ახლო და შორი აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხები
- nino otiashvili
- Dec 27, 2023
- 15 min read
ტფილისი
24 იანვარი, 1898 წელი
წერილი პირველი
მას აქეთ, რაც ბერძენთა და ოსმალთა შორის გათავდა ომი და, ავად თუ კარგად, მეომარნი შეარიგა ერთმანეთს ევროპამ, ყველას ეგონა, რომ ევროპის სახელმწიფონი, ნამეტნავად საფრანგეთი და მის გამო რუსეთი, ფეხზედ წამოაყენებენ ეგვიპტის საქმეს. ეს ფეხზედ წამოყენება ეგვიპტის საქმისა მარტო ინგლისისათვის არის არა-სასურველი და ფრიად განსაცდელიანი, იმიტომ რომ ინგლისი დღეს მარტო ჰბატონობს ეგვიპტეში და დიდად ურჩობს ეს ბატონობა გაუზიაროს ვისმე. ეგვიპტის საქმის წამოყენება-კი სწორედ იმისი მომასწავებელია, რომ ან ინგლისი უნდა გამოვიდეს ეგვიპტიდამ, ან როგორმე დააკმაყოფილოს საფრანგეთი, რომელსაც საკუთარი ინტერესები ნებას არ აძლევენ ეგვიპტეში პირველობა და უპირატესობა დაუთმოს ინგლისსა. ინგლისსა და საფრანგეთს შორის ერთი უდიდესი მიზეზი უთანხმოებისა და უსიამოვნებისა ეგვიპტე არის. ამიტომ ყველანი მოელოდნენ, რომ რაკი ევროპა მოიცლის და ეგრეთწოდებული აღმოსავლეთის საქმე, ბერძნებისაგან ატეხილი, ევროპაში დაშოშმანდება, ეგვიპტის საქმე გაიღვიძებსო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა: ევროპას სხვა სატკივარი გაუჩნდა, ევროპამ ჩინეთისაკენ მიიხედა და ნასკვი დღევანდელის პოლიტიკისა იქ შეიკრა.
ამ სახით, ახლო აღმოსავლეთის საქმე შორ აღმოსავლეთზე მიიმართა. ევროპა ჰხედავს ჩინეთის სისუსტეს, „სნეულ კაცად“ ეხლა ჩინეთი გადაიქცა. რადგანაც მოსალოდნელია, რომ ეს უზარმაზარი შორ აღმოსავლეთის სახელმწიფო თვისმა სისუსტემ და უძლურებამ თან გადაიტანოს, ყველას უნდა წინათვე როგორმე ფეხმოსაკიდებელი ადგილი დაიჭიროს ჩინეთში, რომ როცა დრო მოვა, ახლო იყოს - დიდი ლუკმა თითონ მოითალოს და სხვამ არ დაასწროს. გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, ინგლისი და იაპონია - ეხლა იმის ცდაში არიან, რომ, იქ, ჩინეთის საზღვრებზე, ზღვიდამ ჩინეთში შესავალი ადგილი ხელთ იგდონ ყოველ ანაზდეულად მოსალოდნელ შემთხვევისათვის. აბა უზარმაზარი, მაგრამ უღონო ჩინეთი რას გაუძლებს ამათს ზედმოსევას, და სხვა არა დარჩენია-რა, რომ ყველას დღესვე საკმაო ლუკმა მიაწოდოს. სწორედ ესე იქცევა დღეს ჩინეთი, მაგრამ თუ აბრკოლებს რამ, ისევ ის, რომ ზედმისეულ სახელმწიფოებს ერთმანეთისათვის ჰშურთ ყოველივე, რასაც ძალამიხდილი ჩინეთი ძალაუნებურად აწვდის, ოღონდ დამეხსენით და სხვას ნურას წაატანთ ხელსაო.
ამ შურმა და ცილობამ ეხლა ისე გააბა საქმე, რომ, არა გვგონია, ევროპის სახელმწიფოებმა კარგა ხანსღა მოიცალონ ან ეგვიპტისათვის, ან ოსმალეთისა, და ერთობ ახლო აღმოსავლეთის საქმეებისათვის. აქ, ახლო აღმოსავლეთში, მარტო ერთი კრიტის კუნძულის საქმეღაა ჯერ- ხანად ცოტაოდნად თავში საცემი. ევროპას ჯერ გუბერნატორად ვერავინ ამოურჩევია, თუმცა ამბობენ, რომ თითქმის გათავებულია, საბერძნეთის მეფის შვილი გიორგი იქნება კრიტის გუბერნატორად აღმორჩეულიო. ეს კრიტის კუნძულის საქმე ჯერ იმისთანა რასმე არ წარმოადგენს, რომ ამისის ფიქრით ევროპამ ისევ ევროპისაკენ მოიხედოს. ჩვენ ადრევაცა ვთქვით და ახლაც ვამბობთ, რომ თუმცა შიგ ევროპაში აღმოსავლეთის საქმე ჯერ არ გათავებულა და მიძინებულია, მაგრამ შესაძლოა უეცრად იფეთქოს და დიდი ცეცხლი ატყდეს. კიდევ ვიტყვით, კრიტის კუნძულის საქმე ისეთი არ არის, რომ ამის გამო ევროპა ერთმანეთს დაეჯახოს. ეგ წყლულია აღმოსავლეთის საქმისა, მაგრამ ისეთი წყლული, რომ ევროპის დიპლომატია ადვილად უპოვის მალამოს. სულ სხვა ამბავი იქნება, თუ ამ გაზაფხულზე მაკედონიაში არეულობა რამ მოხდა. მაკედონიაში მოსალოდნელი ამბები ევროპის აღმოსავლეთის საქმეს წამოაყენებენ მთელის თავისის სიმწვავითა და, იქნება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ თოფიც გავარდეს და ზარბაზანმაც დაიჭექოს. მაშინ, თქმა არ უნდა, შორ-აღმოსავლეთის საქმე ახლო-აღმოსავლეთისად გადაიქცევა და ევროპა იძულებულ იქნება ჩინეთი მოასვენოს, ვიდრე ხელახლად იმისთვის მოიცლიდეს.
