top of page

ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 27, 2023
  • 12 min read

ტფილისი, 16 მაისი, 1886 წელი.


ირლანდიისათვის ცალკე პარლამენტის მიმნიჭებელ პროექტში გლადსტონმა ერთი იმისთანა მუხლი შეიტანა, რომელიც არ ეშესაბამებოდა ლიბერალების დედააზრსა და მოძღვრებას და რომელიც, პირველ შეხედვით, აკვირვებს კაცსა. გასაკვირველი ეგ მუხლი მით უფრო არის, რომ იგი შეიტანა პროექტში იმისთანა წმიდა სისხლის ლიბერალმა, როგორიც გლადსტონია. ეს ამბავი მეტად აოცებდა ყველას და ვერავის ვერ აეხსნა. იგი მუხლი იმაში მდგომარეობს, რომ ირლანდიელთ ეძლევა საკუთარი ცალკე პარლამენტი დუბლინში და საერთო ინგლისის პარლამენტიდამ კი დათხოვნილი უნდა იყვნენ. ამ სახით, ირლანდიას თავის საკუთართა საქმეთა წარმოებაში სრული უფლება და ნება მიენიჭებათ და საერთო საიმპერიო საქმეების წარმართვაში კი ხმის ნება არ ექნებათ. აქ როგორღაც თავი ბოლოს არ ებმის. საერთო საიმპერიო ხარჯის გაწერაში, სამხედრო საქმის მოწყობილობაში, საკოლონიო პოლიტიკაში და სხვა ამისთანა საყოველთაო საქმეში ირლანდია მოვალე იქნება დაემორჩილოს საერთო ინგლისის პარლამენტსა, საცა არც ერთი წარმომადგენელი და მოსარჩლე არ ეყოლება. იმისთანა ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, საცა არავითარი მოვალეობა, მკვიდრთათვის დადგენილი, მკვიდრთა დაუკითხავად შესაძლებელი არ არის, ეს საერთო პარლამენტიდამ გამოკლება ირლანდიელთა — ჭეშმარიტის ლიბერალობის წინააღმდეგია. გამოჩენილი რადიკალი ჩამბერლენი სწორედ ამ მუხლის გამო გადუდგა გლადსტონსა და სწორედ ამ მხრით იწუნებდა მის დიდებულს პროექტსა.


ყურადღების ღირსია აიხსნას, - რა მიზეზით და რა საბუთით თითქო უარ-ჰყო ამ შემთხვევაში ჭეშმარიტი დედააზრი ჭეშმარიტის ლიბერალობისა იმისთანა უანგარო და ლიბერალობისათვის თავდადებულმა კაცმა, როგორიც გლადსტონია. მოგეხსენებათ, ინგლისსა ჰმართავს ორი დიდი დასი, ვიგებისა და ტორიებისა. ინგლისის სვე- ბედის გამგებელი და მმართველი პარლამენტია, რომელშიაც ინგლისის ერს თავისი წარმომადგენელნი ჰყავს არჩევანითა. ეს ორი უდიდესი დასი, რომელთაც ხელთ უპყრია თითქმის მთელის ინგლისის სვე-ბედის წარმომადგენლობა, ერთი მეორეს ებრძვის ხოლმე იმ ანგარიშით, რომ პარლამენტში ერთმა მეორეზედ მეტი მომხრე იყოლიოს, ერთმა მეორეზედ მომეტებულად თავისი კაცები დასხას. ინგლისის ერი ამ დასების მოძღვრების მიხედვით თითქმის ორ თანასწორ ბანაკად არის გაყოფილი და ამიტომაც ძნელად მოხდება ხოლმე პარლამენტში ან ერთისა და ან მეორის დასის მომხრეებმა იმდენი კაცი გაგზავნონ თვისდა წარმომადგენელად, რომ რიცხვი ერთისა გაცილებით სჭარბობდეს მეორესა. პარლამენტი თითქმის ყოველთვის ისეა შემდგარი, რომ ერთი დასი მეორეს ცოტათითა სჭარბობს. ამისთანა გარემოებაში, - პარლამენტში, თუ მესამე რაიმე დასია, თუნდ რიცხვით თვითოეულს ზემოხსენებულს დიდს დასზედ მცირეც, ვისაც ეს მესამე დასი მიემხრობა, იგი მხარე დასძლევს ხოლმე, და ასე გამოდის, რომ ინგლისის სვე-ბედი იმ მესამეს, რიცხვით მცირე დასზეა დამოკიდებული. ამისთანა დასი დღეს ეგრეთწოდებული პარნელის დასია ინგლისის პარლამენტში, ესე იგი ირლანდიელთა დასი, რომელსაც სულ 86 კაცი ჰყავს. ირლანდიელნი, როგორც მოგეხსენებათ, ინგლისისაგან ძალიან გულნატკენები არიან და, რა თქმა უნდა, ყოველს საქმეში, რაც გინდა ინგლისისათვის საკეთილო იყოს, ან ხელს შეუშლიან ხოლმე, რადგანაც წინააღმდეგ დასს მიუდგებიან ან მიემხრობიან, და უმისოდ კი არა, რომ ირლანდიისათვის არა რაიმე არ დაათმობინონ. ერთმა დასმა, ვიგებისამ თუ ტორიებისამ, რაც უნდა ახალი საკეთილო და ინგლისის სახეირო კანონი და საქმე შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად, თუ პარნელისტები როგორმე არ გადმოიბირა, იმედი უნდა დაჰკარგოს კანონის გაყვანისა. ეს გარემოება მით უფრო საფრთხილოა და საფიქრებელი, რომ 86 კაცი ირლანდიელი ინგლისის პარლამენტში ისე მოქმედებენ პარნელის ბრძანებისამებრ, როგორც ერთი კაცი. გარდა მაგისა, ესეც უნდა ვიქონიოთ სახეში, რომ რომელს დასსაც უნდა ეჭიროს სამინისტრო, ვიგები იქნებიან, თუ ტორიები, ინგლისში ისეთი შეურყეველი ჩვეულებაა, რომ თუ სამინისტროს კანონი და პროექტი არ მოუწონა პარლამენტმა და არ დაუმტკიცა, უნდა გადადგეს და სამინისტრო მეორე დასს დაუთმოს. ამ სახით გამოდის, რომ ინგლისის მინისტრის დამყენებელი და დამთხოვნელი თითქმის პარნელია, რომელიც ამისათვის თავის 86 ირლანდიელს დიდის ოსტატობითა ხმარობს. ამისი ცხადი მაგალითი ამას წინათ იყო, როცა გლადსტონი იძულებული გახდა გადამდგარიყო მინისტრობიდამ და სალუსბერისათვის დაეთმო მინისტრობა, და თითონ სალუსბერიც ამ ბოლო დროს გადადგა მინისტრობიდამ და კვლავ მთავარმინისტრობა დაუთმო გლადსტონსა იმავე პარნელის მიზეზითა. რა თქმა უნდა, ამისთანა ყოფას ვერ შეიშვნევდა დიდი ინგლისი; რა თქმა უნდა, ინგლისის უკეთესნი და შორმჭვრეტელნი კაცნი თავისის ქვეყნის სვე-ბედსა ასე ადვილად არ გახდიან სათამაშოდ 86 კაცის ხელში. აი იგი მიზეზი, აი იგი საბუთი, რომლის ძალითაც დიდმა გლადსტონმა, მოისურვა რა მიანიჭოს ირლანდიას საკუთარი პარლამენტი, საჭიროდ სცნა საერთო საიმპერიო პარლამენტში ხმა და წარმომადგენლობა აღარ მიეცა.


