის ძლიერი ღონე

— ფული და, მაშასადამე, ხელთ იგდეს დიდი სახსარი ყოველგვარის წარმატებისა. როცა ჩვენ ვისხედით და შუბლზედ ქუდშეკეცილები და მხრებზედ ყურთმაჯგადაყრილები „მრავალჟამიერს“ ვიძახდით, ისინი თავმოკატუნებულნი იდგნენ ჩვენ წინაშე და სიცილად არა გვყოფნიდნენ და, ვინ იცის იქნება გულშიც ამბობდნენ: ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო. აი ბოლოს სიცილსაც შევესწარით: ბურთი და მოედანი ეკონომიურ ცხოვრებისა გამოგვეცალა ხელიდამ და დაინარჩუნა იმან, ვინც უფრო მალე მიუხვდა დროთა ბრუნვას, დროთა ჭირბოროტს, ვინც დროთა ძარღვს მარჯვედ მიაგნო და დროთა ღაღადს შეალია ძალ- ღონე არსებობისათვის ბრძოლითა.


ჩვენ-კი, ვისის ქონებით, ვისის ნაჯაფვით, ვისის ნაღვაწით სხვანი კეთდებოდნენ, გავირიყენით, ცარიელზედ დავრჩით და დღეს შორს არა ვართ იქამდე, რომ ჩვენ ჩვენს სახლში სტუმრებად შევიქმნეთ და სხვანი გაგვიმასპინძლდნენ, თუ თავს არა ვუშველეთ-რა, ვიდრე კიდევ შესაძლოა ბედს თავი ჩვენსკენ მოვუღრიჯოთ. თელავის თავად-აზნაურობა, მისდა სასახელოდ, მიმხვდარა ამ გაჭირვებას და შესდგომია საშველის ძებნას. რამოდენად სამკურნალოა და უებარი ამ ჭირისა იგი წამალი, რომელიც მას მოუპოვია, — ეგ სხვა საქმეა, ამაზედ ბევრი ჰოც ითქმის და ბევრი არაც. ხოლო სანუგეშო ის არის, რომ ჩვენის დღევანდელის ტკივილისათვის მიუგნია ზედმიწევნილად და ეგ ტკივილი მთელის თავის სიგძე-სიგანით თვალწინ დაუყენებია ასე თუ ისე მოსარჩენად და საწამლებლად. საცა მიზეზი ჭირისა ზედმიწევნილად მიგნებულია, იქ მკურნალობა ერთი-ორად გაადვილებულია.


II

ტფილისი, 4 ნოემბერი, 1895 წ.


ჩვენს მეთაურში ამ რამდენისამე დღის წინათ ის აზრი ავღნიშნეთ, რომ ეკონომიური მოედანი ჩვენში ჩვენ, მიწისმშრომელთ, ხელიდამ გამოგვეცალა და სხვამ დაისაკუთრა და დაინარჩუნა. ეს იქნება გადაჭარბებული აზრი იყოს, მაგრამ, თუ სახეში მივიღებთ იმას, რომ ჩვენის ნაამაგარისაგან გამორჩენა და მოგება სხვასა ჰრჩება და ჩვენ ჩვენს სახლში, ჩვენს მიწა- წყალზე, მარტო დღიური მუშები ვართ სხვისა, მაშინ ჩვენ მიერ გამოთქმულს აზრს თავისი ადგილი აქვს და საბუთი.

ვიმეორებთ: გარეშემო ყველაფერი შეგვეცვალა, ამ ცვლილებამ მრავალგვარი ახალი საჭიროება აგვიჩინა, ცხოვრება გაგვიძვირდა, გაგვიძნელდა, ვეღარ ავდივართ აუცილებელს ჭირბოროტს დღისას. ამ უნუგეშო მდგომარეობის სისწვრივ ვხედავთ, რომ მტერი აღარ გვაცდენს მუშაობისაგან, მშვიდობიანობა ჩამოვარდა, სახლობას აღარავინ გვიწიოკებს, ნაშრომ-ნაღვაწს არავინ გვიოხრებს, რკინისგზებისა და ზღვაზე სიარულის წყალობით ჩვენს ნაამაგარს კარი ფართოდ გაეღო, ცოტად თუ ბევრად ბაზარი გაუდიდდა, მუშტარი მოემატა,აღარა ვართ გარშემო მტრებისაგან და უგზოობისაგან იძულებულნი შინ კარჩაკეტილები ვისხდეთ, ჩვენი ვერა მივაწოდოთ რა სხვას, ან სხვისა არა მოვიწოდოთ-რა. სულ ყოველს ამასა ვხედავთ და მაინც ვჩივით და ვტირით ჩვენს სიღარიბეს, ჩვენს უილაჯობას. ეს ჩივილი და ტირილი მით უფრო საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰავით, მდებიარობით, მიწით მდიდარია და შემძლებელია გაგვამდიდიროს, ქონებით გაგვაძლიეროს, გაგვაღონიეროს. ამ მდიდარს და მომცემს ქვეყანაში რადა ვართ ღარიბნი და ღატაკნი? მადა, რომ ჯერ მაინც კიდევ ვტრიალებთ იმ აზრთა წრეში, იმ სურვილთა და წყურვილთა მზიან-ჩრდილში, რომელიც იყო გამოსადეგი ამ მეცხრამეტე საუკუნის წინათ.


დღესაც ვიძახით თავმოწონებით: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა? ერი პურადი, გულადი, იგივ მხნე იგივ მღერელიო“. მართალია, ბევრი არ არის სხვაგან ჩვენი ქვეყნისთანა ქვეყანა. ისიც მართალია, რომ პურადობა და გულადობა ფრიად მოსაწონი და ტკბილად მისაჩნევი ღირსებაა ადამიანისა, მაგრამ ჭირი ის არის, რომ დღევანდელი უკუღმართი დღე მაგაებს აღარა ჰკმარობს, მაგაებიდამ ბევრს ვერას გამორჩება.


