დღევანდელი სპარსეთი
- Tata Tibilovi
- Dec 9, 1889
- 4 min read
Updated: Jan 15, 2024
სპარსეთიო, - ამბობს ერთი კორესპონდენტი რუსეთის გაზეთისა, - ჩვენში ისე უყურებენ, ვითომც იმოდენად უღონო და უძლური იყოს, რომ საკმაოა კაცმა კი მოინდომოს და 24 საათში მიწასთან გაასწორებსო. ჩვენა გვგონიაო, რომ სპარსეთი ყოვლის უარის უთქმელად ჩვენს ნებაზედ ივლის, თუ რომ ზოგიერთი ბოროტი მანქანები და ინგლისის ფულები იქ ჩვენ ხელს არ გვიშლიდეს და საქმეს არ გვიფუჭებდესო. კორესპონდენტის აზრით, ყოველივე ეს შეცდომაა ჩვენის მხრითაო. იმიტომ რომ სპარსეთიც, სხვათაებრ, დღეს იღვიძებს და სცდილობს თავის-თავი იმდენად გამოაკეთოს, რომ საკუთარს ფეხზედ დაჰდგეს და საკუთარის ავკარგიანობით გაძლიერდესო. კორესპონდენტისავე სიტყვით, დღევანდელი სპარსეთი ის სპარსეთი არ არის, რაც აქამომდე იყო. დღეს სპარსეთში იქაური სასულიერო წოდება, რომელიც აქამომდე მარტო გუნდრუკს უკმევდა ყველაფერს სპარსულს და უკადრისად იხსენიებდა სხვას ყოველს, რაც სპარსული არ იყო, ცოტად თითონაც გამოფხიზლდა და დაინახა, რომ თუმცა ევროპა ურჯულო ქვეყანაა, მაგრამ იქ ბევრი იმისთანა წესი და რიგია, რომელსაც კაცმა ცხვირის მაღლა აწევით გვერდს არ უნდა გაუაროს, პირიქით, უნდა დინჯის თვალით დაუკვირდეს და აწონ-დაწონვით მოსჩხრიკოს, - რა არის იქიდამ კარგი მისაღები და შემოსატანი და რა არის უარსაყოფელი და განსადევნი. ეს, რასაკვირველია, თითო-ოროლა კაცს სასულიერო წოდებისას მიეწერება და არა ბევრს მათგანს, მაგრამ ამ თითო-ოროლას არსებობა სპარსეთში „დროთა ნიშნად“ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც იარა სპარსეთისა ამ სასულიერო წოდების გაუტეხლობა და კერპობა იყო დღესაქამომდე. ამ წოდებას იქამდე შეეხუთნა იქაურობა, იქამდე გაებაწრა, რომ თვითონ შაჰიც, რომელიც ჩვენ ყოვლადშემძლებელი გვგონია სპარსეთში, ეკრძალებოდა. უფრთხოდა თურმე ამ სასულიერო წოდებას ასე, რომ მინამ გაჰბედავდა რასმე, ჯერ ამ წოდებისათვის უნდა ანგარიში გაეწია, და მისი ნებართვა თუ არა, მისი უარი მაინც არა ჰქონოდა. ეხლა, რაკი თითონ ამ წოდებაში უგრძვნიათ, რომ უწინდელი ყოფა სპარსეთისა თავს არ დაიჭერსო, აშკარაა კედელი გაუტეხლობისა და კერპობისა უკვე გარღვეულა და ახალის შემოსევისათვის გზა ცოტად თუ ბევრად გახსნილა სპარსეთში. კორესპონდენტი ამბობს, რომ სპარსელებ შორის ეხლა ბევრს იმისთანას ჰნახავთ, რომელნიც ყოფილან ევროპაში არამცთუ მარტო სავაჭროდ და საქონლის მოსატანად, არამედ გასანათლებლად და სასწავლებლადაო. ბევრია თურმე იმისთანა ახალგაზრდა კაცი, რომ ევროპაში მაღალ სასწავლებელში სადმე ესწავლოს, სწავლა შეესრულებინოს, და დღეს სპარსეთში ჰმოქმედებდეს მის გამოსაღვიძებლად და გამოსაკეთებლად. ამათი მამულიშვილობა, ამათი სიყვარული თავისის ქვეყნისა უფრო წინდახედულია, უფრო ცნობიერებით და გაგებით მოსილია, ვიდრე ძველის აღთქმის კაცებისაო. ესენი აღარ იქადიან, რომ სპარსეთი მარგალიტია სავსებისა და სისრულისა, ტყუილად თავს არ იწონებენ, რომ ამათზე უკეთესი, ბედნიერი და შემძლებელი ერი და ქვეყანა სხვა არსად იყოს დედამიწის ზურგზედა, პირიქით, ბევრს ნაკლსა ჰხედვენ და ქვეყნის სიყვარულით აღფრთოვანებულნი იძახიან: თანდათან და ნელ-ნელა სპარსეთი