გაზეთ „მშაკის“ გამოხდომა
- nino otiashvili
- Nov 23, 2023
- 2 min read
ჩვენში ამ ბოლოს ხანებში ერთი საოცარი ამბავი მოხდა: სომხებმა თავის ჟურნალ-გაზეთებში მთელი სომხობა სამარცხვინო ბოძზედ გააკრეს: ერთმა ჟურნალმა ერთი ნაწილი სომხობისა მიწასთან გაასწორა, მეორე გაზეთმა - მეორე ნაწილი და ამ სახით ის გამოვიდა, რომ თითქმის მთელი სომხობა გარყვნილია, წამხდარია და აღარაფერში გამოსადეგი აღარ არის.
ესე ხელაღებით დამხობა მთელის ერისა არ შეიწყნარა „Новое Обозрение“-მ და განკიცხულნი თავის საფარველ ქვეშ მიიღო. ამ გაზეთმა სამართლიანის გულისწყრომით შეუთვალა სომხურ ჟურნალ-გაზეთებს, რომ ყველა-ყველაო და მეტისმეტია მთელის ერის ეგრე უწყალოდ გაპენტვა, მეტისმეტია იმისი თქმა, რომ მთელს ერში არავინ არ ვარგა და ყველა წყალში გადასაყრელიაო. ერთმა სომხურმა გაზეთმა თურმე ეს შენათვალი იწყინა: დახე, სადამდე მივიდა ჩვენი საქმეო, რომ ქართველები ესარჩლებიან სომხებსა და ქართველების საქომაგოდღა შევიქენითო.
დღეს იმაზეა თურმე შემდგარი სიტყვა, რომ სომხური გაზეთი ქართველების გამოსარჩლებას ჰთაკილობს, სამართლიანს განკითხვას „Новое Обозрение“-სას ყურს აშორებს და რაღაებსაც ჰბოდავს თავში დაკრულსავით. იმას-კი აღარა ჰფიქრობს, რომ ტყუილად გაბღინძული ამაო თავმოყვარეობა ვერაფერი თამასუქია, ვერაფერი საწყაოა თვითონ იმის ღირსებისათვის, ვინც იბღინძება. აქ საქმე იმაში იყო, „Новое Обозрение“ მართალია, თუ არა. ამას სომხურმა გაზეთმა „მშაკმა“ გზა აუქცია და მარტო იმას მიჰხედა, რომ ქართველი გვეუბნებაო, — ნუ ჰლანძრავთ ხელაღებით მთელს თქვენს ერსა, კარგიც ყველგან არის და ცუდიცაო, და რაკი ქართველი გამოგვესარჩლა, უნდა გვეთაკილებოდესო. ცრუპენტელა კაცი ყველგან ასეთია: რაკი საფანელი შემოაკლდება, საგზალი ჭკვადამჯდარის საუბარისა გაუწყდება, მაშინ, აქაოდა მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო, ყალხზედ შედგება, აბელას ფეხებს გაიკეთებს, გაჰბუვდება, გადიდგულდება და უკვირს — რატომ ვერა მხედვენ, რა სიმაღლეზე ვდგევარო.
საცოდაობა, სულისა და გულის ნამცეცობა ამისთანაებში იჩენს თავს და ამის გამომჩენელი კაცი უფრო შესაბრალისია, ვიდრე განსაკითხი და მჯავრდასადებელი. ტყუილად კი არ არის აღიარებული, რომ ამპარტავნობა, ცუდმედიდობა ერთი მომაკვდინებელი ცოდვათაგანი არის და ვწუხვართ, რომ „შმაკს“ სწორედ ამ ცოდვაში წაუყვია ცხვირი. ჩვენ სხვა არა დაგვრჩენია- რა იმის მეტი, რო „მშაკს“ ვუთხრათ: ღმერთმა გილხინოს!
საკვირველია!.. სად უყიდნია „მშაკს“ ეს სასაცილო დიდგულობა? რათ უყიდნია? თუ უყიდნია, რატომ თავის სარდაფში არ შეუნახავს და ბაზარში რად გამოუტანია გასასყიდად. იქნება ჰგონია — გავასაღებ და მოვიგებ რასმეო. ვერაფერი საქონელია ჩვენს ბაზარში გამოსატანად და გასასყიდად. ჩვენში მაგის მუშტარს ვერ იშოვის და გვეცოდინება — არ იზარალოს. ეგ იმისთანა საქონელია, რომ მყვარსავით მარტო სუნს აუშვებს და თუ ჰგონია, ქართველებს ამით მოვცხებ რასმეო, ტყუილად გარჯილა. ჩვენ მაგ მყვარს ახლოც არ გავუვლით, შუა დიდი მზღვარი გვიდევს. „მშაკმა“ უნდა იცოდეს, რომ:
ქორი მყვარს არა იკადრებს,
არცა სდევს საჭმლად ნდომითა.
ისიც უნდა იცოდეს, რომ არც მყვარის პატრონს გამოვეკიდებით ძალიან იმიტომ, რომ:
სონღული მუმლთა შეპყრობად ფრთებსა არ გაშლის ზომითა.
ტფილისი, 9 დეკემბერი, 1887 წელი