იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო
- nino otiashvili
- Nov 27, 2023
- 4 min read
„როცა გვაქვს, არ ვინახავთ,
როცა ვკარგავთ-კი, ვსტირით“.
1887 წელი
დადუმდა საუკუნოდ კიდევ ერთი „მთქმელი“! მოსწყდა ჩვენს ცას ერთი ცოტად თუ ბევრად მანათობელი ვარსკვლავი! კიდევ ერთი „ჩვენგანი“ შეიწირა ყოველთა შემწირველმა წუთის- სოფელმა!..
ერთი „ჩვენგანიო“ რომ ვამბობთ, განგებ ვამბობთ. ბევრი კვდება ჩვენში ყოველ დღეს, ყოველს წამს, — „სოფელი ასე მქნელია“, — მაგრამ ამ ბევრში ყველაზედ არ ითქმის „ჩვენგანიო“. იმიტომ კი არა, რომ ჩვენის სისხლისა და ხორცისა არავინ ჰკვდებოდეს, არა. ერი თუ საზოგადოება მარტო იმას უნდა ეძახოდეს „ჩვენგანს“, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწინვალებულია, შუქშესხმულია მადლითა. აქ სულ ერთია, თქმაა ეს ღვაწლი თუ ქმნაა, იმიტომ რომ ზოგჯერ თქმა ქმნა არის. დიახ, მქმნელია იგი მთქმელიცა, რომელსაც განწმენდილნი აქვს „თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი — ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი — ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა — ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად“.
რა თქმა უნდა, რომ ერთნაირის უხვებით არ არის ყველა ამ მადლით მიმადლებული. ამაშიაც არის დიდი-პატარაობა, მაგრამ დიდი თუ პატარა, რაკი ცოტად თუ ბევრად ამ მადლის მექონია, იგი რჩეულია მრავალთა შორის და ეს რჩეულობა არის სამართლიანი მიზეზი და საბუთი, რომლის ძალითაც ერს შეუძლიან თავმოწონებით სთქვას: ეს კაცი ჩვენგანიაო. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო იგი გლეხი-კაცი, იგი მდაბიო — და მით უფრო მაღალი, რომ მდაბიოა, — რომელსაც დღეს ჩვენ იოსებ დავითაშვილის სახელითა კურთხევით ვიხსენიებთ და ვგლოვობთ. მეო, ამბობს იგი ერთს ლექსში:
სოფლელი გლეხის შვილი ვარ,
მჭადითა გამოზრდილია,
უქუდო, ჩოხის ამარა,
ქალამნებგაცვეთილია.
ობოლი დავრჩი დედ-მამას,
დრო მადგა გასაჭირია,
სადაც კი ვარდსა დავეძებ,
იქ მხვდება ეკლის ძირია.
მამაც ამრიგად ტანჯულა,
ვით ვიტანჯები შვილია,
თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს,
ვერ გამიღია პირია.
ნუ გეგონოთ, რომ მას ჰშურდეს ვისი რამე, ვისმე რასმე სიხარბით შეჰნატროდეს, ვისი რამე უნდოდეს, სხვისაზე რაზედმე ხელი ეტანებოდეს, გული უთქმიდეს. არა! ყოველს ამაზედ იგი მაღლა სდგას, ამაში ჰსჟღერს დიდი სიმი ეროვნებისა და აქა სცემს უბოროტო ძარღვი ჩვენის ერის უბოროტო გულისა. იგი ამბობს:
თავზედ დამექცეს ცა რისხვით,
სხივი ვერ ვნახო მზისა მე,
მაღალი ღმერთი გამიწყრეს,
თუ რამ ვინდომო სხვისა მე.