ხოლო საკითხი ეს არის: ვინ ხერხიანობს დღეს ასე, რომ ევროპა შორ-აღმოსავლეთისაკენ გაისტუმრა, იქნება იმ ფიქრით, რომ ერთ-ერთს დიდ სახელმწიფოს იქ შორს შევატოპინო, და აქ, ახლო, მე და ჩემმა მომხრეებმა მარტო გავიგდოთ ბურთი პოლიტიკის მოედანზედაო? არც ეს არის უადგილო - ვიკითხოთ: ვინ არ ასვენებს საფრანგეთსა შინ, რომ იქნება ამ შინაურმა ამბებმა არ მოაცალოს იგი საგარეო საქმეთათვისაო და მე-კი ხელგაშლილი დავდიოდეო? ეს დრეიფუსის საქმე იმისთანა რა არის თავის-თავად, რომ ლამის საფრანგეთში ძმათა შორის სისხლი ჩამოაგდოს და ერთი ნახევარი საფრანგეთისა მეორეს დააჯახოს ერთმანეთის საჟლეტად? მართალია, თუ უდანაშაულოდ დასჯილია დრეიფუსი, ამის გამო ხელახლად გადასინჯვა მისის საქმისა მართლმსაჯულობის მოვალეობაა, მაგრამ მარტო ამ მხრით ეს საოცარი საქმე ასეთს განგაშს, ასეთს რყევას თითქმის მთელის საფრანგეთისას ვერ გამოიწვევდა. აქ რაღაცა იმალავს თავს, აქ ვიღასიც ძლიერი ხელი ჰმუშაობს. გაუგებარია, რად არის ესე, რომ ერთის მხრით თითონ საფრანგეთის ბედის გამგებელი მთავრობა ამ გადასინჯვას ასე დაჟინებით არა ჰნდომობს, და მეორეს მხრით იმისთანა გამოჩენილნი კაცნი, როგორც ზოლაა, არ ერიდებიან წყევა-კრულვას ერისას და დაჟინებითვე თხოულობენ ხელმეორედ განკითხვას ვითომდა უდანაშაულოდ დასჯილისას. აქ მარტო დრეიფუსის ბედია გათვალისწინებული, თუ იგი მარტო მიზეზია, რომ მის გამო საფრანგეთს შინ საქმე გაუმწარონ, შინ დიდი სატკივარი აუჩინონ იმ იმედით, რომ საგარეოდ ვეღარ მოიცლისო? ვისთვის არის საჭირო ასეთს მდგომარეობაში ჩაყენება საფრანგეთისა, - ძნელი გამოსაცნობია, და უფრო ძნელი გამოსაცნობია - რისთვის უნდათ, რომ საფრანგეთმა საგარეოდ ვეღარ მოიცალოს იმდენად მაინც, რამოდენადაც იგი სხვისთვის სახარბიელოა?
წერილი მეორე
ტფილისი, 31 იანვარი, 1898 წ.
დღევანდელ დიპლომატიისათვის ორი დიდი ნასკვია გამოსახსნელი: ერთი შინ ევროპაში და მეორე შორ-აღმოსავლეთში, ესე იგი, ჩინეთში. კრიტის კუნძული, რომელმაც გამოიწვია ომი ოსმალთა და ბერძენთა შორის და რომელმაც კინაღამ ცეცხლი არ წაუკიდა მთელს ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ჯერ-აქამომდე დაწყნარებული არ არის. დიპლომატიამ ვერას- გზით ამ საქმეს ბოლო ვერ მოუღო. მან, მართალია, დაადგინა უკვე ავტონომია ხსენებულ კუნძულისა და ამ მხრით ცოტად თუ ბევრად გამოიხსნა იგი სულთანის ხელიდამ, მაგრამ დღეს-აქამომდე ვერ მოუპოვა შესაფერი გენერალ-გუბერნატორი; რაკი გენერალ-გუბერნატორის კანდიდატობაზე მიდგა საქმე, იგი, ეგრეთწოდებული კონცერტი ევროპის სახელმწიფოებისა, შეირყა და თითქმის ირღვევა კიდეც.
რომ ბოლო მოეღოს ამისთანა მდგომარეობას კრიტის კუნძულისას და აქედამ აღარაფრის შიში აღარ იყოს ევროპისათვის მოსალოდნელი, დროებით მაინც, რუსეთმა კრიტის კუნძულის გენერალ-გუბერნატორად მოიწადინა საბერძნეთის მეფის შვილი გიორგი. ამ კანდიდატურას - საფრანგეთი, როგორც მომხრე რუსეთისა, მაშინვე დაჰყაბულდა, იტალიამაც წინააღმდეგობა არ გამოიჩინა, ინგლისმა თითქმის თავისი თანხმობა გამოაცხადა, მარტო ავსტრო-ვენგრია და ოსმალეთი წინააღუდგა. გერმანიამ, თუმცა არც ჰო სთქვა, არც არა, მაგრამ აშკარა კი იყო, რომ იგი ამ საქმეში უფრო ავსტრიისაკენ არის.
ეხლა ამბობენ გაზეთები, რომ გერმანიამაც უფრო ცხადად გაიწია ავსტრიისაკენ და იტალიაც ისეთის თანაგრძნობით აღარ უყურებს საბერძნეთის მეფის შვილის გიორგის კანდიდატურას. ამ სახით, გამოდის, რომ კრიტის კუნძულის საქმეში ევროპა ისევ ორ ბანაკად გაიყო უწინდელებრ: ერთ მხრივ გერმანია, ავსტრო-ვენგრია და იტალია და მეორე მხრივ - რუსეთი და საფრანგეთი. გაზეთები ამბობენ, რომ თუ რუსეთის მიერ წამოყენებულმა კანდიდატურამ თავი ვერ დაიჭირა, რუსეთი ამ საქმეში აღარ გაერევაო, რადგანაც სხვაფრივ იმ ცეცხლის ჩაქრობა, რომელსაც მოასწავებს კრიტის კუნძულის მდგომარეობა, შეუძლებელიაო.
საბერძნეთის მეფის შვილის გიორგის გენერალ-გუბერნატორობას იმ მიზეზით ამჯობინებენ, რომ მისი დანიშვნა და სამუდამოდ დაწყნარება კრიტის კუნძულისა ერთი იქნებაო. კრიტის კუნძულის მკვიდრნი თითქმის ოთხი-მეხუთედი ბერძნები არიან და სხვას ვის შეიშვნევენ ისე კარგად და გულდანდობით, თუ არ საბერძნეთის მეფის შვილსაო. ესეთი საზრისი, რასაკვირველია, საბუთიანია. მაგრამ არც ამისი მოპირისპირენი არიან უსაბუთონი. ისინი ამბობენ, რომ თუ საბერძნეთის მეფის შვილი დაინიშნა გენერალ-გუბერნატორად კრიტის კუნძულზე, კრიტი უფრო საბერძნეთისა იქნება, ვიდრე ოსმალეთისაო. ბერძნებმა რომ ომი ასტეხეს, მარტო იმისთვის, რომ კრიტის კუნძული წაართვან ოსმალეთს და თითონ დაიჩემონო. ოსმალებმა ამ ომში გაიმარჯვეს და ბერძნები დამარცხდნენ, და ეხლა რომ იგი კუნძული ბერძნებმა დაიჩემონ, გამოვა, რომ დამარცხებულთ სასურველი არგუნეს და გამარჯვებული-კი ცარიელზედ დასვესო. ეს რა სამართალიაო?