რადიკალი ჩამბერლენი, როგორცა ვსთქვით, წინააღუდგა უფრო ამ მხრით გლადსტონის პროექტსა, რადგანაც ამ პროექტმა მითამ მარტო დღევანდელს საჭიროებას ათაყვანა დედააზრი ლიბერალობისა. ამ მხრით, ჩამბერლენი, ჩვენის ფიქრით, გასამტყუნარი არ არის, და თითონ გლადსტონიც ბოლოს დროს დაჰყვა ჩამბერლენის აზრსა და გამოაცხადა, რომ ირლანდიელებს შეიძლება მიენიჭოს უფლება იყოლიონ საერთო საიმპერიო პარლამენტში თავისი წარმომადგენელნი, მხოლოდ იმ შემთხვევაში კი, როცა პარლამენტში გასარჩევი საქმე ირლადიასაც შეეხებაო. ჩამბერლენი მაინც აღარ მიემხრო გლადსტონს. საკვირველი ეს არის, რომ გამოჩენილი რადიკალი ჩამბერლენი დღეს გლადსტონს გადუდგა და ცალკე დასის მოთავედ კი არ შეიქმნა, არამედ მიუდგა ზომიერს ლიბერალს გარტინგტონს და ზომიერს კონსერვატორს სალუსბერის. ეს ცეცხლისა და წყლის ერთად შეყრა ყველას უკვირს და ჰფიქრობენ, რომ ჩამბერლენის, გარტინგტონის და სალუსბერის ერთმანეთთან მოთავსება ცხადი ნიშანია მისი, რომ დღეს ინგლისში გლადსტონს ებრძვიან დედააზრთა სახელით კი არა, არამედ პატივმოყვარეობა და ანგარიში კერძო პირთა. გარტინგტონმა ერთს კრებაზედ გამოაცხადა კიდეც, რომ თუ ვინიცობაა გლადსტონს ფეხი მოუსხლტა, მე ჩემის მეგობრებით (ჩამბერლენით და სალუსბერით?) ვიკისრებ სამინისტროს შედგენასაო. შესაძლებელია ესეც მოხდეს; ხოლო გლადსტონი დარჩება მინისტრად, თუ არ დარჩება, მისი სახელი იმოდენის დიდებით შეიმოსება, რომ კაცობრიობას ყოველთვის თავმოსაწონებლად ეხსომება.


**


ტფილისი, 19 მაისი, 1886 .


