top of page

ბალკანეთის საქმეები

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Apr 1, 2023
  • 3 min read

ხელახლად აირია, როგორცა სჩანს, ბალკანის ნახევარკუნძულის საქმე და მაშასადამე იმ ვეშაპმა,რომელსაც აღმოსავლეთის საქმე ჰქვიან, ხელახლად დააღო პირი და თავისი საშინელი ეშვები ლამის გამოაჩინოს დიპლომატების საფრთხალად და დიდთა სახელმწიფოთა დასაფიქრებლად. დასაფიქრებლად იმიტომ ვამბობთ, რომ, ვიმეორებთ, დიდთა სახელმწიფოთა თუმცა ამ საქმისათვის მადა გაღვიძებული აქვთ, მაგრამ ჯერ მზად არ არიან. ჯერ სულ იმის ქსელია ევროპაში გაბმული თუ, — ვინ ვის მიეკედლება, ვინ ვის მიემხრობა, თუ ვინიცობაა აღმოსავლეთის ალიაქოთი ასტყდა. დიპლომატიის მეძებრები ჯერ ამისათვის დარბიან იმ დიდს სანადიროზედ, რომელსაც ევროპას ეძახიან, და ვიდრე ის მეძებრები ყოველს ბუჩქს პოლიტიკისას დასუნავდნენ, ჩვენ ყურადღება მივაქციოთ დღევანდელს მიზეზს არევ-დარევისას და გამოვიკვლიოთ, — იგი მიზეზი მართლა ცალ-ცალკე კაცის ჯიუტობისა და ახირებაზეა დამოკიდებული, როგორც გაზეთები გვარწმუნებენ, თუ მაგ მიზეზს უფრო ღრმა ძირი აქვს?


ერთის მხრით ვხედავთ სერბიას, რომელმაც უსისხლოდ არ დაუთმო ბოლგარიას გაძლიერებულიყო აღმოსავლეთ-რუმელიის შემოერთებით, მეორეს მხრით — ბოლგარიას, რომელსაც მემკვიდრეობითი გენერალ-გუბერნატორობა უნდა თავისის მთავრისა აღმოსავლეთ- რუმელიაში და არა ვადითი, მესამეს მხრით — პატარა საბერძნეთსა, რომელიც წინ ასდგომია თითქმის მთელს ევროპას და ამბობს: თუ მეც ჩემი არ მარგუნეთო, მე არაფერს დავზოგავო, და მინამ ხელში ხმალს ძალით არ გადამიტეხთო, დიდი და პატარა თოფქვეშ დავდგებით და ომში ბედსა ვცდითო.


სერბიის და ბოლგარიის ომსა — კოროლს მილანს და მის მინისტრს გარაშანინს აბრალებდნენ, ბოლგარიის რუმელიასთან გაერთებას — მთავარს ალექსანდრეს და მის მინისტრს კარაველოვს, და საბერძნეთის ურჩობას — მთავარმინისტრს საბერძნეთისას დელიანისს. ჩვენის ფიქრით, საქმე ეგრე არ არის. აქ ყოველნი ესენი ჭადრაკის კაცებსა ჰგვანან, რომელთაც საკუთარი ჟინი კი არ ამოქმედებს, არამედ ძლიერი ხელი ცხოვრებისა, ანუ უკეთ ვსთქვათ, ბუნებითი ძალი ცხოვრების თვითმცველობისა.


ბოლგარიას, რომელმაც თავდაპირველ აშალა ეს საქმე, ჩრდილოეთით რუმინია უდევს; სამხრეთით აღმოსავლეთ-რუმელია, ოსმალეთი და მერე საბერძნეთი; აღმოსავლეთით შავი ზღვა, და დასავლეთით სერბია და მერე ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელიც ავსტრო-ვენგრიამ დაიჭირა და ამ სახით შუა ჩაუდგა სერბიასა და ჩერნოგორიასა, ერთისა და იმავე შთამომავლობის ერსა. სერბია, ბოლგარია და საბერძნეთი თითქმის ტოლები იყვნენ სივრცით, ღონით და შეძლებითა, მინამ ბოლგარია აღმოსავლეთ რუმელიას შემოიერთებდა. ცხადია, რაკი ბოლგარიამ აღმოსავლეთ-რუმელია შემოიერთა, თითქმის ერთი-ორად გადიდდა, ერთი-ორად იმატა. ეს კიდევ არაფერი. საქმე ის არის, რომ ამით სტამბოლს კარგა მანძილზედ დაუახლოვდა...


რაზედ უნდა იყოს დამყარებული ამ პაწია სახელმწიფოების იმედი? ეგ იმაზედ, რომ დიდთა სახელმწიფოთა ერთმანეთის შური არასგზით არც ერთს მათგანს არ დააჭერინებს სტამბოლსა... ხოლო ეს ვიცით, რომ ვინც სტამბოლს დაიჭერს, ბატონიც ის იქნება ბალკანიის ნახევარკუნძულზედ. ამ სახით და ამის გამო არავის არ უნდა ეუცხოს, რომ ისეთი ხელმოკლე სახელმწიფონი, როგორიც არის სერბია, ბოლგარია და საბერძნეთი, ჩრდილოეთ-სამხრეთ- დასავლეთიდგან მომდგარნი ოსმალეთზედ, ცდილობდნენ აქეთ-იქით გაწევ-გამოწევას და სანატრელ მერმისს, თვითოეული მათგანი მარტო თავისაკენ ითლიდეს, მარტო თავისთვის გამოელოდეს.


