top of page

ისევ ქუთაისის ბანკის შესახებ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 5, 2023
  • 4 min read

ტფილისი, 16 იანვარი, 1894 წელი.


ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს ამ 20-ს იანვრისათვის დაუნიშნავს თავად-აზნაურთა საგანგებო კრება, „რომელმაც უნდა შეადგინოს პროექტი ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკის წესდების შეცვლისა, რათა ეხლანდელ საზოგადო კრებათა მაგიერ შემოღებულ იქნას არჩევნები მათი, რომელნიც უნდა დაესწრნენ ხოლმე ბანკის კრებას მის სხვადასხვა საქმეთა განსახილველად“.


დღეს-აქამომდე ყოფილი წესი, რომლის ძალითაც შესდგებოდა ხოლმე ბანკის საზოგადო კრება, ნება და უფლებას აძლევდა ყველა წესიერ ცენზის პატრონს ბანკის წევრს თითონ დასწრებოდა კრებას და მიეღო მონაწილეობა როგორც ბანკის საქმეთა განხილვაში, ისეც გადაწყვეტაში. ამ სახით აწ არსებული წესით თვითეულს ამისთანა წევრს სარჩევი და გადამწყვეტელი ხმა ჰქონდა კრებაში. ეხლა, როგორც ეტყობა, განუზრახავთ ეს ფართო უფლება ცოტად თუ ბევრად შემოზღუდონ და ვიწრო ფარგალში მოაქციონ. ჩვენ შევიტყეთ, რომ ეს შემოკლება უფლებისა საჭიროდ დაუნახავს თვით ფინანსთა სამინისტროს და წინადადება მიუცია ბანკისათვის, რომ საზოგადო კრება ბანკისა ამას იქით შედგენილ იქნას არა ცენზის პატრონ წევრთაგან, არამედ მათ წარმომადგენელთაგან, რომელნიც ამორჩეულ უნდა იქმნენ წევრთა კრებისაგანაო.


რა თქმა უნდა, რომ ეს ამისთანა განკარგულება სამინისტროსი გამოწვეულ იქმნება იმ არევ- დარევისა და ურიგობისაგან, რამაც ამ ბოლო ხანებში სამწუხაროდ ჩვენდა იჩინა თავი ბანკის კრებებზედ ქუთაისში. ერთმანეთის წეწვა-გლეჯა ამ კრებებში, გამწვავება შენ-ჩემობისა, საომრად გამოსვლა კერძო ინტერესებისა და ამის გამო დას-დასად დარღვევა და განაწილება საზოგადოებისა, ერთმანეთის გადაკიდება, მტრობა, გაუტანლობა და ათასი სხვა ვაი- ვაგლახი, ბოლოს იქამდე მისვლა, რომ საჭიროდ დანახულ იქმნა კრების ღირსების დასაცავად პოლიციის და ადმინისტრაციის მოწვევა, — ყოველივე ეს ისე არ ჩაივლიდა, რომ მთავრობას ყურადღება არ მიექცია და რაიმე ღონე არ ეღონა.


ამ არევ-დარეულობას რომ სარჩულად მაინც ბანკის საქმეთა სიყვარული და სიკეთე სდებოდა, კიდევ ადამიანი ასე თუ ისე შეიწყნარებდა. უბედურება ის იყო, რომ შენ-ჩემობა თავის უკადრისს ფრთასა ჰშლიდა გარყვნად და წაწყმედად საქმისა, დასამხობლად ზნეობისა, წასახდენად ხასიათისა. აშკარად სჩანდა, რომ საზოგადო საქმე, როგორიც ბანკია, სულ დავიწყებულ იქმნა. იგი მტლად დაედო და ფიანდაზად გაეშალა ცალკე კაცის წყურვილსა და სურვილსა.


