top of page

ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუა -ზღვის გზების საკითხი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 23, 2023
  • 10 min read

I

ტფილისი, 1 ნოემბერი, 1897 წელი

იყოს თუ არა ევროპაში ოსმალეთი? აი უმთავრესი ძარღვი აღმოსავლეთის საქმისა, რომელიც ეს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია, რაც ევროპას არ აძინებს, არ ასვენებს და ერთი-ერთმანეთის შურითა და მტრობითა აქეთ-იქით ატოკებს და არყევს. ამას მოსდევს მეორე განსაკითხი, არა ნაკლებ მწვავი და რთული: ვთქვათ, არ იყოს, ვინ უნდა დაიჭიროს მისი ადგილი, ვინ უნდა გასწიოს მისი მაგიერობა, რადგანაც მაგიერობა მისი ევროპის ძალ-ღონეთა სასწორის უღელს ან აქეთ, ან იქით გადაჰხრის, იმისდა მიხედვით, ვინ რა ირგუნა დაცლილ სამკვიდროსაგან, ან ვინ ააფრიალა საკუთრად თვისი დროშა ბოსფორზე?


ეხლა ოსმალეთი თავის-თავად არ წარმოადგენს იმისთანა სახელმწიფოს, რომ მარტოდ და ცალკედ საშიშარი იყოს რომელიმე დიდ სახელმწიფოსათვის, თუ მარტოდმარტო გაემკლავებიან ერთმანეთსა. ბალკანეთის წვრილნი სახელმწიფონიც უშიშარ არიან ოსმალეთისაგან. თუმცა თითოეულ მათზე ოსმალეთი გაცილებით ძლიერია, მაგრამ არც ერთი დიდი სახელმწიფო აქ გზას არ მისცემს, არც ერთს ამ წვრილ სახელმწიფოს ოსმალოს არ გაათელვინებენ, ოსმალოს ლუკმად არ გაჰხდიან. მაგალითი ამისი — დღეს დამარცხებული საბერძნეთია. მაშ რა თავის ასატკივებელია: არის ევროპაში ოსმალო, თუ არა? ვის რას უნდა უშლიდეს?


ნასკვი საქმისა სწორედ აქ არის. ამ ნახევარ საუკუნოზე მეტ ხანში, — იყოს თუ არა ევროპაში ოსმალეთი, — მაჯლაჯუნასავით გულზედ აწევს ევროპასა და ვერასგზით ვერ აუცილებია. ამ ხანის განმავლობაში ბევრნაირად ფერი იცვალა თვითოეულის დიდ სახელმწიფოს პოლიტიკამ ამის შესახებ. რუსეთს სწამებენ, რომ ჯერ კიდევ პეტრე დიდმა ამოიღო ოსმალეთი ნიშანში, ხელი გაიწვდინა სტამბოლზედა, ამ გზით სვლა ანდერძად დაუდვა რუსეთსაო. ჩვენ არ ვიცით, რამოდენად მართალია ეს ანდერძდადება, ხოლო-კი უნდა ვთქვათ, რომ ისტორიულმა ვითარებამ პეტრე დიდის აქეთ რუსეთის პოლიტიკა უფრო აშკარად მიჰმართა ოსმალეთის დაუძლურებაზე და არა ერთხელ და ორჯერ დაანახვა ოსმალეთს, რა ძლიერი მეტოქეა მისთვის რუსეთი. ევროპა, საფრანგეთისა და ინგლისის მეთაურობით, არა ერთხელ სადიპლომატიო გზით და ხან თოფ-იარაღით და ჯარით მიჰშველებია ოსმალეთს რუსეთის წინააღმდეგ. გავიხსენოთ ყირიმის ომები და ყოველივე ის ხლართი საქმისა, რომელსაც ინგლისი არა ჰზოგავდა, რომ რუსეთს სტამბოლში საქმე წაუხდინოს და წინ ფეხი არ გადაადგმევინოს. გავიხსენოთ თუნდ უკანასკნელი ომი ოსმალეთთან, საცა გამარჯვებული რუსეთი თვით სტამბოლის კარის წინ შეყენებულ იქმნა ევროპის დიპლომატიის ძალ-მომრეობითა. ამ სახით, ომის დროს ევროპა ხან ჯარითაც ჰშველოდა ოსმალეთსა და ყოველთვის-კი, ომია, თუ უომრობა, დიპლომატიურ ძალღონეს ზედ ალევდა რუსეთის წინააღმდეგ და ოსმალეთის სახეიროდ. ამ ნახევარ საუკუნის პოლიტიკის გზას რომ დავადგეთ, აშკარად აღმოჩნდება, ვინ იყო უკანასკნელ დრომდე ევროპაში მომხრე ევროპიდამ ოსმალეთის განდევნისა და ვინ — ამისი ხელშემშლელი და ოსმალეთის მწე-მფარველი; რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელთ შორის თავიდათავი ინგლისი იყო.


