დედათა საქმე და ქალთა განათლება
- Tata Tibilovi
- Mar 15, 1889
- 5 min read
თქმა არ უნდა, რომ რუსულმა ლიტერატურამ დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია წარმატების გზაზედ და დიდი ზემოქმედება იქონია ყოველს მასზედ, რაც ჩვენს სულიერს ძალღონეს შეადგენს და ჩვენს გონებას, ჩვენს აზრს, ჩვენს გრძნობასა და ერთობ ჩვენს მიმართულებას ზედ დააჩნია მან თვისი ავ-კარგიანობა. არ არის დღეს ჩვენში არც ერთი მოღვაწე და მომქმედი კაცი მწერლობაში, თუ საზოგადო საქმეთა სარბიელზედ, რომ თავისუფალი იყოს ხსენებულ ლიტერატურის ზედგავლენისაგან. საკვირველიც არ არის: რუსულმა სკოლამ — მეცნიერებამ გაგვიღო კარი განათლებისა და რუსულმავე ლიტერატურამ მოაწოდა საზრდო ჩვენს გონებასა და გამოჰკვება ჩვენი აზრი მოძრაობის გზაზედ. თვითოეული ჩვენგანი, გინდა თუ არა, უნდა დასწაფებოდა ამ ორს წყაროს თავის სულიერ წყურვილის მოსაკლავად. სხვა გზა არ იყო. ამიტომაც საბუთი გვაქვს ვსთქვათ, რომ თვითოეული ჩვენგანი რუსულის ლიტერატურით გაზრდილა, თვითოეულს ჩვენგანს მის გამონარკვევზედ აუგია თავისი რწმენა, თავისი მოძღვრება და თავისი საგანი ცხოვრებისა საზოგადო საქმისათვის ამ გამონარკვევის მიხედვით გამოურჩევია. რასაკვირველია, ამ ზედმოქმედებამ რუსულის ლიტერატურისამ მარტო იმას შესძინა სიკეთე, რომელმაც ყოველი გამონარკვევი ამ ლიტერატურისა თავის საკუთარ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, ბრმად არ იწამა, ბრმად არ მიიჩემა და ამრიგად არ დაიხვია ხელზედ ცხოვრებაში იოლად წასვლისათვის. ყოველი აზრი მარტო ცარიელი ფრაზაა იმის ხელთ, ვისაც კრიტიკის ცეცხლში არ გამოუფოლადებია და ისე არ შეუთვისებია. ამნაირი კაცი კაჭკაჭია და არა ჭეშმარიტი წარმომადგენელი მის მიერ ქადებულის აზრისა, რომელიც თუ სხვისაგან დაუჩემებია, კრიტიკის ძალით უნდა უსათუოდ თავისად გარდაექცია. უამისოდ ზედმოქმედება უძლიერესისა უღონოზედ, უკეთესისა უარესზედ მარტო ცარიელი მაიმუნობაა, სხვის ფეხის ხმაზედ ბრმად აყოლაა, ტყვეობაა და არა თავისუფლება და თვითმოქმედება გონებისა, რომელიც ერთად-ერთი ნიშანია ჭეშმარიტის განათლებულობისა და აღმატებულობისა. ამ სახით ყოველივე ზედმოქმედება — ავია თუ კარგი — არაფრის კეთილის მომასწავებელი არ არის. პირიქით იგი აძინებს, ჰკლავს მსჯელობის უნარსა, ყოველს მჭრელობასა და გამჭრიახობას გონებისას სჩაგრავს და აბათილებს. ჩვენდა საბედნიეროდ, ვიტყვით, რომ ზოგნი ჩვენში, რუსულ ლიტერატურის მეოხებით გაზრდილნი და გაწურთვნილნი, ასე ბრმად ტყვედ არ მისცემიან ამ ლიტერატურის აუცილებელს ზედმოქმედებას. ამათ ჯერ გამოუძიებიათ მისი გამონარკვევნი და მერე ისე ან შეუთვისებიათ, ან უარუყვიათ. ჩვენდა სანუგეშოდ, მარტო ამას არ დასჯერებიან: იმავ კრიტიკით და გამოძიებით მხარ-და-მხარ ასდევნებიან ამ ლიტერატურის წინსვლასა, წარმატებას და არ გაჩერებულან მის რომელსამე ხანაზედ. ლიტერატურა, რომელსაც მადლი ცხოველმყოფელობისა სძრავს და ამოქმედებს, ერთი გაუწყვეტელი გრეხილია აზრთა ზედმიყოლებით განვითარებისა და წარმატებისა. ამისთანაა რუსული ლიტერატურაცა. