ევროპის დიდი და პატარა ონავრები
- nino otiashvili
- Nov 27, 2023
- 4 min read
ტფილისი, 20 იანვარი, 1890 წელი
დასავლეთს ევროპას, დიდ ატლანტიკის ოკეანეს პირად, ისპანიის გვერდით, არის ერთი პატარა სახელმწიფო - პორტუგალია. ეს დღეს პატარა და უღონო სახელმწიფო ერთს დროს დიდ ამბავში ყოფილა. მისი გაბედულნი და გულსრულნი მკვიდრნი ერთს დროს განთქმულნი იყვნენ ზღვებზე სავაჭროდ სიარულითა და დიდძალი სიმდიდრე და ქონება შეჰქონდათ თავის ქვეყანაში. ამ ბედნიერ ხანაში პორტუგალიამ ბევრი ადგილი დაიჭირა თავის გათამამებულ მკვიდრთა გულმოდგინებით და მხნეობითა და ბევრი ახალშენი (კოლონია) აიჩინა შორეულ ქვეყნებში, საცა-კი მიაწვდინა თავისი ხომალდი, თავისი გემი. ერთი დრო არავის შერჩენიაო, ნათქვამია. ბევრმა ისტორიულმა მიზეზმა უკან დააყენა ეს ერთს დროს ცოტად თუ ბევრად გაღონიერებული ქვეყანა და ჩვენს დროს იქამდე დააქვევითა, რომ როცა ევროპის საქმეთა აშლილობა ასე თუ ისე ააწიოკებს ევროპას, პორტუგალიის ხსენებაც-კი არსად არის ხოლმე: არც მისი მოყვრობაა ვისთვისმე სახარბიელო და არც მისი მტრობა საფიქრებელი. ერთი მუჭა ქვეყანაა და ერთი მუჭა ხალხი, და რა სათვალავსა და ანგარიშში მოსატანია ევროპისათვის, საცა მარტო დიდს მუშტსა და გრძელს მკლავსა აქვს ხმა და პატივი.
ამ პატარა ქვეყანას თავისი საკუთარი მეფე ჰყავს და თავისი საკუთარი კონსტიტუცია აქვს და იყო დღეს-აქამომდე თავის-თავად, ცოტად თუ ბევრად კმაყოფილი და ყოვლად უნაღვლელი გარედამ, თავის საკმაოდ შეღავათიან კონსტიტუციის მფარველობის ქვეშ. ჰპატრონობდა ავად თუ კარგად იმ ქვეყნებს, რომელიც ერთს დროს დაეჭირა და რომელთაგანაც ბევრი აღარა შეარჩინეს-რა დიდმა სვავებმა. ერთი ამისთანა ძველადვე დაჭერილი ადგილი ჰქონდა პორტუგალიას აფრიკაშიაც. ეჭირა ეს ქვეყანა, თუმცა ბევრს არას ჰრჩებოდა და უქმად ეგდო ასე, რომ თითქმის თავმინებებული იყო პორტუგალიისაგან. როცა-კი გერმანიამ და ინგლისმა ამ ბოლოს ხანებში თავიანთი ხარბი თვალი აფრიკას მიჰმართეს, დაიჭირეს ადგილები და დაიწყეს აქეთ-იქით გაწევა, პატარა პორტუგალიაც შეფუცხუნდა, — იმ ჩემ მიერ უპატრონოდ დაგდებულ მამულს ხელი არავინ ჩაავლოსო და შეუდგა იმ მამულის შერჩენის თადარიგსა.
თურმე ნუ იტყვით, იქაურ მკვიდრთა როგორღაც შესჩენიან ინგლისელები, მოუნადირნიათ იმათი გული ბევრგვარის ოსტატობით, დაჰპირებიან მფარველობას, და მფარველობის ნიშნად თავისი ბაირაღებიც დაურიგებიათ. ერთი მაიორი პორტუგალიის მხედრობისა რომ მისულა იქ ეხლახან პორტუგალიის სახელით, ინგლისელთაგან გულმოცემულ მკვიდრთა შორს დაუჭერიათ პორტუგალიის ბატონობა. საქმე საომრად გამხდარა. პორტუგალიის მაიორს დაუმარცხებია მკვიდრნი და ინგლისელთაგან ბოძებული ბაირაღები ორიოდე დაუყრევინებია. იწყინა ეს ამბავი ინგლისმა, როგორ თუ შენ გააუპატიურე ჩემი ბაირაღებიო: როგორ თუ გაჰბედე და ჩემ კალთის ქვეშ მყოფი ქვეყანა გამილახეო, შეუთვალა პორტუგალიას ინგლისმა. აბა ეს ღონიერი და ძლიერი ინგლისი ერთის მხრით და ეს უღონო პორტუგალია -მეორეს მხრით!.. მოდი და ნუ მოიბუზები. რადა ჰნებულობ ეგრე ცხარედ ლაპარაკსაო, უპასუხა პორტუგალიამ კრძალვით: სამართალი ხომ აქ არის, ამოვარჩიოთ შუაკაცები და ვისაც აკუთვნებენ იმ ქვეყანას, აკუთვნონო.
ნეტა ღონიერი და ძლიერი ინგლისი რად იკადრებდა სამართალს, როცა მოპირისპირედ უღონო პატარა პორტუგალია უდგა. საცა ერთის მხრით პირდაღებული ვეშაპია და მეორეს მხრით - მობუზული კრავი, იქ, ეხლანდელს დროში, სამართალს დაეკითხებაღა ვინმე?.. განათლებულმა ინგლისმა ეს იუარა და შეუთვალა, ხელი აიღე, თორემ მიწასთან გაგასწორებო. „ძალა შესწევს ქადილსა“ და საწყალმა პორტუგალიამ ხმა გაიკმინდა.