გლადსტონის პროექტი ირლანდიის პარლამენტის გამო თანდათან მომხრეებსა ჰპოულობს, რაც დრო გადის უფრო თანდათან ეჩვევა ინგლისის ერი მის დედააზრსა, და ის შიში, რომელიც პირველ ხანებში გამოიწვია ამ პროექტმა, თანდათან ნელდება და ჰქრება. დღეს თითქმის იმედიცა აქვთ, რომ პარლამენტი მიიღებს მაგ პროექტსაო, და თუ ეს გამართლდა, 1886 წელი იქნება მოწამედ ერთის უდიდესის აზრის ძლევამოსილობისა ქვეყნიერობაზედ. საქმე იმაშია, რომ ორმა ურთიერთის წინააღმდეგმა აზრმა ამ პროექტზედ უნდა გადატეხოს თავისი ხმალი და ამ გადატეხას თვისი ძალ-ღონე მთლად უნდა შეალიოს. ამ ორმა აზრმა თითქმის ორად გაჰყო მთელი ინგლისი; ერთი ნაწილი ერთსა ჰქადაგობს და ერთის სახელით იბრძვის და მეორე — მეორის სახელითა. ერთი მხარე იძახის, სამართალია ძალააო და მეორე — ძალაა სამართალიო.ასე დაყენებული საქმე მარტო ინგლისს კი არ შეეხება, არამედ მთელს ქვეყნიერობასა, მთელს კაცობრიობას, რომლის სვე-ბედი თითქმის იმაზეა დამოკიდებული თუ, — ამ ორში რომელი აზრი გაიმარჯვებს და რომელი დაედება საფუძვლად კაცთა ცხოვრებასა და კაცთა ერთმანეთში მოთავსებასა.


გლადსტონის პროექტი წარმომდინარებს იმ დედააზრიდამ, რომ სამართალია ძალა, რომ ყველაფერში, ყველგან კაცმა წინ სამართალი უნდა გაიმძღვაროს და ყოველს თვის მოქმედებას, ერთმანეთში განწყობას და მოთავსებას სამართალი უნდა სათავედა ჰქონდესო. ღობე, მარტო იმ მიზეზით, რომ დაბალია, არას დროს არ უნდა გადალახულ იქმნასო, ყველასა აქვს ღვთის ნიჭი არსებობისა და ამ ნიჭისაგან არავინ არ უნდა იყოსო გამოკლებული მარტო იმ მიზეზით, რომ მე ღონიერი ვარ და ის კი უძლურიო. აქ შუამავალი, მოციქული, მარტო სიმართლე და სამართალი უნდა იყოსო და არა რა სხვა რამე.


გლადსტონის წინააღმდეგი დასი, რომელსაც წინ უძღვის სალუსბერი, იმ მოძღვრებაზეა დამყარებული, რომ საცა ძალაა, იქ სამართალს ხმა და ხელი არა აქვსო. რადგანაც ირლანდია ჩვენ იარად აგვჩენიაო, მის მოსარჩენად თავს რაზედ ვიტკიებთო? ავიღოთ და როგორც ხორცმეტი ამოვჭრათ და გადავაგდოთო. ხომ ინგლისს ერთ ლუკმადაც არ ეყოფაო!.. თუ ამ სიტყვებით არა, ამ აზრით მაინც მოქმედობს კონსერვატორების მოთავე სალუსბერი. მან პირდაპირ გამოაცხადა ერთს კრებაზედ, რომ მარტო ძალადობა და მუშტია ამ საქმიდამ ჩვენი მხსნელიო და, თუ გაჭირდა, ავიღოთ და მთელი ირლანდია თავისის ქვყნიდამ ავყაროთ და კანადაში გადავასახლოთო. ამისთანა ბარბაროსულმა სიტყვამ ვერაფერი სამსახური გაუწია ამის მთქმელსა ასე, რომ ამის გამო ათვალწუნებულმა და ძრახვით განკითხულმა სალუსბერიმ იგრძნო სიბოროტე თავისავე სიტყვისა და იძულებულ შეიქმნა გამოეცხადებინა გაზეთებში, რომ ეგ არ მითქვამსო. მეორე თანამოზიარე სალუსბრისა და მასთან მინისტრად ნამყოფი ჩერჩილი პირდაპირ და მოურიდებლად გაიძახის, რომ ინგლისის ერმა უომრად არ უნდა შეიწყნაროს

გლადსტონის პროექტი, თუ ვინცობაა პარლამენტმა იგი მიიღო და დაამტკიცაო. გამოდის, რომ ჩერჩილი ძმათა შორის სისხლის ღვრასაც არ ერიდება. ოღონდ-კი გლადსტონის სამართლიანს და კაცთმოყვარულს დედააზრს გამარჯვება არ დარჩესო. ამისთანა წინდაუხედავმა ქცევამ, თუ სიტყვამ კონსერვატორებისამ ბევრი ავნო თვით კონსერვატორებს და ბევრს აუხილა თვალი სასარგებლოდ გლადსტონის პროექტისა. ესეა თუ ისე, დღევანდელს გამწვავებულს ბრძოლას ინგლისში საქვეყნო მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამ ბრძოლის შედეგს დიდის მოუთმენლობით და ნატვრით მოელის ყოველი კაცი. რა თქმა უნდა, ყოველის გონიერის კაცის გული გლადსტონისაკენ უფრო მიზიდება და სულით და გულით ნატრულობს მის გამარჯვებასა. საკვირველიც არ არის: გლადსტონი იძახის, რომ სამართალმა და კაცთმოყვარეობამ უნდა განაგოს ქვეყნიერებაო და მისნი წინაღმდეგნი კი ჰყვირიან: მუშტი უნდა იყოს ქვეყნის გამგებელიო. ერთი ნუგეშის-მცემელია და მეორე კეტისა. ამ ორში ერთის ამორჩევას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.


**


ტფილისი, 20 ივნისი, 1886 .


