ახლო აღმოსავლეთი და ინგლისის დღევანდელი პოლიტიკა
- nino otiashvili
- Dec 27, 2023
- 4 min read
ტფილისი, 14 ნოემბერი, 1895 წელი
შუაგული, შუანასკვი ეგრეთწოდებულ აღმოსავლეთის საქმისა — ოსმალეთია, სხვა ყოველი წვრილმანი ძაფია, ამ დიდ ნასკვში მოქცეული და ჩართული. ეს ყველამ კარგად იცის. დღევანდელის პოლიტიკის ტკივილიც დღეს სწორედ ეგ არის.
ყველამ ისიც იცის, რომ ოსმალეთი ერთს იმისთანა საჭმელსა ჰგავს, რომელიც მეტად გემრიელია და ამასთანავე მეტად მაწყინარიც. ამიტომაც ერთის მხრით იგი სანდომია და მეორეს მხრით საშიშარი. ყველას მოეხსენება, რომ თვითოეული დიდი სახელმწიფო ევროპისა, და იმისთანა პატარაებიც, როგორიც საბერძნეთია და ბალკანეთის სამეფონი, ამ გემრიელს კერძს დიდი ხანია თავს დასტრიალებენ, როგორც სვავნი მძოვრს, და ყველას კლანჭი გაწვდილი აქვს — კარგი ნაჭერი ხელთ იგდოს, და თუ დღეს აქამომდე მსუნაგობას და ხარბობას პოლიტიკისას კლანჭი არ გამოუკრავს, ეგ იმას უნდა მივაწეროთ, რომ ყველა უფრთხის ამ გზით გაბედოს რამე. საკმარისია ერთმა რომელმამე ხელი გაიწვდინოს მსუქანის ნაჭრის ხელში ჩასაგდებად, მაშინვე აირევა მონასტერი, დიდი-პატარა ერთმანეთს დაეჯახება და მაშინ ვინ იცის, ვინ წინა და ვინ უკან. აი საშიშარი მხარე ამ ეგრეთწოდებულ აღმოსავლეთის საქმისა. ეს მხარეა მისი ღონეც და უღონობაც.
ყველანი დარწმუნებულნი არიან და საბუთიანის შიშით შეპყრობილნი, რომ თუ ერთი რამ დაინძრა იმ შენობისა, რომელსაც აღმოსავლეთის საქმეს ეძახიან, არამცთუ თმა ყალხზე შეუდგება ევროპის პოლიტიკას, არამედ ყველა ხმალზედ ხელს წაივლებს და ტყვია-წამალიღა, თოფ-ზარბაზანიღა შეიქმნება მოციქულად ერთმანეთზედ სასიკვდილოდ მისეულ სახელმწიფოთა შორის. ამიტომაც დღეს ყველას ენაზედ მარტო ეს აკერია: შეტოკდა იგი შენობა, თუ არა? საშიშარი აღმოსავლეთის საქმე წამოდგა ფეხზე და მთელის თავის ტანით გამოეჭიმა ქვეყანას, თუ არა? მოვიდა დრო ოსმალეთის დარღვევისა და ევროპიდამ განდევნისა თუ არა?
დიპლომატია ამის პასუხს ჯერ სამალავში ჰმალავს. ყური კი რომ დავუგდოთ ამ ყბედად ცნობილს დიპლომატიას, აქედამ ჰოც გამოდის და არაცა. არც საკვირველია ეს ორჭოფი, ეს ორპირი მოქმედება დიპლომატიისა. იგი, მართალია, დაუზარებელი ყბედია, მაგრამ იმისთანა ყბედია, რომელიც დილიდამ საღამომდე უნდა ჰლაქლაქებდეს და მაინც არა სთქვას-რა და, რაც შეიძლება, სათქმელი ღრმად დაიმალოს გულში. ამისთანა უნარი დიპლომატიისა შემთხვევას აძლევს ჟურნალ-გაზეთობას კალმები აწრიპინოს და თავისებური ბილიკები დაჰქნას იმ სამალავის კარის გასაღებად, საცა დიპლომატია თავის გულისნადებს ინახავს.
ამ ჟურნალ-გაზეთობას რომ ვკითხოთ, ინგლისი ტყუილად ფახიფუხობსო, ტყუილად შვრება, რომ აღმოსავლეთის საქმე აშალოს და აწეწოსო. დიდ შეცდომად და ცოდვად უთვლიან ინგლისს, რომ ამ გზაზედ გამოვიდა და გაბედულად იძახის: დროა ეს ძირგამოთხრილი შენობა დაირღვას, დაიქცესო, დროა ეს მძოვრი — ოსმალეთი — ევროპიდამ განიდევნოს და სხვა ამისთანაო.
ჩვენის ფიქრით, ტყუილადა სცემენ კიჟინას ინგლისსა. ინგლისს თავისს სვე-ბედის თავში იმისთანა კაცები ჰყოლია და დღესაც ჰყავს, რომ ისინი ისე ადვილად არ შესცდებიან, რომ ჩვენისთანა კაცებმა შეცდომა გაუსწორონ. ინგლისმა კარგად იცის, რას მოქმედობს და რას ეტანება. იგი ისე არ წაადგება სახტომს, რომ ჯერ ათასჯერ არ გადაზომოს და სახტომი თავისს ღონეს არ შეუწონოს. ინგლისმა კარგად იცის, რა ლუკმაა ოსმალეთი, და რა ხარბი და მსუნაგია ყოველი სახელმწიფო, როცა ამისთანა ლუკმაზე მივარდება ხოლმე საქმე. ეს დაუძინებელი სიხარბე და მსუნაგობა იმისთანა ძალმომრევ თვისებისა და ბუნებისა არის, რომ რაკი აღვირი დაბღუჯა და გაიწია, არ მოერიდება, რომ გუშინდელი მტერი დღეს კაცმა მოყვრად გაიხადოს და გუშინდელი მოყვარე მტრად.