დღევანდელი ფარ-ხმალი ცხოვრებისა ქონებაა. კარგია თუ ცუდი ეს ასეთი ყოფა, ჩვენ ამაზედ თვალი უნდა ავახილოთ, ამაზედ ვიფიქროთ. საქმე ის არის, რომ დღევანდელმა დღემ კაცობრიობა იქამდე მიიყვანა, რომ თუ ერს ქონება შეძენილი არა აქვს და მის გაძლიერების გზაზე არა სდგას, იგი ღონემიხდილი ლომია, უხორთუმო სპილოა იმ მწვავს და დაუნდობელ ომში, რომელსაც არსებობისათვის ბრძოლას ეძახიან. ამ ბრძოლაში „ყურთმაჯთ ბრიალი, ხმალთა ტრიალი, ცხენიდამ ხტომა და კვლავ შეხტომა“ ვერაფერი თამასუქია გამარჯვებისა, ვერაფერი ღონეა.

ერთადერთი ღონე ჩვენის ქონების გაძლიერებისა ჯერ ხანად მარტო მიწათმოქმედებაა ჩვენში. საფაბრიკო და საქარხნო წარმოების მოედანი, თუმცა დღეს ჩვენში საგრძნობელად ხელთ არავის ჩაუგდია, მაგრამ ამაებისათვის ჩვენ არამც თუ ქონება არა გვაქვს, არამც თუ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, — აზრადაც არავის მოსვლია ამაებისაკენ მიიხედოს და ეს დღეს მოცლილი და სხვისაგან დაუჭერელი ადგილი მაინც დაიჭიროს. ამას ვინა სჩივის? ის ერთადერთი მოქმედებაც, რომელიც დღეს ჩვენ ასე თუ ისე პურს გვაჭმევს, ისეთს მდგომარეობაშია, რომ, თუ გზა და საფუძვლი არ გამოეცვალა, ისიც ხელიდამ წაგვივა და ჩაუვარდება სხვას, ჩვენზე უფრო მხნეს, ჩვენზე უფრო მცდელს, მცოდნეს და გამჭრიახს კაცს. ეკონომიური ბუნება ქონებისა ის არის, — უძრავი ქონებაა თუ მოძრავი, — რომ უხერხო და უმცდელ კაცისაგან ხეირიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიურ ბუნებისას წინ ვერავინ დაუდგება, როგორც საერთოდ ბუნებურ კანონსა.


თავი და თავი მიზეზი იმ უეჭველ ამბისა, რომ მიწათმოქმედება ჩვენში მატებას და გაძლიერებას მოკლებულია; რომ დღეს არ იძლევა იგი იმოდენას, რომ არამც თუ სახვალიოდ რაიმე გადავინარჩუნოთ, სადღეისოდაც არ გვყოფნის; რომ ჩვენს საკუთარ მიწაზედ ჩვენის უმხნეობით და დაუდევრობით სხვის დღიურ მუშად გავიხადეთ თავი, და ვინ არ იცის, რომ დღიურ მუშის კერძი მსოფლიო სუფრაზედ იმოდენია, რაც მხოლოდ საკმარისია კაცს შიმშილით სული არ ამოხდეს, — ყოველ ამისი თავი და თავი მიზეზი იგია, რომ დღეს ჩვენებურს მიწათმოქმედებას იგივე საგანი აქვს, იმავე საქმეს ეტანება და ზედ ალევს თავისს ძალსა და ღონეს, რაც მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეში და კიდევ წინადაც უნდა გასძღოლოდა ასე თუ ისე მაშინდელთა მკვიდრთა საჭიროებას, და ამ სახით, მაშინ, როცა ჩვენს გარეშემო ყველაფერი შეიცვალა, ჩვენი ერთადერთი ეკონომიური სახსარი არც ზნეს იცვლის, არც ფერსა.


კიდევ ვიტყვით: მტერთაგან და უგზოობისაგან შინ ჩაკეტილი ქართველობა იძულებულ იყო ის მოეყვანა, ის ემუშავნა თავისს მიწაზე, რასაც დღეს უფრო იეფად სხვაგან ვიყიდით, სხვიდამ მოვიტანთ. იგი ძვირფასი ჭირნახული, რომლის მოყვანასაც ასე ხელს უწყობს ჩვენებური დალოცვილი ჰავა და მიწა, მაშინ ფიქრადაც მოსასვლელი არ იყო. ეხლა სულ სხვაა. დღეს რა გვიშლის, მაგალითებრ, ჩვენს მიწათმოქმედებას ის ნაყოფი გამოვაღებინოთ, რაც რუსეთში არ მოდის ბუნებურ გარემოებათა გამო და იქიდამ ის ვეზიდოთ, რაც იქ ბევრი მიდის და უფრო იეფიც არის. ის აუარებელი შრომა და ხარჯი რაც, მაგალითად, მარტო პურის მოყვანაზე მოდის ჩვენში და ასე ძვირად გვიჯდება, სხვა უფრო ძვირფასს საგანს რომ მოვახმაროთ რუსეთში გასატანად და იქიდამ პური ვეზიდოთ, მითამ წაგებაში ვიქნებით და არა მოგებაში?* ამას წინათ ერთს გაზეთში დაბეჭდილი იყო, რომ თრიმლს დიდი მუშტარი ჰყავს რუსეთშიო და კაი ფასადაც გავაო. აბა ჯერ თრიმლი რა არის, ჩვენებური ტყეები სავსეა მაგითი, და გამოდის, რომ მაგასაც-კი შესძლებია ქონების ღონე მოგვცეს, თუ ხელს მოვკიდებთ. სხვას ნუღარ ვიტყვით, რის მოცემაც შეუძლიან ჩვენს მდიდარს ქვეყანას, საცა ჰავა და მიწა ასე ხელს უმართავს კაცს, რომ რაც სულსა და გულს უნდა, კაცმა გაიჩინოს,გამოიღოს ბაზარში გასატანად.