„ყოფნა, თუ არ ყოფნა“-ო, წარმოსთქვა ერთხელ შექსპირის ჰამლეტმა, როცა საქმის ვითარებამ ორში ერთი დაუყენა წინ ამოსარჩევად. გავა დღეს გლადსტონის პროექტი ირლანდიის შესახებ, თუ არ გავაო? — ამბობს ეხლა მთელის ქვეყნიერობის განათლებული ნაწილი, რაკი იგი პროექტი წარუდგა ინგლისის ერს განსაკითხავად. დღეს ინგლისი წარმოადგენს დიდებულ სახეს ერისას, რომელსაც თვალწინ უდევს ერთი დიდი საქმე გადასაწყვეტად. ეგ იმისთანა საქმეა, რომლის სამართლიანად და მართლმსჯელობით გადაწყვეტა ამ სახელოვანს მეცხრამეტე საუკუნეს ერთს უკეთესს სხივს შარავანდედისას კიდევ მოუმატებს უტყუარის ისტორიის წინაშე და მის გვირგვინს სახელოვანებისას ერთს უკეთესს ალმასს კიდევ შესძენს მერმისში თავმოსაწონებლად. უეჭველია, თითონ დედააზრი გლადსტონის წინადადებისა, დღეს იქნება თუ ხვალე, უსათუოდ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სათავედ, როგორც ბევრჯერ გვითქვამს, სიმართლე და კაცთმოყვარეობა აქვს. ამ ორ ქვაკუთხედს ადამიანის მშვიდობიანობისას და ბედნიერებისას ვერაფერი ვერ დასძლევს, ვერაფერი ვერ გადაეღობება, და ადრე თუ გვიან თავის გზას იპოვის და თავის ადგილს დაიჭერს კაცობრიობის ცხოვრებაში კაცთა საბედნიეროდ.


დღეს მთელის განათლებულის ქვეყნიერობის თვალი ინგლისის ერზეა მიქცეული მარტო იმისათვის, რომ შეიტყონ, ინგლისის ერი იმოდენად ღონიერია თუ არა, რომ ეს მძიმე ცხოვრების საქვაკუთხედო საგანი დღესვე ასწიოს, მიიტანოს და თავის ცხოვრებას დაუდოს საფუძვლად. ინგლისის უდიდებულესს მამულიშვილს გლადსტონს სწამს, რომ მერმისი მისკენ იქნება, ხოლო თავისის საყვარელის ერის სასახელოდ სწყურიან, რომ ეგ მომხრეობა დღესვე აღიაროს ინგლისის ერმა და მით დაუმტკიცოს ქვეყანას, რომ იგი დღესაც ღირსია დიდებულის ერის სახელწოდებისა. წყურვილი პატიოსანია, მაღალბუნებიანი და კეთილშობილური. სამოცდათექვსმეტის წლის მოხუცი თვით იწვის და იდაგვის მტერთა მოკიდებულ ცეცხლისაგან, ოღონდ კი თავის ერს დიდების სახელი მოუპოვოს ქვეყნის წინაშე. მსხვერპლი მის მიერ დიდია, ამ ხნოვანობაში მაინც, მაგრამ დიდია თვით საქმეც, რომელსაც საწირავად და მტლად დაუდვა ამ სახელოვანმა მოხუცმა თავისი საკუთარი მშვიდობიანობა, დაივიწყა საკუთარი თავი და სასროლელ ნიშნად დაუსვა ათასნაირ ნაძირალს მეტოქობასა, რომელსაც ცილისწამება ისრად დაუჭერია ხელში და თავგასულობა — მშვილდადა. საბუთი მიუძღოდა გლადსტონს ეთქვა ის, რაც მან წარმოსთქვა ლეიჩესტერში, როცა ათი ათასი კაცი მიეგება დიდი ზარითა და ზეიმითა ამ დიდებულს კაცს რკინისგზის სადგურზედ. „მეო, — სთქვა გლადსტონმა, — ორი რამ უნდა შევნიშნო: ერთი ის, რომ ორმოცდათოთხმეტი წელიწადია რაც საზოგადო სარბიელზედ ვმოქმედობო და თავის-დღეში ესეთი ძლიერი მოძრაობა და საქმიანობა ერისა არ მინახავსო, როგორსაც დღესა ვხედავო, და მეორე ის, რომ თვალი მთელის ქვეყნიერობისა თავის-დღეში ესეთის ძლიერის ყურადღებით არ მოქცეულა ჩვენზედა, როგორც დღესაო. არამცთუ მარტო ბრიტანიის ერი, არამედ მთელის განათლებულის ქვეყნიერობის ერნიც ცხოველის ინტერესით შემოგვცქერიან ჩვენ და ჩვენს დღევანდელს საქმესაო. თუ დღეს ჩვენი ერი ირლანდიის სასარგებლოდ იტყვის თავის სიტყვას, და იმედიცა მაქვს — რომ იტყვის, მაშინ თვით მთელი ქვეყანა მოილხენს და გაიხარებსო“.


