top of page

კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების შესახებ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 4 min read

ამ ცოტას ხანში უმთავრესნი მომქმედნი პირნი „კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოებისა“ გადადგნენ. ძველის პრეზიდეტნტის ნაცვლად საზოგადოებამ ამოირჩივა ახალი, თ. დიმიტრი ჯორჯაძე, და სეკრეტრად უფ. ხატისოვი. იმედია, რომ ამ ორთა თაოსნობით ჩვენი აქამდის მკვდარი „საზოგადოება“ გამოცოცხლდება და რაიმე სარგებლობას შესძენს ჩვენს ქვეყანასა. იმედია რომ ამ ორში არც ერთი არ გაექცევა ჯეროვანს შრომასა. ეს იმედი უქმის ჭკუის მონაბერი არ არის და საბუთიანია. ახალი სეკრეტარი,თითქმის თანამდებობის მიღებისვე უმალ, შეუდგა იმის მეცადინეობას, რომ მაგ „საზოგადოებას“ ცხოველი სული ჩაუდგას და მოაშოროს ის მიზეზნი, რომელნიც მას გზას უხლართავდნენ. 11 იანვარს მან წარუდგინა ხსენებულის საზოგადოების მწევრთა კრებას წერილი მაზედ, თუ რა ცვლილებაა საჭირო და რაზედ უნდა იყოს მიქცეული „საზოგადოების“ ყურადღება საკვლაოდ, რომ „საზოგადოებამ“ ვალდებული სამსახური გაუწიოს კავკასიას საერთოდ და ჩვენს ქვეყანას საკუთრივ. სიხარულით მოვისმინეთ იგი წერილი. მან გაგვიღვიძა ჩვენ ზოგიერთი აზრი, რომლის წარმოთქმისათვისაც ჩვენ დღეს დრო ჩავიგდეთ.


სოფლის მეურნეობას, ადგილ-მამულის პატრონობის წარმოებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიმდიდრისათვის ყველგან და ჩვენში უფრო განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენში სხვა თვალსაჩინო ეკონომიური წარმოება არა არის რა, თვინიერ სოფლის მეურნეობის წარმოებისა. თავი და ბოლო ხალხის ცხოვრებისა, საზრდოებისა, სიმდიდრისა, მაგაზედ არის დამყარებული. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ეს ყველგან ესეა და ნამეტნავად ჩვენში მეთქი. ხალხის სიმდიდრეზედ კიდევ დაფუძნებულია ყოველის მთავრობის სულიერი და ხორციელი კეთილდღეობა. აქედამ ადვილად მისახდომია, რომ მთელს ევროპაში ყოველის ხალხის მთავრობას დიდი ყურადღება, დიდი ზრუნვა აქვს მიქცეული თვისის ხალხის სოფლის მეურნეობაზედ და დიდს ფულსაც ხარჯვენ, რომ მაგ უმთავრესს წყაროს ხალხის სიმდიდრისას ფართო, რიგიანი და შეუფერხებელი დენა ჰქონდეს.


ჩვენ მოკლედ მოვიხსენიებთ, რა წყობილება აქვთ მიღებული ევროპაში ზოგიერთს სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნო წარმატებისათვის.


რომ მართლა მთავრობის ყურადღება და ზრუნვა ფუჭს გულისტკივილად არ იქცეს, მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავის ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელს საჭიროებას დღემუდამ ჰსცნობდეს, და მეორეს გზით — მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გასწვდება. ზოგიერთს სახელმწიფოში ესე იყო, რომ ორივე ეგ გზა მთავრობას განსაკუთრებით ხელთ ეჭირა და სასოფლო მეურნეობის საქმეთა მარტო თვით განაგებდა, თვით თავისის მოთანამდე პირთაგან სცნობდა საჭიროებას ხალხისას და თვით მოთანამდე პირთაგან მოპოებულს წამალს ადებდა. თითქმის ესე იყო

საფრანგეთში, საცა სასოფლო-სამეურნო საქმეთა განაგებდა ცალკე „სამინისტრო მიწათმოქმედობისა, ვაჭრობისა და საყოველთაო სამუშაოსი“. ამ წყობილებას ემდუროდნენ ფრანციელნი. ამბობდნენ, ეგ სამინისტრო მარტო მიწერ-მოწერაში ვარჯიშობსო და დროსა ჰკარგავსო, საქმე კი იმოდენად არა კეთდება, რამოდენადაც სასურველიაო. ამას გარდა მთავრობის მოთანამდე პირიო, რაც უნდა გულშემატკივარი იყოსო, ნამდვილს ადგილობრივს საჭიროებას ვერ შეიტყობსო, ჯეროვანად ვერ ასწონსო და დააფასებსო. ხალხს რაც უჭირს, თვითონ ხალხმა უკეთ იცისო, ამიტომაც მთავრობა უნდა ცდილობდეს, რომ თვით მიწათმომქმედთა იყოლიონ თვისის საჭიროების წარმომადგენელი კრებაო. უტყუარს, ნამდვილს და აუცილებელს საჭიროებას მარტო ეგ ადგილობრივნი წარმომადგენელნი იტყვიანო. ერთი მწერალი ლავერნი ამბობს, რომ სამინისტრომ მოსპო და გააუქმა საფრანგეთში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის საბჭონი, რომელნიც ბევრად თუ ნაკლებ ატყობინებდნენ მთავრობასა ნამდვილს საჭიროებას საფრანგეთის სხვადასხვა მაზრიდამ, — და ამ სახით თვითონ ხალხს შეუვიწროვა თვითმოქმედობის ასპარეზი და ყველაფერი თვითონ სამინისტრომ ხელთ იგდოო.


ამგვარივე წყობილება არის ბელგიაში. მაგრამ რადგანაც ბელგია პატარა ქვეყანაა (სულ 536 ოთხკუთხი მილია), კარგი გზები აქვს, სწრაფი და დაუყოვნებელი ფოშტა და თვით მოთანამდე პირთა ჩვეულებად არა აქვთ ტყუილუბრალო მიწერ-მოწერა, ყოველს თხოვნაზედ მალე იციან პასუხის მიგება, — ამიტომაც ფრანციელთა სამდურავის მსგავს რასმეს აქ, ბელგიაში, ადგილი არა აქვს. თუნდ ეგეც არ იყოს, ბელგიაში მთავრობამ ადგილობრივთ მიწათმომქმედთა საზოგადოებას მიანდო სოფლის მეურნეობის საქმეთა მართვა და გამგეობა, ასე რომ ადგილობრივის საჭიროების გამომთქმელ ორგანოდ თვით ადგილობრივი საზოგადოება გახადა. თვითონ მთავრობამ დაიშთინა მხოლოდ უმაღლესი ზედამხედველობა. ეგ ზედამხედველობა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა დროგამოშვებით შეჰყრის ერთად სოფლის მეურნეობის წარმომადგენელთა პირთა, რომელთაც მეურნენი ირჩევენ, შეადგენს ამათგან საბჭოს, რომელსაც მოჰსთხოვს ხოლმე ანგარიშს მასზედ, თუ სად და როგორ მიდის სოფლის მეურნეობის საქმე, გამოჰკითხავს ადგილობრივთა მიწათმომქმედთა საჭიროებას და მათის რჩევით და თვით შეძლებისა კვალად ნიშნავს კარგა ფულს სოფლის მეურნეობის წარმატებისათვის. ამბობენ, განსაკუთრებით ეს არის მიზეზიო, რომ ბელგიის სოფლის მეურნეობა ბევრად მაღლა დგას საფრანგეთის მეურნეობაზედა.


პრუსია უფრო წინ წავიდა ზოგიერთის უფლების დათმობის გზაზედ. აქ მთავრობა მარტო იმის ცდაშია, რომ სოფლის მეურნეობის წარმატებას ყოველივე დაბრკოლება მოაცალოს და საცა საჭიროება მოითხოვს ფულით, ცოდნით, რჩევით, და, ხშირად მაგალითითაც, შეეწიოს მიწათმომქმედთა. სხვა ყოველისფერი თვითონ ხალხზედ არის მიჩემებული; მთავრობა მხოლოდ იქა შველის ხალხსა, საცა კერძო პირთა უღონობა ვერ მიჰსწვდება. ამის გამო გარმანიაში ჯერ კიდევ 1837 წლიდან ჩვეულებად არის, რომ მიწათმომქმედნი, დიდი თუ პატარა, ყოველწლივ ხან აქ, ხან იქ მოიყრის ხოლმე თავსა ურთიერთის საჭიროების

საცნობლად და გამოსათქმელად. ამას გარდა გერმანიაში მოწათმომქმედთა საჭიროების გამომთქმელად და წარმომადგენელად 1541 სასოფლო მეურნეობის საზოგადოებაა, რომელთაც 120.000 წევრნი ჰყვანან. სასოფლო მეურნეობის საქმეს პრუსიაში განაგებს ცალკე სამინისტრო, რომელიც იმითია შესანიშნავი, რომ ძალიან ცოტა მოთანამდე პირნი ჰყავს, ტყუილუბრალო მიწერ-მოწერა არ იციან და თვით საქმის წარმოების წესი ისე მარტივია, რომ ყოველივე საქმე ადვილად და ხან დაუყოვნებლივ კეთდება. ამგვარის მოწყობილობისა გამო გერმანიის სასოფლო მეურნეობა დღედადღე ყვავის და წარმატებაშია.


