ევროპა 1886 წელს
- nino otiashvili
- Nov 27, 2023
- 27 min read
ტფილისი, 25 თებერვალს, 1886 წ.
სახელოვანის ინგლისის მეცნიერის - დარვინის მიერ ეჭვგარეთ დაყენებული კანონი, რომელსაც „ბრძოლას არსებობისათვის“ ეძახიან, სათავეა ყოველის მოძრაობისა, რასაც-კი დღეს ჩვენის თვალითა ვხედავთ სახელმწიფოთა შორის. ამიტომაც მეტი არ იქნება თვალი გაკვრით მაინც გადავავლოთ თვითოეულს სახელმწიფოს ევროპისას, და იმოდენად, რამოდენადაც გაზეთის მეთაური წერილი ნებას მოგვცემს, ავნიშნოთ, ვის რა ტკივილი აქვს შინ, თუ გარეთა, ვის რა იმისთანა „წვრილი“ აქვს, რომელიც გასაფრთხილებელია, რომ არ გასწყდეს.
**
ერთი ძლიერი სახელმწიფო დღეს საფრანგეთია, სხვათა შორის. ბისმარკის ოსტატურმა პოლიტიკამ და მოლტკეს გაწყობილმა ჯარმა უკან მიაყენა ეს ქვეყანა, რომელიც 1870 წლამდე სათავეში ედგა ყველაფერს ევროპაში და რომლის სიტყვასაც ყველა მოწიწებით და რიდით ისმენდა. მას აქეთ მარტო ერთმა გერმანიამ დაინარჩუნა ბურთი და მოედანი ევროპისა. მას აქეთია საფრანგეთი დიდის გულისტკივილით გაიყურება რეინისაკენ და გერმანიისაგან წართმეულს ელზას-ლოტარინგიას გასტირის. ჯერ ეს საზარელი ნივთიერი და მერე თავმოწონებული სითამამე საფრანგეთის ერისა, შეგინებული, დამარცხებული და დამცირებული ქვეყნის წინაშე სიამაყე ამაყის საფრანგეთისა, - ორივ ერთად წყლულსავით ჩაჰსდგომია გულში საფრანგეთს და მოსვენებას არ აძლევს. არ არის არც ერთი კაცი საფრანგეთში, რომ არ ნატრულობდეს ხელახლად გამკლავებას, ხელახლად შეჭიდებას, მაგრამ საფრანგეთმაკარგად იცის, რომ დრონი მეფობენ. უმთავრესი ტკივილი ეს არის საგარეო საქმეებში, ყველასაგან ცნობილი, ყველასაგან აღიარებული. არ ვიცით, რას არ დაჰსთმობს საფრანგეთი, ოღონდ ეს ხელახლად გამკლავების დღე მოიმარჯვოს. ბისმარკმა ეს ძალიან კარგად იცის. ისიც იცის, რომ ეს დღე გერმანიისათვის აუცილებელია, როცა იქნება მოვა. იგი, როგორც ჭკვიანი და შორსმხედველი კაცი, იმას კი არ ჰსცდილობს - აუცილებელი აიცილოს, არამედ იმას, რომ იმ დღემ ან მარტოდმარტო შეახვედროს საფრანგეთს, ან მაშინ, როცა საფრანგეთს სხვა მტერიც აუჩნდება.
ვაჭრობის ცილობამ ევროპაში საფრანგეთი აიძულა თავისის ნაწარმოებ საქონლის გასასაღებლად შორს ქვეყნებში კოლონიები დაეჭირა. შეცდომა იყო ეს საფრანგეთის მიერ, თუ არ იყო, ჩვენ ამაზედ არას ვიტყვით, მხოლოდ ეს ვიცით, რომ ბისმარკი ძალიან ხელს უწყობდა საფრანგეთსა, ოღონდ მე-კი თვალი მომაშორეო და საცა გინდა ფეხი გაიდგიო. საფრანგეთმა ჯერ ტუნისს წაავლო ხელი, პატრონობა დაიჩემა, და ამით ძალიან მოიმდურა თავისი თითქმის მუდამი მოყვარე იტალია, რომელსაც თავისი საბუთი ჰქონდა ტუნისის დაჭერისა. ეს რომ გაათავა, ტონკინისაკენ გაიწია საფრანგეთმა. ბევრი ანაცვალა ტონკინს ფული, თუ კაცი, და აქაც ამის გამო ერთი დაუძინებელი მტერი აიჩინა — ჩინეთი. ბისმარკს ჯერ ეს მტრების აჩენა უხაროდა და მერე საფრანგეთის ასე შორს გატყუება და გაბმა. ეხლა ეგვიპტის საქმის გამო საიდღამღაც გაუტყვრა კინკლაობა საფრანგეთს ინგლისთან და იქამდე მიაღწია, რომ ერთმანეთზედ გული კარგად საგრძნობელად გაუგრილა. არც ეს ეწყინა, რასაკვირველია, ბისმარკს, რომელსაც, ვინ იცის, იქნება ყოველ ამის თოკის წვერიც ხელში ეჭირა.
ეს გარეთი ამბავი საფრანგეთისა. შიგნით, ხომ მოგეხსენებათ, რა ტკივილები აქვს. რესპუბლიკა, ესე იგი ახლანდელი წყობა საფრანგეთისა, ჯერ კიდევ როგორღაც საფრთხეშია. ამ უკანასკნელმა არჩევანმა საფრანგეთს თვალი აუხილა მასზედ, რომ მონარქიელები ჯერ კიდევ ღონეს იჩენენ და იმედს არა ჰკარგავენ რესპუბლიკის დამხობისას. ბონაპარტელები, ორლეანელნი და სხვა მონარქიელნი, თუმცა შორი-შორს არიან ერთმანეთზედ, მაგრამ საერთო მტრად კი რესპუბლიკას ჰხადიან, და ვიდრე რესპუბლიკას ებრძვიან, ერთად ებრძვიან. რასაკვირველია, როცა კაცის დასახელებაზედ მივარდება საქმე, — აბა მონარქად ვინ გინდათო, — მაშინ დღევანდელნი მოყვარენი, ბონაპარტელები, ორლეანელები და სხვანი ერთმანეთს შესაჭმელადაც არ დაინდობენ.ხოლო ამ დღემდე ისინი ერთად იღვწიან. ამას ყურადღება მიაქციეს რესპუბლიკელებმა და პალატას სთხოვეს კიდეც, გააძევეთ საფრანგეთიდან ყველანი, ვინც-კი სამეფო გვარეულობას ეკუთვნიანო. თუმცა ამისათვის ამორჩეულმა კომისიამ პალატისამ არ შეიწყნარა ეს თხოვნა, მაგრამ მარტო ეს ამბავი საკმაო საბუთია ვიგულისხმოთ, რომ შიში მონარქიელებისა ასე თუ ისე არსებობს საფრანგეთში.
ამ ბოლო ხანებში რომ დეზაკვილის ქვანახშირის თხრილებში მუშების არეულობა მოხდა, რომელიც თხრილების პატრონის ვეტერანის მოკვლით გათავდა და სხვა ამისთანანი, - ცხადად ამტკიცებენ, რომ სარჩო-საბადებელი მუშებისათვის საფრანგეთშიაც ადვილი საშოვარი არ არის. ამ მხრითაც შინაური განწყობილება საფრანგეთისა, რომელსაც აუარებელი უსახლ-კარო, უბინაო ხელცარიელი მუშა ჰყავს, ბევრს ავს მოასწავებს, და საფრანგეთის ბედის ეხლანდელ გამგეთათვის, როგორც თვით საფრანგეთისათვისაც, მწვავს ტკივილს შეადგენს. საზოგადოდ, მუშათა საქმე ყველა სახელმწიფოს ტკივილია ევროპაში და ეხლა რომ ინგლისში მუშათა აღრევა მოხდა, შესაძლოა ცეცხლისავით მოედოს მთელს ევროპასა, თუ არა უწამლეს რა. ესეთი შინაური ამბები ნებას არ აძლევენ საფრანგეთის გამგებელთა მთელის სულით და გულით საგარეო საქმეებს მიეცნენ და ღონე ამ საქმეთათვის სრულად მოიკრიბონ.
**
ტფილისი, 13 თებერვალი, 1886 წ.
მეორე დიდი და ძლიერი სახელმწიფო ევროპაში ეგრეთწოდებული დიდი-ბრიტანიაა, ანუ უკეთ ვსთქვათ, ინგლისი. ინგლისი, შოტლანდიით და ირლანდიით, ევროპისაგან მოწყვეტილი უშველებელი კუნძულია. იმისი შესავალი და გასავალი ოთხსავ კუთხივ ზღვა არის. ამისთანა მდებარეობამ ინგლისის საგარეო ისტორია ისე წარმართა, რომ ზღვით და ზღვებით უნდა ეცხოვრა. ამიტომაც, როცა შინ ცოტაოდნად მაინც ფრთები შეისხა, მაშინვე საკოლონიო პოლიტიკას დაადგა. თუმცა აქ მოცილენი გაუჩნდნენ, მაგალითებრ, ისპანია, პორტუგალია და ჰოლანდია, და ამა მოცილეთა არა ერთხელ დაასწრეს ზღვის პირების დაჭერა აზიასა, აფრიკასა თუ ამერიკაში, მაგრამ ინგლისმა მაინც იმოდენა დიდი ლუკმა მოიგდო ხელში, რომ ზღვათა მფლობელად დღესაც სამართლიანად იწოდება. რასაკვირველია, ამ საკოლონიო პოლიტიკის სათავე კაცმა თავდაპირველ ინგლისის მდებარეობაში უნდა მონახოს, როგორც ზემოდა ვსთქვით, მაგრამ ერთიც სხვა მიზეზია, რომ ინგლისი ასეთის მხნეობით და ღვაწლით გარე ქვეყნებისაკენ იწევს და თითქო ბინას იკეთებს. მთელის ინგლისის ადგილ-მამული თითქმის მარტო 30.000 კაცს ეკუთვნის. დანარჩენი მთელი ერი უადგილ-მამულოა.ამისთანა უსამართლოდ განაწილებას ადგილ-მამულისას ერთი სხვა უბედურობაც ზედ მოჰყვა. როცა ჟამთა ვითარებისა გამო მატყლმა მეტად აიწია და დიდი ფასი დაიდო, ბევრმა ადგილ-მამულის პატრონმა — საყანე, სახნავ-სათესი მამულები საძოვრებად გადააქცია და აუარებელი მხვნელ-მთესველი ხალხი, რომელიც მაგ მამულებზედ ქირით თუ იჯარით ჰსცხოვრობდა, სულ ცარიელზედ დარჩა. აქედამ წარმოსდგა იგი შესაბრალისი ხალხი, რომელსაც საცხოვრებლად თვისი მარჯვენაღა აქვს და სხვა არაფერი და რომელსაც პროლეტარიატს ეძახიან. დასაწყისი ამ პროლეტარიატისა უმთავრესად ეს იყო, და თქმა არ უნდა, რომ დროთა მიმავლობაში ამ მიზეზს სხვა მიზეზებიც დაემატა და პროლეტარიატობა გააძლიერა. თუმცა აუარებელმა მრეწველობამ, ფაბრიკებმა და ქარხნებმა, როგორც ღრუბელმა შეიწურა ეს უბინაო ხალხი, მაგრამ საკმაო იყო ერთს რომელსამე მრეწველობაში კრიზისი მომხდარიყო, როგორც ამერიკელების ომის დროს — ბამბეულობათა ქარხნების კრიზისი, რომ დიდძალი მშიერი და უბინაო მუშახალხი ცის ანაბარას დარჩენილიყო. ეს ერთი. მეორეც ისა, რომ სიმრავლეს უმამულო მუშახალხისას ვერ აუვიდა ინგლისის ძლიერი და აუარებელი მრეწველობაცა. მრავალი მუშახალხი უსაქმოდ ჰრჩება. ამის გამო წარმოუდგენელია ის სიღარიბე, ის სიღატაკე, ის განწირულობა, რომელიც ასე გულსაკლავად ჰღაღადებს ინგლისის ყოველს დიდს ქალაქში და ნამეტნავად ლონდონში. ამ უშველებელს ბოღამს სახურავის ახდა უნდა, რომ გასვლის გზა მიეცეს, გავიდეს, თორემ როგორც ქვაბში მომწყვდეული ორთქლი, ქვაბსაც გახეთქს და გარშამოსაც მილეწ-მოლეწავს. ეს კარგად იცის საქმიანმა და ჭკვიანმა ინგლისელმა და ამიტომაც ეტანება სხვა ქვეყნებში დაიჭიროს ადგილები, რომ მეტი ხალხი გაიზიდოს ინგლისიდამ და ბინა ახლად დაჭერილს ქვეყნებში მოიკიდოს. ეს მეორე მიზეზი საკოლონიო პოლიტიკისა. მესამე მიზეზი კიდევ აუარებელი მრეწველობაა. დიდძალს საქონელს ჰქმნის ინგლისი. ამ საქონელს გასაღება უნდა. ევროპა ვეღარ იტევს სიმრავლეს საქონლისას და ერთმანეთში გაძლიერებული ცილობაც ხელს უცრის. ვაჭრობის გზის გასახსნელად, საქონლის გასასაღებლად სხვა უფრო შორეული ქვეყნებიღაა, ნამეტნავად ის ქვეყნები, რომელთაც ზღვა აქვთ შესავალად. ინდოეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აზიაში, მთელი აფრიკა, სამხრეთი ამერიკისა და სხვანი - სულ კაი ლუკმაა საქონლის აღებ-მიცემობისათვის. ბოლოს დროს ასე გაუჭირა საქმე სხვა სახელმწიფოებსაც ამ საქონლის უმუშტრობამ, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამაც-კი საკოლონიო პოლიტიკას ჩაჰკიდეს მაგრად ხელი და ამ სახით ზღვათამფლობელსა ინგლისს მოცილედ გაუხდნენ.