გაიმარჯვებს თუ არა გლადსტონი ამ სიბერის დროს, — ეს დღევანდელის დღის ინტერესია. ხოლო ეს კი ვიცით, რომ უკანასკნელთა დღეთა თვისთა დიდის შარავანდედითა ჰმოსავს. ღმერთმა დიდ ხანს აცოცხლოს, მაგრამ ყველა სიკვდილის შვილია და დღეს გაიმარჯვებს თუ დამარცხდება გლადსტონი, მაინც დიდებით ჩავა საფლავში, და მადლიერს შთამომავლობას, რომელიც მისგან დათესილს მომკის თავის დროზედ, მაინც უტყუარი საბუთი ექნება სთქვას: დღენი ამისნი ემსგავსნენ ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს, მის შუქი თუმცა გვინათებს, მარამ ვეღარ ვსჭვრეტთ მის სახეს!


**


ტფილისი, 18 ივლისი, 1886 .


ირლანდიის ნატვრის განხორციელებისათვის ირლანდიის ერს ორი სხვადასხვა გზა აქვს ამორჩეული. ერთი დასი მონატრულთა იძახის, რომ კანონიერს საპარლამენტო გზას დავადგეთო და ამ გზით მშვიდობიანად, სისხლდაუღვრელად ავიხდინოთ ჩვენი გულითადი ნატვრაო. ამ გზას დაადგა სახელოვანი პარნელი თვისის დასითა. მეორენი იძახიან, რომ ინგლისის ერთან ჩვენ მშვიდობიანის გზით, ლაპარაკით და მორიგებით ვერას გავხდებითო, და თუნდაც გავხდეთ, ეგ გზა დიდ ხანს, დიდს ხარჯს და დიდს მეცადინეობას თხოულობსო და მინამდე ჩვენ ჩვენი დაგვემართებაო! ვიდრე გლადსტონი დამარცხდებოდა და იმედი იყო, რომ სამშვიდობო გზით ირლანდია თავისას მიიღებს, დასი პარნელისა დიდად გაძლიერდა და დიდძალი მომხრე მოიპოვა ირლანდიაში. ყოველსავე ძალმომრეობითს მოქმედებას, რომლითაც ირლანდიელებმა ჩააფიქრეს ინგლისის იმპერიის ბედის გამგენი, ირლანდიელებმა თავი დაანებეს და, გლადსტონის პროექტით დაიმედებულებმა, კარგა ხანი მშვიდობიანის ლოდინით გაატარეს. ხოლო რაკი გლადსტონი თავისის პროექტით დამარცხდა, მეორე დასმა, მშვიდობიანის გზის უარმყოფელმა, თავი იჩინა და გლადსტონის დამარცხებაში ერთი საბუთი კვლავ მოიპოვა ირლანდიის ერის მითამ დასარწმუნებლად, რომ იმ მშვიდობიანის გზით ინგლისის ერისაგან არა გამოვა-რაო. თუმცა დღეს კეთილგონიერი და შორსმჭვრეტელი პარნელი კვლავ ჰქადაგებს მშვიდობიანად იყავითო, ავკაცობას, წვასა და ხოცვას დაეხსენითო, ეხლა წაგებული ჩვენი საქმე დღესა თუ ხვალ კვლავ მოიგებაო, მაგრამ არც წინააღმდეგი დასია გულხელდაკრეფილი და მაინც თავისას იძახის.


ამ სახით, დღედადღე ძლიერდება და ჰმატულობს ეს მეორე დასი როგორც თვით ირლანდიაში, ისეც ამერიკაში, საცა ირლანდიელები ბლომად არიან და ისეთისავე გულმოდგინებით და თავგანწირვით ეკიდებიან შორიდამ თავის ქვეყნის საქმეებს, როგორც შიგ ირლანდიაში. ამერიკიდამ იწერებიან, რომ ნიუ-იორკში ეხლახან კრება ჰქონიათ ფენიებსა, ირლანდიელებს. იმ კრებას დასწრებია ყველასაგან ცნობილი წინამძღვარი ფენიებისა ოდონოვან როსსი. ხალხი მისდგომია და უთხოვნია, — შენი აზრი შეგვატყობინე ირლანდიის საქმის თაობაზედაო. მას უპასუხნია: „როგორც ეტყობა, ტყუილმა ხელახლად აჯობა მართალსა. პატიოსანნი კაცნი, რომელნიც ჰქადაგებდნენ სასარგებლოდ ირლანდიისა, დღეს დამარცხებულნი არიან, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება, ირლანდია თავისას მიიღებს და დიდ ხანსაც არ მოუნდება ამისი ლოდინი. გლადსტონს უნდოდა დაეხსნა ირლანდია მშვიდობიანად და აუშფოთებლად, ხოლო საქმე ვერ მოუმარჯვდა. მე მგონია და ვიცი კიდეც, რომ ირლანდიაში ყოველ ადგილას, და უფრო მეტად ამერიკაში, ფენიებთა შორის მოიპოვებიან ბევრნი იმისთანა კაცნი, რომელნიც კეთილად დააბოლოვებენ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელნი თანაგრძნობით მიეგებებიან ამისთანა ამბავს. ხელახლად განვიმეორებ, რომ ირლანდიის დახსნისათვის დიდი გმირული მეცადინეობაა საჭირო. აი ჩემი აზრი ირლანდიის საქმეთა თაობაზედაო“, — სთქვა თურმე ბოლოს როსსმა.