დაეწევა ევროპას, როგორც რუსეთი დაეწიაო. ზოგნი, თავის ქვეყნისავე სიყვარულით გაფიცხებულნი, იქამდინაც-კი მიდიან, რომ ამტკიცებენ, დაგვაცალეთ ერთი, ზოგიერთი ხარიხები, რომელიც სვლას გვიშლიან და გვაბრკოლებენ, თავიდამ მოვიშოროთ, და მაშინ ჰნახავთო, რომ სპარსეთიც საპატიო ადგილს დაიჭერს სხვათა განათლებულთა ერთა შორისო. დღეს საზღვარგარეთ იბეჭდება თურმე ბროშიურები სპარსულად და ამ ბროშიურებში სულ იმას ჰქადაგობენ თუ, - როგორ და რა გზით უნდა გამოკეთდეს დღევანდელი უკმარი ყოფა-ცხოვრება სპარსეთისა. ზოგი ამბობს, რომ საერო სწავლა-განათლება უნდა გაძლიერდესო, ზოგი იძახის - კანონებს გადასინჯვა უნდა, ამ სფეროში საჭიროა შესაფერი რეფორმებიო, და ზოგი სცდილობს სახსარი რამ იპოვოს სამშობლო ქვეყნის მრეწველობის გასაძლიერებლად და ეკონომიურ შეძლების ასაყვავებლად. სიტყვით, საქმით, თუ წერით, ევროპაში განათლებულნი ყმაწვილნი კაცნი სპარსეთისანი იღვწიან შინა და გარეთ, რომ გამოაფხიზლონ აწ მთვლემარე სამშობლო ქვეყანა და ფეხზედ წამოაყენონ საკეთილდღეო მოქმედებისათვის. ამათმა ღვაწლმა ამაოდ არ ჩაიარა, როგორც გვარწმუნებს ხსენებული კორესპონდენტი. საზოგადოებაში ფეხი შესდგა ამათმა მოძღვრებამ და იმდენად იმოქმედა, რომ ძველის წესის გაუტეხელნი და შეუპოვარნი კაცნიც-კი ცოტად თუ ბევრად მოარჯულა და მოინადირაო. ამაების ზედმოქმედების გამო, თითონ სახელმწიფო საქმეთა ძველნი კაცნი, კერპად ურჩნი და მოძულენი ყოველ იმისა, რაც კი სპარსული არ არის, დღეს თავის შვილებს ფრანგულს მაინც ასწავლიანო, რომ ამ ენის ცოდნით განათლებულებთან მარაქაში გაერიონო. კორესპონდენტს თეირანში ერთი მოლა უნახავს, რომელიც შიშისა და კრძალვისაგან მალულად სწავლობს თურმე ერთის ევროპიელისაგან ფრანგულს ენას, და ერთმა ფრანგმა მასწავლებელმა დამარწმუნაო, რომ ამ ჟამად ფრანგულს ვასწავლი პატარა ქალს ერთის დიდის კაცისას, რომელსაც დიდის ხარისხის ადგილი უჭირავს სახელმწიფოშიო. არამცთუ შინაგანად კეთდება თურმე სპარსეთის ყოფა-სხოვრება, გარეგანს ცხოვრებასაც დაეტყო, - ამბობს კორესპონდენტი, - ახალის მოძრაობის ელფერიო. წინათ ძალიან სასტიკად სდევნიდნენ ერთის ჩვეულების დარღვევას, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ თუ ქუჩაში ვისმე შაჰის ცოლები შეხვდებოდა, მაშინვე უნდა გაქცეულიყო და ან სახლსა, ან სხვის ეზოში, ან ქუჩის ყურეში სადმე უნდა მიმალულიყო, რომ არამც და არამც თვალი არ მიეკარებინა. ეხლა ეს ჩვეულება გააუქმესო. შაჰის ცოლები ეხლა თავისუფლად სეირნობენ ეტლებით ქალაქში, და თუმცა ისევ ჩადრებსა ჰხმარობენო, მაგრამ აღარც ის კრძალვაა, აღარც ის შიში, რომლის გამოც ყოველი მათი შემხვედრელი უნდა გაქცეულიყო და სადმე მიმალულიყო. ეხლა შაჰი რომ ევროპიდამ დაბრუნდა და ამისათვის დიდის ყოფითა და ამბით მისაგებებელი პროცესია გაჰმართეს, სხვებთა შორის პროცესიაში შაჰის ცოლებიც იყვნენო. ყოველს ამას ისიც დაურთევით, რომ თითონ ეხლანდელი ხელმწიფე სპარსეთისა მომხრეა ცოტად თუ ბევრად ამ ახალის მოძრაობისა და იქნება თვით ამ მოძრაობის მიზეზიც თითონ იგივე იყოს, და მაშინ ცხადად დასაჯერია, რომ აპარსეთი თავის ახალი ბედის განთიადის ხანაშია. რაც შეეხება სპარსეთის ეკონომიურს ვითარებას, ამ მხრით იგი ვერ იტყვის ჯერ, რომ ჩემით ვმოქმედობ და ჩემით გზა გამაქვსო. უწესოება, თვითნებობა მოხელეობისა, დაუდგრომელობა კანონებისა, ძლიერის წინ უენობა და უსარჩლობა უღონოსი, რა თქმა უნდა ძლიერ აბრკოლებს ამ მხრით წარმატებას. კორესპონდენტი ამბობს, რომ რაკი იქაურნი მკვიდრნი დარწმუნებულნი არ არიან, რომ ჩემი ქონება ჩემია და არა ჩემზე ძლიერისა და გავლენიანისაო, შიშით არამცთუ ამოქმედებენ ამ ქონებას, ჰმალვენ კიდეც და არ აჩენენო. მე ერთი მდიდარი სოვდაგარი ვიციო, ამბობს კორესპონდენტი, რომელსაც დიდი შეძლება აქვს, მაგრამ დამალული აქვსო და თითონაც თითქმის ძონძებით დაიარება, რომ არა შემამჩნიონ-რა და არ წამართონო. ამ ყოფაში ძნელია, ძნელი-კი არა, შეუძლებელია რაიმე ეკონომიური წარმატება. ეს უცვნიათ და უგრძვნიათ სპარსეთში და დღეს ამაზედ თვალახილულ შაჰს მოუწადინებია ამ მხრით როგორმე გამოაკეთოს საქმე. თეირანიდან ატყობინებენ გაზეთს „Neue Freie Presse“-ს, რომ სპარსეთში დადგა ხანა დიდის რეფორმებისაო. უკანასკნელად შაჰის ევროპაში ყოფნამ მოიტანა ეს ქვეყნის სასარგებლო ნაყოფი თურმე. ინგლისის გაზეთს „Times“-ს კიდევ სწერენ სტამბოლიდამ, ნასრ-ედდინ შაჰს უბრძანებია თავის მინისტრებისათვის — შეადგინონ კომისია სამინისტროებში მოსამსახურე კაცთაგან და შეისწავლონ კანონები საფრანგეთისა, ინგლისისა, გერმანიისა და ოსმალეთისა, რომ იქიდამ ამოიღონ ყოველივე ის, რაც გამოადგება სპარსეთს საკეთილოდ. თუ ამისათვის საჭირო იქნება, რომ ზოგიერთი ჩემი ნება-უფლება დავთმოო, უბრძანებია შაჰს, მე უკან არ დავდგებიო და დავთმობო, ოღონდ ამით ჩემს ქვეყანას სიკეთე და ბედნიერება მიენიჭოსო. ჩვენა გვგონია, რომ ამ დიდს განზრახვას ნასრ-ედინ შაჰისას არა-რა დაუშლის განხორციელდეს. ჩვენ, რაც შეგვეძლო გაზეთის მოკლე წერილით, ვაუწყეთ ჩვენს მკითხველებს, რომ თვით სპარსეთის საზოგადოებას საკმაო ღონე აქვს მხარი მისცეს განზრახულს რეფორმებს. ნასრედინ-შაჰი ბევრს მეშველს იპოვის თავის ქვეყნის განათლებულ ახალგაზრდობაში, რომ ეს თავისი დიდი და სახელგასათქმელი განზრახვა საქმედ გადააქციოს. რამდენად მომწიფებულია ეს საქმე, იქიდამაც სჩანს, რომ ამას არ უარობენ თვით სასულიერო წოდების კაცნი, რომელნიც ამისთანაებში ყველაზე ურჩნი, კერპნი და მოურჯულებელნი არიან სპარსეთში. მაგალითებრ, კორესპონდენტი მოგვითხრობს, რომ ერთს ძალიან სახელგანთქმულს მოლას თეირანში ჰკითხესო: განა შესაწყნარია შარიატი გაუქმდეს და ურჯულოთა კანონები შემოვიდესო. მოლას უპასუხნია, რომ მე მაგისი წინააღმდეგი არა ვარო, თუ თითონ შაჰი ფეშქაშების აღებას აღარ იკადრებს, ფეშქაშების აღების ნებას არ მისცემს თავის მოხელეებს, ჯამაგირებს შეუხუთავად და თავის დროზე დაურიგებს მოხელეებს და მხედრობას, და გააუქმებს ერის გამათახსირებელს იჯარით ძლევას თანამდებობისაო. აი სადამდე გაღვიძებულია დღეს სპარსეთი მისაღებად ყოველის ახალის კეთილისა, რომ თვით მოლებიც-კი ჰღაღადებენ ამასა. მართალია, იქნება ეს კორესპონდენტისაგან ნაჩვენები მაგალითი ერთი იყოს, ან ორი, მაგრამ რაკი ამას ამბობს რეფორმების თაობაზედ სპარსელი სასულირო კაცი, სჩანს თვით ხალხსა და ქვეყანაში ეს წყურვილი განახლებისა და რეფორმებისა კარგა ფეხმოკიდებულია. ტფილისი, 9 დეკემბერი, 1889 წ.