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ რაც გუშინ სწამდა ლიტერატურას, რა მოძღვრებაც გუშინ ჰბატონობდა ლიტერატურაში, დღეს ყოველივე ის უარყოფილია და დევნული იმავ ლიტერატურისაგან. ხშირად ერთს რომელსამე ხანაში აღძრული აზრი, თუ საგანი, მეოამის შემდეგ, რასაკვირველია, სასაცილოა ის სურვილი, რომ მამაკაცი ვამზადოთ მარტო საკარგქმროდ და საკარგ-მამოდ. განა ამავე აზრით არ უნდა მივმართოთ ქალების სწავლა-განათლების საქმე? განა ქალიც არ უნდა გამოვზარდოთ იმის შესაფერად, რასაც სიტყვა ადამიანი ჰნიშნავს მამაკაცის შესახებ? განა საჭირო არ არის ყოველი ჩვენი მეცადინეობა მივაქციოთ იმაზედ, რომ ქალს გონება გავუხსნათ ჭეშმარიტის აზრებისათვის, აღუფრთოვანოთ გულის-ტკივილი კაცობრიულის და მოქალაქობრივის ინტერესებისათვის, გავაგებინოთ იგი ვალი, იგი თანამდებობა, რომელიც ამ ინტერესებს თან მოსდევს? ესეთის აზრებით, რწმენით და თვალთამხედველობით დედაკაცი გაუთანასწორდება მამაკაცსა და მისებრივ ადვილად გაიგებს, ადვილად მიხვდება მოვალეობას კაი ცოლობისას, კაი დედობისას და უკვე განათლებული ჭკუითა და გულით ადვილად შეიძენს იმ განსაკუთრებულს ცოდნასაც, რომელიც ოჯახში ასე თუ ისე მისთვის საჭირო იქნება“. რე ხანაში ისევ იმ საგნადა და აზრად რჩება, მხოლოდ სულ სხვა სახით, სხვა შუქით, სხვა სიგრძე სიგანით გამოდის. ამას ყოველსფერს თვალის დევნა უნდა და თუ არ კრიტიკითა და გამოძიებით გამორკვევა, შენიშვნა მაინც და ანგარიშის გაწევა. თორემ აქაო და ამ ოცისა და ოცდა-ათ წლის წინათ ამა-და-ამ საგანზედ ესა და-ეს ითქვაო და დაიჟინონ, — ეს არის უკანასკნელი სიტყვა მეცნიერებისა და ლიტერატურისაო, მაშინ როდესაც უკანასკნელი სიტყვა დღეს სულ სხვაა, უჯიათობა და ჭირვეულობა იქნება ერთხელ და ერთხელ შებორკილებულ და დატყვევებულ გონებისა. სწორედ ამისთანა საქმე მოსდის დღეს ჩვენში, სხვათა შორის, ერთს მოძღვრებასაც, რომელიც ეგრეთ-წოდებულ „დედათა უფლების საქმეს“, შეეხება. ეს საქმე ჩვენში დღესაც იმ საბუთებზე ჰტრიალებს, რა საბუთებითაც ამ ოცისა თუ ოც-და-ათის წლის წინათ თავი იჩინა და მოედანზედ გამოვიდა. თითქო კაცობრიობას საზოგადოდ და რუსულ ლიტერატურას ცალკე მას აქეთ ეს საქმე წინ არ წაეწიოს, უფრო ფართოდ არ გადეშალოს, არ დაეყენებინოს და უფრო საბუთიანს საფუძველზედ არ ამოეყვანოს. თუმცა ეს საქმე დიდად შესანიშნავი რამ არის და ჩვენთვისაც ისე საჭიროა, როგორც სხვისთვის, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ, უნდა ვსთქვათ, რომ იგი ჩვენის თაოსნობით არ არის დღეს ჩვენში ფეხზედ დამდგარი. ამ საქმეს და მის საჭიროებას კვლავ იმავ რუსულმა ლიტერატურამ მიგვახვედრა და დღეს-აქამომდე იმ საბუთებითა და იმ აზრებით იკვებება, რომელნიც — როგორცა ვთქვით — ხელზედ დახვეული ჰქონდათ ამ საქმის მომხრეთა ამ ოცისა და ოც-და-ათის წლის წინათ. აბა გადასინჯეთ ყოველი, რაც ამ საგანზედ ჩვენში წერებულა და იწერება დღეს, თუ უწინდელებრ მარტო სახელითა „დედობისათა, ცოლობისათა და დობისათა“ არ ითხოვდნენ ამ საქმის ასე თუ ისე წარმართვას. ასე იყო დასაბუთებული ღაღადი დედათა უბედობის თაობაზედ ამ ოცისა თუ ოც-და-ათის წლის წინათ რუსულ ლიტერატურაში, თითქო დაავიწყდათო, რომ დედაც კაცია, ადამიანია და მარტო კაცისა და ადამიანის სახელით დედათა უფლების საქმე უნდა ჰღაღადებდეს და თხოულობდეს თვის წარმართვასა. ამ ფართო გზაზედ ჰდგას ეს საქმე ევროპაში დღეს და გვგონია ვერაფერს სამსახურს უწევენ ქალებს ისინი, ვინც ამ საქმეს მოკლე ფარგალით უზომავენ ადგილს და დედაკაცი ადამიანობიდამ ჩამოჰყავთ, რომ მარტო დედობისა, ცოლობისა და დობის უღელი გააწევინონ, ესე იგი ბევრისაგან ცოტა უწყალობონ. ჩვენს მეთაურს, რომელმაც გამოიწვია „ქართველის ქალის“ წერილი, დღეს ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი სხვა არა უთქვამ-რა ამის მეტი. დღეს ჩვენ ხელთა გვაქვს საბუთი ვსთქვათ, რომ რუსულმა ლიტერატურამაც ამ-რიგად დაუწყო ყურება ამ საქმეს. 