აშლილობა კრიტის კუნძულზე
- Tata Tibilovi
- Jan 10, 1889
- 2 min read
კრიტის კუნძულის აშლილობამ წინააღმდეგ ოსმალეთისა, რომელიც დიდი ხანია ჰფლობს ამ ბერძენთა ქვეყანას, ჰლამის ერთი ანთებული მუგუზალი კიდევ წაუმატოს უმისოდაც ომის ცეცხლისაგან შიშში მყოფს ევროპას. ეს კუნძული დიდი ხანია მტკივნეულობს ოსმალეთისაგან, რომელიც მართლა რომ ავად ეპყრობა და ვერ უვლის იქაურ მკვიდრთა ქრისტიანეთა ისე, როგორც ამას ითხოვს იმ მკვიდრთა კაცობრიული საჭიროება, კაცობრიული მოთხოვნილება. ქრისტიანენი, რომელნიც დამორჩილებულს ხალხს წარმოადგენენ, და მაჰმადიანები, რომელნიცმბრძანებლად არიან, ვერა ჰრიგდებიან ერთმანეთში და ამის გამო თითქმის ყოველთვის ავის თვალით უყურებენ ერთმანეთს და კრიტის კუნძულს თვალი საბერძნეთისაკენ უჭირავს. ის აზრი, რომ მკვიდრნი მისნი სისხლითა და ხორცით ეკუთვნიან საბერძნეთის ერსა და სრულიად უცხონი არიან ოსმალთათვის, რა თქმა უნდა დიდ პატივსადებ საბუთს აძლევს გულიც საბერძნეთისაკენ იქონიონ. ესეთი მიმართულება კრიტელთა სურვილისა ახალი ამბავიარ არის არც ევროპისათვის საზოგადოდ და არც საბერძნეთისათვის ცალკე. გრძნობა სამართლიანობისა, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში კრიტელთა მხარეზედ არის და ამ მომხრეობას თხოულობს თვით ჭეშმარიტი და განწმენდილი ზნეობაც, მაგრამ რას იზამთ, როცა ევროპის პოლიტიკაში არც სამართლიანობას, არც ზნეობას კუთვნილი ადგილი არ უჭირავს და ყოველივე გამორჩენასა და ანგარიშს ექვემდებარება. მტრობა, ჯაბრი, ცილობა და ხარბობა, რომელიც დღეს ამოქმედებს პოლიტიკას სხვადასხვა სახელმწიფოსას, სვე-ბედს დაჩაგრულის კრიტისას ჰხუთავს, აბორკილებს და ხელიდამ არ აცლის ოსმალეთს, რომელიც — რაკი ესეა —ყურსაც არ იბერტყავს, რომ კარგის გამგეობით და პატრონობით კრიტელებსაც შეღავათი მიეცეს ადამიანურად სულის ბრუნებისა, ადამიანურად ცხოვრებისა, მათის ეროვნულ ღირსების დაუჩაგვრელად და შეუხუთველად. დიდი ხანია კრიტი ჰდუღს და ჰტოკავს, რომ ეს შეღავათი მოიპოვოს, ბევრჯერ აშლია იგიოსმალეთს ამისათვის, ბევრჯერ შეუშინებია ევროპა, რომ იქიდამ წამოსულმა ნაპერწკალმა ცეცხლი არ წაუკიდოს იმ ჩალაბულაში გახვეულ საქმეს, რომელსაც აღმოსავლეთის საქმე ჰქვიან და რომელიც იმისთანა თვისებისაა, რომ შემძლებელია მთელი ევროპა, ერთმანეთს დააჯახოს. ხანგრძლივმა ცდამ, ხანგრძლივმა თავისგაწირვამ კრიტელნი მიაღწია ეგრეთწოდებულ ხალეპის კონვენციამდე, რომელიც შესდგა 1879 წელს. ამ კონვენციის ძალით, ოსმალეთს — ცოტა არ იყოს — თვითნებობა ჩამოერთვა და შეეხუთა, მაგალითებრ, ორი-მესამედი საბაჟო შემოსავალი იქავ კრიტისათვის უნდა დაეგდო გზების საკეთებლად, სკოლების გასამართავად და სხვა იქაურმკვიდრთათვის საჭირო საქმეთა გაძღოლისათვის, მოსამართლენი თვით იქაურ მკვიდრთაგანნიუნდა ყოფილიყვნენ იქაურთავე ამორჩევითა. ამ ბოლო ხანებში ოსმალომ ამაებს ყური აღარათხოვა, საბაჟო ფული სრულად გაზიდა და არჩევანებშიაც ხელი შეაპარა თავის გუბერნატორების დახმარებით. ამნაირმა საქციელმა აამღვრია მთელი კუნძული და მისთა მკვიდრთა ხელი ხმალს იკრეს თავის დარღვეულ სამართლიანობის აღსადგენად, ასე რომ რამდენიმე შემთხვევაც იყო ომისა კრიტელთა და ოსმალთა ჯარს შორის. დღეს, ვსთქვათ, ხელდახელ დაჯახებისა აღარაფერი ისმის, მაგრამ მშვიდობიანობა მაინც ჩამოვარდნილი არ არის კუნძულზედ. კრიტელნი მაინც იღვწიან თავის ეროვნულის ღირსების დასაცავად და პატარა საბერძნეთს შესდგომიან, შენნი ვართ, მიგვიღე და შეგვივრდომეო. საბერძნეთს ძალიან სწყურიან კრიტის შემოერთება, მაგრამ ევროპის დაუკითხავად ეს ვერგაუბედნია. რაკი ევროპაზედ მიდგება საქმე, აქ ნაძირალი გრძნობანი ევროპის პოლიტიკისა თავს წამოჰყოფენ და საბერძნეთს ის დაემართება, რაც კოზაკს, როცა აქლემები წაიკიდებიან. ეს კარგადიცის საბერძნეთმა და ჰფრთხილობს — სამართლიანმა სურვილმა თავის შვილთა შემოერთებისამ უდრო-უდროოდ არ წაიტყუოს და მით არ ააწეწინოს ეგრეთწოდებული აღმოსავლეთის საქმე, რომელშიაც ყველას, როგორც თაფლში, თავისი ხელი ურევია. თვით ევროპაც შიშობს ამ აწეწვას, რადგანაც ჯერ აღმოსავლეთის საქმის ასე თუ ისე გადაწყვეტისათვის მზად არ არის. აი მიზეზი, რის გამოც კრიტის საქმე ჯერ-ხანად არც ჰოა და არც არა, და ამ ჰო-არაობაში მოგებული რჩება მარტო ბრალიანი ოსმალეთი და უბრალო კრიტი კი იჩაგრება. ტფილისი, 1 ნოემბერი, 1889წ.