თელავის თავად-აზნაურობას ეს საჭიროება უგრძვნია და საგნად შემდგარ ამხანაგობისა დაუდვია განკარგება და გაძლიერება მიწათმოქმედებისა. განკარგება და გაძლიერება სწორედ იმ მხარეს უნდა მიექცეს, რომ მიწათმოქმედებას ჩვენში სხვა გზა და მიმართულება აუჩინონ, გაუმრავალგვარონ კულტურა ჰავისა და მიწის შესაფერად, ყოველივე ახლად შემოსაღები საჭირნახულო შეუწონონ საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნილებას, ძვირფასი რამ ჭირნახული დაუდვან საგნად მიწისმომქმედს და იეფის ფასის ჭირნახულზე ხელი ააღებინონ, ან გაუადვილონ ხარჯი და მუშაობა. რასაკვირველია, ყოველს მას სურვილისა და წყურვილის გარდა, ცოდნა და მოხერხება უნდა, და როგორც ეტყობა, არც ეს აუცილებელი მხარე საქმისა დაუგდია უყურადღებოდ თელავის თავად-აზნაურობას: სხვათა მისაღწევ საგანთა შორის ცოდნისა და ხერხის გავრცელებაც დაუვალებია განზრახულის ამხანაგობისათვის.


მართალია, დიდი მოედანი დაუნიშნავს თელავის თავად-აზნაურობას მის მიერ განზრახულს ამხანაგობის მოქმედებისათვის, მაგრამ აქ სიდიდეს კაცი არ უნდა შეუშინდეს. რაც ცალკე კაცისათვის დიდია და მძიმე, ის ადვილი საზიდია ბევრისათვის. ეხლანდელს დროში კრებული ძალა სასწაულთმოქმედობს. მართალია, გულგაშლილი ქართველი ჩვეულს არის, რომ თუ მოსახვეტია რამე, კაბდოთი მოხვეტოს, და თუ არ ასე, მცირეზე ხელს არ წაიწვდენს, მაგრამ პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობისაგან დიდი საქმე გამოვიდეს. აქ საჭიროა მოთმინება და ამაზედ ცოტა უკაცრავად გახლავს

გულჩქარი ქართველი, რომელიც სჩივის და ჰყვირის ხოლმე, როცა განზრახული იმავ დღესვე სავსებით არ ეძლევა, ის კი ავიწყდება, რომ ღმერთი ყოლადშემძლებელია და იმანაც კი ექვსი დღე მოანდომა ქვეყნის აშენებას.

ჩვენ, როცა დაწვრილებით შევიტყობთ, თელავის თავად-აზნაურთ როგორც დაუწყვიათ ხსენებული საქმე, კიდევ ვიტყვით რასმე ამ საგანზედ, სადამდინაც ჭკუა და გონება გაგვიწვდება. ეხლა კი ფრიად სასიამოვნო და სანუგეშო ამბად უნდა ჩაითვალოს თელავის თავად-აზნაურთა იმ გზაზედ ფეხის მოკიდება, რომელიც დღევანდელი საჭირბოროტო და საღაღადებელია.


ჩვენ ანას წინად ორს მეთაურს წერილში მოვიხსენიეთ, რომ თელავის თავად-აზნაურობამ განიზრახა საეკონომიო გზაზე გამოსვლა და ამისათვის განაჩინა საზოგადოება შეედგინა. ეხლა პროექტი წესდებისა უკვე შეუდგენიათ, დაუბეჭდიათ და აპირობენ წარადგინონ, საცა ჯერ არს, დასამტკიცებლად.


იგი პროექტი, რომელსაც სათაურში აწერია — Проект устава „Союз сельских хозяев Кахетии“ ჩვენ მივიღეთ და მით ღონისძიება მოგვეცა ზოგიერთს მხარეს ამ ახალის საქმისას შევეხოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითვეულს მუხლს ამ პროექტისას ვერ გამოვუდგებით, მეტად შორს წავა და ვგონებთ, არც საჭიროა. საქმე დედააზრის გამორკვევაა და იმ მუხლების აწონ- დაწონვა, რომელთაც უნდა გაიტანონ ეს დედააზრი. სხვა წვრილმანი ადვილად მოსავლელია და გასასწორებელი.

დედააზრი პროექტისა, ანუ მისაღწევი საგანი დასაარსებელ „კავშირისა“, ცხადად გამოთქმულია წესდების პირველ მუხლშივე და პირველი არის შემდეგი: სოფლის მეურნეობის ჭირნახულს მოუპოვონ იმისთანა მუშტარი, რომელიც ჭირნახულს ჰსაჭიროებს თავისთვის შინ სახმარად და არა გასასყიდად, და ამ გზით მწარმოებელი მხმარებელს შეახვედროს პირდაპირ უშუაკაცოდ, სახელდობრ, ისე რომ ჩარჩსა და ვაჭარს მოესპოს გზა სყიდვისა და გასყიდვისა, გამსყიდველად იყოს თვით მოჭირნახულე და მყიდველად მხმარებელი და ამათ შუა ჩარჩი და ვაჭარი არ ჩასდგეს.


ეხლანდელი მდგომარეობა ჩვენი ისეთია, რომ ჩარჩი ან ვაჭარი იძულებულ-ჰყოფს მოჭირნახულეს იეფად ჰყიდოს, რაც შეიძლება, თვისი ნაჭირნახულევი და მხმარებელმა, რაც შეიძლება ძვირად იყიდოს. ერთიც ჰკარგავს, რომ იეფად ჰყიდის და მეორეც, რომ იეფად ნაყიდს ძვირად ჰყიდულობს, ორივენი ზარალში არიან და მოგებაშია მარტო ჩარჩი ანუ ვაჭარი. ჩარჩი და ვაჭარი რომ აღებ-მიცემობას თავიდამ მოაშორონ, მოჭირნახულე და მხმარებელი პირდაპირ შეახვედრონ ერთმანეთს და ამ გზით იგი დიდი ლუკმა მოგებისა,რომელიც ჩარჩსა ან ვაჭარსა ჰრჩება, მოჭირნახულემ და მხმარებელმა შუა გაიყონ, სხვა რომ არა ვთქვათ-რა, ესეც კი საკმარისია, რომ პირველს მეტი ერგოს თავის ნაჭირნახულევისაგან და მეორეს ნაკლებ დაუჯდეს სახმარად საჭირო საგანი. ვთქვათ, როცა პურს ათ შაურად ფუთსა ჰყიდულობენ მოჭირნახულესაგან, ხუთმეტ შაურად ჰყიდიან მხმარებელზედ, თაბაუთი აქ ხუთი შაურია. ეს ხუთი შაური რომ შუაზე გაიყონ მოჭირნახულემ და მხმარებელმა, მოჭირნახულეს ფუთზე ერგება ათ შაურის მაგიერ სამი აბაზი და ხუთი გროში და მხმარებელსაც ფუთი დაუჯდება ხუთმეტ შაურის მაგიერ იგივ სამი აბაზი და ხუთი გროში. ამ სახით, ამათ შუა რომ ჩარჩი ან ვაჭარი არ ჭაჭანებდეს, ორივენი მოგებაში იქნებიან. ხსენებულს პროექტს საგნად დაუდვია, რომ სწორედ ამ გზით მოეშველოს მოჭირნახულეს და მხმარებელსა და ჩარჩი და ან ვაჭარი, რამოდენადაც შეიძლება, არ გააჭაჭანოს შუამავლად ამ ორთა ერთმანეთის სიკეთეზე დამოკიდებულ მკვიდრთა შორის. რასაკვირველია, ამისათვის აუცილებლად საჭიროა, რომ მოჭირნახულემ პირდაპირ მიაწვდინოს თავისი ნაჭირნახულევი მხმარებელსა და მხმარებელი პირდაპირ შეხვდეს მოჭირნახულესა. როგორ და რა გზით არის შესაძლო ეს საქმე მოხდეს?