ინგლისს ყველაზედ დიდი ადგილები უჭირავს ევროპის გარეთ სხვა ქვეყნებში. ერთი უდიდესი მათგანი ინდოეთია. როგორც თავის ორის თვალის ჩინს, ისე უფრთხილდება ინგლისი არამცთუ მარტო ამ დიდს ინდოეთს, არამედ სხვა კოლონიებსაც. ერთი საუკეთესო ზღვის გზა კოლონიებისაკენ საერთოდ - და ინდოეთისაკენ საკუთრივ - ხმელთაშუა ზღვაზედ უდევს ინგლისსა, მეორე სუეზის დიდს არხზედ ეგვიპტეში. ამას ზედ დაუმატეთ, რომ ხმელთაშუა ზღვის ნაპირები იტალიის მერმეთ ოსმალოსა და ბერძნებს უჭირავთ, რომ ოსმალეთის ასეთი თუ ისეთი მფლობელობა ძლიერ დამოკიდებულია ბალკანიის ნახევარკუნძულის ავკარგიანობაზედ, საბერძნეთის ღონის მეტნაკლებობაზედ, - ცხადი იქნება, რას იტკივებს ხოლმე ინგლისი, როცა ეგრეთწოდებული აღმოსავლეთის საქმე გატყვრება ევროპაში. აქედამ ისიც ცხადია, რისთვისაც ჰღვრის იმოდენა სისხლს ეგვიპტის გამო, ჰღუპავს იმოდენა ფულსა, და გარდა ამისა იმდურებს ეგვიპტის გამო საფრანგეთსაც. ავსტრიას რომ გლადსტონმა ერთხელ თითი დაუქნია და მრისხანედ დაუძახა: „ხელები უკანაო“ - ამისი მიზეზი ის არის, რომ კუდიანი ავსტრია ჩუმ-ჩუმად მიცოცავს ადრიატიკის ზღვისაკენ, ამ ზღვით ჰსურს გზა გაიხსნას და ხმელთაშუა ზღვაზედ გავიდეს. აბა ინგლისი ხელს რად შეუწყობს? რად მოინდომებს მეტი მეტოქე აიჩინოს იქ, საცა ეხლა თითქმის მარტო თვითონ ჰბატონობს.
ინდოეთისაკენ ხმელეთზედაც ერთი გზა მიდის, ხოლო ეს გზა რუსეთს უჭირავს. ეგრეთწოდებული ავღანისტანის საქმე, რომელმაც შარშან ასეთი ალიაქოთი ასტეხა, სხვა არა არის რა გარდა იმისა, რომ ინგლისს უნდა რუსეთს ეს გზა შეუკრას და ავღანისტანი წინ გადუღობოს, რადგანაც რუსეთსა და ინდოეთის შუა ავღანისტანია გადახარიხებული. ამიტომაც საქმე ისე გათავდა ინგლისსა და რუსეთს შორის, რომ ავღანისტანის და რუსეთის შუა მიჯნა დაიდვას, რომელსაც არც ერთი უნდა გადავიდეს და არც მეორე. ინგლისის გარეთი საქმეები ამაზედ ჰტრიალებს და ტკივილიც მაშინ გაუმწვავდება ხოლმე, როცა ისეთი ამბავი რამ გამოტყვრება, რომელიც ცოტად თუ ბევრად, შორიდამ თუ ახლოდამ, ამ საქმეებს შეეხება.
**
ტფილისი, 14 თებერვალი, 1886 წ.
შიგნით ინგლისს ბევრი ტკივილი აქვს და მათ შორის სამი მეტად დიდი. ერთი ის აღონებს ინგლისს, რომ კოლონიები როგორღაც ვერ ემორჩილებიან, თუმცა, უნდა მართალი ვსთქვათ, ინგლისი ურიგოდ არ ექცევა. მართალია, ინგლისს ჰსწამებენ, რომ კოლონიებს წურბელასავითა ჰსწოვსო, სარჩო-საბადებელს არ არჩენს და სულ თავისაკენ ითლისო, მაგრამ ყოველს ამაში ზოგი რომ მართალი იყოს, ათასი ტყუილია. განწყობილება კოლონიებისა, მათი გამგეობა, ისეთია, რომ ბევრს ენატრება. ახლა ადამიანის მუდამი სურვილი უკეთესობისა ხომ მოგეხსენებათ? აი სწორედ ეს უკვდავი სურვილი უფროა მიზეზი იმისთანა მოვლენისა, რომ, მაგალითებრ, კანადა შარშან აუჯანყდა ინგლისსა და აჯანყების მოთავე რიელი სიკვდილით დაისაჯა. კანადაში, ინგლისის მფლობელობას ცოტა არ იყოს საძირკველი შეერყა.
ამას ინგლისი ასე თუ ისე კიდევ გაუძლებს, რომ გვერდით უფრო დიდი სატკივარი არ ასჩენოდა. ეგ სატკივარი ირლანდიის საქმეა. მტერ-მოყვარენი ინგლისისა, რა თქმა უნდა, არც ფულს და არც წაქეზებას არა ჰზოგვენ, რომ ეგ კერა ყოველთვის ჰღუოდეს საფრთხედ ინგლისის სამინისტროსი.
ირლანდიის საქმის გამო ორნაირი აზრი ჰტრიალებს დღეს ინგლისშია. მეთაური ლიბერალებისა გლადსტონი, რომელსაც დღეს შინაურ საქმეებში ტოლი არა ჰყავს თითქმის მთელსქვეყანაზედ, ირლანდიელების თანამგრძნობია. იგი ამბობს, რომ ირლანდიის დაწყნარება და დამშვიდება ორის საშუალებით შეიძლება მხოლოდო. ერთი, მიწების გამოსყიდვა მიწათმფლობელთაგან და მიწათმომქმედთათვის განაწილება სასყიდლითვე, და მეორე - ირლანდიისათვის თვითმართველობის მინიჭება, ისე-კი, რომ ერთობას ინგლისისას არა ევნოს რაო. საკვირველია, რადიკალების მეთაურნი ჩამბერლენი და დილკი, და ბევრი სხვანი რადიკალები, უკანასკნელს საშუალობას თითქმის უარჰყოფენ. პირველის თანახმანი კი თვით კონსერვატორებიც არიან.პოლიტიკურის კონსერვატორობის და სოცისლური რადიკალობის უკეთესი წარმომადგენელი რანდოლფ ჩერჩილი პირველს საშუალობას ჰპირდებოდა კიდეც ირლანდიელებს, როცა სალუსბერის სამინისტროში იყო. თითონ სალუსბერიც მაშინ ამის უარზედ არ იდგა. მაშასადამე დღევანდელი საკამათო საგანი მარტო მეორე საშუალობაღაა გლადსტონისა. საქმეს სინათლე მოეფინება მხოლოდ მაშინ, როცა პარლამენტი კრებას მოახდენს და ამაზედ ლაპარაკს გაჰმართავს. საქმე ისეთს განწირულებამდე მივიდა, იქამდე გამწვავდა ეს ირლანდიის ტკივილი, რომ მაგას გადაწყვეტილი ან ჰო უნდა, ან არა. ეგ ტკივილი ისეთი რთულია და საშიში ინგლისისათვის, რომ ინგლისს საგარეო საქმისათვის არ აცლის და ხელ-ფეხს უკრავს. ამით ინგლისი იძულებულია ბევრი რამ დაუთმოს თავის მოცილე სახელმწიფოებს და ეს დათმობა ბოლოს ძვირად დაუჯდება. ამიტომაც, არა გვგონია გამოცდილმა გლადსტონმა პირველშივე ამ საქმეს არ ჩაავლოს ხელი და ასე თუ ისე წყურვილი არ გაამთელოს. დანარჩენი რასაკვირველია პარლამენტზეა დამოკიდებული.
დღეს პარლამენტში სამის წყობის დასია. უკვე მოგეხსენებათ, რომ გლადსტონის სახელოვანმა კანონმა სოფლებსაც მიანიჭა არჩევანის ხმა და ამ ბოლოს არჩევანში სოფლებმა სულ ლიბერალები აირჩიეს დეპუტატებად, ქალაქებმა და პარნელისტებმა - კი - უფრო კონსერვატორების მომხრენი. დღეს ინგლისის ქვედა პალატაში არიან ლიბერალები სხვადასხვა ფერისა, რომელთ შორის რადიკალებიც არიან ჩამბერლენის და დილკის დროშის ქვეშ, კონსერვატორები, ესე იგი ტორიები, და პარნელისტები. ამბობენ, თუ ლიბერალები ერთმანეთში მოჰთავსდებიან, მაშინ პარნელისტები ვისაც მიუდგებიან, ის მხარე გაიმარჯვებსო. დღეს ლიბერალების და რადიკალების ერთობას განხეთქილების მიზეზი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ სრულს განხეთქილებამდე საქმეს არ მიუხწევია, რადგანაც გლადსტონის სახელი იკავებს ორსავე მხარეს ერთის დროშის ქვეშ.
ამაზედ თუ არ დიდი, არა ნაკლები ტკივილი ინგლისისა - მუშახალხის აღრევა არის. ეს ასეთი წყლულია, რომ შეიძლება ადამიანი თან გადაიტანოს. თუ იქ, საცა იმოდენა კანონიერი გზა აქვს ყველას თავისი ტკივილი სხვას გააგებინოს, მკურნალთა თვალი და ყურადღება მოიზიდოს და წამალი რამ მოაძებნინოს სულსა და გულში გამჯდარი აქვს, მუშახალხი აიშალა და ძარცვა-გლეჯა დაიწყო, ჰსჩანს, სატკივარი დიდია და ღრმად განძირული აგებულებაში. ინგლისში ამისთანა ამბავი წუთიერს აფეთქებას ვერ მიეწერება: იქაური ხალხი, დიდი თუ პატარა, არამცთუ პატისმცემელია, არამედ თაყვანისმცემელია კანონისა და წესისა. იქ, თუ არ დიდი მიზეზი, ვერაფერი სხვა ვერ გამოიწვევდა ამ დიდს უწესობას. ამითი არის საშიში და გასაფრთხილებელი ეს საქმე. ეს ასეთი საქმეა, რომ მარტო დასაცხრომელი და დამაამებელი მალამო ვერას არგებს, როგორც მაგალითებრ ის ოცი ათასი თუმანი, რომელიც უსაქმოდ დარჩომილთა მუშათათვის ლონდონის ლორდ-მერმა მოაგროვა. ამ საშინელს მიზეზს ძირიანად უნდა აგებულებიდამ ამოჭრა. ეს საშინელი სატკივარი თუმცა კარგახანია ინგლისის აგებულებაში ჰბუდობს, მაგრამ დღეს ისე გამწვავდა, რომ გლადსტონმა და მისმა სამინისტრომ მთელი თავისი დრო და მეცადინეობა ზედ უნდა შეალიოს. თუ მალე არ უპატრონეს და წამალი არ უპოვეს, ინგლისი სხვა საქმეთათვის ბევრს ვეღარ მოიცლის, ევროპის საქმეებს ისე გულდადებით ვეღარ მოჰკიდებს ხელსა, და გამსჭვალული ამ დიდი სენითა შინ, გარეთ საკმაოს ღონით ვეღარ გამოვა და ვეღარ იმოქმედებს. ეს ამბავი ყველაზედ მეტად ბისმარკს უნდა ჰფხანდეს გულს, რადგანაც ამბობენ, რომ ამ ბოლოს ხანებში ბისმარკს სულ ერთი საზარელი ლანდი ელანდებაო: ინგლისმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთმანეთს ხელი არ მიჰსცენო. ჩვენ ბოლოს, როცა ყოველს დიდს სახელმწიფოს ამრიგად ჩამოვუვლით, შევიტყობთ, — თუ რამოდენად საბუთიანია და მოსალოდნელი ამისთანა თვალად დაუჯერებელი ზავი, რომელიც დღეს ბისმარკს ძილს უფრთხობს.