თუ ირლანდიამ მართლა გული დააჯერა, რომ წესიერის გზით ირლანდიას სატკივარი არ მოურჩება, ოდონოვან როსსის დასი იმოდენადგაძლიერდება, რომ სალუსბერის სამინისტროს ბევრს თავში საცემს საქმეს აუტეხს და არასგზით მოსვენებას არ მისცემს. იქნება ასეთი გარემოება გაუხარდეს კიდეც სალუსბერის სამინისტროს ერთის მხრით. თუ როსსის დასმა თავისი აურზაურები დაიწყო, მაგას ინგლისის კონსერვატორები ხელზედ დაიხვევენ და იტყვიან: მოდი და ძალას ნუ იხმარებ ამისთანა ხალხზედაო, მოდი და ძალით ნუ დააჩუმებო. მაშინ სალუსბერს გარეგანი მიზეზი მაინც ექნება, რომ მის მიერ დაქადებული ძალა დასატანებელი კანონები შეიტანოს ირლანდიაში და ქვეყნის წინაშე თავი იმართლოს, სხვა გზა არ იყოო. მეორეს მხრით-კი ეს გარემოება მეტად ხელ-ფეხს შეუკრავს სალუსბერის სამინისტროს. საგარეო საქმეთა პოლიტიკაში ეს გარემოება ყოველს ბიჯზედ წინ გადაეღობება, დროს და მოცალეობას წაართმევს, ღონეს გაუფანტავს, და ის მედგარი საგარეო პოლიტიკა, რომელიც სალუსბერს და მისს დასს თავის ვალდებულ საგნად მიაჩნია, უკან ჩამოდგება.


ესეთი ორწყალ-შუა დგომა სალუსბერის სამინისტროსი ბევრს კარგს არას მოასწავებს სალუსბერისათვის. სალუსბერის სამინისტრო დღესაც, დაბადებისვე უმალ, ბეწვზედ ჰკიდია.



დისიდენტი ლიბერალები რომ ჩამოეცალნენ, იმავ დღეს სალუსბერის სამინისტროს ბოლო მოეღება. ეხლა ეგ დისიდენტები აღარა ჰმალვენ, რომ ჩვენ გლადსტონს გადავუდექითო მარტო ირლანდიის თვითმმართველობის გამო, ეგ თვითმმართველობა ჩვენ არ გვინდოდაო. სხვა საგნების გამო კი, როცა გლადსტონს და მისს დასს იერიშის მიტანა მოუხდება სალუსბერის სამინისტროზედ, ადვილად საფიქრებელია, რომ ეგ დისადენტთა ლიბერალების დასი გლადსტონს მიემხრობა და მაშინ სალუსბერის სამინისტროს აღსასრულის დღეც მოვა. ეს კარგად იცის სალუსბერიმ. იგი კარგად ჰგრძნობს წინათვე, რომ ადვილად შესაძლებელია ამისთანა საქმე დაემართოს. ამიტომაც სალუსბერს ძალიან უნდოდა, რომ მაგ დასის წინამძღვარს გარტინგტონს მის სამინისტროში მონაწილეობა მიეღო. რაკი მონაწილეობას მიიღებდა, ეგ გარემოება იმისი თავდები იქნებოდა, რომ დასი გარტინგტონისა ძალაუნებურად იძულებულ გახდებოდა სამინისტროსათვის მხარი მიეცა, რადგანაც სამინისტროს დაცვა და თავის-თავის დაცვა ამ შემთხვევაში ერთი იქნებოდა. ხოლო გარტინგტონმა უარი შეუთვალა და მინისტრობა არ მოინდომა. აშკარაა, გარტინგტონს არა ჰსურვებია ხელ-ფეხი შეეკრა თავისის დასისათვის; აშკარაა, სდომებია დახსნილ იყოს სამერმისოდ ყოველ მოვალეობისაგან, რომ თავისუფლად დახვდეს იმ საქმეთა, რომელნიც, ინგლისის ცხოვრების მიხედვით, სალუსბერი იძულებულ იქნება დროთა მიმავლობაში წარმოუდგინოს პარლამენტსა განსაკითხავად.


ყოველივე ეს გარემოება ძალიან უნდა აღონებდეს სალუსბერის სამინისტროს იმ დროს, როცა ერთის მხრით ირლანდია ასე ხმამაღლად ჰღაღადებს, და მეორეს მხრით საგარეო საქმეთა პოლიტიკა ასე აშლილი და აწეწილია არა-სასარგებლოდ ინგლისისა.


**


ტფილისი, 24 თებერვალი, 1889 .