ეხლა-კი რას ვხედავთ? ინგლისმა თავი გამოიდო ოსმალეთის ევროპიდამ განდევნისათვის და რუსეთი სარჩლს უწევს ოსმალეთსა. ერთისა და მეორის პოლიტიკამ პირი უკუღმა იბრუნა და ამდენის ხნის თავისს საკუთარს მეცადინეობას ზურგი შეაქცია ერთმაცა და მეორემაც. საიდამ უნდა წარმომდგარიყო ასეთი ძირეული ცვლილება? რა მოხდა იმისთანა ევროპაში?


ამისი პასუხი, ჩვენის ფიქრით, იმ ორ ბანაკს შუა იმალავს თავს, რომელიც დღეს მთელს ევროპას თითქმის ორადა ჰყოფს და რომელიც აღარავისათვის საეჭვოა მას შემდეგ, რაც რუსეთმა და საფრანგეთმა კრონშტადტში და ტულონში დაანახვეს ქვეყანას, და რაც უფრო უეჭველ შეიქმნა შემდეგ ჩვენის ხელმწიფე იმპერატორის საფრანგეთში მიბრძანებისა და პეტერბუგში საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობისა. საიდამ სადაო, იკითხავთ? იქიდამ, რომ ამ ორად გაყოფამ ძალ-ღონე ორის ბანაკისა გაათანასწორა, გაატოლა. პირველ შეხედვით ეს გათანასწორება ერთმანეთისათვის იმისთანა მუქარას აღარ წარმოადგენს, რომ ამის მიხედვით შეშლილიყო რამ ევროპაში. მაგრამ სიფრთხილეს თავი არა სტკივაო, ნათქვამია. ეს ორი მხარე, რამოდენადაც უფრო ტოლ-თანასწორნი არიან, იმოდენად უფრო ადვილად მოსალოდნელია განსაცდელი ერთისა და მეორისათვის, იმიტომ რომ, საკმაოა ევროპის აწეწილობამ ან დიპლომატიურ ოსტატობამ ერთი რომელიმე ორ ბანაკ გარეთ დარჩენილი სახელმწიფო, თუნდ მეორეხარისხოვანი, ან ერთს ბანაკს მიუყენონ, ან მეორეს, და მით ერთი მეორეზე საგრძნობლად გააღონიეროს, გააძლიეროს ყოველ შემთხვევისათვის.


ვისგან უფროა მოსალოდნელი ამისთანა განსაცდელი? რასაკვირველია, ოსმალეთისაგან. ამ- მხრით სხვა არც ერთი სახელმწიფოა ისე საგულვებელი, როგორც ოსმალეთი. ცალკე საკუთარმა უღონობამ, რომელმაც მთელი ოსმალეთი ევროპის დიპლომატიას ხელში სათამაშოდ ჩაუგდო, ცალკე შინაურმა არევ-დარეულობამ და მოუსვენრობამ, ოსმალეთი იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ სხვის პირში მაყურებლადღა გაჰხადა. ამასთან, იმისთანა სახარბიელო ადგილები და საზღვრები უჭირავს, ისეთი მდებარეობა აქვს, რომ არ არის არც ერთი იმისთანა დიდი სახელმწიფო, რომ არ სწყუროდეს ძიძაობა მისი ხელთ იგდოს და მისი საბელი ყელისა თვით დაიჭიროს სწორედ იმ განსაცდელის მოლოდინით, რომ სხვამ არ დაგვასწროს და არ მიიყენოსო.