რა თქმა უნდა, თვითვეული ცალკე მოჭირნახულე და თვითვეული ცალკე მხმარებელი ვერ დაიწყებენ ერთმანეთის ძებნას. ამისათვის არც ღონისძიება აქვს, არც მოცალეობა. აქ უნდა იმისთანა ადგილები აჩნდეს, საცა მოჭირნახულე თავის ჭირნახულს დააწყობს გასასყიდად და საცა თვითვეული მხმარებელი იპოვის სასყიდად თავის საჭიროსა. ხსენებულს პროექტს, მიუღია რა ეს სახეში, დადგენილი აქვს გამართოს თვალსაჩინო ადგილებში მაღაზიები, დუქნები, სარდაფები, საწყობები, საცა ყოველს მოჭირნახულეს, წევრსა თუ არა წევრს „კავშირისას“, შეუძლიან თავისი ჭირნახული მიიტანოს გასასყიდად. ამ დახმარებისათვის „კავშირი“ დაიაქს* იღებს იმოდენს, რამოდენასაც განაწესებს საზოგადო კრება „კავშირისა“.


თუ ეს დაწყობილება მოხერხდა და განხორციელდა, უეჭველია ეშველება რამ ჩვენს აწინდელს მდგომარეობას, რომლის წყალობითაც ორ გზით, როგორც გამყიდველს და მყიდველს, გვწოვენ და გვთვლიან, და დღეს საკითხი მხოლოდ ეს არის: მოხერხდება და განხორციელდება თუ არა. ჩვენ ამის პასუხის თქმას ვეცდებით მაშინ, როცა ავღნიშნავთ სხვა ორს საგანსაც, რომელიც მისაღწევად დაუნიშნავს ხსენებულს „კავშირსა“ და რომელსაც შემდეგ მოვიხსენიებთ.


IV

ტფილისი, 17 ნოემბერი, 1895 წ.


მეორე საგანი „კახეთის მეურნეთა კავშირისა“ იგია, რომ რაც სოფლის კაცისათვის საშინაოდ სახმარია და სასყიდელი, ყოველივე იგი, შეძლებისამებრ, პირდაპირ მწარმოებელთაგან იყიდონ, რადგანაც იეფად დაუჯდებათ, და ამის გამო იეფადაც შეეძლებათ გაჰყიდონ და სოფლის კაცს მიაწოდონ.


სოფლის კაცს თუ ხელს შეუწყობენ ღირებულ ფასად გაასაღოს თავისი ჭირნახულევი და ამით დიდ სამსახურს გაუწევენ, არა ნაკლები სამსახურია, რომ რაც შეიძლება იეფად მიაწოდონ ის, რაც მას სახმარად სჭირია და არა აქვს. აქაც საფუძვლად დადებულია ის აზრი, რომ მხმარებელი მოჭირნახულეს პირდაპირ შეახვედრონ და ჩარჩი და ვაჭარი დაითხოვონ შუამავლობისაგან. მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში მოჭირნახულე სოფლის კაცი მხმარებელად არის დასახული და მისის ჭირნახულის მხმარებელი მოჭირნახულედ იმისა, რაც არა აქვს სოფლის კაცს და რაც მისთვის სასყიდელია. ამის აღსასრულებლად „კავშირს“ დაუდგენია იქონიოს საწყობები იარაღისა, თესლეულობისა და სხვა ყოველისა, რაც კი საჭიროა სოფლის მეურნისათვის, აგრეთვე ყოველ იმისა, რაც ადგილის მკვიდრთათვის საშინაოდ სასყიდელია.

მესამე საგანი „მეურნეთა კავშირისა“ არის განკარგება და წარმატება სოფლის მეურნეობისა კახეთში. რა თქმა უნდა რომ ამ მხრით არამც თუ კახეთი, მთელი საქართველო უკან ჩამორჩენილია იმოდენად, რომ ლამის მიწაზედ ხელი ავიღოთ, რადგანაც იგი ჭირნახული, რომელსაც დღეს შევჩერებივართ და მოგვყავს და რომელზედაც ამოდენა შრომა და ხარჯი მიგვდის, მეტად გაიეფდა და თითქმის ზარალის მეტს არას იძლევა. ამ გაიეფებას იმისთანა მიზეზი აქვს, რომელსაც არამც თუ ბოლო ოდესმე მოეღება, არამედ დღედადღე გაძლიერდება და გადიდდება. დღეს პურზე, ქერზე და სხვა ამისთანა მარცვლეულობაზე შელეული ამაგი და ხარჯი მიწათმომქმედს ხელს არ მისცემს, რადგანაც იშვიათს შემთხვევათა გარე, ეგ მარცვლეულობა, სხვიდამ შემოტანილი, უფრო იეფად უჯდება აქაურს მხმარებელსა, ვიდრე ჩვენი ჩვენ გვიჯდება, და ამის გამო ჩვენ იძულებულნი ვართ, ან ზარალით ვყიდოთ ჩვენი ნაამაგარი, ან ორმოებში დავალპოთ. რუსეთის პური ბევრად იეფია, ვიდრე ჩვენი, ჩვენის შრომისა და ხარჯის კვალობაზე, და აქ ცილობა სწორედ წყლის ნაყვა იქნება, ვიდრე ან არ ვისწავლით ერთისა და იმავე შრომით და ხარჯით ახლანდელზე ბევრად მეტი გამოვაღებინოთ მიწას, ან არ ვისწავლით სხვა უფრო ძვირფასი რამ მოსავალი მოვაღებინოთ იმისთანა, რომლის შეძლებასაც უხვად გვაძლევს აქაური ჰავა და მიწა, და რომელსაც ყოველთვის მუშტარი ჰყავს რუსეთში და საზღვარგარეთაც. კიდევ ვიტყვით: იმას, რასაც რუსეთი სხვა თბილ ქვეყნებიდამ ეზიდება და რასაც ზედ ალევს არა ერთსა და ორს მილიონს მანეთსა, ის ყოველისფერი თუ არა, ბევრი მაინც ჩვენში ადვილად მოვა, ოღონდ ამისი ხელი ვიცოდეთ, ამისი ცოდნა გვქონდეს.