ერი პორტუგალიისა აიმღვრა, აირია, გულზე მოვიდა, რომ ინგლისმა თავისი ძლიერი მუშტი მოუღერა უღონოსა და სუსტს პორტუგალიასა და არ-დასათმობი დაათმობინა. პორტუგალიის ერმა ძალიან კარგად იცის, რომ ძალა აღმართსა ჰხნავს, რომ ინგლისთან გამკლავება ქვეყნის დაღუპვა და გათახსირება იქნება. ომი ვერ გაუბედა ხმალდახმალ, მაგრამ გულმოდგინე მამულიშვილობამ სხვარიგ ომისათვის გამოაღებინა ხელი პორტუგალიის ერსა. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ინგლისს პორტუგალიაში დიდი ვაჭრობა აქვს. აი, სწორედ აქ იყარეს ჯავრი ინგლისელებისა. თუ ხმალით ვერას დავაკლებთ, ჯიბეს ხომ ცოტად თუ ბევრად მოვაჭრითო, - სთქვეს და აიღეს და ყოველივე აღებ-მიცემობა ამოჰკვეთეს ინგლისთან. დააკეტვინეს რაც მაღაზიები და სავაჭროები ჰქონდათ ინგლისელებს დიდს ქალაქებში, მარტო ოთხს თუ ხუთს სოვდაგარს ლონდონში შეკვეთილი ჰქონიათ ათის მილიონის საქონელი და დეპეშით შეუთვლიათ - შეკვეთილზე ხელი აგვიღიაო. ამისთანავე დეპეშას ჰგზავნიან ლონდონში სხვა სოვდაგრებიცა. ვისაც-კი სადმე ინგლისელი ჰყოლია საქმეზე, დაუთხოვნია; ვისაც შვილები ჰყოლია ლონდონში გასაზრდელად მიბარებული, ყველას უკანვე წამოუყვანია. ერთის სიტყვით, რასაც და ვისაც-კი ინგლისისა რამ აცხია, ყველას შემოსწყრომიან, ყველას მოჰრიდებიან.
გარდა ამისა, რომ კვლავაც უღონობის გამო არ დაიჩაგრონ ვისგანმე, მამულიშვილობით აფრთოვანებულს ერს მოუწადინებია სამერმისოდ მაინც ღონე მოიცენ და ამისათვის ნებაყოფლობით გაუწერიათ ერთმანეთში ფული, რომ მხედრობა გაიძლიერონ და მოაწყონ ყოველ შემთხვევისათვის. ერთს ძალიან მდიდარს მამულიშვილს შეუწირავს ამისათვის სრული შემოსავალი მთელის ერთის წლისა, და ამბობენ, რომ აუარებელი შესაწევარი მოდის დიდისა და პატარისაგანაო.
ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, განსაცდელი რამ, გულზე ხელს კი არ აკრებინებს, როგორც იმედგადაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძებს, ძლიერ მისძრავ-მოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურება და განსაცდელი. პორტუგალიამ სწორედ ამისთანა დიდგულოვნობა და დიდსულოვნობა გამოიჩინა და ამით მთელის ქვეყნის თანაგრძნობა და პატივი მოიპოვა. პატარაა ეს პორტუგალია, მაგრამ ამ მხრით-კი კარგი ყოფილა!.. თვით ის დავიდარაბა-კი, რომელმაც ეს ამბავი გამოიწვია პორტუგალიაში, მაგდენი არაფერია არც პორტუგალიის და არც ინგლისის სასახელოდ. ერთი კაცმა ჰკითხოს ერთსაცა და მეორესაც, ნეტა ვის ტაბლაზე ჰჩხუბობენ? იმ ქვეყანას, რომელსაც ესენი ერთმანეთს ედავებიან, თავისი მკვიდრნი, თავისი შვილები ჰყავს, და ან ინგლისს რა ხელი აქვს, ან პორტუგალიას. იქაურებს თავისი ქვეყანა თავისთვის უნდათ, და რაო ჩემოო? რა თქმა უნდა, ერთმაცა და მეორემაც რომ თავი დაანებონ, იქაურნი ორსავ ხელით ღმერთს მადლობას შესწირვენ, კარგად თუ ავად ამ წუთისსოფელს თითონ გაუძღვებიან, არც ერთისაგან, არც მეორისაგან ძალად ცხონებას არ ინდომებენ, მაგრამ რას იზმენ საწყლები? ორთა-შუა მომწყვდეულან და უილაჯობით ვაის გაურბიან, იმის არ მცოდნენი, რომ ვუის შეეყრებიან. ერთისა და მეორისაგან იმ გზითვე იჩაგრებიან, რა გზითაც დღეს იჩაგრება პორტუგალია ინგლისისაგან.
სამართალიო, იძახის პორტუგალია. ქვეყანაზე რომ სამართალი იყოს, ინგლისსაც პირში ჩალას გამოავლებდა და პორტუგალიასაც. საიდამ მოსულხართ, იქავ წადითო, თქვენ იქ ხელი არა გაქვთ, იქაური პატრონები - იქაურივე მკვიდრნი არიან და თქვენ რაზე შესჩენიხართ ჭიასავით. მაგრამ სად არის ეს სამართალი? იგი თვალწინ ლამპარსავით უნთია ადამიანს მარტო იმ დრომდე, ვიდრე გახელებული ძალა არ მოვა და ერთის შებერვით არ ჩააქრობს ხოლმე.