თუმცა, როგორცა ვთქვით, ოსმალეთი თვითოეულ ცალკე დიდ სახელმწიფოსათვის საშიშარი არ არის, მაგრამ იმოდენად-კი ღონიერია, რომ ვინც გადიბირებს, იგი გააძლიეროს. ამის გამო, განა საკვირველია — ვიფიქროთ, რომ ამ ორის ბანაკის ძალღონეთა გათანასწორებამ თვითოეული ცალკე იძულებული გახადა ოსმალეთი გადმოიბიროს იმის შიშით, რომ გაჭირვების დროს სხვამ არ ჩაიგდოს ხელში საშველად. თუ ესეა, საკვირველი არც ის არის, რომ თვითოეული მხარე ეხლა ცალკე ჰცდილობს სტამბოლში და წელებზე ფეხს იდგამს, რომ ამ მხრით მეორეს საქმე დაასწროს და ოსმალეთი მოიმადლიეროს. მაშ რით უნდა აიხსნას ის უცნაური ამბავი, რომ დღეს გერმანია ასე ხელს აფარებს ოსმალეთსა და მისს მომადლიერებას ჰცდილობს? რა სტკივა გერმანიას აღმოსავლეთის საქმეში? განა არ გვახსოვს ბისმარკის სიტყვა: „ჩვენ არა გვეწვის-რა აღმოსავლეთის საქმეში, ჩვენ ერთს ბრანდერბურგის ჯარისკაცსაც არ გამოვიმეტებთ მაგ საქმისათვისაო“.


ჩვენ ამ საგანს კიდევ დავუბრუნდებით შემდეგ და ვეცდებით პასუხი წინათ დაყენებული საკითხისა, ჩვენის შეძლებისამებრ, მეტის სავსებით გამოვარკვიოთ თვითოეულ სახელმწიფოს მოქმედების მიხედვით, თუ გარემოებამ არ დაგვიშალა.


II ტფილისი, 6 ნოემბერი, 1897 .

რომ უკეთესად შევიგნოთ — ვინ რას ეძებს აღმოსავლეთის საქმეში და ვის რა ტკივილი აქვს, — ჯერ ყველაზე უწინარესს დიდ სახელმწიფოებს უნდა გავუსინჯოთ პოლიტიკის გზები. ყველამ იცის, რომ საფრანგეთი და ინგლისი დიდი ხანია ერთმანეთს გულდაუმშვიდებლად უყურებენ და ამ ბოლოს ხანებში თითქო ერთმანეთს უფრო აულურსდნენ, ვიდრე წინათ. იმ ერთმანეთის საპირისპირო საქმეთა გარდა, რომელიც ევროპის გარეთა აქვთ და რომელიც ექვემდებარება საახალშენო პოლიტიკას, შიგ ევროპის სამხრეთით, ჩვენის ფიქრით, ერთი დიდი მიზეზია, რომელიც არც ერთს ხსენებულს სახელმწიფოს და არც მეორეს ერთმანეთთან ვერ ათავსებს, ვერც არიგებს. ჩვენა გვგონია, რომ მიზეზი ხმელთაშუა ზღვაა. ეს ხმელთაშუა ზღვა გადაჭიმულია სამხრე ევროპისა და ჩრდილო აფრიკის შუა და ამიტომაც ერთი მთელი თავისი გრძელი ნაპირი ევროპაში აქვს და მეორე აფრიკაში. ამ ნაპირის ერთი დიდი ნაწილი ევროპის მხრივ ეხება იტალიას და ოსმალეთსა, აფრიკის მხრივ მთელ ჩრდილო-აფრიკის საზღვარს, ბოლო აწყდება მცირე აზიის ნაპირებს, და იქ, საცა თავდება ეგვიპტის საზღვარი აღმოსავლეთით.


სადაც ატლანტის ოკეანიდამ, რომელიც ინგლისს გარშემო არტყია და საფრანგეთს დასავლეთით ჩაერთვის, იქ ვიწრო წყლის გზაა ხმელთაშუა ზღვაში გამოსასვლელი ისპანიის სამხრეთით და მაროკკოს ჩრდილოეთით. და სწორედ ამ ვიწრო გასავალში ინგლისს უჭირავს თითქმის უძლეველი სიმაგრე ჰიბრალტარი, ასე რომ ხმელთაშუა ზღვაში ატლანტის ოკეანიდამ — როგორც ინგლისმა, ისეც საფრანგეთმა — ამ სიმაგრეს ცხვირწინ უნდა გამოუაროს. რა თქმა უნდა, ეს სიმაგრე კარგად მოწყობილია, შორსმსროლელ უზარმაზარ ზარბაზნებითა. აბა ინგლისი ვის რა ხეირს დააყრის, თუ ვისიმე გამოშვება ატლანტიკის ოკეანიდამ ხმელთაშუა ზღვაში ჭკუაში არ დაუჯდა.