ნუ გეგონოთ, რომ ან ტანჯვით გამწარებული ვისისამე მტრობას იგი გულში გაიტარებდეს, გულში ადგილს აძლევდეს, ან ტანჯვითვე გაბოროტებული ვისიმე ჯავრის ამოყრას, სამაგიეროს გადახდას ჰლამოდეს! არა, ამისათვის იგი მეტად სულგრძელია, მეტად ყოველთა შემწყნარებელი და მიმტევებელია, როგორც მარტო დიდბუნებოვანი კაცია ხოლმე. მტრობა, ძულება, ჯავრი, შურისძიება შორს არის მისგან. მისი ნათელი სული არ იკარებს ამ ჭუჭყსა, ამ ჟანგსა. იგი ამბობს:
კაცი ხარ, კაცად შობილი
კაცი გიყვარდესო...
ეკლესიას დახვიდოდე
ყოველ უქმე დღესო,
დავითნი და სახარება ორივ იქა ძევსო.
იმათში ესე სწერია:
კაცი გიყვარდესო,
კეთილისათვის ბოროტად
თუ ვინმე გხდიდესო.
სამაგიეროს ნუ უზამ,
დეე, თვით მიხვდესო!..
ჩვენსა მხსნელსაც ეს დაჰმართეს,
კაცთა მოყვარესო.
აი, ვის ჩაუხედნია გლეხკაცის გულში, ვის უნახავს იქ მისნი საიდუმლონი, ვის გაუგონია მისი გულისძგერა და, მაშასადამე, ვინა ტანჯულა კიდეც მათთვის მართლად და ჭეშმარიტად!.. ეს აზრები, ეს გრძნობა, ეს სიტყვა ქარით მობერილი არ არის. ეს მარგალიტები იმ ზღვიდამ არის ამოღებული, რომელსაც ერის გულს ეძახიან. აქ არაფერია ნათხოვარი, არაფერია განგებ ჩაძახილი და მერე ამოძახილი. აქ თავის დიდებას, თავის დიდბუნებოვანობას, სულგრძელობას თვითონ ერი მეტყველობს, თვითონ ერი ჰღაღადებს ერთის თავის ჭეშმარიტის შვილის ბაგითა! ტყუილი თავმოწონება კი არ არის განსვენებულის მხრით, როცა იგი ამბობს:
მუშა რომ ვარ, მისთვის ვიცი
მუშის გულის-პასუხები.
ეს გულის-პასუხები იცის და მით უფრო გულს მოსახვედრია, გულს ჩასამჩნევია, მით უფრო საკვირველია, რომ მშვიდობის მთქმელი მოციქული იქიდამ მოდის, საცა ესოდენი გულ- ნატკენობაა ჩვენგან, ესოდენი მიზეზია წყრომისა და სამდურავისა. დიახ, იქიდამ მოდის იგი სიტყვითა ყოვლადმხსნელის სიყვარულისა და მოაქვს მწვანე შტო შერიგებისა, ძმობისა და ურთიერთობისა! ბოროტი არ გვახსოვსო, აჰა, ძმური ხელიო! გიძმობთ და გვიძმეთო! ამისთანა მარგალიტები მარტო ზღვის ძირშია... ერის გული ზღვაზე უფრო ღრმაა და დიდი საქმეა, ვისაც ღონე შესწევნია და თავის საკუთარი გული და თვალი იქამდინ ჩაუწვდენია. ჩვენში ბევრი ვერ დაიქადებს ამასა.
ყველგან, საცა კი რაიმე შემთხვევა ეძლევა, განსვენებული დავითაშვილი სულ ამას იძახის ტკბილისა და მშვიდობიანის სიტყვითა, რომ ჩვენი, მუშა-ხალხის ხსნა სწავლა და განათლებააო. ერთს ლექსში ამას ურჩევს თავის მოძმეთა: გლეხებმა წიგნი ვისწავლოთ, ეს არის ჩვენი ვალიო;
ანუ:
გვეყოფა, რაც რომ გვეძინა, დროა გავაღოთ თვალიო.
მე კარგსა რასმე აგირჩევ,
მიღება შენზედ ჰკიდია:
სწავლაა ბნელის ფანარი,
სწავლა ცხოვრების ხიდია.
მარტო ხელობის რისამე ცოდნა ცოტაა და თუ გინდა, რომ იგი ტვირთი აიხსნა, რაც ეხლა გკიდიაო:
არ დაივიწყო, გახსოვდეს
მხსნელი და შემოქმედია,
მოძმისა ტანჯვა გაიგე,
მამულს რა გადახედია...