ამ ცოდნის მოსაფენად და გასავცელებლად „კავშირს“ საგნადა აქვს ჰბეჭდოს წიგნები, ბროშურიები, აგრედვე იქონიოს დროგამოშვებითი ჟურნალი ან გაზეთი, თავისის მოღვაწეობის შესაფერი. წიგნის ცოდნის გავრცელებას არა ჰკმარობს „კავშირი“ და საბუთიანადაც. წიგნი ამ შემთხვევაში ისე მალე მისაწვდომი და შესათვისებელი არ არის, როგორც მაგალითი, როგორც ის, რასაც კაცი თვალით ჰხედავს, რასაც გამოცდა აჩვენებს, ნამეტნავად თუ სახეში ვიქონიებთ იმ უმეტესობას ერისას, რომლის ფეხზე დაყენება ასე სანატრელია ჩვენთვის და რომელიც მკვიდრი ბურჯია ქვეყნისა.


რადგანაც მარტო წიგნი ვერ გაუწევს საკმაო სამსახურს დიდს საქმეს ცოდნის გავრცელებისას, „კავშირს“ განუზრახავს საქმე ისე მოაწყოს, რომ მსურველმა თავისის საკუთრის თვალით დაინახოს, რა უფრო სასარგებლოა კაცმა გამოაღებინოს მიწას, რაა სასურველი მოსაყვანად, რარიგად უნდა აკეთოს, რარიგად მოუაროს, რაგავარად უნდა შეუწყოს ხელი და იწარმოოს.


რომ ყოველივე ეს აჩვენოს მსურველს და დააჯეროს, რომ ამა თუ იმ ჭირნახულისაგან უფრო დიდი გამორჩენა ექმნება, „კავშირი“ კახეთში იქონიებს მიწებს, საცა ყოველ ამის მაგალითს და საბუთს თვალით დაანახვებს, რომ სხვა გზითაც შემწეობა აღმოუჩინოს სოფლად მომქმედს მოჭირნახულეს, „კავშირი“ გაიჩენს ხალხში გასავრცელებლად რაც საუკეთესო ხილია, ან საბოსტნე რამ, ან მცენარე, და იყოლიებს საუკეთესო ჯიშის პირუტყვსა, რომ ამით პირუტყვთშენება განკარგდეს ჩვენში და კაი ჯიშის პირუტყვი გამრავლდეს.


აი ეს სამი საგანია მოხსენებული წესდების § 1-ში, რომელიც „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირს“ მისაღწევად დაუნიშნავს. შემდეგს §§-შია დასახელებული სხვა საგნებიცა, მაგალითებრ, ქარხნებისა და ფაბრიკების გამართვა, იეფ კრედიტის დაარსება სოფლის მეურნეობის ტექნიკის განკარგებისათვის და მკვიდრთა ხელის გამართვისათვის.


საქმე დიდ ფარგალშია მოქცეული, როგორცა სჩანს, და სანატრელია, რომ აღსრულებაში მოვიდეს. ეხლა იკითხავთ: რა ღონე, რა შეძლება უნდა გასწვდეს ამოდენა საქმესაო? ამის პასუხს თვითონ წესდება „კავშირისა“ გვაძლევს და საჭიროა ამ მხრითაც ჯერ წესდება ვალაპარაკოთ.


ჩვენ ამას წინათ მოკლედ ავღნიშნეთ ის საგნები, რომელიც წინ დაუდვია მისაღწევად „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირსა“ და ყოველივე ეს იმით გავათავეთ, რომ საჭიროა გავიგოთ, რა ღონისძიებით დაუპირებიათ ამ დიდის საქმის განხორციელება. ამის შესახებ პროექტი წესდებისა გვაუწყებს, რომ ღონისძიებას „კავშირისას“ შეადგენს საქმეში სატრიალებელი ფული და ზარალის მზღვევი თანხა.


საქმეში სატრიალებელი ფული უნდა შესდგესო:


ა) ერთხანად წევრთაგან შეტანილ ფულისაგან. აქ თვითვეულ წევრზე, მისის შემოსავლის მიხედვით, დანიშნულია სხვადასხვა ზომით შემოსატანი. ვისაც 500 მანეთზე ნაკლები წმინდა შემოსავალი აქვს, იმან უნდა შეიტანოს ხუთი მანეთი და ვისაც 500-ზე მეტი, ერთი თუმანი, და ვისაც 100 მანეთზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ის განთავისუფლებულია ერთხანად შესატანისაგან;


ბ) ყოველ წლივ შესატანის საწევრო ფულისაგან. აქ დანიშნულია წმინდა შემოსავლის კვალობაზე ასის თავზე ერთი;


გ) დაიაქისაგან, რომელსაც „კავშირი“ აიღებს მის შემწეობით გაყიდულ საქონლის კვალობაზედ იმ ზომით, რომელიც დადგენილ იქმნება საზოგადო კრებისაგან;


დ) დაიაქისაგან, რომელსაც გადიხდიან მყიდველნი, თუ ამას საზოგადო კრება დაადგენს;


ე) იმ ფულისაგან, რომელიც „კავშირს“ შემოუვა საკუთარ სააღებმიცემო საქმისაგან და იმ ჭირნახულის გასყიდვისაგან, რომელსაც თვით „კავშირი“ მოიამაგებს, და


ვ) იმ სარგებლისაგან, რასაც მისდა კუთვნილი ფული შემოიტანს.