ამ სახით, ხმელთაშუა ზღვის სათავეში ინგლისია გამაგრებული და, მაშასადამე, ბატონიცა. ხოლო ხმელთაშუა ზღვის წელიცა აქვს და ბოლოც. მარტო სათავე არაფრის მაქნისია. ზღვის არც მოწყვეტაა შესაძლებელი, არც საითმე გადაყვანა და გადაგდება. წელი, უფრო დიდი ნაწილი, იტალიასა და ოსმალეთს ჰხვდება, და ბოლო — ერთის მხრით — ჩრდილო-აღმოსავლეთით — ზედ ებჯინება ოსმალეთის სამფლობელოს — სირიას. ეს ევროპის მხრით. აფრიკის მხრით მთელი წელი გაწოლილია მთელ აფრიკის ჩრდილო ნაპირსა, ეგვიპტის აღმოსავლეთის საზღვრის დასასრულამდე. ამ აფრიკის ნაპირას არის მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ტრიპოლი და ეგვიპტე.


მინამ იტალია დანაწილებული იყო და წვრილ სახელმწიფოებად დაყოფილი, უღონოც იყო როგორც სამოყვროდ, ისე სამტროდ ვისიმე. ამის გამო იგი არავისაგან ანგარიშში ჩასაგდები არ იყო, როცა ხმელთაშუა ზღვისათვის საღერღელი სახარბიელოდ აეშლებოდა ვისმე. ხოლო ოსმალეთი ძლიერი იყო დღევანდელზე მეტად და ხმელთაშუა ზღვის საქმეში მის ხმას ადგილი ჰქონდა ცოტად თუ ბევრად. რა თქმა უნდა, ინგლისსაც და საფრანგეთსაც სახეში უნდა ჰქონოდათ, რომ ძლიერებას ოსმალეთისას ბევრი არა დაჰკლებოდა-რა და მისის კლებით სხვა არ გაძლიერებულიყო. შიში ჰქონდათ რუსეთისა, რომ თუ ოსმალეთს მოაწვა, თან გაიტანს, გამოაპობს შავ ზღვას და ხმელთაშუა ზღვაზე აგვეტუზება ეს დიდი სახელმწიფო, რომელსაც თავისით იმოდენა ღონე აქვს, რომ არამცთუ თვითოეულს ცალკე, იქნება ორივეს ერთადაც გაგვიძღვესო.


სხვათა შორის, ეს იყო ერთი უდიდესი მიზეზი, რომ ყამირის ომში ინგლისსა და საფრანგეთს ერთადა ვხედავთ წინააღმდეგ რუსეთისა. ამიტომაც ეს ომი გათავდა მით, რომ შავის ზღვის შემოსავალ-გასავალი გზა დაუკეტეს რუსეთსა. ამ მიზეზსვე უნდა მიეწეროს, რომ 1879 წლის ოსმალეთთან ომში გამარჯვებული რუსეთი სტამბოლის კარებთან შეაყენა ევროპამ, ინგლისის თაოსნობით და გერმანიის შემწეობით, და ოსმალოსთან ცალკე სან-სტეფანოში შეკრული პირობა რუსეთისა არ იყაბულეს, რადგანაც ეს პირობა ძალიან აუძლურებდა დამარცხებულს ოსმალეთს.


ევროპის სასურველი ის იყო, რომ ბოსფორზე, საცა დღეს ოსმალეთი ჰზის, არავინ ოსმალოზე ძლიერმა ფეხი საკუთრივ არ მოიკიდოს და სკუთრივ არ ამართოს იქ თავისი დროშა. ერთმანეთის შური და მტრობა არავის ამის ნებას არ მისცემს უომრად და სისხლდაუღვრელად. ოსმალეთის მაგიერ აქ სხვისა, უფრო ძლიერის ყოფნა, მეტისმეტად შეჰხუთავდა ხმელთაშუა ზღვაზე თავისუფალს სიარულს, იმიტომ რომ ყველას თავისი ქონება თავისთვის უფრო უნდა გამოსაყენებლად, ვიდრე სხვისთვის. ეს ერთი. და მეორე — ვინ იცის, ვის რა შემთხვევა აიძულებს ოდესმე ეს გზა სხვას შეუკრას, თუ ღონე შესწევს გარემოებათაგან მოვლინებულ სურვილისა. ეხლა უნდა ვიკითხოთ, — რა ხელსაყრელია ხმელთაშუა ზღვა ან რუსეთისათვის, ან ინგლისისათვის ან საფრანგეთისათვის და ან თუნდ გერმანიისათვის, რომელმაც ამ უკანასკნელ დროს კარგა მოზრდილი ფლოტი გაიჩინა და, მაშასადამე, წყლის გზა საჭიროებად გაუხდა ევროპის გარეთ გასასვლელად. რა ხელსაყრელია, რომ ამის გულისთვის და ამის მიხედვით ევროპაში იწყნარებენ და ინახავენ იმისთანა სახელმწიფოს, როგორიც ოსმალეთია, რომელსაც სწამობენ ქრისტიანთა წეწვა-გლეჯას და უღმერთოდ ხოცვა-ჟლეტასა?