**
ტფილისი, 15 თებერვალი, 1886 წ.
მესამე დიდი სახელმწიფო ევროპისა არის ავსტრო-ვენგრია. მას აქეთ, რაც ნაპოლეონ III- ის პოლიტიკამ ხალხთა ერთმანეთში განწყობისა და მოთავსებისათვის დედააზრად გვარტომობა, ანუ, ვრცლად რომ ვსთქვათ, ეროვნება წამოაყენა, - ამ დედააზრმა ძლიერ გაშალა ფრთა. ამ დედააზრმა ერთად მოუყარა თავი იტალიას და დააბინავა, ამავე დედააზრმა შეაერთა გერმანიაცა და დღეს ჯერი სლავიანებზედ არის მიმდგარი. ეს დევი დედააზრი, ერთხელ გაღვიძებული, ერთხელ დაძრული, იმოდენად ძლიერია, რომ დღეს მის მიერ უკან დახევა შეუძლებელია და არც ჯერ სხვა მისი მსგავსი არა არის-რა ევროპაში, რომ წინ დაუდგეს და გამკლავება გაუბედოს. ეგრეთ წოდებულის აღმოსავლეთის საქმის ძირი ამ დედააზრის მოძრაობაა სლავიანების სამეოხედ.
ისტორიის მსვლელობამ ყველაზედ მეტად სამს დიდს სახელმწიფოს ევროპაში გაუნაწილა სლავიანები: ერთი რუსეთია, მეორე ავსტრია და მესამე ოსმალეთი. რადგანაც ყველანი ჰგრძნობენ, რომ ოსმალეთს ანდერძი უკვე აგებული აქვს ევროპაში, და გაჭირება მარტო იმაშია - მისი სამკვიდრო როგორ გაინაწილონ, ამიტომაც დანარჩენს ორს სახელმწიფოს თვალი ჰრჩებათ ოსმალეთის სლავიანებზედ და თვითოეული ჰსცდილობს - თუ სრულიად არა, დიდი ლუკმა მაინც მოიჭრას თავისთვის. აშკარაა, რომ საცა უფრო მრავალი სლავიანები თავს მოიყრიან, დანარჩენებსაც ზემოთხსენებული ეროვნებური დედააზრი პირს იქით აქმნევინებს, და თუ დროებით ვისმე შეჰრჩებიან, ბოლოს ხელიდამ გამოეცლებიან. ავსტრიას რომ ეს საქმე დაემართოს, თითქმის ცარიელზედ უნდა დასჯდეს და პირველხარისხოვან სახელმწიფოის ტახტიდამ კარგა ძირს ჩამოჰხტეს. ამისთანა ყოფაში ჩავარდნას, რათქმა უნდა, ავსტრია არ მოინდომებს, და არც სხვა სახელმწიფონი მიიყვანენ საქმეს აქამდე, რადგანაც ეგრეთწოდებული „უღელი ევროპის სასწორისა“ გამრუდდება და ერთმხრივ გადიწევს დანარჩენთა საფრთხალად და სამუქაროდ. აქედამ ცხადია - ჯერ ისა, რომ ავსტრიისა და რუსეთის შორის მეტოქეობა ევროპაში იქიდამ წარმომდინარეობს, რომ ერთსაც უნდა სლავიანთა დედააზრის მატარებელი და განმახორციელებელი იყოს და მეორესაც, მეორე ისა, რომ ევროპაც მოწადინებულია ავსტრია ძლიერი იყოს, და ამიტომაც ყოველ შემთხვევაში ესარჩლება, ჰფრთხილობს არავის გააქელვინოს და ეხლანდელი ძლიერება მაინც შეარჩინოს.
ავსტრო-ვენგრიაში უფრო სამი გვარ-ტომობის ერია მომწყვდეული, ვენგერები ანუ მადიარები, ნემენცები და სლავიანები. ეს უკანასკნელნი კარგა მოზრდილს ნაწილს შეადგენენ. ვიდრე ავსტრია გერმანიიდამ გამოიძევოდა, რასაკვირველია მისი არსებობა ნემენცთა გვარტომობაზედ იყო დამყარებული და ყოველი სხვა გვარტომობის ხალხი ნემენცთ გვარტომობას ენაცვლებოდა. ბისმარკის ოსტატურმა პოლიტიკამ ჯერ 1859 წელს შეარყია ავსტრიის მბრძანებლობა გერმანიაში და მერმე 1866 წელს ასეთი საქმე დააწია, რომ ავსტრია კუდაკრეფილი სრულად გამოაძია გერმანიიდამ. ამ ამბავმა იმავ დღეს აიძულა ავსტრია თვისთა დანარჩენთა ხალხთა შორის ამოერჩია ერთ-ერთი უფრო ძლიერი, უფრო მომზადებული, და იმაზედ დაემყარებინა თვისი პოლიტიკური აგებულება და კეთილდღეობა. ამისთანანი აღმოჩნდნენ მადიარები. რადგანაც ერთის მხრით ძველი ტრადიციები ჰაბსბურგის გვარეულობისა, რომელიც დღეს ჰხელმწიფობს ავსტრო-ვენგრიაში, ნემენცობას არ ავიწყებს ავსტრიასა, და უამისოდაც ავსტრიის ნემენცობა ასე თუ ისე ძლიერად ზედმოქმედობს საქმეთა მიმდინარეობაზედ, და მეორეს მხრით მადიარობა ძლიერი აღმოჩნდა თავისის ეროვნებურის ძალღონიერობითა, - ამიტომაც ავსტრია იძულებული შეიქმნა გაორთავებულიყო, თუ ესე შეიძლება თქმა: ორ ცალკე მომქმედ ნაწილად გაიყო, ერთი იმიერ-ლეიტანია და მეორე ამიერ-ლეიტანია (ცისლეიტანია და ტრანსლეიტანია). ორსავე ნაწილს ცალ-ცალკე სამინისტრო აქვს, ცალ- ცალკე პარლამენტი თვითოეულის საკუთარ საქმეების გამგეობისა და მმართველობისათვის. ერთობა ამ ორთა ნაწილთა შორის განხორციელებულია ჯერ იმითი, რომ ერთი ხელმწიფე ჰყავთ, და მეორე იმითი, რომ ჯარი და სახელმწიფო ფინანსები საერთოა და საერთო სახელმწიფო საქმეებში ერთად იღვწიან და მოქმედობენ.
ამ სახით, სლავიანთა მოძრაობაა ის ქსელი ავსტრიის გარეთა საქმეებისა, რომელშიაც გაბმულია დღეს ავსტრო-ვენგრია. გარდა ამისა, თვითონ ნემენცები ავსტრიისა გერმანიისაკენ ძალიან მიიზიდებიან. ესეც ერთი თოკის წვერია, რომელიც ხელთ უპყრია ბისმარკსა და რომელიც ჰხლართავს ერთმანეთში ავსტრო-ვენგრიის და გერმანიის საქმეებსა.
ესეც უნდა ვიქონიოთ სახეში, რომ ავსტრო-ვენგრია ერთს ადგილს მომწყვდეული სახელმწიფოა და ხმელეთიდგან ზღვისაკენ გზა არა აქვს. ესეთი მდებარეობა აიძულებს ავსტრო-ვენგრიას ხმელთაშუა ზღვისაკენ გასავალი გაიხსნას ადრიატიკის ზღვითა. ეს ვერაფრად უხდება ჯერ ინგლისსა და მერე იტალიასაც, რომელსაც გარდა ამისა იმისი წყურვილიცა აქვს, რომ ტრენტინო და ტრიესტი, ეხლა ავსტრიის სახელმწიფოში მომწყვდეული, შემოიერთოს, რადგანაც ტრენტინოსა და ტრიესტში უფრო მომეტებული ნაწილი იტალიელები არიან. აი, რა თოკები ეზიდება ავსტრო-ვენგრიის საგარეო საქმეებსა.
**
ტფილისი, 17 თებერვალი, 1886 წ.
ავსტრიას ბედმა არგუნა და შინაურ საქმედ გაუხადა ერთი რთული, მძიმე და მეტად შესანიშნავი საქმე. ეგ საქმე სხვადასხვა გვარტომობის ერის მოთავსებაა ერთსა და იმავე სახელმწიფოში ისე, რომ არც გვარტომობას ევნოს რამე და არც სახელმწიფოს ერთიანობასა. დღევანდლამდე კაცობრიობა თითქმის დარწმუნებულია, რომ თუ ერთმა გვარტომის ერმა მეორე არა ჰყლაპა, ერთობა, ერთიანობა სახელმწიფოსი შეუძლებელიაო. თუმცა ახალმა ისტორიამ ბევრი მაგალითები უჩვენა ქვეყანას ამისი წინააღმდეგი, მაგალითებრ, ჩრდილო ამერიკის შტატები, შვეიცარია, საცა სხვადასხვა გვარტომის ერნი ისე სამართლიანად და მშვიდობიანად ერთმანეთში მოთავსებული არიან, რომ ერთობა სახელმწიფოსი არამცთუ ჰკარგავს რასმე, არამედ მტკიცედ და ფეხმაგრად ჰსდგას. იყო დრო, როცა სხვადასხვაობა სარწმუნოებისა ქვეყანას ეგონა მოუთავსებელი სახელმწიფოს ერთობასთან. იყო დრო, როცა რწმენად ჰქონდათ მიღებული, რომ თუ ერთსა და იმავე სახელმწიფოში სხვადასხვა რჯულის მკვიდრნი არიან, ერთობა სახელმწიფოსი სიზმარიაო. ბევრი სისხლი დაანთხია კაცობრიობამ, ბევრმა სახელმწიფომ შეალია თვისი დრო, თვისი სიმდიდრე, თვისი ღონე ამ ცდომილებას: ისპანია, ერთხელ განთქმული და ზარი ევროპისა, თითქმის მიწასთან გასწორდა ამის გამო და მას აქეთ ვეღარ გამომდგარა; საფრანგეთსაც კინაღამ იგივე არ დაემართა. ხოლო სახელოვანმა რეფორმაციამ და მისმა მომდევარმა დრომ თვალსაჩინოდ დაანახვა ქვეყანას, რომ სხვადასხვაობა სარწმუნოებისა სრულიად არაფერს უშლის ერთობას და ძლიერებას სახელმწიფოისას. გამარჯვება რეფორმაციისა, სხვათა შორის, ამ ცდომილების დამარცხებაც იყო. რომ სხვადასხვაობა სარწმუნოებისა მართლადა არ უშლის სახელმწიფოს ერთობას და ძლიერებას, ამისი მაგალითები მრავალი გვიდგა თვალწინ. რაკი კაცობრიობა ამას გადაურჩა და დაიძრა გვარტომობის დედააზრი, ჯერი გვარტომობის საქმეზედ მისდგა.
ამისი რთული, მრავალწვერი ნასკვი ყველაზედ მეტად აქ, ავსტრიაში, გამოინასკვა და ავსტრიის დღევანდელი შინაური ტკივილი ეგ არის. ეგ ტკივილი მთელს აგებულებაში აქვს გამჯდარი ამ სახელმწიფოს და ისეთი ძნელი ტკივილიც არის, რომ შესაძლოა, ავსტრია ან სულ თან გადაიტანოს, თუ რიგიანი წამალი ვერ მოუხერხდა, ან სულ გამოაცოცხლოს, და როგორც ჯანმრთელი, საღი სახელმწიფო, ახლად გადახალისებული, ფეხ-და ფესვმაგრად დააყენოს. გამოჰხსნის თუ არა ამ ძნელს ნასკვსა, ან როგორ გამოჰხსნის? - აი საკითხავი, რომელსაც ავსტრიამ გადაწყვეტილი, მოჭრილი პასუხი უნდა მისცეს დღესა, თუ ხვალ.
