top of page

ისევ ევროპის მილიტარობის შესახებ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 3 min read

ტფილისი, 11 თებერვალი, 1889 წელი


ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ევროპის ეხლანდელი შინაგანი მდგომარეობა მეტად გამწვავებულია; ამის გამო ყველანი სცდილობენ შინაური საქმე რიგიანად მოაწყონ და მოჰმართონ, და ამიტომაც დღეს ზოგიერთს სახელმწიფოს საქმე ისე გახდომია, რომ ამ მხრით თავს როგორმე უნდა უშველოს.


საფრანგეთში თავი იჩინა ბულანჟობამ და ლამის ერთი კაი ვაი-ვაგლახი ასტეხოს შინვე და ერთისა და იმავე ქვეყნის შვილნი ერთმანეთს დაატაკოს. გაუსინჯეთ გული ამ ბულანჟობას, ის მრავალგვარი ნაჭუჭები შემოაცალეთ, და დაინახავთ, რომ მიზეზი მისის მოვლენისა და მერე გაძლიერებისა მარტო ის არის, რომ ერს ვეღარ აუტანია დღევანდელი ყოფა. სიმძიმემ დღევანდელის დღისამ შეჰხუთა ქვეყანა, არაქათი გამოაცალა, და რად გვიკვირს, რომ პირველ ჩხავანა კატას, რომელსაც კი შეხვდა, ჩაავლო ხელი, აბა თაგვს ეს დაგვიჭერსო. აქ მთელს დღევანდელს აშლილობაში, ამ მინისტრების გადაყენ-გადმოყენებაში მარტო ერთი თავიდათავი მიზეზია, ერი თოფ-იარაღის ჭერით დაღალული და დამძიმებული, ხვალინდელის განსაცდელის შიშით ხელფეხშეკრული, ვეღარ იტანს დღევანდელს ყოფას და იძახის, — ოღონდ ეს ყოფა კი ნუღარ იქნება და სხვა რაც უნდა მოგვივიდესო, უარესი არ იქნებაო.


ამავე ყოფაშია იტალია. ეხლანდელი აშლილობა მუშებისა, რომელმაც მთელი ეს ქვეყანა ასე ძლიერ შეაფუცხუნა, იმავ სათავიდამ მოდის, იმავ მიზეზით არის მოვლინებული. ერი გააღატაკა ამ შეთოფიარაღებამ, დღედადღე მატულობს ხარჯი მხედრობის შესანახავად და გასაძლიერებლად, ლუკმა-პურის ილაჯი გაუწყდა ერსა.

ამისთანავე დღე ადგია თითონ ძლევამოსილსა და გათამამებულს გერმანიასაც. ეს ეგრეთწოდებული „თავისუფლად მსჯელთა“ დასი რომ ასე გაცხარებულად ზედმისევია თ. ბისმარკს და მოსვენებას არ აძლევს, — რის ნიშანია? აბა შიგ გულში ჩაჰხედეთ ამ დასის ღაღადსა, თუ იმავე მიზეზთან არ მიხვიდეთ. ეს მიზეზი დღეს გერმანიაში ისეთი ძლიერია, რომ ლამის შეარყიოს აქამდე შეურყეველი ციხე-სიმაგრე თ. ბისმარკის ავტორიტეტობისა და სხვისთვის დაათმობინოს ბურთი და მოედანი. არ ვიცით, ხსენებული დასი ამით მოიგებს რასმე, ან წინ წასწევს თავის საქმეს თუ არა, მაგრამ ეს-კი აშკარაა, რომ ამ მხრით რაიმე ცვლილება ცოტად თუ ბევრად გულს მოჰფხანს.


ავსტრო-ვენგრიაში, მართალია, ჯერ ამ მიზეზს ისე აშკარად არ გამოუჩენია თავი, როგორც, მაგალითებრ, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ დღევანდელმა მიმართულებამ პოლიტიკისამ აქაც მოუვლინა დიდძალი ნაღველი ამ ქვეყნის სვე-ბედის გამგებელთა. აქაური მთავრობა გერმანიის პოლიტიკამ იძულებული გაჰხადა ვენგერთა პალატაში შეეტანა ახალი სამხედრო კანონპროექტი. აპილპილდა ამაზედ მთელი ვენგრია და საქმე იქამდე გამწვავდა, რომ თუ მთავრობამ არა დაუთმო-რა, ლამის ერთი ნახევარი ავსტრო-ვენგრიის იმპერიისა მეორეს

დაეჯახოს. ეს აშლილობა, მართალია, გამოწვეულია ეროვნების სახელითა, მაგრამ დღეს მაინც დიდი შინაგანი სატკივარია და დიდად სანაღვლელია, რომ წამალი რამ დაედოს.


ინგლისის ერიც ჯერ არ უჩივის თავის ცხოვრების სიმძიმეს, თუმცა ეს სახელმწიფოც დიდს სამხედრო მზადებაშია და მხედრობის გაძლიერების ფიქრში. ხოლო აქ თავისი დიდის ხნის მძიმე სატკივარია და ეგ სატკივარი ირლანდიის საქმეა. ეს საქმე ისეთია, რომ ინგლისს გაბედულად ევროპის პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიაღებინებს. გარდა, ამისა, დღეს ინგლისის თვალი შორს ქვეყანაზეა მიქცეული. ავღანისტანში რაღაც მოძრაობაა და მინამ აქ საქმე თავის კვალში ხელახლად არ ჩასდგება, ინგლისი სხვა საქმისათვის ბევრს ვერას მოიცლის.


ამ სახით ვხედავთ, რომ დღევანდელს დღეს თითოეულს დიდს სახელმწიფოს თავისი საკუთარი სატკივარი აქვს აჩენილი და იმოდენად დიდი სატკივარი და დაუხანებელად მოსარჩენი, რომ, თუ არ უკიდურესი რამ მიზეზი, საგარეო საქმეთათვის ხელს არავის გაანძრევინებს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, დიდის ომისათვის არავის არ გამოამეტებინებს თავსა. არ ვიცით, იქნება ამ სატკივრების თესლი თითონ დიპლომატიისაგან არის აქა-იქ ოსტატურად გადაყრილი. ეხლანდელ დროში ყველაფერი დასაჯერებელია და შემძლებელს კაცს სად არ მიუწვდება ხელი. ხოლო საქმე ყველგან ასეა და აი ამას უნდა მიეწეროს, ჩვენის ფიქრით, ის ამბავი, რომ დღეს ომის ატეხის ხმები სრულად მიმწყდარია. ისე გაუჩუმდნენ დღეს ომს, თითქო ყოველივე მიზეზი ომისა თავიდამ მოშორებოდეს ევროპას და იგი დღეს არა ჰგავდეს თივას, რომელშიაც ცეცხლია დამალული. სხვა რომ არა იყოს-რა, ეს ხომ ვიცით, რომ გერმანია უომრად ვერ გადარჩება. ამაში ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს. საქმე იმისთანა დროისა და გარემოების ხელში ჩაგდებაა, რომ გერმანიისათვის გამარჯვება უეჭველი იყოს ცოტად თუ ბევრად. ამ დროისა და გარემოების მოლოდინშია დღეს გერმანია და იმის ცდაში, რომ ეს დრო და გარემოება მოიმზადოს.


ეს ამბავიც საკმარისია, რომ დღევანდელს მიყუჩებულს ყოფას ევროპისას კაცმა სანდო თვალით არ უყუროს.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page