მეტისმეტი არ მოგვივა ვთქვათ, რომ იქნება ხმელთაშუა ზღვა ისე სახარბიელო არასდროს არ ყოფილა ევროპის დიდ სახელმწიფოთათვის, როგორც მას აქეთ, რაც სუეზის არხი გაიჭრა ეგვიპტის აღმოსავლეთით. მინამ ეს არხი არ იყო, ხმელთაშუა ზღვა, წამოსული დასავლეთიდამ, სწვდებოდა მცირე აზიის და აფრიკის ხმელეთს და აქ თავდებოდა. ამ სახით, იგი ხმელთაშუა დაკეტილ ზღვას წარმოადგენდა, და თუ სახარბიელო იყო, მარტო მით, რომ მხოლოდ ევროპის სამხრეთსა და აფრიკის ჩრდილოს მისავალი გზა იყო. რაკი სუეზის არხი გაიჭრა, ხმელთაშუა ზღვა შეუერთდა მეწამულს ზღვას, რომელიც ეგვიპტისა და არაბეთის შუაზეა, და ეხლა ხომალდები და ცეცხლის გემები ამ არხით ხმელთაშუა ზღვიდამ შედიან მეწამულ ზღვაში,აქედამ არაბეთის ზღვაში და არაბეთის ზღვიდამ გადიან ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანე კიდევ იმისთანა სახომალდო დიდი შარაგზა არის აზიის სამხრეთით, რომელიც სწვდება ინდოეთს და ბევრს იმისთანა ადგილებს, საცა ევროპის დიდ სახელმწიფოებს, სახელდობრ ინგლისსა და საფრანგეთს, უშველებელი ახალშენები აქვთ უკვე დაჩემებული.


გარდა ამისა, იგი ოკეანე ერთადერთი უფრო მოკლე, უფრო ზამთარ-ზაფხულ გამოსაყენებელი გზაა ავსტრალიისა და აზიისა ევროპიდამ. ამასაც მეტისმეტი სახარბიელო მნიშვნელობა აქვს ყოველ დიდ სახელმწიფოსათვის, ვითარცა დიდს გზას იმ უზარმაზარ აღებ-მიცემობისას, რომელიც დღეს ასულდგმულებს ევროპასა. ინგლისი, საფრანგეთი და ამ უკანასკნელ ხანებში გერმანიაც იმოდენა სავაჭროს ამზადებს, რომ ევროპის ბაზარი ვეღარ იტევს და ჰსაჭიროებს გარეთ გატანას. უიმისოდ ევროპის აღებ-მიცემობას და მრეწველობას სული უნდა ამოხდეს, და აბა იფიქრეთ, — რა დღეში უნდა ჩაცვივდნენ, რომ ის გზა ვისგანმე დაიკეტოს და ან ვისმე საკუთრივ ხელში ჩაუვარდეს იმოდენად, რომ საფიქრებელი იყოს ვისგანმე, თუ სრულიად დაკეტა არა, დაბრკოლება და წინ გადადგომა. ევროპას ამ გზით არამცთუ მარტო გააქვს თავისი საქონელი, არამედ ისიც შემოაქვს აზიიდამ, ავსტრალიიდამ, ამერიკიდამ, აფრიკიდამ, რაც თვით აკლია ცხოვრებისათვის.


აქედამ ცხადია, რა ძვირფასად მისაჩნევია ევროპის სახელმწიფოებისათვის ხმელთაშუა ზღვა, ნამეტნავად მას შემდეგ, რაც სუეზის არხმა შესაძლებელი გახადა ინდოეთის ოკეანეზე გასვლა ევროპიდამ. არც ერთ სახელმწიფოსათვის ეს გზა ისე სანატრელი არ არის, როგორც საფრანგეთისა და ინგლისისათვის. ერთსაც და მეორესაც ევროპის გარეთ ისეთი დიდი ადგილები აქვთ დაპყრობილი, რომ ჯერ მათი ევროპიდამ პატრონობა, მოვლა, მტერთაგან უშიშარ-ყოფნა, მეტისმეტად დიდ საქმეთა ჰქმნის ხმელთაშუა ზღვაზე თავისუფლად და დაუბრკოლებლად სვლას. უამისობა ერთისა და მეორისათვის ყელზე მიბჯენილი გალესილი დანაა.