ამის დასამტკიცებლად შორს ძებნა საბუთისა არ მოგვინდება. აბა გაიხსენეთ საზოგადო კრებანი ქუთაისის ბანკისა, თუ თვალწინ არ აგეტუზოთ ამისთანა, მართლა რომ დაუჯერებელი და უცნაური ამბავი. ყოველი კრება ბანკისა, როგორც მოგეხსენებათ, დაიწყება ხოლმე ყოველთ უწინარეს ბანკის საქმეთა განხილვითა: ჯერ ყველაზე წინათ იმისთანა საგანსა სინჯავს ხოლმე კრება, რომელიც ასე თუ ისე არსებითს საჭიროებას ბანკისას შეადგენს და რომლის ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტა ბანკის ბედს შეეხება. ვიდრე ეს არსებითნი საჭიროებანი ბანკისა ისინჯება კრებაში, კრებაზე ასი, ას-ოცი, თუ მეტ-ნაკლები წევრი ძლივს მოდის და რაკი არჩევანზე მივა საქმე, მაშინ ნურც ხუთას-ექვსასი კაცი გშურთ. რას მოასწავებს ეს, თუ არ იმას, რომ ბანკის გულშემატკივარი მეტად ცოტაა, რომ თითონ ბანკს იმოდენად ყურს არ უგდებენ და თავის მხნეობას მხოლოდ მაშინ იჩენენ, როცა „მე თუ შენ“ დადგება ხოლმე მოედანზე მთელის თავის უგემურობითა. განა ეს ამბავი იმის მომასწავებელი არ არის, რომ ამ შემთხვევაში ხალხი მორეკილია, ასე თუ ისე განგებ მოგროვილი და მობირებულია კერძო კაცის ოსტატობით, გაძვრენ-გამოძვრენით, და არა თითონ მოსულია საზოგადო საქმის სიყვარულით და გულის ტკივილითა. რა თქმა უნდა, ამისთანა კრება ვერას დროს ვერ დადგება იმ სიმაღლეზედ, საცა მარტო საზოგადო საქმის სიყვარული და გულისტკივილი საქმობს და ჰმართავს თვით საქმის სვე-ბედსა.


აქ, ჩვენის ფიქრით, დანაშაული ის წესი კი არ არის, რომელიც თვითეულს ცალკე წევრს ბანკისას ხმას აძლევს კრებაში, არამედ ის გაიძვერაობა, ის ეშმაკური ოსტატობა, ის უკადრისი ღონისძიებაა, რომელსაც არა ჰთაკილობენ ჩვენში ისინი, ვისიც მრწამსი ის არის, რომ თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ გაიძვერაობას, ამ ეშმაკობას უნდა ეწამლოს რამე, უნდა კრიჭა შეეკრას, უნდა კარი ამოეგულოს, რომ კარში ფეხი არ გამოდგას. ამას, ჩვენის ფიქრით, მთელის საზოგადოების თვალი და ხელი უფრო შესძლებს, ვიდრე სხვა რამე.


ჩვენ არ ვიცით, რამდენად გასწმენდს და გააფაქიზებს ჩვენს მოღვაწეობას საზოგადო სარბიელზე იმისთანა კრება, რომელიც შედგენილ იქნება საზოგადოების არჩეულთაგან. უწესოებას და ურიგობას, არა გვგონია, ამ არჩეულთა კრებისაგან ბევრი რამ ეწამლოს. თბილისის საკრედიტო საზოგადოება ცხადი მაგალითია იმისი, რომ ეს არჩეულთა კრებაც ვერაფერი ციხე-სიმაგრეა, ვერაფერი ფარხმალია უწესოებისა და ურიგობის მოსაგერებლად. ბევრს კი ჩვენში იმედი აქვთ, რომ ეს არჩეულთა კრება ერთადერთი ღონეა, რომ ჩვენს საზოგადო საქმეს ეშველოს რამე და წესიერი სვლა იქონიოს. ძნელია ხელაღებით თქმა, რომ არჩეულთა კრების შემოღების სურვილს თავისი პატივსადები საბუთი არა ჰქონდეს, რაკი შესაძლო გახდა ჩვენში განგებ მორეკა წევრთა კრებაში და არა მათის საკუთარის სურვილით მოსვლა, საქმის სიყვარულით გამოწვეული. დრო და მაგალითი ქუთაისის ბანკისა დაგვანახვებს არჩეულთა კრება რამოდენად დაედება წამლად ამ ჩვენს ახლად შემოსეულს ჭირსა.


დღეს კი ქუთაისის ბანკის შესახებ მეტია იმაზე ლაპარაკი, — აწ არსებული წესი სჯობია, თუ ახლად განზრახული. ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის განცხადებიდამა სჩანს, რომ ახლად განზრახულის წესის დადგენა გადაწყვეტილი საქმეა და მხოლოდ საჭიროა იმის პროექტის შედგენა, თუ როგორ და რა გზით მოხდეს ეს არჩევანი.