ვთქვათ, პოლიტიკაში სამართალი და სხვა ამისთანა მაღალ ფარდის სიტყვები ტყუილი რახუნია მოშლილ წისქვილისა, მაგრამ როცა უნდათ, მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო, და ამისთანა სიტყვებსაც ხელს მოსჭიდებენ ხოლმე. მეორე საბუთი უფრო საგულისხმიეროა. ბერძნებმა რომ თავისი მეფის შვილი კრიტის კუნძულის მთავარმართებლად დასვან, ეს ხომ საბერძნეთის გაძლიერებას მოასწავებს ბალკანეთის წვრილ სახელმწიფოთა შორის, და რომ ეს ასე არ მოხდეს, ხომ თვითოეული მათგანი, მაგალითებრ, სერბია, რუმინია, ბოლგარია, მოითხოვენ სამაგიეროსაო და მაშინ ხომ აირია დავთრები აღმოსავლეთის საქმისა და ოსმალეთის დანაწილების საშიშარი საქმე წინ აეტუზა ევროპასაო. რა ჰქმნას მაშინ ევროპამაო? რაკი ამ დანაწილებაზე მიდგება საქმე, ხომ ომი ასტყდა და საშინელი ომიცაო. როგორც ვხედავთ, ეს მეორე მიზეზი იმოდენად საბუთიანია, რომ არ უნდა გვიკვირდეს დღევანდელი სიფრთხილე ევროპისა და ასეთი დახანება და უთანხმოება მისთა სახელმწიფოთა კრიტის გენერალ-გუბერნატორის არჩევის საქმეში. აი იგი ერთი ნასკვი დღევანდელის პოლიტიკისა შინ ევროპაში, რომელმაც დღეს ევროპა ორ წინანდელ ბანაკადვე გაჰყო.
მეორე ნასკვი გამოინასკვა შორ-აღმოსავლეთში. გერმანიამ მიზეზი მოუდო ჩინეთს და ერთი კარგი ნავთსადგური კიაო-ჩოუ ჩამოართვა. ინგლისმა ყურები აცქვიტა. შორი აღმოსავლეთი, საცა ინგლისს მთელი იმპერია ინდოეთისა უჭირავს და საიდამაც იხვეჭს მთელს თავის სიმდიდრესა და საცა ასეთი გაშლილი ბაზარი ჰქონდა თავისის უთვალავის საქონლისა, - მეტისმეტი სასურველი ლუკმაა ინგლისისათვის. აქ რომელისამე სხვა სახელმწიფოს გაძლიერება - დაუძლურებაა ინგლისისათვის, რომელიც დღევანდლამდე თითქმის მარტო ბატონობდა იქ. ბევრგვარად დატრიალდა ჩინეთში ინგლისი, რომ როგორმე ხელი შეუშალოს გერმანიას და ფეხი არ მოაკიდებინოს ჩინეთში. მაგრამ ყველა მეცადინეობამ უქმად ჩაუარა და ზღვიდამ ჩინეთში შესავალი კარი გაიღო გერმანიამ, ნავთსადგური კიაო-ჩოუ დაიჭირა და თავისი ხომალდები დააბინავა.
რაკი რუსეთმა დაინახა ასეთი ამბავი, ამანაც ხელი გაიწოდა მეორე ნავთსადგურზედ, რომელსაც პორტ-არტური ჰქვიან და რომელიც კაი მოზრდილი კარია ზღვიდამ ჩინეთში შესასვლელად. ინგლისი აქაც მიესია მთელის თავისის ხერხითა, რომ ჩინეთს არ დაათმობინოს არაფერი რუსეთისათვის, მაგრამ აქაც ვერა გახდა რა. მაშინ დიდის რიხით შეუტია ჩინეთს, თუ პორტ-არტურში რუსებს დააყენებენ, ნავთსადგური ტალიენვანი ღია იყოს საყოველთაო შესავალ-გასავალად ჩინეთში ზღვიდამაო. ეს ისეთის რიხით დაუდვა პირობად ინგლისმა ჩინეთს, რომ თითქმის მუქარას მოასწავებდა. ვერც ამან გასჭრა, როგორც ვხედავთ. რუსეთი თავისის ხომალდებით დაბინავდა პორტ-არტურში და არც ნავთსადგური ტალიენვანი დასთმო საყოველთაო გზად ზღვიდამ ჩინეთში. ინგლისის მუქარამ, სჩანს, ტყუილად ჩაიარა, რადგანაც, რაკი ვეღარას გახდა-რა, ამ ტალიენვანს ინგლისმა თავი დაანება, თითქო თავის-დღეში არ ეხსენებინოსო. ჯერ ასეთმა ფახაფუხმა და მერე ასე ამოძუებამ კუდისამ ტალიენვანის გამო ააყაყანა მთელი ინგლისი. გავლენიანი გაზეთი ინგლისისა „Times“-ი ამბობს, რომ ჯერ სულ არ უნდა ეხსენებინათ ტალიენვანი, და რაკი ახსენეს, ბოლომდე უნდა ჩვენს მთავრობას მიეყვანა საქმე, თუნდ ამისთვის ომიც ატეხილიყოო.
რამ გააგულიანა უძლური ჩინეთი, რომ არ შეუშინდა ინგლისს არც მაშინ, როცა კიაო-ჩოუ დაუთმო გერმანიას, არც მაშინ, როცა პორტ-არტური მისცა რუსეთს? იმან, რომ აქ გერმანია და რუსეთი ერთად იღვწიან და ერთმანეთსა ჰშველიან. ვერც გერმანია შესდგამდა ფეხს კიაო- ჩოუში, ვერც რუსეთი პორტ-არტურში, რომ ყოველივე ეს ადრევ მოლაპარაკებული არ ჰქონოდათ ერთმანეთში და გათავებული.
ჩინეთს დღეს ფული უჭირს, რომ იაპონიის ვალი გადაიხადოს. იაპონიას გირაოდ უჭირავს ერთი უწარჩინებულესი ნავთსადგური ჩინეთისა, და მინამ ჩინეთი ვალს არ გადაიხდის, იაპონიას ნება აქვს იმ ნავთსადგურის ჭერისა. ინგლისმა, რაკი მუქარით ვეღარა გააწყო-რა, ეხლა ამ მხრით მოიწადინა თავისის წამხდარის საქმის გასწორება: მე გასესხებ ფულსა იაპონიის ვალის მოსაშორებლადაო. გაიბა ამაზე ლაპარაკი ჩინეთსა და ინგლისს შორის. ინგლისს უნდოდა ხელში ჩაგდება ჩინეთისა, რაკი ფულს ასესხებდა და ამით მისს შინაურ საქმეებში წილს დაიდებდა. თითქმის ეს საქმე თავდებოდა ინგლისის სასარგებლოდ, მაგრამ აქაც რუსეთმა შეუშალა ხელი. ეხლა გაზეთები გვატყობინებენ, რომ ჩინეთი ინგლისისაგან აღარა ჰსესხულობს, რადგანაც ფულს სესხად აძლევენ ორნი სახელმწიფონი ერთად, რუსეთი და გერმანიაო.