ზარალის მზღვევს თანხას ორი წყარო აქვს დანიშნული: ერთი ის, რომ რაც რამ ზემოდასახელებული ფული იქნება, იქიდამ ასის თავზე ერთი ამ თანხისთვის უნდა გადიდვას ყოველწლივ, და გარდა ამისა წმინდა მოგებისაგან ყოველწლივვე წესდებაში დანიშნული წილი უნდა ეძლეოდეს.


ჩვენა გვგონია, და არა-უსაბუთოდ გვგონია, რომ პირველ ორ მუხლში მოხსენებული სახსარი თავდაპირველი ღონეა, რომ „კავშირმა“ საქმე გაიმართოს და მოქმედება დაიწყოს; სხვა დანარჩენი შემოსავალი საგულვებელია მაშინ, როცა „კავშირის“ საქმე გაიწევს და ფეხს გასდგამს განზე ცოტად თუ ბევრად თვალსაჩინოდ და მოიპოვებს საკმაო ნდობას.


მაშასადამე, გამოსაკვლევად ჰრჩება მარტო ხსენებული პირველი ორი მუხლი იმ მხრით, მისცემს თუ არა „კავშირს“ იმოდენა ღონისძიებას, რომ პირველშივე „კავშირი“ არ დაბრკოლდეს და მკვდრად დაბადებულს არ დაემსგავსოს. რა თქმა უნდა, იმ მრავალ საგნების გასაძღოლად, რომელიც „კავშირს“ განუზრახავს, დიდი ფულია საჭირო, და ის ფული კი, რომელსაც ხსენებული პირველი ორი მუხლი შემოატაინებს წევრთ, წვეთი იქნება ზღვაში. ხოლო ჩვენ წინადაცა ვთქვით, რომ მხნე და გამრჯელი კაცი არ უნდა შეუშინდეს სიდიდეს საქმისას და, მაშასადამე, გაძღოლისასაც. განზრახული „კავშირისაგან“ საქმე იმოდენად მრავალშტოიანია, რომ შესაძლოა პირველ ხანებში მარტო ერთს რომელსამე შტოს შეუწონოს „კავშირმა“ თავისი შეძლება, იგი ამოქმედოს, და მერე, შეძლების გაძლიერების მიხედვით, თანდათან და თვითო-თვითოდ სხვა შტოებსაც მოჰკიდოს ხელი.

საფიქრებელი ეს არის, რომ ამისთანა საქმეში თანდათანობასაც თავისი საზღვარი აქვს. ეს საზღვარი დამოკიდებულია იმ საგანზე, რომელიც პირველ ხანშივე საჭიროა ამოქმედდეს, რომ „კავშირმა“ პირველშივე თავი იჩინოს თავისის აგებულებითა, გამჭრიახობითა და სიმარჯვითა და ამით ნდობა მოიპოვოს. თუ ამისთანა საქმეს ნდობა არ დაედვა ქვაკუთხედ, ყოველივე მეცადინეობა უქმია და გზაგაუტანელი. თუ ამ თვალით ამოირჩევა პირველ ხანის სამოქმედო საგანი, მაშინ თვით საგნის სიგრძე-სიგანე გვაშინებს, — რაოდენი ღონეა საფიქრებელი, რაოდენი შეძლება უნდა მზად იყოს, რომ არჩეულს საგანს გასწვდეს უკლებლივ. ეს ერთი მხარეა საქმისა, რომელიც სახარჯავს თხოულობს და აქ იქნება მეტნაკლებობას საჭირო ფულისას და შეძლებისას როგორმე მოევლებოდეს. ეს თვით „კავშირის“ მოთავეთათვის მიგვინდვია.


ხოლო ამ საქმეს აქვს მეორე მხარეცა, რომელსაც არა გზით არ ეღალატება და რომელიც პირველ ხანშივე მთელს თავისს საზღვრებში სავსებით უნდა დატეულ იქმნას და, მაშასადამე, უკლებლივ და სავსებით სახარჯოც უნდა საგულვებელ იყოს. ეს ხარჯი ჯამაგირებია და გასამრჯელო იმ კაცთათვის, რომელნიც მოწვეულ უნდა იქმნან პირველშივე საქმის ფეხთაადგმისათვის, საქმის დაწყება-აგებისათვის. ცოტა იქნება პირველში სამუშაო, თუ ბევრი, ამაზე-კი არ უნდა იყოს დამოკიდებული რიცხვი საჭირო კაცთა, არამედ იმაზე, რომ საქმე სამერმისოდაც პირველშივე მკვიდრად დალაგდეს, ძირი მაგრად გაუკეთდეს, სათავე განზრახულს ბოლოს პირველშივე შეუფერონ, დღევანდელი დღე, დღევანდელი საგანი,

ხვალის მშობლად გაჰხადონ და საქმე თანდათან მატებაში შეიყვანონ და მატების გზაზე დააყენონ.


აქ ყოველივე ხელნაკლებობა გარჯისა მომაკვდინებელი შეცდომაა. საჭირო კაცთა სავსებით მოწვევისათვის „კავშირმა“ არ უნდა დაზოგოს-რა პირველშივე, თუნდაც ხელთათვის საქმე არა იყოს-რა ჯერ, იმიტომ რომ თავიდათავი საჭიროება საქმის აგებაა, მისი დალაგებაა სამოქმედოდ, რადგანაც მარტო ეს აგება და დალაგება გამოიწვევს იმ ნდობას, ურომლისოდაც „კავშირი“ და სხვა ყოველი ამისთანა ერთს ბიჯსაც წინ ვერ წასდგამს, ერთს წუთსაც ვერ იხეირებს. ამ კაცთა მოწვევას და საქმეში ჩაბმას კარგა ბლომა ხარჯი მოუნდება.