ჩვენა ვნახეთ, რომ სათავე ხმელთაშუა ზღვისა, ანუ უკეთ ვთქვათ, ატლანტიკის ოკეანიდამ შემოსავალი ვიწრო გზა — ინგლისს უჭირავს. ინგლისმა იმოდენად იოსტატა, რომ ხმელთაშუა ზღვიდამ გასავალიც ხელთ იგდო, რაკი ეგვიპტეში ფეხი ჩასდგა და ამ სახით თავი და ბოლო ხმელთაშუა ზღვისა თვით დაიჭირა. ეს ამბავი ვერაფრად იამათ, ნამეტნავად საფრანგეთსა, რომელიც, ვიდრე გერმანიისაგან დამარცხდებოდა, იმდენად აფრთხობდა ინგლისს, რომ ეს უკანასკნელი უსაფრანგეთოდ ბევრს ვერაფერს ჰსაქმობდა ეგვიპტეში მარტოდ და იძულებული იყო საფრანგეთის თანხმობით და თანადასწრებით ემოქმედნა და უიმისოდ ერთი ბიჯიც არ გადაედგა. მთელის თორმეტის წლის განმავლობაში, მას აქეთ, რაც გერმანიასთან ომმა დააუძლურა საფრანგეთი და განამარტოვა, ინგლისს არ ეძინა, თავის საქმეს ჰჩარხავდა ეგვიპტეში იმ აზრით, რომ აქ თავიდამ როგორმე მოიშოროს საფრანგეთი და მარტო თავისის გავლენის ქვეშ იყოლიოს ეგვიპტე და აქედამ სუეზის არხს გაუბატონდეს.


როცა ეგვიპტის პატრიოტმა არაბი-ფაშა მ მოიწადინა ეგვიპტე დაიხსნას ევროპიელთ ხელიდამ და თავისთავად ამყოფოს და ამისათვის აჯანყება მოახდინა, და მერე მახდი გამოვიდა და ეგვიპტის სამფლობელო სუდანი საომრად გაუხადა პატრონს, — ეგვიპტის საქმენი ძალიან აიწეწნენ, ამ აწეწილობამ ინგლისს ხელი შეუწყო და ეგვიპტეში ჯარებით ჩადგა, ვითომდა დასამშვიდებლად. ევროპამაც და თვით ოსმალეთმაც, რომელსაც ეგვიპტე ეკუთვნის, დასტური დასცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ დამშვიდების შემდეგ ინგლისმა ისევ გამოიყვანოს თავისი ჯარები.


იმ დღიდამ ამ დღემდე ინგლისს არამცთუ ჯარები არ გამოჰყავს, უფრო მაგრა ებღაუჭება ეგვიპტეს და არავის მუქარა აინუნშიაც არ მოსდის. ან ვის უნდა შეუშინდეს? ოსმალო, რომელსაც, ვითარცა ბატონს ეგვიპტისას, ეს სამფლობელო ხელიდამ ეცლება, უღონოა ინგლისის წინაშე. საფრანგეთი, რომელსაც ყველაზედ მეტი ეწვის ეგვიპტის საქმეში, ხელს ვერ გამოიღებს, რადგანაც მაშინვე ინგლისი მიემხრობა გერმანიას და უღელს თანასწორობისას სამთა კავშირის სასარგებლოდ გადაჰხრის; გერმანია, რომლისათვისაც სასურველია ინდოეთის ოკეანეში გასასვლელი გზა, ვერ აეკვიატება ინგლისსა იმავე შიშით, რომ მაშინვე ორთა კავშირს მიუდგება. საქმე იმაშია, რომ ევროპაში ორთა კავშირს და სამთა კავშირს ერთმანეთში ისეთი დიდი საქმე აქვთ, რომ მის მიხედვით თვითოეული მათგანი ეგვიპტეზე ხელს აიღებს, ოღონდ ევროპაში საქმე გაისწოროს და მოიგოს. ინგლისსაც ესეთი მდგომარეობა ევროპისა ათამამებს ეგვიპტის საქმეში. თუ არ დავივიწყებთ, რომ ეგვიპტეს თავით აქვს ხმელთაშუა ზღვა და გვერდით ზღვა მეწამული, ცხადი იქნება, — რად არიან საფრანგეთი და ინგლისი ერთმანეთზე ალურსულნი ეგვიპტის გამო და რატომ დღეს ერთმანეთს მხარს არ აძლევენ აღმოსავლეთის საქმეში, რომლის თავი და ბოლო ოსმალეთია. რადგანაც ოსმალეთი პატრონია ეგვიპტისა და ინგლისი-კი ხელსა სჭიდებს ამ სხვის სამფლობელოს, აქედამ აშკარაა, ინგლისი უნდა ერჩოდეს ოსმალეთს და საფრანგეთი ესარჩლებოდეს, რომ ოსმალეთის სახელით, ვითარცა პატრონის სახელით, მეტი საბუთი იქონიოს ეგვიპტიდამ ინგლისის გამოსვლისათვის.