ამისი მაგალითი ბევრია და, სხვათა შორის, ავსტრო-უნგრეთია. განა დიდი ხანია მას აქეთ, რაც ინგლისმა ავსტრო-უნგრეთს მწყრალად და გაბედულად შესძახა: ხელები შორსო! და დღეს, როცა აღმოსავლეთის საქმე ცოტად თუ ბევრად აიშალა, რას ვხედავთ? ავსტრია მიეკედლა თითქმის ინგლისს და ინგლისმაც თითქმის გულში ჩაიკრა. ან დასაჯერებელი იყო ამ ცოტა ხნის წინედ, რომ იტალია და ავსტრია სადმე ფეხს ერთად გადასდგამდნენ? მართალია, ორნივ ესენი წევრნი იყვნენ სამთა კავშირისა, მაგრამ ერთმანეთზე დიდი ხანია გული აყრილი ჰქონდათ, და თუ ამას აერთებდა რამ, ეს გამარჯვებულის და გაძლიერებულის გერმანიის ძალმომრეობა იყო. მაინცდამაინც სამთა კავშირს საკუთარ საქმის გარეითად, სხვაგან ყოველგან ეს ორნივე სახელმწიფონი ერთმანეთს მტრულის თვალის უყურებდნენ. და ეხლა რას ვხედავთ დღევანდელ აწეწილ აღმოსავლეთის საქმის გამო? ორნივ ერთად იღვწიან ინგლისის სამხროდ. ან თვითონ გერმანია აიღეთ. დღეს-აქომამდე იფიქრებდა განა ვინმე, რომ ავსტრიას და იტალიას იგი ხელს გაუხსნიდა ცალკე მოქმედებისათვის, როგორც ამას დღესა ვხედავთ? სადღაა დღეს ის ძალ-ღონე სამთა კავშირისა, როცა გერმანია ორს თავისს მოკავშირეს ეუბნება აღმოსავლეთის საქმის გამო, თქვენ როგორც გნებავთ, ისე მოიქეცით და მე-კი დრომდე არც იქით გავიწევ, არც აქეთ. მოვუცდი, დრო და ჟამი რას იტყვისო და ისე მოვიქცევიო.
ამაების მაყურებლისათვის განა საკმაო არ არის ეს ხელდახელი მაგალითები — დასარწმუნებლად, რომ ინგლისს კარგად გამოხატული აქვს თვალწინ იგი გზა, რომელზედაც ასე გაბედულად ამ ბოლოს დროს გამოვიდა, და იგი საგანი, რომელსაც ეტანება მისაღწევად და რომელსაც ინგლისი ჯერ კარგა დიდ ხანს გულიდამ ვერ ამოიღებს უიმისოდ, რომ დიდს საფრთხესა და განსაცდელში არ ჩააგდოს თავისი ძალ-ღონე და ძლიერება როგორც შინ, ისე გარეთ.
ჯერ მინამ საქმე ისე მიდის, როგორც ხსენებული მაგალითები ნიშნობლივ გვისახავენ, ვერავისგან ვერ ითქმის, რომ ინგლისი ამაოდ ირჯება. არავის საბუთი არა აქვს სთქვას, რომ დიდ- ბრიტანიას დავთრები აერია და კოჭი ალჩუზედ არ უჯდება. ჯერ-კი ალჩუა და მერე ვნახოთ, რა იქნება. ტყუილად იჭაჭებიან ზოგიერთი გაზეთები და ამტკიცებენ, რომ ინგლისს მარცხი მოსდისო, ლამის მარტოდმარტო დარჩეს პოლიტიკის მოედანზედაო და მაშინ უღონობისაგან ხმას ჩაიწყვეტსო. არავინ იცის, როგორ გავა და გამოვა ერთმანეთში ევროპა, ვინ ვის მიეკედლება, ვინ ვის გაუწვდის ხელსა და საშველად მოიწვევს, თუ ოსმალეთის საქმე აიშალა. ეს კი კარგად იცის ინგლისმა და სხვამაც, რომ აღმოსავლეთის, ანუ, უკეთ ვსთქვათ, საქმე ოსმალეთისა, — იმისთანა რამ არის, რომ თუ აიშალა, ყველას თავისი საკუთარი ტკივილი, ცალკე თავში საცემი საქმე აუჩნდება და ეს უეჭველი გარემოება ბევრს მეგობარს ერთმანეთში გაჰყრის და ბევრს მტრებს ერთმანეთში დაამოყვრებს, დაამეგობრებს.
დღეს აღმოსავლეთის საქმე იმ ხანაშია, რომ ზოგი, ვინც მზად არ არის, ან თავის-თავს უღონოდა სცნობს, სცდილობს ეს მწვავი და მრავალ სატკივარის ამშლელი საქმე როგორმე დრომდე ჩააფუჩეჩოს, დააძინოს, და ზოგი-კი, ვისაც იმედი აქვს მოედნიდამ ბურთის გატანისა, იღვწის, რომ ამ საქმემ ფეხი აიდგას და მით იძულებულ ჰყოს ევროპა — თვისი სახელმწიფოები ერთმანეთში სხვარიგად შეჰკრას და სხვაგვარი დამოკიდებულება აუჩინოს. ამ უკანასკნელს გზას ადგია ინგლისი.