რატომ არა სჩანს ყოველს ამაებში საფრანგეთი? აი საკითხი, რომელიც ყველას ენაზე მოადგება, როცა შორ-აღმოსავლეთის საქმეს აითვალისწინებს კაცი. ამისი პასუხი ის არის, რაც 24 იანვარს საფრანგეთის პალატაში უთქვამს დეკრეს. ჩინეთის საქმე დიდი საქმეაო, აქ ევროპის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიანო. საფრანგეთის ინტერესები თხოულობენ - „აქ საქმე ისე დარჩეს, როგორც არისო“. არა გვგონია, ინგლისმა ამ პროგრამას სულით და გულით ხელი არ მოაწეროს, იმიტომ რომ აქ შეუცვლელად საქმეების დარჩენა ისე სახეირო არავისათვის არ არის, როგორც ინგლისისათვის. ჩვენ ისიც გვგონია, რომ აქ უნდა იმალავდეს თავს მიზეზი იმ სიტყვებისა, რომლებითაც დეკრემ დაასრულა თავისი სიტყვა საფრანგეთის პალატაში: ქებით და მოწონებით მოიხსენა-რა ფრანგ-რუსთა კავშირი, სთქვა, - რომ ეს არ უნდა უშლიდეს საფრანგეთსა უგულითადესი კეთილგანწყობილება იქონიოს ინგლისთანაო. არც ეს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს დეკრეს სიტყვა გამოწვეულ იყო კოშენის მიერ, რომელმაც უსაყვედურა საფრანგეთის მთავრობას, რომ იგი ხელს უწყობდა და ეხმარებოდა გერმანიას საბერძნეთის წინააღმდეგაო.
თუ ეს ასეა, უცნაურს რასმე წარმოადგენს ეს ორი, ერთმანეთზე შორი ნასკვი დღევანდელის პოლიტიკისა. ძნელია კაცმა გაუგოს თავი და ბოლო ამ მართლა-და უცნაურს ხლართულსა. ვინ ვისკენ არის ან სამტროდ ან სამეგობროდ - ძნელი გამოსაცნობია. საფრანგეთის პარლამენტში საჯაროდ ისაყვედურებიან, რომ საფრანგეთი ეხმარება გერმანიას საბერძნეთის წინააღმდეგა, მაშასადამე ეხმარება ახლო აღმოსავლეთის საქმეში და, თუ ეს მართალია, რა პასუხი უნდა მისცეს საფრანგეთმა რუსეთს, შორ-აღმოსავლეთში გერმანია და რუსეთი ერთად ჰმოქმედობენ ინგლისის წინააღმდეგ და საფრანგეთის ამაში გაჭაჭანებაც არ ისმის. ინგლისი მარტო იღვწის აქაც და იქაც რუსეთისა და გერმანიის წინააღმდეგ, საფრანგეთი იმავე დროს საჯაროდ იძახის, - რატომ არ უნდა ვიქონიო უგულითადესი კეთილგანწყობილება ინგლისთანაო და ბევრი სხვა ამისთანა. ეს რა ამბავია? ეს ინგლისთან კეთილგანწყობილების ხსენება ნუთუ პასუხია საფრანგეთისა იმაზე, რომ შორ- აღმოსავლეთის საქმეში გერმანია და ნამეტნავად რუსეთი უსაფრანგეთოდ მოქმედობენ? იქნება ევროპაში დიდი მზადებაა დასახვედრად დიდის რაიმე განსაცდელისა და, როგორც ყოველ მზადებაში, თავ-თავის ადგილას ჯერ არაფერია დალაგებული.
ჩვენ წინათაც გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ კრიტის კუნძულის საქმე და მაკედონიის დაუწყნარებლობა ფრიად საშიშია ევროპისათვის, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც შემძლებელია ფეხზე წამოაყენოს ეგრეთწოდებული ახლო აღმოსავლეთის საქმე მთელის თავისის სიგრძე-სიგანითა და მაშინ ევროპა სისხლდაუღვრელად, უომრად ვერ გადარჩება. ჯერ ეხლავ არის ნიშნები, რომ წელს გაზაფხულზე ერთ-ერთი ზემოხსენებული საქმე, ან ორივ ერთად, თავისას მოითხოვენ და იქნება ეს არის მიზეზი იმ უცნაურის ხლართულისა, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკა წარმოადგენს შესახებ კავშირ-ზავობისა ევროპის სახელმწიფოთა შორის.
წერილი მესამე
I
ტფილისი, 13 ნოემბერი, 1898 წ.
ამ უკანასკნელ წლებში ევროპის დიდ სახელმწიფოთა ინტერესები თითქმის მიყრუვდა შიგ ევროპაში. ის ტკივილები, რომელიც აუჩინა საფრანგეთს გერმანიამ 1870 წ., ცოტად თუ ბევრად დაყუჩდა. დრო და ხანი დიდი წამალია ამისთანაებისათვის. საფრანგეთმა ვერც იმისთანა მომხრეები იშოვა, რომ მათის იმედით გამკლავებოდა გერმანიას და ჯავრი ამოეყარა, და ვერც მარტოკამ იგრძნო თავი ესოდენ ღონიერად, რომ სამაგიეროდ გადახდის სურვილი მოეკლა. მას აქეთ 28 წელიწადი გავიდა და ეს საკმაო ხანია - კაცს ყოველი ტკივილი თუ სრულიად არ დაავიწყოს, გაუნელოს მაინც. ამ მხრით ევროპის მშვიდობიანობას არავითარი შიში არა აქვს, ჯერხანად მაინც.
შიშს წარმოადგენდა მარტო ეგრეთწოდებული ახლო აღმოსავლეთის საქმე, შიშს საყოველთაოს. საგანი ამ ახლო აღმოსავლეთის საქმისა იყო შიგნით დაუწყობელი და გარეთ უღონო ოსმალეთი, რომლის ნაჭერ-ნაჭერ დაფლეთას დღეყოველ ეტანებოდნენ ევროპის სახელმწიფონი, დღეყოველ იმის მოლოდინში იყვნენ, - დღესა თუ ხვალე სული უნდა ამოხდეს ამ სნეულს სახელმწიფოსაო და დიდი და პატარა ხელს იწვდიდა ამ დაბალ ღობისაკენ, იქნება მისის სამკვიდროსაგან მეც რამე ვირგუნო და გაყოფის დროს უწილოდ არ დავრჩეო. თვითოეულის სიხარბემ, ერთმანეთის შურმა და მტრობამ ეს ადრე და მალე ანდერძაგებული ოსმალეთი გადაარჩინა დაფლეთისა და დანაწილებისგან. რაკი თვითოეულმა ცალკე სახელმწიფომ დაინახა, რომ მე იმ წილს არ დამანებებენ, რის სურვილიცა მაქვს, დეე ეს ცოცხალ-მკვდარი სამფლობელო ფადიშაჰისა ისევ პატრონს ეჭიროსო. მართალია, ამ ბოლოს ხანებში კრიტის კუნძული კი ჩამოათალეს საბერძნეთზე გამარჯვებულს ოსმალეთსა, მაგრამ არც ერთს დიდს სახელმწიფოს არ არგუნეს, თუმცა არც ერთს მათგანს ყელზე არ დაადგებოდა და დიდის სიხარულით დააღებდა პირს ამ ნოყიერ ლუკმისათვის. აიღეს და ის კუნძული თითქმის ცალკე სახელმწიფოდ შეჰქმნეს, ისე კი, რომ სახელი ფადიშაჰისა იყოს და სახრავი კი თითქმის საბერძნეთისა.