იქნება ვიფიქროთ, რომ აქაც თანდათანობა სამსახურს გაგვიწევდეს და იმას დავებჯინოთ, რომ საქმეთა მატების მიხედვით, კაცებსაც მოვიმატებთო. რასაკვირველია, ზოგში იქნება ესეც მოსახერხებელი იყოს, მაგრამ უფროსერთში-კი მაგით ფონს ვერ გავალთ იმისთანა საქმეში, რომელიც „კავშირს“ განუზრახავს. ბევრი კაცია საჭირო პირველშივე. სათავის გაჭრა და გამაგრება იმოდენა ზღვა საქმისათვის, როგორიც „კავშირის“ საქმეა, სახუმარი არ არის, პირველშივე დიდს მისვლა-მოსვლას ნდომულობს, დიდს გარჯას, დიდს თვალის ტრიალს და გონების გაშლას.


თუ მართლა ასე აუცილებელია პირველშივე საჭირო კაცთა სავსებით მოწვევა, რა ფული უნდა გაუძღვეს იმათს ჯამაგირს და გასამრჯელოს? საიდამ და როგორ უნდა მოინაცვლოს ხელი „კავშირმა“ ამისათვის? საკმაოა ის წევრთა შემოსატანი, რომელიც პირველ ორ მუხლშია დანიშნული?


ჩვენ ამაზე შემდეგ მოვილაპარაკებთ.


VI

ტფილისი, 3 დეკემბერი, 1895 წ.


მართალია ბევრი ლაპარაკი იმისთანა საქმეზე, როგორც „კახეთის მეურნეთა კავშირის“ საქმეა, ზოგს არ იამება და იქნება სამდურავიც შემოგვითვალონ, მაგრამ ჩვენ ვერ შევუშინდებით ამ სამდურავს, რადგანაც იგი საქმე მეტად საყურადღებო საგნად მიგვაჩნია. ბევრს ვერ იპოვით ჩვენში იმისთანა ბიჯს, იმისთანა დაწყობილებას, იმისთანა სამოქმედოს რასმე, რომ ისე უკლებლივ, ისე ნიშნობლივ, ისე უკან დაუხევლად და პირდაპირ გატარებული იყოს წყურვილი თვითმოქმედებისა, როგორც „კავშირის“ წესდებაშია. აქ ნაგრძნობია და ჰო-უარაოდ აღიარებული, რომ სხვის ხელში ყურება, სხვისაგან მანანას ლოდინი, სხვისი ხვეწნა და მუდარა, სხვაზე ჩივილი — გვჭამს და გვყვლეფავსო, არიქა გვიშველეთ ვიღუპებითო, — ვერაფერი ხიდია ჭირიდამ გამოსვლისათვის, ნამეტნავად მაშინ, როცა ჩვენ თვითონ ხელი გულს დაგვიკრებია, არას ვნაღვლობთ, არას ვდარდობთ და მარტო ჩივილ-ყვირილის მეტს არას ვაკეთებთ. ეს ერთი სანუგეშო მხარეა ხსენებულ „კავშირისა“ და ფრიად სასიხარულოც მით, რომ აღძრულია აზრი თვითმოქმედებისა და მისის აუცილებელ საჭიროებისა გაჭირვებიდამ ხსნისათვის.


მეორე მხარე არანაკლებ სანუგეშო და სასიამოვნო ის არის, რომ „კავშირს“ დაუნახავს ის ჩვენ მიერ დიდის ხნის დავიწყებული და ჩვენგან დატოვებული ადგილი, საცა დღევანდელის დღის ვითარებისაგან ასე ცხარე ბრძოლაა არსებობისათვის და საცა ჩვენ ძლეულნი ვართ და სხვანი გამარჯვებულნი. სარბიელი ამისი დღევანდელი ეკონომიური ავკარგიანობაა და აი რა სარბიელზე საჭიდაოდ იწვევს „კავშირი“ თვითმოქმედების ძალ-ღონეს საზოგადოებისას. აღმოშობა, ფეხზე წამოყენება, თუნდ მარტო დასახელებაც იმისი, რომ თვითმოქმედებაა ჩვენი მხსნელი ჭირბოროტისაგან როგორც შემდეგში, ისეც დღევანდელ დღეს, სასიხარულო ნიშანია ჩვენის გამოფხიზლებისა, ჩვენის დაძინებულის აზრის დაძვრისა და მოქმედებისა,მით უფრო, რომ ეს თვითმოქმედების წყურვილი ხსენებულ სარბიელზე თვით საზოგადოებას გასჩენია და არა ორიოდე მწიგნობარსა, რომელთა ხმა ხშირად უდაბნოში მღაღადებელ ხმადა ჰრჩება ხოლმე, რაც გინდ მართალი და სახეირო იყოს.


ეს სანუგეშო მხარენი „კავშირის“ მიერ წამოყენებულ საქმისა მეტად საკეთილოდ საგრძნობნი არიან და ამიტომაც გრძლად საუბარს ამაზე არ უნდა მოვერიდნეთ იმის შიშით, რომ ზოგი ჩვეული არ არის ამისთანა მშრალის საუბარის მოსმენისა და სამდურავს შემოგვითვლის, — რას აჭიანურებთ, მოვბეზრდითო.


ჩვენ წინა წერილში ვიკითხეთ: რადგანაც აუცილებელია პირველშივე საჭირო კაცთა სავსებით მოწვევა, რა ფული უნდა გაუძღვეს იმათს ჯამაგირს და გასამჯელოს და როგორ უნდა მოინაცვლოს ხელი „კავშირმა“, რომ ამის ხარჯს გასწვდეს? ჩვენ ისიცა ვთქვით ამასთან, რომ თუ წესდებას „კავშირისას“ მივხედავთ, ამისათვის მარტო ორი წყაროა განზრახული. ერთი — წევრთა ერთხანად შემოსატანი და მეორე — ყოველწლობითი. ძალიან ვეჭვობთ, რომ ამ ორმა წყარომ „კავშირს“ ღონე მისცეს სამოქმედოდ გამოსვლისა. წესდება ამბობს, რომ რაკი „კავშირს“ 50 წევრი ეყოლება, მოქმედება უნდა დაიწყოსო. რა უნდა გახდეს ამ 50 წევრის შემოსატანი საქმის დაწყებისათვის?