7-ს მარტს პეტერბურგში დაბეჭდილ და 13-ს მარტს ქალაქში მოსულ გაზეთებიდამ ამოვიკითხეთ, რომ სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ჩვენი მეთაური დაიბეჭდა, პეტერბურგში გამოსულა ჟურნალი „Женское Образование“. ამ ჟურნალშია წერილი რუსეთში ცნობილ პედაგოგის ი. გ. გურევიჩისა, რომელიც სწორედ იმასვე ამბობს, რაც ჩვენის „ქართველის ქალის“ მიერ დაწუნებულ მეთაურში ჩვენ ვსთქვით. გაზეთს მოჰყავს-რა ამ გურევიჩის სიტყვები, თავის მხრით ამისთანა წინასიტყვაობას უძღვნის: «Шаблонные моралисты, говоря о женском образовании, любят часто повторять по адресу школы классическое требование: «дайте нам хороших жен, матерей и хозяек… და მერე: Гуревич доказывает всю риторическую пустоту этого притязательного требования». აი თვითონ გურევიჩის სიტყვებიცა: „ამ კეკლუცმა ფრაზამ, — ამბობს სტაიუნინიო თავის-თავზედ, — მეც ერთხელ ამიყოლია. ხოლო მერმედ-კი სხვა მეორე საგანმა მიმიზიდა და ვკითხე ჩემს თავსა: რატომ მამაკაცის შესახებ-კი არავის წამოსცდენია სურვილი, რომ მოგვიმზადეთ კარგი ქმრები, კარგი მამებიო? ეს ღირსებანი ხომ ისე საჭირონი არიან მამაკაცისათვისაც ოჯახში, როგორც დედაკაცისათვის კარგი ცოლობა და კარგი დედობა. რატომ არავინ ჰფიქრობს, რომ ეს ღირსებანი დაუნერგონ და განუვითარონ მამაკაცებსა? იმიტომაო, — ამბობს ახლა თავისით გურევიჩი, — რომ მამაკაცთა სწავლა განათლების თაობაზედ ჩვენ უფრო უკეთესი და მართალი აზრი გვაქვს, ვიდრე დედაკაცის სწავლა განათლების თაობაზედაო. როცა მამაკაცი გვყავს სახეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზედ უწინარეს უნდა განვანათლოთ ადამიანი და რაკი ადამიანი განათლებულია, მალე გაიგებს თავისს მოვალეობას, რომელიც მან უნდა იკისროს იმ გარემოების მიხედვითა, რაშიაც ცხოვრება ჩააყენებს, და მალე შეიძენს იმ განსაკუთრებულ ცოდნასაც, რაც დასჭირდება ცხოვრების ამა თუ იმ გზაზედ. აი დღეს დედათა საქმე რა გზაზედ და რა ფართოდ არის დაყენებული რუსულ ლიტერატურაში და ჩვენი პატივცემული ქალი-ავტორი ამაოდა ჰცდილობს გამოვლილ გზაზედ უკანვე დაბრუნებას. ამ ახალს მოძღვრებას დედათა საქმის შესახებ ვერავინ გაემკლავება, რადგანაც დღევანდელი ბურთი და მოედანი უფრო მეტის ცნობიერებით, უფრო მეტის სიმართლით და საბუთით ამ მოძღვრებას დაუჭერია არამც-თუ მარტო რუსეთში, სხვაგანაც. დღეის ამას იქით აგრე სამართლიანად განდიდებულს და გაფართოებულს საქმეს ვეღარავინ გამოჰკვებავს წინანდელის ნამცეცებითა. ჩვენ ამასაც ვიტყვით, რომ მარტო ამ მოძღვრებას შეუძლიან თავი გაატანინოს დედათა საქმეს ყოველთა სასიხარულოდ და სასიქადულოდ, და ვისაც დედათა საქმის სიდიადე გულწრფელად და გაგებულად გულში სდებია, არა გვგონია, ამ გზაზედ საქმის დაყენება მიიჩნიოს გზის გამრუდებად და არა გასწორებად. ტფილისი, 15 მარტი 1889 წელი