ავსტრიაში დღეს შინაურ თუ საგარეო საქმეებში უპირატესობენ ორის სხვადასხვა გვარტომის ერი; იმიერ-ლეიტანიაში მადიარები და ამიერ-ლეიტანიაში ნემენცები. საცა მადიარები მბრძანებლობენ, იქ არიან ნემენცებიც, რუმინებიც, და უფრო სლავიანები, და ერთსაც, მეორესაც და მესამესაც მადიარები სჩაგრავენ. რასაკვირველია, ეგენიც ჰსცდილობენ არ დაეჩაგვრინონ და არის ატეხილი ბრძოლა და კამათობა, რომელიც ხანდისხან ისე გაძლიერდება და გაფიცხდება ხოლმე, რომ საერთო სახელმწიფოს ჩაშველება უნდება.
ამიერ-ლეიტანიაში ნემენცები ჰცდილობენ ბურთი და მოედანი მარტო დაისაკუთრონ, - აქაც მოპირდაპირედ ჰყავთ სლავიანები, რომელთ შორის ჩეხები, როგორც უფრო გამოღვიძებული, განათლებული და ცნობაში მოსული ერი, ძლიერ ებრძვის ნემენცობას და მაგ ბურთსა და მოედანს არამცთუ უთმობს, არამედ თავისაკენ ითლის სრულად და განუყოფელად.
ჩეხები, როგორც უფრო ერთად თავმოყრილი, გონებითაც ძალიან წარმატებული ტომი სლავიანებისა, და ამასთანაც დაუღალავნი მებრძოლნი თავისის გვარტომობის არსებობისათვის, - მეტად აფიქრებს ავსტრიის ნემენცობას. ამის გარდა, გალიციაში, ნამეტნავად აღმოსავლეთს გალიციაში, პოლშელები კათოლიკენი და რუსინები მართლმადიდებელნი ძალიან შეტაკებულნი არიან ერთმანეთთან და იბრძვიან უპირატესობისათვის. ამ ბოლო ხანებში თავი იჩინეს სლოვენებმაც; ხორვატებმაც კარგა მოიმაგრეს ფეხი გვარტომობის ნიადაგზედ. მადიარებს და ნემენცებს დიდი ფიქრი და შიში მიეცათ, ამ მესამე მდინარემაც გზა არ გაიხსნასო, არ გამოარღვიოს ჩვენგან აშენებული კედლებიო და ამჟამად ორთავიანი ავსტრია სამთავიან სახელმწიფოდ არ გვიქციონო.
ბევრსა ჰგონია, რომ დღესა თუ ხვალე, ყოველთვის ფრთხილი, მოხერხებული შინაური პოლიტიკა ავსტრიისა - სლავიანებსაც იმ მდგომარეობას მიანიჭებსო, რაც იმიერ- ლეიტანიაში მადიარებსა აქვთ და ამიერში - ნემენცობას. მით უფრო საფიქრებელია ამისთანა დაბოლოვება საქმისა, რომ სლავიანები ბევრნი არიან, როგორც თითონ ავსტრიაში, ისე ავსტრიის გარეთაც, და მერე მეტად ახლომახლო ერთმანეთზედ. თუ ავსტრიამ გული არ მოუგო სლავიანებს, ჯერ იმისი შიშია, რომ შესაძლოა თითონ სლავიანებმა თვისი ცალკე სახელმწიფო გაიმართონ ახლო თუ შორს მომავალში, მეორე იმის, რომ დიდი სახელმწიფო სლავიანებისა, რუსეთი, უნუგეშოდ დარჩენილი სლავიანობის მიმზიდველ ქვეყნად შეიქმნება. არც ერთი და არც მეორე არ ახეირებს ავსტრიასა. ავსტრიამ ეს ჩვენზედ კარგად იცის და ამიტომაც სხვადასხვა გვარტომობის მოთავსება ერთმანეთში დღეს ავსტრიისათვის იმისთანა სატკივარია, რომელსაც ავსტრია ბევრს დროს, მეცადინეობას, ზრუნვას ანდომებს, და რომელიც იმოდენად არ აცლის, რომ სხვა საგარეო საქმეებში თავისუფლად და ხელგახსნილად ამოქმედოს.
**
ტფილისი, 18 თებერვალი, 1886 წ.
მეოთხე სახელმწიფო, რომელსაც ეხლანდელს საქმეთა მიმდინარეობაში ხმა აქვს ცოტად თუ ბევრად გავლენიანი, იტალია არის. მას აქეთ, რაც გვარტომობის დედააზრმა დიდი და თითქმის მხოლოობითი ადგილი დაიჭირა სახელმწიფოთა დალაგების საქმეში, იტალია პირველი იყო, რომელმაც ნაპოლეონ III-ის შემწეობით განახორციელა ეგ აზრი და თავისი ნაჭერ-ნაჭრად დანაწილებული ქვეყნები შემოიკრიბა და გაერთდა. ამით აუსრულდათ დიდის ხნის სანატრელი საქმე საოცარ მამულიშვილობისას. იმოდენა მაგალითი ახოვანებისა, თავდადებისა, რამოდენაც იტალიის გმირთ გამოიჩინესგაერთებისათვის, ბევრს სხვა ერს არ გამოუჩენია. მრავალმა გამოჩენილმა კაცმა იტალიისამ თავი შეაკლა, მრავალმა თავისი საკუთარი ბედნიერება მტლად დაუდო ამ დიდს საქმეს შეერთებისას, და მათმა ღვაწლმა და თავის სამშობლოსთვის დაქცეულმა სისხლმა ამაოდ არ ჩაუარათ. დღეს იტალია გაერთიანებულია და კარგა მოზრდილს სახელმწიფოს შეადგენს, თვით იტალიელთა თავმოსაწონებელსა და ევროპის სახელმწიფოთა შორის ხმის მქონებელსა. ამ შეერთების მახლობელი განმახორციელებელი ორი კაცი იყო: ერთი კავური და მეორე გარიბალდი. პირველი იყო ჭკუა და მეორე - ხმალი იტალიისა.
იტალია წარმოადგენს ერთს კარგა მოგრძო ნახევარკუნძულს, რომელსაც ჩრდილოეთის მხრივ თავი მიუდევს საფრანგეთს, შვეიცარიას და ავსტრიას, და აქედამ სამხრეთ- აღმოსავლეთისაკენ გეზად მიდის და ჰსწყდება ხმელთაშუა ზღვაში. აღმოსავლეთით ადრიატიკის ზღვა აქვს, ზღვის გაღმა თავში კიდევ ავსტრიას უჭირავს ადგილი, მერე ოსმალეთი ჩამოსდევს და მერე საბერძნეთი. სიცილიის კუნძული, რომელიც იტალიას ეკუთვნის, თითქმის პირდაპირ გაჰყურებს აფრიკის ქვეყანას - ტუნისსა, საფრანგეთის ალჟირის გვერდით მდებარეს, ხმელთაშუა ზღვის გაღმით. საფრანგეთს უჭირავს ზედ იტალიის საზღვარზედ ნიცცა და სავოია, რომლის მკვიდრნი წმინდა იტალიელები არიან და რომელნიც ნაპოლეონ III-მ ჩამოართვა იტალიას თავის გასამრჯელოდ, რადგანაც გმირებს იტალიის დიდსულოვნებისა, თავისის ქვეყნის გაერთებისათვის იტალიას შეეწია. შვეიცარიასაც უჭირავს იტალიელ მკვიდრთაგან დასახლებული ქვეყანა, გარდა ამისა ავსტრიასაც იტალიის ტიროლი, ტორენტო და ტრიესტი ადრიატიკის ზღვის პირად. ამ მოკლე აღწერილობიდამ ჰსჩანს, თუ საგარეო საქმეებში იტალიას ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე და რაზედ უნდა ეჭიროს თვალი, როცა ევროპის სახელმწიფონი ერთმანეთს აეშლებიან. ჯერ საფრანგეთთან - სავოიას და ნიცცის უკანვე დაბრუნება იტალიის ნატვრას უნდა შეადგენდეს. მერე მეტად სასურველი უნდა იყოს დაპყრობა ტუნისისა, რომელზედაც საფრანგეთმა იტალიას ამ ბოლოს ხანებში ხელი დააბანინა და რომელიც საჭიროა იტალიისათვის, რადგანაც სიცილიის და აფრიკის შორის ხმელთაშუა ზღვის ორივე ნაპირი ხელთ ექმნებოდა. შვეიცარიის იტალიაზედ თუმცა მუშტრის თვალი უჭირავს იტალიას, მაგრამ აქ ხელის გაწვდენა ძალიან აშლიდა მთელს ევროპასა და იმიტომაც ჯერ სურვილი გულში უქმადა აქვს დარჩენილი. საქმე აღმოსავლეთის საზღვრებზეა დღეს ყველაზედ მომეტებულად გამწვავებული. აქ სლავიანების საქმე დაიძრა, ოსმალეთს სულთამხუთავი თავს ადგა და დღესა თუ ხვალ ანდერძიც აეგება. ბერძნებიც სამართლიანად მღელვარებენ.სლავიანების მოძრაობა, ოსმალეთის გაუქმება ევროპაში, ბერძნების დუღილი, - ყოველივე ეს ავსტრიას, ძველს მტერს იტალიისას, აღვიძებს დაყურებს აცქვეტინებს. ადრიატიკის ზღვისაკენ ჩამოწევა ავსტრიისა და გამოსვლა ხმელთაშუა ზღვაში, სიკვდილი თუ არა, დიდი ჭირი მაინც არის იტალიისათვის. გერმანია თითქო ამაში ხელს უწყობს ავსტრიასა და ამის გამო იტალიას წყლული ორისაგანვე ერთნაირად ჰსტკივა.
იტალიას თავისით ბევრი არა შეუძლიან რა, რომ წინ აღუდგეს ავსტრიასა და მის მოსარჩლეს გერმანიას. და რომ გარემოებამ სადმე მარტოდ არ მოამწყვდიოს, იტალია, რასაკვირველია, მოზავეს უნდა ეძებდეს და საქმე დაიჭიროს იმისთანა სახელმწიფოსთან, რომელსაც ძველი ანგარიშები აქვს ჯერ გერმანიასთან, და მერე ავსტრიის მეტად და ამრიგად გაძლიერება თვალში არ მოსდით. ამისთანა სახელმწიფონი დღეს საფრანგეთია და ინგლისი. ამის გამო საკვირველიც არ იქნება, რომ დღეს იტალიას და ამ ორს სახელმწიფოს ერთმანეთში ლაპარაკიცა ჰქონდეს. ეს მით უფრო დასაჯერია, რომ ამ ბოლოს ხანებში ბისმარკი მეტად მოუტკბილდა რომის პაპსა. ეგრეთწოდებული «მაისის კანონები», კათოლიკეთა სამღვდელოების წინააღმდეგ ბისმარკის მიერვე დადგენილნი,პაპისა და ბისმარკის ერთმანეთში აშლის მიზეზნი, დღეს ბისმარკის მიერვე წარდგენილნი არიან გასაუქმებლად. როცა ბისმარკი ეგრე მოურბილდება და მოუტკბილდება ხოლმე პაპსა, ეგ იმის ნიშანია, რომ ბისმარკი რაღაცაზედ უწყრება იტალიას. რომის პაპი, მსოფლიო კათოლიკეთა მთავარმოძღვარი, ჯერ კიდევ იმისთანა მნიშვნელობიანი არის იტალიაში, რომ იმისი ასე თუ ისე გამხნევება და ფრთების ასხმა იტალიისათვის ფრიად საშიშარია. როცა იტალია ბისმარკის მოსაწონად იქცევა, მაშინ ბისმარკი რომის პაპს ზურგს შეაქცევს, და როცა თავს არ აწონებს, ბისმარკი ზურგს იტალიას შეაქცევს და რომის პაპს ხელის გულზედ გაუგორდება ხოლმე. დღეს ბისმარკი პაპის ალერსშია. ჰსჩანს იტალიისაგან რაღაცა ჰსწყენია.
**
ტფილისი, 19 თებერვალს, 1886 წ.