თქმა არ უნდა, რომ შესაძლოა ტყვია-წამლის სუნმა კიდევ იჩინოს თავი შიგ ევროპაში ამავე ოსმალეთის მიზეზით, რადგანაც რიგზე მოდგა მაკედონიის საქმეც, საცა მშვიდობიანობის დარღვევის შიში მეტად ცხადია და ძალიან ადვილად მოსალოდნელი. მაკედონიაც იძვრის და ტოკავს უწესრიგობის გამო. იქაური ქრისტიანები დღემუდამ ჰკანკალებენ თავისის სიცოცხლისა და ქონებისათვის მაჰმადიანთა შიშისა და მუქარისაგან. კრიტის ჩამორთმევის გამო გამწარებულნი და გაჯავრებულნი ოსმალნი, რომელნიც დღეს-აქამომდე უამისოდაც აწიოკებდნენ იქაურ ქრისტიანებს, დღეის ამას იქით უარესს იქმონენ: რბევას, დაწიოკებას, ხოცვა-ჟლეტას არ დაიშლიან, აირევა ქვეყანა და არევს მთელს ბალკანეთსა, რადგანაც თვითოეულს ბალკანეთის სახელმწიფოს მაკედონიაში თავისი ინტერესები და ტკივილები აქვს. ესეთი ვითარება მაკედონიისა დიდს რეფორმებსა ჰთხოულობს, რომ იქაური ერი დაწყნარდეს და ყოველსავე მოსალოდნელს განსაცდელს მიზეზი მოვლენისა გაუქროს. ევროპის დიპლომატიას იმედი აქვს, რომ უსისხლოდ მოაგვარებს მაკედონიის საქმეს და ოსმალეთს იძულებულს ჰყოფს საჭირო და შესაფერი რეფორმები მოახდენინოს ხსენებულ ქვეყნის დასამშვიდებლად.
ამ სახით, შიგ ევროპაში საქმე ისე არსად არ არის ჯერ-ხანად გამწვავებული, რომ ხაზი და ლარი დღევანდელის პოლიტიკისა ამ საქმეების მიხედვით გაიბას. სულ სხვაა ევროპის გარეთ. რაც უკანასკნელ ხანებამდე დიდთა სახელმწიფოთათვის ოსმალეთი იყო ევროპაში, ეხლა აფრიკაა და ჩინეთი. აფრიკა თითქმის სრულიად გაინაწილეს. ინგლისმა დაიჭირა აქ დიდი ადგილი და ჩრდილოეთიდამ სამხრეთამდე ჰლამის ხელთ იგდოს ეს ქვეყანა, საფრანგეთი იჭერს აღმოსავლეთიდამ თითქმის დასავლეთამდე, გერმანიამაც წილი დაიდო, იტალიამაც, თუმცა ამ უკანასკნელის სიხარბეს კბილი მოსჭრა აბაშეთის ქვეყანამ და ადუაზე ომში კუდით ქვა ასროლინა. ამაების გამო ქსელი ევროპის დიდ სახელმწიფოთა ინტერესებისა აქ, აფრიკაში, გაიბა დღეს და, არავინ იცის, დაპირისპირება და შეჯახება ამ ინტერესებისა რას მოავლენს მერმისს. ფაშოდას ამბავს აქ ჯერ ბოლო და დასასრული შორს უჩანს, თუმცა დღეს ფაშოდაზე ხელი დააბანინა ინგლისმა საფრანგეთს და ცალიერ მუქარით დამარცხებული იქიდამ გამოაძევა.
მართალია, ფაშოდა თავის-თავად დიდი არაფერია, ერთი რაღაც სოფლის მსგავსი უხეირო ქალაქია თეთრ ნილოსის კუნძულზე, მაგრამ დიდმნიშვნელობიანია, ვითარცა სადგური ჩრდილო-აფრიკიდამ მიმავალისა სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდამ დასავლეთისაკენ. ნუ დავივიწყებთ, რომ საფრანგეთის ადგილები აფრიკაში აღმოსავლეთიდამ დასავლეთისაკენ არის და ინგლისისა ჩრდილოეთიდამ სამხრეთისაკენ. აღმოსავლეთიდამ დასავლეთისაკენ რომ ძაფი გააბათ ერთის მხრით და მეორეს მხრით ჩრდილოეთიდამ სამხრეთამდე, ძაფები ერთმანეთს გადაეჯვარება სწორედ ფაშოდაზე. აქედამ აშკარაა, რა ძვირად უნდა უღირდეს ცალკე საფრანგეთსა და ცალკე ინგლისს ეგ რაღაც ფაშოდაა. უმაგისოდ აღმოსავლეთიდამ ძნელი მისაწვდენია დასავლეთი, და ჩრდილოეთიდამ სამხრეთი, და აქ ჩადგომა ერთისა და მეორისათვის არსებითი საჭიროებაა, რადგანაც ერთის აქ ყოფნა მეორისათვის გზის გადაღობვას და კრიჭაში ჩადგომას მოასწავებს. აქ, აფრიკაში, გერმანიაც მონაწილეა, და ამის გამო ერთის მხრით საფრანგეთთანა აქვს საქმე და მეორეს მხრით ინგლისთან. ვის არ ახსოვს, რა ყოფა დააწია გერმანიამ ინგლისს ტრანსვალიის რესპუბლიკის გამო, რომელსაც ინგლისმა ხელი წაატანა და ჰლამოდა თავისად გამოყენებას. ამას წინათ-კი ამბობდნენ, გერმანია აფრიკაში მიემხრო ინგლისსაო და მხარს უჭერსო. ვინ იცის, მართალია ეს ამბავი, თუ ტყუილი, ხოლო დაუჯერებელი კი აქ არა არის რა.
ჩვენ თუ ყოველ ამ გარემოებას აქ ვიხსენიებთ - მარტო იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, - აფრიკაც შესაძლოა გახდეს მიზეზად შუღლისა და ჩხუბისა, რადგანაც ნიადაგი ამისათვის უკვე აშლილია და მომზადებული. აღარას ვიტყვით ეგვიპტისას, რომლის საქმეც დღესა თუ ხვალ უსათუოდ ფეხზე წამოდგება მთელის თავისის სიგრძე-სიგანითა და ჩაითრევს არა მარტო ინგლისსა და საფრანგეთს. ამ სახით, აფრიკის საქმეც დღეს ისეთი განსაცდელიანი საქმეა, რომ შეუძლიან სულ ახალი მტერ-მოყვრობა ჩამოაგდოს ევროპის დიდთა სახელმწიფოთა შორის.