კარგა გაიგე დროთ ბრუნვა,
ზე მყოფი ბევრჯელ ქვედია...
ჩემი რჩევანი ეს არის,
სხვა რამ ვსთქვა, იტყვი ყბედია.
განსვენებული ხელოსანი იყო და ჩუქურთმის ჭრა იცოდა, და თუმცა ლუკმა-პურსა ვშოულობ ამ ხელობითა, მაგრამ უსწავლელი რომ ვარ, ქვეყნის ბარგი ვარო. იგი ამბობს:
მეც მისწავლია რამე, ხელოსნათა ვწერივარ, ხელში მიჭირავს ხვედა, ჩუქურთმისა მჭრელი ვარ... ყალბად და მატყუარად არვის დაუჭერივარ, შრომით ლუკმას ვშოულობ და მით ბედნიერი ვარ. მოძმეს რომ შევეწიო, სულ ყოველთვის მზათა ვარ, მაგრამ ვსტირი ჩემს ბედსა — უსწავლელი რათა ვარ. მხოლოდ ხელობა ვიცი,შრომაშიაც მარდი ვარ, მაგრამ ამასა ვწუხვარ, რომ ქვეყნისა ბარგი ვარ. სულ ამ ცოდნისა და განათლების უქონლობასა სჩიოდა და მისი მწუხარება და ნაღველი ის იყო, რომ გლეხი უსწავლელია. ეს ჰკბენდა გულში, ესა სტანჯავდა გარდა იმისა, რომ ეს წუთის-სოფელი სხვისათვის მამა იყო და იმ საცოდავისათვის-კი მამინაცვალი. რამოდენად მართალი, გულშემატკივარი და აღმომეტყველი იყო გარდაცვალებული გლეხთა გულისნადებისა, მისისავე მოძმის სიტყვიდამა სჩანს: სიცოცხლეს ჰლევდი ტანჯვაში, გული რაღასაც ელოდა, თავისზედ გაჭირებულსა, რითაც შაეძლო, ჰშველოდა.მიწამ გიმოყმა, ბედშავო, დღენი ვერ ნახე მზიანი, ვერც გაზაფხული, ბულბული, ვერც აგიყვავდნენ იანი.მოშორდი ცოდვის ქვეყანას, რომ ცრემლით აღარ გენამა... დაჰმარხე გულში, წარიღე რაც ვერ გამოსთქვა ენამა. მუშა იყავი, მით ჰგრძნობდი მუშისვე გულის წუხილსა და შენაც თანაუგრძნობდი ტანჯულის სისხლის დუღილსა! მხნეობდი, ძმაო, მათ-შუა, არ ჰშორდებოდი კრებასა, — დაზგაზე რანდით ჰლამოდი მრუდე ხის გასწორებასა...
კიდევ იკითხავთ: ვინ იყო აწ განსვენებული იოსებ დავითაშვილი? ნუთუ ამას კითხვა-ღა უნდა! ცოტად რომ მაინც დაუკვირდეთ მთელს მის ნათქვამს ლექსებს, ჰნახავთ, რომ იგი იყო კაცი, რომელსაც ცოტად თუ ბევრად განწმენდილი ჰქონდა თვალნი გლეხთა გულის საიდუმლოთა მნახველად, ყურნი — გლეხთა გულის-ძგერის უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი — გლეხთა მაჯის-ცემის შემტყობად და ენა — ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად. გული ერისა იგივ ზესკნელი და ქვესკნელია და ამიტომაც თვალისა, ყურის და ხელის იქამდინ მიწვდენა, — ხვედრია მარტო რჩეულის კაცისა და ერთი ამათგანი იყო იგიც, ვინც დღეს დავკარგეთ. კურთხეულ იყოს სახსენებელი მისი! კურთხეულ იყავ შენ, ვინც: დაზგაზე რანდით ჰლამოდი მრუდე ხის გასწორებასა.