ყველაზე უწინარეს გამოსაძიებელი აქ ის არის, რომ ამ პროექტის შესადგენად ბანკის საზოგადო კრებაა მოწვეული, თუ თავად-აზნაურთა? სჩანს, თავად-აზნაურთა კრებაა, თორემ თუ ბანკისა ყოფილიყო, ბანკის მოხელეობას უნდა მოეწვია კრება და არა გუბერნიის თავად- აზნაურთა წინამძღოლს. თუ ესეა, მაშინ თავად-აზნაურთა კრება როგორ შესცვლის წესდებას ბანკისას, ესე იგი იმისთანა დაწესებულებისას, რომელიც სულ სხვა კრებას ექვემდებარება? არ ვიცით, ამ მხარეს საქმისას როგორ აუქცევს გზას მიწვეული კრება თავად-აზნაურთა, ხოლო უნდა ვიგულისხმოთ, რომ რაკი მოწვეულია, სჩანს საბუთი რამ იქმნება.


ესეა თუ ისე, აწ მიწვეულმა თავად-აზნაურობამ უნდა შეადგინოს პროექტი არჩეულთა კრების დასაწესებლად, სამაგიეროდ აწ არსებულ წევრთა კრებისა. რაკი გადაწყვეტილია, რომ არჩეულთა კრება უნდა უსათუოდ იქმნეს, ეხლა მარტო ისღა დაგვრჩენია, ჩვენ ჩვენი აზრი ვსთქვათ იმის შესახებ, თუ როგორ და რა გზით მოხდეს არჩევანი. ჩვენ აქ, რასაკვირველია, არ გამოვუდგებით ყოველს წვლილს ამ საქმისას, ჩვენ მხოლოდ, ჩვენის შეძლებისამებრ, ავღნიშნავთ უმთავრესს საგნებს. ჯერ ყველაზე უწინარეს უნდა გამოირკვას, რამდენი არჩეულია საჭირო, რომ წარმომადგენლობა საკმაოდ ვრცელი იყოს. ჩვენ გვგონია, საკმაო იქნება ორასი არჩეული. ეს ორასი კაცი უნდა განაწილდეს თანასწორად თვითეულ მაზრისათვის, ასე რომ თვითეულს ცალკე მაზრას თანასწორი რიცხვი შეხვდეს, არც მეტი სხვაზე და არც ნაკლები. თუმცა შესაძლოა, რომ თვითეულმა მაზრამ ცალკე ამოირჩიოს თავისი წარმომადგენელნი, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ არჩევანი მოახდინოს ხოლმე საზოგადო წევრთა კრებამ ქუთაისში იმ კანდიდატთაგან, რომელსაც თვითეული ცალკე მაზრა წარმოადგენს. ასარჩევნი უნდა არჩეულ იქმნენ სამის წლის ვადით და, მაშასადამე, ამ არჩევნებისათვის სამს წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს ქუთაისის საერთო წევრთა კრება. ყოველს ცალკე წევრს ბანკისას ნება უნდა ჰქონდეს დაესწრას კრებას, მიიღოს მონაწილეობა საქმეთა განსჯისა და განხილვის დროს, თავისი აზრი სთქვას, ერთის სიტყვით ეგრეთწოდებული „სარჩიელი ხმა“ იქონიოს.


ეს ჩვენი აზრი იქნება ვერ მოუხდეს ადგილობრივს გარემოებას და, რა თქმა უნდა, ადგილის კაცნი უკეთ მოაწყობენ და უკეთ შეუფერებენ ამ ახალს წესს საქმისა ვითარებას და იმ მიზეზს, რომელმაც ამ ახალის წესის შემოღება საჭიროდ გახადა. ჩვენი სურვილი მარტო ეს არის, რომ ახალმა წესმა მეტად არ შეჰხუთოს სისრულე საერთო გუბერნიის წარმომადგენლობისა ბანკის საქმეში და ამ გზით ცოტაოდნად მაინც შეურჩინოს ბანკის კრებას ის საზოგადო მნიშვნელობა საერთო კრებულისა, რომელიც დღეს-აქამომდე ჰქონდა და რომელიც სასურველია კვლავაცა ჰქონდეს.

Recent Posts

See All
bottom of page