სოფლის მეურნეობის მოწარმოეთა ამაზედ უფრო ბევრი უფლება აქვსთ ჰოლანდიაში და ნამეტნავად ინგლისში თვისის საჭიროების ვრცლად გამოთქმისათვის და მთავრობის წინაშე შუამდგომლობისათვის. ამ ქვეყნებში მთავრობა მარტო იმის ცდაშია, რომ საცა სოფლის მეურნეობას უჭირს, იქ მიეშველოს დაუყოვნებლივ: ამაში არასფერს არა ზოგავს და არა ხარჯს არ ერიდება. რობერტ პილის წარდგენითა 1846 წელსა ინგლისის მთავრობამ გადაჰსდვა სოფლის მეურნეობის მოწარმოეთა ხელის გასამართავად 18.750.000 მანეთი. 1846 წლიდამ 1850 წლამდე ინგლისის მთავრობამ სოფლის მეურნეობის მოწარმოეთ ორმაცდათოთხმეტ მილიონზედ მეტი მანეთი მიაშველა სესხობით. ჰოლანდიაში, თუმცა პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქაც მთავრობა მილიონებით შველის სოფლის მეურნეობასა. მაგალითად ჰარლემის ტბის დასაშრობლად 4.200.000 მანეთი მთავრობამ დახარჯა და ეხლა ეგ ტბის ალაგი მთელის ჰოლანდიის ბოღაზია. ზუიდერზის ტბის დაშრობისათვის 30 მილიონია გამოყვანილი. საცა სოფლის მეურნეობას თვისის საჭიროების გამოსათქმელად თვისი საკუთარი საზოგადოება ჰყავს, საცა ამ საზოგადოებას დაუბრკოლებელი შუამდგომლობა აქვს მთავრობის წინაშე და საცა მთავრობა მარტო იმის ცდაშია, რომ ყველგან საზოგადოების ჩვენებით და დანიშვნით თავისი შემწეობის ხელი მიაწვდინოს, ერთის სიტყვით — საცა მთავრობას სოფლის მეურნეობის საჭიროების გამომთქმელ ორგანოდ თვით საზოგადოება ჰყავს და ამ საჭიროების პასუხის-საგებად და დასაკმაყოფილებლად მარტივი მთავრობითი წყობილება, იქ სოფლის მეურნეობა დღედადღე წინ მიდის ხალხისა და მთავრობის საკეთილდღეოდ.


აქედამ სჩანს, რა ნერგზედაც შეუძლიან აყვავება ჩვენს კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოებას. იგი უნდა იყოს ჭეშმარიტი წარმომადგენელი ადგილობრივთა მიწათმომქმედთა და სასოფლო მეურნეობის მოწარმოეთა, რომ ამ გზით მთავრობას საშუალება ჰქონდეს სცნოს ნამდვილი, უტყუარი და აუცილებელი საჭიროება ჩვენის მეურნეობისა. მეორის მხრით — იგი უნდა იყოს შუამდგომელი მთავრობის წინაშე, რომ, საცა საჭიროა, მთავრობის მუდამი მზრუნველობა და შემწეობა იქით მიჰმართოს. მხოლოდ მაშინ ეს საზოგადოება გაუწევს ჯეროვანს სამსახურს თვით მთავრობასა და, მთავრობის შემწეობით, ქვეყანასაცა. თუ ეს ასე არ იქმნა, ეს „საზოგადოება“ ისევ ისე მკვდარი იქნება, როგორც აქამომდე იყო. ტყუილი გამართლებაა, რომ ჩვენებური სასოფლო მეურნეობის მოწარმოენი მონაწილეობას არ იღებენ „საზოგადოებაშიო“ და ამიტომ „საზოგადოებას“ ის ვერ შეუძლიან ჰქმნას, რის ვალდებულიც არისო. რაც უნდა გაუნათლებელი ხალხი იყოს, ოღონდ აჩვენეთ რომ იმის სატკივარს საიდამ ეშველება, და გვერწმუნეთ, რომ დიდი და პატარა კარზედ მოგაწყდებათ.

Recent Posts

See All
bottom of page