იტალიას ერთი იმისთანა სატკივარი აქვს გვამში, რომელიც სხვა ქვეყანას თავის დღეში არცა ჰქონებია და, იმედია, არც ოდესმე ექნება. ჯერ მინამ იტალია გაერთიანდებოდა და სატახტო ქალაქს დიდს და სახელოვანს რომში გაიკეთებდა, იტალიაში ერთი უცნაური წყობილება იყო. რომში იჯდა და დღესაცა ჰზის მთელის მსოფლიოს კათოლიკეთა მღვდელმთავარი, რომელიც ერთს დროს ისეთი ძლიერი იყო, რომ მეფენი და ხელმწიფენი მის წინაშე მუხლს იდრეკდნენ და როგორც მთხოვარენი ელოდნენ მის დერეფანში მოწყალებასა. იქამდინ მორჭმული და ძალოვანი იყო, რომ იტალიაში საერო ხელმწიფებაც ხელთ ეპყრა და სასულიერო მოძღვარი ამრიგად ხორცის ბატონადაც შეიქმნა. მეტის წყურვილმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ რომის პაპი არამცთუ სააქაო ბედნიერებას ურიგებდა, რასაკვირველია ჯეროვანის სასყიდელით, არამედ საიქიოსათვისაც იმისთანა სიგელს აძლევდა ადამიანს, რომ ამ სიგელის მქონებელისათვის სამოთხე ღია იყო. რეფორმაციამ, ერთი უბრალო ბერმონაზონისაგან ატეხილმა, ეს ადამიანის ცდომილებაზედ აშენებული ძლიერება და დიდება ძირით თხემამდე შეარყია; ახალმა დრომ, რეფორმაციისაგან ფრთაასხმულმა, კარგა აბრუ გაუტეხა რომის პაპსა, და ბოლოს ხომ იქამდეა საქმე მისული, რომ რომის პაპი ბრძანდება დღეს თავის კვირინალში თითქმის უმწედ და უნუგეშ. ერთი დღე არავის შეჰრჩენიაო, ნათქვამია. სწორედ ესე დაემართა რომის პაპსაც და ესეც დაემართება ყველას, ვინც ცდომაზედ დაამყარებს თავის დიდებასა.
რასაკვირველია, პაპი იტალიის ერთობისა და გაძლიერებისათვის იმით კი არ იყო საშიშარი, რომ სასულიერო ხელმწიფება ხელთ ეპყრა, არამედ იმითი, რომ საერო ხელმწიფებაც ეჭირა იტალიაში, და ამრიგად სასულიერო წოდების საერო ბატონობა ჰქმნიდა იტალიაში სახელმწიფოს სახელმწოფოში. ეს ასეთი უბედურება იყო იტალიისა, რომ ან უნდა სისხლით და წამებით მოპოებული ერთიანობა დარღვეულიყო, გაქარწყლებულიყო, ან უნდა შეჰმუსრვილიყო საერო ხელმწიფება კათოლიკეთა მღვდელმთავრისა. ვიდრე ნაპოლეონი III ცოცხალი იყო, ვიდრე იგი ჰქელავდა საფრანგეთის საიმპერატორო ტახტსა და ყოველი მისი სიტყვა ციებ-ცხელებას დაჰმართებდა ხოლმე მთელს ევროპასა, - პაპს ძალიან ესარჩლებოდა და იტალიას ხელს უცრიდა. ესარჩლებოდა იმიტომ კი არა, რომ რომის პაპის ერთგული სულიერი შვილი იყო, არამედ იმიტომ, რომ ამით თავი მოექონვა იმ დიდ დასისათვის საფრანგეთში, რომელსაც კლერიკალთა დასს ეძახიან და რომელიც საფრანგეთში, თითქმის დღესაც, მარტო რომის პაპის დარიგებისა და ბრძანებისამებრ იქცევა. ნაპოლეონს ამ დასის მომხრეობა ძალიან ეჭირვებოდა, რადგანაც ჰგრძნობდა, რომ მისი ტახტი ირყეოდა და ჰტოკავდა. ამიტომაც, რამდენჯერადაც იტალიამ გაიწვდინა ხელი თვის დედაქალაქ რომისაკენ, რამდენჯერადაც დააპირა საერო ხელმწიფება პაპისა შეჰმუსროს, იმდენჯერ წამოექომაგა პაპს ნაპოლეონიცა.
გერმანიამ ნაპოლეონი ტახტიდან გადმოაბრძანა, ტყვედ დაიჭირა. მაშინ იტალიამ დრო იხელთა, რომი დაიჭირა უსისხლოდ და ყოველივე ნიშანწყალი საერო ხელმწიფებისა გაუქრო რომის პაპსა. გერმანიამ, ანუ უკეთ ვსთქვათ, ბისმარკმა - ამით იყიდა იტალიის ნეიტრალიტეტობა საფრანგეთთან ომის დროს. ეს რომ არა ყოფილიყო, იტალია - როგორც ერთტომი საფრანგეთისა, როგორც საფრანგეთისაგან ბევრში დავალებული და არამოსურნე გერმანიის გაძლიერებისა, უსათუოდ მიეშველებოდა საფრანგეთსა, ბისმარკს გაუძნელებდა საფრანგეთზედ გამარჯვებას და მაშასადამე გერმანიის გაერთების საქმესაც სათუთოდ გახდიდა. მას აქეთია - რომის პაპი რომში ბრძანდება თავის სრასასახლეში, იტალიის მეფესთან უმძრახად არის და ჭირვეულობს: არც იტალიის გაერთებას აღვიარებო, არც მის მეფესაო, არც გაერთიანებულ სახელმწიფოდ ვიცნობო, ჩემს საერო ხელმწიფებასა არ დავთმობო, და აქ რომში ვრჩები როგორც ტყვე, ჩემს სასახლეში დამწყვდეულიო. ეს მოგონილი და ტყუილი ტყვეობა და დამწყვდევა, - ძველს დროში, როცა ყველა კათოლიკე სასოებით უყურებდა რომის პაპსა და მის წყენას ღვთის გმობად და მომაკვდინებელ ცოდვადა სთვლიდა, რა თქმა უნდა დიდს არეულობას მოახდენდა კათოლიკეთა შორის და მთელი მსოფლიო კათოლიკობა დაიძროდა პაპის გამოსახსნელად, როგორც ერთს დროს მაცხოვარის საფლავის გამო მოხდა. ხოლო ეხლა ყურიც არავინ გაიბღერტა და ეგ ტყუილი ტყვეობა ტყუილი ზარბაზანი გამოდგა იტალიისათვის.
მაგრამ მაინც კიდევ რომის პაპობა მოსარჩენი სატკივარია იტალიისათვის. ვისაც იტალიის წყენა, ვნება უნდა, მაშინვე რომის პაპის საქმის გაფუებას და გასიებას უქადის ხოლმე და ამ ხერხს ყველაზედ კარგად ბისმარკი ჰხმარობს დღესა. ხან ხელში მოუკვდება ხოლმე რომის პაპსა და «ბალი-აღას» ეძახის, ხან შემოსწყრება და აურზაურად ეკიდება, იმის მიხედვით, თუ იტალია როგორ იქცევა. იტალია არ შეიძლება ამისთანა ვითარებას საქმისას არ გაუფრთხილდეს. ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი იმისთანა კათოლიკეა, რომელიც მარტო რომის პაპის სახელს ჰლოცულობს, და საკმაოა ერთმა იმისთანა კაცმა და სახელმწიფომ, როგორიც დღეს ბისმარკი და გერმანიაა, პაპს ხელი მიაწოდოს, მხარი მისცეს, — რომ ყურმოჭრილი კათოლიკობა წამოექომაგოს ფულით და კაცით მითომდა დაჩაგრულს პაპსა, და იტალიის შინაური, თუ გარეული საქმეები საშიშრად აწეწოს.
**
ტფილისი, 20 თებერვალი, 1886 წ.
ვიდრე გერმანიის ვითარებას შევუდგებოდეთ, ჩვენის აზრისა და განზრახვისათვის საჭიროა მოკლედ თვალი გადავავლოთ მეორეხარისხოვან სახელმწიფოებსაც ევროპაში და მათი გარემოება და ვინაობაც იმდენად შევიტყოთ, რამოდენადაც ამ ხელად გამოსადეგი იქნება ჩვენის მკითხველებისათვისაც. აქაც მეტად მოკლედ შევეხებით საგანს და ამაზედ ვთხოვთ არავინ დაგვემდუროს.
ევროპის ეხლანდელ წყობას რომ დააკვირდეს კაცი, ერთს მეტად საგულისხმო მოვლენას შეჰნიშნავს. იგი სახელმწიფო, რომელიც თავის ქერქშია და აქეთ-იქით არ იწევს თავისის საზღვრების განზედ გადგმისათვის, რაც უნდა პატარა იყოს, მაინც შედარებით ბედნიერად ჰსცხოვრობს. ამგვარნი სახელმწიფონი არიან მეორე და მესამე ხარისხისანი. რაკი გარეთ უღონობის გამო ხელი არ მიუწვდებათ, რადგანაც მცირენი არიან, ამიტომაც მთელს თავის დროს და მზრუნველობას შინაურს საქმეებს, შინაურობის წარმატებას და კეთილდღეობის გაძლიერებას ახმარებენ. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია. სწორედ ასე მოსდით ამ სახელმწიფოებსაც, რომელთა ჭირი მარტო იმაში მდგომარეობს, რომ მცირენი და პატარები არიან და ამიტომაც, იქნება მადაც ჰქონდეთ, იქნება არც სიხარბე აკლდეთ, მაგრამ ბობოლების შიშით თავის ქერქში არიან და სხვისას არ ეტანებიან. ამ სახელმწიფოთა შორის ყველაზედ უფრო ბედნიერნი, ყველაზედ უფრო მშვიდობიანად და ტკბილად მცხოვრებნი შვეცია და ნორვეგიაა ჩრდილოეთს ევროპაში, სამხრეთ- დასავლეთზედ პორტუგალიაა და თითქმის სამხრეთზედ შვეიცარია. სანატრელია სწორედ იმათი მყუდრო, გულდინჯი, აუმღვრეველი დღეთა მდინარება. ერი მადლობელია თვისის მთავრობისა, მთავრობა მადლიერია თვისის ერისა; ამბოხი, შუღლი, არეულობა უცნობია ამ ბედნიერთა სახელმწიფოთათვის. თუ რამ აუტყდებათ შინ თვითოეულს მათგანს, შინვე მშვიდობიანად, ერთმანეთში მორიგებით,სამართლიანად ათავებენ საქმეს და სხვათა ქვეყნების ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალს შორიდამ შესცქერიან.
ამ წვრილ სახელმწიფოების მკვიდრთა შინაურს ცხოვრებას რომ თვალი გადაავლოთ, ჰნახავთ, რომ ყველა თავის საქმეს ადგას, არც არავინ წინ ეხიდება, არც არავინ უშლის მის ხორციელ და სულიერს წარმატებას, და თუ მთავრობა სადმე ხელს გამოიწვდის და საქმეში ჩაერევა, მარტო იმისთვის, რომ ჩაგრულს წამოესარჩლოს, უღონო ფეხზედ წამოაყენოს, დარღვეული სიმართლე აღადგინოს მკვიდრთა შორის, ყველას თავისი ხელუხლებლად შეარჩინოს, დააკუთვნოს და მოახმაროს. ცხოვრება მათი ფაქიზია, წმინდა, ზნეობიანი, და თუმცა ახირებულის სიმდიდრით არ აოცებს კაცსა, მაგრამ უტკივარი ლუკმაპური ყველას საკმაოდა აქვს. თუ რამ აჩრდილებს მზიანს ცხოვრებას ამა სახელმწიფოებისას - ეგ ის შიში, რომ ერთმა რომელმამე ბობოლა სახელმწიფომ თავისი ხარბი ყბა არ დააღოს და მათი გადაყლაპვა არ მოიწადინოს, როგორც სვავმა ბეღურა ჩიტისა. იქნება ვსთქვათ, ეგ შიში მეტისმეტი წინასწარხედვაა განსაცდელისაო. ჩვენ გეთანხმებით, მაგრამ რადგანაც დღეს ქვეყნიერობას ის კანონი ამოქმედებს, რომელსაც ჩვენში «მიეცეს და მიემატოს»-ს ეძახიან, იგი შიში უსაბუთო არ არის, ნამეტნავად ჰოლანდიისა და ბელგიისათვის. ერთსაც და მეორესაც გვერდით დიდი დევები უწვანან, მერე ისე, რომ შუაში არც ზღვა უდევთ, არც უზარმაზარი მთები, ერთის ლაზათიანად პირის დაღების მეტი არ არის საჭირო: ერთიცა და მეორეც შარშანდელ თოვლსავით აშრებიან. ქვეყანას ახსოვს ჯერ კიდევ ბისმარკისა და საფრანგეთის შორის პირობა, როცა ავსტრიას დააჯახა პრუსიის ჯარი. „ოღონდ შენ სუო, - უთხრა თურმე ბისმარკმა საფრანგეთსა, - და ბელგია მანდ არ არისო, და მე კი, თუ ღმერთი შემეწევა, ჰოლანდიას კლანჭს გამოვკრავო, როცა სამაგისოდ მოვიცლიო“. საცოდავს დანიას, ხომ ვიცით, რა საქმე დააწია გოლშტინიის თაობაზედ.