ჩვენ მკითხველებს მოეხსნებათ, რომ დღევანდელ ინგლისის შინაურ პოლიტიკას ორად ჰყოფს ერთი დიდი ხნის საქმე, რომელსაც ირლანდიის საქმეს ეძახიან. ერთის მხრით სათავეში სდგას დაუღალავი მოხუცი გლადსტონი ლიბერალთა დასითა და მეორეს მხრით ეხლანდელი სამინისტრო სალუსბერისა კონსერვატორებითურთ და იმ ლიბერალებითურთ, რომლნიც გლადსტონის დასს გადაუდგნენ ირლანდიის საქმის გამო და მიემხრნენ სალუსბერის დასსა. გლადსტონის დასი ჰთხოულობს, რომ ირლანდიელებს თვითმმართველობა მიეცეს და სალუსბერისა-კი ამას ეურჩება, და ეს ორი-სამი წელიწადია მთელი ინგლისის ყურადღება ამ ორ დასთა შორის კამათობაზედ არის მიქცეული. თვითოეული დასი სცდილობს თავისი სურვილი გაიყვანოს და დღეს, რადგანაც უფლება გამგეობისა სალუსებრის დასის ხელშია, რა თქმა უნდა, ეს დასი თავის სურვილისამებრ განაგებს ირლანდიის საქმესა. იგი ღონისძიებანი, რომელნიც აწ ხმარებულნი არიან სალუსბერის სამინისტროსაგან და რომელნიც ძალმომრეობას უფრო მოასწავებენ, ვიდრე სამართლიანს კანონსა, გულს უმღვრევენ როგორც თვით ირლანდიელებს, ისეც იმ კარგა მოზრდილს ნაწილს ინგლისის ერისას, რომლის წარმომადგენელი გლადსტონის დასია. ირლანდიის საქმეს თვით ირლანდიაშიაცა ჰყავს თავდადებული მომხრენი, რომელნიც, როგორც პარლამენტში, ისეც პარლამენტ გარეთ, ჰსცდილობენ ირლანდიის მწვავს საქმეს ირლანდიელთა სურვილისამებრ ბოლო მოეღოს. ამათ შორის ყველაზედ უფრო გავლენიანი და

სახელოვანი კაცი დღეს პარნელია, რომელთანაც ძალიან დაახლოვებულია როგორც გლადსტონი, ისეც მისის დასის გამოჩენილნი კაცნი.


მას აქეთ, რაც ირლანდიის საქმის გამო დანიშნულმა საერთო არჩევანმა ჩააყენა პარლამენტში მომეტებული ნაწილი კონსერვატორთა დასის კაცნი, და მით გლადსტონი, მაშინდელი მთავარმინისტრი ინგლისისა, იძულებულ გახდა დასთხოვნოდა სამინისტროს და დაეთმო მთავარმინისტრობა სალუსბერისათვის, ირლანდიის საქმე დღითიდღე მეტს თანაგრძნობას ჰპოულობდა ინგლისის ერში. დამარცხებული დასი გლადსტონისა თავს არა ჰზოგავდა და დღედაღამ ჰქადაგობდა თავის მოძღვრებას ირლანდიის გამო და იმედს არ ჰკარგავდა, რომ დღეს იქნება თუ ხვალე, ინგლისის ერი გაიგებს, საით უფროა სიმართლე, შორსგამჭვრეტელობა, და მიემხრობა გლადსტონს. ამ იმედს საბუთები მიეცა; მრავალგვარი მიტინგები და ცალკე არჩევნები, რომლის მეოხებითაც ინგლისის ერი თავის სურვილს აცხადებდა, უფროს-ერთს შემთხვევაში გლადსტონის მომხრეობას იჩენდნენ.


ამ გარემოებამ ძალიან დააფიქრა კონსერვატორები და უეცრად კონსერვატორთა გაზეთს Times-ში გამოტყვრა, რომ ვითომ პარნელი და, მაშასადამე, მისი მომხრენი, თავისი მოწონებითა და ქებით აქეზებდნენ კაცისკვლას ირლანდიაშიო. 1882 წ. ირლანდიაში მოჰკლეს სტატს-სეკრეტარი კავენდიში და მისი თანაშემწე ბორკი. Times-ი ამბობდა, ვითომ პარნელს მოსწონებოდეს ეს ამბავი და მკვლელთათვის ქება შეეთვალოს წერილით. Times-მა ამის დასამტკიცებლად დაჰბეჭდა წერილი, ვითომც პარნელისაგან მიწერილი. რასაკვირველია, ეს ამბავი სახელს უტეხდა როგორც თვითონ პარნელსა, ისეც მის მიერ მოძღვრებულ საქმესა, და ამ სახელგატეხილს კაცს და მის საქმეს მთლად გაუგრილდებოდნენ ინგლისელნი, თუ ეს გამართლდებოდა. ამ გზით ევნებოდა თვით ირლანდიის საქმესა, მის ამტეხელს გლადსტონსა და მის დასსა, რადგანც კაცისკვლით წარმართული საქმე ყველასათვის თავზარდამცემია და შეუწყნარებელი და თვით ამის მომქმედნი კაცნიც შესაზარელნი არიან.


პარნელმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ყოველივე ეგ ტყუილია და თითონ წერილებიც, Times-ში დაბეჭდილი, ყალბი წერილებია, სხვისი დაწერილია და არა ჩემიო. პარნელმა და ირლანდიის საქმის მომხრეებმა მაშინვე სთხოვეს მთავრობას — პარლამენტის კომისია დაინიშნოს ამ წერილების ამბის გამოსაძიებლად, მაგრამ სალუსბერის მორჩილმა უფროს-ერთმა ნაწილმა პარლამენტისამ ეს არა ჰქმნა, თითქმის წელიწადზე მეტი ხანი გაიყვანა და მხოლოდ მას შემდეგ მთავრობამ დაჰნიშნა სამსჯავრო კომისია. ამ კომისისამ ეხლახან გაათავა საქმე და გამოჩნდა, რომ წერილი, რომელსაც Times-ი აბრალებდა პარნელს, ამ გაზეთს უყიდნია ვიღაც პიგოტისაგან. ეს პიგოტი გაიტეხინა პარნელის ვექილმა და დღეს სასამართლოს ხელში აქვს პიგოტის მიერ დაწერილი განცხადება, რომ Times-ში დაბეჭდილი წერილი ტყუილია, მე შევთხზე და მევე მივამსგავსე პარნელის ხელსაო. ამბობენ, ეს პროცესი გაზეთს Times-ს ნახევარ მილიონად დაუჯდაო.