მეორე განსაცდელიანი საქმე ჩინეთის საქმეა. ამაზე შემდეგს ნომერში მოვილაპარაკებთ.
II
ტფილისი, 16 ნოემბერი, 1898 წ.
ჩინეთის საქმე ხომ ყველაზე მეტად მიზეზიანი გახდა ქვეყნისათვის. რაკი შედარებით პატარა ქვეყანამ, იაპონიამ, დაამარცხა ეს უშველებელი ჩინეთი, ევროპის დიდთა სახელმწიფოებმა დაბალი ღობე იქ დაინახა და ხარბი თვალი აიხილა, თითქმის დაივიწყა თვით ევროპის საქმეები და მიესია დამარცხებულს ჩინეთს, რომ გამოჰგლიჯოს რამე. სურვილი ცოტად თუ ბევრად აისრულეს კიდეც, მაგრამ ფრანგები იტყვიან: მადა ჭამაში მოსდის კაცსაო, და დიდნი სახელმწიფონი მას აღარ სჯერდებიან, რაც უკვე ხელთ იგდეს, კიდევ მეტი უნდათ. მხდალი და მართლა უღონო ჩინეთი დღეს ხელში სათამაშო ბურთად გაუხდათ.
ეს უბედური ჩინეთი, თუმცა ტანით და ხორცით ერთი რაღაც უზარმაზარი ვეშაპია, მაგრამ, ვისაც-კი არ ეზარება, ყველა ზედ მიჰსევია, ყურში ხელსა ჰკიდებს და ბავშვსავით ციბრუტივით ატრიალებს. აქაც რომ დიდთა სახელმწიფოთა შორის შური, მტრობა და სიხარბე არ იყოს, არც ერთს აწ ზედმისეულს სახელმწიფოს ცალკე არ გაუჭირდებოდა ეს უზარმაზარი, მაგრამ უღონო ქვეყანა ფეხქვეშ ამოედო და ამ ყოფით ზედ შესჯდომოდა სახედნად. დიდ სახელმწიფოთა ერთმანეთის ჯაბრი და ცილობა ინახავს დღეს ჩინეთს და იხსნის იმ უბედურობისაგან, როგორც დღეს-აქამომდე ინახავდა და იხსნიდა ოსმალეთსა.
აქ, ჩინეთში, უფრო დიდ განსაცდელიანი სარბიელია ევროპის დიდთა სახელმწიფოთა ინტერესებისა, ვიდრე აფრიკაში, თუ სხვაგან სადმე ევროპის გარეთ. ვაჭრობისათვის და საქონლის გასაღებისათვის ჩინეთი დიდს სახარბიელო ბაზარს წარმოადგენს ევროპისათვის, რომელმაც აღარ იცის - სად გაასაღოს თავისი აუარებელი სავაჭრო საქონელი და ამის-გამო იგი იძულებულია ან თავისი უთვალავი ფაბრიკები და ქარხნები გააუქმოს, ან გზა რაიმე აუჩინოს.
ამიტომაც ჩინეთი მეტისმეტად სანატრელია ხელში ჩასაგდებად, ამიტომაც აქ, ჩინეთში, უფრო მწვავედ მიდის საქმე ერთმანეთში მორიგებისა და მოთავსებისა, ვიდრე სხვაგან სადმე. ყველაზე მეტად გულნატკენობს აქ ინგლისი, რომელსაც დღეს-აქამომდე წინ აქ თითქმის არავინ ედგა და მარტოკა ბატონობდა. ეხლა აქ ფეხი აიდგა რუსეთმა და გერმანიამ, საფრანგეთმაც გაიწივ-გამოიწივა კარგა საგრძნობლად და ამ გარემოებამ შეჰხუთა ინგლისის ინტერესები. ამის გამო ინგლისი ძალიან ამრეზილია საფრანგეთზე და ნამეტნავად რუსეთზე. არც გერმანიაა მისთვის უშიშარი, მაგრამ იგი გერმანიას ისე არ უფრთხის ჩინეთში, როგორც რუსეთს და მისს მომხრეს საფრანგეთსა. ამბობენ, ეს გასწრაფებული და გამალებული საომრად მზადება ინგლისისა - ჩინეთის მიზეზით უფროა გამოწვეული, ვიდრე სხვით რითიმეო. ინგლისის ახალშენთა მინისტრი ჩამბერლენი და ბევრნი წარჩინებულნი სახელმწიფო კაცნი, ბევრი ჟურნალ-გაზეთი, პირდაპირ იძახიან, ყოველ განსაცდელისათვის მზად ყოფას ვრჩეობთო, ვშიშობთ - განსაცდელი უეცრად კარზედ არ მოგვადგეს და თავდარიგს ეხლავ ვიჭერთო. საქმე ის არის, რომ განსაცდელს ჩინეთის საქმეებისაგან მოელიან და ამას არა ჰმალავენ.
ასე თუ ისე, ევროპის გარეთ გამონასკულმა საქმეებმა, ხმელეთზე ძლიერება, ცოტა არ იყოს, უკან დააყენა და რიხით ხმა ამოაღებინა ზღვაში ძლიერსა. ეს უეჭველი შედეგია დღევანდელთა საქმეთა ვითარებისა და გარემოებისა. ევროპის გარეთ მოქმედებისათვის - საომარი ხომალდები და გემებია საჭირო. ევროპის სახელმწიფონი ვერ მიაწვდიან ხელს ვერც აფრიკას და ნამეტნავად ვერც ჩინეთს, თუ არ ზღვითა. მარტო რუსეთს შეუძლიან ხმელეთით მიიშველიოს ჯარი, თუ ჩინეთში ასტყდა რამე, ისიც მაშინ, როცა დიდი გზა ციმბირისა თავიდამ ბოლომდე გაყვანილ იქმნება. ამას ერთი წელიწად-ნახევარი ხანი უნდაო და ამ წელიწად-ნახევარში ბევრი წყალი ჩაივლის. რუსეთს ერთი უპირატესობა კიდევ აქვს ინგლისის წინაშე: შესაძლოა ინგლისი იძულებულ იქმნას ხმელეთზე საომრად, თუ სახეში მივიღებთ ინგლისის სამფლობელოს ინდოეთში და ამ მხრით რუსეთის ზედმისევას. აქ, რასაკვირველია, ხმელეთის ჯარის ძლიერება ანგარიშშია მისაღები და ამ მხრით მარტო რუსეთია მისთვის ყველაზე მეტად საფიქრებელი.