ერთხანად შემოსატანი დანიშნულია იმაზე, ვისაც ორმოცდაათ თუმანზე ნაკლებ წმინდა შემოსავალი აქვს — ხუთი მანეთი, და ვისაც მეტი წმინდა შემოსავალი აქვს — ერთი თუმანი, მერე ყოველწლივ ასზე ერთი მთელის შემოსავლიდამ.


ავიღოთ, — თუმცა დაუჯერებელია კი, — რომ პირველშივე ასი წევრი ჩაიწერა. ერთხანად შემოსატანი შეადგენს ასს თუმანს, ყველასი შემოსავალი ორმოცდაათს თუმანზე მეტი რომ ვიანგარიშოთ, თუმცა არც ეს არის დიდი საიმედო. სამწუხაროდ ჩვენდა, ყოველწლობითს შემოსატანს წესდებაში განსაზღვრული არა აქვს რა, რომ ანგარიში იქიდამ დავიჭიროთ! იქა სწერია, ყოველწლივ თვითვეულმა წევრმა ასზე ერთი უნდა შემოიტანოს წმინდა შემოსავლიდამაო. ამის გამო არ ვიცით, ნორმად ისევ ის ორმოცდაათი თუმნის მეტნაკლებობაა მიღებული, თუ ნამდვილი ზედმიწევნილი შემოსავალი.


უნდა ვიგულისხმოთ, რომ ნამდვილი, ზედმიწევნილი შემოსავალია, თორემ ისე, როგორც ერთხანად შემოსატანია დანიშნული, შეუძლებელია ანგარიში, რადგანაც ორმოცდაათს თუმანზე მეტობა თუ ნაკლებობა, განუსაზღვრელი რამ არის და განუსაზღვრელი ანგარიშის სათავედ შეუძლებელია რომ დაიდვას. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველწლობით შემოსატანი ზედმიწევნილ შემოსავალზე უნდა იყოს გაანგარიშებული, ესე იგი, თვითვეულ წევრს ცალკე უნდა აუნუსხონ შემოსავალი და ისე დააწერონ შემოსატანი ფული. დავანებოთ ჯერ იმას თავი, რაგვარად შესაძლებელია ამისთანა ანუსხვა შემოსავლისა, რომ არც მწვადი დაიწვას, არც შამფური, — მარტო ის ვიგულისხმოთ რომ იმ ასს წევრს ორთა-შუა რიცხვით ას-ასი თუმანი წმინდა შემოსავალი აღმოუჩნდა. ვგონებთ, ეს მეტიც არის საგულვებლად და არა ნაკლები. აქედამ „კავშირს“ შეუდგა ასი თუმანი. ამ სახით პირველ ხანში საქმის დაწყებისათვის „კავშირს“ ხელთ ექმნება მარტო ორასი თუმანი. ამ ფულით ძნელად თუ რასმე გახდება „კავშირი“, იმიტომ რომ სხვა განზრახული შემოსავლები „კავშირისა“ იმისთანანი არიან, რომელნიც საქმის გამართვას და წარმოებას მოსდევს. ჩვენ ამ ორასი თუმნის ანგარიშისათვის კი იმისთანა მაგალითები ავიღეთ, რომელიც პირველ ხანში მოულოდნელია და მაინც ორას თუმანზე მეტი არ დაგვიდგა, და რა უნდა ჰქმნას „კავშირმა“ თუნდ ამ ორას თუმნითა? ეს ხომ საჭირო კაცებსაც ჯამაგირად არ გასწვდება და საქმეს რითღა მიაწვდინოს ხელი? ჩვენ, რასაკვირველია, დიდად გვიამება, რომ „კავშირმა“ ამ სიძნელეს გზა როგორმა აუქციოს და რითიმე ან როგორმე გაუძღვეს თვისდა განზრახულს საქმეს, მაგრამ ვშიშობთ კი, რომ იმედი პირველშივე არ გაუმტყუნდეს.

გარდა ამისა, რა ღონისძიება აქვს „კავშირს“, რომ ზედმიწევნილი წმინდა შემოსავალი აუნუსხოს საკმაო ზედმიწევნილობით წევრსა? ჯერ იმ სახელმწიფოებში, საცა გადასახადი შემოსავალზეა დადებული, თვით სახელმწიფოს, რომელსაც აუარებელი მოხელენი ჰყვანან და იმოდენა ღონისძიება აქვთ, ვერ მოუწყვიათ ამისთანა საქმე ისე, რომ ნამდვილი შეიტყონ, და „კავშირი“ როგორ მოახერხებს? ან რა საჭირო იყო ამისთანა ყინულზე წერა შემოსატანისა, როგორც თვალისათვის უჩინარი შემოსავალია? განა ჩვენში ბევრმა კი იცის, რა შემოსავალი აქვს, და ან გადაწყვეტით შეუძლიან ამისი თქმა? შემოსავალი ხომ დიდად სამიზეზო და მიზეზიანი საგანია და სად, როგორ აუვა „კავშირი“ ათასნაირს სამდურავს იმას ცოტას ახდევინებ და მე ბევრსაო, და სხვას ამისთანებს. თუნდ ეგეც არ იყოს, იმისთანა ქვეყანაში, საცა მამულში დატრიალებულს კაცს ვერ გაუგია, წელს რა შემოუვა და ხვალ რა, ხომ საჭირო იქნება ყოველწლივ ხელახლადი ანუსხვა შემოსავალისა და „კავშირმა“ ხომ თავისი დღე ამას უნდა შეალიოს?


ასე თუ ისე, წესდება „კავშირისა“ ამ მხრით მეტად შეუმუშავებულია, მეტად განუსაზღვრელი და ბუნდი. სხვა ნაკლებულობა რომ არა სჭირდეს-რა, მარტო ეს ბუნდიანობა საკმაოა, წესდება არ იქმნას შეწყნარებულ ვისგანაც ჯერ არს, თუ ესე წარსდგა დასამტკიცებლად. ჩვენ კი იმოდენად დიდი და კარგი გვგონია თვით დედააზრი, რომ ვისურვებთ ამ „კავშირის“ მიერ დაწყებულ საქმისათვის ყოველსავე სიკეთეს და გამარჯვებას.

Recent Posts

See All
bottom of page