დანარჩენთა სახელმწიფოთა შორის ნაკლებ მშვიდობიანად არიან შინაობაში ბელგია, ისპანია და დანია. ბელგიაში ორი დიდი დასი იბრძვის ერთმანეთთან შინაურს საქმეების ასე თუ ისე მსვლელობისათვის: ერთის მხრივ ეგრეთწოდებული «კლერიკალები», დიდნი მომხრენი რომის პაპისა და რეაქციისა, მეორეს მხრით, - ლიბერალები. ამათს განხეთქილებას საქმე ზოგჯერ აღრევამდე მიჰყავს ხოლმე, და რომ ბელგიას იმისთანა სამმართველო აგებულება არა ჰქონდეს - როგორიც დღესა აქვს, და ზედიზედ ორი ხელმწიფე, ერთი წინანდელი და ერთი ეხლანდელი, ჭკვიანი და კეთილგონიერებით სავსენი არ შეჰხვედროდა, - ან სხვის ლუკმად გახდებოდა, ან რევოლუციის გაუქრობელ თორნედ.
ისპანია ყველაზედ ძლიერი სახელმწიფოა მეორეხარისხოვანთა შორის და მისი მოუსვენარი შვილები რომ არა ჰრევდენ მის შინაურს საქმეებს, არ აბრკოლებდნენ საქმეთა მსვლელობას, აშკარაა, ისპანიაც ერთი რამ იქნებოდა სხვათა შორის. ისპანიაში მრავალგვარი დასია: მონარქიელ - კლერიკალები, მონარქიელ - ლიბერალები, რესპუბლიკელები, მერე სხვადასხვა გვარეულობის მომხრენი. ზოგს ისპანიის ტახტზე ალფონსის შთამომავლობა უნდა, ზოგი - დონ-კარლოსს ჰრჩეობს, ზოგი ალფონსის დედას იზაბელას, ზოგი ვის და ზოგი ვისა. არის ამ წეწვა-გლეჯაში საწყალი ისპანია აი რამდენი ხანია. ამ დასებმა მას შემდეგ უფრო გამოჰყვეს თავი, როცა ალფონსი გარდაიცვალა და ისპანიამ მისი ხუთი წლის ქალიწული აღიარა თავის მეფედ, და მის სრულ წლოვანებამდე რეგენტობა მის დედას ქრისტინეს ჩააბარა. ამ ყოფაში ჩავარდნილი, აგრე საშინელ არევ-დარეული და დაულაგებელი შინაური საქმეები, სადღა მოაცლის ისპანიას საგარეო მოქმედებისათვის.
ისპანია საკოლონიო პოლიტიკის გამო ჩართულია სხვა სახელმწიფოთა საქმეთა მსვლელობაში. ევროპაში ჯერ-ჯერობით იმას არავითარი საქმე არა აქვს, თუ ამისთანა საქმედ არ ჩავთვლით მის მიდრეკილებას პორტუგალიის შემოერთებისათვის. საკოლონიო პოლიტიკის გამო კი ბისმარკმა ცხვირში ძმარი ადინა ისპანიას, მერე ასეთნაირად, რომ კინაღამ ომიც არ ასტყდა. კაროლინის კუნძულების ხელში ჩაგდება ბისმარკისაგან გულში ტკივილად ჩაჰრჩა ისპანიასა, და იქნება ისე მთავრობას არა, როგორც თითონ ისპანიის თავმომწონე ერსა. დანია ერთი პატარა სახელმწიფოა კარგად გაწყობილი და საკმაოდ რიგიანად მომართული. ეს პაწია სახელმწიფო ბისმარკის ხელმა თავისის პოლიტიკის ფარგალში მოამწყვდია და, რა თქმა უნდა, არ ახეირა: კაი მოზრდილი ქვეყანა წაართვა. დანია მას აქეთ ძალიან გულნატკენია და არ შეიძლება არ ვიფიქროთ, რომ თუ სადმე ბისმარკს საქმე გაუჭირდა და საპოლიტიკო ბარდებში ძალიან და უიმედოდ გაება, დანიამაც ხელი არ გამოიღოს და ზღვევის სურვილი არ მოიკლას. ეს აშკარაა. ამიტომაც, საცა რამ ატყდება გერმანიის წინააღმდეგ, ამტეხელი დანიასაც სახეში იქონიებს ხოლმე. ხოლო ამ ბოლოს დროს შინაური საქმენი დანიისა ჩვეულებისამებრ მშვიდობიანად აღარ მდინარებენ, დეპუტატთა პალატი და მთავრობა ძლიერ დატაკებულნი არიან და ძნელია წინათ სთვქას ვინმე, ეს ამბოხი რით გათავდება. სამწუხარო ის არის, რომ პალატისა და მთავრობის ერთმანეთთან დაჯახება ზოგჯერ ქუჩაშიაც გადადის და ჩხუბს ასტეხს ხოლმე. ჩვენ ეს წვრილნი სახელმწიფონი იმიტომ ჩამოვთვალეთ, რომ ჩვენის შეძლებისამებრ გვეჩვენებინა, - რა საპოლიტიკო ქსელი გაიბ-გამოიბმის ამათსა და დიდ სახელმწიფოთა შორის, თუ ვინიცობაა ევროპაში ომის ცეცხლი მოედო.
**
ტფილისი, 24 თებერვალი, 1886 წ.
1870 წლამდე, როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში პირველი ადგილი ეჭირა და უპირატესი ხმა ჰქონდა საფრანგეთსა, რომელსაც თითქმის ოცი წელიწადი განაგებდა ნაპოლეონ III. 1870 წელს ბისმარკმა თავზარი დაჰსცა საფრანგეთსა, მთელი ნემენცობა გააერთა, პრუსიის კოროლი ვილჰელმი მთელის გერმანიის იმპერატორად დასვა. მას აქეთია პირველობა და უპირატესობა გერმანიამ დაიჭირა ევროპაში და ბისმარკმა ისე შეჰბოჭა და შეჰკრა ევროპის საქმეები, რომ უიმისოდ თითქმის არც ერთი საქმე არ ასტყდება ხოლმე და არც ერთი საქმე არ გათავდება.
ძვირად უზის ევროპასა ბისმარკის, ანუ უკეთ ვსთქვათ, გერმანიის ასეთი ყოფა, გერმანიამ ასე მოაწყო თავისი საქმე, რომ, როგორც ამბობენ, ორ კვირაზედ თუნდა ერთ მილიონ ჯარს გამოიყვანსო, კარგად გაწურთნილს, კარგად შეთოფიარაღებულს, და ასეთს სამხედრო შტაბს და გენერლობას, თუ აფიცრობას წარმოადგენსო, რომ ევროპაში მისი ბადალი არსად მოიპოვებაო. ამის გამო, ყველანი, რომელნიც კი ჰმეზობლობენ გერმანიას, ჰცდილობენ, რომ ყოველთვის მზად იყვნენ დასახვედრად, რადგანაც იციან, ბისმარკს ყოველთვის მადა აქვს უპატრონოდ დაგდებულს ლუკმას დაეპატრონოსო. ესეც იციან, რომ ბისმარკი მეტად მოხერხებული კაცია; საქმეს ისე მოიყვანს ხოლმე, რომ როცა ერთის მტრის, თუ მოპირდაპირის, გათახსირება უნდა, მეორე მტერს, თუ მოპირდაპირეს, გაიმეგობრებს ხოლმე, და პირველს რომ ანდერძს აუგებს, ეხლა გამეგობრებულს დაეჯახება და ტყავს აძრობს.
დანიაზედ რომ გაილაშქრა, თავისი მტერ-მოყვარე ავსტრია მოიშველა, ჩამოართვა დანიას შლეზვიგ-გოლშტინია და ავსტრიას პირში ჩალა გამოავლო. ეგ კიდევ არაფერი, ეგ რომ ეკმარებინა ავსტრიისათვის, ვინ რას იტყოდა. მოუბრუნდა ეხლა ავსტრიას, ცხვირ- პირი შეალეწა, გამოდევნა გერმანიიდამ და პირი აღმოსალეთისაკენ აქმნევინა. საფრანგეთმა, თუმცა მაშინ ბალანი აუშვა, მაგრამ ბისმარკმა მოატყუა: შენ დამაცალე, ერთი ავსტრიას მოვრჩეო და შენც შენსას გარგუნებო. რასაკვირველია, არა არგუნა რა და, თუ გნებავთ, არგუნა კიდეც. ავსტრია, რომელსაც დიდი ინტერესი ჰქონდა, რომ პრუსია ისე არ გაძლიერებულიყო, ისე შეასუსტა, ისე დაამარცხა ბისმარკმა, რომ კრინტიც ვერ დასძრა, როცა ბისმარკმა თავისი ძლევამოსილი ჯარი მიუსია საფრანგეთსა. რუსეთსა და იტალიას კი მაშინ აღუთქვა, რომ ოღონდ თქვენ ხელს ნუ შემიშლითო და შენ, რუსეთო, პარიზის ხელშეკრულობა, რომელიც შენთვის ასე მავნებელია, და რომელსაც ნაპოლეონ III ასე მაგრად ინახავს შენს საწინააღმდეგოთაო, დახიე და ცეცხლს მიეციო, და შენ, იტალიავ, შენი დიდი ხნის წყურვილი მოიკალ და შენი სანატრელი დედაქალაქი რომი დაიჭირეო, ის რომი, რომელსაც იგივე ნაპოლეონ III არ განებებსო. ყველანი ასე მოითათბირა, თითონ საფრანგეთი ცალკე გაიგდო, მიწასთან გაასწორა, ორი ლაზათიანი პროვინცია ჩამოართვა, გერმანია გააერთა, და რუსეთმა პარიზის ხელშეკრულება გააუქმა, იტალიამ რომი დაიპყრა. ამ სახით, ავსტრიის შემწეობით დანია დაამარცხა, საფრანგეთის მოთათბირებით ავსტრიას ტყავი გააძრო, ავსტრიის დაუძლურებით და რუსეთ-იტალიის მომხრეობით საფრანგეთზედ გაიმარჯვა და ამ გზით თითო-თითოდ გაინაპირა თავისი მეტოქენი, თითო-თითოდ და ცალ-ცალკე დაჰლახა. მართალს ამბობენ ზოგიერთნი, რომ დანიაზე ბისმარკის გამარჯვება ავსტრიის დამარცხება იყოო, ავსტრიაზედ გამარჯვება - საფრანგეთის დამარცხებაო, და საფრანგეთზედ გამარჯვება ვისი დამარცხება იქნება,ამას ბოლო გამოაჩენს.
ყველას, ვისაც ასეთი საქმეები დააწია ბისმარკმა, რასაკვირველია გულში ხვანჯი ჩაჰყვებოდათ და, თქმა არ უნდა, უთვალთვალებენ, ერთი როგორმე განსაცდელში თავი გაიბას გერმანიამა, რომ ჩვენ ჩვენი ჯავრი ამოვიყაროთო. ბისმარკმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომაც გერმანია ერთს უშველებელ კაზარმადა აქვს გადაქცეული. რაკი ერთი ამისთანა ძლიერი სახელმწიფო, როგორც დღეს გერმანიაა, ასეა, რა თქმა უნდა რომ სხვანიც ეგრე უნდა მოიქცნენ, სხვათა ჯარის სიმრავლეზედ, ჯარის შეთოფიარაღებაზედ უნდა მიქცეული ჰქონდესთ, თუ არ მთელი, დიდი ნაწილი ყურადღებისა მაინც. ამიტომაც მთელი ევროპა ერთს დიდს სამხედრო ბანაკად არის გადაქცეული, აუარებელი ფული და სიმდიდრე ევროპისა ამაზეა გადაგებული, და რაც მკვიდრთა შორის ევროპაში ჯანმრთელია, საღია, ძალღონიერია, - სულ ამაზედ არის მომცდარი. სიმძიმე დღევანდელის დღისა ყველას ერთნაირად კისერზედ აწევს და ყველას ერთნაირად აკვნესებს. ეს სულ ბისმარკის ეგრეთწოდებულ „მილიტარობის“ ბრალია, და დიდხანს აიტანს ამას ევროპა თუ არა, ღმერთმა უწყის.