ზღვაში-კი ინგლისს ვერავინ გაუმაგრდება. არავინ არის ზღვაში ძლიერი ისე, როგორც ინგლისი, არავისა აქვს იმოდენა საომარი ხომალდები და გემები, არც ისე კარგად მოწყობილი ზღვის ჯარი ჰყავს, როგორც ინგლისს. აი ეს არის მიზეზი რომ დღეს ინგლისი ასეთის რიხით და ქადილით გამოვიდა მოედანზე და თოფ-იარაღის ჩხარა-ჩხურით ლამის ყურები გამოუჭედოს ქვეყანას. ამ ზღვაში ძლიერებას უნდა უმადლოდეს ინგლისი, რომ ფაშოდადამ გამოძევამ საფრანგეთისამ ასე მშვიდობით ჩაუარა იმისდა მიუხედავად, რომ საფრანგეთს გვერდით უდგა ისეთი ძლიერი მომხრე, როგორიც რუსეთია. ტყუილად-კი არ იქადის ინგლისის მინისტრი ჩამბერლენი, რომ არავითარი კოალიცია ჩვენთვის საშიშარი არ არის ზღვაშიო. ძალა შესწევს ქადილსა, ეს აშკარაა.
ამ გარემოებისაგან, რომელმაც დღეს ასეთი მნიშვნელობა მისცა ზღვაში ძლიერსა, ინგლისი ყველაზე წინ წამოდგა, ინგლისი გაკადნიერდა და გათამამდა იმოდენად, რომ მუქარად შეექმნა ყველას. მისმა საომრად გაფიცხებულმა მზადებამ მთელს დიპლომატიას ევროპისას ძილი დაუფრთხო, ააყაყანა და შიშით აქეთ-იქით მიახედა. თვით გერმანიის იმპერატორის ადრე და მალე დაბრუნებას მცირე აზიიდამ ამ გარემოებას აბრალებენ. ამ უეცარმა ამბავმა - გუშინდელს მტერს, - ვინ იცის, - იქნება მტრობა დაავიწყებინოს და ინგლისის მომხრეობა ანატრებინოს. ყველაფერი შესაძლებელია: ძალა აღმართის მხვნელიაო, ნათქვამია. თვითოეულ სახელმწიფოს საქმეები ისე ჩახლართულია ერთმანეთში, რომ საკვირველი არ იქნება, საცა წვრილია, იქ გასწყდეს, და საცა არა გვგონია - ნასკვის წვერმა იქ ამოჰყოს თავი გამოსახსნელად.
III
ტფილისი, 17 ნოემბერი, 1898 წ.
წინა წერილებიდამ სჩანს, რომ ინგლისი დღეს იმ ძლევამოსილს ფეხზედა სდგას, რომ შესაძლოა ან მტერი მოყვრად გადაიქციოს შიშისაგან, ან მოყვარე მტრად - შურისა და ჯაბრისაგან. პირველს შემთხვევის საბუთად საკმაოა გვახსოვდეს ერთი ქართული ანდაზა, რომ ხშირად ადამიანი იმისი მაყარია, საცა ბოლი მაღალია, და ამ ანდაზას ისეთი შესაფერი ადგილი არსადა აქვს, როგორც პოლიტიკაში. რაც გინდა სთქვან, ღონე და ძალა იმისთანა რამ არის, რომ იმის კალთის დაჭერას ცხვირს ზევით არავინ იცილებს, თუ შესაძლებელია. ასეთია ეს წუთისოფელი. მეორე შემთხვევისათვის კი ამას ვიტყვით, რომ დიდ სახელმწიფოებს
ეჯავრებათ, რომ ერთი მათგანი მეტისმეტად თავში გაიწევს ხოლმე და მბრძანებლობას იჩემებს, თუმცა თვითოეული ცალკე სულ ამ მბრძანებლობის ხელში ჩაგდებას ეპოტინება და ამის ნატვრაშია. რუსეთის შიშმა შეჰქმნა სამთა კავშირი, გერმანიის ამით გაზვიადებამ რუსეთსა და საფრანგეთს ერთი პირი შეაკვრევინა. თუ მე არა, ნურც შენაო, აი თავი და ბოლო მბრძანებლობისათვის მომართულ პოლიტიკისა.
რა თქმა უნდა, არც ინგლისს ჩაუვლის მუქთად და ამაოდ დღევანდელი თოფ-იარაღის ჩხარა- ჩხური და რიხიანი ქადილი, - არავისი გვეშინიან და ყოველ განსაცდელისათვის სამზადისში ვართო. ამ გარემოებამ ან საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია უნდა ერთად შეჰკრას ინგლისის საწინააღმდეგოდ, ან თითონ ინგლისი უნდა შეეკრას ვისმე. მეტისმეტად ძნელად დასაჯერებელია, რომ ან საფრანგეთმა, ან რუსეთმა ინგლისთან ერთად საქმის დაჭერა რამ მოინდომონ. ამათი ინტერესები ერთმანეთში თითქმის მოურიგებელია და მოუთავსებელი. მაშასადამე, სახეში უნდა ვიქონიოთ ერთის მხრით ინგლისი და მეორეს მხრით რუსეთი და საფრანგეთი. ამათ შუა - გარემოებამ ჩააყენა გერმანია და ორივე მხარე გერმანიაზე მოახედა. ჯერ გერმანიას თავისი არ უთქვამს, საით გაიწევს, ვის მიემხრობა. ხოლო ეს კია, რომ გერმანია ერთი იმისთანა სახელმწიფოა დღეს, რომელსაც ინგლისი, როგორც აფრიკაში, ისეც ჩინეთში - ადვილად მოურიგდება, ვიდრე სხვას.
ინგლისის მინისტრის ჩამბერლენის სიტყვა, ბირმინგამში თქმული, ამისი ცხადი მანიშნებელია. ჩვენა და გერმანიას არსად ისეთი მიზეზიანი და ცხარე ინტერესები არა გვაქვსო, სთქვა ჩამბერლენმა, რომ დაგვიშალოს ერთმანეთთან მოთავსებაო. მეტისმეტად შესანიშნავი ეს არის, რომ ჩამბერლენი ჩრდილო-ამერიკის შტატებთან ერთად საქმის დაჭერას თითქმის გათავებულ საქმედა სთვლის და ამასთან გერმანიასაც ფიანდაზებს უშლის ფეხთა ქვეშ. არ ვიცით, გერმანია როგორ მოექცევა ამ ფიანდაზებს, რომელსაც ასეთის წინადასწრებით ინგლისი ფეხქვეშ უშლის, ეს-კი გაკვრით გაისმა გაზეთებში, ვითომც ეს ორნი სახელმწიფონი, გუშინ მტერნი აფრიკაში, დღეს იქ ერთმანეთს მხარს აძლევენ თურმე.რასაკვირველია, ეს კიდევ იმას არ მოასწავებს, რომ გერმანია და ინგლისი ჩინეთშიაც, ან სხვაგან სადმე მაგრად გულს ჩაეკრან ერთმანეთს, მაგრამ იმისი მაგალითი კია, რომ ამ წუთისოფელში ყველაფერი ცვალებადია და, მაშასადამე, მოსალოდნელი.