აქ ბევრი რამ სხვაც არის გამოსარკვევი. ეს შემდეგისათვის იყოს.


III ტფილისი, 8 ნოემბერი, 1897 .

თუ ინგლისის გაბატონება ეგვიპტეში ჭკუაში არ უჯდებათ სხვა დიდ სახელმწიფოებს, და ინგლისს თვითოეულის სამდურავი და მუქარა აინუნშიაც არ მოსდის, რატომ დიდნი სახელმწიფონი ერთად არ მოიყრიან თავს და ერთად არ შეუტევენ ინგლისსაო? — იკითხავს მკითხველი. ინგლისმა კარგად იცის, რომ, როგორც წყალი და ცეცხლი ერთად ვერ მოთავსდებიან, ისეც დიდნი სახელმწიფონიც, რომელთაგანიც ზოგნი ერთს ბანაკს ეკუთვნიან, ზოგნი მეორესა, და ბევრი და დიდი ანგარიშები აქვთ ერთმანეთში საშუღლო და გასასწორებელი. ეს ისეთი მწვავი შუღლია, რომ აქ ერთმანეთისათვის რაიმე დათმობა ნებაყოფლობით მოულოდნელია და უომრად და სისხლდაუღვრელად შეუძლებელი, ჯერ-ხანად მაინც. აბა საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს როგორ დაუმშვიდდებიან ევროპაში იმოდენად, რომ ურთიერთს ხელი მისცენ ერთმანეთის სამოყვროდ და სხვისათვის სამტროდ. მართალია, ამ ბოლოს ხანებში ზოგიერთი გაზეთები ჰღაღადებენ — დროა თავგასულობას ინგლისას, რომელიც ასე ჰრევს საქმეებს ევროპაში, თუ ევროპის გარეთ, ბოლო მოეღოს და ერთიანმა შეტევამ დიდ სახელმწიფოებისამ ხმა გააკმედინოს და სახარბიელოდ გაწვდილი ხელები უკან წააღებინოსო, მაგრამ ინგლისი ყურსაც არ იბღერტავს: იცის, რომ ეს ტყუილი და უქმი მუქარაა, რადგანაც მაგ ერთობილად შეტევისათვის საფუძველი დიდი ხანია დაურღვევია ნაღმს დიდ სახელმწიფოების ერთმანეთის მტრობისას და შუღლისას.


ვიდრე გარემოება ევროპისა ესეა, ინგლისს არავისი შიში არა აქვს. მართალია, იყო ერთი შემთხვევა, რომელმაც ერთად ამოქმედა გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი. ეს იყო მაშინ, როცა ეს სამი სახელმწიფო ერთად წაესარჩლა ჩინეთს — წინააღმდეგ იაპონიისა და მასთან ერთად ინგლისისა, მაგრამ გერმანიას აქ სხვა მუცლის ტკივილი ჰქონდა: უნდოდა გასამრჯელო რამ დაეცინცლა დამარცხებულ ჩინეთისათვის და დაცინცლა კიდეც ზოგიერთი ადგილი — სადგურად დიდ ოკეანეში მოარულ გერმანიის ხომალდებისათვის.


