top of page

წოდებათა თანასწორობა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 10, 2024
  • 2 min read

ტფილისი, 2 ნოემბერი, 1888 წელი


ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ- ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის- თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან.


ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება. ამისი მაგალითი და საბუთი ისტორიაში ერთი და ორი არ არის. ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გაუძლია, მარტო იმ ერს გამოუტანია თავი ათას გვარ განსაცდელისაგან, მარტო იმ ერს წარუმატნია და გაძლიერებულა, რომელსაც თავის დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით, ერთის წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.


ვერც ერთი ცალკე წოდება ერისა ვერ დაიქადებს, რომ თუ მე კარგადა ვარ, სხვანიც კარგად იქნებიანო. ეს ტყუილი ქადილი იქნება და ამ ტყუილმა ქადილმა ბევრსაც ჩასცხო კიდეც თავში ყველგან, სადაც ამისთანა თავგასულს ტყუილს ადგილი ჰქონია. თუ უწინ ამისთანა ტყუილს ქადილს, ჩვენში თუ სხვაგან, გასავალი ჰქონდა ცოტა თუ ბევრი, ეხლა ამას მაზანდა ძალიან წამხდარი აქვს და სიცილის მეტს კაცს არას მოჰგვრის. ეხლა სულ სხვა დროა და ამ სხვა დრომ სხვა მოძღვრებაც მოიტანა, მოძღვრება მართალი და ჭეშმარიტი. ეხლა ცალკე კაცია, თუ ცალკე წოდება, მარტო ამას უნდა იძახდეს და მარტო ამისათვის უნდა ერჯოდეს გული, რომ თუ სხვანი კარგად არიან, მეც კარგად ვიქნებიო. ვინც დღეს ამას ივიწყებს, ის ივიწყებს საკუთარს თავსა, საკუთარს ბედნიერებას სულიერსა და ხორციელს.


ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავად-აზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და, როგორც ერთი ცალკე წოდება ჩვენის ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითლის. ჩვენ-კი ვიტყვით, რომ მისი დღეგრძელობა, კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება სწორედ და მთლად იმაშია, რომ ეს მოძღვრება გულში ჩაიჭდიოს და ერთს წუთსაც გონებიდამ არ მოიშოროს, რომ თუ სხვანი კარგად იქნებიან, მარტო მაშინ იგიც კარგად იქნება. ჭეშმარიტსა და საბოლოო წარმატებას სათავე აქა აქვს და თუ ჩვენი თავად-აზნაურობა ყოველს თავის მეცადინეობას და მოქმედებას ამ მოძღვრებას შეუფერებს და ქვეშ დაუყენებს, სასახელო მიზეზს თავის არსებობისასაც აქ იპოვის. ეხლანდელს დროში მხოლოობითი გზა წარმატებისა თავად-აზნაურობისათვის ის არის, რომ ყველას ერთად, გამოურჩევლად, გამოუკლებლად, მოზიარე ექმნას ჭირსა და ლხინში და თავისი ქონებრივი და გონებრივი ღონე არ შეალიოს ამაო ცდას, რომ ცალკე ვიყო და ცალკე ვბედნიერობდეო.


ეს ცალკე ყოფნა და ცალკე ბედნიერება შეუძლებელია და ამიტომაც ამაოა ამისათვის ცდაცა. არც ერთს თავად-აზნაურობას საბოლოვოდ თავი არ დაუჭერია არსად, საცა კი ამ ცალკე ყოფნასა და ცალკე ბედნიერებას გაჰყოლია. ყველამ ერთად და თვითეულმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელის ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელის ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე. არა გონიერმა კაცმა, რა წოდებისაც გინდ იყოს, ეს არ უნდა დაივიწყოს, თუ უნდა თავისი სიკეთე მკვიდრს საფუძველზე დაამყაროს.

Recent Posts

See All
ქალთა სასწავლებელი

ტფილისი, 6 მარტი, 1889 წელი რაც გინდ დიდ გაჭირვებაში ჩავარდეს კაცი, ერთად-ერთი გზა ხსნისა კაცის საკუთარი მხნეობა და გამრჯელობაა....

 
 
ქალთა თანასწორობა

ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ “დედათა ემანსიპაციის” თაობაზედ....

 
 
bottom of page