top of page

ებრაელთა საკითხზე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 2 min read

1886 წელი


არც ერთს ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდამ გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელის დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება. აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში, ყველგან ერთი და იგივე ბედი სდევნიდა უბედურს ერსა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ყოველნაირის საშუალებით, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მსხვერპლი ძულებისა და წამებისა. ამდენი ხანია ეს ერი მოგზაურობს მთელს დედამიწის ზურგზე და ამ ხნის გნმავლობაში არა ყოფილა ისეთი სატანჯველი, რომელიც ებრაელებს არ გამოეცადოს. აბა რომელი საბუთი არ უხმარიათ და ხელზე არ დაუხვევიათ ებრაელთა სადევნელად და საწვალებლად? არ მოიპოვება ისეთი ისტორიული უსამართლოება, რომელსაც ებრაელები არ დაეჩაგროს. სდევნიდნენ ებრაელებს — ვითარცა ერს, სდევნიდნენ — ვითარცა თავისებურისა და განსაკუთრებულის რჯულის მაღიარებელთ, სდევნიდნენ — ვითარცა უსამართლო ეკონომიურის წესწყობილების წარმომადგენელთ და სხვა ერთა ეკონომიურ მჩაგვრელებს. მდევნელები ხან ერთს საბუთს აძლევდნენ უპირატესობას, ხან მეორეს და არასოდეს არ დამცხრალა სიძულილი ებრაელთადმი.


ეხლაც-კი, როდესაც ეგოდენს ჰღაღადებენ კაცთმოყვარეობაზე, იმავე საბუთების ძალით სდევნიან იმათ იქაც-კი, სადაც თითქოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს სიძულილსა და დაუნდობლობას. ეს რამდენი ხანია ევროპაში არსებობს ეგრეთწოდებული ანტისემიტიური, ესე იგი ებრაელთა მოწინააღმდეგე მოძრაობა, რომელიც სცდილობს რაც შეიძლება მეტად შეავიწროვოს და დასჩაგროს ებრაელნი. ნამეტნავად ავსტრიასა და გერმანიაშია ძლიერი იგი მოძრაობა, ისეთ წრეშიაც კი, რომლისაგანაც ნაკლებად მოსალოდნელი და საფიქრებელი იყო. ჩვენ ვამბობთ ავსტრიისა და გერმანიის მწერლობისა და განათლებულის საზოგადოების ერთს ნაწილზე. ზოგი გაზეთი მუდმივ ებრაელთა წინააღმდეგ იბრძვის; სტუდენტებიც-კი, რომლებისაგანაც საფიქრებელიც არ უნდა იყოს რომლისამე ერისადმი სიძულილი, საქვეყნოდ ღაღადებენ და მოქმედებენ ებრაელთა წინააღმდეგ. ამას წინათ ვენაში აკურთხეს ძეგლი გლაზერისა, იუსტიციის მინისტრად ნამყოფისა. გლაზერი გვარტომობით ებრაელი ყოფილა და ამიტომაც, როცა უნივერსიტეტის რექტორმა ფოკელმა დაიწყო ლაპარაკი განსვენებულის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სტუდენტებმა შეჰქმნეს ისეთი ხმაურობა, რომ უნივერსიტეტის მთავრობა იძულებული გახდა შეეჩერებინა დღესასწაული. სტუდენტები გამოვიდნენ უნივერსიტეტის დარბაზიდამ და, როგორც აღმოჩნდა, უფროს-ერთი ანტისემიტურის მიმართულებისა ყოფილა, — ასე გასინჯეთ, ანტისემიტური გრძნობა არ დაცხრა არც მეცნიერების ტაძარში განსვენებულის სახელის წინაშე. გარდა ამისა, ამას წინათ, როცა ასამართლებდნენ შენერერს, ამ უკანასკნელის მომხრეებმა საქვეყნოდ აღიარეს, შენერერს რომ ებრძანებინა ჩვენთვის, ებრაელებს თავს დაეცით და ამოსწყვიტეთო, ჩვენ ხმაამოუღებლივ შევასრულებდით იმის ბრძანებასაო.


ანტისემიტურს მოძრაობას ძალიან დაუფიქრებია გერმანიის მმართველობაცა, ამასა ჰმოწმობენ ზოგიერთი გაზეთები, რომელნიც ლაპარაკობენ ებრაელთა ყოფა-მდგომარეობაზე. ეს გაზეთები ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებშიაც თანდათან ძლიერდება ანტისემიტური მოძრაობაო. ამის მიზეზი ეროვნული სიძულილი და რელიგიური ფანატიზმი-კი არ არის, არამედ ეკონომიური ძლიერება ებრაელთა კაპიტალისტებისა, რომლების ხელში გროვდება აუარებელი სიმდიდრე საფრანგეთისა, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოებისაო. ამ გარემოებას არა მარტო ეკონომიური მნიშვნელობა აქვს, არამედ პოლიტიკურიცაო, და თუ ებრაელთა ეკონომიურს გაძლიერებას თავის დროზე არ შევებრძოლებით, კაპიტალი შეიქმნება ყველა სახელმწიფოებზე უფრო ძლიერი და საშიშიო. კაპიტალის ხელში მოიქცევა ბედი და უბედობა ერთა და მეფეთაო. ყველანი იმასა სჩივიან, რომ ანტისემიტური მიმართულება თანდათან უფრო და უფრო ძლიერდება, ნამეტნავად განათლებულს საზოგადოებაშიო.


რასაკვირველია, ეს გარემოება მეტად საფიქრებელია, რადგანაც განათლებულს საზოგადოებას დიდი გავლენა აქვს ევროპის ყოფა-ცხოვრებაზე. ამ ნაწილს საზოგადოებისას შეუძლიან თავისი კვალი დააჩნიოს ებრაელთა ბედსა და უბედობას.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page