ხოლო საქმე ის-კი არ არის, ვის რამდენად დაუჯდა ეს უცნაური საქმე, საქმე ის არის, რომ ამისთანა საძაგელი ამბავი თავზედ დაატყდა მთელს კონსერვატორთა დასსა, რომელიც პარნელის პროცესისაგან მოელოდა თვის გაძლიერებას და მოწინააღმდეგეთა პირქვე დამხობასა.



როცა ბრალმდებელმა 14 თებერვალს სასამართლოს წინაშე გამოაცხადა, რომ მე მომივიდა წერილი პიგოტისა და იგი აცხადებს, რომ მე შევადგინე ტყუილი წერილი პარნელის სახელობითაო, მაშინ ადგა ვექილი პარნელისა და სთქვა: „უმორჩილესად ვთხოვ ყოვლად უპატივცემულესს მსაჯულებს, ხელი შეუწყონ მართლმსაჯულებას გამოამხილოს იდუმალი ხვანჯები და ინტრიგები. შეუნდობარი ხელის დაფარება იქნება, თუ მართალს დამნაშავეებს ღონე მიეცემათ სასამართლოს ხელიდამ გაუძვრნენო“. ეხლა საქმე იმაზეა მიმდგარი, რომ ცხადად დამტკიცდეს Times-ისა და პიგოტის სიყალბის ურთიერთობა, და აგრეთვე ურთიერთობა ამ სიყალბისა და მის დიდებულების მინისტრებისა. ამ გზით უნდა გამომხილდეს საქვეყნოდ ის საზიზღარი შეთქმულება, რომელიც განსაკუთრებით იმისათვის არის მოგონილი, რომ ავნონ პარნელსა და მასთან ერთად ირლანდიის საქმესაცაო“.


ყოველ ამასთან ისიც გამოჩნდა, რომ პიგოტი სადღაც გააპარეს და გადაჰკარგეს. ეს მით უფრო გულს უმღვრევს და სწყინს ინგლისის ერსა, რომ სამი კაცი ჰყოლია პიგოტს მთავრობის მიერ ჩუმად მიჩენილი, რომ არსად არ დაემალოს სამართალსა. ამ პიგოტის უეცრად გაქრობაზედ პარნელის ვექილმა სთქვა: „არ ვიცი, გაზეთი Times-ი რას იტყვის, რომ პიგოტი ასე უეცრად გაჰქრა და ჩვენის მხრით-კი ამას ვიტყვით, რომ მოვითხოვთ ამ გამოძიებას თავისი გზა და დასასრული მიეცეს, რადგანაც პიგოტის ზურგთ უკან სხვაც ბევრია აფარებულიო“.


ამ სახით გამოდის, რომ კონსერვატორები არაფერს ავზნეობას არ ჰთაკილობდნენ, ოღონდ-კი საქმე წაეხდინათ ირლანდიელებისა და ლიბერალებისათვის. ბოლოს ისე მოუხდათ წადილი და დანაპირები, რომ სხვისათვის გათხრილს ორმოში თვითონვე ტყაპატყუპით ჩასცვივდნენ. ეს ამბავი უქმად არ ჩაუვლის სალუსბერის სამინისტროს. გლადსტონელნი პირველ შემთხვევაშივე პარლამენტში მოითხოვენ ამის პასუხს და არავინ იცის, რით გათავდება ეს აბრუგატეხილობა ეხლანდელი სამინისტროსი. ადვილად საფიქრებელია, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ეხლანდელი პარლამენტი დათხოვნილ იქმნას, ახალი საერთო არჩევანები დაინიშნოს და ამ მხრით ეკითხოს ინგლისის ერს, რას ჰფიქრობს ამისთანა საქმეთა მსვლელობაზედ და ვისი მომხრეობა სურს, გლადსტონისა, თუ სალუსბერის დასისა.


ჩვენ ის საოცარი და საზიზღარი ამბავი, რომელიც პარნელის პროცესმა გამოაქვეყნა, ისეთის მნიშვნელობისა გვგონია, რომ იგი ანდერძს აუგებს სალუსბერს და მის მომხრეებსა. ბევრი ხანი არ გაივლის და ლიბერალთა დასი მიწვეულ იქნება ინგლისის საქმეთა გამგეობისათვის და სახელოვანს მოხუცს გლადსტონს ისევ მთავარმინისტრის ტახტზედ ვნახავთ ინგლისში. თუ ეს მოხდა, მაშინ პოლიტიკამ მთელის ევროპისამ ამ შემთხვევას უნდა შეუფეროს თავისი ავკარგიანობა და მიმართულება, რადგანაც ინგლისი იმ მდგომარეობაშია დაყენებული ორად გაყოფილ ევროპის შორის, რომ ამ ორ ნაწილში ის დაიჭერს ხელში ევროპის საქმეთა მსვლელობის სადავეს, რომელსაც ინგლისი მიემხრობა; და რას და ვის ემხრობა გლადსტონი და მისი თანამოაზრენი, ეგ ხომ წინათვე ყველამ კარგად იცის.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page