ბევრი კაცია დღეს ევროპაში, რომ მაგ მილიტარობას ებრძვის. სახელოვანი მამულისშვილი ისპანიისა და ამასთან გამოჩენილი მეცნიერი და ორატორი კასტელიარი, საცა კი შეხვდება, არც სიტყვას და არც თავის შესანიშნავს ნიჭს არა ჰზოგავს ამ გერმანიისაგან შემოტანილის მილიტარობის დასამხობად. თითონ გერმანიაშიაც უკეთესნი გერმანელნი ამ მილიტარობის ბოლოს მოღებას დაუცხრომლად ჰცდილობენ. მართლაცდა, ევროპა გააღარიბა, გააღატაკა, ამგვარმა მდგომარეობამ. რასაც ევროპა ჰშრომობს, რაც მოჰყავს და რასაც აკეთებს, თითქმის სულ ეს მილიტარობა სვავსავითა ჰყლაპავს, და სარჩო-საბადებელს მოკლებული უმრავლესობა ჰჩივის და ჰდრტვინავს. საკვირველია, რა ინახავს ამოდენა ჯარს, ვინ იხდის ამოდენა ხარჯს, როდემდის შეიძლება ეს ასე იყოს და რა უნდა მოჰყვეს ამისთანა მდგომარეობას? ამაებს რომ დაუფიქრდება კაცი, ტანში ჟრუანტელი უვლის... სათავე ყოველ იმისი, რაც დღეს ადამიანს აფრთხობს და შიშის ზარსა სცემს, ჩვენის ფიქრით, ამისთანა ყოფაში უნდა მოიჩხრიკოს, ამ ყოფაშია ყოვლისფრის დასაბამი. ბევრი რამ, რასაკვირველია, ახლო და თვალად ადვილად დასანახავ მიზეზებს ჰბრალდება ხოლმე, მაგრამ მიზეზთა-მიზეზი კი სულ ეს შეუსაბამო ყოფაა, ამისთანა ყოფის მათრახის წვერია, რომელიც ასე შორსა ჰსცემს და ასე შორსა ჰსწვდება.
გერმანიის უპირატესობამ ევროპაში ასეთი ბედი შეაწია ევროპასა; ბისმარკის „რკინისა და სისხლის“ პოლიტიკამ ასეთი ამბავი ჩამოაგდო ქვეყნიერობაზედ; ვამბობთ ქვეყნიერობაზედ, იმიტომ რომ დღეს მთელის ქვეყნის ბედსა თითქმის მარტო ევროპა განაგებს და ატრიალებს. თუმცა ეს ასეა, მაგრამ ბისმარკი ვერ გაჩერდება. გერმანიის საქმე ჯერ დამში მოსული საქმე არ არის; ბისმარკს ჯერ კიდევ ბევრი რამ საფიქრებელი აქვს, რომ ის დიდებული შენობა გერმანიისა, რომელიც ამოდენა სიმაღლემდე უკვე ამოიყვანა, არ დაირღვას და თავზედ არ წამოენგრეს. რა არის საჭირო გერმანიისათვის კიდევ და რა უფრთხობს ძილს ბისმარკსა, - ამაზედ ხვალ მოვილაპარაკოთ.
**
ტფილისი, 25 თებერვალი, 1886 წ.
ჩვენა ვსთქვით გუშინდელს ნომერში, რომ ბისმარკს გაჩერება აღარ შეუძლიან. გერმანიას საზღვრების შესწორება ეჭირვება კიდევ. ჩრდილო-დასავლეთისაკენ ერთს პატარა ქვეყანაზეა მიბჯენილი და ის, რაღაც ნიდერლანდიაა, თვალისათვის ცუდად არის ჩამოწოლილი გერმანიის საზღვარზედ. არ შეიძლება, რომ ეს ქვეყანა ერთს დროს გერმანიამ არ გადალახოს და ზღვისაკენ აქედანაც გზა არ გაიხსნას. რაკი ასეა, შორსმხედველს ბისმარკს ეს სანუგბარი ლუკმაც თავისის პოლიტიკის ფარგალში უნდა ჰქონდეს მოგდებული. ერთს დროს კიდეც აქეთ გაიწვდინა ხელი „რკინის კანცლერმა“, მაგრამ რაკი დაინახა, რომ მთელს ევროპას თმა აებურძგნა, უკან დაიხია, ჯერ ადრეაო.
გარდა ამისა, ავსტრიას ბევრი ნემენცობა შეჰრჩა კიდევ და აქაც „შემოკურღვნა“ მიჯნებისა და ამ ნემენცების მიჯნის შიგნით შემოგდება არ უნდა ეუცხოებოდეს იმისთანა კაცს, როგორიც ბისმარკია. მსუნაგი თვალი ბისმარკისა რუსეთისაკენაც იყურება. აქაც ბალტიის ზღვის პირას იმოდენა ნემენცობაა, რომ საკმაოა სიხარბე ბისმარკისა გაახელოს, გარდა ამისა, ძლიერება რუსეთისა ბევრს უშლის ბისმარკსა. რუსეთი რომ არ ყოფილიყო, ბისმარკს ხელმეორედ უნდოდა დასჯახებოდა საფრანგეთსა, და რაც პირველში დააკლო, ის მეორედ შეესრულებინა, მაგრამ რუსეთმა თავი გამოიდო და ბისმარკი დასცხრა. რუსეთისა და საფრანგეთის დაზავების შიში რომ არა ჰქონდეს ბისმარკს, ვინ იცის რას არ იქმოდა ევროპაში. და რადგანაც ღარიბი გერმანია დიდ ხანს ვერ აიტანს ამოდენა ჯარის ყოლას და შენახვას, და ვიდრე საფრანგეთი და რუსეთი ასე ძლიერნი არიან - არც შეიძლება ჯარის შეცოტავება, ამიტომაც გერმანიისათვის აუცილებელი საჭიროებაა ერთისაც და მეორის დასუსტებაც. თვითო მათგანს ცალ-ცალკე კიდევ გაუბედავს რასმე ბისმარკი, ორივეს ერთად-კი ძნელად თუ გაემკლავოს. ერთხელ, აწ განსვენებულმა გამბეტამ სადღაცა სთქვა, რომ ელზას-ლოტარინგია (რომელიც ბისმარკმა საფრანგეთს ჩამოართვა) სისხლდაუღვრელად დაგვიბრუნდებაო. რის იმედით უნდა ეთქვა ეს გამბეტას? ან იმის იმედით, რომ გერმანია ისეთს ბარდებში გაებმისო, რომ ელზას- ლოტარინგიისათვის ვეღარ მოიცლისო, ან იმის იმედით, რომ ჩვენ რაშიმე დავჭირდებით ბისმარკსა, ამ ელზას-ლოტარინგიას მოგვცემსო და გვეტყვისო, თქვენ „სუო“. ორივე ჭკუას ახლოა. ბისმარკისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. ან რატომ არ უნდა იყოს მოსალოდნელი, თუ აბაზს გასცემს და მანეთს მოიგებს.
ეკონომიური განუწყობელობა გერმანიაში, ადგილ-მამულის ვიწროობა, რომელიც ვეღარ იტევს მკვიდრთა სიმრავლეს, საყოველთაო სამხედრო ბეგარა, მძიმე გადასახადები, - ბევრს ნემენცს ერეკება თავის სამშობლოდამ. ჯერ შარშან, ერთის წლის განმავლობაში, ასორმოცდათხუთმეტ ათას კაცზედ მეტი გახიზნულა გერმანიიდამ და სხვა ქვეყნებს შეჰკედლებია. ჯერ ხომ ხალხი ეკარგება ამ სახით გერმანიას, და მერე თან რასაც ფულს და სხვა სიმდიდრეს გაიყოლებენ, ესეც ხომ დანაკლისია გერმანიისათვის. ამ გარემოებამ აიძულა ბისმარკი, სხვაგან, ევროპის გარეთ, დაიჭიროს ადამიანის ცხოვრებისათვის შესაფერი ქვეყნები და მეტი ხალხი გერმანიისა იქ დაასახლოს, ბინა აუჩინოს, და ამ სახით ისევ გერმანიის მფლობელობის ქვეშ ამყოფოს. საკოლონიო პოლიტიკა, რომელსაც ბისმარკმა ამ ბოლოს ხანებში ასე ხალისიანად ხელი მიჰყო. უფრო ამ გარემოებისაგან არის წარმომდგარი, ვიდრე ვაჭრობის მოედნის გაფართოებისათვის. ამ პოლიტიკამ ინგლისს ყურები ააცქვეტინა და ერთხანად კიდეც შეატაკა ინგლისი და გერმანია ერთმანეთს, მაგრამ საქმემ მშვიდობით ჩაიარა. ინგლისს, რომელიც სამართლიანად ზღვათამფლობელად იწოდება, არ უნდა ეჭაშნიკებოდეს გაძლიერება გერმანიისა ევროპის გარეთაც. ეხლა ინგლისს ევროპის გარეთ საკოლონიო პოლიტიკაში თითქმის მეტოქე არა ჰყავს, და გერმანიამ რომ იქ ფეხი მოიკიდოს, ვერაფრად იამება. რომ ბისმარკი არც იქ იქცევა თავაზითა და რიდითა, აშკარად დაანახვა ქვეყანას მაგალითი კაროლინის კუნძულების გამო. ისპანიას კინაღამ იარაღი არ ააღებინა ხელში. რასაკვირველია, მკითხველი იკითხავა: ამდენს რომ იფხაჭნება ბისმარკი, ბოლოს როგორ გაატანოსო? მინამ ცოცხალია, ერთს ალიაქოთს კიდევ მოახდენს და მერე რაც იქნება, იქნება. ამას ყველანი ჰგრძნობენ.
**
ტფილისი, 26 თებერვალს, 1886 წ.
შინაური საქმეები გერმანიას მეტად ბევრი აქვს. ბისმარკი, როგორც გარეთ, ისეც შიგნით, მეტად დაუცხრომელი და დაუღალავია. ჩვენ, რასაკვირველია, დაწვრილებით არ გამოვუდგებით გერმანიის შინაურთა საქმეების აღნუსხვას. მაგას კარგა ხანი მოვუნდებოდით. ამისათვის არც დრო გვაქვს, არც მოცალეობა და, სწორედ უნდა ვსთქვათ, არც საჭიროა ჩვენთვის ისე ვრცლად გამოკიდება, როგორც თითონ საქმის მრავალკეცობა ითხოვს. ჩვენთვის საკმაო იქნება დასახელება და ჩამოთვლა იმგვართა მოვლენათა, რომელთა სიმწვავე უფრო საგრძნობელია. თუმცა გერმანია დღეს გაერთებულია, მაგრამ სამხრეთს გერმანიას ჯერ აქამომდე ეხამუშება უპირატესობა პრუსიისა გერმანიაში. ჩრდილო გერმანიის უძლიერესი წარმომადგენელი - პრუსია - დღეს თითქმის მარტოკა განაგებს გერმანიის საქმეს და მისი ბატონობა და მძლავრობა ბევრს უმძიმს. გარდა ამისა, ბევრგან გერმანიაში, და განსაკუთრებით ბავარიასა და ჰანოვერში, ჯერ-აქამომდე არა აქვთ დავიწყებული, რომ ერთ დროს თვითმყოფელნი სახელმწიფონი ყოფილან. მომხრენი ამ თვითმყოფობისა „პარტიკულიარისტებად“ არიან წოდებულნი და თითონ მოძღვრება თვითმყოფობისა „პარტიკულარიზმად“ ცნობილია. ეს დასი პარტიკულარისტებისა არც ისე ძლიერია, რომ ხელთ იგდოს სადავე სახელმწიფო გამგეობისა, და არც ისე უძლური, რომ გერმანიის სახელმწიფო კაცმა დღეს ყური არ ათხოვოს. ერთი ნაწილი ამ დასისა ეგრეთწოდებულნი„ველფნი“ არიან, რომელთაც მოთავედა ჰყავთ ყოფილი მინისტრი ჰანოვერისა, სახელგანთქმული და მჭევრმეტყველი მეთაური დღევანდელის პარლამენტის კარგა მოზრდილი ნაწილისა, ვინდჰორსტი. ეს ველფნი და პარტიკულარისტები, საცა-კი და როდესაც-კი მოახელებენ ხოლმე პრუსიას, არა ჰზოგვენ არც შრომას, არც მეცადინეობას, რომ როგორმე შეაკვეცონ მეტად ფართოდ გაშლილი ფრთები. თუკი ისეთი საქმე ჩამოვარდება გერმანიის საერთო პარლამენტში, რომელიც ასე თუ ისე შეეხება ამ პარტიკულარისტების მოძღვრებას, და რომლიდამაც ცოტად თუ ბევრად შეიძლება ხოლმე საამმოძღვრებოდ გამოიგლიჯოს რამე, მაშინვე დასი პარტიკულარისტებისა, ერთ ჯგუფად მომქმედნი, თავს გამოიდებენ და გულდაგულ იბრძვიან. საფრანგეთისაგან ამ თხუთმეტი წლის წინათ ჩამორთმეული ელზას-ლოტარინგიაც ჯერ შორს არის გერმანიის ერთგულებაზედ. იგი ისევ საფრანგეთისაკენ მიიზიდება სულით და გულით, და ეს ამბავი მით უფრო საგრძნობელია და დასაფიქრებელი გერმანიისათვის, რომ ელზას-ლოტარინგია თითქმის კარია მტრის შემოსევისათვის საფრანგეთის მხრით.