იქნება იკითხონ, თუ დღევანდელის ცილობის ასე თუ ისე გადამწყვეტელი - ზღვაში ძლიერებაა, რა საჭიროა ინგლისისათვის გერმანია, რომელიც თითქმის ეხლა იჩენს საომარ ხომალდებს და გემებს და ამ მხრით არავითარს სახარბიელო ღონეს არ წარმოადგენს. ჯერ ერთი ესა, რომ სულ არარაობას ცალ-უღელი ხარი სჯობიაო და გერმანია თუნდ ერთის ხომალდითაც მიეშველოს ინგლისს, ყელზე არ დაადგება. მერე ის იქონიეთ სახეში, რომ გერმანია ერთის მხრით რუსეთს გადაჰყურებს და მეორეს მხრით საფრანგეთსა, და ამისი მარტო ამრეზა ან ერთზე ან მეორეზე, - სხვას ნურას ვიტყვით, - დიდად შეაფერხებს საფრანგეთსა და რუსეთს ხმელეთზე და ამათს ძალღონეს კბილს მოსჭრის საგარეოდ. შიგ ევროპაში ამრეზილი ასეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც გერმანიაა, ისე ხელგაშლით ვერ ამოქმედებს გარეთ ვერც რუსეთს, ვერც საფრანგეთსა, და ასეთი გარემოება დიდი რამ არის ინგლისისათვის, თუ იგი მართლა ამ ორ სახელმწიფოსათვის ემზადება გარეთ გასამკლავებლად.
საფრანგეთი ჰგრძნობს, რომ ესეთი ვითარება საქმეთა, იქნება, თავს მოეხვიოს, და რომ ძალიან არ გაუთამამდეს სადმე ინგლისი, დღეს იგიც სცდილობს გერმანიასთან დაახლოებას. საფრანგეთი იძულებულია თვისი მტრობა, რომელიც აქამომდე გულში ჰქონდა გერმანიასთან, დავიწყებას მისცეს და შეურიგდეს გერმანიას. იმედი აქვთ, რომ გერმანიის იმპერატორი, რომელმაც არა ერთხელ ანიშნა ქვეყანას, რომ საფრანგეთთან შერიგებაზე შორს არ არის, გულმედიდობით არ მოექცევა საფრანგეთისაგან გამოწვდილს ხელს და უარის თქმით ხელახლად არ აუშლის აწ დაყუჩებულს იარას წარსულისას. რა თქმა უნდა, ელზას- ლორენის დაბრუნებას აქ ადგილი არ ექნება, ხოლო საფრანგეთი დღეს ინგლისისაგან ისე გამწარებულია, ისეთს გარემოებაშია ჩაყენებული, რომ მეტი გზა არა აქვს, ელზას-ლორენის საქმეს უნდა გაუჩუმდეს, ოღონდ ინგლისს-კი მშვილდი ძირს დაადებინოს. თუ ესეა, ადვილი საფიქრებელია, რომ დღევანდელი მტერ-მოყვრობა, დღევანდელი კავშირ-ზავობა სულ ძირიანად დაირღვეს და ახალი ამბები დავინახოთ როგორც ევროპაში, ისეც გარეთ.
მართლა-და, თუ გერმანიამ და საფრანგეთმა ერთმანეთში საქმე გაისწორეს და ერთმანეთს მხარი მისცეს, ინგლისს სხვა არა დარჩება-რა, რომ ან დღემუდამ ამათის შიშქვეშ და ფერებაში იყოს, ან ამათ მიემხრას. რასაკვირველია, ეს უკანასკნელი უიმისოდ ვერ მოხდება, თუ ინგლისმა საფრანგეთის წინაშე თითი არ მოიკაკვა და მისს გამწარებულს გულს კარგი წამალი არ დასდვა. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული - ვისი მტერ-მოყვრობა უფრო იაფად დაუჯდება, ვინ უფრო მისთვის საშიშარია საქვეყნო სარბიელზე, საფრანგეთი თუ სხვა ვინმე. ინგლისი არც გერმანიას გადაურჩება ისე, რომ თანხები რამ არ დაჰპირდეს და ხახა არ დაულბოს. ევროპაში - გერმანიას, თუნდ საფრანგეთიც გაუმეგობრდეს, ბევრი რამა აქვს არამცთუ სანატრელი, არამედ გასაფრთხილებელი. ეს სიფრთხე რომ არ იყოს, გერმანია ასე წელებზე ფეხს არ დაიდგამდა ჯარების დღემუდამ გაძლიერებისათვის და თვისს სახელმწიფოს ერთ უშველებელ ყაზარმად არ გადააქცევდა. მარტო საფრანგეთის შიში ასე არ დაამძიმებდა გერმანიას, როგორც სხვისა შიში.
ამ სახით, დღეს საქმე იმაზეა მიმდგარი, - საით და ვისკენ გაიწევს გერმანია, რომელიც ორთავ მხარეთათვის მეტად სახარბიელოა და სანატრელი და რომელიც ამის გამო დღეს თავმოწონებული უნდა იყოს; ჩვენის ფიქრით, უნდა კი საითმე გაიწიოს. ორწყალ-შუა მისი დგომა ჭკუაში ძნელად მოსასვლელია. არა გვგონია, გერმანიამ ეს იშვიათი შემთხვევა თავისის საკუთარის ლარისა და ხაზის გასატანად ხელიდამ გაუშვას და თავისის საკუთარის გულნადებისათვის ასე თუ ისე არ გამოიყენოს. უეჭველია, გერმანიას თან ნალოსავით აეთრევა ოსმალეთიც, საცა დღეს იმპერატორის ვილჰელმის სახელმწიფოს ასეთი ხმა და პატივი აქვს, როგორიც არავის სხვას. ადვილად გამოსაცნობია, - რისთვის და ვისთვის ხელის გულზე გაუგორდა თავმომწონე იმპერატორი ვილჰელმი ფადიშაჰსა ამ უკანასკნელ ხანებში, როცა ესტუმრა და პალესტინა მოიარა. არც ის არის ძნელი გამოსარკვევი, ესე უეცრად რად გამოეჩქარა გერმანიის იმპერატორი თავისის ქვეყნისაკენ და თავისი განზრახული მიმოვლა პალესტინაში ასე უცებ რად მოსპო შეუსრულებლად. აშკარაა, მიზეზი ამისი იმ სახარბიელო და გამოსალოდნელ ყოფა-მდგომარეობაში უნდა ვეძიოთ, რომელშიაც ჩააყენა გერმანია დღევანდელთა საქმეთა გარემოებამ და მოედანზე დიდის ქადილით გამოსვლამ ინგლისისამ ხმლის ლესვითა და თოფ-იარაღის ჩხარაჩხურითა.