თუმცა დღეს გერმანიას გამორკვევით არ გამოუთქვამს არც სიტყვით, არც მოქმედებით, რას ჰფიქრობს ეგვიპტის გამო ინგლისზე, მაგრამ საფრანგეთი-კი თავს არ ანებებს ინგლისს, უნდა ეგვიპტიდამ ჯარები გამოიყვანოო, და რუსეთიც მხარს აძლევს. ამ ორთა ძლიერთა სახელმწიფოთა ხმამ გამოაღვიძა თვით ეგვიპტის პატრონი ოსმალეთი, რომელიც აქამდე თუმცა ტკივილითა ჰგრძნობდა, ინგლისი მჩაგრავსო, მაგრამ მოწიწებით და ხმადაბლად ძლივს ჰბედავდა ზოგიერთს დროს მოაგონოს ინგლისს, რომ დროა ეგვიპტიდამ გააბრძანო შენი ჯარებიო. ხოლო მაშინ, როცა ორმა ძლიერმა სახელმწიფომ იგივე მოსთხოვა ინგლისს, ოსმალეთმაც ხმა მოიმატა და გაუთამამდა ინგლისსა და მით დაუახლოვდა რუსეთსა და საფრანგეთსა. ამ დღემდე ოსმალეთი, რუსეთის შიშით, ინგლისის დიპლომატიის ხელში იყო და ინგლისი, საითაც უნდოდა, თავს იქით უზამდა. წყალობა ინგლისისა თუმცა ძვირად უჯდებოდა ოსმალეთს და რიხიანად ხმას არ აღებინებდა ეგვიპტის თაობაზე, მაგრამ კიდევ ეს ყოფა უჯობდა, ვიდრე რუსეთის თავდასხმა და მისგან განადგურება. ტკივილი ეგვიპტისა მაინცდამაინც გულს ჩარჩენილი ჰქონდა და საფრანგეთის დიპლომატია ბევრსა სცდილობდა სტამბოლში, რომ ეს ტკივილი უფრო აუტკიოს და მით შეაფიცხოს ოსმალეთი წინააღმდეგ ინგლისისა. ეს, როგორცა სჩანს, მოუხერხდა საფრანგეთსა, იქნება მით უფრო, რომ საფრანგეთს მომხრედ რუსეთი ჰყავს. ესეა თუ ისე, ეგვიპტის საქმემ ხმა ამოაღებინა ოსმალეთს წინააღმდეგ ინგლისისა და მით ოსმალეთი დააშორა ინგლისს და დაუახლოვა საფრანგეთს და მასთან გაუყრელს რუსეთსა.


ინგლისის დიპლომატიამ, რაკი ვეღარ გადმოიბირა ოსმალეთი, რომელიც ამ დღიდამ სხვის გავლენის ქვე-ჩავარდა, ინგლისი შემოსწყრა. აბა, თუ ესეა, მე გიჩვენებო. მართლადაც უჩვენა: ჯერ ფეხზე წამოაყენა სომხების საქმე, რომელმაც შეაფიქრა ოსმალეთი და საქმეები ისე აუწეწა, რომ ამ აწეწვის მიხედვით პირდაპირ წინ დაუყენა ევროპას, რომ ოსმალეთს აღარ ედგომილება ევროპაში, მისი აღსასრული მოვიდა, იგი უნდა დაირღვეს და დანაწილდესო. რუსეთი ყველაზე უფრო მეტად წინ აღუდგა ამ ინგლისის სარჩიელსა და მისი წყალობით ოსმალეთი დღეს თავის ადგილას ჰსუფევს. ამან რაკი ვერ გასჭრა, ინგლისს აბრალებენ, ვითომც კრიტის კუნძულზე არეულობა აუტეხაო და მერე საბერძნეთი წააქეზაო საომრად ოსმალეთთან. ამბობენ, რომ დღესაც, როცა ეს ომი გათავებულია და შერიგებაზეა ლაპარაკი, ინგლისი თავისის ჰო და არათი იმოდენად აბრკოლებს საქმეს, რომ არ იციან, როდის დაბოლოვდება შერიგების საქმე. ამ დაბრკოლებით, იქნება, იმას მოელოდინება ინგლისი, რომ ამაში გართულმა ოსმალეთმა და სხვა სახელმწიფოებმა სხვა საქმეებისათვის არ მოიცალონ. ამასაც ამბობენ, რომ ყოველ ამის სამაგიეროდ ოსმალეთის ფადიშაჰმა ვითომ აუჯანყა ინგლისს მუსლემანობა ინდოეთისაო. აჯანყება კი მართალია, მაგრამ მიზეზი ოსმალეთია თუ არა, — ეს არ ვიცით. ხოლო ეს-კი უეჭველია, რომ დღეს ოსმალეთში ინგლისს აბრუ გატეხილი აქვს მთლად, და ცალ მხრით რუსეთი და საფრანგეთი და მეორეს მხრით გერმანია — ჰცდილობენ გავლენა ოსმალეთზე დაისაკუთრონ. ამაში ჯერ, ჩვენის ფიქრით, გამარჯვებულია რუსეთი და მერე არ ვიცით, რა იქნება.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page