გარდა ამ ტკივილებისა, რომლის მორჩენას ბევრს დროს და ზრუნვას ანდომებს ბისმარკი, მეტად ძლიერი დასია ეგრეთწოდებული „კლერიკალთა“ დასი, - რომელსაც ბისმარკი ხან ტყავს აძრობს და ხან დაუყვავებს ხოლმე. ეს დასი, კათოლიკეთა მოძღვრების დროშის ხელში მჭერელი - ვინდჰორსტის წინამძღოლობით, სარწმუნოების სახელით ებრძვის და ეწინააღმდეგება პროტესტანტულ პრუსიის ჰეგემონიას გერმანიაში. „მაისის კანონები“, რომლით ბისმარკმა პირდაპირი ომი გამოუცხადა ამ დასს, რადგანაც მით ყოველი ძალი და უფლება ჩამოართვა კლერიკალობას, შეიქმნენ დასაწყისად იმ ბრძოლისა, რომელიც „კულტურულ ბრძოლად“ ცნობილია. ამ პირდაპირ გამოცხადებულმა ომმა ყველას კათოლიკეთა მოძღვრების მომხრეებს ერთად მოუყარა თავი, ერთ კარგა მოზრდილ დასად შეაჯგუფა, და დღეს თუ ბისმარკი გერმანიის საერთო პარლამენტში თავის საწყენს მოძრაობასა ჰხედავს, ამ დასის მადლობელი უნდა იყოს.
დღეს გერმანიაში არის ერთი მეტად ფხიანი დასი კიდევ, რომელსაც „თავისუფალ მოაზრეთა“ დასს ეძახიან და რომელსაც წინ უძღვის საქვეყნოდ გამოჩენილი და
სახელგანთქმული მეცნიერი ვირხოვი. ეს დასი ყოველთვის წინააღმდეგია ბისმარკისა და ერთობ იმ პოლიტიკისა, რომელიც-კი „რკინისა და სისხლის“ სუნს აუშვებს ხოლმე. გაუპენტავად არა ჰრჩება ხოლმე ამ დასს არც ის შინაური პოლიტიკა ბისმარკისა, რომელიც „სახელმწიფო სოციალიზმად“ დღეს წოდებულია. არის კიდევ ერთი გამჭრიახი და მხნეობით აღჭურვილი დასი „სოციალ-დემოკრატებისა“, რომელიც დღედადღე ძლიერდება გერმანიაში და რომელიც ეგრეთწოდებულ მეოთხე წოდების, ესე იგი მუშათა საკეთილდღეოდ იბრძვის. ეს გაძლიერება მეტად არ მოეწონა ბისმარკს და ჯერ კიდევ 1878 წელს პარლამენტს მიაღებინა ეგრეთწოდებული „კანონი სოციალისტების თაობაზედ“ იმ განზრახვით, რომ ამ გაძლიერებას გზა შეუკრას. ეს კანონი, როგორც გვახსოვს, ხუთის წლით იყო მიღებული. სჩანს ამ კანონებმაც ვერა გააწყვეს-რა, რადგანაც 1884 წ. ბისმარკმა მოითხოვა, რომ ორის წლით კიდევ განაგრძეთ მაგ კანონების მოქმედებაო; მაშინ განაგრძობა ამ კანონებისა მიიღეს 183 ხმის უმეტესობით წინააღმდეგ 158 ხმისა. ამ ხმათა რიცხვიდამ აშკარადა ჰსჩანს, რომ სოციალისტთა საწინააღმდეგოდ ბისმარკს ძლიერი ჯარი არა ჰყოლია. ამ ორი წლის ვადაც მალე გადის და ბისმარკი, რასაკვირველია, ხელახლად ნდომულობს ხსენებულ კანონთა მოქმედების განგრძობასა.
როცა ამ კანონზედ ხელახლად სჯას დაიწყებენ, მაშინ ბურთი და მოედანი, ესე იგი პარლამენტი გამოაჩენს, - მომხრეობამ ამ დასისამ იკლო გერმანიაში, თუ იმატა. ეს მით უფრო საყურადღებოა, რომ ამ დასის მეტნაკლებობაზედ ბევრი შინაური ამბებია დამოკიდებული გერმანიაში და ეგ, შინაური ამბები მით უფრო მწვავნი და საფრთხილონი არიან, რომ ეკონომიურ განწყობილების საძირკველს ეხებიან.
**
ტფილისი, 27 თებერვალი, 1886 წ.
ბისმარკი არაფერს არ ერიდება, რომ სოციალობას გერმანიაში აბრუ გაუტეხოს. ვერც მოძღვრება სოციალობისა შეუწყნარებია და ვერც უარ-უყვია. ვერ შეუწყნარებია იმიტომ, რომ დღევანდელს რეს დაჰპატრონებია მარტო შემძლებელი, სულ თავისკენ მოუთლია, ზედ დასჯდომია და მაგრად ჩაუჭიდნია ხელი. წყობა დღევანდელის დღისა, წარმომდგარი 1848 წლის რევოლუციისაგან, ეგრეთწოდებული „ბურჟუათა“ წყობაა. ეს მესამე წოდებად ცნობილი ნაწილი ერისა, რომელიც დღეს განაგებს თითქმის ყველგან შინაურ, თუ საგარეო საქმეებს სახელმწიფოებისას, მოძრავის თავნისა და შეძლების პატრონების ნაწილია.
საცა კი მიიხედავთ, ყველგან ეგენი არიან: ქვეყნის გამგებლობას იკითხავთ - ეგენი არიან,კანონმდებლობას, მრეწველობას, ვაჭრობას, - სულ ყველგან ეგენი არიან ობსავით მოკიდებულნი, და რაც საიდან გამორჩომაა - არავითარს შემთხვევას არ ჰკარგავენ, რომ არ გამორჩნენ. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ბევრნი გულნაკლულად რჩებიან. აი ეს გულნაკლულნი, რომელსაც მეოთხე წოდებას ეძახიან, მუშა ხალხია, რიცხვით მრავალი, და იგი შეადგენს დღეს სოციალობის რაზმსა და დღევანდელს სატკივარსაც გერმანიისას.
ამ სახით, აშკარაა, ბისმარკს რატომ ვერ შეუწყნარებია მოძღვრება ამ მეოთხე წოდების და ან უარ ვერ უყვია. ერთის მხრით შეძლებაა და ფული, მეორეს მხრით მარჯვენა და ჯანი. ორგანვე ძალაა და წყლული ორგნითვე სტკივა. თუმცა ბისმარკს გული პირველთათვის უფრო უცემს, მაგრამ მეორისაც კი ეფიქრება. იფიქრა, იფიქრა და სთქვა: ეს ორი ძლიერი ნაწილი ერთმანეთს ასე ფიცხად დასჯახებია, - მოდი, პირველებსაც ჩავაჭრი ცოტაოდნად ფრთებსა და მეორეებსაც ხელში ჩავიგდებ და ჩავითრევო. იფიქრა და მოიგონა ეგრეთწოდებული „სახელმწიფო სოციალიზმი“. ამით ორი კურდღელისა კი არა, სამისა ერთად დაჭერა მოიწადინა. ჯერ ერთი, რომ „ბურჟუაზიას“, მეტად გაძლიერებულს და თითქმის სახელმწიფოს მფლობელს, მართლა-და შეკრეჭა უნდა, თორემ მეტად თამამობს და საჭიროა დიდი სახსარი ძლიერებისა პატარად შეაკვეცოს; მეორე მხრით, მუშათა გულს მოიგებს, რაკი სახელმწიფო ჩაიგდებს ხელში გამორჩომის წყაროს და მაშასადამე თითონ სახელმწიფო აუჩენს მუშებს საქმესა; და მესამეს მხრით - რაც გამორჩომა იქნება, სახელმწიფოს ერგება. რა თქმა უნდა, ეს „სახელმწიფო სოციალიზმი“ მარტო დიდს და ზორბა საქმეებს მიჰმართა. ჯერ დაიწყო იქიდამ, რომ რკინისგზები რად უნდა იყოსო კერძო კაცთა ხელში; მიჰყო ხელი რკინისგზების გამოხსნას კერძო კაცთაგან სახელმწიფოდ; თამბაქოს კეთების, მზადების და აღებ-მიცემობის საქმე სახელმწიფოსათვის უფრო უპრიანიაო, ვიდრე კერძო კაცთათვის და შემოიღო თამბაქოს მონოპოლია, და დღეს ხომ არაყის მონოპოლიაც შემოაქვს სახელმწიფოს სასარგებლოდ;სახელმწიფომ თვით უნდა ჰხადოს, გადაწმინდოს და ჰყიდოს არაყი. ცხადია, რომ ყოველს ამას გაძღოლა უნდა, ცხადია რომ ყოველს ამას აუარებელი ხელი, ესე იგი მუშა მოუნდება, და აი სად არის ის ფონი, რომელიც ახრჩობს. რაკი მუშები ლუკმაპურის საშოვრად სახელმწიფოს მაყურებელნი იქნებიან, რაკი სახელმწიფო იქნება მათთვის საქმის ამჩენელი, საქმის პატრონი და ამ გზით სარჩო-საბადებლის მომწვდელი, მაშინ მუშები, ამრიგად სახელმწიფოსაგან დავალებულნი, ძალაუნებურად სახელმწიფოს დაემორჩილებიან, მოემხრობიან, და ამ გზით სოციალობას რაზმი თუ სრულად არ დაეშლება, შეუთხელდება მაინც. გარდა ამისა, აგრე ყურდაჭერილნი მუშები ყოველთვის საფრთხალად ეყოლება სახელმწიფოს, თუ ვინიცობაა ოდესმე რომელიმე წოდებამ ერისამ კადნიერის ხმით გალობა დაიწყო.
ეს ამბავი უგრძნეს ბისმარკსა და ამ ნიადაგზედ დიდი ჯახა-ჯუხია აზრებისა ატეხილი გერმანიის დღევანდელს საერთო პარლამენტში. დღეს მოედანზედ გაგდებული ბურთი - სასმელების მონოპოლიაა და ვნახოთ, პარლამენტი როგორ და რას იტყვის.
ყოვლად უშიშარმა ბისმარკმა, იმ პოლიტიკის ძალით, რომ ყველაფერი სახელმწიფოსაგან უნდა წარმომდინარებდესო და ყველაფერი მასვე უნდა მიერთმეოდეს და შეეწირებოდესო, ერთი საოცარი ამბავი მოახდინა ამ ბოლოს დროს. ეს ამბავი პოლიაკთა განდევნაა პრუსიის საზღვრებიდამ; 100 მილიონი ფული გამოითხოვა, რომ არამცთუ დროებით მოსულნი პოლიაკები განდევნოს, არამედ პრუსიისავე ქვეშევრდომნი და მკვიდრნი მოსახლენი პოზნანისა აჰყაროს, მათგან მამულები ძალაუნებურად შეისყიდოს და ნემენცებს დაურიგოს. ამბობენ, ამ ყოვლად საოცარს საქციელს სარჩულად უდევს საგარეო პოლიტიკა, რომლის ქსელიც ინგლისის ყოფილმა მინისტრმა სალუსბერიმ გააბაო.