რასაკვირველია, «არ ვინ იცის, რა გამოვა რისაგან», მაგრამ ეს აზრი ძირეული აზრია სამივე პაწია სახელმწიფოსი, მით უფრო, რომ გაწევ-გამოწევა დღესაც შესაძლებელია, რადგანაც პირველი ამისი მაგალითი ასეთის გამარჯვებით ბოლგარიამ აჩვენა ყველას. ბოლგარია მართლა გაძლიერდა აღმოსავლეთ-რუმელიის შემოერთებით, გაძლიერდა ბოლგარია და უღელი ბალკანის ნახევარკუნძულის სასწორისა გადიხარა ბოლგარიისაკენ. დღეს ბოლგარია, გაერთებილი რუმელიასთან, ღონიერია ყოველისფრით სერბიაზედაც ცალკე და საბერძნეთზედაც.


დიდთა სახელმწიფოთა ერთმანეთის შური დიდი საბუთია, რომ ხსენებული იმედი იქონიონ წვრილთა სახელმწიფოთა, რომელთა მონაჭერებიც დღესაც ოსმალოს ხელშია და რომელნიც გარს შემოხვევიან ოსმალეთსა. სერბიას დავიწყებული არა აქვს, რომ ერთს დროს ძლიერი სახელმწიფო ყოფილა, დუშანის იმპერია გულიდამ არა აქვს ამოღებული; ბოლგარიაც კაი მოზრდილი სამეფო იყო, ვიდრე ბოლოს მოუღებდა ოსმალო; საბერძნეთსაც ახსოვს თავის დიდება, თავისი ბიზანტია...


პოლიტიკაში ყოველთვის ძალა აღმართსა ჰხნავს. ბოლგარია, როგორცა ვსთქვით, გაღონიერდა, გეოგრაფიული მდებარეობა შესწევს სერბიისაკენ გაიწიოს, ოსმალეთისაკენ ქვევით ჩაიწიოს და საბერძნეთს მიადგეს. ამას ზედ დაუმატეთ, რომ ერნი სერბიისა, ბოლგარიისა და სამხრეთ- დასავლეთ ოსმალეთისა ერთისა და იმავე შთამომავლობისანი არიან, მაშასადამე შთამომავლობითი მიმზიდველობაც ძალია შემაერთებელი, და მაშინ ცხადი იქნება, — რად ამოიღო მოძმე ერზედ ხმალი სერბიამა? იმიტომ ამოიღო, რომ გაძლიერებულს ბოლგარიას ბურთი და მოედანი ერთმანეთის მიმზიდველობისა და საერთოდ მერმისისა — მარტოს ჰრჩება და დღევანდელს დღესაც სერბიისათვის მუქარად ეტუზება. ძმობა ძმობაა, მაგრამ კაცი ისეა შექმნილი, რომ ჯერ თავო და თავოო, მერე ცოლო და შვილოო. ამიტომაც სერბია თხოულობდა, მეც იმოდენა შემმატეთ, რაც ბოლგარიას შეემატაო და ხმასაც არ ამოვიღებო. ევროპამ ეს არა ჰქმნა, და მეტი რა გზა იყო, სერბიამ ხმალს ხელი გაიკრა.


საბერძნეთიც ამასვე იძახის დღეს და იგი, კაცით, ფულით, ქონებით — ილევა, ყელამდი ვალში შედის და ამბობს: უსისხლოდ ვერ ავიტან ბოლგარიის გაძლიერებასა: ვინ იცის, იქნება გაღონიერებულს ბოლგარიას სული ხორცში აღარ დაეტიოს და მაშინ ერთ ლუკმადაც არ ვეყოფი ბოლგარიასაო და... ვერ ვენაცვლები ბოლგარიის ძლიერობასა. თუ «მარჯვენას მოგვჭრის ევროპა, — უთქვამს მთავარმინისტრს საბერძნეთისას, — მარცხენითა ვცდით ჩვენს ბედსაო»; ან ჩვენც გაგვაძლიერეთ იმოდენად, რამოდენადაც გაძლიერდა ბოლგარიაო, — იძახიან სერბიელებსავით ბერძნები, — ან ხმალს ქარქაშში არ ჩავაგებთო. ერთნაირად რომ გაძლიერდნენ დღეს ეს სამი ცხოვრების თვითმცველობისათვის საპოლიტიკო მოედანზედ დაყენებულნი პაწია სახელმწიფონი, მაშინ ერთმანეთის უპირატესობა მერმისისათვის — მერმისისავე საქმე იქნება და არა დღევანდელისა, როგორც დღეს არის ბალკანის ნახევარკუნძულზედ, თუ საქმე მარტო ბოლგარეთ-რუმელიის გაერთებით გათავდა.


აი მიზეზი ყბადაღებულის სერბიის თავგამოდებისა ძმასთან საომრად, აი მიზეზი საბერძნეთის თავგანწირულობისა, ბოლგარიის წყურვილისა, რომ გაძლიერებულ იყოს რუმელიის შემოერთებით, და მაგ შემოერთების ნიშნად გენერალ-გუბერნატორობა აღმოსავლეთ- რუმელიისა ბოლგარიის მთავარს ჰქონდეს მემკვიდრეობით და არა ვადით. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ცალკე კაცი არაფერს შუაშია; თვით ცხოვრების შინაგანი ძალი და ძარღვი მოძრაობს და სრავს ცალკე კაცსაც ამისა თუ იმის მოქმედებისათვის. ჩვენ, რასაკვირველია, ამ სამში არც ერთს სახელმწიფოს ვერ ვუკიჟინებთ...


ტფილისი, მარტის 17, 1886 წელი.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page